ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?!
ჰორას მაკკოიის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
პიესის ავტორი: – ავთანდილ ვარსიმაშვილი
როლებში:
დიტო
ნატა
რობი
მეგი
ლუკა
ნინი
ოთო
ბაბუ
ელენე
ფატი
ტელე პავილიონი, დიტო მიკროფონში:
დიტო: – მე მქვია დიტო, მე ვარ ამ შოუს წამყვანი და ორგანიზატორი. გაეცანით ჩვენი კონკურსის წესებს: ამ საცეკვაო მარათონში მთელი დღეების მანძილზე, გაუჩერებლივ ვცეკვავთ, მანამდე სანამ არ დაეცემით და არ გამოგვეცლებით, ვცეკვავთ დღეც და ღამეც, შესვენება გექნებათ ყოველ ორ საათში ერთხელ მხოლოდ 20 წუთი. იმარჯვებს მხოლოდ ბოლოს დარჩენილი ერთი წყვილი. აქ თქვენი საცეკავო ილეთები და პლასტიკა არავის სჭირდება, არავინ ამოწმებს თქვენს ქორეოგრაფიულ მონაცემებს, არავის აინტერესებს იცით ცეკვა თუ არა, მთავარია ფეხზე იდგეთ და მოძრაობდეთ. აქ არ მოგაკლდებათ საჭმელი, შესვენებაზე ჭამეთ რამდენიც გინდათ, სამზარეულოს მაგიდაზე მუდამ იქნება თქვენთვის ბუტერბროდები. სანამ შეავსებდეთ ანკეტებს, კარგად წაიკითხეთ: იქნება ნელი ცეკვაც და ჩქარი ცეკვაც, იქნება დერბი გასწრებაზე და იქნება პირდაპირი სატელევიზიო ეთერიც, ფეხს თუ მოიტეხთ– თაბაშირს დაგადებთ, თუ გაცივდებით უფასოდ მოგცემთ ასპირინს, ყველა სხვა შემთხვევებში კი გვკიდიხართ. ამიტომ კარგად წაიკითხეთ, რომ მერე პრეტენზია არ გქონდეთ, წაიკითხეთ და ისე მოაწერეთ ხელი. ჩააბარეთ ანკეტა და მიიღეთ თქვენი კუთვნილი ნომერი. (რობის) ბიჭი, ნუ დაბოდიალობ, აი ეს შეავსე.
რობი: – არა, არა, მე ისე ვარ, ტყუილად, მაინტერესებს, აქ სერიალებს არ იღებენ?
დიტო: – არა, სერიალები და ეგეთი სირობები იქითა კორპუსში, ამ პავილიონში მარტო ჩვენ ვართ, თუ ტყუილად ხარ წადი აქედან ან მაყურებელთა დარბაზში დაჯექი…
ბაბუ და ელენე
ბაბუ: – აქაც იგივეაა რაც ომში. რიგში უნდა იდგე და ელოდო, როდის დადგება ის წამი, როცა ან შენ გესვრიან თავში, ან შენ ესვრი ვინმეს.
ელენე: – დაწყარდი, ხომ შემოვედით, რა გინდა, ყველაფერი კარგადაა, შენ კი უკვე ნერვებს იშლი.
ბაბუ: – სულაც არ ვიშლი ნერვებს.
ელენე: – იშლი, როგორც კი ნერვები გეშლება, ხელების ქნევას და ნიკაპის ცახცახს იწყებ.
ბაბუ: – ეხლა ნიკაპი მიცახცახებს?
ელენე: – გიცახცახებს.
დიტო და ნატა
ნატა: – გამაგებინეთ რატომ აგდებთ ?– კუჭის წამალი უდევს ჯიბეში მეტი ხომ არაფერი?, უბრალოდ კუჭი აჭუხებს.
დიტო: – წაეთრიოს აქედან
ნატა: – ტკივილ გამაყუჩებელია, ის სვამს, რომ ტკივილმა არ შეაწუხოს.
დიტო: – სხვაგან დალიოს, ჩვენ აქ ჩვენი თავის ტკივილებიც გვყოფნის. წაეთრიოს მეთქი აქედან.
ნატა: – მოიცა, რას ნიშნავს წაეთრიოს? კუჭის წამალია თქო გეუბნებით.
დიტო: – შენ რა გქვია?
ნატა: – ნატა.
დიტო: – ხო, ნატა. რა გინდა, რომ პოლიციას გამოვუძახო და ორივენი ლაბორატორიულ შემოწმებაზე გაგიშვათ.? დარწმუნებული ხარ, რომ ვენები სუფთა გაქვთ? ხომ კარგად იცი, რომ შენ თუ გადარჩი, ეგ ნამდვილად ვერ გადარჩება. მერე არავინ ეტყვის წაეთრიოსო, პირდაპირ ჩასვამენ.
ნატა: –გასაგებია, მაგრამ მე რა ვქნა?
დიტო: – რაც გინდა ის ქენი, მიეცი ვინმეს თუ გინდა ვინმეს.
ნატა: – რაა?
დიტო: – იბოზე
ნატა: – წადი შენი.
მეგი, ლუკა, დიტო
მეგი: – აი ჩვენც მოვედით,
ლუკა: – გამარჯობათ, მე ლუკა მქვია, დაიმახსოვრეთ ლუკა მიქელაძე, ლუკა მიქელაძე!
დიტო: – ძალიან კარგი, (მიკროფონში) ინგა, შევწყვიტეთ მიღება, მეტი აღარ შემოუშვათ თორემ საცეკვაო კი არა ფეხზე დასადგმელი ადგილი არ იქნება (მეგის) მოიცა, შენი სახე მეცნობა, სადღაც მყავხარ ნანახი. რა გქვია?
მეგი: – მეგი, მე მსახიობი ვარ. თეატრალური დავამთავრე ორი წლის წინ. რამოდენიმე რეკლამაში ვითამაშე -ბანკის და რაღაც საფინანსო ორგანიზაციის და კიდევ ერთ რაღაც სერიალში, ალბათ იქ მნახეთ.
დიტო: – სერიალებს არ ვუყურებ. მეზიზღება, სხვაგან მყავხარ ნანახი, (ლუკას) შენც მსახიობი ხარ?
ლუკა: – არა მე იურიდიული დავამთავრე.
დიტო: – ერთად ხართ? შეყვარებულები ხართ?
ლუკა: – მე და მეგი? არა რა შეყვარებული, არ გამაგიჟოთ, კლასელია, ბავშვობის მეგობარი, საბავშო ბაღშიც კი ერთად დავდიოდით, დაქალია, მთხოვა გამომყევიო და უარი არ ვუთხარი. მე ლუკა ვარ მიქელაძე დაიმახსოვრეთ, ლუკა მიქელაძე.
მეგი: – ხო, ბავშვობის მეგობრები ვართ, ლუკა პოლიტიკოსობას აპირებს და ამიტომ უნდა, რომ ხალხმა გაიცნოს.
ლუკა: – ხო, ცნობადი სახე მინდა გავხდე, ანკეტაშიც ეგრე ჩავწერე, მინდა გავხდე ცნობადი სახე. თქვენ როდესაც გამოგვაცხადებთ, სახელით და გვარით გამომაცხადეთ, რომ ხალხმა კარგად დაიმახსოვროს ჩემი სახელი და გვარი- ლუკა მიქელაძე! ვინმე სირიკო ბალანჩივაძე არ გეგონოთ.
დიტო: – არც გვგონიხარ. რომელ პარტიაში ხარ?
ლუკა: – ჯერ არც ერთში, ვარჩევ, რამოდენიმე წინადადება მაქვს, ვნახოთ ამ შოუს შემდეგ როგორ გაიზრდება ჩემი რეიტინგი.
დიტო: – გაიზრდება, აუცილებლად გაიზრდება, ლამაზი წყვილი ხართ, შენ კი ძალიან კარგი თუ მსახიობი ხარ. ესე იგი ჩვენს შოუში რამეს გაითამაშებ კიდეც. რა შეგიძლია გააკეთო?
მეგი: – არ ვიცი, მონოლოგი, რომ წავიკითხო? თეატრალურში ვკითხულობდი მისაღებ გამოცდაზე.
დიტო: – მონოლოგი? რა მონოლოგია?
მეგი: – „რომეო, რატომ გქვია მაინც რომეო? შემომფიცე, რომ გიყვარვარ და მე კაპულეტი აღარ ვიქნები…..“
დიტო: –არა არა, ეგ ეგეთი რაღაცეები არ გვინდა, ეგ არაა ჩვენი სეგმენტი, არ მიყვარს თეატრი. გილოცავთ, მიღებულები ხართ, წადით მოემზადეთ.
დიტო, ბაბუ, ელენე
დიტო: (ბაბუს) შენა, ცოტა ბებერი ხომ არა ხარ ამ ყველაფრისთვის.?
ბაბუ: – ნუ ღელავ, ბევრ შენისთანა ახალგაზრდას კიდევ ვაჯობებ.
ელენე: – კი, კი, ძალიან მაგარია. ეგრე ნუ უყურებთ, აქ ვისაც ვუყურებ ყველას აჯობებს.
დიტო: – შენისთანა პატარა გოგო თუ დაითრია, მართლაც მაგარია, შენი საქმის შენ იცი, მე მკიდია, შენ უნდა იცეკვო მე კი არა. თუ დაეცემი მერე პრეტენზიები არ იყოს, რამე კითხვები გააქვს პატარავ?
ელენე: – მე პატარა არ ვარ, 24 წლის ვარ
დიტო: – ჩემთვის მაინც პატარა ხარ. (ბაბუს) რა გქვიათ?
ბაბუ: – მე ბაბუ დამიძახეთ, ყველა ასე მეძახის.
დიტო: – პასპორტში რა გიწერია?.
ბაბუ: – არ მახსოვს, პასპორტი აფხაზეთში დამრჩა.
დიტო: – მშვენიერია, შენ პატარავ?
ელენე: – ელენე.
ნატა, დიტო, ოთო, ნინი, ნატა
დიტო: – (ნინის) შენ რა გქვია?
ნინი: – ნინი.
ოთო: – მე ოთო.
დიტო: – აბა პალტო გადაიწიე.
ოთო: – რა პონტში უნდა გადაიწიოს?
დიტო: – გადაიწიე რო გეუბნები. (ხედავს ნინის მუცელს) თქვენ რა გაგიჟდით?
ნინი: – ძალიან გთხოვთ, შევძლებ.
ოთო: – გთხოვთ რა.
დიტო: – რას მთხოვ, ეს შენი შვილი არაა? ეს შოუა (ინგას) ინგა, ესენი ვინ გამოუშვი? ორსულ ქალს რა უნდა ჩვენთან? რაა? ვა, ეგ როგორ ვერ ვიფიქრე?, ყოჩაღ, იმიტომაც ზიხარ შენ მანდ და მე კი აქ. მაგარია. (ნინის) – ნამდვილად არ ველოდი ამ შოუში ორსულს, აი ეს თაიგული ჩვენი შოუსგან.
ოთო: – არა, ნინის არ უყვარს ყვავილები.
დიტო: – არ გიყვარს?
ნინი: – ხო, არ მიყვარს.
ოთო: – ეჯავრება ბავშვობიდან.
დიტო: – გასაგებია, ნინი, პირველია?
ნინი: – ჰო, ექვსი თვეა რაც ცოლ ქმარი ვართ.
დიტო: -არ გაგიჭირდება? ეს ძალიან მძიმე შოუა.
ნინი: – არა. არ გამიჭირდება. გავუძლებ.
ოთო: – დასაკარგი მაინც არაფერი გვაქვს. მთავარია აქ ხომ კარგად გვაჭმევთ.?
დიტო: – საჭმელზე ნუ ღელავთ, კარგად გაჭმევთ.
ოთო: – გესმის ნი, კარგად გვაჭმევენ.
დიტო: – ძალიან კარგი, მე ძალიანაც მომწონხართ, ვფიქრობ მაყურებელსაც ძალიან მოეწონებით, არაფერზე არ იღელვოთ, თუ რამე შეგემთხვევათ აქ 24 საათის მანძილზე გარეთ იდგება სასწრაფო დახმარების მანქანა და ექიმი.
ნინი: – არ დამჭირდება.
დიტო: – თუ რამეა პირდაპირ ეთერში გამშობიარებთ და თუ ბიჭი იქნება დიტო დაარქვით.
ოთო: – ბაზარი არაა.
ნინი: – მადლობა
გადიან
დიტო: – (ინგას) აუ ზალიან მაგარი ხარ ინგა, ატყდება ამბავი, ორსულ ქალს როგორ მიაღებინეთ მონაწილეობა, მაგრამ რეიტინგს აგვიწევს…
შემოდის ნატა
ნატა: – ვერავინ ვიპოვნე და რა ვქნა?
დიტო: – გითხარი რაც უნდა ქნა, მიეცი ვინმეს…
გადის
ნატა და რობი
ნატა: – ეი.
რობი: – მე მეუბნებით?
ნატა: – შენ .. ვისთან ერთად ხარ?
რობი: – არავისთან, მე ისე, საქმე არ მქონდა და შემოვიარე, მეგონა რამე სერიალს იღებდნენ და …..
ნატა: – კარგია, გინდა, რომ სადმე გადაგიღონ არა?
რობი: – ხო, რა ვიცი, თუ გადამიღებენ-მინდა. საქმე არ მქონდა და გამოვიარე.
ნატა: – თბილისელი არ ხარ. საიდან ხარ?
რობი: – რა იცი, რომ თბილისელი არ ვარ?
ნატა: – მშიერი და შეშინებული თვალები გაქვს.
რობი: – თბილისელებს არა აქვთ მშიერი და შეშინებული თვალები?
ნატა: – აქვთ, მაგრამ იმათ თვალებში ისიც უწერიათ, რომ ისინი ბინის ქირას არ იხდიან, მეც არა ვარ თბილისელი, ბათუმიდან ვარ, შენ?
რობი: – მე ჭიათურიდან.
ნატა: –მე ნატა მქვია, მიმტანად ვმუშაობ კაფეში. რა გქვია?
რობი: – რობერტი, ისე რობის მეძახიან.
ნატა: – რას საქმიანობ?
რობი: – რა ვიცი, ლექსებს ვწერ..
ნატა: – პოეტი ხარ?
რობი: – პოეტი ხმამაღლაა ნათქვამი, ლექსებს ვწერ ჩემთვის, ისე კი ვსწავლობ.. ან ვსწავლობდი…, არ ვიცი, ორ კვირაში თუ სწავლის ფულს არ გადავიხდი გამრიცხავენ. ამიტომ გამოვიარე აქ, იქნებ ვინმემ რამეში გადამიღოს და სწავლის ფული ვიშოვნო თქო.
ნატა: – რობი?… ბედი არ გინდა მთელი ცხოვრება ვინმე ინგლისელ ბიზნესმენ რობერტს ველოდი და ჭიათურელი მშიერი პოეტი რობი არ შემხვდა?. რას ვიზამ. რობი, ისე ამ შოუში მონაწილეობა სერიოზული შანსია, რომ ვინმე რეჟისორმა შეგამჩნიოს და მერე გადაგიღონ. მთელი ქვეყანა იქნება ჩართული ამ შოუს ყურებაში, ყველა ტელევიზია აქ იქნება. ჭიათურაშიც გნახავენ შენები, არ გინდა სცადო?
ნატა: – მე? არა რას ამბობ, მე და ცეკვა? ცხოვრებაში არ მიცეკვია, საერთოდ არ ვიცი ცეკვა.
ნატა: – არცაა საჭირო, მთვარია არ დაეცე. ეს “ცეკვავენ ვარსკვლავები” კი არაა, ეს მარათონია გამძლეობაზე, სულ ნუ იცეკვებ, მთავარია მოძრაობდე.
რობი: – არა, თან ერთი კვირის წინ საშინელი გრიპი გადავიტანე, მაგარი დასუსტებული ვარ.
ნატა: – ერთი კვირის წინ თუ გადაიტანე უკვე კარგად ყოფილხარ, დაფიქრდი, უფასოდ გვაჭმევენ და თუ მოვიგებთ 100 000 ლარს მოგვცემენ. 50 შენ– 50 მე. აზრზე ხარ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება 50 000. ად? ბინას იყიდი სადმე ან მაღაზიას გახსნი. რას იტყვი?
რობი: – ბინა და მაღაზია არ ვიცი და უფასოდ, რომ გვაჭმევენ ეგ კი მომწონს. უკანასკნელად გუშინ ვჭამე.
დიტო:
პირდაპირი ჩართვა იწყება, როგორც კი დავიწყებ ლაპარაკს გამოდით ცეკვა ცეკვით და ჩემს გარშემო იცეკვეთ, ოღონდ კამერებისკენ არ გაიხედოთ.
– ქალბატონებო და ბატონებო! მოგესალმებით ჩვენი საცეკვაო მარათონიდან! ცეკვები გამძლეობაზე, ასეთი შოუ ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა, როცა ყველაფერი დამთავრდება, 152 ადამიანიდან აქ ამ სცენაზე, ჩემს გვერდით იდგება მხოლოდ 2 არაჩვეულებრივი ადამიანი. მხოლოდ ის ერთი წყვილი მიაღწევს ფინალს, მხოლოდ ის ერთი წყვილი გავა ამ დარბაზიდან გამარჯვებული, გადააბაჯებს დასახიჩრებულ სხეულებს და დამსხვრეულ იმედებს, გავა გარეთ 100 000 ლარით და დაიწყებს ახალ ცხოვრებას. მხოლოდ ერთი წყვილი, მხოლოდ ერთი მიიღებს დიდებას და ფულს! დაუცდება ვინმეს ფეხი?– გავარდება! დაუთმობს ვინმეს?– გავარდება! ჩვენს მარათონზე იგივე კანონებია რაც ცხოვრებაში. ჩვენთან მოგება ისევე რთულია როგორც ცხოვრებაში. მაშ ასე, ვიწყებთ.
იწყება საცეკვაო მარათონი, ორკესტრი იწყებს დაკვრას და ყველა დიალოგი, რომელიც ქვემოთ იქნება, პერსონაჟების ცეკვების ფონზე მიმდინარეობს
ბაბუ და ელენე.
ელენე: – მამაჩემი კარგად ცეკვავდა?
ბაბუ: – აუფ, მაგრად, რას ამბობ, 15 წელი სახელმწიფო ანსამბლში ისე ვინ გააჩერებდა?, მთელი მსოფლიო მოიარა ცეკვა ცეკვით, განსაკუთრებით “ქართულს” ცეკვავდა მაგრად, ქალები გიჟდებოდნენ მასზე, შენსავით ლამაზი იყო, შენც იმიტომ ხარ ლამაზი, რომ მამას გავხარ, იცი ერთხელ თურმე ლონდონში, კონცერტის შემდეგ გარეთ, რომ გამოვიდა ერთი 20 ქალი უცდიდა ყვავილებით.
ელენე: – 20? ცოტა ბევრი ხო არაა?
ბაბუ: – ბევრია?.. შეიძლება, მაგრამ 15 მაინც იქნებოდა. უყვიროდნენ ჩემთან მოდიო, არა ჩემთანო, მაგრამ მამაშენი არავის გაეკარა, დედაშენი ისე უყვარდა, სხვისკენ არც კი გაუხედია.
ნინი და ოთო
ოთო: – თუ შეატყობ, რომ ვინმე მოგაჩერდა, რა გენაღვლება შენც გაუღიმე, ღიმილი კარგი გაქვს და რატომ არ უნდა გაუღიმო?, მოგაქციონ ყურადღება, ხომ იცი ხალხი რა სენტიმენტალურია, გიჟდებიან ორსულებზე, ფინალამდე მაინც ვერ მივაღწევთ და ამიტომ სპონსორები დროზე უნდა დავითრიოთ.
ნინი: – მივაღწევთ.
ოთო: – რა?
ნინი: – მივაღწევთ ფინალამდე.
ოთო: – მთავარია ვინმეს შევეცოდოთ და ვინმე სპონსორი დავითრიოთ, აუ ნი, რას გაასწორებს ვინმე მაყუთიანმა თუ მდივნობა შემოგთავაზა არა?. რამე მაგარ ოფისში, მაგარ ხელფასზე, კომპიუტერები, ყავები და ამბები.
ნინი: – მე? და შენ რომ შემოგთავაზონ არ გინდა?
ოთო: – მე? რატომაც არა, ოღონდ მე გააჩნია რას შემომთავაზებენ. საყელო გამიხსენი რა.
რობი და ნატა
რობი: – რატომ მაინც და მაინც თბილისი?
ნატა: – აბა სად წავსულიყავი? ტყიბულში? სიამოვნებით წავიდოდი პარიზში… მაგრამ არავინ მეპატიჟება.
რობი: -მე კი ბავშვობიდან არ ვყოფილვარ, მაგრამ ეგრე იძახიან ბათუმში კარგიაო ეხლა.
ნატა: – ვისთვის როგორ, თბილისელებისთვის, თურქებისთვის და ირანელებისთვის კარგი, ჩვენთვის კი არც არაფერი ხდება. არ ვიცი, დიდი ხნის წამოსული ვარ, მას მერე რაც ჩემებმა ბინა ვალში დაკარგეს და ქირით სარდაფში ცხოვრეობენ აქეთ ვარ, თბილისში რაღაც მაინც ხდება, თან აქ მაინც რაღაც ტელევიზიებია, რაღაცას მაინც იღებენ.
რობი: – ე, მსახიობი ხარ?
ნატა: – ოთხ ფილმში და სამ სერიალში გამოვჩნდი,ზოგან გავირბინე, ზოგან ლოგინში შიშველი ვიწექი, ერთ ფილმში მკვდარიც კი ვითამაშე. როლი ჯერ არ მითამაშია, ყველგან ნაცნობობა გჭირდება, თორემ ვისაც იღებენ იმათ ნამდვილად ვჯობივარ.
რობი: – ხო ეგრეა, ნაცნობობაა საჭირო. ვინმე რეჟისორს უნდა იცნობდე.
ნატა: – ხანდახან ეგეც არ შველის. რეჟისორების უმეტესობა პიდარასტია ან ტრაკი.
დიტო: – პირდაპირი ჩართვა.. ძვირფასო მეგობრებო, თქვენ ვინც ეხლა გულისყურით ადევნებთ თქვენს ტელეეკრანებთან ამ არაჩვეულებრივ მეგა შოუს, აირჩიეთ თქვენი საყვარელი წყვილი, უგულშემატკივრეთ მათ, იბრძოლეთ მათთან ერთად, დაუმესიჯეთ მათ ნომრებზე და განიცადეთ მათ მაგივრად. შოუ მხოლოდ ეხლა დაიწყო და თქვენ წინ დიდი ვნებათღელვა გელით. ..
მეგი და ლუკა
ლუკა: – ზუსტად გახსოვს, რომ მაგასთან არ ყოფილხარ?
მეგი: – არ არსებობს, ყველა მახსოვს, მაგას არ შევხვედრივარ.
ლუკა:-გახსოვს ბათუმში როგორ დაგწვი?
მეგი: – ბათუმში.. აუ რა გამხსენე, რა ცუდი ხარ.
ლუკა: – იმ ბანძ ირანელთან ერთად გამოდიოდი ინტურისტებიდან.
მეგი: – მართლა ბანძი იყო, შემპირდა 300 დოლარს მოგცემო და 100 მომცა-ჟმოტმა.
ლუკა: – შენთან ერთად ისიც იყო, შენი დაქალი თიკა, მაგარი ტიპშაა. ისიც ვიღაცასთან იყო.
მეგი: – ხო, ისიც ირანელთან იყო, ოღონდ თიკას კარგი ტიპი შეხვდა, ფულიც მისცა და ინტურისტების აუზის აბონიმენტიც, მერე მთელი კვირა ვცურავდით.
ლუკა: – მაშინ ხომ არ ვიცოდი შენი ამბები და პირველი რაც გავიფიქრე, რომ დაგინახე ე, მეგის ამ ტიპთან რა უნდაო
მეგი: – მაგაზე უარესებიც შემხვედრიან, ერთმა, ოღონდ ის აზერი იყო და არა ირანელი, თბილისში რედისონში ამიყვანა ნომერში და კიდევ ორი აზერი არ დამახვედრა, აი ბანძები ისინი იყვნენ, რომ მახსენდება ეხლაც ცუდად ვხდები.
ლუკა: – მერე? რა ქენი იმ ბანძებთან?
მეგი: – სხვა რა გზა მქონდა..
ლუკა: – სამივესთან ერთად იყავი?
მეგი: – არა, ერთად არა, რიგრიგობით, ლუქსი იყო და მე საძინებელში ვიყავი, შემოდიოდნენ. ფუ, რას მლოშნიდნენ, ოოო, ნუ მახსენებ
ლუკა: – პირველად, რომ მითხარი ისა ვარო არ დაგიჯერე, ვიფიქრე მეღადავება თქო,
მეგი: – ბოზი? ხო. სხვა გზა არ მქონდა ისეთ სიტუაციაში მნახე, თორემ შენც არ გეტყოდი.
ლუკა: – ვერ ვიჯერებდი, სკოლაში რაც კი საღამოები ტარდებოდა ყველგან პირველი იყავი, მერე თეატრალურში რომ ჩააბარე ყველას მაგრად გვიხაროდა.
მეგი: – აუ არ გამიბაზრო იცოდე
ლუკა: – მე რა უნდა გაგიბაზრო, მთელმა ქვეყანამ იცის ისედაც.
მეგი: – არავინ არაფერი არ იცის, მთელ ქვეყანას უბრალოდ მოვწონვარ
(იწყებს აქტიურ ცეკვას)
ლუკა: – ტყულად იტყლარჭები, შენთვის არავის სცხელა აქ.
მეგი: – დამიმესიჯეთ
ნინი და ოთო
ოთო: – ნი გაიღიმე, რა იცი, იქნებ ვინმე სერიოზულმა, ჭაღარა ბიძამ მოგაქციოს ყურადღება, შეიძლება გიშვილოს კიდეც, რა გაცინებს, ეგეთები ხდება?.
ნინი: – არ გეშინია მერე, რომ შეიძლება იმ ჭაღარა ბიძამ რომანი გააბას ჩემთან.?
ოთო: – ვისთან? შენთან? არ არსებობს.
ნინი: – რატომ?
ოთო: – მე ვისში უნდა გამცვალო გოგო ამხელა კაცი? ჩემზე უკეთესს ვის ნახავ.? საყელო შემიხსენი რა.
ბაბუ და ელენე
ელენე: – ისე, ამათ სუყველას შენი საყვარელი ვგონივარ არა?.
ბაბუ: – ეგონოს, რას დაეძებ, შენ ხომ იცი, რომ ეგრე არაა, ისე რატომ არ უნდა იფიქრონ, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდულად გამოვიყურები.
ელენე: – კი საკმაოდ, თან ძალიან სიმპათიური ხარ. შენი ასაკის კაცისთვის კი ისე ცეკვავ, ამათგან ვერავინ რომ ვერ შეგედრება.
ნინი და ოთო.
ოთო: – ისე შენ რომ გეცეკვა რამე ეროტიული ცეკვა გააგიჟებდი ყველას. ა ნინ, არ გინდა რამე სოლო შეუბერო და ყველას თვალები რომ დაუყენო?
ნინი: – თავი გამანებე.
ოთო: – არა მართლა, რამე გამომწვევი და ძალიან ეროტიული ა, ?
ნინი: – დაწყნარდი.
ოთო: – რატომ არ გინდა? რაც უფრო დროზე დავითრევთ ვინმეს, მით უფრო დროზე ავახვევთ აქედან, თორემ უკვე ფსიქოზი მეწყება.
ნინი: – არსად არ ავახვევთ, გავიმარჯვებთ.
ოთო: – ხოო? კარგი მაშ, ვიყოთ კიდევ ცოტა ხანი, მალე შესვენებას გამოაცხადებენ და ეგრევე სამზარეულოსკენ დავგაზოთ.აუ ნი იცი, იქ ბუტერბროტები სულ უფასოდაა
მეგი და ლუკა
მეგი: – მაგარი ტიპია არა ეგ მოხუცი.?
ლუკა: – მოგწონს?
მეგი: – არა ჩემს გემოვნებაში არ ზის.
ლუკა: – ყველაზე ასაკიანი შენს კოლექციაში რამდენი წლის იყო? ამ ასაკის გყოლია?
მეგი: – რამდენის იქნება ეგ?
ლუკა: – იქნება სამოცამდე.
მეგი: – მაშინ კიიიი, ერთი მყავდა 64 ის იყო, ცოტა მსუქანი, მაგრამ ძალიან დასტოინი, იცი ვის გავდა?
ლუკა: – ვის?.
მეგი: – აი ის ფილმი როა “პასლედნაია ტანგო ვ პარიჟე” იქ, რომ კაცი თამაშობს.
ლუკა: – მარლონ ბრანდო. გენიალური მსახიობია, ბევ ფილმებში თამაშობს..
მეგი: – აზრზზე არა ვარ, მოკლედ იმას გავდა, რაღაცა მაგარი ბიზმენსმენი იყო..
ლუკა: – ბიზნესმენი. ნ, ნ.
მეგი: – ხო რა, ბიზნნესმენი, ნავთობკომპანიაში თუ რაღაცაში მუშაობდა.
ლუკა: – შენ რა მაგარ სვოდკებს მაძლევ, მერე?
მეგი: – არაფერი, შარდენზე გავიცანი, ერთხელ მყავდა, წავიდა, აღარაა აქ, ეხლა ინტერპოლი ეძებს. აუ ესენი მართლა მაგარი ტიპები არიან, ეს გოგო მაგის ნაშაა თუ ცოლი?
დიტო: – პირდაპირი ჩართვა…შეხედეთ ამ წყვილს, თუ თქვენ მოგწონთ ეს წყვილი დაუმესიჯეთ ნომერზე 77. პროდიუსერებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეს მოცეკვავე სახელად ბაბუ მალავს სახელს, მაგრამ არ მალავს თავის ასაკს, და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის სამოცი წლისაა, მაგრამ თქვენ ყველაფერი არ იცით, ის იმათთაგანია, ვინც იარაღით ხელში იცავდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, დიახ, ის ომის ვეტერანია და ამ საზარელი ომიდან ის ბევრი საჩუქრით დაბრუნდა. მას არ უყვარს, როდესაც ამ თემაზე საუბრობენ, მაგრამ მე მაინც გეტყვით, მისი ბატალიონი რომ დაბომბეს, მის თვალწინ დაიღუპა თითქმის ყველა მისი მეგობარი, ძალიან ცოტანი გადარჩნენ იმ დღეს, ეს იმ რამოდენიმე კაცში იყო, მაგრამ ისინიც სამუდამოდ დასახიჩრდნენ, თქვენ გგონიათ თქვენს წინ ჯამრთელი ადამიანი დგას? არა ბატონებო, ეს ადამიანი სხეულში ბომბის 32 ნამსხვრევს ატარებს, დიახ 32 ნამსხვრევს და ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი ისევ იბრძვის ეხლა აქ ამ მოედანზე, ჩვენს მარათონში და მას იმედი აქვს, რომ გაიმარჯვებს ამ ომში. აი ასეთმა გმირებმა მოიყვანეს ჩვენი ქვეყანა დღემდე, ასეთი გმირების დამსახურებაა, რომ არ გადავშენდით. ტაში ბატონებო. … (ხმის რეჟისორს) ბიჭო, რამდენჯერ გითხარი, როცა ვიტყვი ტაში თქო, გაუშვი რა ბლიად ჩანაწერი.
ნატა და რობი
ნატა: – მე უფრო მეტი ნამსხვრევი მაქვს სხეულში.
რობი: – შენც ომში იყავი?
ნატა: – რაც დავიბადე, მას მერე ყოველდღე ომში არა ვარ?
რობი: – ბინას ქირაობ?
ნატა: – აქედან რომ გავალ მომიწევს… ბოლოს ერთ ტიპთან ვცხოვრობდი, პატარა კაფე აქვს პლეხანოვზე და იმ კაფეშივე ვმუშაობდი და ვცხოვრობდი კიდეც. ის ტიპი თურქი იყო, შემიფარა, მაგრამ მალე მომთხოვა მაგიდაზე უნდა გიხმაროო, რომ მომეშორებინა საწამლავი დავლიე.
რობი: – მერე.? მოკვდი?
ნატა: – არა, დოზა არ მეყო, უბრალოდ ცუდად გავხდი, ერთი კვირა ვიყავი საავადმყოფოში. რა მენაღვლებოდა, ფულს შეშინებული თურქი იხდიდა, საავადმყოფოში გავიგე ამ მარათონის შესახებ და მოვქანდი. ისეთ დღეში ვიყავი, რომ საწამლავი კი არა, სიამოვნებით გადავხტებოდი ფანჯრიდან ან მატარებლის ქვეშ ჩავარდებოდი, მაგრამ მაგის ერთი ადგილი არა მაქვს.
რობი: – მესმის, მაგრამ არ ღირს მაგაზე ფიქრი. მაგაზე ერთი ლექსი მაქვს დაწერილი, გინდა წაგიკითხავ?
ნატა: – არა, დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყანაში ყოველ მესამეს ჩემსავით თავის მოკვლა უნდა , მაგრამ მაგის ძალა არა აქვთ.
რობი: – ხო ალბათ, მაგრამ მაინც არ ღირს. ცხოვრება მაინც მაგარი რამეა.
ბაბუ და ელენე
ბაბუ:- არ მიყვარს როცა მაქებენ.
ელენე: – რატომ?
ბაბუ: – იქ მაგიტომ არ წავსულვართ არც მე და არც მამაშენი, განსაკუთრებულიც არაფერი გაგვიკეთებია, რომ ტაში გვიკრან. შერცხვენილები და განადგურებულები წამოვედით. ეს ნამსხვრევებიც აქ რომ მაქვს ჩემი სირცხვილია და არა სიამაყე.
ელენე: – სირცხვილი რატომ?
ბაბუ: – დღემდე მრცხვენია, რომ გადავრჩი, ჯობდა მეც იქ დავრჩენილიყავი მამაშენთან ერთად.
ელენე: – კარგი გაჩერდი, თორემ ისევ ნიკაპის კანკალი დაგეწყო უკვე.
ბაბუ: – 32 ნამსხვრევი. მამაშენი რომ არ გადამფარებოდა ვინღა დაითვლიდა ამ ნამსხვრევებს, ტაში იმათ უნდა დაუკრან ვინც იქ დარჩა, თორემ ჩვენ გმირები კი არა ლაჩრები ვართ.
ელენე: – უკვე ხელების ქნევაც დაიწყე.
სირენა
დიტო: – დაისვენეთ, დაწექით, შეეცადეთ სხეულის ყველა კუნთი მოადუნოთ და არაფერზე იფიქროთ, ტვინი დაასვენეთ პირველ რიგში, თუ ამას შესძლებთ, იცოდეთ, რომ ასეთი ოცი წუთი სამ საათიანი დასვენების ტოლფასია,
ნინი და ოთო
ოთო: – წელი დაასვენე და ღრმად ისუნთქე, ღრმად.
ნინი: – კარგად ვარ, კარგად. ნუ გეშინია.
ოთო: – ხომ იცი, შენ, რომ რამე დაგემართოს გავაფრენ იცოდე.
ნინი: – არაფერი დამემართება, ნუ გეშინია, თუ ვერ გავძელი ჩამოგეკიდები და შენ მატარებ, ხომ გაგვიძლებ?
ოთო: – გაგიძლებთ, წავალ საჭმელს ავიღებ, რაც შეიძლება მეტი ხორცი უნდა ჭამო, ხორცი და ბოსტნეული. უფასოა გოგო, მიაწექი, თან ხომ გახსოვს ორის მაგივრად უნდა ჭამო. ისე რაც უფრო მეტ ხანს გაძლებ მით უფრო მეტ ხანს შევჭამთ უფასოდ. აუ რატო არავინ გვეჩითება, ამდენი ბანკია ამ დედა არღნიან ქვეყანაში, გამოვიდნენ რა და ჯიგრულად ვინმემ კარგი ბინა გვაჩუქოს სადმე ქალაქის ცენტრში, ორ ან ჯობია სამ ოთახიანი, ხო სამ ოთახიანი გვეყოფა, ბავშვის ოთახი, ჩვენი საძინებელი და მისაღები. მერე შენც მაგარი სამსახური რომ გაირტყა, აი ისეთი, ძიძაც რომ ვიქირაოთ და ვიქნებით ლამაზად.
ნინი: -მე ბოლომდე გავძლებ.
ოთო: – რას აიჩემე ეს ბოლომდე გაძლება?, მთავარია ვინმე მოვიდეს და რამე გვაჩუქოს, თორე სადამდისაც შევძლებთ მანამდე ვიქნებით.
ნინო: – შენ თუ ვერ შეძლებ მე შევძლებ.
მეგი და ლუკა
ლუკა: – დაგითვლია სულ რამდენ კაცთან ხარ ნამყოფი?
მეგი: – არა, ერთხელ დავიწყე და სადღაც 300 მდე კი ავედი, მაგრამ მერე დავიბენი და გავჩერდი, თანაც იმის მერეც ხომ ვიყავი. აუ იცი ვისთან ვარ ნამყოფი? არ დაიჯერებ. გითხრა? ხომ არავის ეტყვი?
ლუკა: – ვის უნდა ვუთხრა? გაგიჟდი?
მეგი: – (ყურში უჩურჩულებს)
ლუკა:- არააა?
მეგი: – კი, ას პროცენტიანია, შენ თავს გეფიცები.
ლუკა: – ეგ როგორღა დაითრიე?
მეგი: – კაფეში ვიყავით გოგოები ტაბიძეზე და დავინახე, დაცვასთან ერთად მოდიოდა, ავტეხეთ ყვირილი გოგოებმა: გვიყვარხარ, გვიყვარხარო, ყველაზე მეტს მე ვყვიროდი, გაჩერდა, შემომხედა, მერე მოვიდა, ვინა ხარო მკითხა, მსახიობი ვარ თქო ვუთხარი, მაკოცა და წავიდა, ხუთ წუთში დაცვა მოვიდა და ტელეფონის ნომერი გამომართვა.
ლუკა: – მერე? მერე?
მეგი: – მეორე დღეს დამირეკა დაცვამ, გამომიარეს მანქანით და მიმიყვანეს მასთან. ისე შემხვდა თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, სუფრა ჰქონდა გაშლილი და ვისადილეთ, სულ ხუმრობდა და იცინოდა, მერე დამათვალიერებინა ყველაფერი და ბოლოს საძინებელში შემიყვანა.
ლუკა: – მერე? ქნა რამე?
მეგი: – ქნაა?. უ იცი რა საყვარელია? თან მეც გავაგიჟე, რაც ვიცოდი ყველაფერი გავუკეთე, ასეც, ისეც, ზევიდან, ქვევიდან, უკნიდან. გაგიჟდა, იძახდა შენნაირი ქალი არ მინახავსო, რა მეფერა არ იცი, არ მეგონა ეგეთი მაგარი თუ იქნებოდა, იცი მერე დაეძინა, საყვარელი. მე ვიწექი და ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ მასთან ვარ, მერე გაიღვიძა და ისევ ავტეხეთ ერთი ამბავი, ოღონდ უკვე ლაითად, ეჩქარებოდა, ვიღაცეები უნდა ენახა, მერე ავდექით, ჩავიცვით და დაცვამ სახლში წამომიყვანა.
ლუკა: – მერე აღარ გინახავს?
მეგი: – არა, ეტყობა ვეღარ მოიცალა, არადა მაგრად მინდოდა.
ლუკა: – იგონებ არა?
მეგი: – არ გჯერა? შენ თავს გეფიცები.
ლუკა: – შენა, ეგეთ ტიპებთან თუ დადიხარ აქ რა გინდა?
მეგი: – რაც შენ გინდა მეც ეგ მინდა.
ლუკა: – გოგო მე პოლიტიკოსობა მინდა და ამიტომ ხალხმა უნდა გამიცნოს, დაიმახსოვროს ჩემი სიფათი, ჩემი გვარი და სახელი. ლუკა მიქელაძე, ყველამ უნდა დაიმახსოვროს ეს სახელი და გვარი და შენ? შენ რა გინდა?
მეგი: – მეც მინდა თავის გამოჩენა, იცი როგორ დავიღალე, ხან ერთთან, ხან მეორესთან, აღარ მინდა, მინდა ვიღაც პასტაიანნი მყავდეს, მინდა, რომ ეს შოუ გამოვიყენო და ვინმე კარგი ტიპი დავითრიო.
ელენე და ბაბუ
ელენე: – რომ ვერ მოვიგოთ, მერე რა უნდა ვქნათ?
ბაბუ: – რას ნიშნავს ვერ მოვიგოთ, მოვიგებთ. ეგეთები მაქვს გადატანილი? ამათ, რომ ვუყურებ ყველაზე მაგარი ვარ, შენ კი ყველაზე ახალგაზრდა, ასე რომ მოვიგებთ.
ელენე: – იქნებ ჯობდა, რომ ჩემი ბინა გაგვეყიდა.
ბაბუ: – რამდენჯერ გითხარი ამოიგდე თავიდან ეგ სისულელე, რომ მერე ქუჩაში დარჩე?
ელენე: – მეგობრებთან გადავალ, ხან ერთთან ვიცხოვრებ, ხან მეორესთან, თანაც გააჩნია რამდენად გავყიდი, თუ გირაოს ფული არ დამრჩება, ქირის ფული ხომ მექნება.
ბაბუ: – ჩემთან წაგიყვანდი, მაგრამ ხომ იცი ორ ოთახიანში 6 ნი ვცხოვრობთ. ლალი კი გიჟდება შენზე და სიხარულით მიგიღებს, მაგრამ დასაწოლი ადგილიც არაა.
ელენე: – არა რას ამბობ, რად მინდა. ვიშოვნი. დამიჯერე გავყიდოთ ბინა, ყველაფერზე გვეყოფა ფული. აქედანაც წავალთ, ცოტა ხანში უკვე ვეღარ გავძლებთ.
ბაბუ.: – არა, გეყურება რასაც გეუბნები? არა. მოვიგებთ, აუცილებლად მოვიგებთ ამ ბრძოლას.
ელენე: – აი, ისევ აგიკანკალდა ნიკაპი
მეგი, ლუკა და დიტო
ლუკა: – რა დროს მაკიაჟია, დაწექი.
მეგი: – მუდამ ფორმაში უნდა ვიყო, რა იცი რა ხდება? მე მარათონის ბოლომდე არც მივაღწევ, სად შემიძლია ამდენი, მთავარია მანამდე ვინმემ შემამჩნიოს.
ლუკა: – ისე ამდენი ხანია ვცეკვავთ და ჯერ რაღაც ვერ ვატყობ, რომ ვინმე შენზე გადაირია.
მეგი: – შენზე ხო გადაირია რა. ყველაფერი კარგად იქნება, ამ გადაცემას იცი რამდენი ადამიანი უყურებს?, ხომ შეიძლება რომელიმე მინისტრი ან ბანკის მმართველი უყურებდეს, ვის უფრო მეტი ფული აქვს ნეტა მინისტრს თუ ბიზმემსმენს.
ლუკა: – ბიზნესმენს, ნნ
მეგი: – ნუ ხო, ნნნ, ვერ ვისწავლე ეგ სიტყვა, აუ ეკონომიკის მინისტრი, რო ავაგდო? იმას ალბათ ბევრი ფული აქვს არა? მაგარია არა? შენ რაც იურიდიული დაამთავრე არსად არ მუშაობდი?
ლუკა: – არა სად უნდა მემუშავა, მე მალე პოლიტიკოსი გავხდები, მერე პარლამენტში შევალ, მაგრამ იქ დიდხანს არ გავჩერდები, საკანონმდებლოში რა მინდა, ჩერეზ პარლამენტ პროკურორი გავხდები. აუ რამდენ ვინმეს დავიჭერ არც იცი, ყველას დედას ვუტირებ, მერე ავტორიტეტს რომ მოვიხვეჭ, მერე ვნახოთ…
მეგი: – მაგარია, გახდი პროკურორი, მე არა ვარ წინააღმდეგი, პროკურატურაშიც ბევრი ფული აქვთ, აუ სანამ შენ გახდები ეხლა ვინმე სხვა პროკურორმა ჩართოს ტელევიზორი და შემომხედოს რა, მთავარია ერთი დამინახოს, ეგრევე მოვეწონები და გამომიძახებენ.
ლუკა: – და შენც გავარდები.
მეგი: – რა თქმა უნდა გავარდები, სასტუმროებში წანწალს არ მირჩევნია ერთი მდიდარი საყვარელი მყავდეს?
ლუკა: – მერე? ერთი გეყოფა?
მეგი: -მეყოფა, თან ფილმებში და სერიალებშიც გადამიღებენ და იქ ეხლა ვინმე რეჟისორი და მსახიობიც თუ მომეწონა, იმასაც ხომ არ ვეტყვი უარს და ვიქნები რა ეგრე ჩემთვის პატიოსნად.
მათთან მიდის დიტო
დიტო: – მეგი ხო
მეგი: – დიახ მეგი.
დიტო: – მსახიობი.
მეგი: – დიახ.
დიტო: – გამახსენდა სად გნახე?
მეგი: – სად?
დიტო: – “ჰოლიდეი ინში”, ერთ ჩემს ებრაელ სტუმართან ერთად იყავი.
მეგი: – ჰოო? არ მახსოვს, შეიძლება.
დიტო: – რაო, რას ვკითხულობო?.
მეგი: – ჯულიეტას მონოლოგს
დიტო: – ჯულიეტას? შედი ჩემს ოთახში ჯულიეტა, შემოვალ და იქ წამიკითხე.
მეგი: – დიდი სიამოვნებით. (გადის)
დიტო: – შენ ხომ არ გიტყდება?
ლუკა: – მეე? არა, ერთი მაგის ბანძი დედაც…
დიტო: – დაკა ხელი, ჯიგარი ხარ.
ნინი და ნატა
ნინი: – (ნატას) წამოწექით დაისვენეთ.
ნატა: – მალე აჩენ ბავშვს?
ნინი: – ჯერ არა.
ნატა: – თვლაც არ იცი?
ნინი: – ექიმამდე ჯერ ვერ მივაღწიე, თურქეთიდან მოვდივართ
ნატა: – თურქეთიდან? იქ რა გინდოდათ?
ნინი: – მე და ოთო თურქეთში ვმუშაობთ ორი წელია, მე ერთ მოხუც ქალს ვუვლი, ოთო კი… არაფერს, ხან რას აკეთებს და ხან რას, მოკლედ მარტო მე ვმუშაობდი, როცა გავიგეთ ამ კონკურსის შესახებ, დავაჯექით ავტობუსს, ოთხი დღე მოვდიოდით, ავტობუსიდან პირდაპირ აქ მოვედით, სტუდიასთან გვეძინა, აქვე პატარა პარკია და სკამზე გვეძინა, თბილისში არავინ გვყავს, რომ ღამე გაგვეთია, სასტუმროს ფული კი არ გვქონდა, თან მაგრად გვშიოდა, ერთი სული გვქონდა დაწყებულიყო ეს შოუ, რომ აქ გვეჭამა.
ნატა: – ბინა არ გაქვთ?
ნინი: – არა.
ნატა: – არსად?
ნინი: – არსად.
ნატა: – ქმარიც უმუშევარია?
ნინი: – ხო, რაღაც ვერ ააწყო საქმები, რამდენ რამესაც ხელი მოჰკიდა, არაფერი გამოუვიდა…
ნატა: – მოკლედ შენს კისერზეა.
ნინი: – ეგრე გამოდის..
ნატა: – შენ აჭმევ და შენ ასმევ
ნინი: – ამ ეტაპზე ხო, გამოუჩნდება რამე…
ნატა: – აქედან რომ გახვალ ისევ თურქთში წახვალთ?.
ნინი: – არა, რას ამბობ, აღარ მინდა, იქიდან ძლივს წამოვედი. საშინელებაა იქ. კაპიკებს გიხდიან და ვირივით გამუშავებენ.
ნატა: – აბა რას იზამ?
ნინი: – გავიმარჯვებ და ბინას ვიყიდი.
ნატა: – რა იცი, რომ გაიმარჯვებ?
ნინი: – ვიცი.
ნატა: – და რომ ვერ გაიმარჯვო?
ნინი: – გავიმარჯვებ.
ნატა: – რა იდიოტიზმია.
ნინი: – რა თქვი?
ნატა: – არაფერი, რატომ აჩენ ბავშვს თუ გაჭირვებული ხარ და არ შეგიძლია მისი გაზრდა.
ნინი: – შვილი მინდა. არ შეიძლება ბავშვის არ გაჩენა მხოლოდ იმიტომ რომ ფული არა გაქვს, მე შვილი მინდა, გავაჩენ და მერე რამენაირად გავზრდი.
ნატა: – რამენაირად. რა ნაცნობი სიტყვაა, მთელი ცხოვრება ეგ სიტყვა მესმის. რომ იმ ბავშვმაც გაჭირვებით იცხოვროს? დედაჩემიც ეგრე ფიქრობდა, შენსავით, “რამენაირად”! მთელი ცხოვრება ეგ მესმის და ამიტომ მთელი ცხოვრება მშია, მთელი ცხოვრება მიჭირს.
ნინი: – რა? ჯობდა არ გაეჩინე დედაშენს?
ნატა: – ჯობდა, ჩემთვისაც და მისთვისაც.
ბაბუ, რობი და ოთო.
ბაბუ: – (რობის) როგორ დაგიყოლია?
რობი: – რა ვიცი,საქმე მაინც არ მქონდა და..
ბაბუ: – ეგრე ვერ გაიმარჯვებ, რომ გაიმარჯვო, უნდა გინდოდეს გამარჯვება.
რობი: – მინდა რატომაც არ მინდა. 50 000 ით ბევრ რამეს გავაკეთებ. წიგნს გამოვცემ, ჩემს წიგნს.
ბაბუ: – მწერალი ხარ?
რობი: – პოეტი
ბაბუ: – რაზე წერ ლექსებს?
რობი: – ყველაფერზე, ადამიანებზე, ჩემზე, ნატაზე, ნინიზე, მეგიზე, ყველაზე.
ბაბუ: – საინტერესოა, ჩემზეც?
რობი: -ხო რატომაც არა, როცა ამ ხნის კაცი აქ ღებულობს მონაწილეობას, , ესეიგი რაღაც დიდი მიზეზი აქვს არა? . განა საინტერესო არაა?
ბაბუ: – ხო, მიზეზი ძალიან დიდი მაქვს, ოღონდ არ გეტყვი, კარგი? საიდუმლოა.
რობი: – არ მეტყვით რისთვის გინდათ 50 000?
ბაბუ: – არა, 50- არ მყოფნის. მე და ელენეს 100 000 გვინდა. რაღაც საქმისთვის. დიდი საქმისთვის, ძალიან გვინდა… ეს ბოლო შანსია, რომ ვიშოვნოთ ეს ფული.
რობი: – ელენე თქვენი…
ბაბუ: – მეგობრის შვილია, მე და მამამისი ძმაკაცები ვიყავით, იქ, ომში მან გადამარჩინა. ყუმბარა, რომ აფეთქდა, გადამეფარა…
რობი: – თვითონ?
ბაბუ: – თვითონ იქ დარჩა.
მოდის ოთო
ოთო: – შენა, რა უნდა იმ შენს ნატას ჩემი ცოლისგან? რა მაგის საქმეა?
რობი: – რა? ვერ გავიგე?
ოთო: – გაუჭირა საქმე ნინის, იდიოტი ხარ ბავშვს, რომ აჩენო. წადი აბორტი გაიკეთეო.
რობი: – არ ვიცი, რა გითხრა აბა? ისე მართლა რა მაგის საქმეა.
ოთო: – უთხარი თავი განებოს ჩემს ცოლს, თორემ მივასიკვდილებ.
რობი: – ვეტყვი, თუ დამიჯერებს.
ოთო: – წამოდი მოვწიოთ, იქ უფასო სიგარეტია.
რობი: – არ ვეწევი, მაგრამ წამოგყვები, გინდა ლექსი წაგიკითხო?
ოთო: – რა პონტში უნდა წამიკითხო?
მეგი და ლუკა
ლუკა: – მუხლები დასვრილი გაქვს.
მეგი: – ჰოო?
ლუკა: – ეტყობა ლოცულობდი.
მეგი: – ის ებრაელი ჯიგარი ყოფილა, არაფერი უთქვია ფულზე. ან ამას არ უკითხია.
ლუკა: – როგორ დაიწყე ეს ყველაფერი?
მეგი: – რა ვიცი, შემთხვევით, ფული ვთხოვე ერთს და იმან მითხრა მოგცემ თუ …მოკლედ ხომ გესმის?, მანამდე ერთი სირი მყავდა და მიმატოვა, მოკლედ ქალიშვილი აღარ ვიყავი, ამიტომ ვიფიქრე ჯანდაბას მაგის თავიო და …, მერე ფული კიდევ რომ დამჭირდა ისევ დავურეკე, რამდენჯერაც მივდიოდი მასთან იმდენჯერ ფულს მაძლევდა, მერე “რედისონში” ვიჯექი ვერანდაზე, კაფეში და ვიღაც უცხოელი დამებაზრა, იდიოტი იყო ვიღაცა, მე მართლა მომეწონა და იმიტომ ვუღიმოდი, იმან კი ჩათვალა რომ პუტანა ვიყავი, ნომერში დამპატიჟა და მერე ფული გადამიხადა, იცი, მაშინ კი გავსკდი ტირილით. ტაქსს მოვყავდი სახლში და ვბღაოდი… გაგიჟდა ტაქსის მძღოლი, გოგონა რა დაგემართათო, არაფერი თქო, ხომ არ ვეტყოდი მივხვდი, რომ ბოზი ვარ თქო. მერე წავიდა და წავიდა.
ლუკა: – ისე როგორ არ გეშინია, მაინც მსახიობი ხარ, ხომ შეიძლება ვიღაცამ გიცნოს?.
მეგი: – არა, მე ხომ მარტო უცხოელებთან დავდივარ.
ლუკა: – მოიცა, ქართველებთან არ დადიხარ?
მეგი: – არა გაგიჟდი, ფულზე მარტო უცხოელებთან დავდივარ, ქართველებს ფულს არ ვართმევ.
დიტო: შეხედეთ ჩვენს მოცეკვავეებს, შეხედეთ ამ უმაგრეს წყვილებს, ისინი ყველაზე მაგარი შოუს მონაწილენი არიან და უმტკიცებენ მთელ სამყაროს, რომ ცოცხლები არიან, რომ მათ ვერავინ მოერევა.ისინი ცეკვავენ და ამით ომზე, პრობლემებზე და გაჭირვებაზე უფრო მაღლა დგანან. შოუ გრძელდება. ტაში, ჩვენს გმირებს.
ნატა, რობი, მერე ნინი და ოთო
ნატა: – ღმერთო, ამ საათის ისრები არც კი მოძრაობენ.
მოდის ოთო
ოთო: – უთხარი რომ ჩემს ცოლს თავი გაანებოს?
ნატა: – აუ რობი, ეს ტიპი ორანგუტანს არ ჰგავს?
ნინი: – ოთო გთხოვ თავი გაანებე.
ოთო: – გააფრთხილე თავი გაანებე თქო?
ნატა: – გამაფრთხილა გამაფრთხილა.
ოთო: – ძალიან კარგი, ნი ცოტა დაგეყრდნობი, რა, ფეხი დამიბუჟდა ამხელა კაცს.
ნინი: – ფეხი დაჰკარი იატაკს, გაგივლის.
ნატა: – დაეყრდნობი? ამ ვირიშვილს უყურე რა, დაეყრდნობა, ცოლს აპახავებს? არც გეცოდება ხო? მთელი ცხოვრება მაგან უნდა გათრიოს,? ის არ გყოფნის რომ მის კისერზე ზიხარ და ისე ცხოვრობ და აქაც ამ ორსულ ქალს უნდა ჩამოეკიდო?
ოთო: – ენა ჩაიგდე თორემ თავს გაგიტეხავ შე უბედურო.
ნატა: – მიდი მერე გამიტეხე, რაღას უცდი, მიდი, მიმასიკვდილე, რა მნიშვნელობა აქვს შენ მომკლავ თუ აქ დავეცემი? ოდესმე ხომ მაინც უნდა დავეცე და რაც უფრო ადრე იქნება მით უკეთესი.
რობი: – ნატა, დაწყნარდი.
ნინი: – ოთო ჩემს თავს გაფიცებ წამოდი.
ნატა: – ხო, წაიყვანე, აჭამე, მერე გამობანე კიდეც მაგის პარაზიტი დედაც…
დიტო: – ეე, შეწყვიტეთ ეხლავე, მაყურებელს არ უყვარს ასეთი სცენები.
ნატა: – მაყურებელს? სად ხედავ შენ მაყურებელს? (ნინის) რას მიყურებ, წადი წაიყვანე შენი ქმარი, მოუარე, არ გაგიცივდეს, ეგ უთავმოყვარეო ეგა, ვერ ხედავ როგორ გიყენებს? რას მიყურებ? წადი ახალი პერანგი უყიდე ეგ დაესვარა, აბა დაფიქრდი, რამე უყიდია შენთვის? რამე? სულ შენ ყიდულობ მისთვის ხო, თვითონ იკლებ და მისთვის ყიდულობ, იცი მერე, შენზე შეძლებულ ვინმეს შეხვდება თუ არა სიამოვნებით გაგცვლის, იმიტომ რომ მაგას შენც ფეხებზე ჰკიდიხარ და ეგ ბავშვიც, მიდით გააფსი აქედან.
ოთოს უნდა გაარტყას ნატას
რობი: – არა
დიტო: – რა ხდება? ხომ არ გაგიჟდით? გაგყრით აქედან.
რობი: – არაფერი, არაფერი.
ნინი: – არაფერი, ხუმრობენ ბიჭები. ხომ ხუმრობთ ოთო? აბა დაუქნიე ხელი მაყურებელს.
ოთო: – კი ვხუმრობთ, ვხუმრობთ, ჰაიიიიი
დიტო: – შევცვალოთ მუსიკა, – ბატონებო და ქალბატონებო! როკენ როლი!
ოთო: – ორივეს მიგასიკვდილებთ იცოდეთ.
ნატა და რობი
ნატა: – ვერ ვიტან იმ კაცებს ქალების ხარჯზე, რომ ცხოვრობენ, მეზიზღებიან, ცოლებს დილიდან საღამომდე ამუშავებენ და თვითონ კი უსაქმურები ქუჩაში დაიარებიან, ცოლის ხელფასის დღეს მოუთმენლად ელიან, რომ ის კაპიკები, რომელსაც მათი ცოლი ვირულ სამუშაოში იღებს გამოართვან თავის ცოლს და მოიხმარონ, მაგათ კაცობა მარტო ის ჰგონიათ, ღამე ცოლს რომ საწოლში დაახტებიან და რამეს იზამენ, ფუ, პირუტყვები. თან, რომ კითხო უყვართ ცოლები. შენ რატომ გაიქაჩე, ხომ შეეძლო ამ ორანგუტანს ეს პოეტი კაცი მართლა მოეკალი?.
რობი: – ხო შეეძლო.
ნატა: – მერე? რას მიცავდი?
რობი: – რა ვიცი, შენ ხომ ჩემი პარტნიორი ხარ.
ნატა: – რა ცუდი სიტყვაა პარტნიორი, სულ მგონია, რომ მე და შენ სექსი გვაქვს. თუ გავიმარჯვეთ გვექნება სექსი?
რობი: – “თუ” არ გამაგონო, აი ვეტერანმა მითხრა, რომ გაიმარჯვო უნდა გჯეროდეს გამარჯვებისო.
ნატა: – ნეტა მაგას, მაგას მართლა სჯერა, ერთადერთი რისიც ეხლა მჯერა ისაა, რომ მალე ამომხდება სული და დავისვენებ.
ნინი და ოთო
ოთო: – მართლა სიამოვნებით გავუტეხავდი თავს მაგ იდიოტკას, რა მაგის საქმეა?, არ გადამიყვანა ჭკუიდან ამხელა კაცი.
ნინი: – რამხელა?
ოთო: – რა რამხელა?
ნინი: – ეხლა არა სთქვი ჭკუიდან გადამიყვანა ამხელა კაციო და გეკითხები რამხელა?
ოთო: – მაშაყირებ?
ნინი: – არა, მართლა, სულ მაინტერესებს რამხელა ხარ?
ოთო: – რას იქნევ ხელებს?, ნელა გოგო, რად გინდა? რას იხარჯები?
ნინი: – მინდა, ცეკვის ხასიათზე ვარ.
ოთო: – კიდე ცეკვა გინდა, გაგიჟდი?
ნინი: – გავგიჟდი.
ოთო: – რა გიხარია?
ნინი: – მიხარია.
ოთო: – რა?
ნინი: – არ გეტყვი, მთავარია რომ მიხარია, ოთო, იცი თასმა ისევ გაგეხსნა.
ოთო: – ჰოო? შემიკარი მერე.
ნინი: – გინდა შეიკარი და გინდა ნუ შეიკრავ.
ოთო: – გარეკე?
ნინი: – გავრეკე, დიდი ხნის წინ უნდა გამერეკა, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
მეგი და ლუკა
მეგი: – აუ ლუკა ძალიან დავიღალე უკვე
ლუკა: – მეც, მაგრამ უნდა გავძლოთ, კამერა გვიახლოვდება გაიღიმე. არავინ გყვარებია?
მეგი: – მე? არა, ვიღაცეები სულ, მაგრამ სიყვარულით არავინ.შენ?
ლუკა: – მე? ბავშვობაში კი, მას მერე არა.
მეგი: – ბავშვობაში? მე ვიცნობ?
ლუკა: – არა, ის სხვა სკოლაში სწავლობდა.
მეგი: – მერე? მომიყევი.
ლუკა: – რა უნდა მოგიყვე, არც არაფერია მოსაყოლი, მიყვარდა, ის ზედაც არ მიყურებდა, ყველა მასში იყო შეყვარებული, მე ვერც კი ვბედავდი თქმას, რომ მიყვარს.
მეგი: – რატომ?
ლუკა: – რა ვიცი აბა, ის ლამაზი იყო, მე კიდევ რას ვგავდი, უბრალოდ ვემეგობრებოდი , კინოში დავდიოდით ხოლმე…
მეგი: – მოიცა მოიცა და მე როგორ არ ვიცნობ?, ჩვენც ხომ დავდიოდით ერთად კინოში.
ლუკა: – რა ვიცი, არ გაგაცანი, ვმალავდი. მერე სკოლა, რომ დავამთავრეთ იმან სხვაგან ჩააბარა მე სხვაგან, მოკლედ დავცილდით რა.
მეგი: – ეგრეც ვერ აუხსენი სიყვარული?
ლუკა: – ვერა.
მეგი: – მერე აღარ გინახავს?
ლუკა: – ვნახე ერთხელ…ბათუმში.
მეგი: – მერე? აგიჩქროლდა გული?
ლუკა: – ხო, ძალიან, რომ დავინახე კინაღამ გული გამისკდა ისე ავღელდი.
მეგი: – დაელაპარაკე?
ლუკა: – ხო, ისე რა , როგორა ხარ, კარგად. სულ ეგ იყო.
მეგი: – მერე აღარ გინახავს?
ლუკა: – არა, იმას თავის ცხოვრება აქვს, მე ჩემი, დრო გავიდა.
მეგი: – აუ ლუკა აზრზე ხარ, ხო დაგინახავს ალბათ ამ შოუში და აქ რომ მოვიდეს და გითხრას: ლუკა, მთელი ცხოვრება შენ მიყვარდიო.
დიტო: საჭმელი, უფასო საჭმელი. არ გინდათ ჭამა? მაშინ დაისვენეთ.
ბაბუ და ელენე
ელენე: – მომიყევი კიდევ მამაზე.
ბაბუ: – მეტი რა მოგიყვე? ყველაფერი მოყოლილი მაქვს თანაც მილიონჯერ.
ელენე: – შენ მაინც მომიყევი, მეტი რა საქმე გვაქვს, მიყვარს როცა მიყვები მამაზე და დედაზე.
ბაბუ: – დედაშენიც ხომ სულ გიყვებოდა?
ელენე: – ხო, სულ მიყვებოდა, მაგრამ მასაც სულ ვაყოლებდი და ვაყოლებდი, კარგად ყვებოდა.
ბაბუ: – რას ყვებოდა? მომიყევი.
ელენე: – ეხლა მე გინდა მომაყოლო?
ბაბუ: – რატომაც არა, თვითონ არ სთქვი მეტი რა საქმე გვაქვსო?
ელენე: – იმას მოგიყვები, დედამ და მამამ როგორ გაიცნეს ერთმანეთი.
ბაბუ: – ქუთაისში, რესტორანში..
ელენე: – ჰო.
ბაბუ: – მეც იქ ვიყავი.
ელენე: – ვიცი, მაცადე.
ბაბუ: – მიდი.
ელენე: – რაღაც ბანკეტი იყო რესტორანში, მამა როგორც კი შევიდა რესტორანში…
ბაბუ: – კონცერტის შემდეგ , ბანკეტი იყო.. ერთად შევედით რესტორანში…
ელენე: – ვიცი, მაცადე… დედა სუფრასთან იდგა და ვიღაცას ელაპარაკებოდა. მამამ დაინახა თუ არა დედა, ეგრევე გამოშტერდა, კარებში გაჩერდა, პირი დააღო და ასე პირდაღებული მიაჩერდა დედას და თვალს ვეღარ წყვეტდა…
ბაბუ: – ზუსტად ეგრე იყო, მე ვეუბნებოდი, ბიჭო ნუ უყურებ ეგრე, სირცხვილია, ვიღაცის ცოლი არ იყოს არ გვცემონო, მაგრამ ვერაფერი შევაგნებინე, იდგა ასე პირღია და უყურებდა. ..
ელენე: – …მერე დედამაც გამოხედა და ეხლა ისიც გაშტერდა. იდგნენ თურმე და უყურებდნენ ერთმანეთს….
ბაბუ: – ყველამ შეამჩნია, არ შეიძლებოდა არ შეემჩნიათ, ვიღაცეებს გაეცინათ და იხუმრეს კიდეც, მერე ატყდა“აბა დავსხდეთ, დავსხდეთო” და ყველანი მაგიდებისკენ წავიდნენ…
ელენე: – ….მამაჩემი პირდაპირ დედაჩემთან მივიდა, ხელი მოკიდა, დასვა და თვითონაც მის გვერდით დაჯდა…
ბაბუ: -…ხო, მთელი საღამო ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვიათ… თვალები უბრწყინავდათ, იმ საღამოს მათ არც საჭმელი უჭამიათ, არც სასმელი დაულევიათ… უყურებდნენ ერთმანეთს და ლაპარაკობდნენ გაუთავებლად…
ელენე: – …საღამო, რომ დამთავრდა და ადგნენ, მამამ დედა სახლამდე მიაცლია და სადარბაზოსთან ხელი თხოვა და დედაც ეგრევე დათანხმდა.
ბაბუ: – ….ზუსტად ეგრე იყო, მე ქუჩის გადაღმა ვუცდიდი..
ელენე: – რა მაგარია არა? ვინმეს რომ მოუყვე არ დაიჯერებს, ზღაპარს გავს.
ბაბუ: – ჰო. არადა ეს სინამდვილეში მოხდა.
ელენე: – ქორწილიც ერთ კვირაში ჰქონდათ.
ბაბუ: – 9 დღეში, მე მეჯვარე ვიყავი.
ელენე: – ყველაფერი რა სწრაფად მოხდა არა?
ბაბუ: – ხო, ეტყობა გრძნობდნენ, რომ ცოტა დრო ჰქონდათ დარჩენილი.
დიტო და მარათონის ორგანიზატორები რაღაცას ხაზავენ სცენაზე.
ბაბუ: – ოჰო.
ელენე: – რა იყო?
ბაბუ: – არაფერი, არაფერი დაწყნარდი. მაინც გავიმარჯვებთ.
ნინი: – რა არის ეს? რას აკეთებენ?
ოთო: – გული მიგრძნობს არაფერ კარგს.
მეგი: – ღმერთო, რა მოიგონეს?
ლუკა: – მე მგონი საბოლოოდ დაგვერხა. დერბი იწყება.
რობი: – დერბი? დერბი რა ოხრობაა?
ლუკა: – კონტრაქტში ეწერა, ყველამ უნდა ვირბინოთ, გასწრებაზე..
რობი: – რაა?
ოთო: – აუ რა უნდა ვირბინოთ, ფეხზე ძლივს ვდგევარ, არ შემიძლია, ნი, მე ეტყობა ვეღარ შევძლებ.
ნინი: – შეძლებ ჩემო სიცოცხლევ, შეძლებ.
ოთო: – შენ თუ გინდა შეძელი მე ვერ შევძლებ
მეგი: – არა ლუკა, მე წავედი, აღარც ეგეთი ფული მინდა და აღარც ეგეთი კაცი, მაგას ისევ “რედისონში” დაბრუნება მირჩევნია.
ლუკა: – არა ჩემო კარგო, თამაშიდან ასე ადვილად ვეღარ გამოხვალ, მარტო იმ შემთხვევაში გამოხვალ თუ დაეცემი.
მეგი: – ეხლავე დავეცემი რა პრობლემაა?
რობი: – მეტყვით ვინმე რა უბედურებაა? რა უნდა გავაკეთოთ?
ლუკა: – წრეზე უნდა ვირბინოთ, გასწრებაზე. ბოლო წყვილი ვარდება. გვარბენინებენ, როგორც ცხენებს იპოდრომზე, ვირბენთ მანამდის სანამ ვინმეს ქანცი არ გაუწყდება და არ დაეცემა.
რობი: – ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს.
ლუკა: – ახალი ლექსია?
რობი: – არა, უბრალოდ რაღაც გამახსენდა
სირენა
დიტო: – ძვირფასო მეგობრებო. მივცეთ დასვენების საშუალება ჩვენს გმირებს, ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს დერბი იწყება და მათ მოუწევთ ძალიან დიდი ძალისხმევა. შესვენება 15 წუთი. აპლოდისმენტები ჩვენს გმირებს.
პირველი მოქმედების დასასრული.
მეორე მოქმედება
ყველა ემზადება დერბისათვის
ბაბუ და ელენე
ბაბუ: – ნუ გეშინია, შტურმის დროს მთავარია არ გეშინოდეს, წარმოიდგინე, რომ ომში ხარ და შეტევაზე გადადიხარ.
ელენე: – ხო, ბაბუ, ხო.
ბაბუ: – მამაშენზე იფიქრე და არ გაგიჭირდება.
ელენე: – არ მიჭირს ბაბუ, გავძლებ…
ბაბუ: -გაძლებ აბა არ გაძლებ, შენ ხომ მაგარი გოგო ხარ, მაგარი.
ნინი და ოთო
ნინი: – ქამარზე გეჭიროს ხელი, თუ დავარდი მე მოგეხმარები.
ოთო: – მე რას მომეხმარები, მთავარია შენ არ დავარდე.
ნინი: – მე არ დავარდები.
დიტო
დიტო: – ეხლა კარგად მომისმინეთ, დღეიდან ჩვენი შოუ რთულდება, დღეიდან ყოველ საღამოს უკვე ვიღაც ვიღაცეებს აუცილებლად მოუწევთ ჩვენი დატოვება, დერბის წესები მარტივია, ბოლო წყვილი ღებულობს დისკვალიფიკაციას და ვარდება მარათონიდან.ბატონებო და ქალბატონებო – დერბი! თამაში სადაც მონაწილეებმა არ უნდა იფიქრონ პირველობაზე, მთავარია არ წააგო. 10 წუთის მანძილზე ისინი ირბენენ ამ წრეზე, გაიმარჯვებს ყველა, ბოლო სამი წყვილის გარდა.
მეგი და ლუკა
მეგი: – ლუკა მე ვერ გადავიტან ლუკა.
ლუკა: – გადაიტან სხვა რა გზა გაქვს.
მეგი: – ლუკა არ გეცოდები?
ლუკა: – არა, არ მეცოდები, გაუძლებ, იმისთანებს გაუძელი, ეს რა არის იმათთან შედარებით.
დიტო: – ერთი
მეგი: – ლუკა, ვერ გავძლებ.
ლუკა: – ეგეთებისთვის გაგიძლია? გაიხსენე როგორ გჟიმავდნენ “რედისონში” აზერები..
მეგი: – ნუ მახსენებ.
დიტო: – ორი…
ლუკა: – გაიხსენე როგორ იწექი საძინებელში და როგორ გჟიმავდნენ სათითაოდ…
მეგი: – ნუ მახსენებ გეხვეწები…
დიტო: – ყველამ დაიკავეთ ადგილები და მოემზადეთ…..
ლუკა: – გაიხსენე ყველაფერი, როგორ ქშინავდნენ, როგორ გლოშნიდნენ, როგორ გიყურებდნენ მეორე ოთახიდან თავისი ჯერის მოლოდინში, როგორ გატენიდნენ თავის ბინძურ სირს..
მეგი: – აააააააა
ლუკა: – ლუკა ვარ მე მიქელაძე, ლუკა.
დიტო: – სამი!
გასროლა, დერბი. მონაწილენი მიჰქრიან.
რობი და ნატა
რობი: – ძალიან ვჩქარობთ?
ნატა: – ხოოოოოო, ჩვენს უკან ბევრი ხალხია.
რობი: – მოიცა სახეს მოგწმენდ
ნატა: – მადლობა. კარგი ბიჭი ხარ შენ იცი რობი.? წამიკითხე რამე შენი ლექსებიდან
რობი: – მაგარი დრო იპოვნე ლექსისთვის.
ნატა: – სხვა დრო ხომ შეიძლება აღარ მქონდეს.
რობი: – რათა ვითომ?
ნატა: – ხომ შეიძლება ყოველ წამს დავეცე და მოვკვდე.
რობი: – შენ რა მოგკლავს.. მერე წაგიკითხავ.
ოთო და ნინი
ოთო: – როგორ ხარ?
ნინი: – ყველაზე მაგრად.
ოთო: – მე ცუდად.
ნინი: – არა უშავს, გაუძლებ.
ოთო: – იქნებ გავჩერდეთ, ბავშვისთვის ასეთი დატვირთვა შეიძლება?
ნინი: – ეხლა გაგახსენდა ბავშვი? გამოადგი ფეხი
ოთო: – იქნებ გამოვეთიშოთ ბრძოლას?
ნინი: – გამოგთიშავ მე შენ, არ გაჩერდე.
მეგი და ლუკა
მეგი: – შენ გგონია მე მიხაროდა იმ ნაგვებთან წოლა? იცი როგორ მეშინოდა, ყოველი კლიენტი სტრესი იყო, ნერვიული მოშლილობა დამემართა, სულ რაღაც წამლებს ვსვამდი, თმის ცვენაც კი დამეწყო მაგ ნიადაგზე, იცი რა საშინელ სიზმრებს ვნახულობდი?..რატომ არაფერს მეუბნები?
ლუკა: – რა გითხრა? ტაში დაგიკრა?
მეგი: – არაფერი, მითხარი, რომ გესმის ჩემი?
ლუკა: – მესმის შე კრეტინო, მე თუ არ მესმის აბა ვის ესმის? შენ არ გესმის ჩემი, არც არასოდეს გესმოდა, ყოველთვის ყრუ იყავი.
ელენე და ბაბუ
ელენე: – ხომ არ გიჭირს ბაბუ?
ბაბუ: – არაა, მაგარი ვარ, მაგარი.შენ?
ელენე: – მეც ბაბუ, მამაზე ვფიქრობ, ხო ყველაზე მაგარი მამა იყო ბაბუ?
ბაბუ: – ეგეთი ბიჭი არ დადიოდა ამ ქალაქში. როგორ გადამეფარა? რომ არ გადამფარებოდა, ხომ შეიძლება ის ეხლა ცოცხალი ყოფილიყო და მე კი იქ ვწოლილიყავი მის მაგივრად.
ელენე: – ხომ გადმოვასვენებთ ბაბუ მამას?
ბაბუ: – აუცილებლად ბაბუ, აუცილებლად, ერთი წამით არ შეგეპაროს ეჭვი, გადმოვასვენებთ და დედაშენის გვერდით დავკრძალავთ. ხომ დავპირდით დედაშენს, ხოდა გადმოვასვენებთ, ყველა ჩვენს ახლობელს დავუძახებთ და დავიტირებთ წესიერად.იცი რა ბიჭი იყო ბაბუ, იცი რა ბიჭი იყო?!
რობი და ნატა
რობი: – ააააა
ნატა: – რა გჭირს?
რობი: – ფეხი დამიბუჟდა, ვერ ვგრძნობ.
ნატა: – იატაკს დაარტყი, მაგრად დაარტყი.
რობი: – არ გამომდის, ფეხს ვერ ვგრძნობ.
ნატა: – ჩამომეკიდე, მაგრად მომკიდე ხელი.
რობი: – არ გინდა
ნატა: – მინდა, გაუძელი.
რობი: – გამიშვი ხელი, შენ გააგრძელე.
ნატა: – მერე შენისთანა პარტნიორს სად ვიპოვნი? ჩამომეკიდე და ცალი ფეხით ირბინე,
რობი: – ცოდო ხარ, გამიშვი.
ნატა: – ცოდო რომ დავიბადე მაშინ ვიყავი, ეხლა კი სანამ არ მოვკვდები არ გავჩერდები.
დიტო
დიტო: – შეხედეთ, 22 ნომრიან მამაკაცს ფეხი წაერთვა, მაგრამ ის არ ნებდება, უფრო სწორედ მისი პარტნიორი არ ნებდება და მიათრევს თან, შეხედეთ, რა არაჩვეულებრივი გოგონაა,მას ნატა ჰქვია, შეხედეთ როგორ ზრუნავს თავის პარტნიორზე, აპლოდისმენტები ამ გმირებს. მთავარია კიდევ 2 წუთი გაძლონ.
რობი
რობი: – აღარ შემიძლია გამიშვი.
ნატა: – მოითმინე, მოითმინე.
რობი: – ცოდო ხარ
ნატა: – არააააა, მერე რა ვთქვა პოეტი მივაგდეო? ხომ შეიძლება შენგან მეორე გალაქტიონი დადგეს.
რობი: – მაშაყირებ კიდეც?
ნატა: – შენ რატომ? მე საკუთარ თავს ვაშაყირებ
დიტო: – ერთი წუთი, ერთი წუთი დარჩა, შეხედეთ, ქალი მიათრევს კაცს, ასეთ რამეს ,მარტო ჩვენთან თუ ნახავ, ქალი სიმბოლო სილამაზის, სინაზის, ოჯახის, ქალი მიათრევს კაცს და გაათრია კიდეც, ტაში ბატონებო, ტაში.
რობი: – ექიმს დაუძახეთ, მე არ მჭირდება ნატას მიხედეთ.
დიტო – გონება დაკარგა, არა უშავს ცოცხალია, მალე მოვა გონს.
მეგი: – არც კი მჯერა, რომ გადავრჩი
ლუკა: – დაწექი, 20 წუთში ცეკვები განახლდება.
მეგი: – მართლა? ეხლა მთავარია ავდგე, ამ დერბის შემდეგ ცეკვა არაფერი მგონია.
დიტო: ყურადღება, პირდაპირი ჩართვა გვაქვს ეთერში.
რაზ, რაზ, ოკ, წავიდა. – 25 დღე, 25 დღეა რაც ეს გმირები ფეხზე დგანან და იბრძვიან, დიახ ეს ბრძოლაა, ნამდვილი ბრძოლა გადარჩენისათვის, 75 ი წყვილიდან სცენაზე 22 წყვილი დარჩა. 53 წყვილი უკვე გამოეთიშა ამ მარათონს, ეს 22 წყვილი კი ჯიუტად განაგრძობს ამ ბრძოლას, ისინი პირდაპირ ეთერში უმტკიცებენ მთელ სამყაროს, რომ ცოცხლები არიან, რომ მათ ძალუძთ ბრძოლა ბოლომდე, რომ ადამიანს, რომელსაც მიზანი აქვს, მას ვერაფერი ვერ მოერევა. შეხედეთ ბაბუს, ომის გმირს, ის დღეს ისევ ისე იბძვის, როგორც მაშინ, იმ ავბედით ომში, ის ამ სცენაზე ყოფნით ამტკიცებს, რომ იმ ომში მხოლოდ გმირები იბრძოდნენ. ბაბუ, როგორ ხარ?
ბაბუ: – მაგრად, როგორც იატაკში ჩარჭობილი ლურსმანი.
დიტო: – უძლებ ბაბუ?
ბაბუ: – რამე სხვა გზა თუ იცი არ დამიმალო.
დიტო: – ოცდამეხუთე დღეა ეს გმირები ფეხზე ძლივს დგანან, მაგრამ როგორც ხედავთ იუმორის გრძნობას არ კარგავენ. პატარა, შენ როგორ ხარ?
ელენე: – თავი გამანებე რა.
დიტო: – ოოო, პატარა დაიღალა. აბა ეხლა სხვა მონაწილეებთან გადავიდეთ. სცენისა და ეკრანის ამომავალი ვარსკვლავი, მეგი. ალბათ ბევრმა რეჟისორმა და პროდიუსერმა დაიმახსოვრა ეს მომხიბვლელი გოგონა და შოუს დამთავრების შემდეგ ბევრ საინტერესო წინადადებებს მიიღებს. მეგი, რას ეტყვი შენს მაყურებელს?
მეგი: – აუ ნუ მიღებთ რა.
დიტო: – ჰა,ჰა, ქალი მაინც ქალად რჩება ბოლომდე, არ უნდა დაანახოს დაღლილი სახე, მაშინ მეგის პარტნიორმა გვითხრას რამე, დაიმახსოვრეთ მისი სახელი და გვარი ლუკა მიქელაძე, მომავალი პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელსაც უნდა შეცვალოს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება. ლუკა, რას გვეტყვი?
ლუკა: – არაფერს.
დიტო: – სულ არაფერს?
ლუკა: – სულ არაფერს.
დიტო: – დღეს ჩვენი გმირები აშკარად დაღლილები არიან, რაც იმის მომასწავებელი ხდება, რომ ჩვენი მარათონი ნელ ნელა დასარულს უახლოვდება. აბა ჩვენი გმირი დედა გვეტყვის რამეს?
ნინი: – გეტყვით, სიამოვნებით. ქალებო, შვილები აჩინეთ, ამაზე უკეთეს ჩვენ ვერაფერს ვიზამთ.
დიტო: – აი ჭეშმარიტი დედის პასუხი. მატყობინებენ, რომ პირდაპირი ჩართვა მთავრდება, ძვირფასო მაყურებლებო ჩვენ შემდეგ ჩართვამდე გემშვიდობებით, მაგრამ აქ, ამ დარბაზში ჩვენი შოუ გრძელდება…. თქვენ შიგ ხომ არა გაქვთ, პირდაპირი ჩართვის დროს მაინც გაიღიმეთ ხოლმე.
ნატა
ნატა: – ნეტა ჩემთან მოსულიყო, სულ მინდა პირდაპირ ეთერში მოხვედრა.
რობი: – რას იტყოდი?
ნატა: – ვიტყოდი, რომ ჩვენი ტელევიზია არის ყველაზე დიდი უზნეობა, რომ მას მხოლოდ საზიზღრობების ჩვენება უხარია..
რობი: – გამოგრთავდნენ და აქედანაც გაგაგდებდნენ.
ნატა: – მე ხომ ვიტყოდი და.. – ეს ჯოჯოხეთი არ დამთავრდება?
რობი: – ჯერ დიდხანს არ დამთავრდება
ნატა: – მე კი მინდა, რომ მალე დამთავრდეს და ღმერთმა თან წამიყვანოს
რობი: – ოდესმე ღმერთი მართლა მოისმენს შენს თხოვნას და წაგიყვანს თან
ნატა: – ძალა არ მყოფნის თორემ მივეხმარებოდი ჩემს ჩქარა წაყვანაში
მეგი და ლუკა
მეგი: – რად გინდა ეს პოლიტიკოსობა?
ლუკა: – აღარაფერი აღარ მინდა.
მეგი: – ვიცნობ რამოდენიმე პოლიტიკოსს
ლუკა: – ისევ შენს კლიენტებზე უნდა მელაპარაკო?
მეგი: – არა.. უბრალოდ გეტყვი, ყველა პოლიტიკოსი იმპოტენტია, საწოლში სულ სხვა რამეზე ფიქრობენ, სულ ინტრიგები აქვთ თავში, ქალები თვითონ კი არ უნდათ, ერთმანეთის დასანახავად მოყავთ, თორემ ისე არაფრის თავი არა აქვთ.
ბაბუ და ელენე
ელენე:- იქნებ კიდევ ვცადოთ რამე და ვინმესთან მივიდეთ.
ბაბუ: – ვისთან უნდა მივიდეთ?
ელენე: – არ ვიცი ვისთან, მთავრობაში, ეგ ხომ მაგათი საქმეცაა.
ბაბუ: – გჯერა შენ კიდევ ამათი? არა ბაბუ, სულ გავაფუჭებთ საქმეს, ვინ რისი გამკეთებელია, მარტო ხელს შეგვიშლიან, ჩვენ გასაკეთებელს მარტო ჩვენ თუ გავაკეთებთ.
ელენე: – ნუ აკანკალებ ნიკაპს.
ნინი და ოთო
ოთო: – აქ მაგრად შეიცვალე შენ ხო იცი, რაღაცნაირი უხეში გახდი, ადრე ეგეთი არ იყავი, რაღაც სულ მეპრიკაზები, მეუხეშები, ისე მიყურებ როგორც ლენინი ბურჟუაზიას, თვალში ხო არ გეპატარავები?, რო გაგარტყავ ხელ უკუღმა მაგ სიფათში, ხო არ დაგავიწყდა, როგორი გარტყმა ვიცი? ხომ არ დაგავიწყდა რომ შენი ქმარი ვარ?
ნინი: – მაგას რა დამავიწყებს.?
ოთო: – რა გატირებს? რა მოხდა? მოიცა გოგო მართლა კი არ გაგარტყამ
ნინი: – გამარტყი თუ გინდა, არაა პრობლემა, მე სხვა რამ მაწუხებს, ვცდილობ გავიხსენო და ვერ ვიხსენებ.
ოთო: – რას იხსენებ?
ნინი: – ყვავილი როდის მაჩუქე უკანასკნელად?
ოთო: – რა ყვავილი გოგო?
ნინი: – ჩვეულებრივი მინდვრის ყვავილი.
ოთო: – შენ ხომ არ გიყვარს ყვავილი?
ნინი: – ვინ გითხრა?
ოთო: – შენ.
ნინი: – მოვიგონე რომ არ მიყვარს, ხომ უნდა გამემართლებინა, რატომ არ მჩუქნი ყვავილს.
ლუკა და მეგი
ლუკა:- თუ მოვიგეთ ეს მარათონი, აიღებ შენს 50 000-ს და გაანებე თავი მაგ ყველაფერს, გათხოვდი, არ გიფიქრია ამაზე?
მეგი: – ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ მე როგორი ქმარიც მინდა ისეთი არ არსებობს და ვინც არსებობს ისეთი მე არ მინდა.ჩემს ცხოვრებაში ვინც კი კაცი შემხვედრია ან უსაქმური იყო, ან ნარკომანი, ან კრიმინალი, მეყოფა.
ლუკა: – იქნებ იყო მაინც ვინმე შენს გვერდით და ვერ დაინახე.
მეგი: – ნუ გამაცინე, ვინ? ან სად უნდა მენახა? «რედისონში»? თუ «ჰოლიდეი ინში»?
ლუკა: – სკოლაში.
მეგი: – საად?
ლუკა: – ხო რა იყო?
მეგი: – მოიცა.. ის გოგო, კინოში, რომ დადიოდი… ღმერთო რა იდიოტი ვარ. . . აქაც იმიტომ გამომყევი?
ლუკა: – ხო, მარტო ვერ დაგტოვე.
მეგი: – და შენ ისევ . . .
ლუკა: – ყოველთვის …
მეგი: – ასეთიც როგორიც ვარ?
ლუკა: – ასეთიც როგორიც ხარ.
ფატი და ყველა
ფატი:- შეწყვიტეთ ეხლავე.
დიტო: – რაშია საქმე?
ფატი: (დიტოს) – მოკლედ, როგორც მივხვდი თქვენ ხართ აქ მთავარი?
დიტო: – გისმენთ.
ფატი: – მე ვარ «მორწმუნე დედათა კავშირის» პრეზიდენტი.
დიტო: – როგორ დედათა?
ფატი: – მორწმუნე! მორწმუნე დედათა კავშირი! არ გსმენიათ?
დიტო: – გისმენთ.
ფატი: -მე მოვიტანე პეტიცია.
დიტო: – რა მოიტანეთ?
ფატი: – მორწმუნე დედათა კავშირი აღშფოთებულია თქვენი შოუთი, ჩვენ ვთვლით, რომ ეს შოუ ამორალურია და დამამცირებელი,ესაა ჩვენი ქვეყნის ჭირი, ჩვენ ვთვლით, რომ ის საზოგადოებაზე ახდენს დამღუპველ ზეგავლენას, ჩვენ ვთვლით, რომ უნდა სასწრაფოდ შეწყვიტოთ ეს შოუ, თუ თქვენ უარს განაცხადებთ, ჩვენ დავიწყებთ მთელი ქვეყნის მაშტაბით საპროტესტო გამოსვლებს. იცით რამდენი ვართ მორწმუნე დედათა კავშირში?
დიტო: – ალბათ ბევრი.
ფატი: – დიახ, ძალიან ბევრი, ამიტომ მოვითხოვთ შეწყვიტოთ ეს დამამცირებელი, საზიზღარი შოუ.თქვენს მარათონში ორსული ქალიც კი ღებულობს მონაწილეობას, ეს ამორალურიცაა და დანაშაულიც, თქვენ აიძულებთ ქალს, რომელიც ცოტა ხანში გახდება დედა, იცეკვოს, ირბინოს და რაც მთავარია ნახევრად შიშველი გამოდიოდეს ამხელა მუცლით.
დიტო: – კი მაგრამ ჩვენ ხომ არ ვაძალებთ, მისი გადასაწყვეტია სად გამოვა და რას იზამს.
ფატი: – მან არ იცის თვითონ რას უწყის. პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ და არა მას. ეხლავე უნდა დახუროთ შოუ.
ნინი: – ეი, ქალბატონო, ერთი ჩვენც გვკითხეთ რა, რა გინდათ, რომ ისევ ქუჩაში აღმოვჩნდეთ, სად უნდა წავიდე, სად? ამ მუცლით? სახლი მე არა მაქვს და კარი.
ფატი: – მე შენ საერთოდ არ გელაპარაკები. ჩვენ მოვედით აქ იმიტომ, რომ ჩვენი ვალია დავიცვათ მორალი, ჩვენ ზნეობის სადარაჯოზე ვდგავართ და ამიტომ დავიცავთ ამ ქვეყანას თქვენნაიარი ამორალური ხალხისაგან.
ნინი: – თქვენი სახელი?
ფატი: – ფატი.
ოთო: – ნინი დაწყნარდი.
ნინი: – რა დამაწყნარებს? 30 დღეა აქ ვდგავარ და ეხლა წავიდე? ქალბატონო ფატი, მე თქვენზე კარგად ვიცი, რომ ყველაფერი რაც აქ ხდება საზიზღრობაა, რომ ეს ყველაფერი ამორალურია და დანაშაულებრივი, მაგრამ უფრო უარესი არ ხდება გარეთ? მთელს ქვეყანაში? რითი განსხვავდება ჩვენი შოუ იმ შოუსაგან რაც მთელს ქვეყანაშია?, მხოლოდ იმით, რომ აქ მუსიკას უკრავენ და ვცეკვავთ! განა იქ უარესად არ გვხოცავენ? ყოველ წუთს, ყოველ წამს?, აქ გვაჭმევენ მაინცა როგორც პირუტყვებს, დაკვლის წინ და იქ? იქ? აქ ერთი შანსი მაინცაა და იქ კი შანსის გარეშე გვხოცავენ. მთელი ქვეყანა ერთი დიდი მარათონია სადაც მუსიკისა და ცეკვის გარეშე დაუნდობლად, სადისტურად გვხოცავენ. ეს შოუ ჩემთვის ერთადერთი შანსია, გესმით? ერთადერთი, რომ სადმე გადაკარგულში, ერთი პატარა ბინა მაინც ვიყიდო, რომ გავცილდე ჩემს ქმარს და შვილთან ერთად წყნარად ვიცხოვრო და ეს შანსიც გინდა წამართვათ? დავიღალე, აღარ შემიძლია.
ოთო: – რაა? მოიცა ვერ გავიგე? შენ გინდა, რომ გამცილდე?
ნინი: – ხო მინდა ოთო, ძალიან მინდა.
ფატი: – ხედავთ სადამდე მიიყვანა თქვენმა შოუმ ეს ხალხი?
ნატა: – რა თქვით რა მქვიაო?
ფატი: – დავუშვათ ფატი.
ნატა: – დავუშვათ ფატი, გააფსით რა. არ გაბედო არ გამეკარო, თორემ დაგილეწავ მაგ სიფათს.
ფატი: – (ჩუმად) ბოზო.
ნატა: – ხმა ამოიღე რას ჩურჩულებ, სიტყვის თქმისაც გეშინია? თქვი ხმამაღლა: ბოზო!
დიტო: – კარგით ქალბატონო, ნუ აქცევთ ყურადღებას, ჩვენ ვიმსჯელებთ თქვენს მოთხოვნებზე.
ფატი: – მოთხოვნა არის მარტო ერთი: ეს შოუ უნდა დაიხუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ საპროტესტო გამოსვლებს თქვენი ქვეყნის მაშტაბით. ამათ კი ნამდვილად არ ვაქცევ ყურადღებას, ამათი ადგილი კოლონიაშია.
ნატა: – იქ უკვე ვიყავი. სხვათაშორის ზედამხედველი გვყავდა – ძალიან გგავდა, ისიც ლესბიანკა იყო და შენსავით ქალები ევასებოდა.
ფატი გადის, ნატა ტირის.
დიტო: მარათონი გრძელდება…
ცეკვა
ნინი და ოთო
ოთო:- რა არ გავაკეთე ისე?, მოდი ვილაპარაკოთ..
ნინი: – არ მინდა
ოთო: – რატომ არ გინდა, ვილაპარაკოთ, განვიხილოთ…
ნინი: – იცეკვე….
ლუკა და მეგი
ლუკა: – რა გატირებს?
მეგი: – მეზიზღება, ჩემი თავი მეზიზღება.
ლუკა: – დაწყნარდი
მეგი:- აუ რეები მოგიყევი.
ლუკა: – ძალიან კარგი, ხომ უნდა მცოდნოდა ყველაფერი
მეგი: – რატომ უნდა გცოდნოდა?… როგორ მეზიზღება ჩემი თავი…. ყოველთვის მეზიზღებოდა, იცი, რას ვნახულობდი სიზმრებში? თითქოს სასტუმროში ვიღაცას ავყავდი მაწვენდა საწოლზე და ოთახში ათასობით ვირთხებს უშვებდნენ, ეს ვირთხები ჩემსკენ მოიწევდნენ, მესეოდნენ და მჭამდნენ, ვცდილობდი მომეგლიჯა სხეულიდან, მაგრამ ვერ ვახერხებდი, ისევ მახტებოდნენ და მგლეჯდნენ.
ელენე,ბაბუ და ნატა
ელენე: – აღარ შემიძლია დღეში 7 ჯერ ძეხვიანი ბუტერბროდის ჭამა, ძეხვი, ძეხვი, ძეხვი, რამე კეტჩუბი მაინც მოასხან
ნატა: – რამე კარგი შხამი არ გინდა? თუ იშოვნი ჯერ მე გამასინჯე.
ელენე: – რაზე იჯექი ციხეში?
ნატა: – დიდი არაფერი, ერთ ახვარს თავი გავუტეხე.
ელენე და ბაბუ
ელენე: – ბაბუ შენ არ იცი და ერთხელ ციხეში მეც კი ვიჯექი
ბაბუ: – შეენ? რას ამბობ ბაბუ? როდის? მე როგორ არ ვიცი?
ელენე: – ვერ მოასწარი გაგება, ერთი დღე ვიჯექი.
ბაბუ: – 1 დღე? ეგ როგორ?
ელენე: – ჰო, დაწყნარდი, ნუ აკანკალებ ნიკაპს, შარშან, უმუშევარი ვიყავი, ყოველდღე სამსახურს ვეძებდი და ყველგან უარს მეუბნებოდნენ, მოკლედ იმ დღეს ერთ ოფისში დამლაგებლის ადგილზე ინგლისურის ცოდნა, რომ მომთხოვეს, გამოვედი გარეთ ქუჩაში და სიმწრისაგან ყვირილი დავიწყე, აი ასე ააააააა..,, აი ძალიან გამწარებული ვიყავი მთელ ქვეყანაზე, ძალიან და თან აი ძალიან მშიოდა, ამიტომ მაგარი იდეა მომივიდა თავში- ხომ შეიძლება სახელმწიფომ ერთხელ მაინც იზრუნოს ჩემზეო, აი ერთხელ მაინცო და ციხეში ჩაჯდომა გადავწყვიტე. რა გაცინებს? არასდროს მაგათ ჩემთვის არაფერი გაუკეთებიათ, მე ხმას მაინც ვაძლევდი არჩევნებზე და ეგენი კი ხმასაც არა გცემენ როცა გიჭირს, ეხლა მეც აღარ ვაძლევ ხმას, დედა ხო მაგათ დახმარებას არც იღებდა, არ მინდა მე თქვენი 25 ლარი, ეს ჩემი ქმრის შეურაცყოფა არისო, მოკლედ გადავწყვიტე სახელმწიფო ერთხელ მაინც გამომეყენებინა რამეში,ამიტომ გადავწყვიტე ჩავჯდები ჩემთვის ქალთა კოლონიაში და ამათმა მაჭამონ მეთქი, ხო, ჩემი მეზობელი ცისანა იჯდა და ის ყვებოდა, იქ არაფერსაც არ ვაკეთებდითო, ვიჯექით მთელი დღეები და ტელევიზორს ვუყურებდითო, უბრალოდ ცუდად გვაჭმევდნენო. ვიფიქრე, ეხლა აქ გარეთ უარესად არა ვარ თქო?, მეც მთელი დღე სახლში ვზივარ, ტელევიზორს ვუყურებ, არაფერს არ ვაკეთებ და თან ცუდადაც არავინ მაჭმევსო, ხოდა, ავდექი, შევედი სუპერმარკეტში და რაც კი რამ გემრიელი პროდუქტი ჰქონდათ, თევზი, ხიზილალა, ძეხვი,- ყველაფერი მოვიპარე. ვიფიქრე თუ დამიჭირეს ძალიანაც კარგი და თუ არ დამიჭირეს უფრო კარგი, მაგრად შევჭამ თქო.
ბაბუ: – რა გინდა მშვენიერი იდეა მოგსვლია თავში.
ელენე: – მშვენიერი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მშვენიერი იდეები არასოდეს არ სჭრის, ქართულმა პოლიციამ შემიცოდა, პროდუქტები წამართვა და მე გარეთ გამომიშვეს, თვითონ კი გასკდნენ ალბათ ჩემი პროდუქტებით.
ბაბუ: – ღორები.
ელენე: – აბა, რამე მაინც გამოეტანათ.
დიტო: პირდაპირი ჩართვა, მოემზადეთ, გაიღიმეთ, წავიდა. წარმოუდგენილია, მაგრამ დღეს უკვე 33 დღეა, 33 დღეა ეს გმირები განაგრძობენ ცეკვას, 855 საათი იდგნენ ფეხზე, 72 წყვილიდან მოედანზე დარჩა მხოლოდ 12 წყვილი, მივესალმოთ მათ ბატონებო. არავინ იცის, რამდენი ხანი გავა სანამ ამ მოედანზე მხოლოდ ერთი წყვილი დარჩება. მაგრამ დღეს სიურპრიზი, აქ 12 წყვილი დგას, ანუ 24 გმირი და ერთ ერთ გმირს, ეკრანის ამომავალ ვარსკვლავს, ნატას დღეს დაბადების დღე აქვს. ტორტი სტუდიაში. ნატა, არ ელოდი?
ნატა: – არც მახსოვდა.
დიტო: – შენი დაბადების დღეა ნატა, შენ შეგიყვარა მაყურებელმა, ჩვენ გვჯერა შენი მომავლის, აბა გვითხარი რამე. მიმართე მათ ვინც ეხლა ტელევიზიის ეკრანზე გიყურებთ. მთელი ქვეყანა ეხლა შენ გიყურებს ნატა.
ნატა: – მთელი ქვეყანა? პირდაპირი ეთერია?
დიტო: – ხო, მთელი ქვეყანა, თბილისიდან დაწყებული მაღალმთიანი რეგიონებით დამთავრებული შენ გიყურებს, ჩვენ ხომ ყველაზე რეიტინგული შოუ გვაქვს.
ნატა: -გამარჯობა…. სულ მინდოდა მეთქვა პირდაპირ ეთერში, რომ ჩვენი ტელევიზია… მაგრამ აზრი არა აქვს, თქვენ მაინც არ შეიცვლებით, იმის თქმაც მინდოდა, რომ ყველა დროს უვიცი და ნაძირალა ხალხი გვყავს ხელისუფლებაში და მათი დამსახურებაა, რომ ეხლა ჩვენ აქ ვართ შეკრებილნი, რომ მათ მიგვიყვანეს აქამდე, მაგრამ მაგაზეც არაფერს ვიტყვი რადგან ამასაც არა აქვს აზრი, მე არა ვარ თბილისელი, აქ ამ შოუში ძალიან ბევრი გოგო ბიჭი იყო ჩემსავით არა თბილისელი, მათი მშობლები უყურებდნენ ტელევიზორს და უხაროდათ, რომ მათი შვილები მონაწილეობას ღებულობენ აქ, იცით რამდენი გოგო ბიჭია სახლიდან გამოპარული, მათ მშობლები მეზობლებს ეუბნებიან ჩემი შვილი თბილისშია, უმაღლესში სწავლობს, ან გერმანიაში ან კიდევ სხვაგანო, ეუბნებიან ძალიან მაგარი სამუშაო იშოვნა, აგერ ტელევიზორშიც გამოჩნდაო და სინამდვილეში კი ეს ბავშვები ან ქურდობენ, ან ბორდელებში მუშაობენ. მათ მშობლებს მხოლოდ მაშინ ახსენდებათ თავიანთი შვილები, როცა ამ შვილებს ან ციხეებში სვამენ ან დაინვალიდებულები უბრუნდებიან. თქვენ ვინც ეხლა ტელევიზორებს მისჩერებიხართ – იცით სადაა ეხლა თქვენი შვილი და რას აკეთებს? აი ეხლა, ამ წამს?, იქნებ თქვენი შვილი ვიღაცის ნაქირავებ, ჭუჭყიან ბინაში წევს და მას წინიდან და უკნიდან ხმარობს ორი კაცი? ხო თქვენ გეკითხებით თქვენ, ტელევიზორებს, რომ მისჯდომიხართ და მთელი დღეები ან სერიალებს უყურებთ, ან შოუებს და ან იმ საზიზღარი პოლიტიკოსების ტყულებს უსმენთ და ერთხელაც არ ინტერესდებით თქვენს შვილს რა აწუხებს, რაზე ფიქრობს, რაზე ოცნებობს. ასეთი დედის შვილები ადრე თუ გვიან ყოველთვის გარბიან სახლიდან. იმიტომ რომ ყელში ამოსდით დედების მორალი, მერე თქვენ გაიგებთ ამის შესახებ და რა თქმა უნდა არ შემოუშვებთ სახლში, გააგდებთ, იმიტომ, რომ თქვენს წესიერებაში, თქვენს მორალში ვერ ჩაჯდება მისი საქციელი, ის კი წავა და უკვე სამთან, ოთხთანაც დაწვება. თქვენ ყველას ჭკუას ასწავლით, მაგრამ იმის დრო კი არ გრჩებათ, რომ საკუთარ შვილს აუხსნათ როგორაა მოწყობილი ეს ცხოვრება. აი რისი თქმა მინდოდა.
დიტო: – ყოჩაღ, ოღონდ ტყუილა გიხარია, ეს არ იყო პირდაპირი ეთერი. იცი რა მინდა გითხრა, მე დიდი ხანია ასეთი შოუებით ვარ დაკავებული, თავს ვერ დავდებ ხოლმე გამოვიცნო ვინ გაიმარჯვებს და ვინ არა, მაგრამ ვინ ვერ გაიმარჯვებს იმას ყოველთვის ვცნობ. შენ ვერ გაიმარჯვებ, ასე რომ შეგიძლია აახვიო აქედან.
მეგი: – რა დამპალი ხარ. მე ვიბრძოლებ.
დიტო: – შენი ნებაა. შოუ გრძელდება.
ცეკვის შემდეგ. სირენა. წვებიან დასავენებლად
დიტო: – რობი.
რობი: – ვა დიტოა, მე კიდევ ვიფიქრე ის ფატი მოვიდა თქო , მორწმუნე დედათა კავშირიდან.
დიტო: – ისინი აღარ მოვლენ, მათ ორგანიზაციას ტელევიზიამ საქველმოქმედო ფონდში ფული ჩაურიცხა, მაგიტომაც იყო მოსული, ეგ უნდოდა.
რობი: – ამ ქვეყანაში აღარაფერი არ დარჩა წმინდა?
დიტო: – ალბათ არა, აქედან რომ გახვალ რას იზამ?
რობი: – მზეს მივეფიცხები. მზე მაკლია აქ.
დიტო: – მერე რას იზამ?
რობი: – არ ვიცი, არანაირი გეგმა არ მაქვს
დიტო: – წიგნის გამოცემა ხომ გინდა? გინდა გამარჯვება?
რობი: – ვის არ უნდა
დიტო: – მენდობი?
რობი: – კი რა თქმა უნდა
დიტო: – რობი, შენ გაქვს გამარჯვების შანსი, ოღონდ ნატასთან არა, ის არაა, ვინც შენ გჭირდება, ის ბოროტი ქალია.
რობი: – არა, რა ბოროტი, მაგარი გოგოა.
დიტო: – შენ მაყურებელს მოსწონხარ, ნატა კი არა.
რობი: – ნატა არაა ცუდი გოგო, უბრალოდ დეპრესიულია.
დიტო: – ეს დეპრესია არაა, ეს სიძულვილია, მას სძულს ყველა და ყველაფერი ამ ქვეყნად, და ეს ჩანს ეკრანზე, თუ დამთანხმდები გაიმარჯვებ, მე შენთვის სიკეთე მინდა.
რობი: – მადლობა და რა უნდა გავაკეთო.?
დიტო: – პარტნიორს შეგიცვლით და შენ გაიმარჯვებ.
რობი: – ეგ როგორ?
დიტო: – რამეს მოვიფიქრებთ, რამე მიზეზს მოვუგონებთ და გავაგდებთ, შენ კი სხვა პარტნიორს გიშოვნით.
რობი: – ვის?
დიტო: – ვინმეს, არ აქვს მაგას მნიშვნელობა, მთავარია შენ დაგვთანხმდე.
რობი: – აა გავიგე, არა მადლობა, ნატას თუ გააგდებთ მეც წავალ.
დიტო: – რა იდიოტი ხარ.
რობი: – შეიძლება.
ნინი და ოთო
ოთო: – შენ რომ მიმატოვო მე თავს მოვიკლავ, დღე არ ვიცხოვრებ უშენოდ გაიგე?, რად მინდა სიცოცხლე შენ თუ არ მეყოლები?, რამეს თუ დავაშავებ მიმითითე და გამოვასწორებ, ყველაფერს ისე ვიზამ როგორც შენ მეტყვი, გაიგე გოგო?
ნინი: – გავიგე.
ოთო: – და რას მეტყვი?
ნინი: – არაფერს. დაისვენე
მეგი, ლუკა და დიტო
ლუკა: – გული მიგრძნობს მალე დამთავრდება ეს ყველაფერი
მეგი: – მართლა?, ნეტავი.
ლუკა: – ხო და ისიც ვიცი, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ.
მეგი: – საიდან იცი
ლუკა: – ყველაზე ლამაზი წყვილი ვართ და იმიტომ.
მეგი: – ეგ ხო
ლუკა: – იცი რა ლამაზი ხარ?
მეგი: – კარგი გაჩერდი.
ლუკა: – მართლა გეუბნები ძალიან ლამაზი ხარ.
მეგი: – რახან შენ მეუბნები დავიჯერებ. ლამაზი შენ ხარ ლუკა.
დიტო: – მეგი შემოდი ჩემთან, თორემ გავრეკავ თქვენს ხელში. . გაიგე რაც გითხარი?
მეგი: – არა, აღარ შემოვალ.
დიტო: – რაა?
ლუკა: – ხო აღარ შემოვა.
დიტო: – რა მაგარია, ეს ბოზი შეგიყვარდა მომავალ პოლიტიკოს? შენ ლუკა მიქელაძე აღარა ხარ?! აბა ეხლა ვინა ხარ? სირიკო ბალანჩივაძე?.
ლუკა: წადი შენი (არტყამს)
დიტო: – მე დამარტყი შე მართლა სირიკო შენა.?
მაგრად სცემს ლუკას. მეგი ჯერ ცდილობს გააშველოს და მერე ერთი გრძელი ხმით აყვირდება, ყველა მას უყურებს.
მეგი: – ვირთხები, ვირთხები მომაცილეთ, ვირთხები მკბენენ..
მეგი სხეულიდან იგლეჯს არარსებულ ვირთხებს
დიტო: – რა ვირთხები შენ რა გაგიჟდი?
მეგი: – მიშველეთ, მჭამენ, ვირთხები მჭამენ…მიშველეთ, მომაშორეთ.
დიტო: – სად ხედავ ვირთხებს შე ბოზო?
მასთან მიდის ლუკა.
ლუკა: – მეგი ძვირფასო, საყვარელო, მოიცა, ეხლავე მოგაცილებ, აი, აი, აი (აცილებს არარსებულ ვირთხებს) აი ხედავ აღარ არიან, ყველა გავყარე.
მეგი: – ხოო?
ლუკა: – ხო, ვერ ხედავ აღარ არიან
მეგი: – ხო, აღარ არიან, ლუკა როგორა ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ? სად დაიკარგე?
ლუკა: – აქა ვარ მეგი აქ.
მეგი: – ლუკა, არ გამოხვიდე რა პოლიტიკოსი, თორემ შენც ხალხის მოტყუებას დაიწყებ… სადა ვართ ლუკა? რატომ ბნელა აქ.
ლუკა: – ეხლა გავალთ სინათლეში.
მეგი: – ხო ლუკა, გამიყვანე ამ სიბნელიდან.
მეგი და ლუკა გადიან
დიტო: – ბატონებო და ქალბატონებო, ყოველდღიურად გვეცლებიან ჩვენი შესანიშნავი წყვილები, ვეღარ უძლებენ დატვირთვას, რადგან მარათონში საკმარისი არაა მარტო ფიზიკური მომზადება, აქაც ისევე როგორც ცხოვრებაში ფსიქოლოგიური გამძლეობაა საჭირო და ისევ დერბი, დერბი, რომელიც ყველაზე კარგად წარმოაჩენს ვინაა ჩვენში ძლიერი და ვინ სუსტი.
ყველანი გარბიან.
გზაში:
ბაბუ: – აღარ შემიძლია
ელენე: – შეგიძლია ბაბუ გაუძელ.
ელენე შეუდგება მხარში და ეხმარება
ბაბუ: – არ შემიძლია. გამიშვი ხელი.
ელენე: – ხომ გახსოვს რისთვისაც გვინდა გამარჯვება?
ბაბუ: – მახსოვს ბაბუ, მაგ ფულით მამაშენის ნეშტი უნდა ვიყიდოთ და აქ გადმოვასვენოთ, მახსოვს ბაბუ, ვიცი, რომ მაგ ფულის გარეშე არავინ არ მოგვცემს, ვიცი, რომ ყველას ფეხებზე ჰკიდია ჩვენი გასაჭირი და მარტო ჩვენი გასაკეთებელია ეს საქმე, მაგრამ აღარ შემიძლია…
ელენე: – არა ბაბუ, არა
მარიამს ნატა და რობიც ეხმარებიან და სამს მიყავს ბაბუ.
ნატა: – კარგად დამეყრდენი,
ნინი: – შეგცვლი, გამოეცალე.
ნინი ცვლის ნატას და რობისთან და მარიამთან ერთად ისიც მიათრევს ბაბუს.
ბაბუ: – ნინი, შენ შენი გაგჭირვებია, გამიშვი ხელი.
ნინი: – წამო ბაბუ, წამო, მთელი ცხოვრება სულ ვიღაც უღირს ხალხს ვათრევ და ერთხელ ღირსეულ კაცს მაინც გავათრევ.
რობი: – აი თურმე რისთვის გინდოდათ ფული
ელენე: – ხო, ვიცით სადაცაა მამა დასაფლავებული, რამოდენიმე წელია ვიცით, მაგრამ აფხაზები ფულის გარეშე არ გვაძლევენ, მთავრობას ვთხოვეთ და ვერ დაგეხმარებითო, დედა რომ კვდებოდა დავპირდით, რომ გადმოვასვენებთ მამას და ერთად დავასაფლავებთ, უკვე მოველაპარაკეთ იქ, როგორც კი ფულს ჩავუტანთ მოგვცემენ მამის ნეშტს და გადმოვასვენებთ, გაუძელი ერთი წრეც დაგვრჩა. გადავრჩით ბაბუ, გადავრჩით, ბაბუ. . .
ყველა ძირს ეცემა
ელენე: – გადავრჩით ბაბუ, გადავრჩით, ბაბუ. . .ბაბუ…
ბაბუ. ექიმი, ჩქარა, ექიმი, ბაბუ კარგადაა, ხო მართლა კარგადაა, შეხედეთ, ნიკაპი არ უკანკალებს, ესეიგი კარგადაა, თორემ როცა ცუდადაა სულ უკანკალებს ნიკაპი…
გაყავთ ბაბუ და ელენე
დიტო: – (მაყურებელს) ქალბატონებო და ბატონებო.. კიდევ ერთმა მონაწილემ სახელად ბაბუმ დაკარგა გრძნობა, ძალიან საწყენია, მაგრამ ის ვეღარ გააგრძელებს ბრძოლას, კიდევ ერთი შესანიშნავი წყვილი გამოაკლდა ჩვენს რიგებს, მას ეხლავე გადაიყვანენ საავადმყოფოში და აღმოუჩენენ სამედიცინო დახმარებას. არაფერი სერიოზულია, რამოდენიმე დღეში ის ისევ ფეხზე იდგება და ისევ იცეკვებს ცეკვებს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან უკვე ვეღარ, ეს ფაქტი მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ჩვენი მარათონი დასკვნით ფაზაში შედის და დღითი დღე ის უფრო და უფრო რთულდება ….
შემოდიან ნატა, რობი, ნინი, ოთო.
- მოკვდა?.
თქვენ რა, გგონიათ მე მიხარია ბაბუს სიკვდილი? მიხარია თქვენი წვალება? მიხარია ამდენი დასახიჩრებული ადამიანის ნახვა? მაგრამ მე რა ვქნა? სხვა რა გზა მაქვს? მეც ისეთივე მონაწილე ვარ ამ მარათონის როგორც თქვენ და მეც ისევე მკლავენ როგორც თქვენ. უნდა გავუძლოთ, სხვა გზა არც ერთს არა გვაქვს, ეხლა დაეყარეთ ძირს და დაისვენეთ რადგან 20 წუთში ისევ დერბი იწყება. ჰო, დერბი! გაიგეთ? დერბი! და ვნახავთ ვინ გამოგვეცლება ამჯერად.
რობი: – ჰაერზე გავალთ რა.
დიტო: – შორს არ წახვიდეთ. 20 წუთში დავიწყებთ.
ნატა: – არა აქვე ვიქნებით აივანზე.
რობი: – ცოტა სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავთ და მოვბრუნდებით.
დიტო: – სუფთა ჰაერმა არ გაწყინოთ…
ნატა: – წადი შენი..
ჰაერზე
რობი: – რა კარგია სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა,..
ნატა: – ეს ყველაფერი დღეს რომ დამთავრდეს, რას იზამ?
რობი: – დღეს რომ დამთავრდეს ხვალ რამე სამსახურის ძებნას დავიწყებ.
ნატა: – ყოველთვის «ხვალ!» რა მაგრად ვცხოვრობთ, ბედნიერება ყოველთვის «ხვალ» გვაქვს.
რობი: – შენისთანა დეპრესიული ტიპი მართლა არ შემხვედრია ცხოვრებაში, ეგრე არ შეიძლება, ეგრე მართლა არაფერი გამოგივა, ვერაფერს გააკეთებ, ადამიანმა უნდა იოცნებოს, უნდა იბრძოლოს მომავლისათვის, თორემ ისე არაფერი გამოვა.
ნატა: – საკუთარი თავი მოვატყუო? რას მიყურებ? მე თვითონ მშვენივრად ვიცი, რომ ვერაფერს გავაკეთებ ცხოვრებაში, მე უბრალოდ დაწყევლილი ვარ, უიღბლო და ამ ქვეყნად არავის ვჭირდები. ნუ მიყურებ ეგრე.
რობი: – საერთოდ არ გიყურებ. წამო შევიდეთ, დიტო მართალი იყო, სუფთა ჰაერმა გვაწყინა, თავბრუ დამეხვა.
ნატა: – დავიღალე, რაც უფრო მალე მოვკვდები მით უკეთესი, ბევრჯერ ვცადე თავის მოკვლა და ვერ შევძელი. რობი, გინდა სამყაროს გაუწიო დახმარება? აი. (უწვდის პისტოლეტს)
რობი: – საიდან გაქვს პისტოლეტი?, ე დიტოს პისტოლეტი?
ნატა: – მოვპარე.
რობი: – გაწიე.წამო შევიდეთ შემცივდა.
ნატა: – გამომართვი და მესროლე. მარტო ასე თუ მეშველება რამე, რომ აღარ ვიწვალო.
რობი: – უნდა გიშველო, რომ აღარ იწვალო…
ნატა: – ხო ეგრეა, გთხოვ, დამეხმარე. ნუ მაწვალებ, გთხოვ.
რობი: – პოეტმა კაცმა ადამიანი მოვკლა?…
ნატა: – ეს მკვლელობა არ იქნება, ეს დახმარება იქნება, გთხოვ.
რობი: – კარგი. მითხარი როდის?
ნატა: – ეხლავე
რობი: – სად გესროლო?
ნატა: – საფეთქელში
რობი: – ვისროლო?
ნატა: – მიდი.
რობი კლავს ნატას.
რობი: – ექვსი შვიდი წლის ვიყავი, ბაბუაჩემს სოფელში ცხენი ჰყავდა, თეთრა ერქვა, ძალიან მიყვარდა, ბებერი იყო, ძლივს დადიოდა. ერთხელ ბაბუაჩემი შემოვიდა სახლში და თქვა «თეთრამ ფეხი მოიტეხაო», გავარდი ეზოში, თეთრა მიწაზე იწვა, ფართხალებდა და ტკივილისაგან ჭიხვინებდა, ბაბუაც გამოვიდა სახლიდან, ხელში თოფი ეჭირა, ბებიამ მაგრად ჩამიკრა გულში, რომ თავი არ მიმეტრიალებინა, მე ავტირდი, მერე სროლის ხმა გავიგე, ეს გასროლა ეხლაც კი ყურში მიწუის, გავქანდი, დავეცი მიწაზე და თეთრას მოვეხვიე, ძალიან მიყვარდა. ბაბუა კი შემზიზღდა, წამოვდექი, მივედი მასთან და მუშტები დავუშინე. ბაბუა დიდხანს მიხსნიდა, რომ მასაც უყვარდა თეთრა, მაგრამ იძულებული იყო მოეკლა. მითხრა: «ამაზე უკეთეს მისთვის ვერაფერს გავაკეთებდი, მარტო ასე თუ ვუშველიდი, რომ არ ეწვალაო» რობი: – მთხოვა. ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს.
დიტო: – ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენი მარათონი გრძელდება, და ისევ დერბი, ჯერ კიდევ არ ვიცით ვინ გაიმარჯვებს ამ დაუნდობელ ბრძოლაში, რადგან 7 წყვილი ჯერ კიდევ ბრძოლობს, ჯერ კიდევ მოედანზეა, ფეხზე დგას და არ აპირებს ძირს დაცემას, არ აპირებს მუხლებზე დადგომას, ისინი ფეხზე ძლივს დგანან, მაგრამ მაინც აგრძელებენ მარათონს, ტაში ბატონებო, ტაში.
ოთო: – არ შემიძლია ნინი,
ნინი: -შეგიძლია ჩემო სიცოცხლევ, შეგიძლია.
დასასრული


