პრესა: ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?!

11219118_1207900652570487_1171985616629713549_nნერონ აბულაძე
ქანცგაწყვეტილი ცხენები 
მიმდინარე წლის თეატრალურ სეზონზე თავისუფალი თეატრის
გასწვრივ, სათანადოდ დამაგრებულ ბანერებს კიდევ ერთი,
მორიგი სპექტაკლის აღმნიშვნელი ბანერი დაემატა. ,,ხომ ხოცავენ
ქანცგაწყვეტილ ცხენებს“ – კითხულობს გამვლელი და ან ჩერდება,
ან გზას აგრძელელბს, თავისი ესთეტიკური მოთხოვნილებებისა თუ
ინტერესთა სფეროს შესაბამისად. მეტ-ნაკლებად ინტელექტუალი
გამვლელისათვის შესაძლოა მაკოი ხორასის რომანი არ იყოს
ნაცნობი, მაგრამ დიდი ვარაუდით სიდნი პოლაკის ფილმი _
,,ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხოცავენ, ხომ მართალია?“ _ ექნება
ნანახი. ვინც ეჭვნარევი ინტერესით იდენტური პარალელების
დაძებნა-დაკავშირებას შეეცდება, არა მგონია საინტერესო დასკვნა
გამოუვიდეს. საქმე სულ სხვა მოცემულობასა და შედეგთან გვაქვს.
ხელოვნების ისტორიაში კონკრეტული ამბის, მითის, ლეგენდის,
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს თემისა თუ იდეებისგან იქმნებოდა ინტერპრეტაციათა უწყვეტი
ჯაჭვი, რომელიც ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული დღემდე
მყარად კრავს მსოფლიო ცივილიზაციას. ამ შემთხვევაში ჩვენს
წინაშეა დამოუკიდებელი, ზედმიწევნით ქართული დრამატურგიული
საფუძველი და ტკივილიანი, დამანგრეველი სინამდვილე. როგორც
პიესის, ისე თეატრალური ინტერპრეტაციის ავტორი ავთანდილ
ვარსიმაშვილი კიდევ ერთხელ მწარედ გვაფიქრებს ჩვენს
თანამედროვეობაზე, ყოველდღიურ ყოფაზე… ამჯერადაც გახსნილად
_ ყოველგვარი ,,პირდაპირი თუ ირიბი დამატების“ გარეშე.
ბოლო პერიოდში თავისუფალ თეატრში ავთანდილ
ვარსიმაშვილის მიერ განხორციელებულ სპექტაკლთა გარკვეული
ნაწილი ცნობილი ფილმებისა თუ რომანების მოტივებზე შეიქმნა.
ისევე როგორც წინა შემთხვევებში, ამჯერადაც მაკოი ხორასის
რომანი წარმოადგენს ერთგვარ ზოგად ქარგას, გარკვეულ რეფლექსს
რომელზედაც რეჟისორის დამოუკიდებელი არქიტექტონიკა შენდება.
თანამედროვე სატელევიზიო სივრცე, კარგად დაანონსებული შოუ
და მონაწილეთა ძირითადი ინტერესი, რაც მოგების შემთხვევაში
100000 ლარს გულისხმობს. ოთხ მონაწილე წყვილში მოცემული
რთულად დიფერენცირებული საზოგადოების კრებითი სახე. სხარტი,
მოქნილი დიალოგი, მიზანსცენების თანმიმდევრულ – სინქრონული
მონაცვლეობა, კომპოზიციური წყობა და მხატვრული სტრუქტურა
ლოგიკურად ერწყმის ერთმანეთს. ორი მოქმედების განმავლობაში
მონათხრობი ამბები იმდენად რეალური, ნამდვილი და განცდილია,
რომ ზღვარი მაყურებელსა და სცენას შორის საერთოდ ქრება.
სცენა წარმოდგენილია (მხატვარი შოთა ბაგალიშვილი) როგორც
სატელევიზიო სტუდია, სადაც ვითარდება მოქმედება. მიღმა
დანაწევრებული, სარკეებით გარშემორტყმული, სიმბოლურად
საჯინიბოებს დამსგავსებული ოთხი მცირე სივრცე – შოუში
მონაწილე წყვილებისათვის გამიჯნული სამყოფელი. სცენის თავზე
გრძლივი ეკრანი. სარკე ერთიანად ირეკლავს მსახიობსაც და
მაყურებელსაც. ეკრანზე მთელი შოუს განმავლობაში უწყვეტად
ვხედავთ მონაწილეთა დეტალურ, პროფილურ, საშუალო თუ ახლო
კადრებს. აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული, ყველანი
თანაბარ განზომილებაში ვიმყოფებით… ყველას ერთი რეიტონგული
შოუ გვაერთიანებს.
როგორც აღვნიშნეთ რეჟისორი მწვავე სოციალურ რეალობას
თავისუფალი თეატრი ოთხი წყვილის ბიოგრაფიებში აერთიანებს. ამათგან ოთო (გიორგი
ქაჟაია) და ნინი (ქეთა ლორთქიფანიძე) შოუში მონაწილეობისათვის
თურქეთიდან ბრუნდებიან, სადაც უმაქნის ქმარს და ფეხმძიმე ცოლს
აუტანელ ყოფაში უწევდათ თავის გატანა. ელენე (მარიამ ნადირაძე)-
ბაბუსთან (გიორგი ზანგური) ერთად გამოცხადდა შესარჩევ
კონკურსზე. ეს ის ბაბუა, რომლის გამოც ელენეს მამა ნაღმს
გადაეფარა და სიცოცხლე შეუნარჩუნა. მათი მიზანი დაღუპული მამის
აფხაზეთიდან ჩამოსვენებაა და სწორედ ამ მიზნით აპირებენ შოუს
მოგებას. ლუკას (ოთო ლორთქიფანიძე) სკოლის მერხიდან უყვარდა
მეგი (ანი ალადაშვილი), მაგრამ ეს უკანასკნელი გარკვეული თუ
გაურკვეველი მიზეზების გამო მეძავობის გზას დაადგა. ამჯერადაც
ბიჭი ცდილობს პირველი სიყვარულის დაბრუნებას და ამიტომაც
დათანხმდა ყოფილიყო მისი მეწყვილე. მეგი ასე არ ფიქრობს… იმედი
აქვს, რომ რომელიმე ფულიან მამაკაცს ან მინისტრს მოეწონება და
იქნება მისი, თუნდაც მუდმივი საყვარელი. ნატა (სალომე ჭულუხაძე)
ახლახანს გამოვიდა ციხიდან, რთული ბავშვობა ჰქონდა და ცდილობს
მოგებული ფულით ახალი ცხოვრება დაიწყოს. სამაგიეროდ, რობი
არ ყოფილა ციხეში, მაგრამ ჭიათურიდან უმუშევრობას გამოექცა და
ნებსით თუ უნებლიედ ჩაერთო ამ ფერხულში. შოუში კი მხოლოდ
ერთი წყვილი იმარჯვებს, შესაბამისად, შეჯიბრიც მკაცრ კანონებს
ექვემდებარება. შოუს არაორდინალური მონსტრი, წამყვანი და
ორგანიზატორი (ჯაბა კილაძე) ხელმძღვანელობს.
სპექტაკლი ორი მოქმედებად იყოფა და დაახლოებით სამი
საათის განმავლობაში მიმდინარეობს. მაყურებელის წარმოდგენლ
ამბავთან სრული იდენტიფიკაცია ერთიანად აქრობს დროის
შეგრძნებას. პირველი მოქმედება მთლიანად საექსპოზიციო ნაწილს
მოიცავს. საწყის ეტაპზე ოთხივე წყვილი სინქრონულად, თუმცა
ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებს.
განსაზღვრული თანმიმდევრობით ლაგდება ამბავთა წყება…ყოფითი
სინამდვილისგან წარმოქმნილი ფსიქოლოგიური კონრასტები
აძლიერებს შინაგანი დაძაბულობის ველს. პერმანენტულად იხსნება
ტელე-სტუდიის ოთხი სივრცისა თუ სიმბოლური საჯინიბოს
კარი და სიუჟეტური თანმიმდევრობის შესაბამისად კონკრეტული
წყვილი თავის ამბავს ყვება. კონკურსის პირობების შესაბამისად,
პერიოდულად ხორციელდება პირდაპირი ჩართვები, შოუ ეკრანზე
და შოუ დარბაზში. მეორე მოქმედებაში რეჟისორი პროპორციას
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს არღვევს. ინდივიდუალური ხასიათები ჯგუფურ პორტრეტებად ყალიბდება. მატულობს ემოციური სიმძაფრე, დაძაბულობა პიკს
აღწევს, კონკურსს ნელ-ნელა ეთიშებიან ,,დავარდნილი“ მონაწილეები
და შოუც ფინალს უახლოვდება. კვანძი იხსნება, მთელი სიმწვავით
წინა პლანზე იწევს მძიმე სოციალური ყოფა, მაყურებლისადმი
გამიზნული ყოველი ფრაზა შიშველი, პირდაპირი და დაუნდობელია.
რეჟისორი საფინალოს სცენაშიც არ გვიტოვებს მცირე ოპტიმიზმის
საფუძველს… ქეთა ლორთქიფანიძის ორსული გმირი ბოლომდე
უძლებს, არ ეცემა, პირიქით _ როგორც ულაყი ცხენი უნაგირით
მიათრევს თავის დავარდნილ უბადრუკ ქმარს.
სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტის მნიშვნელოვან კომპონენტს
ქმედითი ქორეოგრაფიული (მარიამ ალექსიძე) ნაწილი წარმოადგენს.
კარგად მიგნებული, თითოეული წყვილის ბიოგრაფიის შესაბამისი
მუსიკალური ფონი ერთვის. მცირე ქორეოგრაფიული ნოველები
მთლიანობაში ერთიან, უწყვეტ ნახაზს ქმნის და მძაფრი ექსპრესიულ
გამომსახველობით ხაზს უსვამს მონაწილეთა ინდივიდუალურ
მახასიათებლებს, პიროვნულ ტრაგიზმს.
წარმოდგენა დასრულდა, დაფიქრებული მაყურებელი ტოვებს
დარბაზს. მიზანი მიღწეულია. რეჟისორი ბოლომდე შეძვრა
თითოეული მათგანის ტვინის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა
ნახევარსფეროში და მოსვენება დაუკარგა. ამ ფორმატში არ
ვსაუბრობ სამსახიობო ანსამბლზე, მათ ოსტატობაზე… ამისათვის
დრო, სპექტაკლის კიდევ ერთხელ ნახვა და განსხვავებულ
ფორმატის გადმოცემა მჭირდება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენ
ერთი თაობის სტუდენტები ვიყავით, მინახავს თითოეული მათგანი
სხვადასხვა ამპლუაში… და თუკი მაშინ ახალბედა ნიჭმოძალებული
გოგო-ბიჭები უმისამართოდ აფრქვევდნენ თავიანთ პოტენციალს,
დღეს ისინი გაცილებით დახვეწილები, აკადემიურად მოზომილები და
ბოლომდე ,,ქანცგაწყვეტილები“ ვიხილე. აქ ვასრულებ პირველადი
შთაბეჭდილების გაზიარებას – რომელსაც პირობითად შეიძლება
ვიწოდო _ ესკიზი რეცენზიისათვის…

 

ლაშა ჩხარტიშვილი
როგორ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული,
თავისუფალი თეატრი ერთადერთი კერძო, დამოუკიდებელი თეატრია
საქართველოში, რომელსაც აქტიური ფუნქციონირება დაარსების
დღიდან დღემდე არცერთი წუთით არ შეუწყვეტია. თავისუფალი
თეატრი სარეპერტუარო სპექტაკლებში დასმულ პრობლემათა
სიმწვავის, პირდაპირობის, სიმართლის შეულამაზებლად
ასახვისა და გადაცემის, არცთუ მომგებიანი ცხოვრების წესის
მიუხედავად, უძლებს დროს, მთავრობებს, ეკონომიკურ კრიზისს და
აქტიურად განაგრძობს ცხოვრებას ქართული საზოგადოებისთვის,
მაყურებლისთვის, რომელიც მას არასდროს აკლდა.
მეთექვსმეტე სათეატრო სეზონი თავისუფალმა თეატრმა ავთო
ვარსიმაშვილის სპექტაკლით `ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ
ცხენებს~ გახსნა. მაკკოი ხორასის ამავე სახელწოდების რომანის
მიხედვით შექმნილი სპექტაკლის ინსცენირების ავტორი თავად
რეჟისორია, თუმცა ავთო ვარსიმაშვილი ამ შემთხვევაში არა
მხოლოდ ინსცენირების, არამედ გადმოქართულების ავტორადაც
მოგვევლინა. ამ მხრივ, მას საკმაო გამოცდილება დაუგროვდა
და ამ მიმართულებით მის შემოქმედებით ანგარიშზე რამდენიმე
წარმატებული სპექტაკლია (გახსოვთ ალბათ მისივე `კომედიანტები~,
რომელიც ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში ჯონ ოსბორნის
ამავე სახელწოდების ნაწარმოების გადმოქართულების საუკეთესო
მაგალითია). უნდა ითქვას, რომ ავთანდილ ვარსიმაშვილმა
გადმოქართულებისას მხოლოდ მოქმედი გმირების სახელები
და მოქმედების ადგილი კი არ შეცვალა (როგორც ამას ბოლო
პერიოდში მთარგმნელები, მათ შორის, სახელგანთქმულები,აკეთებენ),
არამედ შექმნა ახალი ქართული გარემო და რეალობა, რომელიც
ორგანულად შეერწყა ჩვენს თანამედროვეობას გმირთა ხასიათებითა
და სიტუაციებით. ზედმეტ ფიქრსა და აზროვნებასგადაჩვეული ფართო
საზოგადოებრიობას რეჟისორმა ამ გზით გაუადვილა სპექტაკლში
დასმული პრობლემების აღქმის ამოცანა. ლოკალურ ჭრილში
დასმული აქტუალური საკითხისთვის კი დაუტოვა ანალიზისა და
დაფიქრების საშუალება, რათა მარტივად გავარკვიოთ _ სად ვართ,
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს რანი ვართ და როგორ შეიძლება დავაღწიოთ თავი იმ უფსკრულს, რომელშიც დიდი ხანია გადავიჩეხეთ და დღემდე ვერ ვაღწევთ
თავს. ავთო ვარსიმაშვილმა ტექსტი მოქნილი, სიტყვა ქმედითი და
ეპიზოდები კი თეატრალური გახადა. პერსონაჟთა სამეტყველო ენა
თანამედროვეა. რეჟისორი არ გაურბის სლენგს, ჟარგონს, ენაში
დამკვიდრებულ ფორმებს, შესაბამისად _ რეალობას (თეატრიც ხომ
ჩვენი ცხოვრების სარკე უნდა იყოს). ამ გზით კი, სპექტაკლის
ავტორი კიდევ უფრო აახლოებს მაყურებელს პერსონაჟებთან და
ზრდის სპექტაკლის მსვლელობაში მაყურებლის ჩართულობის
ხარისხს.
მხოლოდ დროს და სიტუაციას მორგებული ტექსტის
წარმატებული ადაპტაცია არ არის ავთო ვარსიმაშვილის
სპექტაკლის ხიბლი. ის კარგად იცნობს მაყურებელს და ფლობს
მისი მონუსხვის ხერხებსაც, რაც მიზანსცენათა თანმიმდევრულ
(განვითარებად) წყობაში, სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებასა
(ემოციის გასაძლიერებლად) და პრობლემის ზუსტად მიგნებულ
და რაც მთავარია, ზომიერად გაჟღერებაში გამოიხატება. რეჟისორი
ამჯერადაც არ ინდობს, არ ერიდება არავის და არაფერს, არც
შეფარვით გზებს ეძებს სიმართლის სათქმელად, რეალური სურათის
დასახატად. აქ ყველაფერი ხელისგულზეა გათამაშებული, რადგან
მეტაფორების თეატრი წარსულს ჩაბარდა და დროც ამ მეტაფორათა
ამოსახსნელად აღარც მაყურებელს აქვს. ამ ფორმით რეჟისორი
ცდილობს პირდაპირ იქონიოს ზეგავლენა მაყურებელზე, რასაც
აღწევს კიდეც.
ავთო ვარსიმაშვილი სატელევიზიო რეალური შოუს მონაწილე
ოთხი წყვილის მაგალითზე გვიჩვენებს ჩვენს საზოგადოებას,
სოციუმს თავისი პრობლემებით, რეალობით, ცხოვრების წესით,
ხასიათით, დადებითი და უარყოფითი თვისებებით. რეჟისორი
მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ ამ
ერთი ძირითადი და უაღრესად მტკივნეული პრობლემის კვლადაკვალ
იკვეთება უამრავი ხაზი, რომელიც თვალნათლივ გვაჩვენებს იმ
მიზეზებს რეალობისა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. `ხომ ხოცავენ
ქანცგაწყვეტილ სცენებს~ მძაფრი სოციალური თემატიკისა და
აქტუალურ პრობლემათა ერთობლიობის სპექტაკლია, რომელიც უნდა
ნახოს არა მხოლოდ ფართო მაყურებელმა, არამედ ხელისუფლების,
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა,
თავისუფალი თეატრი რომლებიც საკუთარ პროტოტიპებს იოლად აღმოაჩენენ
თავისუფალი თეატრის სცენაზე გათამაშებულ ერთ კონკრეტულ
ამბავში. სპექტაკლში არეკლილია ჩვენი ცხოვრების ეპიზოდები,
ბოლო წლებში ქვეყანაში მომხდარი და მიმდინარე მოვლენები –
გზას აცდენილი ახალგაზრდები, ტოტალური უმუშევრობის და
მიგრაციის პრობლემა, ომებით გამოწვეული მოუშუშებელი ტრაგედია
და ტკივილები, საზოგადოების საშუალო ფენის შიმშილი…
ვარსიმაშვილის სპექტაკლი, ისე როგორც სპექტაკლში მიმდინარე
სატელევიზიო რეალური შოუ, ჩვენი დღევანდელობის სარკეა, სცენაზე
მხატვრულად სარკისებურად აისახება ჩვენი ყოფა (სცენოგრაფები შოთა
ბაგალიშვილი, თეო კუხიანიძე). სცენაზე გათამაშებულ ისტორიებს
დიდი მანძილი არ აშორებს მაყურებლისგან, ამიტომაც მოვლენებს
მთელი სიმძაფრით, რეალობის შეგრძნებით აღიქვამს მაყურებელი,
რომელიც ისევე განიცდის სცენაზე მომხდარს, როგორც თავად
გმირები. სცენოგრაფებმა შექმნეს ზუსტი და მეტაფორული სამყარო
_ საჯინიბო, თავისი მოდერნიზებული ატრიბუტიკით. მსახიობთა
კოსტიუმებშიც შეიტანეს დეტალები, რომლითაც სპექტაკლის გმირები
ცხენოსნობის მარათონში მონაწილეებს მიუახლოვეს. შთამბეჭდავია
დერბის სცენა, როცა რეალური შოუს გმირები ცხენებივით ერთვებიან
მარათონში. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება რეალური სურათი,
რომელიც არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ეპიზოდს თეატრის
ენით გადმოსცემს, არამედ ზოგადად, ადამიანთა ცხოვრებისეულ
მარათონს. გარეგნულად მოქმედება ცხენსაშენის ინტერიერში,
თავლაში წარმოებს, სინამდვილეში კი ეს რეალური ტელეშოუა,
რომელშიც განსხვავებული ინტერესების ადამიანები ნებაყოფლობით
მონაწილეობენ. სცენოგრაფებმა ორიგინალურად გაიაზრეს სივრცე,
ცხენებივით, შოუს მონაწილეები, მათი განსხვავებული ხასიათებისა
და ინტერესების მიუხედავად, ერთნაირ სტანდარტულ სიბრტყეზე
მოათავსეს. სივრცე, სადაც მოქმედება ხდება, რომელიც არაერთი
სცენური მხატვრული მეტაფორის შემცველია, სარკისებურად
ირეკლავს პერსონაჟებს, მაყურებელს, მოქმედებებს, სცენურ
რეალობასა და შინაგან განცდებსაც კი, რომელიც გაორმაგებული
სიმძაფრით მოქმედებს მაყურებელზე.
რეალურ შოუში მონაწილეებს ერთი ინტერესი აქვთ, მოიგონ 100
000 ლარი, მაგრამ მათ განსხვავებული ხასიათები, ცხოვრების წესი
და განვლილი გზა აქვთ. მათი შესაძლებლობებიც და წარსულიც
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს განსხვავებულია, თუმცა ისინი საერთო ენას მაინც პოულობენ.
ამ რეალურ შოუში, ისე როგორც ცხოვრებაში, უყვარდებათ
და ერთმანეთს შორდებიან, ებრძვიან და ერთმანეთის გვერდით
დგანან, აკეთებენ აღმოჩენებს და უმკლავდებიან მოულოდნელ,
არცთუ სასიამოვნო სიურპრიზებს. ისინი სავსე არიან ანგარებით,
ფარისევლობით, ერთგულებით, ერთმანეთის პატივისცემით. მათ
ორმაგი სახე აქვთ, ერთი რეალური და მეორე პარალელური _
მხოლოდ კამერებისთვის განკუთვნილი (იძულებით ღიმილიანი). მათ
აქვთ მიზნები და ოცნებები, რომლისკენაც ისწრაფვიან. მიზნების
მისაღწევად და ოცნებების ასახდენად კი მათ რთული, სამკვდროსასიცოცხლო
გზის გავლა უწევთ, ზოგიერთი მათგანი ვერც უძლებს
და მარათონს ეთიშება. მხოლოდ ერთი წყვილი (ნინი _ ქეთა
ლორთქიფანიძე და ოთო _ გიორგი ჯიქია) აღწევს საწადელს და
იმარჯვებს. სპექტაკლში მონაწილე მსახიობები: გიორგი ზანგური,
მარიამ ნადირაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, ანა ალადაშვილი, ლაშა
გურგენიძე, მამუკა მუმლაძე, სალომე ჭულუხაძე და გიორგი ჯიქია
შოუს მონაწილეებს განასახიერებენ. ამავდროულად ისინი ქმნიან
ზოგად მხატვრულ სახეებს, საზოგადოების ტიპებს, რომლებსაც
ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. ეპიზოდურ, მაგრამ
დასამახსოვრებელ მხატვრულ სახეს ქმნის თინათინ კორძაძე
(ფატი), რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების კრებითი სახეა
სპექტაკლში. თინათინ კორძაძის გმირი, მოულოდნელად პარტერიდან
ავარდება სცენაზე და აპროტესტებს რეალურ შოუს. მსახიობი
ქმნის დაპროგრამებული, გონებრივად ოდნავ დაქვეითებული გმირის
ტიპაჟს, რომელსაც აბსურდული მიზეზების გამო მიაჩნია, რომ
შოუ უნდა დაიხუროს. მისი არგუმენტები რეალობას აცდენილია და
მარცხისთვის განწირული. მით უმეტეს, როცა მომდევნო ეპიზოდებში
ირკევა მისი გაუჩინარების მიზეზი: გაჩუმების სანაცვლოდ, მან
რეალური შოუს მესვეურებიდან გარკვეული თანხა მიიღო პროტესტის
შესაწყვეტად.
სპექტაკლში განსხვავებულ და მოულოდნელ ამბლუაში _ შოუს
წამყვანის როლში მოგვევლინა მსახიობი ჯაბა კილაძე, რომლის საუბრის
მანერა და ინტონაცია გარკვეულ მომენტებში დავით აქუბარდიას
გვაგონებს. მსახიობი ახერხებს შექმნას საზოგადოებრივი მონსტრის
_ ტელევიზიის კრებითი სახე, რომელიც მხოლოდ რეიტინგზე
ფიქრობს და არ ადარდებს ადამიანების ფსიქოლოგიური, სულიერი,
თავისუფალი თეატრი ფიზიკური მდგომარეობა. რომელსაც დაკარგული აქვს თანაგანცდის
გრძნობა და ქცეულია რობოტად, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი
აქვს _ შექმნას რეიტინგული შოუ. ჯაბა კილაძის გმირი არ არის
ცალსახა და ერთფეროვანი. მის ხასიათში წარსულიდან სულ სხვა
ცხოვრებისეული გამოცდილება ვლინდება, რომელიც აღსარებასავით
წამოსცდება მას, თუმცა ეს მას სრულებითაც არ ამართლებს. მის
გმირს სახელმწიფოებრივი აზროვნება, მოქალაქეობრივი შეგნება და
მოტივაცია არ აქვს. შესაბამისად, მაყურებელს გამოაქვს დასკვნა,
რასაც რეზიუმეს სახით ამბობენ კიდეც სპექტაკლში, რომ `ჩვენი
ტელევიზიები არის ყველაზე დიდი მარაზმი, რომელთაც უხარიათ
საშინელებათა ტირაჟირება~. ჯაბა კილაძე წარმატებულად ქმნის
ქართული ტელევიზიის ზოგად სახეს, ხშირად ცვლის ნაცნობ
ინტონაციას, თუმცა ტოვებს მთავარს _დაუოკებელ წყურვილს
დიდი რეიტინგის დასაწერად, ამიტომაც მის გმირს სინდისზე ხელი
აღებული აქვს და ბევრი გრძნობაც შეგნებულად გამორთული აქვს.
მოქმედების პარალელურად, პირდაპირი ეთერის პრინციპით
სცენის ზემოთ სახელდახელო ეკრანზე გადის კადრები პროექციის
საშუალებით, რომელიც დეტალებზე მუშაობს და მიმიკის
გაძლიერების ეფექტით ჩვენ ვხედავთ გმირთა შინაგან განცდებს,
თუმცა მსახიობები იმდენად ძლიერად გამოხატავენ გმირთა განცდებს,
რომ ეკრანზე მათი პორტრეტების ჩვენება ემოციის გაძლიერების
მიზნით ზედმეტიც კი არის.
სპექტაკლის ქორეოგრაფიული გადაწყვეტა მარიამ ალექსიძეს
ეკუთვნის. საცეკვაო შოუში მონაწილეები ბევრს `ცეკვავენ~.
სპექტაკლში ქორეოგრაფია ესკიზების სახით გვხვდება, აქ ვერ
შეხვდებით დასრულებულ საცეკვაო ნომერს, ერთი და იგივე
ქორეოგრაფიული ნახაზი რეფრენივით გასდევს რამდენიმე სცენას,
მონოტონური მოძრაობები იდეურად ჩვენს ინერტულ ცხოვრების
წესსა და შინაარსზეც მიუთითებს. შოუს მონაწილეების პროტესტი
პლასტიკაშიც ვლინდება, მაგრამ მას ლოკალური ამბოხების მასშტაბი
აქვს. მსახიობთაგან დახვეწილი პლასტიკით ლაშა გურგენიძე, მარიამ
ნადირაძე და ქეთა ლორთქიფანიძე გამოირჩევიან.
ვარსიმაშვილის სპექტაკლში სატელევიზო რეალური შოუ პატარა
მოდელია იმის, რაც ჩვენს გარშემო ხდება, რომ ცხოვრებაც ისეთივე
მარათონია, როგორც თავად შოუ და ჩვენ ამ შოუს მონაწილეები
ვართ.
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლი ჩვენზეა, რიგით მოქალაქეებზე, ხელმოცარულ და გზასაცდენილ ახალგაზრდებზე, ნიჭიერ მომავლ
თაობაზე, რომელსაც სურს იცხოვროს ნორმალურ და სტაბილურ
ქვეყანაში, იმ თაობაზე, რომელიც ომობდა, იმ ძლიერ ქალებზე,
რომლებიც კაცებს ზურგით მიათრევდნენ, იმ ცხენად გადაქცეულ
ადამიანებზე, რომელთაც ქანცგაწყვეტილობის ჟამს ხოცავენ,
იმთავლაზე, რომელშიც ცხენებივით ვცხოვრობთ და გადმოგდებულ
ლუკმა პურს ველოდებით, იმ წინააღმდეგობებზე, რომლებიც
ცხოვრებაში გვხდება და იმაზეც, როგორ მარცხდებიან და
იმარჯვებენ მიზანდასახული ადამიანები. ეს სპექტაკლი ძლიერი და
სუსტი ნებისყოფის ადამიანებზეა, ყველაზე, ვინც ჩვენს დროში
ცხოვრობს და არსებობს. ეს მძაფრი და ტკივილებით დამძიმებული
სპექტაკლი იმ მარათონზეა, რომელშიც რამდენიმე ათეული წელია
ვმონაწილეობთ და ფინალამდე ჯერ ბევრი გვიკლია. სპექტაკლიდან
კარგად ჩანს, რომ რეჟისორი ჯეროვნად იცნობს ეპოქას და
გარემოს, რომელშიც ცხოვრობს და მოღვაწეობს, აქ ადამიანები
დანევროზებულები არიან, რომლებიც ჩაკეტილ სივრცეში თავისივე
ნებით ცხოვრობენ და ისტერიულად იბრძვიან გამარჯვებისთვის. ეს
ავთო ვარსიმაშვილის თეატრია, რომელიც თავისი სპექტაკლებით
ყველა დროში ახერხებს იყოს უკომპრომისო, ობიექტური, მწვავე,
კრიტიკული, კონიუნქტურის გარეშე და ყოველთვის ობიექტური
სიმართლის მხარეს.

ლელა ოჩიაური
სასიკვდილო მარათონი
ბოლო წლებში ქართულ თეატრში მომრავლდნა სპექტაკლები,
რომლებსაც საფუძვლად ცნობილი ფილმების სცენარები უდევთ ან
ეხმიანებიან მათ და რომლებშიც რეჟისორები სცენარებს თეატრალურ
ფორმასა და სახეს აძლევენ და ახალ ვერსიებად გარდაქმნიან.
ესენია – მანანა ბერიკაშვილის „ჩვენ გველის დიდება“, ალან
პარკერის „დიდებას“ მიხედვით, მოზარდ მაყურებელთა თეატრში;
გიორგი სიხარულიძის „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არინ“, ბილი
უაილდერის ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით, ქუთაისის
დრამატულ თეატრში; გაგა გოშაძის „ბოლო გაჩერება“ ნიკოლას
თავისუფალი თეატრი ბრაერის სცენარზე და ზაზა სიხარულიძის „ღამის პორტიე“ ლილიანა
კავანის ფილმის საფუძველზე, ბათუმის დრამატულ თეატრში. ცოტა
ხნის წინ თავისუფალ თეატრში“ ნიკოლოზ ჩიკვაიძეს ეტორე
სკოლას ფილმის „საზიზღრები! ბინძურები! ბოროტები!“ მიხედვით
დადგმული სპექტაკლის პრემიერა ჰქონდა.
არის ასევე მუსიკალური სპექტაკლები ან მიუზიკლები, ფილმებად
ადაპტირებული ბროდვეის დადგმების მიხედვით და უკვე ფილმებისა
თუ სპექტაკლების ბაზაზე, კვლავ სპექტაკლებად ქცეული – დავით
საყვარელიძის „ოლივერი“ კაროლ რიდის მიუზიკლზე, რუსთაველის
თეატრში; დავით დოიაშვილის „მუსიკის ჰანგები“ რობერტ უაისის
ფილმის მიხედვით და მათთან ერთად, მისივე „ვერის უბნის
მელოდიები“ გიორგი შენგელაიას ამავე სახელწოდების კინოსურათის
კვალდაკვალ, მუსიკისა და დრამის თეატრში.
მათ შორისაა, ოღონდ ერთი მახასიათებლით გამოირჩევა ავთანდილ
ვარსიმაშვილის დადგმები თავისუფალ თეატრში _ „მექანიკური
ფორთოხალი“ (სტენლი კუბრიკის ამავე სახელწოდების ფილმის
სცენარზე); „ძმები“ ლუკინო ვისკონტის „როკო და მისი ძმების“
მიხედვით. რეჟისორმა ახლახან გამოუშვა მაკოი ჰორასის რომანისა
და სიდნი პოლაკის ფილმის მიხედვით შექმნილი „ხომ ხოცავენ
ქანცგაწყვეტილ ცხენებს“. სამივე შემთხვევაში მოქმედების ადგილი
და დრო მთლიანად თანამედროვე საქართველოს განზომილებაში
გადმოიტანა და ახალ სინამდვილედ აქცია, კონტექსტის, ქვეყნის
მდგომარეობის, საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების
აქცენტირებითა და ამბის მათზე აგებით, პერსონაჟებისა და მათი
ამბების ასევე გაქართულებით, თან ისე, რომ პირველწყაროს
მთავარი მოცემულობები, სიუჟეტური სვლები და სტრუქტურა არ
დაარღვია.
„ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენების“ პიესის ავტორი თავად
ავთო ვარსიმაშვილია. მხატვარია შოთა ბაგალიშვილი; კოსტიუმების
მხატვარი _ თეო კუხიანიძე; ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, მუსიკა
Koka&T.Blues Mob – კოკა ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით.
დაფინანსებულია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების
ცენტრის მიერ.
მონაწილეობენ: ჯაბა კილაძე, სალომე ჭულუხაძე, მამუკა
მუმლაძე, ანი ალადაშვილი, ლაშა გურგენიძე, ოთო ლორთქიფანიძე,
მარიამ ნადირაძე, გიორგი ზანგური, ქეთა ლორთქიფანიძე, გიორგი ჯიქია, თიკო კორძაძე, მაია დობორჯგინიძე.
დაბალი, მოძრავი კარებებით და ხის კედლებით სეგემენტებად
დაყოფილი დეკორაცია ცხენების თავლას წარმოადგენს, ბაგებით,
რომლებშიც ცხენებს აბამენ. ამ შემთხვევაში, ქანცგაწყვეტილ
ცხენებს, რომლებიც ცხოვრებამ ძალიან დაღალა.
სცენაზე რიგ-რიგობით შემოდიან პერსონაჟები _ საცეკვაო
მარათონის მონაწილეები და თავ-თავიანთ ადგილს იკავებენ. საცეკვაო
მარათონი ტელეშოუა, რომლის მონაწილეებიც ახალგაზრდები არიან,
წყვილები ან როგორც პარტნიორები ცეკვაში _ დაწყვილებულები.
განსხვავებულები. მკვეთრად გამოკვეთილი თვისებებით, ხასიათებით,
ქცევითა და შესაძლებლობებით. ყველას სხვადასხვა და მძიმე
ბიოგრაფია აქვს, განსხვავებული და მაინც საერთო. ოცნებაც და
მიზანიც ერთი აქვთ _ მოიგონ ფული, რომელსაც გამარჯვების შედეგად
მიიღებენ და სხვადასხვა ეკონომიკური, ყოფითი თუ მორალური
პრობლემის დასაძლევად გამოიყენებენ. ან იქნებ, თავისუფლების
მისაღწევად. აწმყოდან გასაქცევად. წარსულის დასავიწყებლად.
მომავლისთვის. მაგრამ გამარჯვებული ყველა ვერ იქნება. და არც
მომავალი აქვს ყველას. არც რეალობიდან გამოსავალი.
ჩაკეტილი სივრცე, ექსტრემალური, სტრესული სიტუაცია,
დაძაბული რეჟიმი, დამუხტული გარემო თითქოს უკვე წინასწარაა
„დაგეგმილი“. მოცემულობა თითოეულისთვის საკუთარ თავში
და ერთმანეთთან ურთიერთობებში ახალი და მოულოდნელი,
შეიძლება განგებ შეუმჩნეველი ან გამოუმჟღავნებელი თვისებების
აღმოჩენის პირობას ქმნის. და გათამაშებული დრამის განვითარების
დრამატურგიულ და აზრობრივ საფუძველს იძლევა.
მოქმედება უკიდურესად დაძაბულ ტემპო-რიტმში და ემოციურად
დაჭიმულად მიმდინარეობს. მკვეთრად გამოკვეთილი სახეები
და კონფლიქტები, პერსონაჟების მოთხრობილი ისტორიები და
მოვლენების მონაცვლეობა (რომლებიც ნელ-ნელა მჟღავნდებიან და
მთლიანდებიან), საცეკვაო ნომრები, ქორეოგრაფიულ-პლასტიკური
ეტიუდები, ტელეწამყვანის ხელში მართულ და ნებადაკარგულ
არსებებად ქცეული ადამიანები ექსპრესიულად, ტრაგიკულად
მუხტავენ მოქმედებას და სამყაროს _ ცხოვრების მიკრომოდელად
აღიქმებიან.
სპექტაკლი მთლიანად და მასში მარათონის სივრცეში
გამომწყვდეული ისტორიები ბევრი ადამიანის რეალური ისტორიებია
საქართველოში, რომლებსაც, მართალია, განზოგადებულებს, მაგრამ
საფუძველშივე ამოვიცნობთ. პერსონაჟებიც _ ტიპაჟები და მათი
თვისებებიც ნაცნობია. თანამედროვე რეალობასაც ბევრი ნიშნით
აღვიქვამთ, რომელშიც ჩვენი საზოგადოების ნაწილი იმყოფება.
ნაწილი კი _ შორიდან და გულგრილად უყურებს.
განწირული ადამიანები სიცოცხლისთვის იბრძვიან. ყველაფერი
ყველას დასანახადაა. დაფარული აღარაფერი რჩება და ნელ-ნელა
ქრება იმედიც. ცეკვა ბედისწერის როკვად გადაიქცევა. საცეკვაო
მარათონი _ თავიდანვე დამარცხებულების სასიკვდილო მარათონად.
ვიღაცებს ალბათ გაუმართლებს. ზოგი მარათონს სამუდამოდ
გამოეთიშება. ცხოვრება კი ახალ წრეზე იწყებს ბრუნვას.