ავთო ვარსიმაშვილი

           „სულის იდენტიფიკაცია“

                (ჟამი სიმართლისა)

არიელ დორფმანის პიესის „ქალწული და სიკვდილის“ მიხედვით

                  ფსიქოლოგიური დრამა ორ მოქმედებად

 

                                    მოქმედი პირნი:

სალომე – თორნიკეს ცოლი. ორმოცამდე  წლის, ყოფილი დისიდენტი, მოქანდაკე, ნევროზის  შესამჩნევი  ნიშნებით.

თორნიკე – სალომეს ქმარი, მწერალი,ორმოციოდე წლის. 

ბესო- ორმოციოდე წლის.  

 

მხატვარ მოქანდაკის სახელოსნო,  დგას რამდენიმე დაუმთავრებელი აბსტრაქტული სკულპტურა და დაუმთავრებელი ფერწერული ტილო.

ერთ ერთ სკულპტურასთან სალომე  მუშაობს. 

ისმის მანქანის მოახლოების ხმა, სალომე იყურება გარეთ, სწრაფად აქრობს სინათლეს, და მაგიდიდან დანას იღებს , ისმის თორნიკეს ხმა:

 

თორნიკე:- (ბესოს)  გულწრფელად  გეპატიჟებით, ცოტა ხნით შემობრძანდით…

ბესო: – არა, არა, რას ამბობთ, დიდი მადლობა, მეჩქარება, თორემ ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი, თქვენთან სტუმრობა ჩემისთანა პატარა კაცისთვის დიდი პატივია და აუცილებლად გეწვეოდით, მაგრამ  ცოლი მიცდის.

თორნიკე: – კარგი, როგორც გნებავთ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, თქვენ, რომ არა, ეხლაც ტრასაზე ვიდგებოდი. მოკლედ შევთანხმდით, ხვალ დილით გელოდებით, კარგად ბრძანდებოდეთ. 

 

     (თორნიკე შემოდის სახელოსნოში, ხელში ლუდებით სავსე პარკი უჭირავს.)

 

სალომე! (ანთებს სინათლეს, ხედავს ცოლს დანით ხელში) სალომე, მე ვარ, თორნიკე!  ეგ დანა რად გინდა?

სალომე: ის ვინ იყო?

თორნიკე:  – დაუშვი დანა და ყველაფერს გეტყვი. დაუშვი დანა!  აი ეგრე. წარმოგიდგენია,  მანქანას გზაში საბურავი დაეშვა, ნახე რამხელა ლურსმანი ჰქონდა შერჭობილი.  

სალომე: – მერე?

თორნიკე: – რა მერე? ბედი არ გინდა, მანქანაში სათადარიგო საბურავიც  ჩაფუშული აღმოჩნდა. წარმოდგენაც კი არა მაქვს როდის ჩაიფუშა, 112 ზე ვაპირებდი დარეკვას და აი ამ დროს ამ ღვთისნიერმა კაცმა გამიჩერა, მიცნო, ტელევიზორიდან გიცნობთ და დიდ პატივს გცემთო, მან წამომიყვანა, მანქანა ტრასაზე დავტოვეთ, ჩემი საბურავი თავის მანქანაში ჩაიდო, გაგიკეთებთ და  ხვალ დილით  მოგიტანთო.  

სალომე: გასაგებია. რაო პრემიერმა?

თორნიკე: ლუდი მოგიტანე, შენ რომ გიყვარს ისეთი, გაუფილტრავი.

სალომე: პრემიერმა რაო? შემოგთავაზა? 

თორნიკე: კი შემომთავაზა. 

სალომე: კომისიის თავმჯდომარეობა? 

თორნიკე:  ჰო,  კომისიის თავმჯდომარეობა.

სალომე: მერე?

თორნიკე: – არაფერი, ვუთხარი მოფიქრებისათვის ერთი დღე მომეცით თქო. 

სალომე: რაა? მართლა ეგრე უთხარი?

თორნიკე: ჰო, ამ კომისიის თავმჯდომარეობაა დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ ვუთხარი ერთი დღე მომეცი და მოვიფიქრებ თქო.

სალომე: რა მოფიქრება გინდა?, როდის აქეთ გაურბიხარ პასუხისმგებლობას? შენ ხომ ეს დიდი ხანია იცოდი და ძალიანაც გინდოდა?

თორნიკე: ვიცოდი, მინდოდა და მინდა კიდეც, მაგრამ….

სალომე:- რა მაგრამ? მთელი შენი შეგნებული ცხოვრება ამ დღეს უცდიდი, მარტო შენ კი არა, ყველა შენი მეგობარი უცდიდა ამ დღეს, ცოცხლებიც და გარდაცვლილებიც…

თორნიკე: დაწყნარდი, დაწყნარდი. შენს გარეშე ხომ არ დავთანხმდებოდი? შენ ხომ არ გითქვამს ჩემთვის ჰო, დათანხმდიო. დავთანხმდე?

სალომე: რა თქმა უნდა, მაგას რა კითხვა უნდა?.

თორნიკე: რომ დავთანხმდე, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ამ საქმეს 24 საათს მოვახმარ.

სალომე: – ა. გასაგებია. გინდა დარწმუნებული იყო, რომ მე ცუდად აღარ გავხდები და ჩემი ნერვიული შეტევები  აღარ განმეორდება…? ასეა არა?

თორნიკე: – ხო, რაღაც მაგდაგვარის გაგება მინდა 

სალომე: – მაგაში დარწმუნებული ვერ იქნები. სამწუხაროდ, ჩემი ცუდად გახდომა, ჩემზე არაა დამოკიდებული. 

თორნიკე: – ვიცი, ამიტომაც ვითხოვე მოსაფიქრებლად დრო.

სალომე: – და შენ უთხარი პრემიერს, რომ შენს ცოლს ხანდახან ეწყება ფსიქიური აშლილობა და რომ ასეთ დროს, ის არაკონტროლირებადი, დასაბმელი გიჟი ხდება და ამიტომ მოფიქრებისთვის გჭირდება ერთი დღე დათანხმდე თუ არა სამართლიანობის აღდგენის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას?

თორნიკე: არა, რა თქმა უნდა ეგ არ მითქვამს. მაგას როგორ ვეტყოდი?, უბრალოდ, მოსაფიქრებლად ერთი დღე ვითხოვე.

სალომე: – და ამ ერთ დღეში რა შეიცვლება? ვინმე წინასწარ დამიმოწმებს, რომ ნერვიული შეტევა აღარ მექნება? 

თორნიკე: – სალომე, დაწყნარდი ეხლა…

სალომე: რა დამაწყნარებს? რა გგონია, რომ ამ ერთ დღეში ამნეზია დამეწყება და ის ჯოჯოხეთი, რომელიც გადავიტანე უცებ დამავიწყდება და აღარასოდეს გამახსენდება? მე ცუდად იმის გამო ვხდები, რომ აი აქ, აქ, (საფეთქელთან იდებს თითს) ყველაფერი მახსოვს და ვერ ვივიწყებ.  

თორნიკე: – ვიცი, ვიცი. დაწყნარდი და მომისმინე.

სალომე:- ნუ მაწყნარებ, მე ვერ დავწყნარდები მანამდის სანამ…. და საერთოდ, ჩემი ცუდად გახდომა ჩემი პრობლემაა და არა შენი.

თორნიკე: – შენი პრობლემა ჩემი პრობლემაა, შენი დარდი ჩემი დარდია და შენი სიხარული ჩემი სიხარულია, შენ  ჩემი სუნთქვა და ფიქრი ხარ.  შეგიძლია დაწყნარებით მომისმინო?

სალომე: არა.

თორნიკე: გთხოვ მომისმინე. გთხოვ.

სალომე:- კარგი გისმენ.

თორნიკე:- დაჯექი და წყნარად მომისმინე, 

სალომე: წყნარად მოსმენას ვერ დაგპირდები.

თორნიკე: შეეცადე. ცხოვრება წუთებისაგან შედგება, ჩემთვის ყოველი წუთი შენი ღიმილის გარეშე, არაფრის მთქმელი წუთია, ის წუთი, როცა არ მესმის შენი ხმა, მხოლოდ დაკარგული წუთია, ყველა ასეთი დაკარგული წუთი, ჩემი ცხოვრების კალენდრიდან ამოგლეჯილი ფურცელია, შემოდგომის ფოთლებივით მიწაზე რომ მიმოფანტულან, თუ ასეთ დაკარგულ წუთებს დავითვლით, გამოვა რომ ძალიან ცოტა მიცხოვრია ამ ქვეყანად და მართლაც წუთი ყოფილა ეს წუთი-სოფელი… 

სალომე: – ეს შენი ახალი რომანიდანაა?

თორნიკე: – არა, ეხლა რომანების წერის თავი არ მაქვს, თუმცა კარგად იცი, რომ რაც არ უნდა დავწერო, ყველაფერი შენ მოგეძღვნება. მოდი, ორივემ სერიოზულად შევხედოთ პრობლემას, ეს მარტო შენი პრობლემა არაა, ეს ორივეს პრობლემაა. ბოლოს, როცა ნევროზული შეტევა დაგეწყო, ორი კვირა გრძელდებოდა ეს შეტევა.

სალომე: ორი კვირა არა, მეტი, 17 დღე.

თორნიკე: ჰო, 17 დღე.

სალომე: – მერე?

თორნიკე: – კარგად იცი, რომ მთელი ის 17 დღე წამითაც არ მოგცილებივარ, სულ შენთან ვიყავი. ხომ ასეა?

სალომე: – მაყვედრი?

თორნიკე: არა რას გაყვედრი, ეს ჩემი მოვალეობაც იყო და სურვილიც, კარგად იცი, რომ შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ ამ ქვეყანად. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. შენ ჩემი სიცოცხლე ხარ, ჩემი სუნთქვა ხარ…

სალომე:  – არ ვარ სენტიმენტების ხასიათზე, გავიგე და მერე?

თორნიკე: – მერე ის, რომ თუ ისევ განმეორდება ეგ შენი შეტევა…

სალომე: – რა? რა მოხდება?

თორნიკე:- მთელი ქვეყანა მინიმუმ 17 დღე  სამართლიანობის აღდგენის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გარეშე დარჩება… 

                 სალომე ჯერ სერიოზულად უყურებს და მერე ხმამაღა იცინის

თორნიკე: რა გაცინებს? მე სერიოზულად ვიძახი, როცა შენ ცუდად ხარ, მეც მთლიანად ვინგრევი და არაფერი მახსოვს შენს გარდა.  როცა არ მქონდა არანაირი თანამდებობა, ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, შენი მოვლის გარდა სხვა მოვალეობა არ მქონია და ეხლა?….

სალომე: მოვალეობა?

თორნიკე: ხო, შენი მოვლა ჩემი მოვალეობაა. ….

სალომე: ჩემი?

თორნიკე: რა შენი?……

სალომე: შენი მოვალეობა ჩემი მოვლაა, ეგ გავიგე და ჩემი? ჩემი მოვალეობა რა არის?

თორნი: შენი მოვალეობაც  ეგაა, ჩემი მოვლა, ჩემს გვერდით ყოფნა. ჩვენ მოვალენი ვართ ერთმანეთს მოვუაროთ.   

სალომე: გასაგებია.

თორნიკე: ძალიან კარგი. ჰოდა რა ვქნა თუ ამხელა თანამდებობას დავიკავებ? 24 საათი ამ საქმეს უნდა მივხედო, ათასობით საქმეა გამოსაძიებელი, იქნება გაუთავებელი დაკითხვები და მივლინებები, შენ როგორღა მოგივლი?

სალომე: – რა საყვარელი ხარ. ნუ იფიქრებ ამაზე, ჩემზე მთავარი ის საქმეა რასაც ეხლა ხელს კიდებ….

თორნიკე: – სწორედ ეგაა პრობლემა რომ არა, ჩემთვის არაფერია  შენზე მთავარი… არც ლექციების კითხვა, არც პოლიტიკა და არც მწერლობა არაა ჩემთვის შენზე მთავარი, მიმიფურთხებია ყველა საქმისთვის, შენ ხარ ჩემთვის მთავარზე მთავარი და სხვა არაფერი, ვერ და არ იქნება შენზე მთავარი. 

სალომე: – იქნება. ეს შენი ვალია. ეს შენი მისიაა და უნდა მიიყვანო ის ბოლომდე, ზუსტად ჩემი სიყვარულის გამო ხარ ვალდებული, ყველაფერი გააკეთო, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღსრულდეს სამართალი. გესმის რას გეუბნები? შენ უნდა აიძულო ეს მთავრობა, რომ სიტყვა შეასრულოთ და ყველას მიუსაჯოთ ის, რაც მათ ეკუთვნით.

თორნიკე: – ჩვენ მხოლოდ უნდა გამოვიძიოთ, სასჯელს კი სასამართლო მიუსჯის.

სალომე: – სასამართლო? ნუ გამაცინე,  დაგავიწყდა, რომ სასამართლოში ისევ ის მოსამართლეები გვყავს, რომლებმაც წლების მანძილზე თითიც არ გაანძრიეს, რომ ერთი ადამიანი მაინც გადაერჩინათ? მოსამართლეები, რომლებშიც არც ერთი ადამიანის უკანონო დაკავება არ იწვევდა ეჭვს. ის მოსამართლეები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ამ ქვეყანაში არავინ არავის იტაცებს და თუ ერთ მშვენიერ დღეს კაცი სახლიდან ქრებოდა, ეს მოსამართლეები მშვიდად იძახდნენ, რომ ის კი არ გაქრა, არამედ უბრალოდ ცოლს გაექცა, ხოლო თუ ქალი გაქრებოდა, ესე იგი მან ქმარი მიატოვა და საყვარელთან ერთად ქვეყნიდან გაიპარაო. თუმცა მშვენივრად იცოდნენ, რომ ის კაცებიც და ქალებიც, იქვე, სულ რაღაც ორას, სამას მეტრში, დილეგში იყვნენ ჩაყრილები, ანდა სულაც, უკვე დახვრეტილები და მიწაში ჩამარხულნი.

თორნიკე: – კარგი დაწყნარდი გთხოვ, ამიტომაცაა საჭირო ეს კომისია, რომ ჩატარდეს  ისეთი გამოძიება, რომ მაგ მოსამართლეებს სხვა გზა არ ჰქონდეთ გარდა სამართლიანი სასჯელისა.

სალომე: – ხოდა დათანხმდი და ჩემზე ნუ იფიქრებ. თუ შეტევა ისევ დამეწყება, ნუ ინაღვლებ, კლინიკაში უკვე კარგად იციან რაც მჭირს და უშენოდაც მომხედავენ. დათანხმდი. გთხოვ.

თორნიკე: კარგი.

სალომე: – მომეცი პირობა, რომ ხვალვე დათანხმდები და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვან.

თორნიკე: ცოტა რომ დავფიქრდე?

სალომე: თუ გინდა, რომ ჩვენი ურთიერთობა შევინარჩუნოთ, პირობა უნდა მომცე.

თორნიკე: ხვალ რომ გითხრა?

სალომე: არა.

თორნიკე:- კარგი, გნებდები, პირობას გაძლევ. გიყვარვარ?

 სალომე: გშია? ნიგვზიანი ხარჩო გვაქვს.

თორნიკე: შენ თვითონ დაამზადე?

სალომე: მე, აბა კიდევ ვინ დაამზადებდა?

თორნიკე: შენი ხელებით გაკეთებული ხარჩო როგორ არ მინდა. უგემრიელესი იქნება.

სალომე: მართლა? მაშინ წამოდი, გაგიცხელებ.

თორნიკე: შენ არ გინდა?

სალომე: არა, არ მშია, მთელი დღეა არაფერი მიჭამია და მაინც არ მშია,

თორნიკე: ლუდსაც არ დალევ?

სალომე: არა,  თავი მტკივა…, დავწვები.

თორნიკე: ბოლო დროს ხშირად გტკივა თავი..

სალომე: ხო, ძალიან ხშირად მტკივა, მართალი ხარ! არა უშავს, მივეჩვიე…

             კარებზე კაკუნი, ჯერ ფრთხილი, შემდეგ ხმამაღლა.

სალომე: თორნიკე, არ გააღო.

თორნიკე: ნუ სულელობ, ყველაფერი რიგზეა. მეზობელი იქნება.

სალომე: არა, თორნიკე, ვინ მეზობელი, ისინი ისევ ჩემს დასაჭერად მოვიდნენ. 

თორნიკე: არა რა დასაჭერად? ეხლა სხვა დროა, დაწყნარდი.

სალომე: არა, სხვა დრო ამ ქვეყანაში არასოდეს დადგება, ვიცი, ვიცი, რომ ისინი ჩვენს დასაჭერად მოვიდნენ. არ გააღო.

თორნიკე: – კარგი რა. მიდი დაწექი, ახლავე მოვალ, რომელი ხარ?

ბესო: ბესო ვარ, ბესო

თორნიკე: ბესო?

ბესო: ხო, აი თქვენი საბურავი რომ წავიღე.

თორნიკე: ააა ბესო. (სალომეს) ეს ისაა მე რომ მომიყვანა, შედი, დაწექი (აღებს კარს) გული გამიხეთქეთ.

ბესო: მართლა? მე კი  ვიფიქრე არ სძინავს თქო. ჯერ ხომ 11 საათიც არაა. 

თორნიკე: არა ხო, ჯერ არ გვძინავს, უბრალოდ მეც და ჩემს ცოლსაც ისეთი დღეები გვაქვს გადატანილი…. ისინი ხომ ღამე მოდიოდნენ  ხალხის დასაჭერად, მე კიდევ გამიარა და აი ჩემს ცოლს კი, დღემდე აქვს ღამის შიში.

ბესო: – ცოლს? სახლშია? მაპატიეთ, არ ვიცოდი..

თორნიკე: – ჰო და ცოტა ჩუმად ვილაპარაკოთ, წევს, შეუძლოდაა. 

       სალომე ოთახის უკნიდან ჩუმად უსმენს მათ დიალოგს.

ბესო: მაპატიეთ,  მესმის, ჩემი ცოლიც შეუძლოდაა. 

თორნიკე: მობრძანდით, მობრძანდით,  დაბრძანდით. ლუდს ხომ არ დალევთ?

ბესო: – არა, საჭესთან ვარ.  მადლობა. რა უცნაური ქანდაკებებია.

თორნიკე: დაუმთავრებელია სუყველა. ეს ჩემი ცოლის სახელოსნოა, ჩემი ცოლი მხატვარ – მოქანდაკეა, ერთს რომ იწყებს არ ამთავრებს ისე იწყებს მეორეს.

ბესო: მე ვერ ვერკვევი თანამედროვე ხელოვნებაში, მე უფრო კლასიკური ხელოვნება მიყვარს.

თორნიკე: – მეც. რამ შეგაწუხათ ბატონო ბესო?

ბესო: – რა ბრძანეთ? ა, ხო.  იცით, თქვენ რომ დაგტოვეთ და სახლისკენ წავედი, მანქანაში რადიო ჩავრთე და რადიოში ჩვენი პრემიერი ლაპარაკობდა…

თორნიკე: პრემიერი? მართლა? არ ვიცოდი.

ბესო: ხო, პირდაპირი ჩართვა იყო და პრემიერმა თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენის საგამომძიებო კომისიის თავმჯდომარედ ისურვებდა, რომ თქვენ ეხილეთ. ძალიან გამიხარდა. სახლთან, რომ მივედი გავიაზრე, რომ თქვენი მანქანის ბორბალი მე მაქვს წამოღებული და თქვენ კი, ეხლა უამრავი საქმე გაქვთ და მანქანა ალბათ ძალიან გჭირდებათ. ჩემს თავს ვუთხარი: ე ბესო, შე ვირიშვილო, მშენებელი კაცი ხარ,…. ხო, მე სახლებს ვაშენებ და თან ბეტონის ბლოკებს ვასხამ, პატარა ქარხანა მაქვს. მოკლედ  ჩემს თავს ვუთხარი: ე ბესო, შე ვირიშვილო, ეს საზოგადო მოღვაწე, მთელს მსოფლიოში ცნობილი მწერალი კაცი,  რომელმაც გვერდზე გადადო მწერლობა,  რომ  ქვეყნის საქმეს აკეთოს, ამხელა საქმეები უნდა გამოიძიოს, სამართლიანობა უნდა აღადგინოს ქვეყანაში, ამდენი ნაბიჭვარი დაიჭიროს, ქვეყანა გააერთიანოს და ეხლა კი უმანქანოდ დარჩაო.  მოკლედ, ეკას ვუთხარი… ჩემს ცოლს ეკა ჰქვია. … დაიძინე მალე მოვალო, სახლში გარაჟი მაქვს, გადმოვიღე თქვენი ბორბალი, შევაკეთე, დავბერე და აი,  მოგიტანეთ, ახლავე მიგიყვანთ თქვენს მანქანასთან, საბურავი გამოვუცვლოთ და მერე თქვენ თქვენივე მანქანით უკან დაბრუნდებით.

თორნიკე: – არა მადლობა, ეხლა მიყვანა არაა საჭირო,  ცოლი მიმიყვანს ხვალ თავისი მანქანით, უღრმესი მადლობა, რომ ასე შეწუხდით.

ბესო: არა რას ბრძანებთ, ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენ თუნდაც უმნიშვნელო რამეში დაგეხმაროთ. თქვენ ამხელა პიროვნება ხართ, იცით, ბატონო თორნიკე, ყველა თქვენი რომანი წაკითხული მაქვს, ჯერ კიდევ ადრე, მრავალი წლის წინ, როცა კი დაგინახავდით  ტელევიზორში, სულ ვიძახდი თქვენზე, აი ვინ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი ან პრემიერი თქო.

თორნიკე: – არა რას ბრძანებთ, რა პრეზიდენტი, დიდი მადლობა, დამიჯერეთ, არაფრით განსაკუთრებული არ ვარ.

ბესო: – ხართ, თქვენ თვითონ არ იცით, რამხელა მწერალი, რამხელა პიროვნება ხართ, თქვენ ხართ ჩვენი იმედი, ქვეყნის სიამაყე,  ეხლაც გავგიჟდი სიხარულით, როცა გავიგე რომ თქვენ დაინიშნეთ ამ საგამომძიებლო კომისიის ხელმძღვანელად.

თორნიკე: მე ჯერ არ დავნიშნულვარ

ბესო: დაინიშნებით, ჩვენი პრემიერი ტყუილად არ იტყოდა, რომ ისურვებდა თქვენ ეხილეთ ამ კომისიის თავმჯდომარედ. 

თორნიკე: არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია, კარგად უნდა მოვიფიქრო, რჩევა ვკითხო ხალხს, მეგობრებს, ცოლს.

ბესო: ცოლს? ჰო, რა თქმა უნდა, ცოლის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, მეც ცოლის გარეშე არაფერს ვწყვეტ. გამახსენდა, თქვენი ცოლიც დისიდენტი იყო და მგონი დაპატიმრებულიც იყო არა?

თორნიკე:- ჰო, გაიტაცეს.

ბესო: მახსოვს, ხო,  ტელევიზიები სულ მაგას  გადმოსცემდნენ. დიდი ამბავი იყო ატეხილი, როგორც მახსოვს, იქ, აწამებდნენ კიდეც და მან მაინც არ გაგთქვათ არც თქვენ და არც ჩვენი ეხლანდელი პრემიერი. 

თორნიკე: ხო, სამი თვე ყავდათ დაპატიმრებული.

ბესო: სამი? რა საშინელებაა, და თან ფიზიკურადაც აწამეს არა?

თორნიკე: -ჰო, დაკითხვებზე ბორკილებს ადებდნენ და თვალებს უხვევდნენ. მაგრამ მაინც ვერ გატეხეს. მაგარი გოგოა, სწორედ ამიტომ, ჩემს ცოლს ყოველთვის ვეკითხები რჩევას.

ბესო: – მეც ეგრე ვარ, ყველაფერს ცოლს ვეკითხები, იცით,  საკუთარ თავსაც კი მირჩევნია, სენტიმენტალურ ფილმებში როა, მეც ეგრე დამემართა, დანახვისთანავე შევიყვარე, დღესაც მახსოვს ის წამი, პირველად რომ დავინახე.  არ დამცინოთ და გეტყვით, რომ 12 წელია ცოლ ქმარი ვართ და ჩემი ეკა დღესაც ისევე მიყვარს, როგორც 12 წლის წინ, უფრო მეტადაც.

თორნიკე: არ დაგცინებთ, მეც დღეს უფრო მეტად მიყვარს სალომე, ვიდრე მაშინ როცა ცოლად მომყავდა.

ბესო:  სალომე, რა კარგი სახელია, ჩემს ცოლს კი ეკა ჰქვია. იცით, შემიძლია დილიდანვე საათობით ვუყურო ეკას, ყავას პირდაპირ საწოლში მივართმევ ხოლმე,  ვჯდები საწოლზე და ვუყურებ როგორ სვამს ყავას, ვერ ვძღები მისი ცქერით, შეიძლება ის ვიღაცისთვის სულ არ იყოს ლამაზი, მაგრამ ჩემთვის ულამაზესია. სულ ვცდილობ გავიგო რაზე ფიქრობს, რა აწუხებს, თუმცა ვიცი, რომ ქალს, კაცი  ვერასოდეს ვერ გაუგებს ბოლომდე.

თორნიკე: – რატომ, მე ყოველთვის ვუგებ ჩემს ცოლს.

ბესო: თქვენ ამაშიც გამონაკლისი ყოფილხართ, ისე კი, ქალის სული, კაცს ბოლომდე არასოდეს ეკუთვნის, შესაძლოა ფლობდე ქალის სხეულს, მაგრამ მის სულს კი, კაცი ბოლომდე ვერასოდეს დაეუფლებაო.ეს ჯერ კიდევ ნიცშემ თქვა.

                          სალომე ფარდის უკან რაღაც ხმას გამოსცემს

თორნიკე: სალომე, ეს ის ბატონი ბესოა, სახლში რომ მომიყვანა. წარმოგიდგენია, თვითონვე შეაკეთა ჩემი საბურავი და მომიტანა.

სალომე: ხო ძვირფასო.

ბესო: წავიდეთ, 5 წუთში გამოვცვლი ბორბალს…

სალომე: –  გამარჯობა,

                      (შემოდის) 

ბესო: გამარჯობა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მიხარია, რომ აი ასე ცოცხლად და ჯანმრთელად გხედავთ.

სალომე: – ჩემთვისაც სასიამოვნოა… მადლობა, რომ ჩემს ქმარს დაეხმარეთ.

ბესო: რას ბრძანებთ, ბატონი თორნიკე მაშინვე ვიცანი, თუმცა მას ვინ არ იცნობს.

სალომე: მაპატიეთ, ცოტას გავისეირნებ  და მალე დავბრუნდები .

თორნიკე: რა თქმა უნდა. (სალომე გადის) მაპატიეთ, ჩემი ცოლი ცოტას ავადმყოფობს.

ბესო: მართლა? მესმის თქვენი. როცა ჩემი ცოლი ავადმყოფობს, მე უფრო ცუდად ვარ ხოლმე ვიდრე ის და ამიტომაც ვიცი რას ნიშნავს, როცა ცოლი ავადაა.

თორნიკე: ხო, მძიმეა,  რას იძახდით?

ბესო: ვიძახდი? ა ხო, ვიძახდი, რომ მე სხვა კაცს ვერც ვხედავ ჩვენს ქვეყანაში, რომელიც გახსნის იმ დანაშაულებებს, რომელიც წლების მანძილზე ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ყველამ უნდა გავიგოთ კონკრეტულად მათი სახელები, ვინც გვტანჯავდა, გვაწამებდა, გვკლავდა, მე პირადად ბიზნესი წამართვეს, არ გამახარეს. იმ ბოროტმოქმედების სახელი მათმა შვილებმა და შვილიშვილებმაც უნდა გაიგონ, რომ აფურთხონ თავიანთ მამებს და ბაბუებს. ვინმე თუ უკვე გარდაცვლილია, საფლავებიდან უნდა ამოვთხაროთ და აი იმ ფილმში როა, ისე უნდა მოვისროლოთ ხრამში. თუ გვინდა, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს, ეს უნდა გავაკეთოთ და ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. ბატონო თორნიკე, დააპატიმრეთ ყველა, ჩაყარეთ ციხეებში და ისევე აწამეთ, როგორც ისინი გვაწამებდნენ.

თორნიკე: – არავის წამებას ჩვენ არ ვაპირებთ.

ბესო: მესმის, ჰო, დამავიწყდა, თქვენ ხომ დემოკრატები ხართ, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ თქვენც ისევე მოქცეოდეთ მათ, როგორც ისინი გვექცეოდნენ. ყველა უნდა დახვრიტოთ.

თორნიკე: ჩვენს ქვეყანაში არაა სიკვდილით დასჯა.

ბესო: არც იმათ დროს იყო, მაგრამ ეს სულ არ უშლიდათ ხელს, რომ ასობით ადამიანი მოეკლათ.

თორნიკე: და ჩვენც ისეთები გავხდეთ როგორიც ისინი იყვნენ?

ბესო: განსხვავება დიდია, ისინი უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდნენ, თქვენ კი დამნაშავენი უნდა დახოცოთ.

თორნიკე: მაპატიეთ ვერ დაგეთანხმებით.

ბესო: რაში ვერ დამეთანხმებით? თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეს არ იმსახურებენ, ასე არაა?

თორნიკე: არა, ყველა ადამიანი იმსახურებს სიცოცხლეს. 

ბესო: კარგი, მესმის რასაც იძახით და ისიც მესმის რატომ იძახით. მოკლედ საქმე ბევრი გექნებათ, ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორიც გექნებათ და ძალიან გაგიჭირდებათ, ისიც კარგად ვიცი, რომ ხელსაც შეგიშლიან.

თორნიკე: რას გულისხმობთ? ვინ შემიშლის ხელს?

ბესო: თვითონ ის ხალხი, ისინი არ გათქვამენ ერთმანეთს,  მთელი მაფიაა და ისტორია კი გვასწავლის, რომ მაფია უკვდავია.

თორნიკე: ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. 

ბესო: წავიდეთ რა, მიგიყვანთ მანქანამდე, უცებ გამოვცლით ბორბალს.

თორნიკე: არა არა,  რა საჭიროა, ხვალ მიმიყვანს ჩემი მეუღლე. ნუ წუხდებით.

ბესო: სულაც არ ვწუხდები, წავიდეთ რა.. სულ 10-15 წუთის საქმეა.

  სალომე ხმაურით აღებს კარს

თორნიკე: სალომე ძვირფასო, რა ხდება?

სალომე: ( შემოდის, ხელში თოფი და თოკი უჭირავს ), არაფერი. 

თორნიკე: ეგ თოფი საიდან?

სალომე: ამის მანქანიდან.

ბესო: დიახ, ეგ ჩემი თოფია, მანქანაში მიდევს იარაღის ტარების უფლებაც.

სალომე: ვიცი ისიც ვნახე.

თორნიკე: სალომე, რა ხდება?

სალომე: ხდება ის, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა მომხდარიყო. (ბესო)  არ გაინძრე, თორემ თვალს არ დავახამხამებ ისე გესვრი.

თორნიკე: სალომე, ეს ის კაცია, მე რომ მომიყვანა სახლში.

სალომე: ძალიან კარგად ვიცი ვინცაა. (თოკს ესვრის ქმარს) სკამზე მიაბი, მას ასე უნდა დაველაპარაკო.

თორნიკე: სალომე.

ბესო: ქალბატონო, მგონი ვიღაცაში გეშლებით, მე თქვენს ქმარს დავეხმარე და ეხლა წავალ სახლში…

სალომე: არსადაც არ წახვალ, (თორნიკეს) მიაბი მეთქი, თორემ მოვკლავ ამ ნაბიჭვარს.

თორნიკე: კარგი, კარგი, დაწყნარდი, ახლავე.

სალომე: პიჯაკი გახადე, მაგრად მიაბი, ფეხებიც შეუკარი

(თორნიკე იწყებს ბესოს მიბმას სკამზე)

სალომე: ისე მიაბი, რომ ვერ გაინძრეს.

ბესო:  ქალბატონო, მე თქვენ ვიღაცაში გეშლებით…

სალომე: ეხლა გავხდი ქალბატონი? ხმას ნუ იღებ. ეხლა ვნახოთ ჯიბეში რა გიდევს (ჩხრეკს პიჯაკს) მობილური, ალბათ ბევრი საინტერესო რამ გიწერია აქ.

ბესო: არაფერი არ მიწერია

თორნიკე: სალომე, შენ მგონი ისევ დაგეწყო შეტევა.

სალომე: (პიჯაკის ჯიბიდან იღებს წამალს) ეს რა წამალია?

ბესო: ცოლის წამალია, ცოლს უნდა მივუტანო, მე ცოლი ავადმყოფი მყავს.

თორნიკე: სალომე რას აკეთებ გამაგებინე. შენ ისევ ცუდად ხარ

სალომე: არა ძვირფასო, ასე კარგად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. 

ბესო: გამაგებინეთ რა ხდება? რა გნებავთ ჩემგან?

სალომე: ხმა ჩაიწყვიტე. პირი გააღე, უფრო მაგრად გააღე (უტენის პირში ჩვარს) თორნიკე, დაჯექი და შენც მომისმინე, ამ ნაბიჭვარს უნდა დაველაპარაკო  რაო, რა მქვიაო? ბესო? და შემთხვევით, მოფერებით….  ბაჩუკის ხომ არ გეძახიან? 

თორნიკე: სალომე, გეშლება ვიღაცაში.

სალომე: არ მეშლება ძვირფასო. (ბესოს) ეს იცი რა არის? (უჩვენებს დისკს)  ბახის მი ბემოლ მინორი, ჰოროვიცის შესრულებით. შენი მანქანიდან ამოვიღე.  იცი საკმარისი იყო რადიოში  ან ტელევიზორში მომესმინა ეს ღვთაებრივი მუსიკა, მაშინვე გულისრევა მეწყებოდა. ბაჩუკი, ჩემმა ქმარმა არ იცის და მხოლოდ ეხლა გაიგებს, რომ როცა ერთი თვის წინ, ამ სახლში, ტელევიზორით კონცერტს გადმოსცემდნენ,  სადაც ამ მუსიკას უკრავდნენ, ჩემი ქმარი ისეთი აღფრთოვანებით უსმენდა, რომ ვერ ვუთხარი გადართე სხვა არხზეო, ვითმენდი და შედეგად ისეთი ნერვიული შეტევა დამეწყო, რომ 17 დღით კლინიკაში აღმოვჩნდი. (თორნიკეს) ვერ მიხვდი? როდესაც იქ, ჩემს წამებას იწყებდნენ, ამ მუსიკას რთავდნენ მთელ ხმაზე და ისე მაწამებდნენ. იმ დღეს, როცა ტელევიზორში უსმენდი, ამ მუსიკამ გამოიწვია ჩემში  ფსიქიური სტრესი. 

თორნიკე: – რატომ არ მითხარი?

სალომე: ვერ გითხარი, ისე უსმენდი ამ მუსიკას, რომ ვერ გითხარი, მე ხომ შენთვის საერთოდ არ მომიყოლია იქ რას მიშვებოდნენ, მაგრამ ეხლა კი სიამოვნებით მოვუსმენ ამ მუსიკასაც და მოგიყვები კიდეც რას მიშვებოდნენ იქ. ხო, მოვუსმენ, ერთად მოვუსმენთ, ეს ხომ თქვენი საყვარელი მუსიკაა ბაჩუკი ექიმო? ასე არაა? როგორ იძახდით? „ბახის გარეშე, ერთი დღეც არ მინდა სიცოცხლეო“? ისე გიყვართ, რომ მანქანაშიც კი მარტო ეს ერთი დისკი გაქვთ. თუ მანქანაშიც აწამებთ ადამიანებს.?

თორნიკე: შენ გინდა თქვა, რომ ეს კაცი…

სალომე: ხო, ეს ის სადისტი ექიმია, ვინც მთელი სამი თვე მაწამებდა.

თორნიკე: არა, გეშლება ძვირფასო, ეს ექიმი არაა, ეს ბიზნესმენია.

სალომე: ისაა.

თორნიკე: საიდან იცი, რომ ისაა? შენ ხომ მთელი ის სამი თვე  თვალები ახვეული გქონდა?

სალომე: ხმაზე ვიცანი. 

თორნიკე: სალომე…

სალომე: მე თვალები მქონდა ახვეული, მაგრამ ყურები ხომ მქონდა?  ყველაფერი მესმოდა. ესაა ის ექიმი, რომელიც  ჩემს წამებას ხელმძღვანელობდა.

თორნიკე: სალომე მომისმინე, შენ ავად ხარ.

სალომე: არა მე არ ვარ ავად.

თორნიკე: შენ ავად ხარ, დამიჯერე.

სალომე: ასეც რომ იყოს, ავადმყოფობა სულ არ მიშლის ხელს ხმა ვიცნო. თან იცი, ადამიანი როგორაა მოწყობილი?, როცა ერთ გრძნობას ვკარგავთ, მეორე გვიმძაფრდება, დამიმოწმეთ, ასე არაა ბაჩუკი ექიმო? 

თორნიკე: ეს კაცი ბიზნესმენია და არა ექიმი.

სალომე: ექიმია, ექიმი, ამის ხმას რა დამავიწყებს.

თორნიკე: ხმები შეიძლება გავდნენ ერთმანეთს. ეს არაა დამამტკიცებელი საბუთი. 

სალომე: არც ის, რომ მანქანაში ბახის დისკი აქვს?

თორნიკე: არც ეგაა საბუთი.

სალომე: შენში უკვე სამართლიანობის აღდგენის საგამომძიებლო კომისიის თავმჯდომარე  ლაპარაკობს. არ მჭირდება არანაირი საბუთი, ეს მისი ხმაა, როგორც კი ხმა ამოიღო ეგრევე ვიცანი, მისი სიცილი, მისი ლაპარაკის მანერა..

თორნიკე: ეს არაა საკმარისი…

სალომე: ჩემთვის საკმარისია. მთელი ეს პერიოდი ერთი საათიც არ ყოფილა, რომ მისი ხმა ყურში არ მქონოდა: „შენ ეი,… ბაყვა, ეხლა შენი ჯერია, ეხლა შენ იხმარე ეს ბოზი!“ „როგორ ფიქრობ კუჩა?, გაუძლებს? იცოდეთ ბაყვა, დღეს სულ ცოტა 9 ჯერ უნდა იხმაროთ,“ „გაუძლებს, მეტსაც გაუძლებს ეს ბოზი, უყვარს ეს საქმე, ჩანგალ, ხომ ხედავ ჯერ კიდევ გონზეა, იხმარე მეთქი!“

თორნიკე: სალომე, შენ ეხლა ბოდავ, რა ბაყვა ვინ კუჩა?, მომეცი ეხლავე  თოფი.

სალომე: არ მოგცემ. 

თორნიკე: საყვარელო, სანამ შენ ეს თოფი გიჭირავს ხელში, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს

სალომე: პირიქით, სწორედ ეხლა აქვს აზრი ლაპარაკს. ასეთებს სხვანაირად არც უნდა ელაპარაკო. მაშ ეს თოფიც შენია არა? რაში გჭირდება მისი მანქანით ტარება? აქ რისთვის მოეთრიე? ჩვენი მოკვლა ხომ არ გინდოდა შემთხვევით?

თორნიკე: თოფის მანქანაში ტარების უფლება ეხლა ბევრს აქვს. კანონით დაშვებულია.

სალომე: რა თქმა უნდა ბევრს აქვს, ამას ევალება კიდევაც, რომ ჰქონდეს. ეს თოფი კი გემოზეც მეცნობა. 

თორნიკე: სალომე, რასაც ეხლა შენ აკეთებ, უკანონობაა.  

სალომე: რაა? უკანონობა? და რასაც ეს ნაბიჭვარი აკეთებდა ეს კანონიერი იყო? იცი რამდენჯერ ჩამთხარა პირში ეს თოფი? 

თორნიკე: შენ სულ გაგიჟდი, ბატონო ბესო, დიდი ბოდიში, რომ ასე მოხდა…

სალომე: არ გაბედო, არ გაბედო მასთან ბოდიშის მოხდა და არც ბატონი ბესო არაა ეგ, ეგ არის ბაჩუკი, ყველაზე საზიზღარი არსება ამ ქვეყანაზე, ეგ არის ბაყაყი, არა, ბაყაყზე უარესია.

თორნიკე: მოდი შევუხსნათ ხელები, ჩვარი გამოვუღოთ პირიდან და მშვიდად დავილაპარაკოთ.

სალომე: არა.

თორნიკე: მივცეთ  თავის დაცვის საშუალება.

სალომე: არა.

თორნიკე: სალომე, შენ თუ არ შეუხსნი მე შევუხსნი. 

 

დაიძვრება ბესოსკენ, სალომე გაისვრის  თოფიდან

 

თორნიკე: გაჩერდი.

სალომე: ნუ მეუბნები რა ვქნა, თვითონ გადავწყვეტ რა უნდა ვუქნა ამ ნაბიჭვარს.

თორნიკე: სალომე, მე არ მჯერა, რომ ეს ის კაცია, მაგრამ მართალიც რომ იყო და ეს კაცი, ის ექიმი იყოს, ვინც შენ გაწამებდა, შენ მაინც არ გაქვს უფლება განაჩენი გამოუტანო, ამისთვის არსებობს სასამართლო, კი ბატონო, გამყიდველი, კორუმპირებული, მშიშარა სასამართლო, მაგრამ მან უნდა გამოუტანოს სასჯელი და არა შენ, ან მე, ან თუნდაც პრემიერმა. მაშინ რითი განვსხვავდებით იმათგან, ვინც ჩვენ შევცვალეთ? ჩვენ არ გვაქვს უფლება იმათზე უარესები გავხდეთ. თვითონ  თუ არ დავიცავით კანონი, სხვას როგორ მოვთხოვოთ. მოდი ასე ვქნათ, გამოვიძახოთ პოლიცია და იმათმა გაარკვიონ ვინ მართალია და ვინ მტყუანი. მოდი ეხლავე დავურეკავ პოლიციას…

სალომე: რომ დღესვე გაუშვან? პოლიციაში სულ ამისთანები არ არიან? პოლიცია რომ ეხლა აქ მოვიდეს, ამას ეგრევე შუბლს გავუხვრიტავ, მერე კი თავს მოვიკლავ, ხომ იცი, რომ  ვიზამ?

თორნიკე: პირობას გაძლევ, რომ თუ ეს დამნაშავეა, ვერავინ გაბედავს ამის გაშვებას, გადავცეთ პოლიციას და ისინი გაარკვევენ ყველაფერს.

სალომე: არა!

თორნიკე: სალომე, მე მგონი შენ სულ მთლად გაგიჟდი.

სალომე: გავგიჟდი ხო! გიჟი ვარ! ბაჩუკი ექიმო, მოუყვებით ჩემს ქმარს თუ რატომ გავგიჟდი?.

თორნიკე: გამაგებინე რას აპირებ?

სალომე: მე რას ვაპირებ? ჩვენ რას ვაპირებთ. ჩვენ ერთად მოვუწყობთ ამ ნაბიჭვარს სასამართლოს. ერთად. აქ, დღეს, ეხლავე. ჯერ ჩვენ მოვუწყობთ სასამართლოს და მერე გადავწყვეტთ რა ვუყოთ, პოლიციას გადავცეთ თუ ჩვენვე გამოვუტანოთ განაჩენი.  ბაჩუკი კარგად მომისმინე, თუკი ოდნავ მაინც  შეგრჩა მოსმენის უნარი. როცა ციხიდან გამომიშვით, უფრო სწორედ,  როცა იძულებული გახდით გამოგეშვით, მშობლების სახლში ვერ წავედი და იცი რატომ? იმიტომ რომ ჩემი მშობლები თქვენი მომხრეები არიან, დღესაც კი თქვენ გიჭერენ მხარს, თქვენ ხომ ისიც  კი მოახერხეთ, რომ ოჯახებიც გაყავით შუაზე. იცი რომ  ჩემი მშობლები აქამდე არც კი მინახავს?. გითხრა რას ვგრძნობდი ციხიდან რომ გამოვედი? იმ ღამეს…. არ მოვყვები რა დღეში ვიყავი, შენ ხომ ისედაც კარგად იცი, სანამ ციხიდან გამომაგდე ხომ ყურადღებით დამათვალიერე, ჩემი სხეულის ყოველი სანტიმეტრი შეამოწმე, როგორ თქვი? სხეულის იდენტიფიკაციას ვახდენო? იცი, ამლოკა კიდეც…  მართლა, ბაჩუკი,ხომ არ მოგშივდა? ნიგვზიანი ხარჩო მაქვს, ჩემი ხელებით დავამზადე. არა? ძალიან კარგი, არც ვაპირებ რამე გაჭამო.,  მახსოვს 2 იანვარი იყო, ალექსანდრეს კაბინეტში მიმათრიეთ, ახალ წელს ზეიმობდით ბიჭები და გართობა მოგინდათ, ალექსანდრე, იმედია იმ ნაბიჭვარსაც შევხვდები სადმე. რას ეძახდით? ჩანგალს არა? არა,  დანას, დანას,  შენ მკითხე: „გშია?“ , მე მართლა მშიოდა და ამიტომ თავი დაგიქნიე, შენ გაგიხარდა: „გაჭმევ ეხლა!“ და იმ გორილას უბრძანე „ბაყვა, შენი ჯერია, გააძღე ეს ბოზი“, და ის ბაყვა… ბაყვა,  რა საზიზღარი ტიპი უნდა იყო, ბაყვა რომ შეგარქვან. ის ბაყვა იმპოტენტი იყო, ამიტომ რეზინის ჯოხით მხმარობდა, ხო თორნიკე, რკინის მაგიდაზე დამაწვინეს,ხელებიც და ფეხებიც ბორკილებით მქონდა მაგიდაზე მიბმული,  მერე კი რეზინის ჯოხით… რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, მთხრიდნენ, შიგნით – გარეთ, შიგნით-გარეთ. მე ყოველ დარტყმაზე ვღრიალებდი, ესენი კი ხარხარებდნენ,  თქვენთან ერთად ის ნარკომანიც იყო, რას ეძახდით? კუჩა არა?, ხო კუჩა მეტრიკა, კაიფში იყო, გიტარაზე უკრავდა და ღნაოდა: „აუ ბაყვა უფრო მაგრად რა, უფრო მაგრად“, ის კუჩა მგონი ანანისტი იყო.   შენ კი ბაჩუკი, გახსოვს? მაგრად ხალისობდი არა? ,მგონი  ხტუნაობდი და ისე ღრიალებდი : “ რა ბოზო, გაძეხი? ეხლაც არ იტყვი სად იმალება შენი საყვარელი თორნიკე?“  მე არ გავეცი თორნიკე და არც ჩემი მეგობრები, თქვენ სიტყვაც ვერ დამაცდევინეთ, იცი რატომ? არ მეშინოდა თქვენი და იმიტომ? საერთოდ არ ვგრძნობდი შიშს, არც ტკივილს, მხოლოდ სიძულვილს ვგრძნობდი. … 

თორნიკე: შენ არასოდეს მოგიყოლია ეს ყველაფერი.

სალომე:  ჰო არ მომიყოლია, არაფერი მომიყოლია, რა მოსაყოლია ან როდის უნდა მომეყოლა?

თორნიკე: იმავე ღამეს უნდა მოგეყოლა როცა მოხვედი. 

სალომე: იმავე ღამეს? ა ხო, ბაჩუკი ექიმო, მაგას ვყვებოდი, იმ ღამეს თორნიკესთან წავედი, ვიცოდი სადაც იმალებოდა. დიდხანს ვაკაკუნე, არ მიღებდა, ვიფიქრე კონსპირაციის გამო არ მიღებს კარებსო და ყვირილი მოვრთე: თორნიკე, მე ვარ სალომე თქო, მაშინ კი გამიღო კარები. თვალები ამღვრეული ჰქონდა, შეშინებული, თმები აჩეჩილი, ყველაფერს მივხვდი, მე სამი თვის მანძილზე მისი გულისთვის რა არ გადავიტანე და ის კი…  ვიღაც მსუქან ქალთან იყო. რა ერქვა იმ ღორს? ნათია არა?

თორნიკე: სალომე… 

სალომე: რა?  სალომე? ნათია არ ერქვა იმ გასივებულ ღორს? აბა რა დავუძახო? „ვინმე გიორგი ფფ“ ? მისი ტელეფონის ნომერი  ტელეფონში ასე არ  გეწერა?  „ვინმე გიორგი ფფ“ ?

თორნიკე: არა, ეგ სხვა იყო.

სალომე: ეგ ის არ იყო? ა, ხო, გამახსენდა, ხო, ხო, უკაცრავად, ის „ვინმე გიორგი ფფ“ კიდევ სხვა ღორი იყო. ვინმე ბეტო?

თორნიკე: არც ეგ.

სალომე: ხო, ეგეც სხვა იყო, ასე ხშირად რატომ უცვლიდი ტელეფონში სახელებს შენ ღორებს?

თორნიკე: კონსპირაციის გამო.

სალომე: რა თქმა უნდა კონსპირაციის , სულ მინდა გკითხო, იდიოტად ჩამთვალე, რომ ნათიას მაგივრად, თუ სხვა სახელს ჩაწერდი ტელეფონში, ვერ მივხვდებოდი რომ ისევ ნათია გწერს ?

თორნიკე: სალომე, რამდენჯერ უნდა ვთქვა? ის მწერდა, მე ხომ არ ვწერდი?

სალომე: მართლა? შენ არ გინდოდა და ის გწერდა? და შენს ტელეფონში ნომერი არ იბლოკება? რატომ არ დაბლოკე თუ არ გინდოდა მას მოეწერა?  ის ღორი, იმ საღამოს მერეც, დიდხანს გწერდა წერილებს და შენ კი, სიტყვა არ დაგიძრავს ჩემთან ამაზე, თუმცა მაშინ, იმ საღამოს შემპირდი აღარაფერს დაგიმალავო. უფრო მეტიც, რამდენჯერაც გკითხე ისევ გწერსო, იმდენჯერვე მიპასუხე არაო, თვალებში მიყურებდი და ტყუოდი.   პრობლემა იმაში კი არაა, ის რომ გწერდა, პრობლემა იმაშია, შენ რომ მიმალავდი ამას. 

თორნიკე: არ გიმალავდი, მე მხოლოდ შენ გიფრთხილდებოდი.

სალომე: მატყუებდი და ასე მიფრთხილდებოდი? ყოჩაღ!

თორნიკე:  ის ნათია აღარ არსებობს, გაიგე, რომ აღარ არსებობს და გთხოვ ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ.

სალომე: აბა რაზე ვილაპარაკოთ, მოდი მაშინ ამ ბაყაყზე ვილაპარაკოთ, რომელსაც მალე მივასკვდილებ.

თორნიკე: მომისმინე, მე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძოდი წინა რეჟიმს….

სალომე: შეგიძლია თავისუფლად თქვა, რომ ფაშისტებს ებრძოდი.

თორნიკე: ნუ მაწყვეტინებ. მე ვებრძოდი ადამიანების შეთითხნილი ბრალდებებით ციხეში მოხვედრას, როდესაც ბრალდებულებს არ აძლევდნენ დაცვის უფლებას, შენ მართალიც რომ იყო და ეს კაცი კი დამნაშავე, მას მაინც აქვს თავის დაცვის უფლება.

სალომე: მე არ ვართმევ ამ უფლებას, შეუძლია თავი დაიცვას, შენც კი შეგიძლია დაიცვა ის, შენ ხომ კარგი მწერალი ხარ, არ გაგიჭირდება მისი დაცვა. 

თორნიკე: ვერ დავიცავ თუ ლაპარაკის უფლებას არ მივცემთ. 

სალომე: კარგი,  გამოუღე ჩვარი ამ აყროლებული პირიდან და დავკითხოთ, ვნახოთ რას გვეტყვის ( თვითონ რთავს თავისი მობილური ტელეფონის ჩამწერს) ოღონდ იცოდე ექიმო, ყველაფერს ჩავიწერ ტელეფონზე.

            თორნიკე გამოუღებს პირიდან ჩვარს

ბესო: წყალი.

სალომე: რაო? წყალიო? თორნიკე, წყალი უნდა? ლუდი ხომ არ გინდა? მე როცა სიმართლის თქმას ვაპირებ მაშინვე ლუდის სმას ვიწყებ.

                  თორნიკე უსხამს ჭიქაში წყალს და ასმევს ბესოს

სალომე: არაფერია სუფთა წყალზე უკეთესი არა, ბესო ექიმო? თუ მაინც სუფთა შარდი უფრო გირჩევნიათ? შენ ხომ შარდის დალევას მთავაზობდი?

ბესო: მე ექიმი არ ვარ, მე ბიზნესმენი ვარ, სახლებს ვაშენებ, თან ცემენტის ბლოკებს ვასხამ. ხანდახან ბინებს ვყიდულობ და მერე ვყიდი. თქვენ კი რასაც ეხლა აკეთებთ, დანაშაულია და ამის გამო დაისჯებით. 

სალომე: ერთი წუთით ბესო ექიმო, შევამოწმოთ როგორ იწერს. (ამოწმებს ჩანაწერს)

ჩანაწერში ისმის: „ რასაც ეხლა თქვენ აკეთებთ, ეს დანაშაულია და ამის გამო დაისჯებით,  ერთი წუთით ბესო ექიმო, შევამოწმოთ როგორ იწერს.“

სალომე: მშვენივრად იწერს, ვიწყებ დაკითხვას: ესე იგი შენ აცხადებ, რომ ექიმი არ ხარ და რასაც ეხლა ჩვენ ვაკეთებთ დანაშაულია და ჩვენ დავისჯებით, ძალიან კარგი, განაგრძეთ.

ბესო: ქალბატონო, მე არ გიცნობთ თქვენ, ცხოვრებაში არ მინახიხართ, ექიმი არ ვარ, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია: თქვენ ავად ხართ, მძიმედ ავად, თქვენ ტიპიური ფსიქიური აშლილობა გჭირთ, თქვენ კი ბატონო თორნიკე, თქვენ მწერალი ბრძანდებით, ჰუმანისტი, დისიდენტი, თქვენ წინა რეჟიმი ისევე გდევნიდათ, როგორც მე, თქვენ  პასუხისმგებელი ხართ ყველაფერზე რაც აქ ხდება, მე მოვითხოვ, რომ ხელები შემიხსნათ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თქვენ გახდით დანაშაულის თანამონაწილე და ყოველ წუთს თქვენი დანაშაული და პასუხისმგებლობა იზრდება და თქვენც აგებთ პასუხს შედეგებზე…

                              სალომე მიაბჯენს იარაღს შუბლზე

სალომე: გვემუქრები?

ბესო: არ გემუქრებით…

სალომე: გვემუქრები, გვემუქრები! მაგრამ შენ ბაჩუკი ექიმო, უნდა იცოდე, რომ შენ იქ, შენს ნაბიჭვარ ალექსანდრე ჩანგალთან თუ დანასთან,  ნარკომან კუჩა მეტრიკასთან და იმპოტენტ ბაყვასთან შეგეძლო ბრძანებების გაცემა და ჩვენი მოკვლა, აქ კი  მე ვიძლევი ბრძანებებს, გასაგებია?

ბესო: მტკივა.

სალომე: ვიცი რომ გტკივა

ბესო: საპირფარეშოში მინდა

სალომე: ჩაისვარე?

თორნიკე: სალომე!

სალომე: ფეხები შეუხსენი, მე წავიყვან.

თორნიკე: შენ ვერ შეძლებ. 

სალომე: შევძლებ, ნუ მიყურებ ეგრე. შენ გგონია პირველად ჩავიდებ ხელში ამის ბინძურ მამაკაცურ სიამაყეს?(თორნიკე ფეხებს შეუხსნის) მე წავიყვან!  წამოდი ბაჩუკი ექიმო, არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემი თანდასწრებით ჩაიფსა და უფრო აყროლდე.

გაიყვანს, თორნიკე მარტო რჩება, იღებს ტელეფონს და რაღაცას აკეთებს, სალომეს შემოყავს ბესო.

სალომე: დააბი. მაგრად.

თორნიკე: სალომე, უნდა დაგელაპარაკო.

სალომე: დამელაპარაკე მერე.

თორნიკე: ცალკე მინდა დაგელაპარაკო.

სალომე: რატომ? ეს ბაჩუკი ყველაფერს ჩემი თანდასწრებით იხილავდა.

თორნიკე: გთხოვ, ნუ მებრძვი, მოდი აქეთ ვისაუბროთ, არ მინდა ამან გაიგოს თუ რაზე ვსაუბრობთ.

სალომე: კარგი.

(შეათრევს ბესოს კარადაში და კეტავს)

                      ეხლა გისმენ

მომიმინე, რას აპირებ?

სალომე: გითხარი უკვე, სასამართლო უნდა მოვუწყო.

თორნიკე: რას ნიშნავს სასამართლო მოუწყო? შენ არც მოსამართლე  ხარ და არც პროკურორი. ჩვენ არ გვაქვს უფლება მათივე მეთოდები გამოვიყენოთ. ჩვენ სხვები ვართ. ჩვენ არ გვაქვს შურისძიების უფლება.

სალომე: შურისძიების უფლება ყველას აქვს. მე  მას თავის დაცვის უფლებას ვაძლევ, მინდა გავიგო სად არის ის დანა, კუჩა, ბაყვა და კიდევ სხვა ნაბიჭვრები.

თორნიკა: რატომ? რომ ისინიც  მოიტაცო, აქ მოიყვანო და ასე გაკოჭო?

სალომე: მინდა, მაგრამ ამისათვის ჯერ მჭირდება ვიცოდე თუ სად არიან ის ნაბიჭვრები.

თორნიკე: და მერე გინდა რომ…

სალომე: მინდა, ყველას მოკვლა მინდა, იმათიც და ამის მოკვლაც, მაგრამ ჯერ არ მოვკლავ, მან ხომ არ მომკლა, ამიტომ სამართლიანი იქნება თუ ჯერ არც მე მოვკლავ, მხოლოდ იმ მდგომარეობამდე მივიყვან მე რომ მიმიყვანეს.

თორნიკე: გაფრთხილებ სალომე, თუ მის სიკვდილს დააპირებ, ჯერ მე უნდა მომკლა, შენ თავს ვფიცავარ.

სალომე: დაწყნარდი, გითხარი ჯერ არ ვაპირებ მის მოკვლას, შენს მოკვლას კი მითუმეტეს.

თორნიკე: და რის გაკეთებას აპირებ? 

სალომე: როგორც ისინი მაწამებდნენ, რომ მეღიარებინა ის, რაც მათ უნდოდათ და მეთქვა შენ სად იმალები, მეც ისე ვაწამებ, თუ თავის ნებით არ აღიარებს თავის დანაშაულს და არ გვეტყვის სად იმალებიან ის ვირთხები.

თორნიკე: შენ ეხლა ეს, აქ,  უნდა აწამო?

სალომე: რატომაც არა, წამების ხერხები კარგად შემასწავლეს, ვნახოთ მას უფრო მაგარი გამძლეობა აღმოაჩნდება თუ მე.

თორნიკე: იმის გამო, რომ ამათმა შენ …

სალომე: რა? რა მიქნეს ამათმა? თქვი, ნუ გერიდება, შენ ხომ არასდროს არ გინდოდა ამის ხმამაღლა თქმა, ეხლა თქვი, რა? ამათმა რა მიქნეს?

თორნიკე: ამათმა..

სალომე: ხო, ამათმა რა?

თორნიკე: რეზინის ჯოხებით გცემეს..

სალომე: ხო, მცემეს, ეგ ყველამ იცის, კიდევ? კიდევ რა მიქნეს..?

თორნიკე: გაგაუპატიურეს.

სალომე: გამაუპატიურეს. რამდენჯერ?

თორნიკე: რამოდენიმეჯერ.

სალომე: ისე როგორ ფიქრობ, მაინც რამდენჯერ?

თორნიკე: არ ვიცი, ეგ არასოდეს გითქვამს, ერთხელ გკითხე და მითხარი, რომ არ დაგითვლია.

სალომე: ეგ ტყუილია.

თორნიკე: რა არის ტყუილი?

სალომე: მოგატყუე, რომ არ დამითვლია. ყოველთვის ვითვლიდი, ვიცი რამდენჯერაც მიხმარეს. 127 ჯერ, სამი თვის მანძილზე 127 ჯერ, 127 ჯერვე დაბმული ვყავდი და ძალით მხმარობდნენ, ხანდახან დღეში რამოდენიმეჯერ, როგორც წესი ორი ან სამი კაცი, ერთხელ კი ხუთმა კაცმა მიხმარა ერთ დღეში…

თორნიკე: ეს შენ არასდროს მოგიყოლია.

სალომე: ხო, არ მომიყოლია. ისიც საკმარისი იყო რაც მოგიყევი. იმ ღამეს როცა შენთან მოვედი, შენ დაიფიცე, რომ დადგება დრო და ჩვენ დავსჯით ამ ნაბიჭვრებს, რომ ჩვენ მოვესწრებით იმ დღეს, როცა ყოველი მათთაგანი პასუხს აგებს იმ დანაშაულებებისათვის რაც ჩაიდინეს. 

თორნიკე: კი, გითხარი. ეს იყო ზუსტად ერთი წლის წინ.

სალომე: და ეხლა რა ვქნათ როცა ეს დღე დადგა? ამას თავზე ხელი გადავუსვა და შენს სამართლიანობის აღდგენის კომისიაში შევიტანო საჩივარი?

თორნიკე: ჩემს? არა მგონია ეს კომისია ჩემი იყოს, მას მერე რაც აქ ეს ყოველივე მოხდა, მე არ დავიკავებ ამ თანამდებობას.  

სალომე: რატომ? რა მიზეზით?

თორნიკე: შენ თუ ვერ ხედავ მიზეზს, სამაგიეროდ სხვები დაინახავენ ამ მიზეზს, ისინი ვისაც არ სურთ არანაირი გამოძიება, სამართლიანობის აღდგენის კომისიის თავჯდომარე უნდა იყოს  ობიექტურობის და ცივსისხლიანობის მაგალითი.

სალომე: ნუ ღელავ ჩვენ ისეთი ცივსისხლიანები ვიქნებით, რომ ყველას გაეყინება სისხლი…

თორნიკე: მე ვერ ვიქნები ამ კომისიის თავმჯდომარე თუკი დავუშვი, რომ ჩემს სახლში თოკით შეეკრათ უდანაშაულო ადამიანი და ეწამებინათ, ვიღაცეები ამ ფაქტს გამოიყენებენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენმა კომისიამ დაკარგოს ავტორიტეტი, ნდობა და მიაღწევენ იმას, რომ ამ კომისიას გააუქმებენ. შენ რა, გინდა რომ ეს ხალხი ისევ დაბრუნდეს ხელისუფლებაში? რაც უფრო მეტ ხანს იქნება ეს კაცი ასე დაბმული, მით უფრო ძნელად გამოვძვრებით ამ ისტორიიდან. მომისმინე, გავანთავისუფლოთ და გავუშვათ. მე ველაპარაკე მას, ის ექიმი არაა, მას ზუსტად იგივე პოლიტიკური შეხედულებები აქვს, როგორიც მე და შენ…

სალომე: შენ მომისმინე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მომისმინე. მე არ მინდა შენი კარიერის გაფუჭება, არ მინდა ხელი შევუშალო მუშაობაში შენს კომისიას. მთელი ეს წელი სიტყვა არ დამიძრავს იმაზე, თუ რას ვფიქრობ,  მთელი წელი მუნჯივით დავდივარ. ვიცი კარგად, რომ პრემიერის ჩათვლით,  ყველა შენი მეგობარი, გიჟად მთვლის, იმიტომ რომ მათი თანდასწრებით, მთელი წელია ხმას არ ვიღებ, ზოგი თვლის რომ ფსიქიურად შეშლილი ვარ, ზოგი კი შენი ჩათვლით, თვლის, რომ უბრალოდ ღრმა დეპრესია მაქვს და მალე გამივლის. რა თქმა უნდა, მე ხომ უცნაური ვარ, ჩუმად   დაგყვები მიღებებზე,  კონცერტებზე, როცა მომმართავენ, ხმას არ ვიღებ, პასუხსაც არ ვცემ, მაგრამ იცი ჩუმად რატომ ვიყავი? იცი  ხმას რატომ არ ვიღებდი?, იმიტომ რომ მეგონა მკვდარი ვარ, ხო, მოსიარულე გვამი. მკვდრები კი არ ლაპარაკობენ. მაგრამ ხედავ, თურმე ცოცხალი ვყოფილვარ, და ეხლა შემიძლია ვილაპარაკო, ამიტომ მომეცი უფლება, რომ ხმა ამოვიღო, ამ ნაბიჭვარმა ყველაფერი უნდა აღიაროს. 

თორნიკე: კარგი, ოღონდ ერთი პირობით, მან ყველაფერი თავისი ნებით უნდა მოყვეს. 

სალომე: რა თქმა უნდა  ყველაფერი თავისი ნებით უნდა მოყვეს.

თორნიკე: ასეთი მნიშვნელობა აქვს შენთვის აქ, ასეთ მდგომარეობაში მის ნათქვამ სიმართლეს?

სალომე: აქვს, ოღონდ ნამდვილ სიმართლეს. (დაინახავს რომ ბესო ცდილობს განთავისუფლდეს) ეი, რა? არ მოგწონს მანდ, რომ ხარ?  გახსოვს შენ რას მეუბნებოდი (აჯავრებს)„ არ მოგწონს ბოზო ჩვენთან? შენ თორნიკესთან გინდა? რა? ის უფრო მაგრად გაკმაყოფილებს?, “ როგორი მკერდი გაქვს, ბოზო ხომ მოგენატრები ხოლმე?“  (უსვამს ხელს მკერდზე)  მე ეს მარტო ხმაზე კი არ ვიცანი, მისი კანიც მახსოვს, მისი სუნიც, მისი ტუჩების გემოც. რაო? სხეულის იდენტიფიკაციას ვახდენო? მე კი ეხლა შენი სულის იდენტიფიკაცია უნდა მოვახდინო. (თორნიკეს) რომ დავამტკიცო ამ ნაბიჭვარის დანაშაული, მაშინაც მეტყვი გავუშვათო?

თორნიკე: აუცილებლად გეტყვი!, ჩვენ უნდა გავუშვათ, ჩვენ! მით უფრო თუ დამნაშავეა, ნუ მიყურებ ეგრე, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და სხვა უფლება არ გვაქვს. შენ უნდა დაივიწყო ის ჯოჯოხეთი, რომელიც ამათმა გამოგატარეს. ჩვენ უნდა გავუშვათ და პროკურატურას მოვთხოვოთ გამოიძიოს და სასამართლომ მიუსაჯოს რაც ეკუთვნის.

სალომე: დავივიწყო და გავუშვა? რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ისევ მოვიდეს და ისევ აწამოს უდანაშაულო ადამიანები?

თორნიკე: გაუშვათ და თუ ის დამნაშავეა, პირობას გაძლევ ვერასოდეს ვერ მობრუნდება.

სალომე: გავუშვათ, რომ მერე შენმა სასამართლომ გაანთავისუფლოს და როდესაც მერე მას, სადმე მიღებაზე შევხვდებით, გავუღიმოთ და ვისაუბროთ ამინდზე, სპორტზე? თეატრზე? როცა გითხარი ხმას არ ვიღებდი  და მოსიარულე გვამი ვიყავი თქო, იცი მთელი ეს წელი  რაზე ვფიქრობდი? მხოლოდ იმაზე თუ როგორ გავუკეთებდი მათაც იგივეს, რაც მათ გამიკეთეს, მეთოდურად, იმავე ხერხებით. განსაკუთრებით ამას, ბაჩუკი ექიმს. იმ ბაყვასაც, იმ ალექსანდრე დანას და იმ კუჩა მეტრიკასაც, ვიცი ისინი ერთუჯრედიანი კრეტინები იყვნენ, ვერც წარმოიდგენ, რა დაბალი დონის ბანძები იყვნენ, მაგრამ ისინიც ამასთან ერთად უნდა დაისაჯონ. ეს არ იყო დაბალი დონის, ბახს უსმენდა, ფილოსოფოსობდა, ამაღლებულ სიტყვებს ისროდა, სულ ნიცშეს ციტირებდა.

თორნიკე: ნიცშეს?

სალომე: ჰო, წარამარა გაიძახოდა, როგორც ნიცშე იტყოდაო, უნდოდა ეჩვენებინა, რომ ინტელექტუალია. მთელი ეს წელი რაც ციხიდან გამოვედი, სიკვდილი მინდოდა, არ მინდოდა სიცოცხლე…

თორნიკე: ძალიან გთხოვ დაწყნარდი….

სალომე: – შენ გგონია შენმა მზრუნველობამ გადამაჩინა? იმან რომ ჩამიკარი მკერდში და მივლიდი როგორც პატარა ბავშვს? არა ჩემო ძვირფასო,  იცი რამ გადამარჩინა სიკვდილს? შურისძიების სურვილმა. ჩემში იმხელა სიძულვილი ცხოვრობს, რომ მხოლოდ შურისძიების წყურვილმა გადამარჩინა, რომ ერთხელაც იქნება და აუცილებლად ვიპოვნი მათ და ყველას სათითაოდ დავსჯით, მხოლოდ ამაზე ფიქრით შემეძლო დაძინება, შენთან ერთად სადმე საზოგადოებაში რომ ვიყავი, თვალებით სულ ამათ ვეძებდი. ჭკუიდან რომ არ შევშლილიყავი და შემძლებოდა გამეღიმა როცა რომელიმე შენი მეგობარი კომპლიმენტს მიკეთებდა, უცებ წარმოვიდგენდი როგორ ვაყოფინებ ამ ნაბიჭვრებს  უნიტაზში თავებს, ან როგორ ვაწამებ მათ ელექტრო შოკით და მაშინვე მეღიმებოდა. ესენი სულ ჩემს გონებაში იყვნენ, მთელი წლის მანძილზე წამით არ მომცილებიან,  შენთან სექსის დროსაც ჩემთან იყვნენ, მახსენებდნენ როგორ მხმარობდნენ, ამიტომ შენთან მთელი წლის მანძილზე, ერთხელაც არ მქონია ორგაზმი, შენ რომ გეგონა, ის ყოველთვის ორგაზმის სიმულაცია იყო. 

თორნიკე: ღმერთო.

სალომე: როცა ეს ნაბიჭვარი აქ გამოჩნდა, მივხვდი, რომ ერთადერთი რაც მართლა ძალიან მინდა, არის ის, რომ ესეც ვინმემ იხმაროს, ისე გააუპატიუროს როგორც მე მაუპატიურებდნენ, დღეში ათჯერ, რეზინის ჯოხით, ლუდის ბოთლებით, სკამის ფეხით, რომ სიგარეტი ჩავაქრო მის სხეულზე, იცი როგორ იწყებს ხორცი შიშინს როცა ცეცხლ მოკიდებულ სიგარეტს ადებენ და იცი რა სწრაფად ჩადის ეს სიგარეტი სხეულში? ამან ერთხელ მაინც უნდა განიცადოს ის, რასაც მე განვიცდიდი.

თორნიკე: კარგი, გეყოფა

სალომე: ისიც კი ვიფიქრე იატაკის ჯოხით გავაუპატიუროთ თქო, რომ უფრო ღრმად ეტკინოს. 

თორნიკე: გეყოფა.

სალომე: მე მინდა, რომ ჩავურთო მიკროფონი და მან ყველაფერი მოყვეს, აღიაროს რაც კი ჩაიდინა. თუ არ აღიარებს, შენს თავს ვფიცავარ, ისე ვაწამებ, თვითონაც რომ არ დასიზმრებია. 

თორნიკე: და თუ აღიარებს ყველაფერს, ყოველგვარი წამების გარეშე გაუშვებ?

სალომე: თუ გულწრფელად აღიარებს და ყველაფერს მოინანიებს,  მე კი მის აღიარებას ჩავიწერ,  მაგ შემთხვევაში არ ვაწამებ და ისე გავუშვებ. ჩანაწერს კი პროკურატურას გადავცემ.  

თორნიკე: აღიარების მეტი მისგან არაფერი გინდა?

სალომე: გულწრფელი აღიარების და მონანიების მეტი არაფერი.

თორნიკე: დავიჯერო?

სალომე: დაიჯერე. უთხარი, რომ აღიაროს და თუ არ აღიარებს და არ მოინანიებს,  მოვკლავ და ამას ვერავინ გაიგებს, არავინ იცის, რომ ის აქ მოვიდა, არავის დაუნახავს, მის გვამს მანქანიანად ხრამში გადავჩეხ და ჩვენზე ვერავინ ვერ აიღებს ეჭვს.  ეხლა მას მარტო აღიარება და მონანიება თუ უშველის. 

თორნიკე: არ მესმის რას მოგცემს მისი აღიარება.

სალომე: იმას, რომ მინდა გონებაში გაიაროს ის ჯოჯოხეთი, რომელშიაც მე გამატარა და იმას, რომ როცა ეცოდინება,   მისი აღიარება ჩაწერილი მაქვს, სამუდამოდ შეძვრება სადმე სოროში და აღარ დაგვხვდება გზებზე, ან რომელიმე ტელე არხზე არ დაიწყებს ლაპარაკს სამართლიანობაზე, ეცოდინება, რომ მეორე დღესვე მისი ჩანაწერები ინტერნეტში განთავსდება. ამ ყველაფერს  შენ აუხსნი.

თორნიკე: და რომ არ აღიაროს არაფერი?

სალომე: მაშინ მოვკლავ.

თორნიკე: და თუ უდანაშაულოა? რა უნდა აღიაროს თუ ის უდანაშაულოა?

სალომე: ეს თუ უდანაშაულოა ამასაც მალე გავიგებთ. მიდი, უთხარი აღიაროს ყველაფერი.

თორნიკე: კარგი, დაველაპარაკები…..გიყვარვარ?

სალომე: ეს ლუდი შენ მოიტანე?

თორნიკე: ჰო, შენ რომ გიყვარს, გაუფილტრავი.

სალომე: არ მინდა. დაელაპარაკე, აღიაროს და მოინანიოს.

  

                                     მეორე მოქმედება

 

                     თორნიკე და ბესო. სალომე გასულია ოთახიდან.

                      ბესო ისევ მიბმულია სავარძელზე.

 

ბესო: მან უნდა გაიაროს მკურნალობის კურსი ფსიქიატრთან

თორნიკე: ნუ ღელავთ, მკურნალობს, ერთი წელია მკურნალობს, სულ ფსიქოტროპულზეა.

ბესო: მას მართლა შეუძლია რომ მომკლას?

თორნიკე: დიახ შეუძლია, ის ისედაც ყოველთვის ძალიან იმპულსური იყო, ციხის შემდეგ კი, როგორც კი ნერვიული აშლილობა ეწყება მთლიანად არაკონტროლირებადი ხდება,  ხომ ხედავთ, ეხლა გონება სულ მთლად დაებინდა, აუცილებლად მოგკლავთ, თუ არ აღიარებთ.

ბესო: რას? ნუ გამაგიჟეთ, რა უნდა ვაღიარო როცა არაფერი ჩამიდენია? თქვენ ხომ მწერალი ხართ, ინტელექტუალი და მშვენივრად იცით, რომ რასაც თქვენი ცოლი იძახის  ბოდვაა, ფსიქიურად შეშლილის ბოდვა. ეგრე ნებისმიერ ადამიანზე შეუძლია თქვას, ხმა მეცნობაო, სუნზე ვიცანიო, სუნზე ძაღლების ამოცნობილიც არ ითვლება დამნაშავედ და არც ერთი სასამართლო ამას არ ითვალისწინებს.

თორნიკე: რა კარგად ერკვევით იურისპრუნდენციაში.

ბესო: მე ვარ ერთი ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი, წყნარი სხვათაშორის, ყველა ვინც მიცნობს გეტყვით რომ მე მოძალადე არ ვარ, ვერ ვიტან ძალადობას, უხეშობას, რომ მხოლოდ ღიმილი მაქვს სახეზე, ერთი ჩვეულებრივი, პატარა ბიზნესმენი კაცი ვარ,  ცოლი მყავს და შვილი-ბიჭი, ის საზღვარგარეთ სწავლობდა, საფრანგეთში, ეხლა ჩამოვიდა. ძაღლი მყავს კიდევ, რიჩი, როდეზიული რიჯბეკი, ულამაზესია. ცოლი მიყვარს სიგიჟემდე,  მასთან ერთად, ხშირად დავდივარ სასეირნოდ, რესტორნებში, ყოველდღე ერთად  ვუსმენთ კლასიკურ მუსიკას…

თორნიკე: ბახს?

ბესო: ბახს, შოპენს, მოცარტს, არ შეიძლება ბიზნესმენს კლასიკური მუსიკა უყვარდეს?

თორნიკე: მანქანაში მხოლოდ ბახი გქონდათ.

ბესო: შემთხვევით, ასე მოხდა, რომ მხოლოდ ერთი დისკი მეგდო, დანარჩენები სახლში დავტოვე, ცოლს დავუტოვე სხვა დისკები,ეკასაც ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა. ბახის დისკი მანქანაში  რომ მქონდა დანაშაულია? მე ვარ იდიოტი, თქვენ რომ გაგიჩერეთ მანქანა და მოგეხმარეთ.  მომისმინეთ თორნიკე, თქვენ ეხლავე უნდა გამანთავისუფლოთ. შეგიძლიათ ცოტათი მაინც შემიხსნათ ხელები? 

თორნიკე: ვერა, ის გვიყურებს და მე რომ ეხლა ხელები შეგიხსნათ შეიძლება ორივეს გვესროლოს. მოდი გულახდილად ვილაპარაკოთ, ბატონო ბაჩუკი.

ბესო: ბესო, მე ბესო მქვია.

თორნიკე:  კარგად მომისმინეთ, მე არ ვიცი ბესო ხართ თუ ბაჩუკი, არც ის ვიცი ხართ თუ არა დამნაშავე, თუმცა უფრო მგონია რომ არ ხართ და ეს ყველაფერი ჩემი ცოლის ავადმყოფური ფანტაზიებია, მაგრამ მე კარგად ვიცნობ ჩემს ცოლს და ვიცი, რომ მარტო ერთი გზაა  თქვენს გადასარჩენად და სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

ბესო: რა გზაა?.

თორნიკე: თქვენ  მისი თამაში უნდა ითამაშოთ.

ბესო: ვითამაშო?

თორნიკე: ჰო, მან უნდა დაიჯეროს, რომ თქვენ თანახმა ხართ თანამშრომლობაზე.

ბესო: არ მესმის რას ამბობთ?

თორნიკე: სალომე დაგვპირდა, რომ თუ თქვენ აღიარებთ და მოინანიებთ, ის გაგანთავისუფლებთ.

ბესო: რა ვაღიარო როცა არაფერი დამიშავებია?.

თორნიკე:  მოიგონეთ!  

ბესო: რა ვქნა?

თორნიკე: ხო, მოიგონეთ რამე, აღიარეთ ეს მოგონილი დანაშაული, ყველაფერზე დაეთანხმეთ, თქვით რომ თქვენ იყავით ის ბაჩუკი ექიმი, რომ თქვენ აწამებდით, მერე მოინანიეთ კიდეც, პატიება ითხოვეთ. თქვით რომ გაიძულებდნენ ამ ყველაფრის გაკეთებას და რომ თქვენ სხვა გზა არ გქონდათ, თქვით რომ ინანიებთ და მაგ შემთხვევაში სალომე გაგიშვებთ. ეხლა მთავარია რომ დაეთანხმოთ, რომ ხართ ის ექიმი, რომ გყავდათ თანამზრახველები, ის დანა, ბაყვა, კუჩა, აღიაროთ და მოინანიოთ. მაგ შემთხვევაში ის გადაიფიქრებს თქვენს წამებას და მოკვლას. 

ბესო: ესე იგი, რომ ვთქვა ვაღიარებ და ვინანიებო გამიშვებთ?

თორნიკე:  დიახ! თუ აღიარებთ და მოინანიებთ, ამ შემთხვევაში დღეს  გაგანთავისუფლებთ. თუ თქვენ უდანაშაულო ხართ, ხვალ ამას პროკურატურა ისედაც გაარკვევს. 

ბესო: არაფერი ჩამიდენია, რომ რამე ვაღიარო. ჯობია თქვენ დაარწმუნოთ თქვენი ფსიქიურად შეშლილი ცოლი, რომ თვითონ იქცევა ეხლა როგორც ბოროტმოქმედი, უთხარით, რომ ამ საქციელით, ის თქვენს კარიერას დაანგრევს, თვითონ კი მთელი თავის ცხოვრება ან ფსიქიატრიულში გაატარებს ან ციხეში. უთხარით მას ეს, ბოლოსდაბოლოს კაცი ხართ თუ ჩვარი?

                         შემოდის სალომე

სალომე: რა მოხდა საყვარელო?

თორნიკე: არაფერი, ყველაფერი რიგზეა.

სალომე: ბაჩუკი ექიმო, თქვენთანაც რიგზეა ყველაფერი?

ბესო: მე ბესო მქვია.

სალომე: ამ ბაყაყს ტუალეტში თუ მოუნდა, დამიძახე და გადავაყენებ

                                     (გადის)

ბესო: თქვენი ცოლი ფსიქიურად შეშლილია

თორნიკე: კი ბატონო, მაგრამ როცა ფსიქიურად შეშლილ ხალხს ძალაუფლება უვარდებათ ხელში, მაშინ ხომ ვუბამთ მათ მხარს?, ეგრე არ ვიყავით  წლები?, რაც არ უნდა ეთქვათ, ხომ ვეთანხმებოდით მათ გიჟურ გადაწყვეტილებებს. ახლა, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაშიც ასეა, კი გეთანხმებით, ჩემი ცოლი შეშლილია და შესაძლოა ცდება კიდეც, მაგრამ ეხლა, იმისათვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ,  საჭიროა თქვენ აღიაროთ თუნდაც ის, რაც არ ჩაგიდენიათ, რომ გაგიშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოგკლათ. ამიტომ, დამიჯერეთ, აღიარეთ რომ თქვენ იყავით ის ექიმი ვინც მას აწამებდა, უთხარით, რომ არ გინდოდათ ამის კეთება და რომ გაიძულებდათ  ის ვიღაც დანა თუ ჩანგალი და პატიება ითხოვეთ.

ბესო: და გამიშვებთ?

თორნიკე: დღეს გაგიშვებთ, დღეს! მთავარია დღეს  გადაურჩებით ჩემს ცოლს, ხვალ კი თქვენ საქმეს პროკურატურას გადავცემ და ის გამოიძიებს, თუ მართლა დამნაშავე ხართ, სასამართლო მოგისჯით სასჯელს და არა ჩემი ცოლი. 

ბესო: გასაგებია, ესე იგი თქვენ მთავაზობთ რაღაცეები მოვიგონო, დავიბრალო, რომ თქვენმა ფსიქიურად შეშლილმა ცოლმა გამიშვას? ვაღიარო ის რაც არ დამიშავებია. მაგრამ რა გარანტია მაქვს, რომ როგორც კი  ამ აღიარებას მიიღებთ არ მომკლავთ?

თორნიკე: მე გაძლევთ მაგის გარანტიას.

ბესო: მე უდანაშაულო ვარ ბატონო თორნიკე, თქვენც ხომ იცით ეს?, ხომ გჯერათ, რომ თქვენს ცოლს ვიღაცაში ვეშლები, რომ უდანაშაულო ვარ, არანაირი შეხება წინა ხელისუფლებასთან არ მაქვს, არც ექიმი ვარ, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად  გადაამოწმოთ, რომ ერთი წლის წინადაც და ორი წლის წინადაც ვმუშაობდი სამშენებლო კომპანია „რეიდ-კომპანიში“ თქვენ ხომ სამართლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე ბრძანდებით, თქვენთვის ამის დადგენა ხო წუთების საქმეა?

თორნიკე: ძალიან კარგი, რაღატომ ღელავთ, მართალი ხართ, პროკურატურა ამას ხვალ  ერთ წუთში დაადგენს და მე პირადად მოგიხდით ბოდიშს,  მაგრამ დღეს, აქედან უვნებლად უნდა გახვიდეთ. ამისათვის კი საჭიროა, რომ ეხლა  პატარა სცენა გაითამაშოთ, ნუთუ ძნელია ამის გაკეთება, როცა იცით, რომ ამაზეა დამოკიდებული თქვენი სიცოცხლე?

ბესო: კარგით, ვიტყვი რადგან ასე გსურთ, ვიტყვი რომ ვარ ის პირსისხლიანი ექიმი, რომ ვაწამებდი იმათთან ერთად, რა სახელები თქვა? ალექსანდრე.. ? 

თორნიკე: დანა და კიდევ კუჩა, ბაყვა.

ბესო: კუჩა, ბაყვა. რა უცნაური სახელებია, კარგი ვიტყვი. სად მიდიხართ?

თორნიკე: დავუძახებ, ვეტყვი რომ დაიწყოს ჩაწერა. სალომე! ექიმი თანახმაა ყველაფერი აღიაროს.  

სალომე: აღიაროს და მოინანიოს.

ბესო: დიახ, მე ყველაფერს ვაღიარებ და მოვინანიებ.

სალომე: ძალიან კარგი, იქით მოიცადეთ, ჯერ ჩემს ქმარს უნდა დაველაპარაკო.

          გაყავს ბესო გვერდით ოთახში და ბრუნდება

სალომე: რა უთხარი?

თორნიკე: ვუთხარი, რომ უნდა აღიაროს თორემ შენ მოკლავ და მე ხელს ვერ შეგიშლი.

სალომე: უთხარი, რომ აღიარების გარდა უნდა მოინანიოს კიდეც?.

თორნიკე: რასაკვირველია უნდა აღიაროს და მოინანიოს კიდეც.

სალომე: კარგი, მაშინ მე რაღაცეებს მოვყვები და ის დამიმოწმებს, რომ მან ჩაიდინა ეს ყველაფერი.

თორნიკე: მოყვები? რას?

სალომეს:- ყველაფერს, დაპატიმრების დღიდან ბოლო დღემდე. თუ როგორ მექცეოდნენ, რას მიშვრებოდნენ. დეტალურად მოვყვები ყველაფერს…

თორნიკე: მაშინ ჯობია მე დაგტოვოთ.

სალომე: რატომ?

თორნიკე: არ მინდა, რომ  ყოველივე რაც გადაგხდა ვიღაცის თანდასწრებით  მოვისმინო, ეს ჩემთვის აუტანელი იქნება.

სალომე: ხომ უკვე მოვყევი, არაა საკმარისი?

თორნიკე: დღევანდელ დღემდე დეტალურად არაფერი გითქვამს,  მხოლოდ ზოგადად ყვებოდი და მხოლოდ ეხლა გავიგე რაღაც დეტალები. 

სალომე: როდის უნდა მომეყოლა?

თორნიკე: მაშინვე, როგორც კი ციხიდან გამოხვედი.

სალომე: დაგავიწყდა, სახლში იმ გასივებულ ბოზთან ერთად რომ დამხვდი? იმ ნათიასთან უნდა მომეყოლა?

თორნიკე: ის არაა ბოზი.

სალომე: არაა? ააა, არ იცოდა ციხეში რომ ვიყავი? ხო იცოდა? და მაინც ჩაგიწვა …

თორნიკე: მოდი თავიდან ნუ დავიწყებთ რა, გთხოვ.

სალომე: შენ დაიწყე, მე არ დამიწყია.

თორნიკე: რამდენჯერ გინდა, რომ ერთი და იგივე გავიმეორო? მთელი ის სამი თვე გეძებდი, ყველგან, ყველა ციხეში სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, არავინ იცოდა სად ხარ, შენ  უბრალოდ გაგაქრეს, იმედი არ დამიკარგავს , მაგრამ ბევრჯერ გამოგიტირე, აღარ მეგონა ცოცხალი თუ იყავი,  ვფიქრობდი რომ დაგკარგე, რომ უკვე მოგკლეს. სმაც კი დავიწყე. უამრავი ადამიანი გააქრეს მაშინ, რომლებსაც დღემდე ვერ პოულობენ. ვინ არ მეხმარებოდა შენს ძებნაში, ნათიაც ერთ ერთი იმათთაგანი იყო, ვინც დამეხმარა, ერთ საღამოს მოვიდა,  მთვრალი ვიყავი, არეული, მერე კი… მეც ადამიანი  ვარ სალომე, კაცი….

სალომე: მე შენს სიცოცხლეს ვიცავდი და ერთხელაც ვერ დამაცდევინეს შენი სახელი, შენ…

თორნიკე: გეყოფა, შენ ხომ უკვე მაპატიე. რამდენჯერ უნდა დავუბრუნდეთ ამ თემას? დავამთავროთ, დავხუროთ ჩვენი ცხოვრების ეს ფურცელი, თორემ დავიხრჩობით, ვერ შევძლებთ ცხოვრებას. გთხოვ აღარასოდეს აღარ ვახსენოთ ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი. 

სალომე: გაპატიო და დავივიწყოთ?

თორნიკე: ჰო, მაპატიო, დავიწყებით ვიცი, რომ ვერ დავივიწყებთ, მაგრამ ისე მაპატიე, რომ ამას აღარასოდეს დავუბრუნდეთ, ჩვენ კიდევ დიდხანს უნდა ვიცხოვროთ, და ვერ შევძლებთ ცხოვრებას თუ წარამარა ამას გავიხსენებთ.

სალომე: კარგი. ესე იგი შენ გინდოდა, რომ მოვედი თუ არა მაშინ სახლში, იმ ბოზთან მომეყოლა თუ რამდენჯერ…

თორნიკე: ის ბოზი არაა..

სალომე: კარგი ბოზი არაა, უბრალოდ ქონიანი ღორია. მართლა, რამდენჯერ გქონდა სექსი იმ ღორ ნათიასთან?

თორნიკე: სალომე…

სალომე: მე ვიცი, ვიცი რომ სალომე ვარ, რამდენჯერ გქონდა სექსი იმ  ღორ ნათიასთან? მითხარი.

თორნიკე: შენ მე მანადგურებ სალომე, ჩემი სიკვდილი გინდა?

სალომე: არა არ მინდა.

თორნიკე: არ გინდა, მაგრამ მკლავ, გულს მიხეთქავ. არ გეშინია, რომ ერთხელაც მართლა გამისკდება გული და შენ დარჩები სულ მარტო ამ სამყაროში, ეს გინდა?

სალომე: მე მინდა რომ მითხრა, რამდენჯერ გქონდა სექსი იმ ღორ ნათიასთან,  იმ ღამეს როცა სახლში მოვედი, პირველად ხო არ გქონდათ?, მანამდეც ხომ გქონდათ სექსი?, რა პრობლემაა? მითხარი: რამდენჯერ გქონდათ სექსი? ოღონდ სიმართლე მითხარი და არ დაიწყო ისევ ბოდვა, არ ვიცი, არ მახსოვსო.

თორნიკე: ორჯერ!

სალომე: ორჯერ? იმ ქონიან, გასივებულ ღორთან ორჯერ? ალბათ პირველ ჯერზე მაგრად ასიამოვნე, მეორედაც თუ მოვიდა.

თორნიკე: რას აკეთებ ეხლა შენ?, რას? გინდა რომ ავდგე და წავიდე? დაგტოვო და აღარასოდეს დავბრუნდე? ეს გინდა?

სალომე: არა. არ მინდა.

თორნიკე: არ გინდა მაგრამ ამას აკეთებ. ადამიანს მარტო ტყუილი არ კლავს, ადამიანს სიმართლეც კლავს. შენ გინდა, რომ მე …

სალომე: მე შენ მინდიხარ. შენ. ცოცხალი და თავისუფალი, მინდა, რომ გიყვარდე შენ და რომ ჩვენს შორის არ იდგეს ჩვენი წარსული. მინდა, რომ არ მიმალავდე  არც იმ ნათიას და არც იმ სხვებს, ბუზებივით, რომ გახვევია ყოველ დღე,  მინდა რომ ჩაიბარო ის კომისია და გამოიძიო ყველა საქმე, მინდა, რომ ჰაერი, რომელსაც ჩავისუნთქავთ იყოს სუფთა და მინდა რომ ბახის მუსიკა დამიბრუნდეს და კიდევ მინდა, რომ შვილი გვყავდეს, გაჩენით ვეღარ გავაჩენ, ამიტომ მინდა, რომ ვიშვილოთ ვინმე…  

თორნიკე: ჰო სალომე, მეც მინდა ეს.

სალომე: მინდა ყოველ წუთს ვზრუნავდე შენზე, ისე როგორც შენ ზრუნავდი ჩემზე იმ ღამეს, როცა მე მოვედი შენთან.

თორნიკე: ნუღარასოდეს ნუ ახსენებ იმ საშინელ ღამეს,  შენ თუ გაუთავებლად გამახსენებ იმ ღამეს, იცოდე, რომ ეს მომკლავს. გეფიცები, მე აღარასოდეს არაფერს არ დაგიმალავ, შენც მომიყვები ყველაფერს?

სალომე: მოგიყვები.

თორნიკე: ყველაფერს?

სალომე: ყველაფერს.

თორნიკე: ჩვენ არაფერი არ უნდა დავუმალოთ ერთმანეთს თუ გვინდა, რომ განვთავისუფლდეთ წარსულისაგან.

სალომე: ხო, მხოლოდ ასე. მე ყველაფერს მოვყვები და შენ ჩაიწერე?

თორნიკე: ჩავიწერო? რატომ?

სალომე: უბრალოდ, ჩაიწერე რასაც მოვყვები და ეს ჩანაწერი შენთან დარჩება ნიშნად ჩემი აღიარებისა. 

თორნიკე: არ მინდა.

სალომე: არა, ჩაიწერე. შენ ხომ ყველა მსხვერპლს უნდა შეხვდე და ჩაიწერო მათი მონაყოლი, ხოდა ჩემგან დაიწყე.

თორნიკე: ვითომ კომისიაზე ვართ?

სალომე: ხო, აი ტელეფონს ჩავრთავ და აქ დავდებ. მოიცა, ლუდს დავისხამ, ხომ იცი, ლუდს როცა ვსვამ, სიმართლის თქმის ხასიათზე ვდგები. (სვამს) მაშ ასე, დადგა სიმართლის ჟამი. ვიწყებ… საიდან დავიწყო?

თორნიკე: მოყევი როგორ დაგაპატიმრეს.

სალომე: მე დამაპატიმრეს სადარბაზოში, დილით,  სამსახურში მივდიოდი. სამნი იყვნენ, ერთმა იარაღი მომადო და ჩუმად მითხრა: ხმა არ ამოიღო თორემ მიგასიკვდილებო, ნივრის სუნით ყარდა, ეტყობა ჯერ ხაში ჭამა და მერე მოვიდა ჩემს დასაპატიმრებლად, რა უცნაურია, არა?  გამიკვირდა კიდეც, ასეთ დროს ნივრის სუნი როგორ შევამჩნიეო, გარეთ გამომიყვანეს და მანქანაში ისე ჩამტენეს, რომ ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი, ვიცი, მაგ დროს უნდა იყვირო და გაქცევა სცადო, მაგრამ ქუჩაში ბავშვები თამაშობდნენ და შემეშინდა, რომ სროლა არ აეტეხათ და შეემთხვევით ბავშვი არ მოეკლათ. მანქანაში თვალები ამიხვიეს, ამიტომ არ ვიცი სად მიმიყვანეს,   გამომძიებელი მაშინვე მოვიდა, მითხრა რომ ჰქვია ალექსანდრე, გვარი არ უთქვამს, შემდეგ გავიგე რომ მისი ზედმეტსახელი იყო „დანა“. არ ვიცი როგორ გამოიყურება, თვალები ახვეული მქონდა.  წიკვინა ხმა ჰქონდა, მან  მხოლოდ ერთი კითხვა დამისვა, თუ სად იმალება ჩემი ქმარი. მე ვუთხარი, რომ არ ვიცი, მერე რეზინის ჯოხებით მცემეს და  საკანში ჩამაგდეს, საკანში სინათლე არ იყო და მუხლებამდე წყალი იდგა, მარტო რკინის საწოლი იყო, არც საბანი მომცეს და არც ბალიში. რა საბანი, იმ დღეს საჭმელიც არ მომცეს, მეორე დღეს ისევ მიმიყვანეს იმ გამომძიებელ ალექსანდრე – დანასთან, ისევ მკითხა თუ სად იმალება ჩემი ქმარი, მე ისევ ვუთხარი, რომ არ ვიცი და მათ ისევ მცემეს და ისევ საკანში ჩამაგდეს. ასე მცემდნენ სამი დღე.  ბაჩუკი ექიმს დაპატიმრებიდან მეოთხე დღეს შევხვდი, არც მისი სახე მინახავს, როცა მასთან მივყავდი, ყოველთვის თვალებს მიხვევდნენ, იმ ალექსანდრე დანასგან განსხვავებით ბაჩუკი იყო რბილი, თავიდან მომეჩვენა რომ კეთილიც, იცი ისიც კი მეგონა აი, ეს კაცი გამაბედნიერებსო, ხო იცი, რატომღაც ვიფიქრე, რომ გამაბედნიერებს  და მიშველის თქო, სასაცილოა არა? თან ბახის მუსიკაც  შემომესმა, ვერ წარმოიდგენ რას ნიშნავს ბახის მოსმენა მაშინ, როცა სამი დღე არ გიჭამია და სხეულზე კი არც ერთი ცოცხალი ადგილი აღარ გაქვს…. შესაძლოა ამიტომაც მეგონა, რომ გამაბედნიერებდა….

(ბესო, რომელიც მთელ მათ დიალოგს უსმენდა, იწყებს ლაპარაკს)

ბესო: ჰო, მე მინდოდა კიდეც რომ გამებედნიერებინეთ. ჰო, მუსიკასაც ვასმენინებდი პატიმრებს,სადღაც წავიკითხე, რომ მუსიკა ადამიანებს ტანჯვას უმსუბუქებს, განსაკუთრებით ბახის მუსიკა  და მეც შეძლებისდამაგვარად ვუმსუბუქებდი მათ წამებას. როცა წამება იწყებოდა ბახს ვრთავდი. იქ მუშაობა სამი წლის წინ დავიწყე, სწორად გამიგეთ, უმუშევარი ვიყავი, სახლში ფული ვერ შემქონდა და როცა იქ მუშაობა შემომთავაზეს, დავთანხმდი. დავთანხმდი იმიტომ, რომ ხელფასი დიდი იყო და, თანაც, თავიდან მე ის მევალებოდა, რომ მხოლოდ თვალყური მედევნა თუ სადამდე გაუძლებს პატიმარი ტანჯვას და თუ პატიმარი გონს დაკარგავდა ნიშადურით გამომეფხიზლებინა, ან თუ სისხლი წასკდებოდა, ჭრილობა დამემუშავებინა. სხვა არაფერი. ჩემმა ცოლმა, ეკამ, არაფერი იცოდა, ვერ ვუთხარი სად დავიწყე მუშაობა, ვერ გამიგებდა, ამიტომ ვეუბნებოდი რაღაც პატარა კლინიკაში ვმუშაობ მორიგე ექიმადო… დამიჯერეთ, ვეხმარებოდი პატიმრებს და მართლაც როცა კი საშუალება მქონდა ვაბედნიერებდი,იცით,  ხშირად, წამება რომ შეეწყვიტათ, ბრძანებას გავცემდი, ვიტყუებოდი, გაჩერდით, თორემ ვერ გაუძლებს პატიმარიო და ისინიც მემორჩილებოდნენ და წამებას აჩერებდნენ. ხშირად ვაკეთებდი ასე, პატიმრების თვალებში ვკითხულობდი მადლიერებას ….

სალომე: ახვეულ თვალებში?

ბესო: ყველას არ ვუხვევდით, თქვენ გამონაკლისი იყავით, თქვენ ხომ ბატონ თორნიკეს ცოლი იყავით. თავს ვიზღვევდით.  იცით, ხანდახან საჩუქრებიც მიმქონდა პატიმრებთან , ქალებს ხშირად პარფიუმერიასაც ვჩუქნიდი, ხანდახან ჩუმად ღვინოსაც ვაძლევდი.

სალომე: რას ამბობ? ყვავილებიც ხომ არ მიგქონდა?

ბესო: ყვავილები? კი როგორ არა, მახსოვს, ერთს ზედიზედ სამჯერ მივართვი დიდი თაიგული. მეტჯერაც მივართმევდი, მაგრამ  არ გამოდიოდა, სულ ზეწოლის ქვეშ ვიყავი. 

სალომე: საწყალი. შენ თვითონ არ აწამებდი?

 ბესო: მე? არა რას ბრძანებთ…

სალომე: არა?

ბესო: დიახ, ვაწამებდი, ოღონდ მერე, ვაღიარებ, თავიდან არა და მერე კი, ნელ ნელა უფრო და უფრო მივეჩვიე და რაღაც სხვანაირი გავხდი

თორნიკე: როგორი? სასტიკი?

ბესო – სასტიკი?  ჰო ალბათ, სისასტიკე მომწონდა, ყველა ადამიანში დევს სისასტიკე, ყველა ადამიანში სძინავს  მხეცს, რომელიც არ უნდა გააღვიძო, ჩემში გააღვიძეს ეს მხეცი და მივხვდი, რომ შემეძლო მეკეთებინა ის, რაზეც ბავშვობიდანვე მხოლოდ ვოცნებობდი, შემეძლო ჩემი ფანტაზიების რეალიზაცია…. იცით, მე ბავშვობაში ხშირად მცემდნენ, მე კი ვერავის, ეხლა მომეცა საშუალება მეც მეცემა ისე, რომ ხელსაც ვერავინ შემომიტრიალებდა…

სალომე:- ავადმყოფი.

ბესო: არა, მე ავადმყოფი არ ვარ, იყო კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: ჩვენთან მხოლოდ პოლიტ პატიმრები მოყავდათ, მე  ვიცოდი, რომ ეს ხალხი, რომლებიც ჩვენთან მოყავთ,  ანგრევენ ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და რომ თუ ესენი გაიმარჯვებენ, ქვეყანაც დაგვენგრევა და პირადად მეც დამენგრევა ცხოვრება. სწორედ გამიგეთ, მე ვემსახურებოდი ქვეყანას როგორც რიგითი ჯარისკაცი, მე ვასრულებდი ბრძანებას, უფლებაც არ მქონდა არ შემესრულებინა ეს ბრძანებები. ჯარისკაცებს ვერ მოსთხოვთ პასუხი აგონ გენერლების შეცდომებზე, ჯარისკაცი ჯარისკაცია. „მიდით ექიმო, მიდით, იხმარეთ ეს ბოზები, დატკბით მათი ტანჯვით, ეგენი ხომ ჩვენი ქვეყნის მტრები არიან, მეუბნებოდა ის ალექსანდრე…

სალომე: – დანა? 

ბესო: – რა?

სალომე: ალექსანდრეს ხომ  დანას ეძახდნენ არა ?

ბესო: ხო დანას, აბა რა, ალექსანდრე დანა…..  მათ ყველას ჰქონდათ ზედმეტსახელი, ბაყვა, კუჩა და ამ ალექსანდრესაც ჰქონდა ზედმეტსახელი,

სალომე: კოვზი

ბესო: ჰო, კოვზი…. მოკლედ, მე არ მინდოდა, მაიძულებდნენ…..

სალომე: მერე, მერე, მოყევი როგორ გიბრძანებდნენ ჩემს წამებას, ნუ ჩერდები, მოყევი!

 ბესო: არ ვჩერდები, ნუ მიყვირიხართ,  ვყვები. 

სალომე: რამდენმა პატიმარმა გაიარა პირადად შენს ხელში? არ მითხრა რომ არ გახსოვს! 

ბესო: არ ვიცი, ალბათ ბევრმა…

სალომე: ბევრი რამდენია?

ბესო: ნუ მიყვირიხართ! ბევრმა, ალბათ 100 მდე, თქვენც მათ შორის   იყავით სალომე. ოღონდ მე არაფერ შუაში ვარ! მხოლოდ ბრძანებებს ვასრულებდი!

სალომე: რას გიბრძანებდნენ ის ცხოველები, მოყევი!

ბესო:  ვყვები!

სალომე: დროზე! რაო?!

ბესო: ვყვები, ვყვები!

სალომე: მიდი, მოყევი!

ბესო: მეუბნებოდნენ რომ ეხლა ომია, რომ ჩვენ ყველანი ომში ვართ, მეუბნებოდნენ, რომ თქვენ ჩვენი მტრები ხართ, ქვეყნის მტრები, რომლებთაც ჩვენი დაღუპვა გსურთ და ჩვენ უნდა დავიცვათ თქვენგან ჩვენი სამშობლო, თორემ თქვენ ყველაფერს გაანადგურებთ რაც კი აქამდე გვიკეთებია, რომ თქვენ დაღუპავთ ჩვენს ქვეყანას, მეუბნებოდნენ, რომ თქვენ ყველანი უცხო ქვეყნის აგენტები ხართ და ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებს,  მეუბნებოდნენ: ნუ გეშინია არ მოკვდებიან, მაგათ რა მოკლავთ, ეგენი ყველაფერს გაუძლებენ! რომც მოკვდნენ არა უშავს,  ურტყით, აწამეთ, მიდით იხმარეთ, ეგენი ხომ ადამიანები არ არიან, ეგენი ხომ ერთუჯრედიანი არსებები არიან, ეგენი ხომ ისედაც ყველა გასაწყვეტია, თუ შემოგაკვდებათ არაა პრობლემა „მიდი ბენი, რა პრობლემაა თუ ერთი ნაბოზვარით ნაკლები ივლის ამ ქვეყანაში?. მიდი იხმარე, ხო მაგარია? ხო მოგწონს? ნახე რა მაგარი ქალია, სხვა დროს ხო არ მოგცემდა, არ გიკადრებდა, ეხლა კი წინააღმდეგობას ვერ გაგიწევს, ვერ ხედავ რომ ტრანსშია, ვერ ხედავ, რომ ქმარი დიდიხანია არ აკმაყოფილებს, რომ მისი სხეული თხოულობს, რომ დააკმაყოფილო,  ასე რომ მიდი, ისიამოვნე, უფრო ღრმად, რომ უფრო ხმამაღლა იყვიროს.“ 

სალომე: მაგას ვინ გეუბნებოდა? ის ალექსანდრე? როგორ ეძახდით?

ბესო: ალექსანდრეს?… კოვზი, ჰო კოვზი,  და მეც აღარ ვჩერდებოდი. ვერ ვჩერდებოდი, ხო ვერ ვჩერდებოდი! გესმით? ვეღარ ვჩერდებოდი! თითქოს რაღაც ცხოველმა გაიღვიძა ჩემშიო,  მანიჭებდა სიამოვნებას, როცა ვეუფლებოდი სხეულებს, რომლებსაც წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ. როცა სხვა გხმარობდათ, იმის ყურებაც  მანიჭებდა სიამოვნებას, ვტკბებოდი იმის მოსმენით თუ როგორ კივიხართ სიმწრისგან, როგორ ტირით, როგორ ხოხავთ იატაკზე და როგორ ითხოვთ პატიებას,  თქვენ არა, მაგრამ უმრავლესობა ასე იქცეოდა, უმრავლესობა ყველაფერს აღიარებდა, იმასაც კი,  რაც არ ჩაუდენია და ეს უფრო დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა, მართალი ხართ, ყველანი მხეცებად გადავიქეცით, მეც, უჩაც და ბარკალაც….

სალომე: ისინი სად არიან?

ბესო: წასულები არიან, გაქცეულები, არ ვიცი სად, თქვენ გაიმარჯვეთ თუ არა, იმავე ღამეს წავიდნენ ქვეყნიდან. მე არ მაქვს მათთან კავშირი.

თორნიკე: შენ? შენ რატომ არ წახვედი?

ბესო: მე? მე არა რას ამბობთ, სად უნდა წავსულიყავი?, ვერსად ვერ წავიდოდი, მე ცოლს…. ოჯახს ვერ დავტოვებდი….დამიჯერეთ, ჩვენ არ გვინდოდა ამ ყველაფრის კეთება, მაგრამ იძულებულები ვიყავით. ჩვენ რომ უარი გვეთქვა, თქვენს ადგილზე მოვხვდებოდით და ჩვენც ისევე მოგვექცეოდნენ როგორც თქვენ, იქ მოხვედრას კი თავის მოკვლა მირჩევნია…. არ დაიჯერებთ, მაგრამ ერთი ასჯერ მაინც მინდოდა თავის მოკვლა, ვიცი, სიცოცხლის ღირსი არ ვარ… დამიჯერეთ, საკუთარი თავი მეზიზღებოდა, თავის მოკვლა მინდოდა, პიჯაკში ყოველთვის მედო ციანიდის დიდი დოზა, მზად ვიყავი, რომ თუ ჩემს დასაჭერად მოვიდოდნენ თავი მომეკლა, ჰო, წუთითაც არ დავფიქრდებოდი ისე მოვიკლავდი თავს, რადგან კარგად ვიცოდი, რასაც ციხეში მიზამენ, ამას ვერ გავუძლებდი.  თან ჩემს ცოლს… ჰო, ეკას რომ ეს ამბები გაეგო, ვერ გადაიტანდა, ამას კი სიკვდილი მერჩივნა, ჩემს ცოლს ხომ მე ყველაზე წესიერი, ყველაზე კეთილი ადამიანი ვგონივარ, ჩემი ცოლი მე ყველას და ყველაფერს მირჩევნია!…. არ იცით როგორ მიყვარს…    

გთხოვთ მაპატიოთ. მე გულწრფელად ვინანიებ ჩადენილს და იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი აღსარება დამეხმარება რომ მაპატიოთ,  ისიც კარგად ვიცი, რომ ვერანაირი სასჯელი ვერ იქნება ჩემთვის უფრო მძიმე, ვიდრე ის, რაც მომისაჯა ჩემმა სინდისმა. იმედია კარგად ჩაიწერეთ ყველა სიტყვა და გამეორება არ მომიწევს.

თორნიკე: ნუ ღელავთ, კარგად ჩაიწერა, ეხლა ისღა დაგრჩათ თქვათ, რომ ჩვენება მიეცით თქვენი ნებით და რომ არავინ გაიძულათ ამ ჩვენების მიცემა.

ბესო: – ეს ხომ ტყუილია.

სალომე: – გინდათ, რომ გაიძულოთ.?

ბესო: – არა. ჩაიწერეთ.  ჩვენება მივეცი ჩემი ნებით, ყველაფერი გულწრფელად ვაღიარე, არავინ მაიძულა ამ ჩვენების მიცემა და ყველაფერს ვინანიებ. 

თორნიკე: – ძალიან კარგი,  ყველაფერი დამთავრდა, ჩვენ ეხლა გაგიშვებთ და ამ ჩანაწერს ხვალ პროკურატურას გადავცემ. სასამართლოში შევხვდებით. 

ბესო: დიახ, გასაგებია.

თორნიკე: ამ თოფსაც პროკურატურას გადავცემ.

ბესო: ხო, მესმის.

სალომე: ამ მობილურსაც.

ბესო: კი ბატონო, მასში არაფერია.

სალომე: ხო ვნახე, არც ერთი ნომერი არ გიწერია. 

ბესო: ხო? ალბათ. არ ვინახავ არაფერს. შემიძლია წავიდე?

                    პაუზა

თორნიკე: (სალომეს) ხომ შემპირდი, რომ გავანთავისუფლებთ არა?. 

სალომე: ხო, ძვირფასო, მე შეგპირდი, გავუშვებთ თუ აღიარებს და მოინანიებსო.

თორნიკე: ჰო და აი აღიარა და მოინანია კიდეც.

სალომე: ჰო, აღიარა. თორნიკე რა კარგია რომ ინტელიგენტი, მწერალი კაცი ხარ, იცი მეშინოდა, რომ მას მერე რაც ეს არარაობა ბაჩუკი დანაშაულს აღიარებდა და შენ დარწმუნდებოდი, რომ ბაჩუკი ექიმი დამნაშავეა, აქეთ მომიწევდა შენთვის იმის თხოვნა, რომ არ მოგეკლა. 

თორნიკე: არა, ამ ნაძირალაზე ხელს როგორ გავისვრი. ეხლა კი წადი ბაჩუკი, წადი, ეს ჩანაწერი ხვალ პროკურატურაში იქნება და ისინი დაინტერესდებიან შენით.

ბესო: დიახ, რა თქმა უნდა, მესმის, ყველაფერი კარგად მესმის.  

სალომე: ძალიან კარგი. თორნიკე, ეხლა ცოტა ხნით მარტო დამტოვე ბატონ ბაჩუკისთან.

თორნიკე: დაგტოვო? რატომ?

სალომე: გთხოვ, გამომშვიდობებამდე  მინდა ცალკე ვუთხრა რაღაც ბაჩუკის….

თორნიკე: სალომე.

სალომე: გთხოვ.

თორნიკე: კარგი. (გადის)

ბესო: მე ხომ ყველაფერი ვთქვი?. რატომ მიშვერთ თოფს?

სალომე: გეტყვი

ბესო: თუ წინააღმდეგი არ იქნებით საპირფარეშოში გავალ…

სალომე: წინააღმდეგი ვარ

ბესო: –  არ გავიქცევი, ხო ისედაც მიშვებთ.

სალომე: არ გაინძრე!.ბაჩუკი!

ბესო: დიახ, გისმენთ.

სალომე: მაშ ბაჩუკი შენ ხარ არა?

ბესო: დიახ, მე ვარ, ბაჩუკი,  ხომ ვაღიარე ყველაფერი  და თქვენ კი, მე და ბატონ თორნიკეს შეგვპირდით, რომ თუ ვაღიარებდი გამიშვებთ და მეც ყველაფერი ვაღიარე. 

სალომე: ერთი საქმე კიდევ დაგვრჩა ბაჩუკი. (პაუზა) მალე გათენდება და მინდა რომ ხვალინდელი დღე კარგი იყოს, იმისათვის კი, რომ დღე კარგი იყოს და ბედნიერი ვიყო, დღეს ერთი პატარა საქმე კიდევ დაგვრჩა. იმისათვის, რომ მე ხვალიდან სიამოვნებით ვუსმინო ბახს და არ ვიფიქრო იმაზე, რომ შენც უსმენ ბახს, იმისათვის, რომ შენ აღარ მომაყენო შეურაცყოფა მე, ჩემს ქმარს, ჩემს ქვეყანას და ბახს… შენ უნდა მოკვდე. მე უნდა მოგკლა. 

ბესო: – როგორ? თქვენ ხომ სიტყვა მიეცით თქვენს ქმარს…

სალომე: რა თქმა უნდა, მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ. 

ბესო: აბა…

სალომე: როდესაც ჩემს ქმარს სიტყვას ვაძლევდი, პატარა ეჭვი  კიდევ მქონდა, რომ შესაძლოა მართლაც არ ხარ ის კაცი ვიზეც ვფიქრობდი. ჩემი ქმარი მართალი იყო – საჭირო იყო უფრო მეტი მტკიცებულებები, ხომ შეიძლებოდა, რომ მეც შემშლოდა. მე ვიცოდი, რომ თუ შენ  დანაშაულს აღიარებ, მე ჩემს სიმართლეში დავრწმუნდები.

ბესო: ხოდა ხომ ვაღიარე…

სალომე: ჰო, აღიარე, და როდესაც მოვისმინე ეს შენი აღიარება, ბოლო ეჭვიც გამიქრა, ამიტომ მინდა, რომ შენ მოკვდე. ეხლა როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ შენ ხარ ის ბაჩუკი, მე ვეღარ ვიცხოვრებ, როცა მეცოდინება, რომ შენ ცოცხალი ხარ, რომ სუნთქავ სუფთა ჰაერს, უსმენ მუსიკას. შენ ერთი წუთი გაქვს, შეგიძლია ილოცო და მართლა მოინანიო.

ბესო: – არ ქნა ეგ, მე არ ვარ დამნაშავე.

სალომე: როგორ არა ხარ დამნაშავე,  ეხლა არ აღიარე?

ბესო: – არა, არა, ეს მე და შენმა ქმარმა გადავწყვიტეთ ასე, მოვიგონეთ ეს აღიარება, რომ შენ გაგენთავისუფლებინე. ყველაფერი რაც აქ ვთქვი, მოვიგონე, რომ შენ აქედან გაგეშვი. 

სალომე: მე ყველაფერი დავიჯერე, ტკივილამდე ნაცნობი იყო რაც მოყევი.

ბესო: არა, არა, ეს თქვენმა ქმარმა დამარიგა რომ ასე მეთქვა, მან მომიყვა ის რაც თქვენგან იცოდა, დავუძახოთ და კითხეთ, მან დამარწმუნა მეთქვა. რომ ბესო კი არა, არამედ ის ვიღაც ბაჩუკი ვარ, რომელმაც თქვენ გაწამათ, მან მითხრა მეთქვა ეს სისულელე იმისთვის, რომ თქვენ არ მოგეკალით, ყველაფერი რაც ვაღიარე, მოვიგონე მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ დაგეჯერებინათ. სალომე  მე სრულიად უდანაშაულო ვარ.  მე არა ვარ ბაჩუკი, მე მქვია ბესო, მე არა ვარ ექიმი, მე ვარ ბიზნესმენი, ბინებს ვყიდულობ, ვარემონტებ და ვყიდი, იმ დროს, როდესაც თქვენ გაწამებდნენ, ვმუშაობდი კომპანია “რეიდ კომპანიში”, ეს შეგიძლიათ შეამოწმოთ, მე არანაირი კავშირი არ მაქვს წამებებთან, არასოდეს ვყოფილვარ დაკითხვებზე…

სალომე: – დანა?.

ბესო: რა დანა?

სალომე: აღიარებაში ახსენე ალექსანდრე – დანა. გახსოვს ის ახვარი, შენ რომ მხმარობდი და ის რომ იქვე იჯდა, გვიყურებდა და ქშინავდა? ალექსანდრე დანა, შენ თვითონ ახსენე ეს სახელი და ეს ყველაფერი ჩაწერილია, გინდა მოგასმენინებ? 

ბესო: ხო და რა?, მისი სახელიც შენმა ქმარმა მითხრა, ყველა სახელი რომელიც ვახსენე, შენმა ქმარმა მითხრა, დაუძახე მას და კითხე.

სალომე: არაფრის კითხვა არ მჭირდება, მე ვიცი, რომ  ჩემი ნათქვამი გადმოგცა, ის ეგეთია, მას ყოველთვის სურს ვიღაც გადაარჩინოს, შენი გადარჩენაც მაგიტომ უნდოდა, მას ხომ მე გიჟი ვგონივარ და შენ კი სრულიად უდანაშაულო. ამიტომ თავისი ჭკუით მომატყუა,  მაგრამ მე ვპატიობ მას ამას, რადგან მას ვუყვარვარ, ჩვენ ერთმანეთს ვატყუებთ ერთმანეთის გულისთვის, იმიტომ რომ გვიყვარს ერთმანეთი. ამიტომაც ითამაშა ეს თამაში,  მაგრამ ამ თამაშში მე მოვუგე. მე მას სხვა სახელი ვუთხარი, მინდოდა მენახა შეასწორებ თუ არა და შენც შეასწორე. დანას მაგივრად იმ ალექანდრეს კოვზი დაუძახე. კოვზი. ესეც ჩაწერილია. წამოგცდევინე და შენც წამოგცდა იმიტომ, რომ ალექსანდრეს ზედმეტსახელი მართლაც კოვზი იყო და არა დანა, ეს კი ჩემმა ქმარმა არ იცოდა და ვერც გეტყოდა, აი შენ კი, ეს ძალიან კარგად იცოდი და ამიტომაც ახსენე- წამოგცდა.

ბესო:  ეს უბრალო დამთხვევაა,  დანა – კოვზი, რა მნიშვნელობა აქვს, ამერია უბრალოდ.

სალომე: მარტო ეგ არ აგრევია, მე სპეციალურად დავამახინჯე ჩემს ქმართან ყველა შენი მეგობრის სახელი, შენ კი მოყოლისას, ისე იყავი შეშინებული,  ისე გინდოდა დაგეჯერებინე ჩემთვის შენი უდანაშაულობა, რომ მათი ნამდვილი სახელები წამოგცდა. ჩემმა ქმარმა დაგისახელა კუჩა, შენ კი წამოგცდა და თქვი უჩა, ჩემმა ქმარმა გითხრა ბაყვა და შენ კი წამოგცდა და თქვი ბარკალა. იცი რატომ? იმიტომ, რომ იმ ნაბიჭვრებს სინამდვილეში მართლაც უჩა და ბარკალა ჰქვიათ და ესეც მარტო შენ იცოდი. შენ შენი საკუთარი სახელიც კი წამოგცდა, ბენი. არც ბაჩუკი ხარ და არც ბესო, შენ ბენი ხარ და ესეც წამოგცდა, ბაჩუკი მე მოვიგონე. ყველა შენი ნაბიჭვარი კი ბენის გეძახდა და არა ბაჩუკის. მე შენ მოგკლავ არა მარტო იმიტომ რომ დამნაშავე ხარ, არამედ იმიტომ, რომ მონანიება კი არა, უბრალო სინანულის გრძნობაც კი არა გაგჩენია.

ბესო: გასაგებია.

 სალომე: ადამიანს ყველაფერი შეიძლება ეპატიოს, თუ ის ინანიებს, მაგრამ თუ ის არ ინანიებს, პატიებას აზრი არა აქვს. მე ჩემს სიტყვას ვასრულებ, მე ვთქვი, რომ იმ შემთხვევაში გაპატიებ,  თუ გულწრფელი იქნები და მოინანიებ, მაგრამ შენ არც გულწრფელი იყავი და არც მოინანიე, ამიტომაც მოკვდები. 

ბესო: გასაგებია. ნუღარ გააგრძელებ, ყველაფერი ისედაც გასაგებია. მონანიებასაც  არა აქვს აზრი, რომც მოვინანიო, თქვენ მაინც მომკლავთ, დღეს თუ არა, ხვალ,  ან შენ ან შენი ქმარი, ან კიდევ ვინმე, მაინც ვერსად დაგემალებით, ძალიან ბევრნი ხართ ვისაც ჩემი მოკვლა გსურთ.  რა მნიშვნელობა აქვს დღეს მოხდება ეს თუ ხვალ, ხომ მაინც მოხდება. ძალადობა მხოლოდ ძალადობას შობს, – ეს ნიცშემ თქვა.

თორნიკე: (შემოდის ოთახში) არა, ეგ მარტინ ლუთერ კინგმა თქვა.

ბესო: ჰო? რა მნიშვნელობა აქვს ვინ თქვა?. ძალადობა კიბოს უჯრედივით სწრაფად მრავლდება. გუშინ ჩვენ ვძალადობდით თქვენზე, დღეს თქვენ ძალადობთ ჩვენზე, ხვალ ისევ განმეორდება ყველაფერი. ჩვენ თუ არა, სხვები, ვინც მოვლენ თქვენს შემდეგ, ისინი იძალადებენ თქვენზე და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის. რაო? სამართლიანობის აღდგენის კომისიაო? რა სისულელეა. თქვენი კომისიაც მხოლოდ ქაღალდზე დარჩება, არავინ მოგცემთ უფლებას ეს საქმეები გამოიძიოთ, მხოლოდ ჩემისთანა პატარებს თუ დასჯით, უფრო დიდებს ვერ მისწვდებით, თითებს დაგამტვრევენ, სამართლიანობა არც აქ და არც სადმე, არასოდეს იზეიმებს, სამართლიანობა უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში. ის არც არასდროს არსებობდა. ნახეთ ბიბლია, კაენიც კი არ დაისაჯა ძმის მკვლელობისთვის. 

თორნიკე: როდესაც კაენმა ძმა მოკლა, მან მოინანია თავისი ცოდვა და ამიტომაც ვერავინ გაბედა მისთვის თითის დაკარება.  

ბესო:  მას თითი რომ არავინ დააკარა, ამიტომაცაა ის დღემდე ცოცხალი. არ მინდა თქვენი ფილოსოფიური ბოდვების მოსმენა. თქვენ ორივე მოღალატე ხართ, ჩემი ქვეყნის მტრები,  რა გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის ყბედობის მეტი? რა? არაფერი! მხოლოდ დაანგრიეთ ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვაშენებდით, თქვენ ხომ მხოლოდ ლაპარაკი შეგიძლიათ.  იცი რას გეტყვი შე მართლა ბოზო? არაფერს ვნანობ, ამიტომ მომკალი თუ ასე გინდა, მაგრამ მონანიებას ვერ ეღირსები. მოსანანიებელი არაფერი მაქვს.  ხო მე მქვია ბენი და მე გაწამებდი, მე გხმარობდი ყოველ დღე, შესაძლებლობა რომ მქონდეს ისევ სიამოვნებით გავიმეორებდი იგივეს, სინანულით კი მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ: იქიდან არ უნდა გამეშვი, ყველაფერი უნდა მექნა, რომ შენი ძვლებიც ვერავის ეპოვნა დღეს. შენ კი… შენისთანების ბრალია, რომ ეხლა ასეთ დღეში ვართ….მეზიზღებით სუყველა… დაგინახე თუ არა, ჯერ კიდევ  ტრასაზე მინდოდა შენი მოკვლა, მაგრამ იარაღი არ მქონდა,  აქაც მაგიტომ მოვედი, მინდოდა გამეყვანე სახლიდან და ტრასაზე მომეკალი, მერე შენს ცოლთან დავბრუნდებოდი, დიდი ხანია არ მიხმარია, მომენატრა,  ვიხმარდი და მერე მასაც მოვკლავდი.  სამწუხაროდ ვერ შევძელი. ეხლა კი მესროლეთ თუ ასე გინდათ და დავამთავროთ ეს კარნავალი.

თორნიკე აპირებს სროლას, მაგრამ სალომე აუკრავს თოფზე ხელს.

სალომე: გაეთრიე აქედან.

თორნიკე: სალომე

სალომე: წავიდეს.

ბესო: მიშვებ?

სალომე: ჰო გიშვებ.

თორნიკე: მოიცა, პოლიციას გამოვუძახებ.

სალომე: არა, გაეთრიოს! წადი!

ბესო: მართლა მიშვებ?

სალომე: ჰო, გაეთრიე აქედან,

თორნიკე: არა.

სალომე: დამიჯერე, ასეა საჭირო. წადი.

ბესო: რატომ მიშვებ?

სალომე: იმიტომ, რომ ერთ რამეში მართალი ხარ ბენი: მაინც ვერსად ვეღარ დაიმალები. თოფს დავიტოვებ, რომ უკან მობრუნების სურვილი არ გაგიჩნდეს, აი შენი პიჯაკი, შენი ცარიელი მობილურიც შეგიძლია წაიღო, შენი ცოლის  წამალიც აქაა,  წადი აქედან. მიუტანე შენს ცოლს წამალი.

ბესო: ჩემმა ცოლმა არაფერი იცის ჩემს შესახებ.

სალომე: ვიცი და ეხლა შენზეა დამოკიდებული რას გაიგებს შენი ცოლი შენზე და რას არა. წადი!

თორნიკე: სალომე…

სალომე: წავიდეს, დამიჯერე გთხოვ, ვერსად ვერ დაიმალება, მისი ეს აღიარებაც ჩაწერილი გვაქვს. შენ თვითონ არ გინდოდა მისი გაშვება? წადი! ბენი, წადი და მშვიდობით!

ბესო: მადლობა! მშვიდობით!

                       ბესო გადის 

თორნიკე: მე მგონი მაინც არ უნდა გაგვეშვა.

სალომე: უნდა გაგვეშვა, ყველაზე დიდ ნაძირალასაც უნდა მისცე ბოლო შანსი.

თორნიკე: შანსი? რისი? შენ ფიქრობ მაინც გაიქცევა სადმე?

სალომე: არა, არსად გამქცევი არაა, ეგ რომ შეეძლოს, თავისი  ძმაკაცებივით დიდი ხნის გაქცეული იქნებოდა …..უნდა მიგვეცა იმის შანსი, რომ მისმა ცოლმა არაფერი გაიგოს მის შესახებ და მიხარია, რომ ეს შანსი ჩვენ ორივემ მივეცით მას.

თორნიკე: რაა? ვერ გავიგე? რისი შანსი მივეცით?

სალომე: რა ვერ გაიგე? ყველაზე დიდ ბოროტებასაც რაღაც სუფთა აქვს სულის სიღრმეში, რომელსაც უფრთხილდება, მისთვის ეს სუფთა ადგილი მისი ცოლია და მას უფრთხილდება, ყველაფერს იზამს, რომ ეს ადგილი არ დასვაროს……  ჯიბეში, მას, ცოლის წამალი არ ედო. ბენი, პიჯაკში,  აქამდე ატარებს ციანიდის დიდ დოზას.  

თორნიკე: რა ვქნათ ეხლა?

სალომე: რა უნდა ვქნათ, ჩაჯექი სავარძელში და შენს საყვარელ ბახს მოუსმინე. 

თორნიკე: მერე? შენ ცუდად აღარ გახდები?

სალომე: არააააა, შენ ბახს მოუსმინე, მე კი ცოტას წავიმუშავებ.

თორნიკე: რამე ახალი გინდა დაიწყო?

სალომე: არა, ჯერ რომელიმე ამათთაგანს დავამთავრებ.

                   იცი რას მივხვდი?

თორნიკე: რას? რას?

სალომე: რა რას?

თორნიკე: იცი რას მივხვდიო მითხარი და გეკითხები, რას მიხვდი?.

სალომე: ა, ხო, იცი, მივხვდი, რომ  ცხოვრება გაცილებით ადვილია, როცა არაფერს მალავ და როცა სათქმელს ბოლომდე იძახი….  ის ღორი ნათია მართლა აღარ გყავს?

თორნიკე: არა.

სალომე: გწერს კიდევ?

თორნიკე: მწერს, მაგრამ მე არ ვპასუხობ. ეხლა ვეღარც მომწერს?

სალომე: რატომ? გამოსწორდა?

თორნიკე: დავბლოკე მისი ნომერი.

სალომე: როდის?

თორნიკე: დღეს ღამე.

სალომე: სხვები? სხვებსაც დაბლოკავ?

თორნიკე: სხვები აღარ მყავს.

სალომე: კარგი…. იცი კიდევ რას მივხვდი?

თორნიკე: რას?

სალომე: რა რას?

თორნიკე: იცი კიდევ რას მივხვდიო და გეკითხები, კიდევ რას მიხვდი?

სალომე: დამავიწყდა… არა, გამახსენდა, იცი, მგონი მიყვარხარ.

 

                            დასასრული