პრესა: “სათამაშო პისტოლეტი”

საბედისწერო „გასროლა“ სათამაშო პისტოლეტიდან

ლელა ოჩიაური

„თავისუფალ თეატრში“ თამარ ბართაიას „სათამაშო პისტოლეტის“ განხორციელებით (დაიდგა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით), გიორგი შალუტაშვილმა, ერთი მხრივ, საზოგადოება თანადროულ საკითხებზე კამათში ჩააბა. ამასთან, ბოლო პერიოდში თავისი  დადგმებისგან განსხვავებულ რეჟისორულ გადაწყვეტას მიმართა და ამითაც გამოიწვია მაყურებელში დისკუსია (როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში, სპექტაკლის ჩელსის თეატრში წარმატებული წარდგენის შემდეგ), როგორც მხატვრული ანალიზის, ასევე ადამიანის დანიშნულებისა თუ მისი ყოფნა-არყოფნის, უფრო ზუსტად – როგორი ყოფნა-არყოფნის – მარადიულ თემაზე.

„სათამაშო პოსტოლეტი“ – ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ორ პარალელურ განზომილებში და რეგისტრსა თუ შრეზე ვითარდება – ორი ადამიანის ისტორიაა, რომლებიც რეალურად სულ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ მრავალი წელი აკავშირებთ (წარსულიდან – ახალგაზრდობიდან თანამედროვეობამდე – მოხუცებულობამდე), რომლებიც შინაგანად (ფიქრებში, მოგონებებში და პირველი შეხვედრიდან მიღებული „გაკვეთილების“ შედეგად) ფიზიკური სიშორის მიუხედავად, მუდამ ერთად არიან.

სახელგანთქმული, როლებით, თაყვანისმცემლებით განებივრებული პოპულარული მსახიობის იოსა (გიორგი აბაშიძე) და  მსახიობობაზე, წარმატებაზე, პოპულარობაზე მეოცნებე და რა თქმა უნდა, ცნობილ  მსახიობში შეყვარებული 14 წლის გოგონას დეას (ანი ალადაშვილი) ამბავი. პირველი იმედგაცრუება.  პირველი გულისტკივილი და ორმაგი გაკვეთილი, რომელსაც ორივე ერთმანეთისგან მიიღებს.

გიორგი შალუტაშვილი მოქმედებას ორი მიმართულებით აგებს, სცენას ორ პარალელურ სცენად ჰყოფს. ორივეს –  დეასა და იოს – თავისი საკუთარი სივრცე აქვს, თავისი ხაზი, თავისი სათქმელი. მათი გზები ცხოვრებაში  მხოლოდ რამდენჯერმე იკვეთება,  სცენაზე (მხატვარი  მირიან შველიძე გარემოს შესაქმნელად სულ რამდენიმე ელემენტს იყენებს) კი, ერთ სივრცეში, ერთ  სიბრტყეზე სხვადასხვა განზომილებიდან, სამოქმედო ადგილიდან, მდგომარეობიდან მუდამ ერთად არიან.

ეს ორი, დამოუკიდებელი  სივრცე (გეოგრაფიულიც და დამოუკიდებლად წარმართული ცხოვრებისეული მანძილი) მუდმივად სერავს ერთმანეთს – ჩვენთვის – მაყურებლისთვის ხილულად – მათთვის კი – არა, მაგრამ როგორც  მყარად შეკრული ჯაჭვის ერთ ღერძზე ასხმული რგოლები, ისეა აწყობილი და ერთი მეორეზე წაფენილი, ურთიერთგამომდინარე და განუყრელია, რადგან ყველაფერს მიზიდულობის „კანონი“ მართავს.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლში მესამე მოქმედი გმირიცაა – მუსიკოსი, რომელიც უშუალოდ მოქმედებაში არაა ჩართული, მაგრამ კიდევ ერთ – მესამე განზომილებაშია  მოქცეული –  მუსიკის ავტორი და შემსრულებელი ლექსო ტურიაშვილი, რომელიც სცენის სიღრმეში ზის და ცოცხლად აფორმებს მთელ სპექტაკლს.

ორივე – დეაც და იოც – ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს და ფაქტობრივად განუყოფელ, მაგრამ თავის პირად ისტორიას ყვება (მონოლოგები ხშირად ერთმანეთს ედება, აგრძელებს, ეხმიანება და იშვიათად იქცევა დიალოგად, ამბავს კი უშუალოდ ჩვენ – მაყურებელს – გვიყვებიან. ნებისმიერი გარდასახვაც, „გადაცმაც“ (კოსტუმების მხატვარი ნატა კობახიძე), სახეცვლილებაც, დროის მსვლელობისა და ადგილის ცვალებდობის ფიქსირებაც, მოვლენათა მონცვლეობის შეგრძნებაც – ჩვენს წინაშე „თამაშდება“), თავის ხაზს ავითარებს, მაგრამ  ვინაიდან მათი სულიერი მიჯაჭვულობა, შინაგანი კავშირი და საზოგადოების თავგადასავალიც უწყვეტია, ყველაფერი ერთ მთლიანობად აღიქმება .

ორი ადამიანის ისტორია – შეიძლება ითქვას ზოგადად არატიპური, მაგრამ ბევრი სახასიათო და სპეციფიკური დეტალით, ფაქტით, ბევრი ადამიანის ისტორიის გამომხატველი და უფრო მასშტაბურად – საზოგადობის ბიოგრაფიის (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური) – მეტაფორად წარმოდგება, რომელიც კონკრეტულ მოცემულობას, ჩარჩოებს სცილდება.

სათამაშო პისტოლეტითა და  სიკვდილის შიშით დამცირებული და მორალურად განადგურებული იო მამაც და უშიშარ მებრძოლად იქცევა, როდესაც ქვეყანა ომში ებმევა, დეა – სახელგანთქმული მომღერალი ხდება, იო – სულიერი კრიზისისა და პირადული მარცხების დაძლევის შემდეგ – მსოფლიოში აღიარებული დრამატურგი. ორივე თავ-თვიანთი გზით მიდის. ქორწინდებიან. დეას შვილები ჰყავს – შემდეგ შვილიშვილები. იოს – არა. იოს ოჯახი (ორი) ენგრევა. დეასაც. იო ახალგაზრდა დედასა და მის შვილებს იშვილებს – ბაბუა ხდება და ბოლოს და ბოლოს  ბედნიერია. დეა საოპერო მომღერლის საერთაშორისო კარიერაზე ამბობს უარს და შინ, სოფელში ბრუნდება.  ისიც, ყველაფრის, არაერთი დანაკარგის მიუხედავად,   ბედნიერია. ერთი სიტყვით, ცხოვრება მიდის, გრძელდება, როგორც ბევრის ცხოვრება, ადამიანი, პირად მოცემულობაში ჩაკეტილი, თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აყოლილი,  მშვიდობის, ომის, ომისშემდგომი პერიოდების, წარმატების, წარუმატებლობის, ბედნიერებისა და უბედურების, სიცოცხლისა და სიკვდილის  პროცესებს ჩვეულებრივ გადის და ჩვენ ამ ყველაფრის უშუალო მონაწილე ვართ.

გიორგი შალუტაშვილმა ერთი მხრივ შეინარჩუნა პიესის „მსვლელობა“ და წყობა და მეორე მხრივ, აქცენტი მისი სათქმელის მინიმალისტური ხერხებით გამოხატვაზე გადაიტანა, ამისთვის კი მსახიობი – როგორც პერსონაჟი და მის მიერ შექმნილი სახე – როგორც თაობის (საზოგადოების) მეტაფორა – ფსიქოლოგიური და განზოგადებული  – გამოიყენა.

საინტერესოდაა გადმოცემული ამბავიც და თვითონ ამბავია საინტერესო. სიყვარულის, მიჯაჭვულობის, იმედგაცრუების, „კერპების დაცემის“, სულიერი კრიზისა და მისი დაძლევის ისტორიას ქვეყანაში მომხდარი მოვლენების, მათ შორის, ყველაზე მძაფრად და მკაფიოდ, ომების ისტორია სერავს, თუ პირიქით. სწორედ ეს ომები, რომლებიც საქართველოს თავს დაატყდა – 1991-1992 წლებში – თბილისის ომიდან დაწყებული, შემდეგ აფხაზეთსა და ბოლოს, 2008 წლის აგვისტოთი დამთავრებული – განსაზღვრავენ როგორც დეასა და იოს, ასევე, მთლიანობაში საქარტველოს, საქართველოს ათასობით მოქალაქის ბედს. ადამიანების, რომლებსაც უშუალოდ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური თუ „კულტურული“ კრიზისიდან გამომდინარე, მოუწიათ სამშობლოს დატოვება, ადამიანების, რომლებსაც სწორედ ომის გამო გახდნენ იძულებული, სახლ-კარი მიეტოვებინათ და სხვაგან ეპოვათ თავშესაფარი.  შემდეგ ეს მეტაფორად იქცევა და ზოგადად ადამიანების – სულიერი სიცარიელის, მიუსაფრობის, დაშვებულ შეცდომებსა თუ მეორე ადამიანის წინაშ პასუხისმგებლობის აუცილებლობის განზოგადებულ პორტრეტს ქმნის.

ფინალში ცხოვრება კვლავ ახვედრებს 2 ადამიანს ერთმანეთს (ალბათ სხვნაირად არც შეიძლება მომხდარიყო), წლების შემდეგ, როგორც ოდესღაც შეახვედრა. პირველ და მეორე შეხვედრას შორის დიდი დროა გასული და მსახიობებს  პერსონაჟებში ამ ხნის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების (და, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობაზე ასახული) განსახიერება უწევთ – ახალგაზრდობიდან  ხანდაზმულობამდე, მოხუცებულობამდე, არაერთი დრამატული კოლიზიის გავლით, შინაგან ორთაბრძოლებთან, საკუთარ თავში ახალი უნარებისა და შესაძლებლობების აღმოჩენასთან ერთად.

მათ უწევთ ბევრ უთქმელ, ერთმანეთისთვის გაუმხელელ საიდუმლოს გათქმა თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში პასუხგაუცემელ კითხვაზე პასუხის პოვნა. ყველა იმ ნაბიჯზე პასუხისმგებლობის აღება, რაც სათამაშო პისტოლეტიდან „საბედისწერო“ გასროლას მოჰყვა.

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *