პრესა: “საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები”

12359960_1251751211518764_8564592179316342883_n

გვანცა გულიაშვილი

“საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები”

თავისუფალი თეატრი არასოდეს ერიდებოდა თამამ და პროვოკაციულ წარმოდგენებს.  ეს იყო თეტრი, რომელმაც დაარსების დღიდან დაიწყო ბრძოლა იმ პერიოდის ქართული რეალობის შესაცვლელად. დროთა განმავლობაში ის ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოხატულ სოციალურ-პოლიტიკურ თეატრად, სადაც სიახლისა და თამამი ექსპერიმენტებისათვის კარი ყოველთვის ღია იყო. პირველივე სპექტაკლებიდან („კომედიანტები“, „ჯინსების თაობა“, „პროვოკაცია“) თეატრმა ერთის მხრივ, გამოკვეთა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და მეორეს მხრივ, ღიად დაუპირისპირდა დრომოჭმულ, პოლიტიკურ იდეოლოგიას. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების ცვლის მიუხედავად, თეატრს არასდროს შეუცვლია ძირითადი ორიენტირები და ის მუდამ რჩებოდა არსებული მმართველი ძალის ოპონენტად. თავისუფალი თეატრი დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეატრი საქართველოში, ბევრს დაობენ, თუ რა განაპირობებს ამას. აზრთა სხვადასხვაობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ თეატრის აქტუალობას. სიახლისადმი სწრაფვა ცხადია, ცალსახად არ განაპირობებს ნამუშევრის მაღალმხატვრულ დონეს და შესაბამისად, თავისუფალი თეატრის რეპერტუარშიც გვხვდებოდა და გვხვდება წარმატებული და წარუმატებელი დადგმები, მაგრამ ერთი  რამ  ცალსახაა, ეს არის თეატრი,  რომელიც არ უფრთხის კლიშეებისა და სტეროტიპების დაუფარავ რღვევას, მუდამ ცდილობს ახალი გამომსახველობითი ფორმების ძიებასა, გრძნობს და განიცდის დროს და  კონკრეტული დროის ყველაზე მწვავე და მტკივნეულ თემებზე საუბრობს. ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი „საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“ თავისუფალი თეატრის კიდევ ერთი თამამი ექსპერიმენტია.  სპექტაკლი მთლიანად ეფუძნება 1976 წელს იტალიელი რეჟისორის, ეტორე სკოლას ამავე სახელწოდების ფილმს. ინსცენირების ავტორია დრამატურგი ლილე შენგელია. ეს არ არის ერთადერთი და უნიკალური შემთხვევა აღნიშნული თეატრის სცენაზე. მაყურებელს არაერთი დადგმა უნახავს თავისუფალ თეატრში, რომელიც სწორედ კინო ვერსიის სცენურ გარდასახვას წარმოადგენს.(„ძმები“, „მექანიკური ფორთოხალი“, „ხომ ხოცავენ ქანგაწყვეტილ ცხენებს“). თუმცა მსგავსი ტიპის ტენდენცია სცდება მხოლოდ თავისუფალი თეატრის არეალს და ზოგადად, დამახასიათებელ ნიშან-თვისებად იქცა თანამედროვე ქართული რეჟისურისთვის. ძნელია იმაზე საუბარი თუ კონკრეტულად რამ განაპირობა ეს, ან კატეგორიულად იმის მტკიცება, რამდენად კარგ ან უარყოფით ტენდენციასთან გვაქვს საქმე. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ უახლესი დრამატურგია რატომღაც ნაკლებად საინტრესო და აქტუალური აღმოჩნდა თანამედროვე ქართველი რეჟისორებისთვის და იქნებ ამიტომაც გაიტაცა ისინი კონო ვერსიების თეატრალიზებამ. სპექტაკლი „საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“ ერთი შეხედვით მკაფიოდ გამოხატული სოციალური დრამაა. რეჟისორი  უკიდურესი ნატურალისტური ფორმით ცდილობს წარმოგვიდგინოს ყოფიერებაში ჩაძირული ადამიანების ცნობიერების სიმახინჯე. სპექტაკლის მხატვარი თამარ ჭავჭანიძე ქმნის   სიდუხჭირეში მცხოვრები ოჯახის საოცრად რეალისტურ დეკორაციას. ნივთები, საგნები, პერსონაჟთა ჩაცმულობა იმდენად შემზარავ ატმოსფერში გხვევს, რომ თითქოს დარბაზში მჯდომი ამ სიბინძურიდან და უწესრიგობიდან წამოსული, შმორის მძაფრი სურნელის ილუზიაში ეხვევი. სცენაზეა ოჯახი, სადაც მაყურებელი ხედავს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ და ამავე დროს საოცრად ერთნაირ ადამიანებს, ისინი განსხვავდებიან ასაკით, სქესით, ორიენტაციით, მაგრამ საერთო აქვთ მთავარი- ბრძოლა არსებობისათვის. რეჟისორი ისეთ მტკივნეულ თემებს ეხება, როგორიცაა სექსუალური უმცირესობების უფლებები, ძალადობა  ოჯახში თუ მის გარეთ,უმოტივაციო და უპერსპექტივო ახალგაზრდები.ზღვარს გადასული, აღვირახსნილი ცხოვრების წესი, ადამიანებს შორის დაკარგული და წაშლილი ზნეობის განცდა. ის არ ცდილობს შეალამაზოს, ან თუნდაც დაიცვას რომელიმე მხარე, უბრალოდ, ღიად და დაუფარავად უჩვენებს მაყურებელს ჩვენი საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის რეალურ ყოფას. პერსონაჟების მხატვრულ სახეებს რეჟისორი მთლიანად მოქმედებით გამოკვეთს.  მინიმალიზებულია დიალოგები, გმირები შემოიფარგლებიან რეპლიკებითა და შეფასებებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპექტაკლში დაკავებულ მსახიობთა დიდი ნაწილი არაპროფესიონალია და მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად მრავალრიცხოვანია სამსახიობო შემადგენლობა, რეჟისორი ახერხებს ყველა პერსონაჟის ინდივიდუალიზმის ჩვენებას. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თემურ გვალია, მაია ლომიძე, ტატო გელიაშვილი, სერგო საფარიანი, აშოტ სიმონიანი, რატი ყულოშვილი, პაპუნა ლებანიძე, თამთა ჩუმაშვილი, ნინა კალატოზიშვილი, ქეთი ტატიშვილი, თათა თავადიშვილი, გიორგი ჩაჩუა და სხვები. გამორჩეულ სახეს ქმნის ტატო გელიაშვილი. ის მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზეა,  ზის სავარძელში და თამაშობს ბებიას, რომლის ერთი შეხედვით არავისთვის საინტერესო და უმნიშვნელო ბუტბუტი, სცენაზე გათამაშებულ მძიმე და  ხშირად გულისამრევ სცენებს ირონიზირებულ სიმსუბუქეს სძენს. მინდა, ასევე გამოვყო მაია ლომიძის პერსონაჟი. ის ქმნის ერთგვარ კრებით სახე-სიმბოლოს, ცოლების, რომლებიც დაუსრულებელი ჩაგვრის, უპატივცემულობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, ვერაფრით აღწევენ თავს ქმრებსა და ოჯახს. მსახიობი თითქოს თავადვე დასცინის მის მიერ განსახიერებულ გმირს, შეიძლება ითქვას გარკვეულ სიბრალულსაც განიცდის მის მიმართ. ეს არის ქალი, რომელიც ყოველი  შეურაცხყოფის შემდეგ, შემოიფარგლება მხოლოდ თავგანწირული კივილით, მეზობლებთან გულის მოოხებით.ფიზიკურ ძალადობაზე ასევე ძალადობით პასუხობს ქმარს, მაგრამ  რეალურად იმდენადაა შეგუებული არსებულ ყოფას, რომ, არც არასდროს უფიქრია მის შეცვლაზე. მსახიობი თემურ გვალია, ოჯახის თავს, მამას განასახიერებს, თუმცა მას არც პატივს სცემენ და არც უყვართ. ის გაუცხოებულია ოჯახის ყველა წევრთან, ხშირად სვამს კითხვას-„ეს ვინ არის?“, „შენ ვინ ხარ?“ მალავს ფულს, რომელზეც ნადირობს მთელი ოჯახი და საბოლოოდ მხოლოდ საკუთარი სურვილებისა და ვნებების დასაკმაყოფილებლად გადაწყვეტს მის გამოყენებას. ოჯახი მისთვის სრულიად მიღებელი და უცხო ადამიანებისგან შემდგარი სოციუმია. სპექტაკლის ყველა პერსონაჟი აღიქმება როგორც კრებითი სახე-სიმბოლო. შვილები, რომლებიც ზრდასრული ასაკის მიუხედავად ჯერ ისევ მშობლების კისერზე ცხოვრობენ, თავისი ცოლებით, შვილებით, პირადი პრობლემებით. რძლები, რომელთაგან უფროსს საკუთარი უნიათო ქმრისა და სამი მცირეწლოვანის რჩენა უწევს. ხოლო უმცროსი ჯერ ისევ ხორციელი ვნებებისა და სურვილების ტყვეა, ის საკუთარი ფლუიდებით არაერთგზის ხდება თავად ოჯახის წევრების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. შესაძლოა საკამათო და განსჯის საგანი გახდეს მოჭარბებული სიშიშვლე სცენაზე, რომელსაც რეჟისორი საკმაოდ დიდი დოზით წარმოგვიდგენს. ის აშიშვლებს პერსონაჟებს, როგორც ფიზიკურად ისე სულიერად. თუმცა ვულგარულობა, რომელსაც კონკრეტული კონტექსტი აქვს არ გაღიზიანებს. გარკვეულ სცენებში თითქოს მოქმედება დინამიკას კარგავს, ხშირად მეორდება ეპიზოდები და იქმნება განცდა, რომ რეჟისორი პრობლემის უტრირებას ახდენს. ასევე რთულია ცალსახად განისაზღვროს სპექტაკლის ფინალური სცენა. შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ პატარა გოგონას ოჯახიდან გაქცევით რეჟისორი პათეტიკური დასასრულისკენ გადაიხარა.  ამგვარი ფინალი დამძიმებულ მაყურებელში იმედის განცდას აღვივებს. მთელი სპექტაკლის განმავლობაში რეჟისორი გვიმტკიცებს, რომ ადამიანთა ზნეობამ დიდი ხანია დაკარგა მნიშვნელობა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ტოვებს იმედს, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობს ჯანსაღი აზრი მომავლის სახით, რომელსაც მხოლოდ გაქცევის გზით შეუძლია თავის გადარჩენა. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში 430 ათასი სოციალურად დაუცველი პირია.  როგორი შემზარავიც უნდა იყოს სტატისტიკა და ციფრები, ჩვენ მაინც ვცდილობთ თვალი ავარიდოთ, წავუყრუოთ და არ შევიმჩნიოთ მათი არსებობა ჩვენ შორის… გასულ წელს, საოცარ მაშტაბებს მიაღწია არა თუ ოჯახში ძალადობის, არამედ ქმრებისა თუ მეგობარი მამაკაცების მიერ მოკლული ქალების რიცხვმა… ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენ გვყავს ქვეყანაში მოზარდები, რომლებიც ვერ ახერხებენ საშუალო განათლების მიღებას… ცივილური სამყარო დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ადამიანი სექსუალური ორიენტაციის გამო არ უნდა იჩაგრებოდეს, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ ისევ უკიდურესად რადიკალურია, ამ საკითხის მიმართ. აღნიშნული და კიდევ სხვა უამრავი პრობლემა სახელმწიფო სისტემის უსუსურობის გამო არასამთავრობო სექტორის იმედზე დარჩენილი, ფიტავს და ანგრევს ჩვენს საზოგადოებას. ამ ყველაფრის მხატვრული ლუსტრაციაა ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი. დასასრულს, რეჟისორი სოციალურ დრამას ცალსახად პოლიტიკურ კონტექსტს სძენს, ერთ სასოწარკვეთილ, უიმედო,ამაზრზენ და ბოროტებაში ჩაძირულ ოჯახს მეორე ზუსტად მისი მსგავსი ესხმის თავს და ცდილობს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ხელჩართული ბრძოლა საბოლოოდ კოჰაბიტაციით მთავრდება.   სპექტაკლი იწყება და სრულდება  სცენით: სივიწროვესა და უწესრიგობაში, პირდაპირ იატაკზე მიმოფანტული პერსონაჟები ღრამა და საფუძვლიან ძილს მისცემიან. ჩნდება განცდა, რომ ყველასთვის კარგად ნაცნობი, თითქმის საკრალური მნიშვნელობის ფრაზა-„როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?“- არასდროს ყოფილა ისეთი რიტორიკული, როგორც დღეს. ალეგორიულ ჩანაფიქრს რეჟისორი კიდევ უფრო მეტ ირონიას სძენს, როცა სცენიდან ისმის „საქართველოო ლამაზო-ს“ სევდიან- პატიოტული მელოდია. მინდა წარმატებები ვუსურვო  რეჟისორს, სასიამოვნოა, როცა ახალგაზრდა ადამიანი გრძნობს თანამედროვეობის გამოწვევებს, არ აკეთებს გათვლას ეპატაჟზე და თამამ გადაწყვეტილებას კონკრეტულ მხატვრულ გამომსახველობით ფორმას უსადაგებს.

http://georgiantheatre.ge/377-sazizghrebi-bindzurebi-borotebi.html#

ნერონ აბულაძე
ბინძურები, ბოროტები, საზიზღრები – ან პირიქით….
ავტორე სკოლას ფილმი _ ,,აუტანელები, ბინძურები და
ბოროტები~ 1976 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე. იმხანად ფილმს დიდი რეზონანსი მოყვა. ჰოლივუდური Happy End-ის პარალელურად
სკოლამ ნატურალური სიზუსტით აჩვენა სინიორ მაცატელის ოჯახის სოციალურ _ მორალური ყოფა. ცოლი, ქმარი, შვილები, რძლები, შვილიშვილები და ნათესავები _ ყველანი ერთ, ბარაკის ტიპის ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობენ. თითოეული
მათგანი მისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე იძინებს, იღვიძებს და
მოთხოვნილებისამებრ კავდება სექსით. ოჯახის უფროსი, ცალთვალა
კუშტი მოხუცი ყოველმხვრივ ცდილობს მაქსიმალური გავლენა
იქონიოს ოჯახის წევრებზე და საამისოდ არც ერთ შანსს ხელიდან
არ უშვებს. აქ ყველა და ყველაფერი პატრიარქალურ ადათ-წესს
ემორჩილება. შავი იუმორით გაჯერებული თითოეული სცენა-ეპიზოდი
ხაზს უსვამს ზნეობრივ საყრდენს გამოცლილი საზოგადოების
თანადროულ ყოფასა და პერსპექტივებს.
ქართული თეატრის ისტორიაში მრავლად ვხვდებით ფაქტებს,
როცა რეჟისორი სადადგმოდ, ნაცვლად დრამატული ნაწარმოებისა,
პროზაულ თხზულებას ან კინო სცენარს მიმართავს. ასეთი
მცდელობებიდან ვიცით არაერთი წარმატებული და,ხშირ შემთხვევაში,
წარუმატებელი ექსპერიმენტი. პოსტმოდერნიზმის მუდმივად
ცვლად და განვითარებად ტენდენციებთან ერთად ბოლო პერიოდში
გახშირდა ფაქტები, საქმე გვაქვს რომელიმე ცნობილი ფილმის
თეატრალურ ინტერპრეტაციასთან. რასაკვირველია, გაგვიჭირდება
იმის თქმა, რომ არ გვაქვს თანამედროვე დრამატურგია…პირიქით,
ყოველწლიურად ინტენსიურად იქმნება, ითარგმნება და იბეჭდება
სხვადასხვა ჟანრისა და ხასიათის პიესები. და მაინც, სამოცდაათიანი
წლების იტალიური კინოს გახმაურებული ნიმუში გახდა საფუძველი
ახალგაზრდა რეჟისორისათვის, რომელმაც აღნიშნულ სიუჟეტზე
დაყრდნობით განახორციელა ,,თავისი~ სპექტაკლი. როგორც იტყვინ,
დაყრდნობაცაა და დაყრდნობაც… ამ შემთხვევაში რეჟისორი (ნიკა
ჩიკვაიძე) პირდაპირ და უპირობოდ აკოპირებს სკოლას ფილმის
სიუჟეტურ ფრაგმენტებს. ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად
ცდილობს კონკრეტული გმირის ჟესტი და მიმიკაც კი ზედმიწევნით
მიმსგავსებული იყოს.
სპექტაკლი თავისუფალ თეატრში განხორციელდა და აზრთა
სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთი შეხედვით, რეჟისორმა საწადელს
მიაღწია _ თავისი ნამუშევრის ირგვლივ აზრი ორად გაიყო.
,,მომხრეთა~ და ,,მოწინააღმდეგეთა~ შორის კამათის შემხედვარეს
ნამდვილად არ გამჭირვებია იმის დაზუსტება, რომ ამათგან
უმრავლესობას ფილმი საერთოდ არ ჰქონდა ნანახი. შესაბამისად,
მომხრეები სითამამეს უქებდნენ რეჟისორს და მოწინააღმდეგეები
ზნეობრივ ნორმებთან შეუსაბამო, გამოხატვრის ნატურალურ
საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები მასშტაბს აპროტესტებდნენ. სცენა ულამაზო,ჭუჭყისგან ჩამუქებული ოთახის სახითაა წარმოდგენილი. იატაკზე ქვეშაგებია მიმოყრილი,
სადაც მოქმედ გმირებს ძინავთ. სცენასა და დარბაზს შორის ზღვარი
თითქმის არ არსებობს. იწყება სპექტაკლი და საათ-ნახევრის
განმავლობაში მაყურებლის თვალწინ მეტ-ნაკლები სიზუსტითა
და თანმიმდევრობით ცოცხლდება ცნობილი სიუჟეტის სცენა _
ეპიზოდები. რასაკვირველია, რეჟისორი შეეცადა, გასული საუკუნის
სამოცდაათიანი წლების მხატვრული სინამდვილე თანამედროვე
ქართული რეალობის შესაბამისი ყოფილიყო, მცირე კორექტივებიც
შეიტანა, თუმცა, საბოლოოდ, სპექტაკლს ეტორე სკოლას
ფილმის ცუდი, არაეფექტური თეატრალური გამოძახილი შეიძლება
ვუწოდოთ.
როგორც აღვნიშნეთ, თავის დროზე ფილმს დიდი გამოხმაურება
მოყვა. ,,მსგავს არეულობას პაზოლინიც კი არ დაუშვებდა… ეტორე
ბევრ მხცოვან კოლეგასთან – (პაზოლინი, ფელინი, ანტონიონი,
რობერტო როსელინი) – თავს ესხმის წმინდათა წმინდას, დიდებულ
მიმართულებას, რომელმაც, ფაქტობრივად, ომის შემდგომი
იტალიური კინო დაბადა. ფილმში ნაჩვენები არიან ადამიანები,
თავიანთი სიხარულითა და მწუხარებით, რომლებსაც ამაღლებულად
გვიხატავდნენ ნეორეალისტები. სკოლა, რომელიც თავდაუზოგავი
ჰუმანისტი და კომპარტიის წევრი იყო,მოულოდნელად მიზანთროპად
გადაიქცა და ადამიანის თანდაყოლილ მანკიერებებს უმღერა~ _
ვკითხულობთ ერთ-ერთ რეცენზიაში. მართლაც ფილმში მწვავედ
დგარ პრობლემა სიღარიბით,სასტიკი ყოფით კმაყოფილი ადამიანისა…
უქონლობით კმაყოფილების ფსიქოლოგია, ტენდენცია, რომელიც
საშინელი მხეცური სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინაპირობა
შეიძლება იყოს. მოკლეთ, კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ეტორე
სკოლაზე, ფილმზე, კინოენაზე, რაც ჩემს კომპეტენციას სცილდება.
რაც შეეხება ახალგაზრდა რეჟისორს, ნიკუშა ჩიკვაიძეს, მხოლოდ
იმას დავამატებ,რომ მან შეძლო მსახიობების (ამათგან უმრავლესობა
საერთოდ არ მინახავს არც ერთ სცენაზე) ორგანიზება და შეეცადა
ცნობილი სიუჟეტის ილუსტრირებას.

ლაშა ჩხარტიშვილი
რეალობა, რომელიც ჩვენ ირგვლივ არსებობს
ქართულ თეატრში ერთი უცნაური ტრადიცია დამკვიდრდა _
ეკრანიზაციის სცენური ინტერპრეტაცია. თუკი გასულ საუკუნეში
თეატრის სცენიდან გათამაშებული ამბავი ეკრანზე გადაინაცვლებდა,
ახლა პირიქით, ეკრანიდან სცენაზე გადადის. ბოლო პერიოდის
ქართულ თეატრში ეს ყველაზე თვალშისაცემი ტენდენციაა. მიზეზები
სხვადასხვა შეიძლება იყოს. მათ შორის, შესაძლოა, ჩვენი დროის
რეჟისორები არ იცნობენ (ეცნობიან) თანამედროვე დრამატურგიას,
ისინი გატაცეული არიან კინოთი და სწორედ ფილმში გათამაშებული
ამბავი ხდება მათი ახალი სპექტაკლის ინსპირაციის წყარო. ან
ვერ ხერხდება ჩვენი რეჟისორების თანამედროვე დრამატურგიით
დაინტერესება, როგორც ჩანს, ჩვენს რეჟისორებს თანამედროვე
დრამატურგების პიესები ნაკლებად აინტერესებთ. ამიტომაც,
თანამედროვე ქართულ თეატრში ხშირად გვხდება ინსცენირების
ფაქტები. ამ საქმეს თავად რეჟისორები ითავსებენ და იშვიათ
შემთხვევაში _ წარმატებით. ეს საკითხი ერთ-ერთი მწვავე და
მნიშვნელოვანი პრობლემაა ქართული თეატრის,უპირველეს ყოვლისა
კი, თანამედროვე ქართული დრამატურგიის, რომელიც ვერ ახერხებს
ქართველი რეჟისორების დაინტერესებას.
ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი `საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები~
მორიგი მცდელობაა ეკრანიზაციის სცენაზე გადმოტანის, თუმცა ზემოთ
ნათქვამი ნიკა ჩიკვაიძეს ნაკლებად ეხება, რადგან მან უკვე, ასევე
თავისუფალ თეატრში, განახორციელა თანამედროვე დრამატურგის
დათო გაბუნიას პიესა `რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება~. ამ ორი
სპექტაკლის მაგალითზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდა
რეჟისორი სოციალური თემატიკითაა გატაცებული და მას ჩვენი
სოციალური რეალობა უფრო აღელვებს, ვიდრე სხვა რომელიმე
აქტუალური თემა. რეჟისორი ცდილობს თავის სპექტაკლებში
დასვას ის პრობლემები, რომლებიც აღელვებს, აწუხებს და ჩრდილს
აყენებს ჩვენს საზოგადოებას. მისი სპექტაკლების გმირები ჩვენი
თანამედროვენი და ჩვენ გვერდით მყოფნი არიან, ამიტომაც რეჟისორი
დაუფარავად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე გვიჩვენებს მათ
თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
სპექტაკლში `საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები~ რეჟისორი
ნატურალისტურ ჟანრს ირჩევს. ამიტომაც სცენაზე გათამაშებული
და არსებული ნივთებიც კი, მაქსიმალურად მიახლოებულია
რეალურს. თავისუფალი თეატრის დარბაზში შემოსულ მაყურებელს
ბარაკების ტიპის სახლის მაცხოვრებლები ხვდებიან, ისინი
მრავალრიცხოვან ოჯახს წარმოადგენენ და ყველას სცენაზე სძინავთ,
თუმცა სცენა იმდენად ყოფითი დეკორაციითაა შევსებული, რომ
ზღვარი მაყურებელსა და სცენას შორის წაშლილია. ერთ მხარეს
მრავალრიცხოვანი ოჯახის ოთახია, ხოლო მეორე მხარეს, ძალიან
ახლოს, განთავსებულია მაყურებელი.
ოჯახში რამდენიმე წყვილი ცხოვრობს, თავიანთი ცოლებითა და
ქმრებით, მცირეწლოვანი შვილებითა და ბავშვებით. კონკრეტული
ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების სახეს თავისი მრავალფეროვნებით,
ტიპაჟებით, ადამიანებით განურჩევლად ასაკისა, სექსუალური
ორიენტაციისა, მიზნებისა და ოცნებებისა. ამ ოჯახში ყველა ავადაა,
როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ერთადერთი ჯანსაღი ნაწილი
მომავალი თაობაა, პატარა გოგონას სახით, რომელიც ერთგვარი
გმირია, რომელიც პროსტესტის ნიშნად ოჯახიდან გაიქცევა თავის
პატარა ძმასთან ერთად. ის უარს ამბობს ცხოვრების იმ წესზე,
რომლითაც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. სახლი, რომელშიც
ოცამდე ოჯახის წევრი ცხოვრობს, ერთგვარი თანამედროვე სოდომგომორია.
წაშლილია ზღვარი ოჯახის წევრებს შორის. მათი
ურთიერთობები არ არის ჯანსაღი.
ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი მოგითხრობს საზოგადოებაში
არსებულ კრიზისზე, გაუცხოებაზე, ფსკერზე დაშვებულ ადამიანებზე,
ძალადობაზე ოჯახში და მის გარეთ, უკიდურეს გარყვნილებაზე
და ზნეობრივ გადაგვარებაზე. ნიკუშა ჩიკვაძე მორალისტად არ
გვევლინება, ის უბრალოდ გვიჩვენებს არსებულ რეალობას და
გვაძლევს დასკვნის გამოტანის საშუალებას. რეჟისორი ავლენს
ლიბერალურ დამოკიდებულებას სექსუალური უმცირესობის მიმართ,
მაგრამ ამავდროულად წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომელიც ამ
ჯგუფის ადამიანების წინაშე არსებობს როგორც ოჯახში, ისე
საზოგადოებაში.
ვფიქრობ, სპექტაკლის დიდი ნაწილი საექსპოზიციო ნაწილს
მიაქვს, რაც აფერხებს მოქმედების დინამიკას. ეს შენიშვნა
რეჟისორთან ერთად ინსცენირების ავტორს, დრამატურგ ლილე
შენგელიასაც ეკუთვნის. უმჯობესია პერსონაჟები ეტაპობრივად გავიცნოთ მათი ქმედებიდან და საქციელიდან გამომდინარე. მხატვარმა თამარ ჭავჭანიძემ ზედმიწევნით ზუსტად შექმნა სივრცე,
რომელიც ამ რეალობას ნატურილისტური ხერხებით გამოხატავს,
რომელშიც სპექტაკლის გმირები ცხოვრობენ. სცენიდან იგრძნობა
ატმოსფერო, რომელიც მათი ცხოვრების წესის ანარეკლია.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თემურ გვალია, მაია
ლომიძე, ტატო გელიაშვილი, აშოტ სიმონიანი, რატი ყულოშვილი,
ნინა კალატოზიშვილი, თათა თავდიშვილი, ქეთი ტატიშვილი, პაპუნა
ლებანიძე, თამთა ჩუმაშვილი, სერგო საფარიანი, გიორგი ჩაჩუა,
ნატალია გალოგრე, თათული ზალიკაშვილი, შაკო ღონღაძე, ირა
ეზეიშვილი. ისინი საკმაოდ თამამები და გაბედულები აღმოჩნდნენ,
რომელთაც მონაწილეობა მიიღეს რეჟისორის ექსპერიმენტში.
მათი თანამოაზრეობა (რეჟისორისა და მონაწილე მსახიობების)
სპექტაკლის მიმდინარეობისას აშკარად იგრძნობა. არტისტული
ანსამბლიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ტატო გელიაშვილი,
რომელიც სპექტაკლში ბებიის როლს თამაშობს. გარდა იმისა, რომ
ახალგაზრდა მსახიობმა სხვა საპირისპირო სქესის ამპლუა მოირგო,
მან შეასრულა ხანდაზმულის როლიც. მას საკმაოდ რთული
პარტიტურა შეხვდა, ის თითქმის არ გადის სცენიდან და მსახიობი
ახერხებს ისე, რომ მუდმივად იყოს ყურადღების ცენტრში.
ვფიქრობ, თავისუფალი თეატრი ის სივრცეა, რომელიც
ახალგაზრდა, განსხვავებული მსოფლმხედველობისა და ინტერესების
რეჟისორებს თავისუფლად აზროვნების საშუალებას აძლევს.
ზოგჯერ დგება ის მომენტი, სადაც მთავარი ხარისხი კი არა, არამედ
მოქალაქეობრივი პოზიციაა, რეჟისორის სათქმელი და პრობლემის
უკომპრომისოდ დასმაა. `საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები~ ამის
ნათელი მაგალითია. ვიმედოვნებ, მომავალშიც ნიკა ჩიკვაიძე თამამად
დასვამს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, მიჩქმალულ, მაგრამ
აქტუალურ პრობლემებს და ჩვენი საზოგადოების მანკიერ მხარეებს
საჯარო განხილვის ობიექტად უფრო მაღალ მხატვრულ ხარისხში
აქცევს.

თამარ კამლაძე
საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები
ჩავარდნილი ექსპერიმენტი
თეატრი პირობითობაა და თეატრი რეალობის მხატვრული
ასახვაა. თუ თეატრის იმ რამდენიმე ჭეშმარიტ დებულებას
გავითვალისწინებთ, რაც, ასე ვთქვათ, თეატრალურ კანონებს
წარმოადგენს, მაშინ ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი `საზიზღრები,
ბინძურები, ბოროტები~ შეიძლება იმ წარუმატებებ ექსპერიმენტად
ჩაითვალოს, რაც ახალგაზრდა, დამწყებ რეჟისორებს შემოქმედებითი
ძიებების საწყის ეტაპზე ხშირად ემართებათ.
თუ რეჟისორის შემოქმედებით რეპერტუარს გადავხედავთ, მას
გარკვეული წვლილი ნამდვილად მიუძღვის თანამედროვე თეატრის
ექსპერიმენტულ ძიებებში. მის არა ერთი საინტერესო ტიპაჟისა
და საინტერესო და არაორდინალური სცენის შემქმნელია. მის
სპექტაკლებში ყოველთვის შეიძლება რაიმე ახალი და საინტერესო
აღმოაჩინოს მაყურებელმა, იქნება ეს რეჟისორული ხერხი,
საინტერესო პერსონაჟები, არაორდინალური სცენები თუ სხვა. მმე
პირადად საკმაოდ კეთილგანწყობილი ვარ ამ რეჟისორის მიმართ,
მუდამ თვალყურს ვადევნებ მის შემოქმედებას და სუბიექტურად
ვფიქრობ, რომ მომავალში, დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად,
საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებს შემოგვთავაზებს. ჩემს კრიტიკასაც
ეს კეთილგანწყობა სასიკეთოდ აიტანს.
გავიხსენოთ ნიკა ჩიკივაიძის გასულ სეზონზე დადგმული
სპექტაკლი `ყველა დამამძიმებელი გარემოება~, ამ სპექტაკლის
მსგავსად, დასაწყისში აქაც (`საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები~)
იგივე ხერხია გამოყენებული. მაყურებელი იმ დროს შედის დარბაზში,
როდესაც სცენაზე მსახიობები უკვე გამოსულები არიან და არამკვეთრი
მოძრაობებით ემზადებიან სპექტაკლის საბოლოოდ დაწყებისათვის.
თითქოს, სანამ მაყურებელი თავის ადგილს დაიკავებს, ისინი
წინასიტყვაობასავით აცნობენ თავიანთ პერსონაჟებსა და საერთო
ატმოსფერულ განწყობას. მაყურებელი კუთვნილ ადგილს იკავებს,
დარბაზის კარი იკეთება და წარმოდგენაც საბოლოოდ იწყება.
სპექტაკლი ნატურალისტურ ჟანრშია გაკეთებული, რაც
დღევანდელი ქართული თეატრის ცხოვრებაში არც თუ ისე
ხშირი შემთხვევაა. ჟანრი მოძველებულად და წარუმატებლად
მიიჩნევა. რეჟისორს დეკორაციის სახით საკმაოდ მკვეთრად აქვს
ის ატმოსფერო შექმნილი, რაც აღნიშნული სპექტაკლისათვის
ნამდვილად საჭიროა. ატმოსფერო, რომელიც ჭუჭყის, სიბინძურის,
ღალატის, საზიზღრობის, სიღარიბის საძაგელ შეგრძნებას იწვევს.
სცენაზე ერთი პატარა ოთახია მოწყობილი, სადაც ოჯახის 13-14
წევრი ცხოვრობს, მათ შორის ერთი ჩვილი ბავშვიც. რამდენიმე
ძველი და დაშლილი საწოლი დგას, სადაც ცოლ-ქმრებს წყვილად
სძინავთ. ზოგიერთი ოჯახის წევრი კი პირდაპირ იატაკზე დაგდებულ
ძველ დაკონკილ ქვეშაგებზე წევს. კედელზე ძველი, გახუნებული
შპალერია გაკრული და ბავშვების ნაჯღაპნებიც ეტყობა. რამდენიმე
ღია თაროზე უდიერად მიყრილი ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო
ნივთები ერთმანეთშია არეული. მარჯვენა კუთხეში სამზარეულოს
კარადიდან ჭუჭყიანი, გასახეხი ჭურჭელი მოჩანს. ოთახის შუაში კი
ერთი დიდი მაგიდა დგას, რომელიც ერთად სადილობის შემთხვევაში
ოჯახის ყველა წევრს ნამდვილად ვერ დაიტევს. ოთახის გვერდით
ერთი ბინძური საპირფარეშოა, გაყვითლებული უნიტაზითა და
ჭუჭყისაგან ჩაშავებული ხელსაბანი ნიჟარით, რომლის კარიც
არ იკეტება და ოჯახის წევრებიც მას დასწრებაზე მოიხმარენ.
ნატურალისტურ სიმძაფრეს საჭმელიც მატებს, რომელსაც ისინი
მანდვილად ჭამენ (ეს არის ლობიო ან აჯაფსანდალი,თუ არ ვცდები),
ასევე დაჭრილი ხახვი და მწვანილი სცენაზე, რომელიც სუნსაც
კი უშვებს დარბაზში. იატაკზე ათასგვარი ჭინჭია მიმოფანტული,
ოთახში კედელზე გაბმულ სარეცხის თოკზე `ადიელები~ და
ტანსაცმელი ჰკიდია, რომელიც ერთგვარ საწოლის გადამტიხრავ
ფარდის როლსაც ასრულებს. მსახიობებს ძველმოდური კონკები
და არა თავისი ზომის ტანსაცმელი აცვიათ, რაც სიღარიბის
ზღვარს უსვამს ხაზს. 14 სული ერთი ტუალეტით სარგებლობს და
მისი დალაგება არც ერთს არ უნდა. აბაზანის მაგივრობას გაზზე
გაცხელებული წყალი და დასაბანი ტაშტი ასრულებს.
ამ ბოლო პერიოდში ხშირია უკვე პოპულარული (ან ნაკლებად
პოპულარული) ფილმის სცენარის ადაპტირება, გადმოპიესება და
მისი სცენიური რიმეიქის შექმნა. თუმცა, როგორც სჩანს, ეს არც
თუ ისე იოლი საქმეა, პირველ რიგში მხოლოდ იმიტომ, რომ კინოს,
ეკრანის სპეციფიკა თეატრის ცოცხალი ორგანიზმისაგან განსხვავდება
და ხშირად ხდება, რომ ასეთი სპექტაკლები კინოფილმის ეფექტს
იწვევს სცენაზე და არა წარმოდგენის. როგორც ვიცით ეს სცენარი (`საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები~) არაჩვეულებრივი, დიდი იტალიელი კინორეჟისორის ეტორე სკოლას
ამავე სახელწოდების ფილმს ეკუთვნის, სადაც მთავარ როლს (მამა)
გენიალური ნინო მანფრედი თამაშობს. არაჩვეულებრივი ფილმი,
სადაც ამბავიც და ატმოსფეროც ზედმიწევნით ნატურალურად არის
გადმოცემული. მათ სიბინძურეს და სისაზიზღრეს მთელი შეგრძნებით
განიცდი. რეჟისორსაც სცენაზე მსგავსი ატმოსფეროს გადმოტანა
უნდოდა, რაც, სამწუხაროდ, ერთადერთია, რაც ამ სპექტაკლში
მიღწეულად შეიძლება მივიჩნიოთ.
სპექტაკლის ცენზურა +18-ია და მასში საკმაოდ თამამი ეროტიული
სცენებია გამოყენებული, შეულამაზებლად და ზიზღგამომწვევად.
ადაპტირებული სცენარი კი ქართულ ვარიანტში შემდეგნაირად
ვითარდება: ოჯახის უფროსი, მამა, რომელსაც საკმაოდ დიდი ფული
აქვს დაგროვილი, არავის არაფერს აძლევს, ფულს სულ სადღაც
მალავს, არც საჭმლის საყიდლად აძლევს ცოლს და არც თავისთვის
მოიხმარს, მაღაზიიდანაც კი ვალზე იღებს თავისთვის სასმელს.
ანგარიშს არავის უწევს და თავს ვალდებულადაც არ სთვლის,ვინმეს
რაიმე მისცეს. ეს მხოლოდ მისი ფულია. მისი სახლიდან გასვლის
დროს მთელი ოჯახი სახლს აყირავებს ფულის ძებნაში, მაგრამ
ამაოდ. იდეაში ისინი ძალიან მდიდრები არიან, მაგრამ რეალურად _
საცოდავები და ღარიბები. მათ ოჯახში მუდამ ჩხუბი და აურზაურია.
ისინი სულითა და ხორცით სიბინძურეში არიან ჩაფლულები.
საარსებო ორი კაპიკისათვის ზოგიერთი პროსტიტუციით, ზოგი კი
მძიმე სამუშაოთია დაკავებული, ზოგიც სხვების კმაყოფაზე სახლშია
უსაქმურად გამოკეტილი. ცოლი მეზობლებში მათხოვრობს საჭმელს
და ა.შ. ბოლოს მამა ისე გათავხედდება, რომ სახლში საყვარელს
მოიყვანს, ახალ ძვირფას კაბასაც კი უყიდის და მისი სახლში
ცოლად დასმაც უნდა. ოჯახის წევრები მის მოწამლვას გადაწყვეტენ,
მაგრამ ის წამალს ამოაღებინებს და გადარჩება. უცებ სახლში უცხო
ხალხი შემოვარდება ხელში საბუთით, სავარაუდოდ, მათ ეს ბინა
მამამ მიყიდა, მაგრამ ოჯახის წევრები ამ სახლიდან გასვლაზე
არაფრის დიდებით დასთანხმდებიან. ბოლოს ამ პატარა ოთახში
ყველანი ერთად ცხოვრობენ. მოულოდნელად მოხუცი ბებია კვდება,
რომელსაც დილით ადრე წყლის მოსატანად ამდგარი შვილიშვილი,
პატარა გოგონა შეამჩნევს. ოთახში ყველას სძინავს, ის ლოგინიდან
ჩვილ ბავშვს ჩუმად აიყვანს და სახლიდან გარბის. უნდა აღვნიშნო, რომ ნამუშევარში უამრავი შეცდომა ფიქსირდება. დავიწყებ დრამატურგიიდან, სადაც შეცდომათა რიგს
ვხვდებით. მაგ: როდესაც მამა სუფრასთან ჯდება და შვილების
მიერ საწამლავჩაყრილ საჭმელს მიირთმევს მაშინ ეუბნება მათ, რომ
მათთვის ახალი კარგი ამბავი აქვს… მაგრამ ჩვენ ვეღარ ვიგებთ, რა
ამბავი იყო ეს. გაურკვეველია ასევე შემოჭრილი ხალხის პოზიცია,
არ ირკვევა, ეს ბინა მათ იყიდეს, იქირავეს თუ რა მოხდა… მოკლედ,
რამდენიმე სცენა ამბის მხრივ საკმაოდ გაუგებარი რჩება. ამბავი
კი ის ერთადერთი სიწმინდეა, რაც ყველანაირმა მაყურებელმა,
თეატრმცოდნემაც და მექანიკოსმაც ერთნაირად გარკვევით უნდა
გაიგოს.
არსებობს რეჟისურის რამდენიმე კანონი, რაზეს ეწყობა
სპექტაკლი: ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კულმინაცია, კვანძის
გახსნა, ფინალი… აღნიშნულ სპექტაკლში შეუმჩნეველია ან არ არის
მსგავსი არაფერი, სად იკვრება კვანძი, სად არის კულმინაცია…
სპექტაკლი საკმაოდ მდორედ და უინტერესოდ მიდის, მიუხედავად
იმისა, რომ რეჟისორმა თითქოს ეპატაჟური ეროტიკული სცენებით
უნდა მოიგოს მაყურებლის ყურადღება (რძალს ჯერ ტრანსვისტიტი
მაზლი პირდაპირ ოთახში მძინარე ქმრისა და ჩერჩეტი ბებიის თვალწინ,
შემდეგ კი მამამთილი საპირფარეშოში აუპატიურებს). არ იკვეთება
მიზანსცენები, მნიშვნელოვანი მოვლენები, არ კეთდება შესამჩნევი
აქცენტები, არც პერსონაჟზე და არც მოვლენაზე. ერთადერთი
მეტნაკლებად სახალისო და თავშესაქცევი მომენტია ტელევიზორთან
ინვალიდის ეტლში მჯდომი მოხუცი ბებია, რომელიც სასაცილო და
გულუბრყვილო რეპლიკებს ისვრის სერიალებისა და გადაცემების
ყურების დროს. სპექტაკლი უხალისოდ, უინტერესოდ და ცოტა
გამაღიზიანებლადაც კი მიმდინარეობს (გამაღიზიანებლად იმიტომ,
რომ რეჟისორი საინტერესოს ვერაფერს გვთავაზობს), მსახიობები
შემოდიან და გადიან, ჩხუბობენ, დაობენ, ილანძღებიან, შიშვლდებიან,
ვხედავთ მათ შიშველ მკერდსა და უკანალს. ეროტიკული სცენებიც
კი, რომლებიც საკმაოდ თამამია სცენისათვის, არაფერს გვეუბნებიან,
არც მიზეზი ვიცით რატომ, რისთვის ხდება ეს ყველაფერი და
რატომ გვაჩვენებს ამ ყველაფერს რეჟისორი, თან, ცოტა არ იყოს, ეს
ყველაფერი ქართული რეალობისთვისაც გადაჭარბებულია. ის სცენარი
ევროპულ ცხოვრებას არის მორგებული და ქართულ ყოფას არ
ესაბამება. ჯობდა გადმოპიესების დროს რეჟისორსა და დრამატურგს ეს გაეთვალისწინებინათ და ქართული რეალობისათვის შესაფერისი
მოვლენები აესახათ (ადაპტაციაც ხომ ამას გულისხმობს).
მე პირადად გაუგებრობაში დავრჩი ფინალითაც. აქცენტი პატარა
გოგონაზე, შვილიშვილზე კეთდება, რომელიც ჩვილთან ერთად
სახლიდან გარბის, მანამდე, მთელი სპექტაკლის განმავლობაში, ამ
გოგონაზე განსაკუთრებული აქცენტი არ გაკეთებულა, რომ გვეფიქრა
,ის განსაკუთრებული პერსონაჟია სპექტალში და ფინალიც მასზე
უნდა იყოს აწყობილი…
მართალია, რეჟისორმა სპექტაკლი ნატურალისტურ ჟანრში
დადგა, მაგრამ დაავიწყდა ყველა ის კრიტერიუმი, რაც ჩვენს რეალურ
ცხოვრებას თეატრისაგან განასხვავებს. მხატვრულობა, რომლიც ამ
სპექტაკლში არ არის, წარმოდგენა უსახური და არასანახაობრივიც
კი გახადა. ამიტომ ამ სპექტაკლს ჩავარდნას ვუწოდებ. ჩვენ
ვცხოვრობთ რეალობაში, თეატრი კი პირობითობაა…