„ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“
კომედია 2 მოქმედებად
(ნადეჟდა პტუშკინას „სანამ ის კვდებოდა“-ს სიუჟეტური ქარგის მიხედვით)
ქალბატონი სოფიკო – მოხუცი ქალბატონი
თინა – მისი ქალიშვილი
ირაკლი – მათი ახალი ნაცნობი
ლიზა – თინას და ირაკლის “შვილი”
პირველი მოქმედება
ბინაში არაა ელექტროენერგია და ამიტომ სანთლები ანთია. თინა სანთლის შუქზე უკითხავს სავარძელში ჩამჯდარ სოფიკოს გალაქტიონს.
თინა: – ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს…. – რა იყო დედა? გტკივა?
სოფიკო: – არაფერია შვილო, ჩემმა რევმატიზმა შემახსენა თავი, არაუშავს, მთელი ცხოვრებაა რევმატიზმი მაქვს, მიჩვეული ვარ, გააგრძელე, გააგრძელე
თინა: – ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს….
სოფიკო ოხრავს
თინა: – თუ დაიღალე შევწყვიტავ კითხვას.
სოფიკო: – ეგ ჩემი გალაქტიონი დიდი მატყუარა ვინმეა.
თინა: – რატომ?
სოფიკო: – არაფერი არ მათრობს და არ მხიბლავს,
მატყუარაა აბა ვინაა?. მომაშორე თავიდან.
თინა: – გინდა სხვა რამეს წაგიკითხავ.
სოფიკო: – არა. დღეს დამღალა ჩემმა გალაქტიონმა.
თინა: – დაიღალე?
სოფიკო: – არა, მინდა დაგელაპარაკო.
თინა: – ხომ არ ვივახშმოთ.?
სოფიკო: – არა. რაღაც მინდა გკითხო, ოღონდ ერთი პირობით. შენ სიმართლე უნდა მითხრა.
თინა: – რა უნდა მკითხო?
სოფიკო: – არა, არა, სიმართლეს თუ არ მეტყვი, იცოდე, რომ აქვე მოვკვდები შენს თვალწინ, პირობა მომეცი, რომ სიმართლეს მეტყვი.
თინა: – როდის იყო არ გეუბნებოდი სიმართლეს?
სოფიკო: – მაძლევ პირობას თუ გარდავიცვალო ადგილზე?
თინა: – გაძლევ პირობას.
სოფიკო: – თინა, მითხარი პირდაპირ, მე, რომ მოვკვდები, შენ ხო თავისუფლად ამოისუნთქავ? ხომ დაისვენებ?
თინა: – დედა. რას მეუბნები? შენს მეტი ვინ მყავს ამ ქვეყნად.?
სოფიკო: – მიპასუხე!
თინა: – არა!
სოფიკო: – ეჰ, უბედურებაც მაგაშია. როცა ჩემი ასაკის ხალხი ამ ქვეყანას ტოვებს, ისინი იმ რწმენით მიდიან იმ ქვეყნად, რომ მათი წასვლა შვებას, დასვენებას მოუტანს მათ ახლობლებს, მე კი არ მაქვს ეს რწმენა გესმის? არ მაქვს! პირიქით, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ, შენ სულ მარტო დარჩები ამ ქვეყნად და ეს აზრი უფრო მტანჯავს და მიწამლავს ცხოვრების ბოლო წუთებს და წამებს.
თინა: – დედა, ისევ დაიწყე? რა გჭირს?
სოფიკო: – არაფერი, არ მინდა შეგაშინო, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად მოვკვდები.
თინა: – კარგი რა დედა…
სოფიკო: – მაცადე. მე არ მეშინია მაგ სიკვდილის, ერთადერთი რაც მადარდებს ეს შენ ხარ, მე მოვკვდები და დარჩები ასე მარტო, უბედური, უქმრო, უშვილო, გაუთხოვარი…
თინა: – დედა, მთელი ქვეყანა გაუთხოვარი ქალებითაა სავსე.
სოფიკო: – მთელი ქვეყანა არ მაღელვებს, მე მარტო ჩემი ქალიშვილი მაღელვებს, არ მესმის რატომ? რა დავაშავეთ ამისთანა? ლამაზიც ხარ, ჭკვიანიც, უმაღლესი განათლებით, ბინაც გაქვს, სამსახურიც. რატომ უნდა იყო შენ გაუთხოვარი?, არ მესმის.
თინა: – დედა, ჰერკულესის ფაფა გაგიკეთო თუ ბრინჯის?
სოფიკო: – მე შენ სერიოზულ თემაზე გელაპარაკები.
თინა: – მეც ძალიან სერიოზულ თემაზე გელაპარაკები, რომელი გირჩევნია ჰერკულესის თუ ბრინჯის?
სოფიკო: – თინა მოდი, დაჯექი აქ, რაღაც მინდა გკითხო. არასოდეს მიკითხავს შენთვის და ეხლა კი გკითხავ, აი ეხლა, როცა სულ რაღაც ერთი ორი დღე დამრჩა და სიკვდილის სუნთქვას ვგრძნობ, გკითხავ და არ დამიმალო.
თინა: – რა გინდა დედა, რა?
სოფიკო: – გიყვარდა ოდესმე ვინმე?
თინა: – მიყვარდა, როგორ არ მიყვარდა, ერთი ოცი წლის წინ, ნამდვილად მიყვარდა, მოდი მაინც ჰერკულესის ფაფას გაგიკეთებ, ბრინჯის ხომ გუშინ ჭამე… (იწყებს კეთებას)
სოფიკო: – თინა, ბარემ იმასაც გკითხავ… ის გქონდა…?
თინა: – “ის” რა არის დედა?
სოფიკო: – ისა რა. სექ….კავშირი… კაცებთან.
თინა: – დედა.
სოფიკო: – მითხარი რა.
თინა: – გეტყვი, გაგიკვირდება და კავშირი კაცებთნ მქონდა. ოღონდ როგორი კავშირი იყო აღარ მახსოვს, დიდი ხნის წინ იყო, დამავიწყდა.
სოფიკო: – თინა, ბევრი კავშირი გქონდა?
თინა: – არ მახსოვს დედა, დიდი ხნის წინ იყო ეგ, მაგრამ მგონი ორTan ნამდვილად მქონდა.
სოფიკო: – ორთან? ასე ცოტა?
თინა: – მე ხარისხი მაინტერესებდა და არა რაოდენობა.
სოფიკო: – მაინც ცოტაა. მერე? რატომ არ გაყევი ცოლად იმ ორს? არ გინდოდა?
თინა: – მე მინდოდა, იმ ორს არ უნდოდა.
სოფიკო: – იდიოტები. ეხლა რას აკეთებს ის ორი?
თინა: – არ ვიცი, ალბათ ორივეს ყავს ცოლი da შვილი.
სოფიკო: – შენ გააქვს მათთან ურთიერთობა?
თინა: – არა, რაც ცოლები მოიყვანეს არა.
სოფიკო: – სულ ტყუილად, რეზერვში უნდა გყოლოდა, ხომ შეიძლება გაყროდნენ ცოლებს? დარწმუნებული ვარ ეხლა საშინლად ნანობენ, რომ არ მოგიყვანეს ცოლად.
თინა: – რაღაც არა მგონია, გააღე პირი.
სოფიკო: – ეჰ, შენ რომ ეხლა გათხოვილი იყო, არ გამიჭირდებოდა სიკვდილი და ბედნიერი მოვკვდებოდი. ჩემი ბრალია, რომ შენ ასე გაუთხოვარი დარჩი, ისე ვერ გაგზარდე როგორც საჭიროა.
თინა: – კარგი რა დედა, შენი რა ბრალია.
სოფიკო: – ჩემი ბრალია, ჩემი, ნამეტანი წესიერი გაგზარდე, უნდა მეთქვა, გაუღიმე კაცებს თქო. საშინელებაა, ისე ვკვდები, რომ შენს ბედნიერებას ვერ მოვესწარი, აი ეს დარდი მიმყვება თან, ეგ დარდია, რომ მტანჯავს. ეხლა რომ ვიცოდე, რომ გყავს ვინმე პატრონი ადამიანი, რომელიც სიბერეში მოგხედავს, მე სიკვდილიც არ გამიჭირდებოდა და ბედნიერი ღიმილთ გავფრინდებოდი იმ სამყაროში…
ისმის კაკუნი
სოფიკო: აკაკუნებენ. უცნაურია.
თინა: – რატოა უცნაური, მეზობელი იქნება, ალბათ სანთელი უნდა.
სოფიკო: – უცნაურია, რომ აკაკუნებს და არ რეკავს.
თინა: – როგორ დარეკავს, როცა დენი არაა.
სოფიკო: -დენი არაა? მეც არა ვთქვი რატომ დამიბნელდა თვალებშიო, მაინც უცნაურია, ჯერ იკითხე ვინა ხარო, ეგრევე არ გააღო კარები.
თინა გადის კარებთან
თინა: – რომელი ხარ?
ირაკლი: – თიკუნია კუკუნაააააა
თინა: – კუკუნა?
შემოდის ირაკლი (შამპანურით და ყვავილებით.)
ირაკლი: – ჰაი… ვაი, გამარჯობა, ეს თქვენ! (აძლევს შამპანურს და ყვავილებს) მე ირაკლი ვარ… მაპატიეთ ქალბატონო, თქვენ ალბათ თინას დედა ხართ არა?.
თინა: – მე თვითონ ვარ თინა.
ირაკლი: – რაა?
სოფიკო: (ოთახიდან) – თინა, ვინაა?
თინა: – ეხლავე დედა.
ირაკლი: – რა გინდათ მითხრათ, რომ თქვენ ხართ თინა?
თინა: – რით არ მოგწონვართ?
ირაკლი: – და აქ ამ ოჯახში ერთადერთი თინა ხართ?
თინა: – ერთადერთი და განუმეორებელი.
ირაკლი: – მოიცათ, გადავამოწმოთ. ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონი, მესამე კორპუსი, მეხუთე სართული ბინა 67.
თინა: – მესამე ბ კორპუსი.
ირაკლი: – რაა?
თინა: – მესამე ბ კორპუსი.
ირაკლი: – რა, კიდევ არის მესამე ა კორპუსი?
თინა: – ა-ც არის, ბ-ც, გ-ც და დ-ც.
ირაკლი: – აუჰ, რა გამოდის რომ ყველა კორპუსი უნდა ავირბინო მეხუთე სართულზე ამ უშუქობაში?
თინა: – ეგრე გამოდის. დაურეკეთ და კითხეთ რომელ კორპუსშია.
ირაკლი: – დამიჯდა მობილური და ვერ დავტენე.
თინა: – ჩემგან დარეკეთ.
ირაკლი: – ნომერი არ მახსოვს, კარგით თინა დეიდა, ვიპოვნი როგორმე, (ართმევს შამპანურს და ყვავილებს უკან) დიდი მადლობა, აუ რა სიბნელეა თქვენთან.
თინა: – სანთელი აიღეთ.
ირაკლი: – არა, არ მინდა, ნუ წუხდებით, ჩავალ რამენაირად.
თინა: – გამომართვით თორემ ცხვირს წაიტეხთ, ……ვაი.
ირაკლი: – რა მოგივიდათ?
თინა: – თქვენ გაგაფრთხილეთ და მე კი თვითონ დავეცი.
ირაკლი: – რამე ხომ არ მოიტეხეთ?
თინა: – მგონი გადავრჩი, მაგრამ მაგრად მეტკინა.
ირაკლი: – ხომ არ მოგეხმაროთ?
თინა: – არა
ირაკლი: – კარგია, რომ გადარჩით, თორემ
თქვენს ასაკში მოტეხვა ცუდი ამბავია. არ მოგეხმაროთ?
თინა: – არ მჭირდება თქვენი დახმარება, წადით.
ირაკლი: – როგორც მეტყვით, წავალ, მაგრამ იქნებ მოგეხმაროთ, რომ ბინაში შეხვიდეთ, თინა დეიდა, არ გინდათ მოგეხმაროთ?
თინა: (ატირდება) არა, წადით.
ირაკლი: – და რა გატირებთ.
თინა: – მინდა და ვტირი, მაპატიეთ, ნუ მაქცევთ ყურადღებას, მე დედა მიკვდება.
ირაკლი: – რას მეუბნებით, ვიზიარებ, (იღებს ჯიბიდან ფულს) აი ასი ლარი, გამომართვით, დაგჭირდებათ რამეში.
თინა: – თქვენ რა გაგიჟდით?
ირაკლი: – რატომ? დაგჭირდებათ წამლებში, ეხლა ხომ ყველაფერი გაძვირდა. თინა დეიდა გამომართვით, ჩემთვის ეს 100 ლარი არაფერია, გამომართვით გთხოვთ.
თინა: – თქვენ გსიამოვნებთ, რომ მამცირებთ?
ირაკლი: – გამცირებთ? რას ბრძანებთ, მე მთელი სულით და გულით..
სოფიკო: (ბინიდან) თინიკო, რა ხდება? ვინაა მანდ?
თინა: – მოვდივარ დედა, მოვდივარ.
ირაკლი: – მე უბრალოდ დახმარება მინდოდა, თქვენ კი დამეტაკეთ, კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ.
თინა: – მაპატიეთ.
ირაკლი: – არაუშავს, მესმის თქვენი, მე ვიცი რა ძნელია დედის დაკარგვა, გადატანილი მაქვს. გამომართვით ფული.
თინა: – ფული მართლა არ მინდა, დამეხმარეთ ბინაში შესვლაში, დაგეყრდნობით და ისე შევიდეთ.
ირაკლი: – კი ბატონო. გინდათ ხელში აგიყვანთ?
თინა: – რაა?
ირაკლი: – ღონიერი ვარ ნუ გეშინიათ, ეს დამიჭირეთ (აძლევს შამპანურს და ყვავილებს) აი ასე. (აყავს ხელში) საით?
თინა: – იქით, იქით, ფრთხილად.
შედიან ბინაში სოფიკოსთან, ირაკლის თინა ხელში ყავს აყვანილი. თინას შამპანური და ყვავილები უჭირავს.
სოფიკო: – გამარჯობა!
ირაკლი ჩამოსვამს თინას
თინა: – დედიკო, გაიცანი, ეს…ეს.. ეს
ირაკლი: – ირაკლი, ძალიან სასიამოვნოა.
თინა: – ჰო ირაკლი. ეს კი..
სოფიკო: – დღეს შენ ყველას სახელი გავიწყდება?
თინა: – სოფიკო, დედას სოფიკო ჰქვია.
ირაკლი: – ეს ისაა, რო…
თინა: – დიახ, ეს ისაა, ვიზეც მე გიყვებოდით.
სოფიკო: – დიდიხანია იცნობთ თინას?
ირაკლი: – (საათს დახედავს) ერთი ოცი…
თინა: – ოცი ხო, ზუსტად ოცი წელია, ირაკლი, რა სწრაფად გარბის არა დრო?
ირაკლი: – ჰო საშინლად სწრაფად.
სოფიკო: – ძალიან სასიამოვნოა, ირაკლი დაბრძანდით. ირაკლი, რა კარგი სახელია ირაკლი, მეც მყავდა ახალგაზრდობაში ერთი თაყვანისმცემელი ირაკლი და იკაკუშას ვეძახდი, თინა რატომ არ გამაფრთხილე, რომ ასეთ სტუმარს ველოდით, თან ნახე რა ლამაზად მოვიდა, ხელში აგიყვანა, შამპანურით, ყვავილებით, ეხლა აღარ დადიან ასე. აბა სასწრაფოდ სუფრა გაგვიშალე, რაღაც უცებ გავახალგაზრდავდი, რამდენი ხანია ჩვენს ოჯახში შამპანური არ გახსნილა და ვარდების სუნი არ დამდგარა. თინა გახადე კაცს პალტო და სამზარეულოში დატრიალდი, მანამდე კი მე და იკაკუშა აქ ვილაპარაკებთ.
თინა: – იკაკუშა, პალტო მომეცი.
ირაკლი: – ნუ წუხდებით, მე უნდა წავიდე უკვე, (უყურებს ვარდებს, მერე გადაიფიქრებს აღებას, მაგრამ შამპანურს იღებს)
სოფიკო: – გახსენით, გახსენით შამპანური, თინა ეს რა ინტელიგენტი მეგობარი გყოლია, შამპანური, ვარდები, მე მეგონა მარტო ჩემს ახალგაზრდობაში იყვნენ ასეთები. ირაკლი, მე არსად არ გიშვებთ, თინა გახადე კაცს პალტო.
ირაკლი: – მე თვითონ. (იხდის პალტოს და აძლევს თინას)
სოფიკო: – თინა, დაგვიმზადე რამე, მე და იკაკუშა კი წავიჭორავებთ ცოტას.
თინა: – (ირაკლი) ნუ გეშინიათ, მე მალე დავბრუნდები.(გადის)
სოფიკო: – (ირაკლის) იცით, მე თინა ბევრს მიყვებოდა თქვენზე?
ირაკლი: – ჩემზე?
სოფიკო: – რა თქმა უნდა თქვენზე, აბა სხვაზე ვიზე მომიყვებოდა?.
ირაკლი: – მე მგონი თქვენ ვიღაცაში გეშლებით?
სოფიკო: – არა რას ბრძანებთ, მე ქრონიკული რევმატიზმი მაქვს და ფეხები მაქვს წართმეული, გონება კი არა.
ირაკლი: – ეგ არც მიფიქრია. და რას გიყვებოდათ თინა ჩემზე?
სოფიკო: – მხოლოდ კარგს, თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, როგორი პატივისცემით და მოკრძალებითაა თქვენდამი თინა.
ირაკლი: – მართალი ბრძანდებით, წარმოდგენაც კი არ მაქვს.
სოფიკო: – ჩემი გალაქტიონი გიყვართ?
ირაკლი: – უკაცრავად, თქვენი ვინ?
სოფიკო: – გალაქტიონი, გალაქტიონ ტაბიძე.
დავიკრებ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.
თქვენ არ გიყვართ ჩემი გალაქტიონი?
ირაკლი: – კი.. რატო არა… და თქვენი რატოა გალაქტიონი?
სოფიკო: – ჩემია აბა ვისია? მე მისი პოეზიით ვცხოვრობ. გაიგეთ?
ირაკლი: – კი როგორ არა… ბოლომდე ვერა.
სოფიკო: – თქვენ საერთოდ ეგეთი ხართ ხო? თქვენ თავში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ ხო?
ირაკლი: – ხო, ალბათ.
სოფიკო: – სულ ტყუილად, მერე რა, რომ ახალგაზრდობაში რაღაც შეგეშალათ, რომ შეცდომა დაუშვით, არაუშავს, ყველაფერი წინ გაქვთ, თქვენი ასაკი ნუ შეგაშინებთ. დამიჯერეთ ნამდვილი ბედნიერება წინ გაქვთ.
ირაკლი: – ბედნიერება? რა ბედნიერება?
სოფიკო: – ოჯახური. თუ დამიჯერებთ სხვა ბედნიერება არც არსებობს.
ირაკლი: – ააა, გასაგებია.
შემოდის თინა
თინა: შამპანურს არ ასხამთ?
ირაკლი: – მოდით თქვენ უჩემოდ გააგრძელეთ, ქალბატონო სოფიკო, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. (გამოდის დერეფანში)
თინა: – მოიცადეთ (გაყვება სანთლით)
ირაკლი: – შამპანური და ყვავილები დამაწერეთ?
თინა: – მაპატიეთ, ეგრე გამოვიდა, არ მინდოდა, ფულს ეხლავე მოგცემთ.
ირაკლი: – რა ჯანდაბად მინდა თქვენი ფული?
თინა: – ძალიან გთხოვთ მოიცადეთ კიდევ ერთი ნახევარი საათი, გთხოვთ და მერე მე თვითონ მიგაცილებთ მაღაზიამდე და გიყიდით შამპანურს და ყვავილებს.
ირაკლი: – გიჟების ოჯახში მოვხვდი? დაიტოვეთ, ვიყიდი რამენაირად, უთქვენოდ.
თინა: – ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ და დარჩით, კიდევ ერთი 20-25 წუთი, გთხოვთ, დედაჩემის გამო გთხოვთ, ის ხომ კვდება.
ირაკლი: – რაღაც ვერ შევატყე.
თინა: – კი, ნამდვილად კვდება, უბრალოდ თქვენ აჩუქეთ მას კიდევ რამოდენიმე საათი
ირაკლი: – მე ვაჩუქე? რომელი ექიმი ან მღვდელი მე მნახეთ?
თინა: – ყველაფერს აგიხსნით, ოღონდ ცოტა ხანს კიდევ გაჩერდით. თქვენ ხომ იცით, რას ნიშნავს დედის დაკარგვა, გთხოვთ.
ირაკლი: – კარგი, მაგრამ უნდა დავრეკო, ჩემი მობილური დამჯდარია.
თინა: – ჩემგან დარეკეთ არაა პრობლემა.
(აძლევს მობილურს და ტოვებს მას მარტო და შედის დედასთან)
სოფიკო: – თინა, ეს იმ ორიდან ერთ ერთია ხო?
თინა: – დაახლოებით.
სოფიკო: – რომელია? პირველი თუ მეორე?
თინა: – პირველი.
სოფიკო: – ცოლი ყავს?
თინა: – არა.
სოფიკო: – გაცილდა?
თინა: – მერე გეტყვი (გამოდის ირაკლისთან)
ირაკლი: – (ტელეფონში) ფისო, ცოტა მაგვიანდება, ხო ჩემი ტელეფონი დაჯდა და თანამშრომელს გამოვართვი ტელეფონი, ვის? რა მნიშვნელობა აქვს, გოდერძის, არ იცნობ, დაცვაში მუშაობს. ნახევარი საათიც მოიცადე და მაგრად ჩაგიხუტებ, ხო თათბირი გვაქვს აქ, ხო, უცბად დაგვინიშნეს, ნუ მიბრაზდები, ჩემი ფისო ვინაა? მიაუ, მიაუ, ნახევარ საათში შენთან ვიქნები და შენ შემჭამ, შენ აბა მე? მე ხომ შენი თაგუნა ვარ, შენ კიდევ ჩემი ფისო, ხოდა შენ შემჭამ,…კარგი დღეს მე ვიქნები ფისო და შენ კი ჩემი ჩიტი და დღეს მე შეგჭამ, წავედი ეხლა, გკოცნი… ყველგან. (კიდებს)
თინა: – ისე მაგ ჩიტისთვის, რომ გეკითხათ ბუდე რომელ კორპუსში აქვს, კარგი იქნებოდა.
(რეკავს მობილური) ალო გისმენთ, არა რა გოდერძი, რა? რააააა?….(იქით დაკიდეს ყურმილი).. ეტყობა თქვენი ფისო ჩიტუნია იყო და თქვენ გირეკავდათ.
ირაკლი: – რააა? გადმორეკა? რაო, რა გითხრათ?
თინა: – შემაგინა და შე ბოზოო მითხრა.
ირაკლი: – ბოზოო? უზრდელი. ბოდიში.
თინა: – თქვენ რა შუაში ხართ, იმან მითხრა თქვენ ხომ არა.
ირაკლი: – ცოტა გიჟია.. აკადემიაში სწავლობს.. პატარაა და ეპატიება.. 19 წლისაა.
თინა: -19 ის? რაზე ლაპარაკობთ ხოლმე როცა ერთად ხართ?
ირაკლი: – ისე მაინც და მაინც კი არ ვლაპარაკობთ.
თინა: – 19 ისაა და ჩემზე იეჭვიანა, მაგარია.
ირაკლი: – თქვენზე? რა სულელია რომ თქვენზე იეჭვიანა, ნანახი რომ ყავდეთ ხომ არ იეჭვიანებდა.?
რეკავს ტელეფონი
თინა: – ისევ ისაა. ჩიტო, ეხლავე მივცემ ტელეფონს შენს კატას..
ირაკლი: – ფისო გოგო… ყველაფერს აგიხსნი… არა გოგო რომ იცოდე რას გავს… გრძელი ფეხები აქვს თუ არა? მე მგონი ფეხები საერთოდ არა აქვს.
თინა: – არა მაქვს?, მშვენიერი ფეხები მაქვს.
ირაკლი: – შენზე ახალგაზრდა კი არა 60 ს გადაცილებულია აშკარად. გეფიცები.
თინა: – ტყუილად იფიცებით, 39 ის ვარ.
ირაკლი: – დამიკიდა ყურმილი. ბედი არა მაქვს რა, მთელი ორი კვირა დავდევდი და ერთ წამში ყველაფერი წყალში ჩამეყარა.
თინა: – ორი კვირა? რა ამბავია?
ირაკლი: – აბა?
რეკავს ტელეფონი
თინა: – ისევ ისაა. მოიცათ მე დაველაპარაკები. გოგონი დაწყნარდი, ხომ გითხრეს უკვე რომ მე ვარ უფეხებო და სამოცს გადაცილებული…. არ გჯერა? კარგია, რომ არ გჯერა…რა გადავცე?… მოიცა შენ მართლა ეგრე ფიქრობ? მე არა, მე პირიქით, მე ვთვლი, რომ ირაკლი არის ძალიან კეთილი ადამიანი, ლამაზი, ჭკვიანი, განათლებული, ნაკითხი, დიდი ხანია ვიცნობ? კი, ძალიან დიდი ხანია, იქნება ერთი ოცი წელი, შეიძლება მეტიც კი…. კარგი გადავცემ. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი (კიდებს ყურმილს) მთხოვა გადმომეცა, რომ არ იღელვოთ, იცის ვისთან და როგორ გაატაროს დრო.
ირაკლი: – ისე თქვენს ასაკს ამდენი ტყუილი არ ეკადრება.
თინა: – რით არ მოგწონთ ჩემი ასაკი? თვითონ რამდენის ხართ?
ირაკლი: – თქვენ რამდენს მომცემთ?
თინა: – 40 ს
ირაკლი: – მართლა? მადლობა, 46 წლის ვარ.
თინა: – ბნელა აქ და კარგად ვერ შეგათვალიერეთ.
ირაკლი: – რა მინდოდა, რატომ მოგიკაკუნეთ კარებზე… ვაი. (იკიდებს მუცელზე ხელს)
თინა: – რა იყო?
ირაკლი: – გასტრიტი მაქვს და ნერვიულობას, რომ ვიწყებ აი აქ ტკივილი მეწყება.
თინა: – მაგ დროს სასწრაფოდ ჰერკულესის ფაფა უნდა ჭამოთ.
ირაკლი: – მართლა? შველის?
თინა: – ძალიან. ეგრევე ხსნის სპაზმს.
ირაკლი:- გააქვთ ჰერკულესი?
თინა: – სულ ეხლახანს დავამზადე.
ირაკლი: – მაჭამეთ მერე.
თინა: – (შეყავს ბინაში) წამოდით დროზე, დაჯექით, დედა, ირაკლის ჰერკულესის ფაფა უნდა ვაჭამოთ, აი დედასთვის გავაკეთე ზუსტად ეხლა, ჭამეთ.
სოფიკო: – რა თქმა უნდა ვაჭამოთ, გიყვართ ჰერკულესი?
ირაკლი: – ვგიჟდები.
სოფიკო: -თინა შვილო, ვარდები ჩადე წყალში.
თინა: – ხო დედა (იღებს ვარდებს და გააქვს სამზარეულოში)
სოფიკო: – ირაკლი, გახსენით შამპანური ბოლოს და ბოლოს.
ირაკლი ხსნის შამპანურს, შემოდის თინა
თინა: – რას აკეთებთ?
ირაკლი: – შამპანურს ვასხამ.
თინა: – დედასთვის არ შეიძლება, ექიმმა აუკრძალა, შენთვისაც არ შეიძლება, მარტო მე დამისხით, მე დავლევ.
სოფიკო: – და ირაკლისთვის რატომ არ შეიძლება დალევა? რა, ლოთია?
ირაკლი: – არა, მე საჭესთან ვარ.
სოფიკო: – რასთან ხართ?
ირაკლი: – საჭესთან, მძღოლი ვარ, მძღოლი.
სოფიკო: – აა, მძღოლი? რა გინდა თინა, მშვენიერი პროფესიაა – მძღოლი. ვის ატარებთ?
ირაკლი: – საკუთარ თავს.
სოფიკო: – მანქანა თქვენია?
ირაკლი: – დიახ. რატომ გიკვირთ? მშვენიერი ახალი მანქანა მყავს, ტოიოტა რაფ 4.
სოფიკო: – საიდან გაქვთ ახალი მანქანა?
თინა: – დედა, რა კითხვებია?
სოფიკო: – ლატარეაში მოიგეთ?
ირაკლი: – არა.
სოფიკო: – აბა?
ირაკლი: – ვიყიდე.
სოფიკო: – ახალი მანქანა იყიდეთ?
ირაკლი: – დიახ.
სოფიკო: – ალბათ მთელი ცხოვრება აგროვებდით ფულს არა?
ირაკლი: – არა, მე უბრალოდ კარგი სამსახური მაქვს. თუმცა იყო დრო, როდესაც მართლა ვაგროვებდი ფულს მანქანის საყიდლად, მაგრამ მაშინ ვერ ვიყიდე.
თინა: – მოდი დავლიოთ, გაგვიმარჯოს, თქვენ მომიჭახუნეთ და დალევით მარტო მე დავლევ.
სოფიკო: – თქვენ გაგიმარჯოთ ირაკლი, თქვენ და თინას, ეხლა მაინც გამოგივიდეთ რამე.
ირაკლი: – მე მგონი იმაზე მეტი გამომივიდა ვიდრე წარმოვიდგენდი.
სოფიკო: – რა ლამაზად თქვა.
თინა: (გადაჰკრავს) ვაი, ეგრევე დამარტყა თავში.
სოფიკო: – იცით ირაკლი, თინა საერთოდ არ სვამს. ისე, ცოტა სასაცილოა სუფრასთან ქალი სვამს და კაცი კი ჰერკულესის ფაფას სჭამს.
ირაკლი: – მე მგონი ოცდაათ წელზე მეტია რაც ჰერკულესი არ მიჭამია. ბავშვობაში დედა სულ მაძალებდა ჭამე, თუ გინდა გოლიათი გამოხვიდეო, არ ვუჯერებდი და აი გოლიათიც მაგიტომ არ გამოვედი, თურმე რა გემრიელი ყოფილა, შეიძლება კიდევ გადავიღო?
თინა: – რა თქმა უნდა.
სოფიკო: – რა კარგი მჭამელი ყოფილხართ.
ირაკლი: – მიყვარს სახლში გაკეთებული საჭმელები, შეგიძლიათ რეკომენდაცია გამიწიოთ ახლობლებში, მივალ მათთან და შევუჭამ ყველაფერს რაც სახლში ექნებათ.
სოფიკო: – თინა, ძალიან მომწონს მე შენი ირაკლი, ძალიან. ირაკლი, როგორ მოძებნეთ თინა ამდენი წლის შემდეგ?
ირაკლი: – არ ვიცი, გამიმართლა ალბათ.
სოფიკო: – აი, ნამდვილი მამაკაცის პასუხი და ეს წლები იმედი არ დაგიკარგავთ, რომ იპოვნიდით ჩემს თინას?
ირაკლი: – რას ამბობთ? მხოლოდ ეგ იმედი მაცოცხლებდა.
სოფიკო:- ღმერთო რა კარგი ბიჭია, რა არის ცხოვრება არა? ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ცხოვრების სულ ბოლო დღეებში ასეთ საჩუქარს მივიღებდი, იცით ეხლა თითქოს აღარც კი მეშინია სიკვდილის.
ირაკლი: – მართალს ბრძანებთ, უცნაური რამაა ცხოვრება, ერთი საათის წინ მეც ვერ წარმოვიდგენდი და ბევრს ვიცინებდი ჩემთვის რომ ეთქვათ საღამოს გაატარებ ჰერკულესის ჭამაშიო.
სოფიკო: – ჰოდა მაგას გაუმარჯოს, რომ ვერ წარმოიდგენ და რომ მოხდება. თინა შენ ყველას მაგივრად სვამ.
თინა სვამს და აუტყდება სიცილი
სოფიკო: – თინიკოს დღეს ეპატიება-ბედნიერია, ეს თქვენი დამსახურებაა ირაკლი, რამდენი წელია არ გინახავთ ერთმანეთი, შეიცვალა?
ირაკლი: – დიახ შეიცვალა, ოღონდ უკეთესობისაკენ.
თინა ისხამს და სვამს.
სოფიკო: – თინა, თინა, ზომიერება ყველაფერში საჭიროა შვილო.
ირაკლი: – რას ამბობთ, ეს რა სმაა, აი ოცი წლის წინ სვამდა თინა თუ სვამდა, აი სმა ის იყო. ყველას დაგვყრიდა ხოლმე სუფრაზე.
სოფიკო: – მართლა თინიკო? არ ვიცოდი.
თინა: – ხუმრობს დედა.
ირაკლი: – კარგი რა დაგემართა, ამდენი დრო გავიდა მას მერე, დასამალი რაა? იცით ქალბატონო სოფიკო, არასოდეს დამავიწყდება, ერთხელ, რიყეზე რომ სახაშე იყო, იქ ვიყავით და თინამ იმდენი დალია, რომ მერე მაგიდაზე აძვრა და იქ დაიწყო ცეკვა, თავისი მოკლე კაბა უფრო აიწია და ისე მაგრად იცეკვა მთელი სახაშე ტაშს უკრავდა.
სოფიკო: – შენ სახაშეში დადიოდი შვილო?
ირაკლი: – დღე გამოშვებით. მამაკაცები ჭკუას კარგავდნენ თინაზე, მის დანახვაზე ყმუილს იწყებდნენ, მე კიდევ ეჭვიანობისაგან თითებს ვიჭამდი.
სოფიკო: – რა სწორადაა ნათქვამი, რომ დედები ყველაზე ბოლოს გებულობენ შვილებზე სიმართლეს, ეხლა მივხვდი ირაკლი, რატომ არ მოიყვანეთ მაშინ ცოლად ჩემი თინა. მაგრამ იცით, ეხლა ეს ის თინა აღარაა, არც სვამს და აღარც კაცები ყმუიან …
ირაკლი: – არ ვიცი, არ ვიცი…
სოფიკო: -გეფიცებით ეგრეა, მოკლე კაბასაც არ ატარებს…
თინა: – დედა იცი, ირაკლიც მაგრად შეიცვალა, მაშინ მორიდებული იყო, ხმას ვერ ამოაღებინებდი და ეხლა კი… ეხლა კი, დღეს გაბედა და ბოლოს და ბოლოს ხელი მთხოვა.
სოფიკო: – მართლა? თინა, შენ თხოვდები? იკაკუშას მიყვები ცოლად? რა ბედნიერებაა.
თინა: – მე ვფიქრობ ჯერ დედა.
სოფიკო: – არ გამაგიჟო, რა დროს ფიქრია.
ირაკლი: – ქალბატონო სოფიკო, ნუ ავაჩქარებთ, იფიქროს, იფიქროს, სადაც ამდენი წელი ვიცადე, კიდევ მოვიცდი ცოტას.
თინა: – დიდი მადლობა ირაკლი, შესანიშნავი საღამო გავატარეთ, დედიკო, გავუშვათ ხო ირაკლი?, მე ვიცი, რომ ირაკლის ეჩქარება.
ირაკლი: – არსადაც არ მეჩქარება, ასე რომ, ნურსად ნუ გამიშვებთ, მით უფრო, რომ წასასვლელიც არსად მაქვს, თან ქალბატონო სოფიკო, ეს ოცი წლის წინანდელი მოგონებები მაწვებიან და მაწვებიან.
თინა: – ირაკლი, დედას დასვენება უნდა, დავასვენოთ.
სოფიკო: – რას ამბობ შვილო, ასეთი დასვენებული არც მახსოვს როდის ვიყავი, ირაკლი შვილო, იცი ჩვენ, გორთან გვაქვს პატარა ნაკვეთი და პატარა ხის სახლი, დიდი სახლის ჩადგმა ვერ მოვასწარით, სწორედ მაშინ აირია ქვეყანა, თქვენ თუ ააშენებთ იქ დიდ სახლს, ხომ კარგი, და თუ ვერა, არც ეგაა პრობლემა, მოკლედ შაბათ კვირას ივლით, მწვანილს დათესავთ, პამიდორი, კიტრი, კარტოფილი – ყველაფერი კარგად ხარობს, ვაშლებს კი საერთოდ მიაქვს იქაურობა, ხომ გინდა?
ირაკლი: – ვგიჟდები. გორის ვაშლს ხომ მთელს მსოფლიოში აქვს სახელი გავარდნილი. ძალიან დიდი მადლობა.
სოფიკო: – ესე იგი მოუვლით? რა კარგია, თორემ უპატრონოდ გვქონდა მიგდებული იქაურობა.
ირაკლი: – მოვუვლით აუცილებლად, სულ ავაყვავებთ იქაურობას. თუ ვაშლის კარგი მოსავალი გვექნება შეგვიძლია ექსპორტზეც გავიტანოთ, არა თინა? მარტო ვაშლი? ატამიც ხომ კარგად ხარობს…
სოფიკო: – ირაკლი, შენ მონათლული ხარ?
ირაკლი: – დიახ.
სოფიკო: – ძალიან კარგი, მოდით აქ ორივე, დადექით. თინა ჩემი ოთახიდან ნიკოლოზის ხატი გამომიტანე.
თინა: – დედა…
სოფიკო: – გააკეთე რასაც გეუბნები, მე ძალიან ცოტა დრო დამრჩა, დროს ვერ დავკარგავ…
თინა: – დედა…
სოფიკო: -მე ვგრძნობ,რომ ძალიან მალე მოვკვდები, შეიძლება დღეს ღამე ან ხვალ დილით მაინც…
(თინას მოაქვს საძინებლიდან ხატი და აძლევს.)
დადექით ერთად. შვილებო, ღმერთი იყოს თქვენი მწყალობელი, იცხოვრეთ დიდხანს და ტკბილად. გაუფრთხილდით ერთმანეთს, დამილოცნიხართ.
თინა: – დედა არ გინდა…
სოფიკო: – ნუ მაწყვეტინებ, დამიჯერე, ეს ქალის ცხოვრებაში ყველაზე მშვენიერი წუთებია, ასე დაგვლოცა მე და მამაშენი შენმა ბაბუამ და აი ეს ბეჭედი მაჩუქა, ვეღარ ვიხსნი. ირაკლი, ამ ბეჭდითვე დამასაფლავეთ.
ირაკლი: – აუცილებლად.
სოფიკო: – ჯვარი უკვე მერე დაიწერეთ. თინა ხატი დადე თავის ადგილზე. ირაკლი შვილო, როგორ უყურებ ჯვრისწერას?
ირაკლი: – რა ვიცი, კარგად, ლამაზია.
სოფიკო: – თინა დამპირდი, რომ ჯვარს დაიწერთ.
თინა: – დედა ჯერ იმდენი რამ გვაქვს გადასაწყვიტი.
სოფიკო: – რა ჯიუტი ვინმეა, იცი ირაკლი, თინა არასოდეს არ ეძებდა კაცებს, არასოდეს, ამ დროს, მეგობარი ყავდა ერთი qeTa..
თინა: – ირაკლის არ აინტერესებს ჩემი მეგობრები…
ირაკლი: – რატო არ მაინტერესებს, ძალიანაც მაინტერესებს ყველაფერი.
სოფიკო: – ხედავ? ირაკლის ნამდვილად უყვარხარ, ადამიანს როცა უყვარხარ ყველაფერი აინტერესებს, მოკლედ, ყავდა თინას მეგობარი ქეთა და იცი რას აკეთებდა ეს ქეთა? ქუჩაში, რომ დაინახავდა ვინმე სიმპათიურ კაცს, მიუახლოვდებოდა და ვითომ ფეხი დაუცდაო, წაიბორძიკებდა და იმ კაცს ჩამოეკიდებოდა, მერე სთხოვდა ბინაში მიმაცილეო, ფეხზე ვერ ვდგევარო, აი ესე გათხოვდა ხუთჯერ.
ირაკლი: – რა მაგარი ხერხი მოუგონია იმ ქეთას.
სოფიკო: – აბა, ჩემი თინა კი ვერც ერთხელ ვერ გათხოვდა. თქვენ ქორწილი როდის გექნებათ?
თინა: – დედა, ჩვენ ჯერ არ ვჩქარობთ.
სოფიკო: – მართალი ხარ, არ უნდა იჩქაროთ, მაგრამ არც უნდა გაწელოთ. ერთი კვირის მერე? რას იტყვი ირაკლი?
ირაკლი:- არა ვერ მოვასწრებთ, ქვეყნის ხალხი მეყოლება დასაპატიჟებელი, ამდენი ხანი ვიცადე და პატარა ქორწილს ხომ არ გადავიხდი, ერთი ხუთასი კაცი ხომ მაინც უნდა დავპატიჟო? მე ვფიქრობ ასე ერთ სამ თვეში.
სოფიკო: – არა, მაგდენ ხანს ვერ გავძლებ, გული მიგრძნობს, ერთი ორი კვირა თუ დამრჩა, მართალია მოვინდომებ, რომ გავძლო სამი თვე, მაგრამ არა მგონია…
ირაკლი: -ქალბატონო სოფიკო, ძალიან გთხოვთ ეხლა ჩვენს გამო გეგმებს ნუ შეცვლით.
თინა: – ირაკლი.
სოფიკო: – და რომ მოვკვდები, ქორწილს გლოვის გამო, ძალიან ხომ არ გადადებთ? მარტო 40 დღე იგლოვეთ, მეტი არა.
ირაკლი: – რას ამბობთ, რაღა დროს გლოვაა, 40 დღესაც არ მოვუცდით…
თინა: – ირაკლი…შენი წასვლის დროა.
სოფიკო: – ირაკლი, ხვალ საღამოს მოდი და ყველაფერი დაწვრილებით მოვილაპარაკოთ.
თინა: – არ გამოვა, ირაკლი ხვალ მიდის მივლინებაში.
ირაკლი: – მე? ხო,გამახსენდა, ხვალ მივდივარ მივლინებაში.
სოფიკო: – რამდენი ხნით?
თინა: – ორი სამი თვით.
სოფიკო: – გასაგებია, ყველაფერი გასაგებია, ჩემს გამო არ მიყვები ირაკლის მივლინებაში, იცი ირაკლი, მთელი ცხოვრება მე ვუშლიდი ხელს, აი ეხლაც, მე რომ არ ვიყო მოსავლელი, ხო წამოვიდოდა შენთან ერთად მივლინებაში არა?
თინა: – რას ამბობ დედა? სად უნდა წავსულიყავი, იცი სად მიდის ირაკლი?
სოფიკო: – სად?
ირაკლი: – სად?
თინა: – უდაბნოში, საჰარაში, ეგვიპტეში, საჰარის უდაბნოში აქვს საქმე, იქ კი +40 გრადუსია, გველებია, ხო იცი მე როგორ მეშინია გველების, იქ რა წამიყვანს.
სოფიკო: – და უდაბნოში რას აკეთებ ირაკლი?
ირაკლი: – აბა თინა გვითხარი უდაბნოში რას ვაკეთებ?
თინა: – აქლემებზე აწარმოებს დაკვირვებას, ირაკლი ხო ზოოლოგია. მას ძირითადად აინტერესებს აქლემები, ფისოები, თაგუნიები …
ირაკლი: – მადლობა, რომ ასე კარგად იცი ჩემზე ყველაფერი.
თინა: – მაგრამ ირაკლი ყოველდღე დამირეკავს ეგვიპტიდან, არა ირაკლი?
ირაკლი: – რა თქმა უნდა, ქალბატონო სოფიკო, ვგიჟდები უდაბნოდან ტელეფონით რეკვაზე, მზე წვავს უდაბნოს, თავზე 40 გრადუსი სიცხე გაჭერს, შენ კი უდარდელად აქლემზე ზიხარ და ტელეფონით ელაპარაკები თბილისს.
(ბინაში მოდის ელექტროენერგია)
აი მზე ვახსენე და სინათლეც მოვიდა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ლიფტი ამუშავდა, კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო სოფიკო, მე ყოველ დღე დავურეკავ თინიკოს.
სოფიკო: – თავს გაუფრთხილდი შვილო, მე უკვე შვილად გთვლი, ამიტომ დამიძახე შენც დედა.
ირაკლი: – კარგად იყავი დედა და შენც გაუფრთხილდი თავს.
თინა და ირაკლი გამოდიან დერეფანში.
ირაკლი იცმევს პალტოს.
ირაკლი: – ცოტაც და კოსმოსშიც გამიშვებდი, რომელიმე გალაქტიკაზე.
თინა: – შენ მაგარი მსახიობი ყოფილხარ. დიდი მადლობა ყველაფრისათვის. ძალიან გაბრაზდი?
ირაკლი: – არა, გავერთე ძალიან, ერთადერთი…
თინა: – რა?
ირაკლი: – ცოტა ის მაწუხებს, ნიკოლოზის ხატის წინ, რომ პირობა დავდე…
თინა: – მაგაზე ნუ ფიქრობ.
ირაკლი: – შეიძლება მაინც და მაინც დიდი მორწმუნე არ ვარ, მაგრამ, როგორც ვიცი ღმერთს იუმორის გრძნობა არ აქვს და ეგეთი რამე შეიძლება არ მაპატიოს.
თინა: – ნუ გეშინია, ის ნიკოლოზის ხატი არ იყო, მე დედას გალაქტიონის პორტრეტი გამოვუტანე, გალაქტიონს კი აქვს იუმორის გრძნობა.
ირაკლი:- არ არსებობს…
ირაკლი შერბის ოთახში უყურებს გალაქტიონის პორტრეტს და ბრუნდება.
თინა: – დარწმუნდი?
ირაკლი: – ის შენი მეგობარი, ხუთჯერ რომ გათხოვდა, ქეთა, შენთან შედარებით ფრთიანი ანგელოზი ყოფილა.
თინა: – დიდი მადლობა, აბა კარგად ბრძანდებოდეთ, მომიკითხეთ ფისუნია და ჩიტუნია.
ირაკლი: – აუცილებლად გადავცემ მოკითხვას. ნახვამდის.
თინა: – მშვიდობით.
ირაკლი: – ხვალ შემოვიხედავ, დედიკოს მოვიკითხავ.
თინა: – არაა საჭირო ნუ შეწუხდები.
ირაკლი: – არა, არ შევწუხდები, მაინც აქეთ ვიქნები და ამოვირბენ ცოტა ხნით.
თინა: – აქეთ?
ირაკლი: – დიახ აქეთ, გვერდით კორპუსში.
თინა: – ციყვთან?
ირაკლი: – ვისთან?
თინა: – ფისოსთან, ჩიტთან, რა მნიშვნელობა აქვს.
ირაკლი: – არა, არა, მე ხომ ეგრეც ვერ გავიგე, რომელ კორპუსში ცხოვრობს, აქვე მეგობარი ცხოვრობს, გოდერძი.
თინა: – ააა, ის დაცვაში როა ხო.
ირაკლი: – ხო. (პაუზა) მე რამე გაწყენინე?
თინა: – არა, არა, პირიქით, დიდი მადლობა ყველაფრისათვის, მაგრამ მოსვლა აღარაა საჭირო.
ირაკლი: – და რას ეტყვი მე რომ აღარ გამოვჩნდები? ავტოკატასტროფაში მომკლავ? თუ ვინმე ბანდიტი მიმასიკვდილებს სადარბაზოში? იცი, ჯობია, რომ როგორც გმირი მომკლა, უთხარი მტკვარში ხალხი იღრჩობოდა, ირაკლი გადახტა, ხალხი გადაარჩინა და თვითონ კი დაიღუპაო.
თინა: – არა, არ მოგკლავ, იცოცხლე. მოვიფიქრებ რამეს, წარმოდგენაც არ გაქვს რა ფანტაზიორი ვარ.
ირაკლი: – როგორ არა მაქვს წარმოდგენა, საინტერესო იქნება იმის მოსმენა რას მოუყვები ჩემზე.
თინა: – მე დედას შენს წერილებს წავუკითხავ.
ირაკლი: – წერილებს? ააა, ხო უდაბნოდან, ეგვიპტიდან, “ძვირფასო თინა, ვზივარ აქლემზე, პირამიდების პირას და გწერ ამ წერილს,”ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები”, წუხელის დამესიზმრა თითქოს მე და შენ ..” ინტიმურ ადგილებს ხმამაღლა მაინც ნუ წაიკითხავ. მაგარია, მაგარი გართობაა.
თინა: – ხო, შენი წერილები გააფერადებენ ჩვენს შავ თეთრ მონოტონურ ცხოვრებას. იცი როგორ ვცხოვრობ? ყოველდღე ერთი და იგივე გრაფიკი მაქვს: სამსახური, მაღაზია, აფთიაქი, სახლი, სამსახური, მაღაზია, აფთიაქი, სახლი… სახლში კი წამლების მიღება, სარეცხი, დალაგება, საჭმლის დამზადება, დედის მოვლა და გალაქტიონი, გალაქტიონი, გალაქტიონი…..აი ესაა ჩემი ცხოვრების გრაფიკი, ბოლო ათი წელია არც კინოში ვყოფილვარ, არც თეატრში, არც სადმე სტუმრად, ყოველ საღამოს ვზივარ სახლში და ვკითხულობ გალაქტიონს და ამ გრაფიკიდან ათი წელია წამით არ გადამიხვევია.
ირაკლი: – ათი ?
თინა: – ხო, ათი წელია, რაც დედა ფეხზე ვერ დგება. კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ გიყვები როგორ ვცხოვრობთ მე და დედა. მე და დედა ერთმანეთს მივეჯაჭვეთ და ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია ცხოვრება, არ ვიცი რას ვიზამ როცა ის აღარ იქნება, შეიძლება თავი მოვიკლა, იმიტომ, რომ აღარავინ მეყოლება ამ ქვეყნად. ეხლა ის ვიცი, რომ დედას ვჭირდები და მისთვის ვცხოვრობ და მერე? მერე რა ვქნა? დედამ იცის ეს და ამიტომ ეშინია ჩემი მარტოდ დატოვების, ამიტომ მოვიგონე ეს ყველაფერი, მინდა ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, რომ არ იფიქროს, რომ მარტოს მტოვებს.
ირაკლი: – და რატომ არ გინდა ვინმე რეალური იპოვნო, რომ მართლა მარტო არ დარჩე?
თინა: – ვინ ვიპოვო? ან სად ვიპოვნო? ან როდის ვიპოვნო? თანაც ოცი წლის რომ ვიყავი მაშინ არ გავყევი ცოლად და ეხლა… ცოტა ხანში ორმოცს მივუკაკუნებ. კარგი, მაპატიე, რომ საღამო დაგაკარგვინე.
ირაკლი: – სულაც არა, შესანიშნავი საღამო იყო, მაგრად გავერთე, მე შემოგირბენთ კიდევ, კარგი.?
თინა: – არა.
ირაკლი: – ასე არ მოგეწონე?
თინა: – პირიქით, სამწუხაროდ ზედმეტად მომეწონე. მშვიდობით.
ირაკლი: – იცი მეც ძალიან მომწონხარ, შენც, დედაშენიც და მართლა მინდა კიდევ გნახოთ ორივე.
თინა: – არაა საჭირო. აღარ მოხვიდე.
ირაკლი: – მაშინ ტელეფონის ნომერი ჩამაწერინე დაგირეკავ ხოლმე.
თინა: – ეგეც არაა საჭირო.
ირაკლი: – იქნებ…
თინა: – არა.
ირაკლი: – მე მარტო…
თინა: – მადლობა, არ მინდა.
ირაკლი: – ნახვამდის (წავიდა და ისევ მობრუნდა) დამეთანხმე, რომ სისულელეა ასე დავამთავროთ ეს ურთიერთობა..
თინა: – გეთანხმები, მაგრამ მშვიდობით.
ირაკლი: – დარწმუნებული ხარ?
თინა: – აბსოლუტურად.
ირაკლი: – ვერაფრით ვერ…
თინა: – ვერაფრით.
ირაკლი: – და მაინც…
თინა: – გთხოვ წადი, მეც დედას უნდა მივხედო უკვე. მშვიდობით.
ირაკლი: – ნახვამდის, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.
თინა: – ჩემთვისაც.
ირაკლი: – ეხლა მართლა ავდგე და ასე გავიდე?
თინა: – გადი (გატენის გარეთ და კარს დაკეტავს, შედის დედასთან)
სოფიკო: – თინა, ნურაფერს მეტყვი,მე ყველაფერს მივხვდი.
პაუზა
თინა: – მაინც მიხვდი დედა? მაპატიე.
სოფიკო: – რა თქმა უნდა მივხვდი, ეგრევე მივხვდი, მე ხომ არც ბრმა ვარ, არც ყრუ და არც ჭკუა არ დამიკარგავს.
თინა: – მაპატიე დედა, მე მინდოდა, რომ შენ უკეთ ყოფილიყავი. მაპატიე.
სოფიკო: – რა გაპატიო? შენი ბედნიერება გაპატიო?
თინა: – რაა?
სოფიკო: – გეყოფა, ნუ მიმალავ, მე ყველაფერს მივხვდი, მე დედა ვარ და დედის გული კი ყველაფერს ხვდება, მე ყველაფერი ვიცი და ყველაფერს ვხედავ, ვხედავ როგორ უყვარხარ ირაკლის და ვხედავ როგორ გიყვარს შენ ირაკლი, თქვენ ორივე ისე ანათებთ ამ სიყვარულით, რომ ამას ბრმაც კი დაინახავდა.
თინა: – მართლა?
სოფიკო: – იცი მე ეხლა უკვე ბედნიერი მოვკვდები.
თინა: – და რაღატომ ტირი დედა?
სოფიკო: – ბედნიერებისგანაც ტირიან შვილო, რა ეგოისტია არა ადამიანი, შენს გათხოვებას უკვე შევეგუე და ეხლა მინდა შვილიშვილსაც მოვესწრო. არ იცი როგორ მინდა შვილიშვილი, გოგო, ჩემი ბრალია ყველაფერი, ჩემს გამო ჩაჯექი სახლში.
თინა: – კარგი რა დედა, არავინ არ მჭირდება, მე ძალიანაც კარგად ვგრძნობ თავს შენთან.
სოფიკო: – უფრო კარგად არ ვიქნებოდით, ეხლა შვილიშვილები, რომ დარბოდნენ აქ?
თინა: – დედა შენი აღელვება არ შეიძლება, მოდი ვალერიანის წვეთებს დაგალევინებ.
სოფიკო:- ჩემი ცხოვრების ბოლო დღეებში ჩემს შვილს, მხოლოდ ვალერიანის წვეთების მოცემა შეუძლია. გამაგებინე, რატომ არ გაყევი ირაკლის ოცი წლის წინ? რა დაუწუნე? მშვენიერი კაცია, ოცი წლის წინ კიდევ უკეთესი იქნებოდა და ეხლა თქვენ 19 წლის შვილი გეყოლებოდათ, ანგელოზივით გოგო.
თინა: – მაპატიე დედა, სულელი ვიყავი.
სოფიკო: – არაუშავს, რადგან ეხლა მაინც თხოვდები, მე ბედნიერი მოვკვდები. უარს ხო არ ეტყვი ირაკლის?
თინა: – დედა მე არავინ მინდა შენს გარდა.
სოფიკო: – გაგიჟდი? მე ხომ არ გამომყვები ცოლად? (იცინის) აუცილებლად გაყევი ცოლად, აუცილებლად. მე არ ვიქნები, მაგრამ იცოდე, შენს ქორწილში მაინც მოვალ, იმ სამყაროდან მოვფრინდები და მაგრადაც ვიცეკვებ, როცა სული ვიქნები რევმატიზმი ხომ აღარ მექნება?
თინა: – მე, რომ შენი ამბავი ვიცი, იქაც რევმატიზმი გექნება.
სოფიკო: – ხო ბედნიერი ხარ შვილო?
თინა: – ჰო დედა, ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი.
სოფიკო: – ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს…
მეორე მოქმედება
მეორე საღამო, იგივე სიტუაცია რაც პიესის დასაწყისში.
თინა: – (უკითხავს სოფიკოს გალაქტიონს)
ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, –
რომელი საათია? რომელი საათია?
ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?
იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე –
რომელი საათია?
– მართლა, რომელი საათია?
სოფიკო: – მე მეკითხები?
თინა: – ცხრა დაიწყო.
სოფიკო: – რა ლამაზი ვარდებია, მომიწიე ახლოს. არ ვივახშმოთ?
თინა: – გინდა უკვე?
სოფიკო: – რა, ვინმეს ვუცდით?
თინა: – არა, ვის შეიძლება, რომ ვუცდიდეთ?
სოფიკო: – არ ვიცი, დღეს რაღაც უცნაური ხარ, ბებიის ნაჩუქარი ბანტი გიკეთია, თითქოს განსაკუთრებული დღეაო.
თინა: – (ნერვიულად ეცინება) რატოა განსაკუთრებული, ამ ბანტის გამო? მე ხშირად ვიკეთებ, მიყვარს, წინა კვირასაც მეკეთა.
სოფიკო: – ხოო? დილიდან საჭმლის მზადებაში ხარ. რა დაამზადე?
თინა: – დიდი არაფერი, ტორტი გამოვაცხე.
სოფიკო: – ტორტი? რამდენი ხანია ტორტი არ გამოგიცხია. მოხდა რამე?
თინა: – არაფერი.
სოფიკო: – ირაკლი უკვე გაფრინდა?
თინა: – ჰო, ჰაერშია ალბათ ეხლა.
სოფიკო: – არაფერი მესმის, აბა ტორტი რატომ გამოაცხე.?
ზარი კარებზე
სოფიკო: – ესეიგი ვიღაც მაინც დაპატიჟე. ვინ?
თინა: -ჰო, სიურპრიზია.
სოფიკო: – ირაკლია ხო?
თინა: – არა დედა, ხო გითხარი ირაკლი გაფრინდა, ეხლა უკვე ჰაერშია.
სოფიკო: – აბა ვინ? არ გადამრიო.
თინა: – ეხლავე.
მიდის კართან, აღებს, შემოდის ირაკლი ყვავილებით
ირაკლი: – მოგესალმებით. ეს თქვენ.
თინა: – (არ ართმევს) თქვენ მივლინებაში ხართ, საჰარას უდაბნოში, დაგავიწყდათ?
ირაკლი: – არ გესმით კარებთან აქლემის ქოშინი?, ლიფტში ვერ შეეტია და ძლივს ამოვიდა საწყალი მეხუთე სართულზე, ვიჯექი უდაბნოში და უცებ ძალიან მომენატრა ჩემი საცოლე, მოვახტი აქლემს და ჭენებ ჭენებით მოვქანდით აქ.
თინა: – სასიამოვნოა, კარგად ბრძანდებოდეთ.
ირაკლი: – არა, ასე უცებ ვერ წავალ, უნდა დავისვენო, ასაკში ვარ უკვე, თქვენსავით ახალგაზრდა კი არა ვარ. დედა როგორაა? ეს ყვავილები მას გადაეცით.
თინა: – (არ ართმევს) დიდი მადლობა, გუშინდელი ყვავილები ჯერ კიდევ აქვს.
ირაკლი: – რა კარგია, გუშინდელს დღევანდელიც დაემატება.
თინა: – აქ სადღაც ახლოს ერთი 19 წლის ფისო ცხოვრობს, ჯობია მას წაუღოთ.
სოფიკო: – თინა, ვინაა?
თინა: – არავინ დედა, არავინ.
ირაკლი: – არავინ არაა, მარტო მე ვარ დედა.
სოფიკო: – ირაკლი?! და რატომ არ შემოდიხარ?
თინა: – ეჩქარება დედა
ირაკლი: – თქვენი ნახვა მეჩქარება დედა.
თინა: – მერე? რატომ არ შემოდიხარ?
ირაკლი: – მოვდივარ.
თინა: – ოღონდ ძალიან გთხოვ ძალიან ცოტა ხნით.
ირაკლი შედის ოთახში და აძლევს ყვავილებს სოფიკოს
ირაკლი: – ეს თქვენ.
სოფიკო: – ირაკლი, რა კარგია, რომ მოხვედი, თინამ მითხრა არ მოვა, ჰაერშიაო უკვე, მაგრამ მე ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, ვიცოდი, დილიდან გიცდიდა, მთელი დღე სამზარეულოში ტრიალებდა, ტორტიც კი გამოაცხო.
ირაკლი: – მართლა თინა?
თინა: – მე შენ არ გიცდიდი.
სოფიკო: – აბა ვის უცდიდი?
თინა: – მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ უკვე გაფრინდი. ეხლა რომ დაგინახე..
ირაკლი: – რა?
თინა: – გამიკვირდა.
ირაკლი: – თუ გაგიხარდა?
თინა: – გამიკვირდა.
სოფიკო: – ირაკლი გაიხადე პალტო და მოიქეცი ისე, როგორც ადამიანი იქცევა საკუთარ ოჯახში, თინა ჩადე ყვავილები სადმე.
(თინა ართმევს ყვავილებს და გადის სამზარეულოში)
სოფიკო: – მივლინება გადაიდო?
ირაკლი: – საერთოდ გადავიფიქრე წასვლა, ქალბატონო სოფიკო, იცით, ამომივიდა ყელში ამ უდაბნოში წანწალი, მომბეზრდა, აღარ წავალ იქ საერთოდ.. და ახალ წელს თქვენთან ერთად შევხვდები.
შემოდის თინა
თინა: – რაზე ჭორაობთ?
ირაკლი: -არ შეიძლება, რომ ჩვენი საიდუმლო გვქონდეს მე და დედას?
ირაკლი: – ირაკლი შენ თვითფრინავზე დაგაგვიანდება.
სოფიკო: – ირაკლი უთხარი, თინა შენ არც კი იცი, რა სიხარული გელის.
თინა: – მართლა? აბა მითხარი.
ირაკლი: – იცი, მე, აღარ მივდივარ მივლინებაში.
სოფიკო: – და ახალ წელს ჩვენთან ხვდება.
ირაკლი: – თუ დამპატიჟებთ რა თქმა უნდა.
თინა: – ახალ წლამდე ჯერ ადრეა.
სოფიკო: – რაღა დარჩა? ერთი კვირა. სასწრაფოდ დაპატიჟე ირაკლი. თუმცა ამას რა დაპატიჟება სჭირდება.
თინა: – მართლაც, მაგას რა დაპატიჟება სჭირდება
სოფიკო: – რა თქმა უნდა ის ხომ უკვე ჩვენი ოჯახის წევრია
თინა: – სამწუხაროდ ირაკლი ახალ წელს ჩვენთან ვერ შეხვდება.
სოფიკო: – რატომ? ირაკლი რატომ?
ირაკლი: – მეც მაგრად მაინტერესებს, რატომ?
თინა: – ირაკლი ახალ წელს ყოველთვის ხვდება თავის კოლექტივთან ერთად. ეგეთი ტრადიცია აქვს. ჩვენ ტელეფონით მოგვილოცავს.
სოფიკო: – მართლა ირაკლი?
თინა: – მართლა. რესტორანში ხვდებიან და თან კატები დაყავთ.
სოფიკო: – კატები?
თინა: – ხო კატები, ფისოები და სხვადასხვა ცხოველები.
სოფიკო: – ცხოველები რესტორანში? რა უცნაურია, ირაკლი შენ რა ზოოპარკში მუშაობ?
ირაკლი: – ვმუშაობდი. დღეს განცხადება დავწერე განთავისუფლებაზე. ახლა უმუშევარი ვარ.
სოფიკო: – ამიტომ სანამ ახალ სამსახურს იპოვნი სასწრაფოდ ცოლი უნდა მოიყვანო.
თინა: – ირაკლი დროა წახვიდე.
სოფიკო: – თინა, რატომ უნდა წავიდეს?, აღარ მიფრინავს, აღარ მიდის კაცი უდაბნოში.
თინა: – თვითფრინავის ბილეთი უნდა ჩააბაროს. წადი ირაკლი, ჩააბარე ბილეთი და ხვალ მოდი, ხვალ.
ირაკლი მუცელზე იკიდებს ხელს
ირაკლი: – ვაი.
სოფიკო: – იკაკუშა, რა გჭირს?
თინა: – ისევ გასტრიტი?
ირაკლი: – ხალხი არა ხართ, მაჭამეთ რამე, მტკივა.
სოფიკო: – თინა აჭამე კაცს რამე.
თინა გადის სამზარეულოში.
სოფიკო: – ირაკლი დაჯექი, ეხლავე მოგიტანს საჭმელს.
ირაკლი: – ეხლა მთავარია არ გავინძრე ერთი ხუთი ექვსი საათი.
სოფიკო: – ძალიანაც კარგი, იჯექი, არ ვიცი, დღეს რა სჭირს თინას.
ირაკლი: – რა სჭირს?
სოფიკო: – არ ვიცი, მთელი დღე გელოდებოდა, ტორტიც კი გამოაცხო და მოხვედი თუ არა ისე იქცევა თითქოს არ გელოდა.
ირაკლი: – მართლა? წავალ აბა ვკითხავ.
სოფიკო: – წადი, შეგიძლია სიარული?
ირაკლი: – შევძლებ რამენაირად.
სამზარეულოში
თინა: – კარგია, რომ მოხვედი, ეხლავე გაჭმევ საჭმელს, ოღონდ სწრაფად.
ირაკლი: – საერთოდ არ მეჩქარება. დღეს ძალიან კარგად გამოიყურები.
თინა: – რა გინდა ჩემგან?
ირაკლი: – გულახდილად გითხრა?
თინა: – რა თქმა უნდა.
ირაკლი: – გულახდილად, რომ გითხრა თვითონაც არ ვიცი.
რეკავს თინას მობილური
თინა: – შენი ფისოა.
ირაკლი: – მე არა ვარ სახლში.
თინა: – გისმენთ. კი გიცანი. ირაკლი? რა თქმა უნდა აქაა, აბა სად უნდა იყოს? (ირაკლის) შენი ფისო გთხოვს.
ირაკლი: – იცი, რომ საზარელი ხასიათი გაქვს?
თინა: – ვიცი, ისეთი როგორიც უნდა ჰქონდეს 39 წლის გაუთხოვარ ქალს.
ირაკლი – (ტელეფონში) ხო, არ გპასუხობ? უი, ხმა მქონია ჩაწეული, არ გამიგია. დღეს? არა მგონია, შენ წადი, მე არ მცალია, საქმე მაქვს, როცა მოვიცლი დაგირეკავ. გკოცნი.
თინა: – (აძლევს პალტოს) სასწრაფოდ წადი და იქ აკოცე, მე კი აქ სტუმარს ვუცდი.
ირაკლი: – ვის? ქმრის ახალი კანდიდატი გაჩნდა? მაგრამ დედაშენი, რომ მე მომეჩვია? არ შეიძლება მომაკვდავი ქალბატონის გრძნობებზე ასე მანიპულირება, ისე მართლა მაინტერესებს, რას მიწუნებ? დედაშენს როგორც შევატყე ძალიან მოვწონვარ და შენ რატომ არა?
თინა: – რა გინდა ჩემგან რა? ეხლა მოვლენ ჩემთან, შენ დღეს ზედმეტი ხარ, გაიგე?
ირაკლი: – ვერა. იცი, დიდი ხანია ჩემი დანახვა ისე არავის გახარებია როგორც დედაშენს, თან იცი ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ საქმრო და რაღაც მომეწონა მაგ როლში ყოფნა.
თინა: – ხოდა შეირთე ის შენი ფისო.
ირაკლი: – ის? არა, მისთვის ძალიან ახალგაზრდა ვარ.
თინა: – 19 წლის გოგოსთვის ახალგაზრდა ხარ?
ირაკლი: – რა თქმა უნდა, მე სულ ცოტა ოცი წელი კიდევ ვიცხოვრებ, ეს კი მის ინტერესებში არ შედის, ის დაქვრივებაზე ოცნებობს და არა გათხოვებაზე.
თინა: – მაგდენი თუ იცი რა გინდა მასთან.
ირაკლი: – რა უნდა მინდოდეს, რაც ყველა კაცს უნდა ის მინდა.
თინა: – გასაგებია. წადი ეხლა
ირაკლი: – რატომ? აქ კარგად ვგრძნობ თავს.
თინა: – შენ გგონია მარტო შენ გაქვს პირადი ცხოვრება?
ირაკლი: – მე ზუსტად არ მაქვს პირადი ცხოვრება.
თინა: – მე მაქვს და წადი.
სოფიკო: – თინა, არ ვივახშმოთ?
ირაკლი: – მოვდივართ და ტორტიც მოგვაქვს.
ზარი კარებზე
თინა: – ეხლავე წადი.
ირაკლი: – აი ასე ტორტით? მე წესიერი კაცი ვარ, მაგას როგორ ვიკადრებ. რატომ არ აღებ კარებს? მაგრად მაინტერესებს ვინაა, არ გინდა გამაცნო ახალი საქმრო? მართლა ჩემზე რას ეტყვი ძველი საქმროაო.?
ისევ ზარი
ირაკლი: – ნახე არ გეშვება, ეტყობა მაგრად უნდა შენზე დაქორწინება. არ აღებ კარებს?
თინა: – სხვა რა გზა მაქვს, გავაღებ.
აღებს და ბინაში ლიზა შემოვარდება და თინას ეხვევა.
ლიზა: – დედა, დედიკო, შენი ლიზა მოვიდა, როგორ მომენატრე.
ირაკლი: – ცხონებული დედაჩემი მეუბნებოდა ბევრს ნუ სვამ თორემ ბავშვიან ქალს მოიყვან ცოლადო.
სოფიკო:- თინა რა ხდება? რა ხმაურია?
ლიზა შერბის სოფიკოსთან და ეხვევა მას.
ლიზა: – ბებია, ჩემი საყვარელი ბებია, როგორც იქნა, რამდენი წელი ველოდი ამ დღეს.
სოფიკო: – თინა! მიშველე!
თინა: – (გამოყავს ლიზა) მოიცადე, ცოტა აცადე.
სოფიკო: – თინა იცნობ ამას? ვინაა?
ლიზა: – (ისევ ეხვევა სოფიკოს) ბებია ჩემი საყვარელი ბებია, ვერ ცნობ ბებო შენს პატარა ლიზას.?
ირაკლი: – გავაგდო ეს პატარა ლიზა.?
თინა: – (ისევ გამოათრევს ლიზას) ეს ჩემი შვილი და შენი შვილიშვილია დედა.
ლიზა: – (ისევ ეხვევა სოფიკოს) ბებო, ჩემო საყვარელო ბებო, იცი მთელი ცხოვრება ამ დღეს ვუცდიდი როდის ჩაგიხუტებდი გულში…
თინა: (უყვირის ლიზას) გაჩუმდი! გამოდი აქეთ და დადექი ერთ ადგილას. გასაგებია?!
სოფიკო: – (უყვირის თინას) ნუ უყვირიხარ ბავშვს! გასაგებია? არაფერი მესმის, თინა, ნუ გადამრიე ვინაა ეს ბავშვი?
თინა: – შენი ღვიძლი შვილიშვილი. მაპატიე, რომ გიმალავდი ამდენი ხანი.
ლიზა: – მთელი ოცი წელი გიმალავდა, შენი ეშინოდა ბებია, ეშინოდა, რომ ვერ გაუგებდი.
სოფიკო: – და სად მალავდი თინა?
ლიზა: – სამშობიაროდანვე წამიყვანეს მისმა ნაცნობებმა და მათ გამზარდეს. მე ბავშვობიდან ვიცოდი სიმართლე. ჩემმა გამზრდელებმა არ დამიმალეს და 6 წლის, რომ ვიყავი შემახვედრეს დედას, მას მერე მე და დედა ჩუმად ვხვდებოდით ერთმანეთს.
პაუზა
სოფიკო: – თინა, ნუთუ რასაც ეს იძახის სიმართლეა?
ლიზა: – ასპროცენტიანი სიმართლეა. (ეხვევა ბებიას) ბებია და გული არ გკარნახობს, რომ შვილიშვილს უყურებ? კარგად შემომხედე.
სოფიკო: – რა გქვია?
ლიზა: – ლიზა.
სოფიკო: – (თინას) დეიდაჩემის საპატივცემულოდ დაარქვი? ცხვირი შენი აქვს თინა, ნიკაპი კი ჩემი, წარბები გოგის…
ირაკლი: – გოგი ვინაა?
სოფიკო: – ჩემი ქმარი, ვერ მოესწრო საცოდავი ამ დღეს, წარბები ნამდვილად მისი აქვს, ცხვირი და შუბლი კი ნამდვილად თინასი აქვს, არა ირაკლი?
ირაკლი: – შუბლზე ვარ გაგიჟებული.
სოფიკო: – თვალები ვისი აქვს?
ირაკლი: – მართლა თინა თვალები ვისი აქვს? ცოტათი მიგვახვედრე თორემ დავიტანჯეთ.
ლიზა: – და ეს ვინაა? შენ მითხარი მარტო მე და ბებია ვიქნებითო.
ირაკლი: – რა მნიშვნელობა აქვს, თქვენს ოჯახურ ზეიმზე შემთხვევით მოვხვდი.
სოფიკო: – ირაკლი იმედი მაქვს თინას ახალგაზრდულ შეცდომას დღეს ყურადღებას არ მიაქცევთ.
ირაკლი: – მე ვინ ვარ, რომ საერთოდ რამეს ყურადღება მივაქციო.
სოფიკო: – როგორ თუ ვინ? თქვენ ხომ თითქმის ცოლ ქმარნი ხართ?
ირაკლი: – თითქმის, თითქმის მზად ვიყავი მომეყვანა ცოლად ქალი, რომელიც მიმტკიცებდა, რომ მას არც ჩემამდე და არც ჩემს მერე არავინ ყოლია და რომ 40 წლის ასაკში ისევ უმანკო ქალწული იყო, ეს ისე რომანტიკულად, ისე ამაღელვებლად ჟღერდა, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი და ეხლა კი აღმოჩნდა, რომ 20 წელი ეს ქალბატონი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. იცით ფისუნიები და ჩიტუნიები უფრო წესიერები არიან, ისინი არ მალავენ არაფერს.
ლიზა: – დედა, არ მეტყვი ვინაა ეს კაცი.?
თინა: – არის ერთი…
ირაკლი: – იცით ქალბატონო სოფიკო, მე მაინც წავალ მივლინებაში, უდაბნოდან დაგირეკავთ ხოლმე, აქლემზე დავჯდები და დაგირეკავთ, კარგად იყავით ქალბატონო სოფიკო, წავალ იქნებ მივუსწრო თვითფრინავს.
ლიზა: – ვინაა ეს კაცი?
თინა: – ეს კაცი მამაშენია ლიზა.
ლიზა: – (მოეხვევა ირაკლის) მამა, მამიკო, როგორც იქნა, მთელი ცხოვრება მინდოდა გამეგო როგორი ხარ და აი თურმე როგორი ყოფილხარ, რა ბედნიერებაა რომ დედაც მყავს, ბებიაც და მამაც.
სოფიკო: – გგავს, ძალიან გგავს, ირაკლი, თვალები შენი აქვს, გამოხედვა, იერი.
ირაკლი: – მოიცა, მოიცა, ჩემთან ეგეთები არ გაგივათ, მე ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვარ ამ გოგოს მამა.
სოფიკო: – ირაკლი საკუთარ შვილზე იძახი უარს? ნახე რა გოგოა
ირაკლი: – მე არასოდეს მყოლია შვილი, არც გოგო და არც ბიჭი.
სოფიკო: – ჩემმა თინამ ტყუილი არ იცის და ეს შენ მშვენივრად მოგეხსენება.
ირაკლი: – კი, აი ეგ მე ნამდვილად მშვენივრად მომეხსენება. რამდენი წლის ხარ გოგონი?
ლიზა: – კარგი რა მამა, რად გინდა ეგეთი ბაზარი…
ირაკლი: – (ყვირის) გაიგე რა გითხარი? რამდენი წლის ხარ?
სოფიკო: – (ყვირის) ნუ უყვირიხარ ბავშვს! გაიგე რა გითხარი? ლიზა, უთხარი მამას რამდენი წლის ხარ?
ლიზა: – ოცის და რააა რო?
ირაკლი: – არაფერი, მე ვერ ვიქნებოდი ამ გოგოს მამა, ოცი წლის წინ, მთელი ორი წელი თბილისში ჩამოუსვლელად ვმუშაობდი ხარკოვის ზოოლოგიურ ინსტიტუტში.
სოფიკო: – თინა შენ მაგ დროს…
თინა: – არ გახსოვს დედა, მე მაგ დროს კიევში, რომ გამიშვეს ორი კვირით მივლინებით?
სოფიკო: – კი, კი, ნამდვილად ეგრე იყო, ორი კვირით გაუშვეს კიევში.
ირაკლი: – მე ხარკოვში ვიყავი და არა კიევში
თინა: – მე კი ჩამოგაკითხე იქ, დაგავიწყდა?
(პაუზა)
სოფიკო: – თვალები შენი აქვს ირაკლი, გამოხედვაც შენი აქვს.
ირაკლი: – რაღაც ვერ ვიხსენებ როდის ჩამომაკითხე.?
ლიზა: – მამა, იცი რა ვერ გავიგე? რატომ ღელავ? ალიმენტისათვის უკვე დიდი ვარ, აღარ უნდა გადამიხადო. ბინა ჩემი მაქვს და ამიტომ შენთან ცხოვრებას არ ვაპირებ, გვარიც არ მინდა შენი, ჩემი მომწონს, ცოტა ხანში დაბერდები და წყლის მომწოდებელი გეყოლება – ცუდია?
ირაკლი: – არ მჯერა, არც ერთი შენი სიტყვის არ მჯერა, არც შენი და არც ამ ქალბატონის.
ლიზა: – იცი რას გეტყვი მამა, მე როგორც გინდა დამელაპარაკე, მაგრამ დედაჩემს ასე ნუ ელაპარაკები. არ იმსახურებს, შენ გარდა, კაცთან ყავაც კი არ დაულევია.
ირაკლი: – შენ რა იცი?
ლიზა: – ჩემი გამზრდელები მიყვებოდნენ.
ირაკლი: -მართლა. ისე შენს გამზრდელებთან ცოტა უხერხული არაა? რა გამოდის? იმათმა გაგზარდეს და ეხლა შენ ისინი მიატოვე?
ლიზა: -არაფერი არ გამოდის, ჩემი გამზრდელები არაჩვეულებრივი ხალხი…იყო, ღმერთმა გაანათლოს.
სოფიკო: -მოკვდნენ?
ლიზა: -ხო, ერთ დღეს, ორივე, ავარიაში.
სოფიკო: – საწყალი გოგონა, რამდენი რამ გადაუტანია, და შენ მარტო დარჩი?
ლიზა: – სამაგიეროდ ეხლა აღარ ვარ მარტო, დედაც მყავს და ბებიაც.
სოფიკო: – ასეთი ლამაზი გოგო აქამდე რატო არ გათხოვდი?
ირაკლი: – დედას გავს ხასიათით.
ლიზა: – გათხოვილიც ვიყავი და სამჯერ გამოთხოვილიც.
სოფიკო: -რას ამბობ სამჯერ? და შვილიც გყავს?
ლიზა: -არა, აი შვილი ვერც ერთმა ქმარმა ვერ მაჩუქა. შვილი კი არა, სამი ქმარი მყავდა და საქორწილო ბეჭედის მეტი არც ერთს არაფერი უჩუქებია. მაგრამ სამაგიეროდ, მეოთხედ, რომ გავთხოვდები სამი ბეჭედი მექნება მზითებში.
სოფიკო: -თინა, გამომიტანე ჩემი სკივრი
თინა: -დედა, იქნებ არ ღირს.
სოფიკო: -გამომიტანე რომ გეუბნები.
თინას გამოაქვს სამკაულების ყუთი.
– შეხედე.
ლიზა–: ვა ბებო, ნაციონალური მუზეუმი გაიტანე?
ირაკლი: – მართლაც, საიდან ეს საოცრება?
სოფიკო: – ეს ბრილიანტის კოლიე და საყურეები ჯერ კიდევ ბებიაჩემს ეკეთა, ეს საგვარეულო განძი მხოლოდ ქალებზე გადადის.
ლიზა: – შენ დედამ მოგცა?
სოფიკო: -ბებიამ, მე კიდევ შენ გაძლევ. შენ ჩემი შვილიშვილი ხარ და შენ გეკუთვნის, ეხლა მე უკვე მშვიდად შემიძლია მოვკვდე.
ლიზა: – მოიცა ბებო, რა დროს სიკვდილია?
თინა: – დედა, ჯობია ეს ძვირფასეულობა ჩვენთან იყოს, ლიზას ეცოდინება, რომ მისია და როცა დასჭირდება მოვა და აიღებს.
სოფიკო: – რატომ ართულებ ყველაფერს, ჰქონდეს ბავშვს, რა იცი როდის დასჭირდება, აიღე ლიზა, შენ ხარ ჩემი ყველაზე დიდი ძვირფასეულობა.
ლიზა: – მოიცა ბებო, რა, ამას მართლა მე მაძლევ?
სოფიკო: – შენ აბა ვის, შენ ხარ ჩემი ერთადერთი შვილიშვილი და ამიტომ ეს ყველაფერი შენია.
ლიზა: – ხო მაგრამ ეს ხომ ძალიან ძვირფასი რამეა?
სოფიკო: – შენ უფრო ძვირფასი ხარ ჩემთვის.
ლიზა: – ვაი, აუ ბებო რა ოქრო ყოფილხარ და აზრზე არ ვიყავი, დედა რა კარგია რომ ბებია გამაცანი, მამიკო…
ირაკლი: – მე არაფერ შუაში ვარ
ლიზა: – წავიღებ ეხლა ამ ბრილიანტებს და ყოველ დღე თქვენზე ვილოცებ. გავიქცევი ეხლა თორემ ხვალ დილით ასადგომი ვარ.
სოფიკო: – ჩვენთან არ ივახშმებ?
ლიზა: – აუცილებლად, ოღონდ სხვა დროს ბებო, დღეს ცოტა გონზე ვერა ვარ.
თინა: – ეს ძვირფასეულობა შენია, მაგრამ ჯობია ეხლა აქ დატოვო, უკვე გვიანაა, ამ ღამეში ბრილიანტებით სიარული საშიშია. ვინმემ არ დაგაყაჩაღოს.
ლიზა: – რას ამბობ დედა, მე ვინ უნდა დამაყაჩაღოს?, აქეთ არ დავაყაჩაღო ვინმე.
სოფიკო: – ღმერთო შენ უშველე ჩემს შვილიშვილ ლიზას, სულ სწორ გზაზე ატარე.
ლიზა: – ყველაფერი კარგად იქნება ბებო, ნუ ღელავ, ღმერთი სწორ გზაზე მატარებს. აბა დედა, მამა, კარგად
გარბის ბინიდან.
დერეფანში ირაკლი და თინა
ირაკლი: – ეხლა მაინც ამიხსნი რამეს?
თინა: – (აძლევს პალტოს) რატომ უნდა აგიხსნა რო? ღამე მშვიდობისა.
ირაკლი: – მას მერე რაც აქ ვნახე და მოვისმინე ასე აუხსნელად წავიდე?
თინა: – რა ნახე? პატარა სამოყვარულებლო სპექტაკლი, მეტი არაფერი. (რეკავს მისი ტელეფონი) შენთან არიან.
ირაკლი: – მე არა ვარ.
თინა: – ხოდა ეგ თვითონ უთხარი.
ირაკლი: – ალო, ….რა? რატომ მელაპარაკები ეგრე? მე შენზე ორი წლით უფროსი შვილი მყავს და საერთოდ რატომ რეკავ ამ ნომერზე? აქ ჩემი სიდედრია, ჩემი შვილი. არა ცოლი არა მყავს. ჰო, სიდედრი მყავს, შვილიც მყავს, მაგრამ ცოლი არ მყავს. რა მოგატყუე? დიახ, გუშინ შემთხვევით მოვხვდი აქ და დღეს კი შეგნებულად. და საერთოდ, დამივიწყე მეც და ეს ნომერიც, კარგი? (კიდებს ყურმილს) არ გააჭირა საქმე. იცი, მე მგონი, მე შენ მართლა უნდა მოგიყვანო ცოლად, თორემ არ მომეშვებიან.
თინა: – მაგის გამო უნდა მომიყვანო ცოლად? არა, მაგას ჯობია შენ არ მოგეშვან.
ირაკლი: – რა ეგოისტი ყოფილხარ, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ. ისე, ოდესმე ხომ მაინც უნდა შევქმნა ოჯახი და ბარემ შენ მოგიყვან, შენთვისაც კარგი იქნება და შენი შვილისთვის, ვიცხოვრებთ ყველა ერთად, მომეწონა შენი შვილი.
თინა: – დაიჯერე? ლიზა თეატრალურში სწავლობს სამსახიობოზე, მე დღეს დილით გავიცანი, სპეციალურად მივედი, ავარჩიე, ფული შევთავაზე, რომ ეს სპექტაკლი გაეთამაშებინა. მე მისი არც მისამართი ვიცი, არც ტელეფონი და არც გვარი.
ირაკლი: – მე იდიოტი გგონივარ? არც მისამართი იცი და არც გვარი და ბრილიანტები ასე წყნარად გაატანე?
თინა: – ჰო.
ირაკლი: – აა, ბრილიანტები ყალბი იყო?
თინა: – არა ბრილიანტები ნამდვილია, მარტო შვილია ყალბი. დედაჩემი კვდება და მე ყველაფერზე წავალ, რომ ის ბედნიერი მოკვდეს. მოკლედ, მე არ ვარ შენი ცოლი, დედაჩემი არაა შენი სიდედრი და არც ლიზა არაა არც შენი და არც ჩემი შვილი. ასე, რომ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, წადი და დაივიწყე ეს სახლი.
ირაკლი: – ასე ავდგე და წავიდე?
თინა: – ხო ასე ადექი და წადი.
ირაკლი: – და დავივიწყო ეს სახლი და ეს ორი დღე?
თინა: – ჰო, დაივიწყე.
ირაკლი: – შენ ეგოისტი კი არა, ურჩხული ყოფილხარ, დრაკონი.
თინა: – მადლობა.
ირაკლი: – არაფრის (აწვნის სილას და გადის ბინიდან)
რეკავს ტელეფონი
თინა: – ალო… ეხლა მე მომისმინე, ირაკლი აქ აღარასოდეს მოვა, აქ არც მისი სიდედრი ცხოვრობს და არც მისი შვილი და მე არ ვარ მისი ცოლი და არც არასდროს ვყოფილვარ. … კი, მთხოვა ცოლად გამომყევიო, მაგრამ უარი ვუთხარი. ..არაფერი, სილა გამაწნა, …არა, არ მტკენია…არც მწყენია…რატომ ვუთხარი უარი? იმიტომ, რომ არ მიყვარს. შენც არ გიყვარს? ძალიან ცუდი თუ არ გიყვარს, ის ნამდვილადაა სიყვარულის ღირსი. კარგად ბრძანდებოდეთ… რა? კარგი, როცა გინდა დამირეკე, მე მაინც იშვიათად მირეკავენ.
სოფიკო: – თინა, სად დაიკარგე?…
თინა: – აქ ვარ დედა, აქ.
სოფიკო: – თინა, იცი რა ბედნიერი ვარ.
თინა: – მეც დედა, მეც.
მესამე სურათი
გავიდა კვირა, იგივე ბინა, სუფრა გაშლილია ორ ადამიანზე, თინა რთავს ნაძვის ხეს.
სოფიკო: – დღეს დარეკა ირაკლიმ ?
თინა: – ჯერ არა, მაგრამ დარეკავს აუცილებლად.
სოფიკო: – გუშინ?
თინა: – დედა, უკვე მესამედ მეკითხები, დარეკა, ყოველ დღე რეკავს.
სოფიკო: – და რაო? რას იძახის?
თინა: – მიყვარხარო
სოფიკო: – შეენ?
თინა: – მეც და შენც
სოფიკო: – კიდევ რაო?
თინა: – ღელავს
სოფიკო: – რაზე?
თინა: – შენს ჯამრთელობაზე, როგორააო.
სოფიკო: – ლიზა სად დაიკარგა?
თინა: – ხომ გითხარი ავადაა, გრიპი აქვს.
სოფიკო: – ბავშვს მიხედვა სჭირდება.
თინა: – ლიზა აღარაა ბავშვი
სოფიკო: – ჩემთვის ბავშვია.
თინა: – დედა, არაფერი არ სჭირს, ჩვეულებრივი გრიპი აქვს, არ მოდის, რომ არ გადაგვდოს. მოგწონს ნაძვის ხე?
სოფიკო: – მე არაფერი არ მომწონს, შენ მე მიმალავ რაღაცას და ეგ მწყინს, რატომ მატყუებ?
თინა: – რას გატყუებ დედა?
სოფიკო: – იმას, რომ გინდა ირაკლისთან ერთად ახალი წლის შეხვედრა და ჩემს გამო არ მიდიხარ. არ გინდა, რომ ახალი წლის ღამეს მარტო დამტოვო, გეცოდები, მე კი არ მინდა, რომ გეცოდებოდე, არ მინდა, რომ იჯდე ჩემთან მთელი ღამე, მე მინდა, რომ დამტოვო და ირაკლისთან ერთად შეხვდე ახალ წელს.
თინა: – დედა მე შენ არ დაგტოვებ. არავინ არ მინდა შენს მეტი.
სოფიკო: – ნუ მატყუებ, ძალიანაც გინდა რომ ირაკლისთან ერთად შეხვდე ახალ წელს, მარტო შენ კი არა, მეც მინდა, რომ ეხლავე ადგე და წახვიდე ირაკლისთან.
თინა: – დედა…
სოფიკო: – შენ გინდა, რომ მთელი ღამე ვიჯდე აქ და ვიტანჯებოდე? თან იცი რა ვიფიქრე? შენ თუ არ წახვალ ირაკლისთან, ხომ შეიძლება, რომ ირაკლი ახალი წლის ღამეს ვინმე სხვა ქალს შეხვდეს? ახალი წლის ღამე ხომ სასწაულების ღამეა, ხოდა გაიცნობს იქ, რესტორანში სხვა ქალს, გადაირევა მასზე და შენ არც კი გაახსენდები, ამას კი მე ნამდვილად ვერ გადავიტან, თუ გიყვარვარ, თუ ოდნავი პატივისცემა გაქვს ჩემი, თუ არ გინდა, რომ ჩამშხამდეს ახალი წლის ღამე, ეხლავე ადექი და წადი ირაკლისთან.
თინა: – დედა, ამ შუაღამისას სად წავიდე?
სოფიკო: – ტაქსი გამოიძახე.
თინა: – თან რაღაც მაციებს დედა.
სოფიკო: – თბილად ჩაიცვი.
თინა: – არ მინდა დედა არსად წასვლა.
სოფიკო: -გასაგებია, შენ ჩემი სიკვდილი გინდა.
თინა: – არა დედა, რატომ უნდა მინდოდეს მე შენი სიკვდილი?
სოფიკო: – მაშინ ადექი ეხლავე და წადი ირაკლისთან.
თინა: – მარტო როგორ დაგტოვო დედა?
სოფიკო: – მარტო? ნახე რამდენი არხი აქვს ჩვენს ტელევიზორს, ყველა არხზე მეგობრები მყავს. წადი თორემ, იცოდე ეხლავე შენს თვალწინ მოვკვდები.
თინა: – კარგი დაწყნარდი, წავალ. (იცმევს პალტოს)
სოფიკო: – მოიცა, საჩუქარი? ირაკლის საჩუქარი არ უნდა წაუღო?
თინა: – გზაში ვიყიდი რამეს.
სოფიკო: – რამეს? რას ნიშნავს რამეს?
თინა: – მოვიფიქრებ რამეს.
სოფიკო: – მე უკვე მოვიფიქრე. იცი, იმ პირველ დღეს ირაკლი როცა იყო ჩვენთან, წასვლისას გიჟივით შემოვარდა ოთახში და ანთებული თვალებით უყურებდა ჩემი გალაქტიონის პორტრეტს. როგორც სჩანს, მასაც ჩვენი არ იყოს, სიგიჟემდე უყვარს გალაქტიონი. აჩუქე 25 ტომეული.
თინა: – მერე? მე და შენ როგორ ვიცხოვროთ გალაქტიონის გარეშე?
სოფიკო: – სად წავა რო? როგორც კი ირაკლის გაყვები ცოლად, ჩემი გალაქტიონი ისევ დაუბრუნდება ჩვენს თაროებს.
თინა: – 25 ტომი როგორ წავიღო დედა?
სოფიკო: – წაიღებ როგორმე, არაჩვეულებრივი საჩუქარი იქნება, თან მრავლისმთქმელი.
თინა ალაგებს წიგნებს ჩანთაში.
სოფიკო: – მოდი გაკოცო, გაიღიმე, აი ასე, ჩემზე არ იდარდო, მე ბედნიერი ვიქნები, რომ შენ ირაკლისთან ერთად შეხვდები ახალ წელს.
თინა: – აბა გისურვებ ჯამრთელობას, ბედნიერებას, მრავალი წლის სიცოცხლეს.
სოფიკო: – არა, რა მრავალი წლის, მე დიდხანს ვერ გავატან, შეიძლება ერთი ან ორი წელი გავძლო. ირაკლი მომიკითხე.
თინა გამოდის სადარბაზოში და კარებთან ჯდება, იღებს გალაქტიონს და იწყებს კითხვას:
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს….
იწყებს ტირილს.
ისმის უცნაური ხმა, რომელიც უახლოვდება, ჩნდება ყავარჯნებიანი თოვლის ბაბუა, რომელიც ნაძვის ხეს მოათრევს.
თოვლის ბაბუა: – გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ დიდ ბედნიერებას, სახლიდან გამოგაგდეს? ჩემს გამო? ვერ მიცანი? დაგავიწყდი? მე კი თქვენთან სტუმრობა მომინდა. ვიფიქრე ახალი წელია და ხო არ გამაგდებენ თქო, მაგრამ მგონი შენ თვითონ გამოგაგდეს.
თინა: – ლიზა?!
ლიზა: – ჰო, ლიზა ვარ, შენი შვილი, აბა მართლა თოვლის ბაბუა ხო არ ვიქნები? ძლივს ვიშოვნე ეს კოსტუმი, მეგობრები მყავს „თავისუფალ თეატრში“ და იმათმა მათხოვეს.
თინა: – ლიზა, საყვარელო, როგორ გამახარე, შენც გილოცავ ახალ წელს, იცი ჩემთან სახლში არასდროს ყოფილა თოვლის ბაბუა, შენ პირველი თოვლის ბაბუა ხარ. (ეხვევა)
ლიზა: – ნელა, ნელა, ეს ყავარჯნები რეკვიზიტი კი არაა, ორივე ფეხზე მოტეხილობა მაქვს.
თინა: – რაა? რა მოხდა.
ლიზა: – ღმერთმა დამსაჯა.
თინა: – ეგ როგორ? გამოგეცხადა და დაგსაჯა?
ლიზა: – დაახლოებით, აქედან, რომ წავედი, ვფიქრობდი, ავშენდი, მაგათი დედაც და ამ ქვეყნისაც, ავახვევ აქედან, გავიტან ამ ბრილიანტებს თქო, დაქალი ცხოვრობს ამსტერდამში, ის გამაყიდინებს და იმ ფულით მთელი ცხოვრება შევუბერავ თქო, კიბეებზე ჩავრბოდი და იმაზე ვფიქრობდი, როგორ დაგაწერეთ ბრილიანტები, წამით არ შევუწუხებივარ სინდისს, გავედი თუ არა სადარბაზოდან, ფეხი მომიცურდა, ვიღაცას ბანანის ქერქი ჰქონდა დაგდებული, მოვსრიალდი და დავენარცხე ქუჩაში… მერე ვიღაცამ სასწრაფო გამოიძახა და წამიყვანეს… ორივე ფეხის მოტეხილობა მაქვს. ადრე ქურდობისთვის ხელს აჭრიდნენ, ეხლა კი ეტყობა ღმერთმა გადაწყვიტა ახალი ინიციატივა შემოიტანოს და ქურდებს ფეხები მოუმტვრიოს. მოკლედ, თქვენი ძვირფასეულობა მოვიტანე, აქამდე ვერ შევძელი, ორივე ფეხით ვიყავი დაკიდული. მაპატიე. მე უდედოდ და უმამოდ გავიზარდე – ბავშვთა სახლში. თეატრალურშიც არ ვსწავლობ, ეგეც მოგატყუე, ვაბარებ და ვაბარებ– არ მღებულობენ, არასდროს არაფერში არ მიმართლებდა და უცებ აგერ შენ დედაო, აგერ ბებიაო, აგერ კიდევ მამაო და ბოლოს აგერ შენ ბრილიანტებიო, გავრეკავდი აბა რა მომივიდოდა.
თინა: – რა ბედნიერებაა, რომ მოხვედი, რა კარგი გოგო ხარ, წამოდი ბებია გავახაროთ…(იცინის) მე მგონი ეხლა მე გავრეკე და მართლა დავიჯერე, რომ მე შენი დედა ვარ და დედაჩემი კი ბებიაშენი.
ლიზა: – ძალიანაც კარგი, რომ დაიჯერე, მე ძალიან მომწონს ჩემი როლი, მე ხომ ისე გავიზარდე, რომ არც დედა მყოლია და არც ბებია, ასე, რომ წამოდი, გავაგრძელოთ თამაში, ოღონდ დღეს უკვე უფასოდ ვთამაშობ.
თინა: – რა კარგი გოგო ხარ ლიზა.
ლიზა: – თან როგორი ნიჭიერი მსახიობი. ყველას ჯინაზე მაინც ჩავაბარებ თეატრალურში, ბებოოოო…
შედიან ბინაში, სოფიკო არ ზის სავარძელში
თინა: – დედა ნახე ვინ მოვიდა… დედა, სადაა?
ლიზა: – სამზარეულოში იქნება
თინა: – დედა ათი წელია არ ამდგარა სავარძლიდან. დედა! დედა!
შემოდის სოფიკო
სოფიკო: – რატომ ყვირი თინათინ?
თინა: – დედა, სად იყავი?
სოფიკო: – სად უნდა ვყოფილიყავი, სამზარეულოში, ეს ვინაა?
ლიზა: – მე ვარ თოვლის ბაბუა, შორეული ლაპლანდიიდან გადმოვედი, რომ მოგილოცოთ ახალი წელი. ბავშვებო თქვენ ხომ კარგი ბავშვები ხართ და ამიტომ ეხლა მე თქვენ საჩუქრებს დაგირიგებთ.
თინა: – დედა, ეს ჩვენი ლიზაა.
სოფიკო: – ლიზა! რა კარგად მოგიფიქრებია, თოვლის ბაბუა ორი ყავარჯნით, არსად არ მინახავს ასეთი შესრულება.
ლიზა: – ნიჭიერი ვარ და იმიტომ, თან გამიმართლა და ორივე ფეხი მართლა მოტეხილი მაქვს.
სოფიკო: – მართლა? აკი გრიპი აქვსო?
თინა: – მაგიტომაც გიმალავდი, რომ არ გეღელვა, წამოდი შევიდეთ ოთახში, დამეყრდენი.
სოფიკო: – არ მინდა, მე თვითონ შევალ, შენ უბრალოდ გვერდით იყავი, რომ თუ დავეცი დამიჭირო.
თინა: – ფრთხილად დედა.
სოფიკო: – ნუ გეშინია, ეხლა, როცა როგორც იქნა დავიწყეთ ბედნიერი, მშვიდი ცხოვრება, არ დავეცემი.
თინა: – დაჯექი დედა, აი ასე.
სოფიკო: – ცოტა ხანს ვიჯდები და მერე ისევ ავდგები, იქნებ გავისეირნო კიდეც, რაც არ უნდა იყოს ახალი წელია.
ლიზა: – ვარიგებ საჩუქრებს, ბებია შენ ეს. (აძლევს თავშალს), რომ თბილად იყო და არასდროს გამიცივდე. დედა, შენ ეს კაბა ჩაიცვი რა, და ეს შენი ბრილიანტებიც გაიკეთე, შენი მოცემული ფული მთლიანად ამ კაბაში მივათხლიშე.
თინა: – მადლობა ლიზიკო, მაგრამ ამ კაბისათვის ცოტა ბებერი არ ვარ?
სოფიკო: – თუ ბებერი ხარ- ბავშვს მიეცი, მაგას ექნება კარგად.
ლიზა: – არა დედა, ამ კაბაში უცებ გაახალგაზრდავდები.
სოფიკო: – ნუ ეკამათები შვილს, ჩაიცვი, მაინც ჩვენს მეტი არავინ დაგინახავს.
თინა: – ეხლავე.
გადის
სოფიკო: – რა მაგარი სიურპრიზი მოგვიწყვე, ეჰ, როგორ ვერ მოესწრო ამ დღეს ბაბუაშენი.
ლიზა: – ვინ ბაბუაჩემი?.
სოფიკო: – ბაბუაშენი, ჩემი ქმარი, უბედნიერესი იქნებოდა ეხლა, რომ ცოცხალი ყოფილიყო, იცი, მაგრად გავხარ ბაბუაშენს.
ლიზა: – აკი მამას გავხარო?
სოფიკო: – მამასაც გავხარ და ბაბუასაც, არ იცი რა ლამაზი იყო, შენც იმიტომ ხარ ლამაზი, რომ ბაბუას გავხარ. იმასაც სულ სურპრიზების კეთება უყვარდა, სულ რაღაცეებს იგონებდა, არ იღლებოდა, შენ მისგან გაქვს სიურპრიზების კეთების სურვილი.
ლიზა: – რას ამბობ, მეც არა ვთქვი რატომ ვარ ასე თქო, ვისგან მაქვს თქო. ძლივს არ გავიგე.
სოფიკო: – ხო, ისიც სულ იგონებდა რაღაცეებს და იგონებდა.
შემოდის თინა ახალ კაბაში და ბრილიანტებში გამოწყობილი
ლიზა: – ვაუ, ნახე ბებო, მძინარე მზეთუნახავი, თოვლის დედოფალი, აფროდიტა, ვენერა, ჰოლივუდის ვარსკვლავი… დედა, ულამაზესი ხარ!
სოფიკო: – ირაკლი არ მოვა? არ გნახავს?
ლიზა: – არა, დარეკავს და მოგვილოცავს.
სოფიკო: – არიქა, ირაკლიმ სასწრაფოდ უნდა ნახოს ეს გოგო ამ კაბაში და მერე ნაღდად ვეღარასოდეს გაიხედავს სხვისკენ. თინა, ეხლავე გავარდი ირაკლისთან, თორემ მალე ახალი წელი დადგება.
ლიზა: – ბებო შენ რა დედას სახლიდან აგდებ?
სოფიკო: – არ ვაგდებ, ვუშვებ მამაშენთან, ეგ თავის ირაკლისთან ერთად შეხვდება ახალ წელს, მე კი შენთან ერთად.
თინა: – ვერ მოვასწრებ დედა, ახალი წელი მალე დადგება.
სოფიკო: – მოასწრებ, არ ამანერვიულო ეხლა, დროზე წადი.
ლიზა: – ისე, ესეთი ქალი კი არ უნდა მიდიოდეს კაცთან, კაცი უნდა მოდიოდეს ასეთ ქალთან.
სოფიკო: – უფროსების საუბარში ნუ ერევი, წადი თინა და ჩვენზე არ იღელვო. წადი თორემ ეხლავე, ამ წამს მოვკვდები შენს თვალწინ და მთელი ცხოვრება დაიტანჯები, რომ ბოლო თხოვნა არ შემისრულე.
თინა: – კარგი დედა. ოღონდ შენ დაწყნარდი.
სოფიკო: – ჩემი გალაქტიონი არ დაგრჩეს.
თინა: – არა დედა.
გადის დერეფანში, ემზადება წასასვლელად, რეკავს მისი მობილური
თინა: – ხო, მე ვარ. ვაააა ფისო. გამარჯობა, მადლობა, შენც გილოცავ ახალ წელს, ვის გადავცე მოკითხვა? იკუნას? ააა, ირაკლის? იცი, ვერ გადავცემ, ხომ გითხარი აღარ მოვა თქო აქ, კი დარწმუნებული ვარ, რომ აღარ მოვა. ასე, რომ შენთან როცა მოვა, შენ გადაეცი ჩემგან მოკითხვა იკუნას. არა არა, გიმეორებ, ჩემთან ნამდვილად აღარ მოვა. კარგად ბრძანდებოდე.
სოფიკო: – თინა შენ კიდევ აქ ხარ?
თინა: – ხო დედა. ვიფიქრე იქნებ მაინც თქვენთან ერთად შევხვდე ახალ წელს და მერე წავიდე ირაკლისთან.
სოფიკო: – არავითარ შემთხვევაში, წადი დროზე.
ლიზა: – ბებო, ბებო, მე მგონი დედა მართალია…
სოფიკო: – ნუ ერევი… დიდების კამათში უმცროსები არ უნდა ერეოდნენ.
ლიზა: – როგორ არ ჩავერიო, როცა კამათი დედას ეხება, არ უნდა ადამიანს წასვლა, ჩვენთან ერთად უნდა ყოფნა, შვილთან და დედასთან…
სოფიკო: – ავტეხო ისტერიკა? მოვკვდე თქვენს თვალწინ?
თინა: – კარგი, კარგი, ნუ ჩხუბობთ, ახალი წელი დგება, არ შეიძლება. მივდივარ, აბა გკოცნი დედა, ბედნიერი ახალი წელი გქონოდეს, ჯამრთელობა, ბედნიერება და მრავალი წლის სიცოცხლე.
სოფიკო: – მრავალი წელი არ გამოვა, ორი სამი წელი თუ დამრჩა.
თინა: – ლიზა შვილო, წავედი, მადლობა, რომ მოხვედი.
ლიზა: – (აცილებს) შორს არ წახვიდე, იქ იყავი, მივაძინებ და შემოგიერთდები.
სოფიკო: – ჩემი გალაქტიონი არ დაგრჩეს.
თინა დერეფანში ჯდება კიბეებზე
ლიზა: – ბებო, ძველი წელი არ გავაცილოთ?
სოფიკო: – გავაცილოთ, ამ წელმა ხომ შენი თავი მაჩუქა.
ლიზა: – კონიაკს დალევ?
სოფიკო: – კონიაკს? ერთი ოცი წელია არ დამილევია. დავთვრეთ?
ლიზა: – რატო არა რო?
სოფიკო: – ცოტა დამისხი, გეყოფა.
ლიზა უსხამს ცოტას და თვითონ ივსებს ჭიქას
სოფიკო: – ბევრი ხო არ დაისხი?
ლიზა: – ნუ გეშინია დასალევი ბევრი გვაქვს, გვეყოფა.
სოფიკო: – შენ სვამ?
ლიზა: – ისე რა, მაგრამ დღეს ისეთი დღეა, რო არ დავლიოთ არ შეიძლება. აბა ბებო, წავიდა. (სვამენ) ეხლავე მოვალ არ მოიწყინო.
გადის დერეფანში
ლიზა: – დედა როგორ ხარ?
თინა: – მადლობა კარგად, ცოტა მოვიწყინე, მაგრამ არაუშავს.
ლიზა: – არ გავაცილოთ ძველი წელი?
უსხამს კონიაკს.
თინა: – აქ? სადარბაზოში, ლოთებივით?
ლიზა: – ნიუტონის მეხუთე კანონში წერია: ახალი წლის ღამეს საერთოდ არ დალევას, ჯობია სადარბაზოში დალევა.
თინა: – ნიუტონს ეგეთი კანონი აქვს?
ლიზა: – არ იცოდი? წავიდა! (სვამენ)
თინა: – მერე მეექვსე კანონში არ უწერია მაგ შენს ნიუტონს კონიაკს, რომ დალევ რამე უნდა მიატანოო?
ლიზა: – არაო, არ უწერია, ეტყობა ლოთი იყო. მისატანებელს შემდეგ გამოსვლაზე გამოგიტან, აბა ეხლა უცბათ მეორე დალიე, ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს, პატარა ყლუპებით ნუ სვამ დედა, თორემ სწრაფად დათვრები, არადა მთელი ღამე გვაქვს წინ, დამითვრები და იქნები აქ წამოგორებული მაგ ბრილიანტებში. გადაჰკარი და რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. (სვამენ) დედა, იცი, მე ორსულად ვარ.
თინა: – რაა?
ლიზა: – ხო, ოღონდ არ მკითხო ვისგანო, თვითონ არ ვიცი, ორიდან ერთ ერთი ნაღდად იქნება, მოდი ეგრევე კიდევ ერთი ჭიქა ვხიოთ.
თინა: – რას ამბობ? უკვე დავთვერი.
ლიზა: – მერე რა, ფხიზელი თვალით ჩემმა მტერმა შეხედოს ამ ცხოვრებას, თან შენთვის ეხლა აუცილებელია, თორემ გამიცივდები, იცი რა ქენი? თვალები დახუჭე, ცხვირზე მოიჭირე ხელი და ისე გადაჰკარი. მიდი.
ამოდის ირაკლი თოვლის ბაბუის კოსტუმში
თინა: – (დალევს და ახელს თვალს) ხომ გითხარი ზედმეტია თქო, უკვე ორ თოვლის ბაბუას ვხედავ.
ლიზა: – ვაა კოლეგაა. მოდი ჩვენ ბოლოც ჩამოვასხათ და შენ აჰა, (თოვლის ბაბუას) პირდაპირ ბოთლიდან გადაჰკარი.
თინა: – იცნობ ამას?
ლიზა: – რა თქმა უნდა ვიცნობ.
თინა: – ვინაა?
ლიზა: – თოვლის ბაბუა.
თინა: – გასაგებია, სასიამოვნოა, თინა. ლიზა, რატომ არ ვსვამთ?თოვლის ბაბუებს არ გაუმარჯოს?
ლიზა: – მაგარი სადღეგრძელოა, გაგვიმარჯოს.
უჭახუნებენ და სვამენ
სოფიკო: – ლიზა, ლიზა, სად ხარ?
ლიზა: – მოვდივარ ბებია, არ მოიწყინოთ.
შერბის ბინაში
აქ ვარ ბებო. შენ რა ისევ ადექი? ათი წელია არ ამდგარხარ და დღეს რატომ გამიბლატავდი?
სოფიკო: – რა ვქენი?
ლიზა: – დაიკიდე.
სოფიკო: – სად იყავი? გადავირიე.
ლიზა: – სად ვიყავი და ტუალეტში.
სოფიკო: – ტუალეტი იქითაა.
ლიზა: – მართლა? მე კიდე სადარბაზოში გავედი იქ ვეძებდი, მიჩვეული ვარ, ბავშვთა სახლში ტუალეტი სადარბაზოში გვქონდა, დაჯექი, ბებო, არ დავლიოთ?
სოფა: – უნდა დავლიოთ, აბა რა უნდა ვქნათ.
სადარბაზო
ირაკლი: – ახალ წელს აქ ხვდებით?
თინა: – ხო, რა არის რო? რა მნიშვნელობა აქვს სად ხვდები ახალ წელს, მთავარია ვისთან ერთად ხვდები.
ირაკლი: – მართალი ხართ, ისე მეც მომწონს აქ, შეიძლება დავრჩე და თქვენთან ერთად შევხვდე ახალ წელს?
თინა: – ორი თოვლის ბაბუა რად მინდა? მე ორი მეყოლება და ვიღაცას კიდევ არც ერთი.
ირაკლი: – მაშინ ამას გავიხდი და აღარ ვიქნები თოვლის ბაბუა. (იცლის წვერს და იხდის პალტოს, რჩება მხოლოდ წითელი ცხვირით.
თინა: – სტრიპტიზს აწყობთ? იყო თოვლის ბაბუა და გახდა კლოუნი.
ირაკლი: – მოვედი, რომ ბოდიში მოგიხადო, ნუ ღელავ, მე მალე წავალ (იხსნის ცხვირს)
თინა: – იყო კლოუნი და გახდა ირაკლი.
ირაკლი: – მე ბოდიშს გიხდი, არ ვიცი რა დამემართა… ბოდიში.
თინა: – რატომ მიხდი ბოდიშს? აააა, სილა, რომ გამაწანი? რას ამბობ,? რა საბოდიშო ეგაა, იცი, შენამდე ცხოვრებაში არავის გაულაწუნებია ჩემთვის, შენ პირველი ხარ, რას ამბობ? რა ბოდიში? პირიქით, დიდი მადლობა, შენი სილა ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებაა. რას მიყურებ? მთვრალი ვარ? მერე რა? ახალი წელია და დავლიე, რა მოხდა? არ შეიძლება?
ირაკლი: – შეიძლება, იცი,მთელი ეს კვირა მარტო შენზე ვფიქრობ, სულ თვალწინ მიდგახარ, სულ შენ გელაპარაკები, შენით ვცხოვრობ, ულამაზესი ხარ, არ მეგონა თუ ასეთი რამ დამემართებოდა.
თინა: – მართლა? უი, შენ ფისომ მოგიკითხა, სხვათაშორის გიცდის.
ირაკლი: – მაგით რისი თქმა გინდა? გინდა მითხრა, რომ ეხლა უნდა ავდგე და წავიდე აქედან?
თინა: – აუ ირაკლი, რა რთული წინადადება წარმოსთქვი? , მთხოვეს იკუნას მოკითხვა გადაეციო და გადმოგეცი.
ირაკლი: – მე შენთვის საჩუქარი მაქვს.
თინა: – მართლა? რა კარგად გამახსენე, მეც მაქვს შენთვის საჩუქარი (ურტყამს ჩანთას ფეხს) ეს სულ შენია. ოღონდ თვითონ აიღე თორემ ეხლა, რომ დავიხარო ვერც ავდგები შემდეგ ახალ წლამდე.
ირაკლი: – მერე ავიღებ. თუ შეიძლება მომეცი შენი ხელი. მარჯვენა.
თინა: – არავითარ შემთხვევაში (აძლევს ხელს) უი ეს მარცხენაა, შენ მარჯვენა გინდა ხო? მოიცა გამოვთვლი, ეს თუ მარცხენაა, ლოგიკურად გამოდის, რომ ეს უნდა იყოს მარჯვენა, მაგრამ შენ მაინც შეამოწმე, ხომ შეიძლება ვცდები. მოიცა, ვიცი, როგორ უნდა გამოვიცნო, გული სადაა? აქ, გული ხომ მარცხნივ გვაქვს? ყოველ შემთხვევაში მე მარცხნივ მაქვს, ესე იგი, ეს არის მარცხენა ხელი და ეს კი ნამდვილად მარჯვენა ხელი. და რად გინდა ჩემი მარჯვენა ხელი?
ირაკლი თითზე ბეჭედს წამოაცმევს
ვაი. ბეჭედი!
ირაკლი: – რა კარგად მოგერგო, მე კიდევ ვღელავდი მოერგება თუ არაო? ან მოეწონება თუ არაო?
თინა: – რატომ არ მომერგებოდა? მომერგო და ძალიანაც მომწონს.
ირაკლი კოცნას აპირებს და ბოლო წამს თავს იკავებს, გაიხედავს გვერდით.
თინა: – რა გჭირს?
ირაკლი: – არაფერი.
ირაკლი ისევ აპირებს კოცნას, მაგრამ შუშხუნების სროლის ხმა აჩერებს…
ირაკლი: – ახალი წელი დადგა.
თინა: – ნუ ცდები რაღაც სისულელეებზე
ირაკლი კოცნის. გამოდის ლიზა შამპანურით.
ლიზა:- აბა გილოცავთ ახალ წელს, ვაი მამა, მამიკო გილოცავ ახალ წელს, ბედნიერება, ჯამრთელობა, ბევრი ფული. კი მაგრამ ყველანი თუ ვართ, აქ რას დგეხართ?, შევიდეთ, ახალი წელი ხო ოჯახური დღესასწაულია, სახლში უნდა ავღნიშნოთ აქ კი არა.
თინა: – მართლა, რატომ ვდგავართ აქ? შევიდეთ.
ირაკლი: – მპატიჟებ?
თინა: -კი ოღონდ ჩანთა წამოიღე, მანდ შენი საჩუქარია.
ირაკლი: – მძიმეა, რა არის? შეიძლება ვნახო?
თინა: – რა თქმა უნდა შეიძლება.
ლიზა: – ე რა ტიპები ხართ მთელი ოჯახი, გაგაქვთ და გაგაქვთ ბინიდან ჩემი ნივთები.
ირაკლი: – ისევ გალაქტიონი?
თინა: – ეს შენ ჩემგან, დედასგან და ლიზასგან.
სოფიკო: – ლიზა, ლიზა სად დადიხარ გოგო? მანდ რატომ დადიხარ?ტუალეტი აქაა რით ვერ დაიმახსოვრე?
ლიზა: – აქ ვარ ბებია, (შედის) აქ, აბა ეხლავე დაჯექი, რას დახტიხარ აქეთ იქით? შენთვის კი არ შეიძლება ამდენი სირბილი.
ირაკლი: – დედა, გილოცავ ახალ წელს.
სოფიკო: – ირაკლი შვილო.
ირაკლი: – დედა იცი როგორ მომენატრე…
თინა: – აი როგორც იქნა მთელი ოჯახი შევიკრიბეთ.
სოფიკო: – ჰო, ამდენი წელი ახალ წელს ორნი ვხვდებოდით და ეხლა უცებ ოთხნი ვხვდებით.
ლიზა: – მომავალ წელს ამ დროს დიდი შანსი გვაქვს ხუთნი შევხვდეთ. დედა, თუ არ გავაჩინო?
სოფა: – რა? ორსულად ხარ და მე შვილიშვილის შვილი მეყოლება?
თინა: – უნდა გააჩინო, აუცილებლად უნდა გააჩინო, მე… ჩვენ, მე და მამა მოგეხმარებით.
სოფიკო: – მეც, სანამ ცოცხალი ვარ, მეც მოგეხმარები.
ირაკლი: – ჰო, ჩვენ ხომ პატარა აგარაკი გვაქვს გორთან, ბავშვს იქ დაასვენებ ხოლმე.
სოფიკო: – ღმერთო რამდენი რამ მოხდა ამ მოკლე დროში
ლიზა: – ბებო იცი რა მაგრად მიყვარხარ.
სოფიკო: – ლიზა, შენ ნუ ინერვიულებ, შენთვის ეხლა არ შეიძლება ნერვიულობა, მაგრამ იცოდე მე მალე მოვკვდები.
ლიზა: – კარგი რა ბებო ნუ ახურებ.
თინა: – დედა კარგი რა მართლა და მართლა.
ირაკლი: – ხო რა დედა.
სოფიკო: – არა, არა, მე ვიცი რასაც ვამბობ, დროა, დროა…
გარეთ ფოიერვერკების ხმებია.
ლიზა: – შევხვდეთ ახალ წელს
ირაკლი, თინა და ლიზა გადიან ფოიერვერკების სანახავად
სოფიკო: – ვიცი რასაც ვამბობ, დროა, კიდევ ერთი ორი წელი და …. ისე, რატო ათი წელი არა, რო?
– ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს….
დასარული


