პრესა: “მექანიკური ფორთოხალი”

სახიფათო ექსპერიმენტი სახელად – „მექანიკური ფორთოხალი“

გიორგი ყაჯრიშვილი

დრამატულ  ნაწარმოებში,  როგორც  წესი, ინტრიგა, თუ  ის  საერთოდ არსებობს,  ხელს  უწყობს დრამატული ქმედების განვითარებას. მსოფლიოს  დრამატურგიაში ერთადერთი  პიესა, სადაც  ინტრიგა მის  პირველსავე  ფრაზაშია  ჩადებული  არის  ნ. გოგოლის „რევიზორი“– „ჩვენთან ჩამოდის  რევიზორი“.   ამ კლასიკური  მაგალითის  საპირისპიროდ  რეჟისორმა  ავთო  ვარსიმაშვილმა  „თავისუფალი თეატრის“  ახალ სპექტაკლში  „მექანიკური  ფორთოხალი“, რაოდენ პარადოქსულად არ  უნდა  მოგეჩვენოთ,  საკუთარი ინსცენირებით,  მთავარი  ინტრიგა დასასრულში  გადაიტანა და ის იწყება  მაშინ,  როდესაც  სპექტაკლი მთავრდება –  ინტრიგა რომელშიც  დღეს  ვცხოვრობთ.   „მე მაქვს  განცდა,  რომ გასული  საუკუნის 90–იან წლებში ჩვენს ქალაქში ვიღაცეებმა სრულიად შეგნებულად და გეგმაზომიერად, სახიფათო ექსპერიმენტი ჩაატარეს და გამოიყვანეს ადამიანის სრულიად ახალი ტიპი, ამის  გამო ძალიან ბევრი რამ, რაც დღეს, 2012 წელს,  არ  მოგვწონს ჩვენს  ქვეყანაში, სწორედ იმ გამოყვანილი ადამიანების გამო  ხდება“ – მოგვმართავს  რეჟისორი  და გვთავაზობს ჩავერთოთ იმ დრამატულ  ქმედებაში,  რომელიც ჩვენს  წინ გათამაშდება და მისი კოლიზია ჩვენს დღეებში  მიმდინარეობს.         სპექტაკლის „მექანიკური ფორთოხალი“ პირველწყარო ენტონი ბერჯისის რომანი  „მექანიკური  ფორთოხალი“, დაწერილი 1962 წელს, პოპულარული  გახდა სტენლი კუბრიკის ამავე  სახელწოდების მხატვრული ფილმის გამოსვლის შემდეგ, 1972 წელს. ეს უკანასკნელი  საკულტო  ფილმად, ხოლო ალექსის, მთავარი  როლის,  შემსრულებელი მსახიობი – მალკოლმ  მაკდოუელი  („ო,  იღბლიანო“,  „კალიგულა“,  „მებაღე“), ინგლისის ერთ–ერთ საყვარელ კინომსახიობად იქცა. რეჟისორ  ავთო  ვარსიმაშვილის  ვერსია არსობრივად განსხვავდება რომანისგან და ფილმისგანაც, თუმცა სიუჟეტურად  მას  მიჰყვება.   მოლოდინის, გადარჩენის, შიშის სინდრომით შეპყრობილი 90–იანი წლების  საქართველო,  შესანიშნავად მოერგო  ამ ნაწარმოებს. ხოლო აქ გამოხატული  სისასტიკე,  ადამიანის სიძულვილი და ტერორი „ზედგამოჭრილი“  აღმოჩნდა ერთი პატარა დანაშაულებრივი  „კლანისათვის“, რომელიც სარგებლობდა შექმნილი ქაოსით  და ძარცვავდა, აყაჩაღებდა, ხოცავდა საქართველოს მოსახლეობას თბილისში  და რეგიონებშიც. ამ თავაშვებულმა ჯგუფებმა გამდიდრების  მიზნით შექმნეს ე.წ. „წილების“  ინსტიტუტი, გაძარცვეს საზოგადოების ის ნაწილი,  რომელსაც რაღაც  სიმდიდრე კიდევ  ჰქონდათ შემორჩენილი. ისინი  „მექანიკურ ფორთოხალში“ აღწერილ ძალადობის მეთოდებს  ისე იმეორებდნენ, გეგონებოდათ ეს რომანი წაეკითხათ ან ფილმი  ჰქონოდათ  ნანახი.  ვარსიმაშვილის სცენიური ვარიანტის მკვეთრი  განსხვავება იმაში მდგომარეობს,  რომ  ექსპერიმენტისას, ჩატარებული  ოპერაციის  შემდეგ, კუბრიკის ალექსის – „მექანიკურ  ფორთოხალს“  სულ მალე მოუწევს თავის „წინა ცხოვრებაში“ ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისგება, როდესაც  მისი ყოფილი  მსხვერპლები, ვინც  მის  ძალადობას გადაურჩა, ზუსტად  ისევე მოექცევიან, როგორც ადრე  თვითონ  ექცეოდა მათ. „თავისუფალი  თეატრის“  სპექტაკლის  ალექსი – „მექანიკური ფორთოხალი“ და მისი ძმაკაცები კი თბილისის ქუჩებში  არიან  გამოშვებულნი,  ახლაც ჩვენს  გვერდით დადიან,  ისე,  რომ მათ ჯერ შურისგება არ სწვევიათ. რეჟისორმა ენტონი ბერჯისის მოგონილ ისტორიას რეალური,  ნამდვილი, ჩვენი ცხოვრების უახლესი ისტორიის ამბავი დაუდო საფუძვლად.   90–იანი  წლების  თბილისი, პარიზული  პიგალის, ნიუ–იორკის თაიმ  სქვერის და ვესთ საიდის, ჰამბურგის  რეპერ  ბანის  ქართულ ანალოგზე –  პეროვსკაის  ქუჩაზე (მომიტევონ  ამ  ქუჩის  მაცხოვრებლებმა, გასაგებია  ისინი არ  მყავს მხედველობაში)  „სისხლსავსე  ცხოვრება“ ღამის  საათებში იწყებოდა. აქ ყველაფრის  ყიდვა  შეგეძლო, სიგარეტიდან  და  სასმელიდან დაწყებული ღამის კომპანიონით დასრულებული.  ჩემი  მეგობარი  ამ  ქუჩაზე ცხოვრობდა. შეგვიანებულს,  უტრანსპორტობით  და უფულობით „შინმიუსვლელს“  ხშირად გამიტარებია  ღამე  მასთან და არაერთი „ქუჩური გარჩევის“  უნებური  მოწმე  ვყოფილვარ. პირველი  კერძო  ბარიც აქ  გაიხსნა. „დიმას  ბარს” ვეძახდით.  დიმა ჩვენსავით  უფულო  იყო –  ბარს  როგორ  გახნიდა,  უბრალოდ,  მისი  ერთსართულიანი  ბინის  რამოდენიმე  ოთახი  იქირავა მავანმა  და მავანმა  და  „გინესის“  ბარი  გახსნა.  ეს ბარი დღესაც  იქვეა, სახელი  შეეცვალა მხოლოდ,  მე მგონი,  ახლა, „ჰაინეკენი“  უნდა ერქვას. ის  ქალიც ისევ  იქ  ცხოვრობს, რომლის სახლთან  სულ  აურზაური  იყო.  ერთადერთი, რომელიც მთელი  ღამე ვაჭრობდა  ყველაფრით, ქალებითაც  კი. დილაობით, ასფალტზე, უხვად  იპოვიდით გილზებს, ბოთლების ნამსხვრევებს, ქაღალდების ნაგლეჯებს, დაფლეთილ საფულეებსაც, რომელთა ყოფილი პატრონები  ან  საავადმყოფოში  იყვნენ, ან უკვე  რესპუბლიკურ  მორგში. ქალაქში დღისით და განსაკუთრებით ღამღამობით ტერორი  სუფევდა.   „თავისუფალი თეატრის“  სპექტაკლი „მექანიკური ფორთოხალი“ –  იმ წლების  პეროვსკაიაზე  ხდება. სცენაზე მოჩანს ამ ქუჩის ვიტრინები (საიდანაც ახლა ძვირფასიანი მაღაზიების ძვირფასად  ჩაცმული  მანეკენები იყურებიან), რომელზედაც სერგო  ქობულაძის „ვეფხისტყაოსნის“  გაცვეთილ–შელახული ილუსტრაციებია გაკრული: „ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა“, „წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა“, „ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე“, „ტარიელს  ლომი  მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი  სცხებოდა“  (მხატვარი  მირიან შველიძე).  ილუსტრაციები,  რომელიც ძლიერ, თამარის  ეპოქის საქართველოს მოგვაგონებს,  მაგრამ მათ  „ყავლი”  გასვლიათ, ისევე როგორც ისეთ სიწმინდეებსა და ფასეულობებს  როგორიცაა:  გმირობა, მეგობრობა, თავდადება, სიყვარული. ომგადახდილი და დამარცხებული  ახალგაზრდა   თაობის უმეტესი  ნაწილი, სახელმწიფოს მიერ გაწირული და ღალატის მსხვერპლი,  ომისშემდგომი  სინდრომით  შეპყრობილა, მათ  თავაშვებულობას  საზღვარი არა აქვს,  „მხედრიონს“ ამოფარებულები ქალაქებში  დათარეშობენ  და შიშის  ზარს  სცემენ ისედაც  დათრგუნულ და შეშინებულ საზოგადოებას.   სცენის  თავზე  განთავსებულ ოთხ ტელეეკრანზე იმდროინდელი ქრონიკის  კადრები  მოჩანს: სოხუმის  დაცემა, მომიტინგეები, ბუნკერის სცენები, პირველი  პრეზიდენტის  გამოსვლა, თენგიზ  სიგუას  ინტერვიუ, გვარდიელები,  სროლები, სროლები,  ომი  რუსთაველზე, გადამწვარ–გაპარტახებული  უზენაესი  საბჭოს შენობა,  სამხედრო  საბჭოს სხდომა  და ედუარდ შევარდნაძე. ეს  კადრები იმდროინდელ საქარველოში გვაბრუნებს.   ვიტრინებზე ტანჯული ატლანტებივით  ოთხი  სხეული აკრულა.  ესენი: – ალექსი (მსახობი  აპოლონ კუბლაშვილი), ჯორჯი ბიჭი (ჯაბა კილაძე), ბნელო (სანდრო მარგალიტაშვილი) და კოსტა (ლაშა გურგენიძე)  –  ძველი,  განუყრელი მეგობრები არიან,  „მხედრიონის ქსივათი“  რომ იწონებენ  თავს ჩვენს  წინაშე  და დროის ნაყოფიერად გატარების  მიზნით  „საგმირო“  საქმეებზე მიემართებიან.  გზაზე შემთხვევით შემხვედრი  მასწავლებელი( მსახიობი სლავა ნათენაძე)  და მისი წიგნები დაცვინვის, შეურაცხყოფის,  ცემის და ბოლოს მკვლელობის  ობიექტი  ხდება. ყმაწვილები ყველა  გზებით  ცდილობენ  „თავის  გამოჩენას“.  ალექსი – „ქარიზმატული“  ბელადი, სხვებთან  შედარებით „გამოზომილი ქცევებით“, „წინა  ცხოვრებაში“ ნაკითხი,  მუსიკაზე შეყვარებული.  ჯორჯი  ბიჭი – რომელსაც  ჯგუფის  ლიდერობაზე აქვს  პრეტენზია– თამამი, იდეათა გენერატორი, ყოველი  „საქმის“  დამწყები  და  დამაგვირგვინებელია.  ბნელო – ბნელი  იდეებით  მოცული,  კარიერისტი  და პატივმოყვარე, ისიც  ჩხუბისთავი.  კოსტა – თითქოსდა მათთან შემთხვევით მოხვედრილი  და  მათ აყოლილი,  პერიოდულად  ავლენს „გულუბრყვილობას“,  ისინი  ჯერ  კიდევ  „ერთი გუნდია“.    თავდასხმის  გამო  გაბრუებული  და შეშინებული მასწავლებელი დიდხანს  იტანს მათ თავხედობას, სიტყვიერ და ფიზიკურ  დამცირებას, ძარცვას, მაგრამ წიგნების დახევის ფაქტით მოთმინებიდან გამოსული ვეღარ უძლებს  და გამოხატული  პროტესტი  საბედისწერო  აღმოჩნდება მისთვის. ამ ყმაწვილებისთვის  მიცვალებულის შეურაცყოფაც არაა უცხო, მსხვერპლის ჯიბეში აღმოჩენილი სასიყვარულო  წერილებიც დაცინვისა და  ქილიკის ობიექტი  ხდება. როგორც  ჩანს, ქალაქში  ასეთი „გასვლები“   ახალგაზრდებისთვის ახალია  არაა. მათ  ქცევაში  იკვეთება სისასტიკის უკვე  გამომუშავებული  ხერხები,  შეხმატკბილებული  ქმედება, მსხვერპლის  მიმართ  სიძულვილი.   სპექტაკლის რეჟისორი – ავთანდილ ვარსიმაშვილი  მათი  სისასტიკის ამ პირველ  სცენას, ვიტრინაზე აკრულ,  „წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა»  ფონზე გვიჩვენებს, იმის ხაზგასმით, რომ ამ ბიჭებისათვის არაფერი  წმინდა, თუნდაც ინტიმური  აღარ არსებობს.  მოხუცი მასწავლებლის  ლაბადაში,  შემთხვევით ნაპოვნი ძველი სასიყვარულო წერილები   ქილიკისა და დაცინვის ობიექტად  იქცევა.   ერთადერთ,  კოსტას  სულში  იღვიძებს სიბრალული და თანაგრძნობა  უმიზეზოდ განწირულის მიმართ, ვერაფრით  მიმხვდარა,  რით დაიმსახურა მოხუცმა სიკვდილი. მაგრამ ყველაფერი  ამით არ სრულდება, აპოთეოზი ყმაწვილკაცების მიერ განტვირთვის მიზნით ატეხილი სროლაა, რითაც თავდება მსგავს „გმირობათა“ ყოველი  ეპიზოდი.  კოსტა აქაც თავის  ამპლუაშია. ყოველი ასეთი  დასასრული  მას აშინებს, იმედს  აკარგვინებს, გათამაშებული სიკვდილი სიმართლე  გონია და მისი  განწირული  კივილი ძმაკაცების  დაცინვის საგანი  ხდება  – „ამან  კიდევ რით  ვერ  ისწავლა“ – დასძახიან მას.   ვერც  ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი  წევრი, „სამშობლოს“  ძახილით რომ იწონებს თავს,  გაუძვრებათ  ხელიდან. მისი აღსასრული იმ  ვიტრინის  წინ დადგება, სადაც „ტარიელს  ლომი  მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი  სცხებოდა“  ილუსტრაციაა გაკრული.  იმ ხურდა  ფულში  ჩაიხრჩობა,  რაც ასე გულუხვად  დააყარეს ბიჭებმა.  ტელეეკრანზე კი ამ დროს პირველი პრეზიდენტის –  ზვიად გამსახურდიას მიმართვა  ვრცელდება. დამდგმელი რეჟისორი  და მხატვარი ოსტატურად  იყენებენ  დეკორაციას.  მოძრავი ვიტრინები, გარდა იმისა, რომ გათამაშებული სცენების ასპარეზია, მეტროს ვაგონიცაა, სადაც  მკვლელობათა ახალი  რიგი ხდება, გატაცებული  მანქანაცაა, რითაც საზოგადოებას აშინებენ და მზად  არიან, გართობის  მიზნით, უპატრონო ძაღლებსა და კატებსაც  კი გადაუარონ. ამავდროულად, ისინი  გათამაშებული ამბის  აზრობრივ დატვირთვასაც იძენენ.   სპექტაკლის  მესამე და მეოთხე  ეპიზოდშიც ძმაკაცების  მორიგ  „გმირობებს“  ისევ  ჯორჯი  ბიჭი თაოსნობ. სახლში  შეჭრის  ისევ  ძველებური  ხერხი, ძალადობა, შეურაცხყოფა.  ოჯახის  უფროსის, მწერლის (ს.  ნათენაძე) ახალ  წიგნში:  „მექანიკური ფორთოხალი“, ალექსის მიერ  ამოკითხული  ფრაზა:  „ყოველგვარი  მცდელობა პიროვნებას თავს მოახვიოთ კანონები, ამით მას მექანიკურ თოჯინად  ვაქცევთ“  ხდება სპექტაკლის  და  რეჟისორ–ვარსიმაშვილის  მთავარი  სათქმელი.   ეპიზოდის ფინალი წინასწარ განსაზღრულია,  ყველა  მათგანი  სიკვდილით  თავდება და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია  თუ  როდის,  რამდენ  ხანში გაჩნდება ამა თუ იმ მსხვერპლის მოკვლის  საბაბი.  ქვეყანა ქაოსშია,  რასაც ეკრანზე მონაცვლეობით ნაჩვენები  კადრებიც ადასტურებს.  განუკითხაობა  სუფევს, „ზომბირებულ“ ყმაწვილებს ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხს არავინ სთხოვს, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი ოთხი მეგობრის „გმირობებს“ მაინც  ჰყავს დამკვირვებელი.  დამდგმელ  რეჟისორს, მეტროში გამართული, ტრაგიკული  შეტაკების  წინ, სცენაზე  შემოყავს თეთრხალათიანი, სათვალეებიანი  ექიმი ქალი,  რომელიც ჩაუვლის  მათ და ისე, თითქოს  სხვათაშორის გადახედავს ოთხეულს,  რომ  გადაამოწმოს თუ როგორ მიმდინარეობს  „ექსპერიმენტი“.    ეპიზოდიდან  ეპიზოდზე  გადასვლით ჯგუფში მწიფდება კონფლიქტი, დგება  „ავტორიტეტების“  ნგრევის, ლიდერის შეცვლის დროც. ალექსის მუსიკალურ  სალონში დარჩენა  და მეორე  დღეს პეროვსკაიას  კაფეში არგამოჩენა ყველასთვის მოულოდნელია, ხოლო ჯორჯი ბიჭისთვის  კი რაღაც ცუდის მანიშნებელი. ამიტომ შემდეგ, მარტოხელა, მდიდარ ქალბატონზე თავდასხმისას,  საერთო  გადაწყვეტილებით –  „სულ ჩვენ ,  ერთხელ  შენც“ – მოსთხოვენ  მეგობრები ალექსის და შესრულების სიმძიმეც მას ეკისრება. „დილეტანტური“  ქმედების  დრო  დამთავრდა, მათ წინ სერიოზული,  დიდი  საქმეები ელოდებათ,  პოლიტიკური ანგარიშსწორებაც  კი. მისი  სისრულეში მოყვანა   ლიდერმა უნდა ითაოს,  მაგრამ ის „ღალატის“ მხვერპლი ხდება, მეგობრებისგან მიტოვებული, მარტო  დარჩენილი, ციხეში ამოჰყოფს  თავს.   „ექსპერიმენტის“  მეორე ნაწილი – გამოსასწორებელი ოპერაცია, ტვინის  განწმენდა, ფსიქიკაზე  ძალმომრეობითი  იერიში, შესრულებული ნატურალისტური  ხერხებით,  სახეზე  ლინზააფარებული  ალექსის განწირული  ყვირილით  – „განსაკუთრებით  რაც მიყვარს,  ის უნდა შემაზიზღოთ?“  მთავრდება.  რაც მეტყველებს  რომ ექსერიმენტი  დასრულდა.  იგი მზადაა თავისუფალი საქართველოს მშენებლობაში  ჩაებას. მისი განსაკუთრებული სიყვარულის  ობიექტი  კი,  ბეთჰოვენის მე–9 სიმფონია, მიძღვნილი პრუსიის  მეფე ფრიდრიხ ვილგელმ III-სადმი, მსოფლიოს ხალხთა  მეგობრობისა და თავისუფლების სიმბოლო,  დაწერილი  ფ. შილერის „ოდა სიხარულზე“–ს მიხედვით,  ალექსისთვის ფსიქოთერაპიის კურსად გადაიქცა.  ეს უკვდავი ჰანგები ახსენებენ მას,  რომ მასზე დაკისრებული მისია ბოლომდე არაა აღსრულებული  და ისიც დღესაც  დადის  თბილისის  ქუჩებში და ასრულებს  დაკისრებულ  მოვალეობას.

http://georgiantheatre.ge/37-sakhifatho-eqsperimenti-sakhelad-meqanikuri-forthokhali.html#sthash.bvhA9vU9.dpuf

One thought on “პრესა: “მექანიკური ფორთოხალი”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *