„სტალკერი“
პიესა დაიწერა ანდრეი ტარკოვსკის ამავე სახელწოდების ფილმის შთაგონებით და მასში გამოყენებულია ფილმის სიუჟეტური ხაზი. მადლობა გენიალურ რეჟისორს, რომ მიბიძგა სრულიად ახალი პიესის შექმნისკენ.
პიესის ავტორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
პირველი მოქმედება.
პირველი სურათი: ბარი
დახლთან მხოლოდ ბარმენია.
ბარში შემოდის მწერალი, ამჩნევს ბარმენს და მიდის მასთან.
მწერალი: – (უწვდის ფურცელს) ამ მისამართზე ვარ?.
ბარმენი: – (ყურადღებით დახედავს ფურცელს, შემდეგ გამოართმევს და ანთებულ სანთელთან მიაქვს, წვავს წერილს) დიახ, სწორად მოხვედით.
მწერალი: – ჰო მესმის, უნდა დავიცვათ კონფიდენციალურობა. (ალკოჰოლურ სასმელზე) ეს შეიძლება.?
ბარმენი: – თქვენთვის როგორც ვიცი არ შეიძლება.
მწერალი: -ჰო, არ შეიძლება….. ამ სამყაროდან რომანიტიკული სული თვალსა და ხელ შუა გაუჩინარდა. ეხლა, სამყაროს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი იდიოტური კანონები მართავენ. „ეს შეიძლება, ის არ შეიძლება“. სიყვარული, ერთგულება, აღმაფრენა – დღეს უვარგისი მცნებებია. შენ თუ გიყვარს, იმას არ უყვარხარ. შენ თუ ერთგული ხარ, იმას შენ გიჟი ჰგონიხარ. თუ კაცს აღმაფრენა შეგიპყრობს და გინდა გმირობა და სასწაული ჩაიდინო, ყველას დასაცინი ხდები.
არა, მე აშკარად წინა საუკუნეებში უნდა დავბადებულიყავი, შექსპირის, სერვანტესის დროს……. ერთი ჭიქა დამისხი რა. (ბარმენი უსხამს, მწერალი ხარბად დალევს და აგრძელებს) აი მაშინ იყო თუ იყო ცხოვრება საინტერესო, ყველამ იცოდა სიყვარულის ფასი, სიყვარულისთვის დუელში კვდებოდნენ, ყველა ტაძარში ღმერთი იყო ჩასახლებული. ადამიანები ბავშვივით გულწრფელები იყვნენ, მოხუციც კი, სულით ახალგაზრდა იყო, ეხლა კი, ყოველი მეორე ახალგაზრდა- ღრმად მოხუცებულია. აღარც სიყვარული არსებობს, აღარც ერთგულება. ღმერთიც გაქრა და სადღაც გადაიკარგა. …. რაო მოგეწონა?
ბარმენი: – დიახ
მწერალი: – მე დავწერე.
ბარმენი: – და ზონა? ზონა თუ არსებობს, ესე იგი რაღაც მაინც არსებობს…
მწერალი: – ზონა? არც ზონა არსებობს. არ მჯერა მე მაგ ზონის, ზღაპრებია ეგეც. შენ რა, გჯერა?
ბარმენი: – არ ვიცი, აქედან იქ წასული ბევრი მინახავს, უკან დაბრუნებული კი არა. არ გაშინებთ, უბრალოდ, ისინი გვიან ღამით ბრუნდებიან, როცა აღარ ვმუშაობ.
მწერალი: – სტალკერები რას იძახიან? საშიშიაო იქ?
ბარმენი: – არაფერს, თანაც რას გაიგებ, რომელია მათში ნამდვილი სტალკერი და რომელი ყალბი. მას მერე, რაც ზონა წარმოიქმნა, სტალკერები ძალიან მომრავლდნენ. თქვენ რატომ მიდიხართ იქ? ექსტრემალი ხართ? თუ საშიში ადგილების მონახულება გიყვართ?
მწერალი: – მე?.. არა, ისე უბრალოდ, ვერთობი…
ბარმენი: – გაერთეთ რადგან ასე გსურთ…
მწერალი: – ან იდიოტი ვარ…
შემოდის სტალკერი.
სტალკერი: გამარჯობა. წავიდეთ!
მწერალი: (ბარმენს) აი მომაკითხეს კიდეც. ამას იცნობ?
ბარმენი: – პირველად ვხედავ.
მწერალი: – გაგაცნობ, აი ესაა სტალკერი, ადამიანი რომელიც სიცოცხლისთვის საშიში ადგილების ძიებითაა დაკავებული და რომელიც ჩემნაირ იდიოტებს მეგზურობას უწევს ასეთი ადგილებისკენ. (იღებს ბოთლს)
სტალკერი: – მე ხომ გაგაფრთხილეთ? (ართმევს ბოთლს)
მწერალი: -(ბარმენზე) ამან მომცა.
ბარმენი: – თქვენ მართლა სტალკერი ხართ ?
სტალკერი: -(არ პასუხობს ბარმენს, მწერალს) გვიცდიან, წავიდეთ.
მწერალი: – რა გაეწყობა, მშვიდობით ჩემო მეგობარო, უნდა დაგტოვოთ.
ბარმენი: – მშვიდობით, უკან დაბრუნებას გისურვებთ.
მწერალი: – უკან დაბრუნებას მისურვებთ?
სტალკერი: – (მწერალს) თქვენ მაინც დათვერით.
მწერალი: – მე? დავთვერი? არა, როგორ გეკადრებათ. მხოლოდ რამოდენიმე ჭიქა დავლიე, გინდათ, თქვენც დაგისხათ?
სტალკერი: – არა არ მინდა.
მწერალი: – გასაგებია. თქვენთვის არ შეიძლება, გეკრძალებათ. მე კი ერთ ჭიქასაც დავლევ. ის თქვენი პროფესორი მოვიდა?….
შემოდის პროფესორი
პროფესორი: – გამარჯობა. ხომ არ დავაგვიანე?
სტალკერი: – არა, 5 წუთი კიდევ გვაქვს გასვლამდე.
მწერალი: – ვგიჟდები პუნქტუალურ ხალხზე.
პროფესორი: – ესეც ჩვენთან ერთად მოდის?
სტალკერი: – ჰო. მაგრამ ნუ ღელავთ, ზონაში შევალთ თუ არა, მაშინვე გამოფხიზლდება.
მწერალი: – რადგან ერთად მივდივართ ამ გაუგებარ მოგზაურობაში, გავიცნოთ ერთმანეთი. მე ვარ…
სტალკერი: – არავითარი სახელი და გვარი, კონფიდენციალურობა ბოლომდე უნდა დავიცვათ. არავინ უნდა იცოდეს ვისთან ერთად იყო ზონაში. ხომ გაგაფრთხილეთ? ერთმანეთს მივმართავთ მხოლოდ ზედმეტსახელებით. მე ვარ სტალკერი, თქვენ კი მწერალი, უბრალოდ მწერალი და სხვა არავინ. გასაგებია?
მწერალი: – გასაგებია. სასაცილოა, მაგრამ გასაგებია. დავიცვათ კონფიდენციალურობა. მე ვარ მწერალი, ეგრე მომმართეთ, თქვენ? თქვენ როგორ მოგმართოთ?
პროფესორი: (სტალკერს) მე ვინ ვარ?
სტალკერი: – თქვენ? თქვენც ხართ ის, ვინც ხართ – პროფესორი.
მწერალი: – გასაგებია. სასიამოვნოა, მე დაგიძახებთ პროფესორს, თქვენ კი – მწერალი დამიძახეთ. მით უფრო, რომ მეც ის ვარ, ვინც ვარ- მწერალი.
სტალკერი: – თქვენი მობილურები მომეცით, ეხლავე დავბრუნდები.
სტალკერი გადის
პროფესორი: – კარგი?
მწერალი: – რა კარგი?
პროფესორი: – კარგი მწერალი ხართ?
მწერალი: – კარგი ვარ თუ ცუდი, ამას ასი წლის შემდეგ გავიგებთ, ჩვენ ვერ მოვესწრებით ამის გაგებას, მწერლის შეფასებას დრო სჭირდება. ამიტომ ასე გიპასუხებთ: დღეს, ჩემი წიგნები პოპულარულობით სარგებლობენ ხალხში.
პროფესორი: – რაზე წერთ?
მწერალი: – რაზე? მე ადამიანებისთვის ვწერ, ადამიანებს კი მხოლოდ საკუთარ თავზე უყვართ კითხვა. ამიტომ მეც მხოლოდ ადამიანებზე ვწერ.
პროფესორი: – კარგი პასუხია. დღეს სხვაზე ალბათ არც ღირს წერა.
მწერალი: – დღეს წერა საერთოდ არ ღირს, რაც დასაწერი იყო, უკვე დიდი ხანია დაიწერა. პოპულარობა კი ეფემერულია, დღეს გცნობს ხალხი ქუჩაში, ხვალ აღარ გცნობს. თქვენ პროფესორი რა დარგში ბრძანდებით?
პროფესორი: – ფიზიკაში.
მწერალი: – ფიზიკაში? მშურს თქვენი. მეცნიერები ხელოვან ხალხზე ბედნიერი ხართ.
პროფესორი: – რატომ?
მწერალი: – იმიტომ რომ მეცნიერებაში არაფერი იცვლება, ყველაფერი დაკანონებულია. აი მაგალითად, არქიმედეს კანონი ძველი წელთ აღრიცხვის მესამე საუკუნეშიც კანონი იყო, ეხლაც კანონია და ყოველთვის კანონი იქნება. ის არ შეიცვლება: სითხეში ჩაშვებულ ყველა სხეულზე, ყოველთვის იმოქმედებს ამომგდები ძალა, ხელოვნებაში კი ასეთი დაკანონება არ არსებობს. ხელოვნებაში ყველაფერი პიარზეა დამოკიდებული. მე დღეს ვარ პოპულარული მწერალი, დღესაა ჩემი წიგნები მოდაში, ხალხი დღეს კითხულობს ჩემს რომანებს და აღფრთოვანებისაგან კვნესის: რა მაგარია, როგორი სტილია, როგორი ფორმები, მაგრამ გავა ასი წელი, მოვა ვიღაც ლაწირაკი და იტყვის, რომ ის, რაც დავწერე, თურმე უნიჭო სიყალბეა და ყველა მას დაუჯერებს. ჩემს წიგნებს კი უნიტაზში ჩარეცხავენ.
პროფესორი: – პირიქითაც ხომ ხდება? დღეს არავის აინტერესებს, მაგრამ გავა ასი წელი და ჩათვლიან რომ გენიალურია.
(გვერდით ოთახიდან ისმის ფორტეპიანოს ხმა, ვიღაც უკრავს ბახს)
ბარმენი – ეს ჩემი შვილია. ჩემი შვილი უკრავს ბახს…
პროფესორი: – … აი, როგორც ბახის შემთხვევაში. ბახიც ხომ მერე აღიარეს
მწერალი: – მაგ იმედით ვიყო ბედნიერი?
პროფესორი: – თქვენს რომანებს დღეს თუ მოაქვს ფული და დიდება, ეს უკვე ბედნიერებაა.
მწერალი: – სისულელეა. არც ფული მაბედნიერებს და არც დიდება. ორივე დიდი ხანია ყელში მაქვს ამოსული. თქვენ?, თქვენ რატომ გაეხვიეთ ამ გაუგებრობაში? რაში გჭირდებათ ზონაში შესვლა?
პროფესორი: – ზონაში ფიზიკოსს რომ მინდა შესვლა, ეს არაა გასაკვირვი, თქვენ? მწერალს რაში გჭირდებათ ზონაში შესვლა? ეგ უფრო საინტერესოა, ფული და დიდება როგორც მივხვდი გაქვთ.
მწერალი: – მაქვს. თქვენ წარმოიდგინეთ ქალებიც მყავს და თან უთვალავი რაოდენობის, მართალია, ძალიან ადრე, მეც მიღალატა ერთმა ქალბატონმა და თავზე დიდი რქებიც გამომასახა, რის გამოც, ის ქალბატონი მივატოვე, მაგრამ მას მერე, მაინც ბევრი ქალი მყავს. ქალები ისე მოძვრებიან ჩემსკენ, როგორც ტარაკნები მოძვრებიან ძველ ბინაში.
პროფესორი: – გასაგებია, გინდათ ინატროთ, რომ ასი წლის შემდეგაც პოპულარული იყოთ?
მწერალი: -არა! მიმიფურთხებია იმაზე თუ რას იტყვიან ჩემზე ასი წლის შემდეგ, მე ხომ მაინც ვერ გავიგებ.
პროფესორი: – აბა რა გაკლიათ?
მწერალი: – შთაგონება. პროფესორო, სადღაც დამეკარგა ეს ჩემი შთაგონება და მინდა ზონამ დამიბრუნოს.
პროფესორი: – ამისთვის გინდათ ზონაში შესვლა? არ ჯობია, აქ მოიცადოთ?, იქნებ შთაგონება თვითონვე დაგიბრუნდეთ.?
მწერალი: -აქ? მოიცათ, ვცდი. (ჯდება) არ გამომდის,. არ მიბრუნდება.
(ისევ ისმის ფორტეპიანოს ხმა)
ბარმენი: – ჩემი შვილი უკრავს ბახს, ხელს ხომ არ გიშლით?
პროფესორი: – (ბარმენს) არა, არა. (მწერალს) ვეღარ წერთ? სათქმელი გაგითავდათ?
მწერალი: – რაა? სათქმელი გამითავდა? ჰო, ალბათ… სათქმელი გამითავდა.
შემოდის სტალკერი
სტალკერი: – – დროა. წავიდეთ.პროფესორო, რად გინდათ ამხელა ჩანთა? ჩვენ ხომ ერთი დღით მივდივართ.
პროფესორი: – აქ ხელსაწყოებია, ინსტრუმენტები, ყოველთვის თან დამაქვს.
სტალკერი: – გასაგებია, სინჯების აღება გინდათ, ბევრი აკეთებს ასე….
კარები იღება და შემოდის სტალკერის ცოლი
ცოლი: – გამარჯობა. მაინც მიდიხარ?…..რას აკეთებ? რას? ხომ გთხოვე? შენც ხომ შემპირდი?
სტალკერი: – ეს ჩემი ცოლია. თქვენ გარეთ მომიცადეთ, ეხლავე გამოვალ.
პროფესორი და მწერალი გადიან
ცოლი: – შენ თავზე თუ არ ფიქრობ, ჩვენზე მაინც იფიქრე, შვილზე იფიქრე, ხომ ნახე, ვერც კი გიცნო ციხიდან, რომ გამოხვედი. როგორც იქნა მოგეჩვია და შენ კი ისევ მიდიხარ.
სტალკერი: – ხო მივდივარ.
ცოლი: – ჩემზე მაინც იფიქრე, ქალს აღარ ვგევარ, ისევ რომ დაგიჭირონ, ხომ იცი, რომ ვეღარ გადავიტან და მოვკვდები, რატომ მიდიხარ? შეიძლება მდიდრები არ ვართ, მაგრამ შიმშილით ხომ არ ვკვდებით?..არ წახვიდე, გთხოვ.. შენ ხომ შემპირდი?
სტალკერი: – არ გინდა რა, გთხოვ, ყველაფერი კარგად იქნება, ვიცი, დარწმუნებული ვარ, ამ ჯერზე ყველაფერი კარგად იქნება.
ცოლი: – ხომ შემპირდი?!
სტაკერი: – ხო შეგპირდი, მაგრამ შენც ხომ იცი, რომ არ შემიძლია სხვანაირად, უარს ვერ ვიტყვი. თან ეხლა ძალიან კარგი ხალხი მიმყავს, იცი როგორ ვარჩევდი, ერთი მწერალია, მეორე კი მეცნიერი, პროფესორი….
ცოლი: – ეგ ხალხი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ვიდრე ცოლ შვილი? წარმოგიდგენია ჩვენ რა დაგვემართება, შენ რომ არ დაბრუნდე?
სტალკერი: – დავბრუნდები, პირობას გაძლევ, ჩავალ და დღესვე მოვბრუნდები.
ცოლი: – ციხეში მიბრუნდები, სახლში კი არა….. იქ, ციხეში, შენი ადგილი ჯერ არ გაცივებულა, თან ეხლა ხუთ წელს კი არ მოგისჯიან, არამედ ათს, მე კი ათ წელს ვეღარ გავძლებ.
სტალკერი:- არ შემიძლია, არ შემიძლია აქ ყოფნა. უნდა წავიდე, გთხოვ..
ცოლი: – არ წახვიდე. რომ მოგკლან?
სტალკერი: – არა! ვიცი არ მომკლავენ, თან ხომ იცი, რომ სიკვდილის არ მეშინია და არც მჯერა, რომ მოვკვდები. მაგიტომ კი არ დავიბადე, რომ ასე მომკლან. არც ციხის მეშინია, ისედაც, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემთვის მაინც ყველგან ციხეა. ერთი დღით მივდივარ, მეტით ხომ არა?, ხვალ დილით დავბრუნდები და ყველაფერი კარგად იქნება.
ცოლი: – არა, არ გაგიშვებ.
სტალკერი: – ხომ იცი, რომ მაინც წავალ. გთხოვ. ეს შემინახე.(უწვდის ყუთს მობილურებით)
ცოლი: -(უწვდის ჩანთას) აქ პურია რძე და კვერცხი. ფრთხილად იყავი.
(ცოლი გადის. სტალკერი მუხლებზე დგება, ზეცას შეჰყურებს და ბუტბუტებს)
სტალკერი: – Aliis lucens, uror, Aliis lucens, uror, Aliis lucens, uror. ყველაფერი დარჩეს ისევე როგორც არის და არაფერი შეიცვალოს ამ ქვეყნად, ყველა, ვინც ცოცხალია, დარჩეს ცოცხლად, ყველა საგანი, რომელიც კი არის ამ ქვეყნად, დარჩეს ისევ ისე როგორც ამ წამსაა. სახლები, მდინარეები, მთები , როგორც არის ეხლა, ისევე დარჩნენ და ისინი არავინ გაანადგუროს. ყველა ჩემი ახლობელი, ყველა, ვინც მიყვარს, ყველა ნაცნობი და ყველა უცნობიც, ვინც სადაა და როგორცაა ეხლა, ამ წუთას, ამ წამს, ისევე დარჩნენ და მათ არაფერი დაემართოთ…ამის მეტი სხვა სათხოვარი არ მაქვს!
მეორე სურათი:
ზონა.
ნისლში მოაბიჯებენ სტალკერი, მწერალი და პროფესორი
მწერალი: – სად ვართ?
პროფესორი: – არ ვიცი.
სტალკერი: – აქედან ზონა იწყება. (ჯდება ათვალიერებს)
მწერალი: – რას ვუცდით, არ მეტყვით? (იღებს სიგარეტის კოლოფს ჯიბიდან)
სტალკერი: – ზონაში სიგარეტის მოწევა არ შეიძლება.
მწერალი: – ჯანდაბა (ინახავს სიგარეტის კოლოფს)
პროფესორი: – რა სიჩუმეა.
სტალკერი: – აქ ყოველთვის სიჩუმეა. ეს ყველაზე ჩუმი ადგილია დედამიწაზე. მერე ნახავთ რა სილამაზეა აქ. მოიცათ, ყვავილების სუნი გცემთ?, თუ მე ვერ ვგრძნობ სუნს?
მწერალი: – მე ჭაობის სუნი მცემს.
სტალკერი:- არა, ეგ მდინარის სუნია. ბოლოს როცა ვიყავი აქ, ყვავილები არ იყო, მაგრამ ყვავილების სუნი მაინც იდგა
პროფესორი: – ეგ როგორ?
სტალკერი:- ხო, ადრე აქ ყვავილების დიდი მდელო იყო, მერე, როცა ტახმა ბომბი ააფეთქა, ყვავილების მდელო გაქრა, მაგრამ ყვავილების სუნი მაინც იდგა. ბოლოს როცა ვიყავი აქ, მართალია ყვავილები არ იყო, მაგრამ სუნი მაინც იდგა, ეხლა კი სუნიც აღარაა.
პროფესორი: – რატომ?
სტალკერი: – რა რატომ?
პროფესორი: – რატომ ააფეთქა ტახმა ბომბი?
სტალკერი: – არ ვიცი. უცნაური კაცი იყო ტახი. მახსოვს, ვკითხე, რატომ ააფეთქე თქო ბომბი და ასე მიპასუხა: ამას ოდესმე თვითონ გაიგებო, მაგრამ ეგრეც ვერ გავიგე, აქამდე ვერ გავიგე. ალბათ ზონა ეზიზღებოდა და იმიტომ, ჯერ ძალიან უყვარდა, მერე კი შეზიზღდა.
მწერალი: – უკაცრავად, გამანათლეთ თუ შეიძლება, ეს ტახი ვინაა? ტახი კაცის სახელია?
სტალკერი:- ზედმეტსახელი. სტალკერებს სახელი არ გვაქვს, მხოლოდ ზედმეტსახელები გვაქვს.
მწერალი: – თქვენც გაქვთ?
სტალკერი: – მაქვს, მაგრამ არ გეტყვით. … ტახი სტალკერი იყო, ყველაზე მაგარი სტალკერი. 20 წელი დაყავდა ადამიანები ზონაში და ვერავინ ვერასდროს ვერ შეუშალა ხელი. ის ჩემი მასწავლებელი იყო, მან ამიხილა თვალები, მან მასწავლა ეს საქმე. ჩვენ ტახს არ ვეძახდით, ჩვენ ყველანი ოსტატს ვეძახდით, მაშინ სულ ღიმილი ჰქონდა სახეზე, მერე კი რაღაც დაემართა, რაღაც გადაეწვა აქ, მკერდში. ხასიათიც შეეცვალა და თვითონაც შეიცვალა, არ ვიცი როგორ, მაგრამ ერთ დღეს უცებ ძალიან გამდიდრდა. საშინლად გასუქდა, რაღაცნაირად სხვა გახდა, უცხო. სახიდან ღიმილიც გაუქრა. ლოყები ჩაუცვივდა, თვალებში მზერა ბოროტად გაუშტერდა. ხო, მისი ძმაც სტალკერი იყო, ის აქ დაიღუპა ზონაში, მოდიოდა და უცებ, ვაიო და დაეცა, გული გაუსკდა. იცით რა კარგი ბიჭი იყო? ცისფერთვალება, ლექსებს წერდა. მაქედან დაიწყო ყველაფერი… ტახი სიგიჟეებს ჩადიოდა, ზონას ეჩხუბა, მოვიდა აქ და ბომბი ააფეთქა. მერე კი ერთ დღეს თავი ჩამოიხრჩო, ბინაში სადაც თავი ჩამოიხრჩო, ფულით სავსე ტომრები იპოვნეს. კარგი, თქვენ აქ იჯექით, მე მალე მოვალ, დავათვალიერებ აქაურობას.
მწერალი: – სად წავიდა?
პროფესორი:- ალბათ ზონასთან მარტო დარჩენა უნდა. ის ხომ სტალკერია.
მწერალი: – და რა, რომ სტალკერია?.
პროფესორი: ნამდვილი სტალკერი ეს უბრალო პროფესია არაა, ეს მოწოდებაა.
მწერალი: – ატარო უცნობი ადამიანები ზონაში, სადაც ყოველ წამს შეიძლება მოკვდე?, ეს ბიზნესია და არა მოწოდება, ნუ გავიწყდებათ პროფესორო, აქ მოყვანისათვის ჩვენგან ფულს მიიღებს. მარტო ფულის დიდი სიყვარულით შეიძლება ახსნა მისი ეს „მოწოდება“. აქ დიდხანს უნდა ვიდგეთ?
პროფესორი: – დაჯექით და დამშვიდდით, როგორც ვიცი, აქ, ამ ზონაში, არც ისე ბევრი ადგილია სადაც შეიძლება მშვიდად იყოს კაცი, ყოველი ფეხის ნაბიჯზე სულ საფრთხეებია და სულ რაღაც ხდება.
მწერალი: – იდიოტი ტურისტების მოსაზიდად მოგონილი ზღაპრებია ეგ ყველაფერი. რას გავს აქაურობა? სად დაინახა აქ სილამაზე?, არაფერი ჩანს. ისეთი დეპრესიული ადგილია, კაცმა თავში ტყვია უნდა დაიხალოს დილა საღამოს.
რაო? იმ ტახზე, რა თქვა? ზონას ეჩხუბაო? აი ამ ზონას როგორ უნდა ეჩხუბო?
პროფესორი: -არ ვიცი,
მწერალი: – თუ ის ტახი უცებ გამდიდრდა, გამოდის, რომ მან შეაღწია იმ ტერასაზე…
პროფესორი:- ეგრე გამოდის
მწერალი: – ესე იგი ზონაში ის ტერასა ნამდვილად არსებობს და ოცნებები სრულდება?
პროფესორი: – არ ვიცი, ალბათ სრულდება.
ბრუნდება სტალკერი
სტალკერი: – წარმოგიდგენიათ? იქით ყვავილები ისევ ყვავიან, მაგრამ რატომღაც სუნი არ აქვთ. მაპატიეთ, რომ დაგტოვეთ, მაგრამ ეხლა მაინც ვერ დავიძვრებით, ნისლშია მთელი ზონა. უნდა მოვიცადოთ.
პროფესორი: – სანამ ნისლი არ გაქრება აქ უნდა ვიყოთ? ნისლი შეიძლება ძალიან დიდხანს არ გაქრეს, ნისლი ატმოსფერული მოვლენაა და დამოკიდებულია იმაზე….
სტალკერი: – არა, ნისლი არაფერ შუაშია. აქ უნდა ვიყოთ, სანამ თვითონ ზონა არ მოგვცემს ნიშანს.
მწერალი: – თვითონ ზონა მოგვცემს ნიშანს? ჰა,ჰა,ჰა. გამოსვლა პირველი: ზონამ უნდა მოგვცეს ნიშანი.
(ისმის უცნაური ხმაური, თითქოს ვიღაც ყმუის)
– რა ჯანდაბაა?
პროფესორი: – არ ვიცი, იქნებ აქ ხალხი მართლა ცხოვრობს?
მწერალი: – ვინ ხალხი?
პროფესორი: – ამბობენ, როცა ზონა წარმოიქმნა,ის ტურისტები, რომლებიც მაშინ აქ მოცვივდნენ, სამუდამოდ დარჩნენ და აქედან აღარ მიდიან.
მწერალი:- გადასარევი, გამოსვლა მეორე: ზომბები.
სტალკერი: – ზონაში არავინაა და ვერც იქნება, აქ შეუძლებელია ვინმე ცხოვრობდეს. ეს ნიშანია, ზონამ ნიშანი მოგვცა. წამოსვლამდე ცალ ცალკე უკვე გელაპარაკეთ, მაგრამ ეხლა უნდა გაგიმეოროთ: ზონა თხოულობს გარკვეული წესების დაცვას. ეს წესი ძალიან ბევრია და მე არ მექნება საშუალება ყოველ წამს აგიხსნათ. ამიტომ, თქვენთვის მხოლოდ ერთი წესი არსებობს: ჩემი ყველა მითითების უსიტყვოდ შესრულება. გესმით? უსიტყვოდ შესრულება!
ზოგჯერ ის, რასაც გიბრძანებთ, შეიძლება ძალიან უცნაურად მოგეჩვენოთ. შეიძლება გაგეცინოთ კიდეც, მაგრამ უსიტყვოდ უნდა შეასრულოთ.
არავის უთხოვია თქვენთვის აქ წამოსვლა, თვითონ მთხოვეთ წამოყვანა და რადგან წამოხვედით, გთხოვთ არ მეკამათოთ. თუ ჩემს ბრძანებებს არ შეასრულებთ, მე ვერაფერს ვიზამ. ტერასამდე ვერ მივაღწევთ და შესაძლოა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს. გასაგებია?…
მწერალი: – გასაგებია, გასაგები.
სტალკერი:- ეხლა შეგვიძლია დავიძრათ. წავიდეთ!
მწერალი: – წავიდეთ, რაც უფრო მალე დავამთავრებთ ამ ცირკს, მით უკეთესი. (იღებს ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს)
სტალკერი: – აქ სიგარეტის მოწევა არ შეიძლება.
მწერალი: – არ შეიძლება და ნუ შეიძლება.
სტალკერი: -(იღებს ჯიბიდან თოკზე მობმულ ქვას და ისვრის შორს) ჩვენ ამას ვეძახით გზის გაწმენდას. პროფესორო, მიდით და აიღეთ ქვა.(პროფესორი მიდის ქვის ასაღებად) გაჩერდით. არ გაინძრეთ. (ისვრის მეორე ქვას)
ეხლა თქვენ წადით. გაჩერდით. არ გაინძრეთ. ეხლა მაღლა აიხედეთ და ზეცას შეხედეთ. (თვითონ ეშვება მუხლებზე და იწყებს ბუტბუტს) Aliis lucens, uror, Aliis lucens, uror, Aliis lucens, uror.
პროფესორი: -(მწერალს) ხომ არ იცით რას ნიშნავს ეს Aliis lucens, uror?
მწერალი: – არა, ლათინურად მარტო ვიცი „In vinos verita“
სტალკერი: – აბა წავედით.
მიდიან.
მესამე სურათი: სუფთა სულების გზა.
სტალკერი: – ცოტა ხანს აქ გავჩერდებით.
პროფესორი: – შეხედეთ, იქ, სადაც სინათლეა, იქ რა არის?
სტალკერი: – ეგ არის ზუსტად ის, რისთვისაც წამოხვედით, ეგაა ტერასა.
მწერალი: – რაა? ესაა ტერასა? რა, უკვე მოვედით? რა ახლოს ყოფილა?
სტალკერი: – ეგ თქვენ გგონიათ, რომ ახლოსაა, სინამდვილეში კი ძალიან შორსაა.
მწერალი: – ტერასა რომელზედაც ყველა ოცნება სრულდება?
სტალკერი: – ყველა ის სანუკვარი ოცნება, რომელიც იქ მიმსვლელს აქვს. – ეგაა, მაგრამ ნუ ჩქარობთ, ჯერ არ მოვსულვართ, აქ შევჩერდეთ. მე ყოველთვის აქ ვჩერდები.
პროფესორი: – რატომ უნდა შევჩერდეთ?, თუ მოვედით რატომ უნდა გავჩერდეთ?
სტალკერი: – ეხლავე აგიხსნით: იქიდან აქ მოხვედრა შეგიძლიათ, მაგრამ აქედან იქ, ვერ მოხვდებით. …
მწერალი: – რაა?
სტალკერი: – იქამდე მანძილი რამოდენიმე მეტრია, მაგრამ პირდაპირ მისვლა შეუძლებელია, მხოლოდ შორი, შემოვლითი გზით მოხვდები ტერასაზე. ეს პირდაპირი გზა კი – სუფთა სულების გზაა. ასე ვეძახით მას სტალკერები და რადგან ამ სამყაროში, სუფთა სული ან არავის აქვს, ან თუ აქვს ვინმეს, ის აქ არ მოდის, ეს გზა ჯერ არავის გაუვლია…
მწერალი: – რას ბოდავს?
პროფესორი: – მოიცადეთ, გინდათ თქვათ, რომ ფიზიკური მანძილი აქედან ტერასამდე მხოლოდ რამოდენიმე მეტრია, მაგრამ ჩვენ ვერ გავივლით ამ რამოდენიმე მეტრს და ვერ მივალთ?
სტალკერი: – აუცილებლად მივალთ, ოღონდ პირდაპირი გზით ვერ, მხოლოდ შემოვლითი გზით თუ შევძლებთ იქამდე მისვლას! სამი ოთხი საათი დაგვჭირდება, რომ იქ მოვხვდეთ.
პროფესორი: – ეგ გავიგე… მე ფიზიკურ დისტანციაზე გელაპარაკებით. აქედან 7 ან 10 მეტრი იქნება და ახლა ქვა რომ ვისროლო, ტერასამდე ვერ მიაღწევს?
სტალკერი: – არა, რას ამბობთ! აქედან ვერაფერს ისვრით! აქედან მხოლოდ ყურება თუ შეგიძლიათ.
პროფესორი: – . მოიცათ. დავუშვათ, ავიღე ეხლა ქვა და აქედან ვისროლე, არ მესმის და გამაგებინეთ: იქამდე რა, ქვა ვერ მიაღწევს?
სტალკერი: – ეს თქვენ არ გესმით. დღეს ნასროლი ქვა, ხვალინდელ დღეს მიაღწევს?
პროფესორი: – იდიოტურ კითხვას მხოლოდ იდიოტურად უნდა ვუპასუხო. მე ფიზიკოსი ვარ და არა ფილოსოფოსი, საიდან იცით, რომ ვერ მიაღწევს? ფიზიკის რომელი კანონი შეუშლის ხელს? რატომ ვერ მიაღწევს?,
სტალკერი: – არ ვიცი რატომ ვერ მიაღწევს, მე ვერ ვერკვევი ფიზიკაში, მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს არის სუფთა სულების გზა და რომ ამ გზით მხოლოდ მათ შეუძლიათ სიარული, ვისაც სული სუფთა აქვთ, ვიცი, რომ აქედან იქით, ვერაფერს გადააგდებ, რა მნიშვნელობა აქვს თქვენ წახვალთ, თუ ქვას ისვრით? თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სუფთა სული გაქვთ? მე არა… ამიტომ ვიცი, რომ ამ გზით ვერც ჩვენ გადავალთ და ვერც ქვა ვერ გადაიფრენს. ფიზიკა აქ არაფერ შუაშია, არც გეომეტრიაა შუაში… ის რაც აქ ხდება, არც ერთ კანონს არ ემორჩილება! ეს ზონაა! აქ სხვა, ჩვენთვის უცნობი კანონები მოქმედებენ.
მწერალი: – და საიდან იცით ეს ყველაფერი? მოსინჯა ვინმემ?
სტალკერი: – ბევრმა.
მწერალი: – მერე?
სტალკერი: – ვერ გაიარეს და მაინც მოუწიათ შემოვლითი გზით წასვლა. იმ გზით რომლითაც ეხლა ჩვენც წავალთ.
მწერალი: – შემოვლითი გზა გრძელია?
სტალკერი: – უკვე გითხარით 3 ან 5 საათი დაგვჭირდება, შეიძლება მეტიც, შემოვლითი გზა გრძელია და ძალიან რთული.
მწერალი: – იცით რას გეტყვით, არ გეჩვენებათ, რომ სიგიჟეა 7 მეტრის 5 საათში გავლა, როცა შეიძლება ორ წუთში მივიდეთ? თქვენი არ ვიცი და მე პირდაპირ წავალ.
სტალკერი: – არ ქნათ ეგ. ეს სუფთა სულების გზაა.
მწერალი: – არა მგონია ვინმეზე მეტად ჭუჭყიანი სული მქონდეს.
პროფესორი: – და რომ გქონდეთ?
მწერალი: – რა შეიძლება დამემართოს? რა? თუ ვერ მივალ, უკან მოვბრუნდები, მეტი რა მომივა? ვინმე თავს მომაჭრის? მიწა გასკდება და ჯოჯოხეთში მოვხვდები?
სტალკერი: – ეს სუფთა სულების გზაა
მწერალი: – გავიგე და რა მერე?
სტალკერი:- ის, რომ ვისაც სუფთა სული აქვს, ასეთ კითხვებს არ სვამენ.
მწერალი: – გეყოფათ, მოდით ის თქვენი ქვა ვისროლოთ და ვნახოთ რა მოუვა იმ ქვას. გადნება? ცეცხლი წაეკიდება? გაქრება?
სტალკერი: – იქ არაფრის სროლა არ შეიძლება.
პროფესორი: – ნუ სულელობთ.
მწერალი: -ეს თქვენ სულელობთ, რამოდენიმე მეტრში გვაქვს ადგილი სადაც როგორც ამბობთ ნებისმიერი სურვილი შეიძლება აგვისრულდეს და ჩვენ კი რატომღაც არ მივდივართ. არ გესმით, რომ ეს ტიპი გვაბოლებს? უბრალოდ ფასს უზრდის თავის სამუშაოს?, გამოტყდით, ხომ ასეა და უბრალოდ გინდათ გაართულოთ ყველაფერი, რომ მერე მეტი გადაგიხადოთ. აბა ტყუილად ხომ არ აიღებთ ფულს? ხომ გამოვიცანი?
სტალკერი: – არა, ვერ გამოიცანით.
მწერალი: – აუ რამდენს გელაპარაკებით, წავედი მე და თქვენ გინდა შემოვლითი გზით წადით და გინდათ მიყურეთ როგორ მივალ.
სტალკერი: -კარგი. (პროფესორს) წავიდეს. ნუ გეშინიათ, არაფერი მოუვა,
პროფესორი: – გაივლის?
სტალკერი: – ვერა, მალე გაჩერდება და მობრუნდება, მხოლოდ ჭკუას ისწავლის. ასეთი რამ, ერთხელ უკვე მაქვს ნანახი.
მწერალი მიდის პირდაპირ, მაგრამ შემდეგ ჩერდება, ყვირის და უკან ბრუნდება.
პროფესორი: რა გჭირთ?
მწერალი: – რა მჭირს? არაფერი,
პროფესორი: – რამე ხომ არ დაგიშავდათ?
მწერალი: – არაფერი განსაკუთრებული.
პროფესორი: – რა არაფერი? თქვენ გაჩერდით, თავზე ხელი მოიკიდეთ, დაიყვირეთ და მობრუნდით. რა დაგემართათ? რა შეგრძნება გქონდათ იქ, მითხარით..
მწერალი: – დავიყვირე? არ ვიცი,… არ მახსოვს….მართლა….. არც ვიცი როგორ ავღწერო..
პროფესორი: – მომისმინეთ, უნდა აღწეროთ, თქვენ ხომ მწერალი ხართ…
მწერალი: – მწერალი არა, ჯანდაბა. რა მწერალი მე ვარ! მძულს წერა! ჩემთვის ტანჯვაა წერა, მტკივნეული, სამარცხვინო საქმეა…. ადრე სულ მეგონა, რომ რაღაც კარგს ვქმნი, საჭიროს, მაგრამ ეს ილუზიაა, ეხლა, იქ, იმ გზაზე რომ მოვმკვდარიყავი, ორ დღეში არც ერთ ჩემს მკითხველს არ ვეხსომებოდი…
პროფესორი: – კარგი გასაგებია.
მწერალი: – რა არის გასაგები? ამ ქვეყნად არაფერია გასაგები. იცით, მე ბევრ ქალს ვუყვარდი, მე თვითონ კი მხოლოდ ერთხელ მიყვარდა, ადრე, ძალიან ადრე. მიყვარდა კი არა, მისით ვცოცხლობდი, მის მეტი არაფერი მქონდა, მისით ვსუნთქავდი, ყოველ მის დანახვაზე ვკანკალებდი ბედნიერებისაგან, მე მთელი სამყარო მინდოდა მისთვის, რომანებს, პოემებს ვუძღვნიდი და მან მიღალატა, თან უნდა გენახათ ვისთან მიღალატა, ვიღაც გასიებულ ღორთან, არარაობასთან, რატომ? რატომ მიღალატა? ესეც გასაგებია?
პროფესორი: – გასაგები მხოლოდ ისაა, რომ თქვენ ისევ გიყვართ ის ქალი, რადგან ეხლა გაგახსენდათ.
მწერალი: – მიყვარს? არა, რა მიყვარს, მძულს!…….ნამდვილი, ძლიერი სიყვარული არც ქრება, არც ცვდება და არც დნება, ის უბრალოდ სახეს იცვლის და სიძულვილად გადაიქცევა. რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო ადვილად გარდაიქმნება ის სიძულვილად.
სტალკერი: – სიძულვილით ძნელია ცხოვრება.
მწერალი: – ძნელია…მაგრამ, ტკივილიანი სიყვარულით ცხოვრებას, სიძულვილით ცხოვრება ჯობია. ასე უფრო ადვილია.
სტალკერი: – დროს ვკარგავთ. უნდა წავიდეთ, შორი გზა გვაქვს.
მეოთხე სურათი: ზონა, მიტოვებული სახლი.
სტალკერი: – კიდევ ცოტაც და ყველაფერი დამთავრდება. შეხედეთ, როგორი ნისლია, მაგრამ არა უშავს, მოვიცადოთ, წავიხემსოთ.
მწერალი: – რას გვაშინებს ეს კაცი? უცნაური ვინმეა, რაღაცით ობობას გავს. როცა მიყურებს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უნდა, რომ სული გამომწოვოს, თან, ნეტარი ავგუსტინისავით სულ გიღიმის, გიღიმის და თან გაშინებს, გაშინებს, გაშინებს. არადა, მთელი დღეა მოვდივართ და აქ საშიში ვერაფერი ვნახე, რას გვაშინებს?.
სტალკერი: – წავიხემსოთ.
(ურიგებს პურის ნაჭრებს და თვითონ გადის. პროფესორი დაიმარტოხელებს მწერალს)
პროფესორი: არ იტყვით მაინც, რა იყო იმ სუფთა სულების გზაზე?
მწერალი: არაფერი….უბრალოდ …
პროფესორი: – რა?
მწერალი: – გეტყვით, მაგრამ მაინც ვერ გაიგებთ.
პროფესორი: – მითხარით, იქნებ გავიგო.
მწერალი: – არც კი ვიცი როგორ ვთქვა. განსაკუთრებული თითქოს არაფერი….. ყოველი მხრიდან მოგონებები დამესივნენ, ჯერ ერთი მოგონება შემომიძვრა თავში, მერე მეორე, მესამე, მეასე, თითქოს მოგონებათა ზღვაში შევედიო. რაც კი რამ მტკენია ცხოვრებაში, ყველაფერი ერთად გამახსენდა, ბავშვობიდან დაწყებული, დღევანდელი დღით დამთავრებული, ვისაც კი ცხოვრებაში ან მე მივაყენე ტკივილი, ან მან მომაყენა, ყველას სახე თვალნათლივ დავინახე,
ბევრნი იყვნენ, ჩემს წინ იდგნენ, ხელებს მიქნევდნენ, თითქოს რაღაცას ყვიროდნენ, პირს აღებდნენ, მაგრამ მათი ხმა არ ისმოდა. ყველა ჩემი წიგნიც, ფურცელ ფურცელ გადაიშალა ჩემს თვალწინ და ერთიანად ჩამესმა ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა, რაც კი ოდესმე დამიწერია…
მერე გამახსენდა ის ქალი, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა, რომელიც კოსმიური სიყვარულით მიყვარდა, ქალი, ვინც ყველაზე სუფთა მეგონა ამ ქვეყნად და რომლის გარეშე სუნთქვაც არ მინდოდა… გამახსენდა კი არა, უცებ, თვალწინ დამიდგა და თვალნათლივ დავინახე ისევე როგორც მაშინ, როცა მიღალატა- ……
პროფესორი: დაინახეთ?
მწერალი: – ჰო, დავინახე,… წამის მეასედში, მოულოდნელად დავინახე ის კადრი როგორ ეხვეოდა ვიღაც გასიებულ ღორს მანქანაში…ღალატი იმიტომაცაა ღალატი, რომ ის ყოველთვის მოულოდნელია. მაშინაც მოულოდნელი იყო და ეხლაც. ღალატს სიკვდილი ჯობია, სიკვდილში რაღაც ამაღლებულია. ღალატი კი დამამცირებელი, ისეთ შეგრძნებაა თითქოს შიშველი გაგაგდეს ყინვაშიო…
ადამიანს მომავალი არ კლავს, ადამიანს წარსული კლავს, ის ბრუნდება, შემოდის შენში, გწამლავს, გახრჩობს და ბოლოს გკლავს. მოკლედ, იქ, ყველაფერი ის გამახსენდა, რის დავიწყებას ვცდილობდი და მივხვდი, რომ რამდენ ნაბიჯსაც წინ გადავდგამდი, იმდენჯერ მეტი საზიზღრობა გამახსენდებოდა და უკან მოვბრუნდი.
სტალკერი: (შემოდის) – მაგიტომაცაა სუფთა სულების გზა.და მაგიტომაც არავინ დადის მაგ გზით.
მწერალი: -იცით ეხლა რას ვიზამ?
პროფესორი: რას?
მწერალი: -….. სიგარეტის მოწევას გავანებებ თავს.
პროფესორი: – გამოდის, რომ ეხლა მაინც დაიჯერეთ ზონის არსებობის?
მწერალი: – მინდა მჯეროდეს, ამიტომაც ვარ აქ..
სტალკერი: – ძალიან გაგვიღიმა ბედმა, რომ ნისლში შევძელით და აქ გამოვედით, არადა შეიძლებოდა ვერც მოგვეგნო. წავიდეთ.
(დაიძვრებიან, მაგრამ პროფესორი უცებ ჩერდება, იწყებს პანიკურ სირბილს და რაღაცის ძებნას)
მწერალი: – რა ხდება?
პროფესორი: -ჩემი ჩანთა,
სტალკერი: რა თქვენი ჩანთა?
პროფესორი: სადაა ჩემი ჩანთა? ეტყობა სუფთა სულების გზაზე დამრჩა.
მწერალი იწყებს სიცილს
პროფესორი: რა გაცინებთ? უნდა დავბრუნდეთ.
სტალკერი: სად? უკან წასასვლელი გზა აღარაა, იქ ეხლა წყალია.
პროფესორი: – რა წყალი? მე ჩანთა მჭირდება. გესმით?, მე აუცილებლად მჭირდება ჩემი ჩანთა…
მწერალი: – რა გიდევთ იქ ამისთანა? სინჯარები, კოლბები, სხვა რა?
პროფესორი: თქვენი საქმე არაა. მომისმინეთ ჩანთა უნდა ვიპოვნოთ.
სტალკერი: – ეს შეუძლებელია. უკანა გზა აღარ არსებობს.
მწერალი: არ იტყვით რა გიდევთ იმ ზუგჩანთაში? ოქროს სინჯარები ბრილიანტის თვლებით?
პროფესორი: – ყველა ოქროზე უფრო ძვირფასი და საჭირო რაღაც მიდევს, გემუდარებით დავბრუნდეთ….
სტალკერი: – პროფესორო დაწყნარდით, თქვენ ხო ტერასაზე მიდიხართ, რაც არ უნდა გქონდეთ იმ ზუგჩანთაში, ისურვეთ იქ, ტერასაზე და თუ თქვენთვის მართლა ძვირფასია, ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ.
პროფესორი: – დამიბრუნდება? ძალიან მაგარი იქნება ის თუ დამიბრუნდება.
კარგი, ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო, ეხლა უკვე ყველაფერი სულერთია,…. წავიდეთ წინ, დროს ნუ ვკარგავთ.
უცბად, სადღაც ზევიდან, ჩანთა ვარდება ძირს
მწერალი: (იღებს მიწიდან ჩანთას) ეი, პროფესორო, აი თქვენი ჩანთა.
პროფესორი: – ჩემი ჩანთა. (გამოგლიჯავს ხელიდან ჩანთას და ჩაიხუტავს)
სტალკერი: -თქვენ ზონას მოეწონეთ და ამიტომაც დაგვიბრუნა ჩანთა, ესეიგი კარგი ხალხი ხართ რადგან ზონას მოეწონეთ. წინასწარ ხომ არასოდეს ვიცი როგორი ხალხი მომყავს აქ, ამის გაგება წინასწარ წარმოუდგენელიცაა, ყველაფერი მხოლოდ მაშინ ირკვევა, როცა აქ ვხვდებით. იცით რამდენჯერ ჩამომიშვია ხელები, ხანდახან ისეთი ნაძირლები გხვდებიან, რომ ნანობ, რატომ წამოვიყვანე, როგორ შემეშალა, მაგრამ აი ზონა, არასოდეს ცდება, არასოდეს, ხომ ხედავთ, ჩანთა დაგვიბრუნა.
მწერალი: – ეგ ჩანთა ეხლა ალბათ დიდი მიზნების განხორციელებაში დაგვეხმარება.
პროფესორი: – ნუ ყოფთ ცხვირს იქ ,რაშიც არაფერი გაგეგებათ.
მწერალი:- რა გაგება მაგას უნდა, ზუსტად ვიცი, რაც გიდევთ ჩანთაში და რატომაც გიდევთ.
პროფესორი: – რა იცით? რა მიდევს?
მწერალი: – მინი-ლაბორატორია, გინდათ რომ აიღოთ ნიმუშები და მერე სადოქტორო დაიცვათ, რომ მთელი სამყარო განაცვიფროთ თქვენი აღმოჩენით, რომ ნობელის პრემია მიიღოთ. ასე არაა? გამოტყდით.
პროფესორი: – თქვენს ტუალეტში წასაკითხ რომანებს მიხედეთ.
მწერალი: – თუ გგონიათ, რომ მატკინეთ, ძალიან ცდებით, დიდი ხანია აღარ მტკივა და თქვენზე კარგად ვიცი, ტუალეტშია ჩემი რომანები წასაკითხი თუ სექსის დროს. მართლა, წაგიკითხავთ სექსის დროს წიგნი? არა? სულ ტყუილად. მე ბევრჯერ. გილოცავთ, რადგან ზონამ ჩანთა დაგიბრუნათ , ეს იგი ნება გეძლევათ კვლევა ჩაატაროთ და მიიღოთ ნობელის პრემია. ისე, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ვიამაყებ, რომ ნობელიანტთან ერთად ვიყავი გაუგებრობაში.
პროფესორი: – დავუშვათ და მართლა მინდა ნობელის პრემია, თქვენ? თქვენ რა, განა სხვა რამისთვის მოხვედით ზონაში? თქვენ სხვა რამეს ინატრებთ ტერასაზე? თქვენც ხომ იგივე გინდათ, რომ ისეთი შთაგონება გეწვიოთ და ისეთი რომანი დაწეროთ, რომლის მსგავსი არც ერთ გენიოსს არ დაუწერია და კაცობრიობა განაცვიფროთ, რა? იგივე არაა?
მწერალი: არა. თქვენგან განსხვავებით, მიმიფურთხებია კაცობრიობისათვის, მთელს სამყაროში მხოლოდ ერთი ადამიანი მაინტერესებს და ეს ადამიანი მე თვითონ ვარ და ჩემშიც მხოლოდ ის მაინტერესებს, ვღირვარ რამედ, თუ მეც სხვებივით ნაგავი ვარ?
პროფესორი: – და რომ გაიგოთ, რომ ისეთივე ნაგავი ხართ როგორც სხვები?, მერე რას იზამთ?
მწერალი: – არაფერს, მეცოდინება, რომ ნაგავი ვარ. იცით რას გეტყვით ბატონო აინშტაინო, მიხედეთ თქვენს მეცნიერებას, კაცობრიობას. მე კი თავი გამანებეთ,. არ ვაპირებ თქვენთან კამათს, კამათში ხომ ჭეშმარიტება იბადება და ხოდა ჭეშმარიტების დედაც….
პროფესორი: – წავიდეთ რა…
მეხუთე სურათი: ჭაობი.
სამივე ჭაობში წევს, ისვენებენ. პროფესორს სძინავს, მწერალი მიხოხდა სტალკერთან.
მწერალი: – თქვენ აქ ბევრი ხალხი გყავთ მოყვანილი?
სტალკერი:- არც ისე. უფრო მეტის წამოყვანას ვისურვებდი…
მწერალი: – ისინი ვინც აქ მოიყვანეთ, რისთვის მოდიოდნენ? რა უნდოდათ?
სტალკერი: – ბედნიერება. სხვა რა?
მწერალი: – ეგ გასაგებია, ბედნიერება ისეთი რამეა, რომ პრეზიდენტებსაც უნდათ და მათხოვრებსაც, ადამიანი მუდმივად ეძებს ბედნიერებას, დასდევს მას წრეზე, ისე როგორც ძაღლი თავის კუდს. უბედურებისათვის არავინ არსად მიდის. ისინი, ვინც აქ მოგყავდათ, კონკრეტულად რომელი ბედნიერებისათვის მოდიოდნენ?
სტალკერი: – მე არ მაქვს ამაზე ლაპარაკის უფლება, არ შემიძლია მოვყვე. ეს ხომ არ გეხებათ არც თქვენ და არც მე. თან ბევრი არც ვიცი, ადამიანებს არ უყვართ თავის საკრალურზე საუბარი. არავის უთქვამს რა ინატრა იქ, ტერასაზე და არც მე მიკითხავს, თუ რა ინატრეს.
მწერალი: – მართალი ხართ, სისულელე ვიკითხე. ისე, გამოდის,რომ თქვენ ბევრი ბედნიერი ადამიანი გყავთ ნანახი, მე კი ჩემი ცხოვრების მანძილზე ერთი ბედნიერი ადამიანიც კი არ შემხვედრია.
სტალკერი: – არც მე. როცა ვბრუნდებით ტერასიდან, ვემშვიდობები მათ, ოცნებები ეგრევე ხომ არ სრულდება, ალბათ გადის დღეები, სანამ ოცნება ასრულდება. ის ხალხი კი, ვინც აქ მყავდა მოყვანილი, ზონის შემდეგ არასდროს შემხვედრია.
მწერალი: – და თქვენ თვითონ? არასოდეს შესულხართ ტერასაზე და არ გინატრიათ რამე??
სტალკერი: – არა, ეგ არ შეიძლება. მე ისედაც ბედნიერი ვარ, მეტი მე არაფერი მინდა.
მწერალი: – და აქ, მარტო ფულის გამო დაგყავთ ხალხი?
სტალკერი: – როცა ადამიანი ბედნიერია, მას სხვისთვისაც არ ენანება ბედნიერება.
მწერალი: – თქვენ ან სულელი ხართ, ან მართლა ნეტარი. ისე, ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, არის აქ, ერთი დიდი აცდენა….. დავუშვათ, მივაღწიეთ იმ ტერასას, არ ვიცი, რა ვინატრო. ფული და დიდება მაქვს, ყვავივით დიდი ხნის სიცოცხლეს არ ვაპირებ. თქვენ როგორ ფიქრობთ პროფესორო? რა ვინატრო ტერასაზე?
პროფესორი: – ზონა თვითონ მიხვდება რაც უნდა აგისრულოთ.
მეექვსე სურათი: ბოლო მონაკვეთი ტერასამდე
სტალკერი: – მოვედით, ეს ბოლო და ყველაზე საშიში მონაკვეთია. აქედან უკვე შეგვიძლია მივუახლოვდეთ ტერასას, ეს ძალიან სახიფათო გზაა, არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს და რა არა, ერთად მისვლა არ შეიძლება, მხოლოდ რიგ რიგობით…
პროფესორი:- მე წავალ პირველი, არ მეშინია. დარწმუნებული ვარ, ისე გავივლი ამ დარბაზს, რომ არაფერი დამემართება?
მწერალი: – რა იცით, რომ არაფერი დაგემართებათ?
პროფესორი: – ვიცი, ამ ჩანთის გამო, ზონას უნდა, რომ ეს ჩანთა მივიტანო ტერასამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში არც დამიბრუნებდა. ასე, რომ, მე არაფერი დამემართება.
მწერალი: – რა ლოგიკაა?
პროფესორი: – ლოგიკა მართალია უცნაურია, მაგრამ აქ ლოგიკის ძებნა უაზრობაა, აქ არაფერი არ ექვემდებარება ლოგიკას.ამიტომ მე წავალ.
სტალკერი: – არა, არა. ზონა თვითონ გადაწყვეტს ვინ წავა პირველი.
მწერალი: – ზონამ როგორ უნდა გადაწყვიტოს?.
სტალკერი: – უნდა გავითამაშოთ თუ ვინ წავა თქვენ ორიდან პირველი. წინ წავა ის, ვისაც გრძელი ასანთის ღერი ამოუვა. ამოიღეთ.
გაითამაშებენ, გრძელი ასანთის ღერი მწერალს შეხვდება
სტალკერი: (მწერალს) გრძელია, ვწუხვარ, მაგრამ პირველი თქვენ უნდა წახვიდეთ, იქ თუ შეხვალთ, დაგხვდებათ ტერასაზე გასასვლელი დიდი რკინის კარი, ის კარი თუ გაიღება მერე საშიში აღარაფერია, იქ მოგვიცადეთ და შემდეგ ჩვენ მოვალთ. ჯერ მე და მერე პროფესორი. მერე უკვე შეგეძლებათ გახვიდეთ ტერასაზე და თქვენ აუცილებლად აგისრულდებათ თქვენი სანუკვარი ოცნება, ოღონდ სანამ წახვალთ, მე უნდა გაგაფრთხილოთ, ეს გზა, აქედან კარებამდე, როგორც გითხარით ბოლო და ყველაზე საშიში მონაკვეთია, ….ამ ადგილს ხორცსაკეპს ეძახიან, იცით რამდენი ადამიანი დაიღუპა აქ?, ტახის ძმაც კი აი აქ დაიღუპა.
მწერალი: – ისევ მაშინებს. მეგობარო, ჩვენ არავინ გვეკითხება ისე მოვდივართ ამ ქვეყანაზე და არავინ გვეკითხება ისე მივდივართ იმ ქვეყნად. არ ვიცით საიდან მოვდივართ და არ ვიცით სად მივდივართ, ცხოვრება არის პაუზა ამ ორ არცოდნას შორის. ამიტომაც გვირჩევნია ეს პაუზა რაც შეიძლება დიდხანს გაიწელოს. ის რომ ვიცოდეთ იქ რა გველის, იქნება სულ უპაუზოდ გვეთამაშა ეს ცხოვრება. სიკვდილი ისეთი ბოზი ქალბატონია, ვერსად დაემალები, ყველგან გიპოვნის. მოსახდენი მაინც მოხდება, მაგრამ თქვენ ეს თქვენი ქვა მაინც გადააგდეთ წინ, შევამოწმოთ.
სტალკერი: აუცილებლად.
ისვრის ქვას. პაუზა
მწერალი: რაო ზონამ, წამოვიდესო გენიალური მწერალიო?
სტალკერი: – დუმს, ესე იგი შეგიძლიათ წასვლა.
მწერალი ემზადება წასასვლელად, პალტოს ჯიბიდან რაღაც ნივთი უვარდება
სტალკერი: – მოიცათ, ეგ რა არის?
მწერალი: – პისტოლეტია სხვა რა უნდა იყოს?
სტალკერი: – მომეცით?
მწერალი: რატომ?
სტალკერი: – აქ იარაღით არ შეიძლება შესვლა, დაიღუპებით, იარაღით იქ ვერ შეხვალთ, სამ მეტრსაც ვერ გაივლით.
მწერალი: და თუ არ მექნება იარაღი, გავივლი?
სტალკერი: – თუ არ გექნებათ, შესაძლოა გაიაროთ, ძალიან გთხოვთ მომეცით, თან ვის უნდა ესროლოთ? ბედს?
მწერალი: – ისე ეგეც მართალია, ვის უნდა ვესროლო? ბედს? ეს რა კარგი რამე თქვით, უნდა დავიმახსოვრო.
მოისვრის პისტოლეტს ჭაობში და დაიძვრება ადგილიდან
მწერალი: თქვენ არ ინერვიულოთ, გახსოვდეთ ნერვიული და ღარიბი არავის უყვარს.
მწერალი თვალს მიეფარა, პაუზა, პროფესორი და სტალკერი ყურს უგდებენ სიჩუმეს, უცებ ისმის რკინის კარების გაღების ხმა
სტალკერი: კარი გააღო, გესმით, კარი გააღო, მოვედით! დროზე, პროფესორო, გამომყევით! ნუ გეშინიათ.
პროფესორი: – მე არაფრის არ მეშინია!
მეორე მოქმედება.
მეშვიდე სურათი: დარბაზი ტერასასთან
სამივე დგას ტერასის შესასვლელთან და შეჰყურებენ ტერასას
სტალკერი: – ბატონებო, ეს დარბაზი დაგვრჩა და უკვე შევძლებთ ტერასაზე გასვლას.მაგრამ სანამ იქ გახვალთ და ჩაიფიქრებთ ყველაზე სანუკვარ ოცნებას, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით თქვენს ოცნებებზე, ოცნება ხომ ძალიან საშიში რამაა, იმან, რამაც შეიძლება თქვენ გაგაბედნიეროთ, იმას, შეუძლია სხვას მოუტანოს უბედურება, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ.
პროფესორი: – მე მომავალი თაობა დამწყევლის….
მწერალი: – რა ჩაიფიქრეთ, ასეთი პროფესორო? რა უნდა ინატროთ ამ ტერასაზე ამისთანა, მომავალი თაობა რომ დაგწყევლით?
პროფესორი:- თქვენ წარმოგიდგენიათ რა მოხდება, როცა ყველა დაიჯერებს ამ ტერასის არსებობას?
მწერალი: – რა მოხდება?
პროფესორი: – ყველა აქეთ გამოქანდება…. ყველა წარუმატებელი პოლიტიკოსი, ყველა რჯულის დიქტატორი. აქ არც ფულისთვის იჩქარებენ მოსვლას და არც თქვენსავით შთაგონებისთვის ან დიდებისათვის, ისინი აქ მოვლენ – სამყაროს გადასაკეთებლად!..
სტალკერი: – არა არა! ეგეთი ადამიანი აქ ვერც მოვა და მეც არ მომყავს ასეთი ადამიანები აქ! მეც ხომ მესმის ეს!
პროფესორი: – რა შეიძლება გესმოდეთ თქვენ?, არც ერთადერთი სტალკერერი ხართ მსოფლიოში! ყველა სტალკერი თქვენნაირი კი არაა! არცერთმა სტალკერმა არ იცის, რა ხალხი მოყავს აქ და რა სურვილები აქვთ მათ კლიენტებს… იქნებ თქვენი კლიენტი მანიაკია, თქვენ ხომ არ იცით რას ინატრებს ის ამ ტერასაზე? ნახეთ რა ხდება სამყაროში, სამხედრო გადატრიალებები, გაუნათლებელი გორილები ხელისუფლებაში, მაფია მთავრობებში – იქნებ ისინიც თქვენი კლიენტები არიან! როგორ შეგიძლიათ იცოდეთ ეს?
მწერალი: – თქვენ მართლა ასე ფიქრობთ? თქვენ გგონიათ, რომ ტერასაზე რომელიმე დიქტატორი სამყაროზე გაბატონებას ინატრებდა?
პროფესორი: – დიახ!
მწერალი: – არ დაიჯეროთ! ჰიტლერიც კი ცოცხალი რომ იყოს, ისიც კი, აქ არ ინატრებდა ამას.
პროფესორი: – რა სისულელეა, რატომ არ ინატრებდა?
მწერალი: – ერთია რასაც ის ხმამაღლა იტყოდა და მეორეა რასაც ის გულში ნამდვილად ინატრებდა. ჰიტლერი არშემდგარი მხატვარი იყო და თანაც იმპოტენტი, ის ხმამაღლა მსოფლიო ბატონობაზე ილაპარაკებდა, გულის სიღრმეში კი აქ, მოითხოვდა მაგარ მამაკაცურ პოტენციას და, ალბათ, პეიზაჟების დახატვის უნარს იმაზე უკეთ, ვიდრე ადრე ხატავდა… ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს ისეთი სიყვარული ან ისეთი სიძულვილი, რომელიც მთელ კაცობრიობას შეეხება! ყველაზე მანიაკალური დიქტატორიც კი, გულის სიღრმეში პატარა, საცოდავი ადამიანია და მისი სურვილებიც ადამიანურია, ადამიანმა აქ შეიძლება ინატროს ჯამრთელობა, კარგი ჯეკპოტი კაზინოში….იმ ქალის დაბრუნება, რომელიც დაკარგა….., ან რომელიმე გასივებულ ღორზე შურისძიება …, მაგრამ ძალაუფლება მთელ მსოფლიოში?! სამართლიანი საზოგადოება?! ღმერთის სასუფეველი დედამიწაზე?! – ეს არ არის ადამიანის ნატვრა, ეს არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები, იდეოლოგია, ზოგადი ლოზუნგები…
სტალკერი: – ზუსტად! ბედნიერება ძალიან პირადულია.
მწერალი:- და თქვენც თუ გეგმავთ ისეთი რამე ინატროთ, რომ კაცობრიობა განაცვიფროთ, არაფერი გამოგივათ. ზონა მაინც არ შეგისრულებთ, ასე, რომ საკაცობრიოს ნუ ინატრებთ, თქვენ თქვენს პირადულს მიაწექით.
პროფესორი: – თქვენ პისტოლეტი იმიტომ წამოიღეთ აქ, რომ პირადულს აწვებოდით?
მწერალი ყელში წვდება პროფესორს
სტალკერი: -(აშველებს) რას აკეთებთ? რას?
მწერალი: – მაპატიეთ, თვითონ არ ვიცი რას ვჩადივარ.ჩემო ძვირფასო ნიუტონო, მაპატიოთ
სტალკერი: – იქნებ გახვიდეთ ტერასაზე? მალე დაღამდება და ჩვენ კი უკან დაბრუნება უნდა მოვასწროთ.
პროფესორი: ჰო, წავიდეთ, დავამთავროთ ეს საქმე.
სტალკერი: – მე მართლა ყველაფერი გავაკეთე თქვენთვის. ყველაფერი, რისი ძალაც მქონდა. ეხლა ჯერი თქვენზეა. თქვენ ეხლა უნდა გახვიდეთ ამ ტერასაზე და უნდა გაანდოთ ზონას თქვენი ოცნება. გახსოვდეთ, რომ ზონა აგისრულებთ მხოლოდ თქვენს ყველაზე სანუკვარ ოცნებას, თქვენს ყველაზე გულწრფელ, ღრმა, თქვენს ყველაზე განცდილ, საკრალურ ოცნებას. თქვენ რაც არ უნდა თქვათ, ის მაინც აგისრულებთ იმას, რაზეც სინამდვილეში ოცნებობს თქვენი სული. ამიტომ არაფრის თქმაც არაა საჭირო. სიტყვებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ზონა თვითონ გამოიცნობს თუ რა არის თქვენი გულწრფელი ოცნება. თქვენ უბრალოდ უნდა მოიკრიბოთ ყურადღება და გაიხსენოთ თქვენი ცხოვრება. როდესაც ადამიანი იხსენებს თავის ცხოვრებას, ის უფრო კეთილი ხდება. ახლა თქვენ ძალიან კეთილი უნდა იყოთ და მაშინ ბედნიერება, რომელსაც მიიღებთ, არ გახდება სხვებისთვის უბედურების წყარო. სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. ახლა წადით. ვის უნდა იყოს პირველი? თქვენ?
მწერალი: – მე? არა. გმადლობთ, არ მინდა.
სტალკერი: -. მესმის. ძალიან რთულია. მაგრამ არ ინერვიულოთ, მალე გაგივლით…
მწერალი: – არ გამივლის. ჯერ ერთი, თუ დავიწყებ ჩემი ცხოვრების გახსენებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კეთილი გავხდე… და მეორეც, არ თვლით, რომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი? თავის დამცირებაა? ზონა დამეხმარე, ამისრულე ეს ოცნება…. მათხოვარი ვარ? რითი განვსხვავდებით იმ მათხოვრებისგან მიწისქვეშა გადასასვლელებში, რომ სხედან?
სტალკერი: – კარგი, უბრალოდ დამშვიდდით, გაივლის. უბრალოდ ჯერ არ ხართ მზად. ეს ხდება… გაგივლით.
მწერალი: – არა, არ გამივლის.
სტალკერი: – პროფესორო, იქნებ თქვენ.
პროფესორი მშვიდად იწყებს ჩანთის გახსნას და იქიდან ბომბს იღებს
მწერალი: – ესაა თქვენი ლაბორატორია?
პროფესორი: -არა. ეს ატომური ბომბია. – ოცი კილოტონა.
მწერალი: – რად გინდათ?
პროფესორი: – ახლა თვითონ არ ვიცი რად მინდა. ეს ბომბი მე და ჩემმა მეგობრებმა ავაწყეთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ზონა, თუ არასწორ ხელში მოხვდებოდა, კაცობრიობას უთვალავ უბედურებას მოუტანდა. ეს აშკარა იყო… ისტორიაში ამდენი მაგალითი გვაქვს… შემდეგ ჩემმა მეგობრებმა გაიაზრეს, რომ ზონა საოცრებაა და რომ საოცრების განადგურება არ შეიძლება, რომ ის უნიკალურია. მე არ დავთანხმდი და ამ ნიადაგზე ვიჩხუბეთ. ეს ბომბი კი დამალეს…. ეგონათ, ვერ ვიპოვნიდი. მე კი ვიპოვნე და აი ეხლა აქ ვარ. აქ ყველაფერი ძალიან მარტივია: უნდა ავკრიფო ოთხი ციფრი და ზონა ერთ დღეში აღარ იქნება…
სტალკერი_ თქვენ… გინდათ…
პროფესორი: – არ მინდა!. ბოლოს და ბოლოს, მე არც იდიოტი ვარ და არც მანიაკი. მეცნიერი ვარ, ფიზიკოსი და მშვენივრად მესმის: შეუქცევადი ქმედება არ უნდა ჩავიდინო. ვიცი, ეს ზონა უნიკალურია, სულ სხვა სუბსტანციაა, რაღაც ღვთაებრივია, ზებუნებრივი. იქნებ სულაც ესაა ის, რასაც ადამიანები ღმერთს ვეძახით და ეხლა ჩვენ ღმერთის წინ ვდგავართ. არ ვიცი რა არის, ვიცი მარტო ის, რომ ეს სხვა სამყაროა, სხვა განზომილებაა, შესაძლოა – სხვა ცივილიზაციაცაა, რომლის შესახებ არაფერი ვიცით და ის შესასწავლია, არ მინდა მისი მოსპობა, მაგრამ სხვა გზა არაა, მეშინია დაგვიანების! ზონა ასეთივე ბომბია – და უფრო საშინელი ბომბია, ვიდრე აქამდე ყველა არსებული ბომბი… მას ხომ თვითონაც შეუძლია ყოველ წამს ააფეთქოს ეს სამყარო…
სტალკერი: – არ გააკეთოთ, ზონა აქ ისე აღმოცენდა, რომ არ გვკითხა და მაშინ გაქრება როცა თვითონ გადაწყვეტს, ეგ ხომ ტახმაც სცადა და ააფეთქა ბომბი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
პროფესორი: – მე გამომივა, ეს ატომური ბომბია.
მწერალი:- (სტალკერს) გაანებე თავი, გაანებე, გააკეთოს რაც უნდა.
სტალკერი: – რას ამბობთ? რა უნდა გააკეთოს? გესმით, რომ მას უნდა ყველაფერი გაანადგუროს, ბედნიერება, იმედი, მომეხმარეთ, მას ხომ თქვენი იმედის განადგურებაც უნდა…
მწერალი:- მერე? არა გკიდია სხვისი ბედნიერება?, იმედი?.
თუ, ბიზნესს რომ კარგავ იმაზე ღელავ? ა, შენ ხომ აქ მეფეც ხარ და ღმერთიც, შენს ჭკუაზე ატარებ ხალხს, სტალკერები მაგიტომაც არ შედიხართ ტერასაზე, რომ მეტი ოცნება არც გაქვთ, მხოლოდ ის გსურთ, რომ თქვენს ნებაზე ატაროთ ხალხი.
სტალკერი: -არა, ეგ ტყუილია, ასე არაა, სტალკერს არ აქვს ტერასაზე გასვლის უფლება, სტალკერს არ შეუძლია ზონაში შესვლა პირადი ინტერესით. ის დაიღუპება, გაიხსენეთ ტახი, ის ზონაში შემოვიდა პირადი ინტერესის გამო, ანგარების გამო, ძმაც კი დაღუპა იმის გამო, რომ მდიდარი გამხდარიყო, ბომბიც კი ააფეთქა აქ და ერთ დღეს თავიც ჩამოიხრჩო. ჩამოხრჩობილის გარშემო ფულით სავსე უზარმაზარი ტომრები ეყარა. სიმდიდრემ ბედნიერება არ მოუტანა.
მე ჩემთვის არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყნად და ვერც გავაკეთებ, ბედნიერება ვერც ცოლს მოვუტანე და ვერც შვილს, მეგობრები არ მყავს და ალბათ არც მეყოლება, მაგრამ იმას, რაც ჩემია, ვერ წამართმევთ. იქ, საიდანაც ჩვენ მოვედით, ისედაც ყველაფერი წამართვეს, აქ კი, მე ყველაფერი მაქვს! ჩემი თავისუფლება აქაა- ზონაში! ჩემი ბედნიერება ეს ზონაა. მე აქ ისეთივე უბედური ხალხი მომყავს, როგორიც თვითონ ვარ, გაწამებული, დასახიჩრებული, მათ, ამ ქვეყნად აღარაფრის იმედი არ აქვთ ზონის გარდა და მე მათ ვეხმარები. სისხლისგან ვიცლები როცა მათ სახეებს ვუყურებ, ბედნიერებისგან ვტირი, რომ შემიძლია დავეხმარო მათ, აი ესააა ჩემი ცხოვრება და მეტი არაფერი მინდა. არაფერია უფრო მთავარი, ვიდრე ადამიანის სიყვარული. როცა მოვა ჩემი სიკვდილის დრო, მხოლოდ მაშინ გავალ ამ ტერასაზე , ფორთხვით მოვალ და ჩემი ნატვრა იქნება, რომ ყველა ადამიანი ამ სამყაროში, იყოს ბედნიერი და რომ არავინ იყოს ამ ქვეყნად დაჩაგრული, დასახიჩრებული, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი…
მწერალი: – კარგი, კარგი, მჯერა მე თქვენი, მართლა მჯერა რასაც იძახით, თქვენ მართლაც ნეტარი ყოფილხართ, ამიტომაც არ გესმით და არც გინდათ გაიგოთ რა ხდება აქ სინამდვილეში. იცით, რატომ ჩამოიხრჩო იმ თქვენმა ტახმა თავი?
სტალკერი: – ვიცი, ხომ გითხარით, ის ზონაში შემოვიდა პირადი ინტერესის გამო, ანგარების გამო, ძმაც კი დაღუპა იმის გამო.
მწერალი: – ეგ გასაგებია, სხვა რამეს ვკითხულობ, რატომ ჩამოიხრჩო თავი? პირველად რომ მოვიდა, ფული ინატრა და მიიღო, მერე, როცა მისი ძმა დაიღუპა, რატომ არ მოვიდა მეორედ აქ და რატომ არ ითხოვა ახალი სიცოცხლე ძმისთვის?
სტალკერი: – მოვიდა, ნამდვილად მოვიდა, სულ მაგას იძახდა, წავალო და … წამოვიდა კიდეც… იყო აქ … მერე კი, რამოდენიმე დღის შემდეგ ბომბი ააფეთქა, მერე კი თავი ჩამოიხრჩო. არ ვიცი რატომ ჩამოიხრჩო თავი, მართლა არ ვიცი…
მწერალი: – მართლა არ იცით? თვითონვე არ თქვით: აქ ყველას მხოლოდ ყველაზე სანუკვარი ოცნება უსრულდებათ, ყველაზე გულწრფელი, ყველაზე ნატანჯი… ტახი კი – იმის ტახია, რომ ღორის ჯიშისაა. როცა პირველად მოვიდა ტერასაზე, ფული ინატრა და მიიღო კიდეც, მეორედ რომ მოვიდა, მაშინ ალბათ მუხლებზეც იდგა და ხმის ჩახლეჩვამდე ღრიალებდა: „მინდა ჩემი ერთადერთი ძმა დაბრუნდეს!“ თავის ცხოვრებას იხსენებდა, ცდილობდა კეთილი გამხდარიყო. მაგრამ ის არასდროს ყოფილა კეთილი და ამიტომაც ვერ გახდა კეთილი. ვერ მოთხოვ ღორს, რომ იყოს კეთილი, ეს იგივეა ყეფა მოთხოვო ან ჰაერში ფრენა. მისი სანუკვარი ოცნება ძმის დაბრუნება არ იყო, ის ღორი იყო და ოცნებაც ღორული ჰქონდა: ძალაუფლება, ფული, ფუფუნება… და ზონამ მეორეჯერაც ისევ ეს ოცნება აუსრულა. ამიტომ როცა დაბრუნდა თავის ბინაში და იქ ძმის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი ფულის ტომარა იპოვნა, მიხვდა, რომ მის ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა. , მიხვდა, რომ ის იყო ნაგავი, საზიზღრობა, ძღრენი და გადაწყვიტა ზონაზე ეძია შური თავისი ღორობისათვის, კიდევ ერთხელ მოვიდა აქ და ბომბი ააფეთქა, ესეც, რომ არ გამოუვიდა, მერე უკვე თავი ჩამოიხრჩო….არა, ამ ტერასაზე, ამ ზეციურ კანცელარიაში არაფერი მესაქმება. მესმის კარგად: აქ მოდიან და მოიწევენ, ისე როგორც ცეცხლისკენ მოიწევენ ღამის პეპლები, მაგრამ ეს სისულელისგან მოსდით. მე იქ არ გავალ. ამ ერთ დღეში ბევრად ჭკვიანი გავხდი. რაში მჭირდება ეს? ვიცი რა არის ჩემი სანუკვარი ოცნება? ის კი ვიცი, რომ არც ფულია და არც დიდება ჩემი ოცნება, მაგრამ იქნებ რამე სხვაა, რაზეც ეხლა წარმოდგენაც არ მაქვს? როგორ უნდა მივფორთხდე იქ ჩემი დაჭრილი, დაბინძურებული სულით? როგორ ვითხოვო ამისრულდეს საკრალური ოცნება, როცა თვითონ არ ვიცი სინამდვილეში რაზე ოცნებობს ჩემი სული?
პროფესორი: – განა თქვენი ოცნება ის არაა, დაიბრუნოთ ქალი, რომელმაც გიღალატათ და რომელიც თქვენ დღემდე გიყვართ? თქვენ ხომ მაგისთვის მოხვედით აქ, ზონაში?
მწერალი: – უსიყვარულოდ ცხოვრება ავადმყოფობაა, სული იღუპება უსიყვარულოდ ისე როგორც ტვინი ჟანგბადის გარეშე. მართალი ხართ, მაგისთვის მოვედი აქ, რომ ის დავიბრუნო…, მაგრამ თუ ზონა თვითონ გამოიცნობს ჩემს დაფარულ, სანუკვარ ოცნებას და ამისრულებს?, მაშინ?.. მაშინ ვშიშობ უფრო დიდი საშინელება მოხდება. დაბრუნდეს ის, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს? შესაძლოა მართლაც ეს იყოს ჩემი ოცნება, მაგრამ იქნებ მხოლოდ მგონია, რომ ესაა ჩემი ოცნება? იქნებ შურისძიება უფრო მეტად მსურს?. მაგ შემთხვევაში კი, იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რამდენი ადამიანის ბედი იქნება ჩემს სინდისზე… არა, ჩემო მეგობარო, შენ ძალიან ცუდად ერკვევი ადამიანებში, თუ ჩემნაირები დაგყავს ზონაში…
სტალკერი: – მე არ მაქვს მათი განკითხვის უფლება … ისინი აქ მომყავს, როგორც მოყავთ ცოდვილები ეკლესიაში… ღმერთთან… პროფესორო, თქვენ რას იზამთ?! რატომ ხართ, ჩუმად?
პროფესორი:- ალბათ, დღევანდელმა ადამიანმა არ იცის ზონის გამოყენება. ისევე როგორც არ იცის ბევრი სხვა რამ. მართალია, ადამიანი ბუნების ისეთივე შემადგენელი ნაწილია როგორც ვირთხა, ბაყაყი, წურბელა, მაგრამ ადამიანში, მიუხედავად მისი ღვთიური არსისა, სატანიზმიც დევს, ამიტომ დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი ბოროტებისგან დავიცვათ. ყველა ადამიანშია ღმერთიც და სატანაც, რომლებიც ებრძვიან ერთმანეთს, ამიტომაცაა რომ ადამიანი მთელი ცხოვრება შფოთავს, ადგილს ვერ პოულობს და სისულელეს სისულელეზე სჩადის. ზონა ჩვენთან არასწორ დროს აღმოცენდა. ეს იგივეა, ტელევიზორი რომ აღმოჩენილიყო პირველყოფილ ადამიანებთან გამოქვაბულში. შეხედავდა ის ნეანდერტანელი უზარმაზარ მკვდარ ეკრანს და ვერაფერს დაინახავდა მასში თავისი თმიანი სახის გარდა…. მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი. ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა, ჩვენ თვითონაც და ის, რაც ჩვენი ხელებითაა შექმნილი – ეს ყველაფერი არ არის მარადიული. ყველაფერი იცვლება. ყველაფერი შეიცვლება და ალბათ, საუკუნეების შემდეგ ადამიანებიც გაიზრდებიან ზონამდე და ისწავლიან მისგან ბედნიერების მოპოვებას, ისევე როგორც თავის დროზე ისწავლეს ენერგიის მოპოვება ნახშირიდან. ან დედამიწაზე ისეთი კატასტროფა მოხდება, როცა გადარჩენის იმედს მხოლოდ ზონაში ვნახავთ. შეიძლება ჯერ არ დამდგარა ის დრო, რომ ვისწავლოთ როგორ გამოვიყენოთ ზონა, მაგრამ მჯერა, ეგ დროც დადგება. მიუხედავად ყოვლად უაზრო სისატიკისა,- ცხოვრება მშვენიერია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ადამიანს იმედის გარდა, ყველაფრის გარეშე შეუძლია ცხოვრება. იმედი მას ყოველთვის უნდა ჰქონდეს. მეც არ ვიცი რა არის ჩემი ოცნება და მეც მაშინებს ჩემი ოცნება. ამიტომ მეც არ მინდა ტერასაზე გასვლა.
მერვე სურათი: ბარი
სამივე ნასვამია
მწერალი: კიდევ თითო ბოთლი ხო არ დაგველია?
პროფესორი: – მე მეტი არ მინდა.
მწერალი: არც მე. (სტალკერს) რამდენი უნდა გადაგიხადოთ ამ შთამბეჭდავი ექსკურსიისათვის? (იღებს ჯიბიდან ფულს)
სტალკერი: არაფერი, ამაში ფულს არ ვიღებ. მარტო ეს მომეცით,(იღებს ერთ კუპიურს) ამით კიდევ ორი ბოთლი მოგვივა. (მიდის ბარმენთან)
პროფესორი: – როგორი გრძელი დღე იყო.
მწერალი: – დღე შეიძლება უსაშველოდ გაიწელოს, ათწლეულებმა კი უცებ გაიელვონ. ეხლა რას აპირებთ?
პროფესორი:- დილიდან ლაბორატორიაში წავალ, იმედი მაქვს მიმიღებენ უკან, ბევრი სამუშაო მაქვს. თქვენ? იმ ქალს ნახავთ? დაელაპარაკებით?
მწერალი: – დაველაპარაკები? სიყვარული კარგ მუსიკას ჰგავს, სიტყვებს როგორც ზონაში, სიყვარულშიც არ აქვს მნიშვნელობა. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. იცით, როგორაა? ჯერ გიყვარს, მერე გძულს, შემდეგ ცდილობ დაივიწყო, მაგრამ არ გამოგდის, მაინც მუდმივად ელაპარაკები გონებაში, ვერ პატიობ, რომ გიღალატეს. გამოდის, რომ მაინც ერთად ხართ, თუკი მუდმივად მასზე ფიქრობ და თუნდაც გონებაში, მას ელაპარაკები…
პროფესორი: – რატომ წამოიღეთ ზონაში პისტოლეტი? არ იცით?
მწერალი: – ჯერ მხოლოდ სამი რამ ვიცი, ერთი ის, რომ სიგარეტის მოწევას თავს არ ვანებებ
პროფესორი: მეორე?
მწერალი: მეორე ის, რომ მინდა დღევანდელ დღეზე დავწერო რამე.
პროფესორი: მესამე?
მწერალი: მესამე, ის, რომ თავს ჯერ ვერ მოვიკლავ, პისტოლეტი დავკარგე.
ბრუნდება სტალკერი
სტალკერი: – რა კარგი დღეა, წარმოგიდგენიათ, სამი ბოთლი მოგვივიდა…
ბარში შემოდის სტალკერის ცოლი
ცოლი: – გამარჯობა, (ხელში ყუთი უჭირავს, რომელშიც პროფესორის და მწერლის მობილური ტელეფონები დევს) აი მოვიტანე. წამოდი.
სტალკერი: – (ურიგებს ტელეფონებს) ეხლავე, მოდი ჩვენთან. ცოტა ხანი გავჩერდეთ და მერე წავიდეთ.
ცოლიც მიუჯდება მაგიდას.
ცოლი: – (პაუზის შემდეგ, მწერალს და პროფესორს) იცით, დედა ძალიან წინააღმდეგი იყო. მას (სტალკერზე) ყველა დასცინოდა, სულ დაბნეული იყო, რაღაცნაირად საწყალი და საცოდავი. დედა მეუბნებოდა: ”ის ხომ სტალკერია, ყოველწამს სიკვდილზე წამსვლელი ”, “არაა ოჯახის მომვლელი“ და იცით, მე არც ვკამათობდი! ბოლოს და ბოლოს, მე თვითონაც მესმოდა: რომ ის თვითმკვლელი იყო … მაგრამ რა უნდა მექნა? დარწმუნებული ვიყავი, რომ მასთან კარგად ვიქნებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ნაცრისფერ, მოსაწყენ ცხოვრებას… მწარე ბედნიერება ჯობია… ან იქნებ ეს ყველაფერი მოგვიანებით მოვიგონე… ახლა ალბათ თვითონაც მიხვდით – ის ხომ რაღაცნაირია, არაამქვეყნიური,- ნეტარია. ზედმეტსახელიც ხომ ეგ აქვს: „ნეტარი“. სხვებს ჰქვიათ „მარშალი“, კაპიტანი“, „არგონავტი“. ამას კი „ნეტარი“, სწორად დაარქვეს. ის თავის – უფალი ადამიანია, მაგრამ მისი თავისუფლება ერთ სიტყვაში შეიძლება მოთავსდეს: მარტოობა….ამ ქვეყნად ერთი მეგობარიც არ ყავს, სულ მარტოა, მხოლოდ მე და ჩვენი შვილი ვართ მის ცხოვრებაში. ჩვენთანაც, სახლში, ხმის ამოუღებლივ, საათობით ზის, ჭერს უყურებს და ბუტბუტებს: „Aliis lucens, uror“, „ Aliis lucens, uror“, „Aliis lucens, uror“. იცით რას ნიშნავს? „ვუნათებ სხვებს და თვითონ დე დავიწვა.“ მართლა ასეთია, ასე იქცევა. იცით, როცა ხედავს, რომ ვინმეს უჭირს – სული სტკივა. შიმშილის ტკივილს აიტანს კაცი, სულიერ ტკივილს კი ვერა, ამიტომ მზადაა ბოლო ლუკმა, ბოლო ტანსაცმელი გასცეს, ტანსაცმელი კი არა, თუ ვინმეს დასჭირდება, კანს გაიძრობს და იმას მისცემს. … ის მაშინ უბრალოდ მოვიდა და მითხრა: „წავიდეთ!“ და მეც წავყევი და იცით, არ მინანია. არასოდეს მინანია, რომ მას გავყევი. დარდიც ბევრი გვქონდა, საშინელებებიც გადაგვხვდა, ზონაში შესვლის გამო მას აპატიმრებდნენ, სცემდნენ, მაგრამ სტალკერობას მაინც არ გაანება თავი და ისევ მიდიოდა იქ. ბოლოს ციხეშიც ჩასვეს – ხუთი წლით. სულ რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს, მპირდებოდა აღარასოდეს წავალო, მაგრამ, ხომ ნახეთ, თქვენთან ერთად მაინც წავიდა… ხშირად გვშიოდა, ბევრი ტკივილიც განვიცადეთ, იცით, ხანდახან მრცხვენოდა კიდეც… მაგრამ არასდროს არაფერს ვნანობდი და არც არავისი მშურდა. უბრალოდ ასეთია ჩვენი ბედი, ასეთი ცხოვრება გვაქვს, ასეთები ვართ და რას ვიზამთ. ჩვენს ცხოვრებაში მწუხარება რომც არ ყოფილიყო და მხოლოდ უზრუნველად გვეცხოვრა, ეს ისეთია, რომ არ შეიცვლებოდა, უკეთესი მაინც არ გახდებოდა. პირიქით, უარესი იქნებოდა, რადგან მწუხარების გარეშე ბედნიერებას ვერ შევიგრძნობდით, არც ბედნიერება გვექნებოდა და იმედიც არ გვექნებოდა… ვიცი, ისევ წავა იქ, კიდევ წაიყვანს ვინმეს ზონაში…. (სტალკერს) წავიდეთ, ბავშვი მარტოა სახლში.
სტალკერი: -(მიდიან, გზაში) ესენი ჩემი მეგობრები არიან, ჯერ ჯერობით, მხოლოდ ამას მივაღწიეთ.
მწერალი: – „Aliis lucens, uror“,
პროფესორი: – „ვუნათებ სხვებს და თვითონ დე დავიწვა.“
დასასრული


