2030 დასაკარგი არაფერი გვაქვს
ავთანდილ ვარსიმაშვილის ბუფონადა 2 მოქმედებად
დათო – საქართველოს პრეზიდენტი
ვაჟა – დათოს ძმა
დარეჯანი – დათოს მდივანი
ჯეიმსი – ევროკავშირის წარმომადგენელი
ვასიკო – საქართველოს პრემიერ მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტი. დარეჯანი ტელეფონზე ლაპარაკობს:
დარეჯანი: – ციალა გოგო, ეგ შემაცდენდა გოგო ამხელა ტრადიციების ქვეყნის შვილს? ხომ იცი რა კდემაც ვარ? თან ინგლისური ხომ ვიცი 1 სიტყვა, ჰოდა პირდაპირ თვალ წარბში ვაჯახე: „ფაქიუ “ თქვა! მოკლედ, ვუთხარი: ხო არ გავიწყდება ბიჭო რა წილხვედრი ქვეყნიდან ვარ?, არ იცი, რომ პირველი ნეარდანტალელები ჩვენ ვართ თქო?, ასე ადვილად გინდა დავთმო ჩემი მრავალტანჯული ქალიშვილობა თქო?….. მოკლედ, ….. უი დათო მოდის, ვინ დათო და პრეზიდენტი დათო, დაგირეკავ მერე
შემოდის დათო, ქვეყნის პრეზიდენტი
დარეჯანი: – ჰელოუ ბატონო პრეზიდენტო.
დათო: – ჰაი დარეჯან, ბრიუსელიდან ხომ არ დაურეკავთ?
დარეჯანი: – არა.
დათო: – რას დარეკავდნენ? გოგო ერთი ტელეფონი გვაქვს მთელს რეზიდენციაში და იმაზეც შენ კიდიხარ დილიდან საღამომდე და ეჭორავები თურქეთში შენს დას ციალას.
დარეჯანი: –რა ვქნა, მოწყენილია და მირეკავს, მოხუც კაცს უვლის და იმას კი სულ სძინავს, სხვათაშორის ციალას, ჩემზე, ამხელა ქვეყნის პრეზიდენტის მდივანზე ათჯერ მეტი ხელფასი აქვს.
დათო: – ათჯერ მეტი? მაშინ მაგას ჩემზე მეტი ხელფასი ჰქონია, რა ვქნა, ჩვენ ღარიბები ვართ, არაფერი გვაქვს, მხოლოდ გრანტებით ვარსებობთ, დარეჯან, მოდი ნახე, იცი ეს რა არის?
(უჩვენებს ქოთანში ჩარგულ პატარა ხეს, რომელზედაც ნაყოფია)
დარეჯანი: – მამაკაცის მოჭრილი ღირსება?
დათო: – არა გოგო, სულ მამაკაცის მოჭრილ ღირსებაზე კი ნუ ფიქრობ. კარგად დააკვირდი, რას გავს?…
დარეჯანი: – რას?……. რომელიმე პოლიტიკოსს?
დათო: – რომელიმეს არა, ყველა პოლიტიკოსს გავს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ბანანის ხეა გოგო, ბანანის.
დარეჯანი: – გასაგებია, ახალი იდეა გაქვთ და ბანანები უნდა მოვიყვანოთ?
დათო: – ყოჩაღ, უკვე გავაგზავნე ბრიუსელში გრანტის მოთხოვნა ბანანის პლანტაციის დაფინანსებისათვის, თუ პროექტი დაგვიმტკიცეს 10 მილიონ ევროს მივიღებთ.
დარეჯანი: – 10 მილიონს?
დათო: – ხო, ოღონდ მანამდე ერთმა ბანანმა მაინც უნდა გაიხაროს, ამიტომ ეს ხე ყოველდღე უნდა მორწყა.
(ოთახში ბურთი შემოვარდება, დათო ფანჯარაში)
ხო გითხარით აქ ბურთს ნუ თამაშობთ თქო, ადრე რომ თეატრი იყო და ეხლა, რომ ნაგავი ყრია, წადით და იქ ითამაშეთ. ბიჭი, ბიჭი, ხო შენ გეუბნები შე დიდთავიანო, თამაში თუ არ იცი, კარებში მაინც დადექი, რა??? ე, მე მითხარი? ამოდი შენ ჩემთან… ეს პატარა ბიჭებიც, რომ თავს გავიდნენ
დარეჯანი: – რა ქნან მაგ საცოდავებმა, სტადიონი არაბებს აქვთ იჯარით წაღებული და ამათ იქ არ უშვებენ.
დათო: -რა ქნან და…. ნუ ითამაშებენ საერთოდ. რით ვერ გაიგეს, რომ ფეხბურთი არაა ჩვენი საქმე. წყალი ისევ არ გვაქვს?
დარეჯანი: – გადაკეტილია, სამი წლის გადასახადი გვაქვს.
დათო: – მაშინ ჩადი, მდინარიდან ამოიტანე წყალი და ბანანის ხე მორწყე.
დარეჯანი: – მერე? ბინძური წყალი მოუხდება ამ პატიოსან ხეს?.
დათო: – ჩვენ თუ გვიხდება მაგას რატომ არ მოუხდება??
დარეჯანი: – ჩვენ მივეჩვიეთ, ეგ ხომ არაა მიჩვეული.
დათო: – დარეჯან, შენ დღეს რაღაც ძალიან ამილაპარაკდი, წადი რომ გეუბნები.
დარეჯანი: – მე ჩემი გითხარით და მერე არ დამიწყოთ…
დარეჯანი გადის
დათო: (რეკავს ტელეფონზე) ვასიკო, დღესაც არ მოხვალ მთავრობის სხდომაზე? ეხლა შეიარე აბანოში და თუ რამე მოვიდა მოიტანე, ვასიკო, მართლა, ისე რა გახდა ის ფაქსი, რომ აქ გადმოგვეტანა?
შემოდის ვაჟა, დათოს ძმა, მოკლე შარვლით.
დათო: – რა იყო ვაჟა?, უკმაყოფილო პოლიტიკოსის სიფათით რატომ დგახარ?
ვაჟა: – რამდენჯერ გითხარი, ბიჭებთან დიდთავიანს ნუ მეძახი თქო, ბოლო ბოლო შენი ძმა ვარ, ისიც მეყოფა დილიდან საღამომდე ასე იდიოტურად ჩაცმული რომ დავრბივარ.
დათო: – იდიოტურად რატომ? მშვენივრად გამოიყურები.
ვაჟა: – რას გამოვიყურები, ამხელა კაცი მოკლე შარვლით დავრბივარ, თან უკვე აცივდა.
დათო: – რა ვქნა ვაჟა?, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ უნდა მოითმინო, სკოლაში 4 მოწაფე თუ არ გვეყოლება სკოლას დახურავენ, ერთი წელიც მოითმინე, მეხუთე კლასში გადახვალ და მერე გრძელი შარვლითაც ივლი.
ვაჟა: – კიდევ ერთი წელი?
დათო: – ხო, თუ რა თქმა უნდა არ დარჩი მეოთხე კლასში.
ინსპექტორები ყოველ წამს შეიძლება ჩამოვიდნენ, შენ საერთო საქმისთვის დადიხარ სკოლაში, ჩვენი ქვეყნის შემდგომი თაობებისათვის.
ვაჟა: – რომელი მომავლისათვის, ათ წელიწადზე მეტია აქ არავინ დაბადებულა.
დათო: – რატომ სცრუობ ვაჟა? რატომ ავრცელებ დეზინფორმაციას? შენც პოლიტიკოსი გახდი? ოპოზიციონერი ხარ? მარტო ჩვენს ეზოში წინა კვირას ორი ბატი გამოიჩეკა.
ვაჟა: – ბატი და არა ადამიანი.
დათო: – რა მნიშვნელობა აქვს?, ჯერ ბატი დაიბადა, მერე კი ადამიანები მიბაძავენ ბატებს,
ვაჟა: – ვინ უნდა მიბაძონ?
დათო: – ვაჟა რა გჭირს? ორიანი ხომ არ მიიღე სკოლაში? ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ეს ჩვენი სამშობლოა, ცოტაც მოითმინე, ერთი სამი წელი და ყველაფერი კარგად იქნება,ამასობაში მერვე კლასშიც გადახვალ. თანაც იცი რა მაგარი გეგმა მაქვს?.
ვაჟა: – რა გეგმა გაქვს?
დათო: – ჯერ საიდუმლოა, მაგრამ შენ უკვე პატარა ბიჭი აღარ ხარ და ამიტომ გეტყვი: ბრიუსელი განიხილავს ავტომაგისტრალის პროექტს, გიბრალტარი – – პეკინი, ეს იქნება ყველაზე გრანდიოზული ავტომაგისტრალი, რომელიც აქამდე დაგებულა.
მე გავაგზავნე ევროკავშირში მოთხოვნა დააფინანსონ ჩვენთან გადმოსახვევი იმ ავტომაგისტრალიდან, აქ კი გაკეთდეს მაგისტრალის მგზავრებისათვის კულტურულ, დასასვენებელ, საგამანათლებლო, გასართობ, ტურისტულ, შემეცნებითი ცენტრი თავისი თავისუფალი ეკონომიური ზონით, რომ ტურისტებმა გადმოუხვიონ გზიდან და აქ დაისვენონ.
ალბათ შოკში არიან, ფიქრობენ ეს რა გამოგვიგზავნაო. ერთი სამი წელი იფიქრებენ და მერე დაგვთანხმდებიან.
ვაჟა: – დათო, მართალია, რომ ადრე ჩვენ ზღვაც გვქონდა?
დათო: – კი გვქონდა, სანამ წაგვართმევდნენ,.
ვაჟა: – და რატომ წაგვართვეს ზღვა?
დათო: – რატომ და ?…. რა ვიცი მე რატომ? … ეგ ჩემამდე იყო….სამაგიეროდ ევროკავშირში მიგვიღეს.
შემოდის დარეჯანი
დარეჯანი: – მთავრობის სხდომა გვექნება?….ეს რატო არაა სკოლაში?
ვაჟა: – ეს მიდის სკოლაში.
(გადის)
დარეჯანი: – უხდება მოკლე შარვალი.
დათო: – ყველაფერი მზადაა მთავრობის სხდომისათვის?
დარეჯანი: – დიახ ბატონო პრეზიდენტო.- პრემიერ მინისტრი დღესაც არ მოვა?
დათო: – არა, აბანოში გავაგზავნე, იქნებ ფაქსზე რამე მოვიდა. დარეჯან, ერთი ფაქსი გვაქვს მთელ ქვეყანაში და ისიც აბანოში დგას. რა გახდა ფაქსის აქ გადმოტანა?
დარეჯანი:- რომ მერე ყველამ ჩვენთან ირბინოს?
დათო: – მართალია, მაშინ ყველა ჩვენთან ირბენს. აბა დავიწყოთ კრება. რა ხდება ახალი ქვეყანაში?
დარეჯანი: არაფერი
დათო: – სულ არაფერი?
დარეჯანი: – არაფერი.
დათო: – ძალიან კარგი. ესეიგი ყველაფერი კარგადაა. მთავრობის სხდომა დამთავრებულია. კრების ოქმი გამიმზადეთ.
დარეჯანი: – უკვე გამზადებულია. (აწვდის ცარიელ ქაღალდს, დათო ცარიელ ქაღალდს ორივე მხრიდან კარგად შეისწავლის)
დათო: – ყველაფერი კარგად მიდის. დარეჯან, როგორ ფიქრობ აქ, რამ შეიძლება ტურისტი მოიყვანოს?
დარეჯანი: – თვითმკვლელობის სურვილმა.
დათო: – ერთ და ორ კაცზე არ გეუბნები, მასიურად, მილიონობით ტურისტზე გეკითხები.
დარეჯანი: – მარტო იმ შემთხვევაში თუ მილიონობით ადამიანს, ერთდროულად გაუჩნდება თავის მოკვლის სურვილი .
დათო: – არა ეგ არ გვაწყობს,ჩვენ ხომ ჰუმანისტები ვართ, ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გვქონდა დიდი კულტურა. ტურისტებს სხვა ქვეყნებში იზიდავენ ისტორიული ნაგებობებით, მუზეუმებით, ქანდაკებებით…
დარეჯანი: – „ფაქ“, ბატონო პრეზიდენტო, ადრე ეგ ყველაფერი ხომ ჩვენც გვქონდა?.
დათო: – ხო გვქონდა, ოდეს დიდი ყოფილა ჩვენი ქვეყანა. ყველაფერი გვქონდა, მუზეუმები, გალერეები, ბიბლიოთეკები, თეატრები, იცი რა კარგი თეატრი გვქონდა?
დარეჯანი: – არ ვიცი.
დათო: -შენ არ გემახსოვრება, ბოლო თეატრი რომ დახურეს, პატარა იყავი .
დარეჯანი: – ჰო არ მახსოვს, თუმცა თქვენი გაკეთებული საბუთებით უნდა მახსოვდეს, რადგან ომის ინვალიდი და პენსიონერი ვარ.
დათო: – რა თქმა უნდა პენსიონერი ხარ აბა ვინ იქნები? რაღაცნაირად ხომ უნდა დამენიშნა ხელფასი?, შენ ღებულობ 700 ევროს ევროკავშირიდან იმაში, რომ დაკარგე ფეხი მეორე მსოფლიო ომში ბერლინის მისადგომებთან, ცუდია?
დარეჯანი: – კარგია, მაგრამ მაგ საბუთებით 112 წლის ვარ.
დათო: – მართლა? სამაგიეროდ მაგ ასაკისათვის მშვენივრად გამოიყურები.
შემოდის პრემიერ მინისტრი ვასიკო
ვასიკო: – ბატონო პრეზიდენტო, ბრიუსელიდან თქვენს სახელზე აბანოში ფაქსი მოვიდა.
დარეჯანი: – ბრიუსელიდან? ვაიმე დედიკო. (ხტება ფანჯრიდან)
დათო: – ეს გოგო გადამრევს, ოდნავ აღელდება თუ არა ფანჯრიდან ხტება. ვასიკო, ხომ არ დაგავიწყდა ამხელა ქვეყნის პრემიერ მინისტრი რომ ხარ? გუშინ რატომ არ მოხვედი მთავრობის სხდომაზე?
ვასიკო: – ბატონო პრეზიდენტო, ხომ გითხარით, გუშინ მთელი დღე სახლში ვიჯექი და ვფიქრობდი.
დათო: – მერე? მოიფიქრე რამე?
ვასიკო: – ჯერ ვერაფერი.
შემოდის დარეჯანი
დარეჯანი: – რაო ბრიუსელმა? რას გვწერენ?
დათო: – ვინ მაცალა წაკითხვა, გოგო რას დახტიხარ აქეთ იქით, ნუ გავიწყდება, რომ საბუთებით შენ მარცხენა ფეხი საერთოდ არ გაქვს, მოგკვეთეს პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე ბერლინის მისადგომებთან (ვასიკოს) რას გვწერენ?
ვასიკო: – ვერაფერს გეტყვით, ამხელა ქვეყნის პრეზიდენტის წერილს ხომ არ წავიკითხავდი.
დათო: – ყოჩაღ, აი ეს მესმის, მომეცი მე წავიკითხავ. მართლა მე მწერენ?.
ვასიკო: – ხომ გითხარით თქვენ თქო.
დათო: – (კითხულობს) „ ბატონო პრეზიდენტო… მართლა მე მწერენ….გვინდა გაცნობოთ, რომ ავტომაგისტრალ გიბრალტარი– პეკინის ევროკავშირის კომისიამ მიიღო თქვენი წერილი მაგისტრალის გადმოსახვევთან დაკავშირებით, რომელმაც ძალიან დაგვაინტერესა….”. ხედავ ამ ევროკავშირში რა ოპერატიულები ყოფილან? ხომ ვიძახდი დაინტერესდებიან თქო.
ვასიკო: – ეჭვიც არ მეპარებოდა, ეგ მათი ტრადიციაა, რაც უფრო დიდ კრეტინობას სთავაზობ, მით უფრო ინტერესდებიან.
დათო: – “გთხოვთ გვაპატიოთ დაგვიანებული პასუხი, მაგრამ ჩვენ ვერ გავარკვიეთ თქვენი ადგილმდებარეობა, თქვენი ქვეყანა ვერ ვიპოვნეთ ვერც ერთ გეოგრაფიულ რუკაზე. მივმართეთ აეროფოტოგრაფიასაც, მაგრამ მანაც არ მოგვცა არანაირი შედეგი, ამიტომ ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს ვარაუდით, რომ ის იპოვნის თქვენს ქვეყანას.
დარეჯანი: – ვარაუდით რომ გვიპოვნის ეგ უკვე კარგია.
ვასიკო: – რა არის ამაში კარგი?
დათო: – როგორ თუ რა? რადგან ისინი აგზავნიან წარმომადგენელს, ესეიგი ისინი დაინტერესდნენ მაგისტრალის გადასახვევის იდეით.
ვასიკო: – მერე? მართლა, რომ გვიპოვნოს იმ ჩემის ვარაუდით ჩამოსულმა და აღმოაჩინოს ჩვენი აფერისტობები?
დათო: – აფერისტობები? დარეჯან მითხარი ხედავ აქ შენ სადმე აფერისტებს?
დარეჯანი: – ჩვენს გარდა ვერავის.
დათო: – დარეჯან ვინ გთხოვა აზრის გამოთქმა?
დარეჯანი: – თქვენ.
ვასიკო: – ბატონო პრეზიდენტო, უხერხული კითხვა მაქვს, ვარაუდით ჩამოსული არ ნახავს, რომ რაშიც გრანტი მოგვცეს, არაფერი, რომ არ გვაქვს გაკეთებული?
დათო: – კითხვა მართლაც უხერხულია, ეგ რა შუაშია,ის ვარაუდით ჩამოვა, ან საერთოდ არ ჩამოვა ავტომაგისტრალის გადასახვევის პროექტის შესასწავლად.
დარეჯანი: – მოიცა, მე მაინც ვერ გავიგე და ცუდი რა გვაქვს გაკეთებული?
ვასიკო: – არაფერი დარეჯან, გარდა იმისა, რომ მილიონობით გრანტი გვაქვს შეჭმული და არაფერი გვაქვს გაკეთებული.
დარეჯანი: – მერე ამაში ცუდი რა არის?
დათო: – ყოჩაღ დარეჯან, მართალია ეს საბუთებით 112 წლის ვეტერანი, ფეხი, რომ დაკარგა ბერლინის მისადგომებთან, ამაში ცუდი არაფერია, აბა როგორ გვეცხოვრა? ის ჩვენ არ გვაქვს და ეს. ყველაფერი დავკარგეთ, ნუ გეშინია, ჯერ სადა ხარ, მე კიდევ ბევრი ახალი იდეა მაქვს, რომელი წელია ეხლა?
ვასიკო: – 2020.
დათო: – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, რომელსაც ვიძახი 2020 წლის 10 სექტემბერს, 2030 წლის 10 სექტემბერს ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ დასაკარგი მაინც არაფერი გვაქვს.
მეორე სურათი
დარეჯანი რწყავს ბანანს, ვიღაცა კარზე აკაკუნებს, დარეჯანი ჯერ ვერ ხვდება, მერე მიდის კართან, ყურს მიუგდებს, მერე კაკუნზე თვითონაც კაკუნით პასუხობს. გარეთ მყოფს ბეზრდება ეს კაკუნი და აღებს კარს.
დარეჯანი: – ვაიმე…
ჯეიმსი: – უკაცრავად, მაგრამ მე დიდი ხანია ვაკაკუნებ კარებზე
დარეჯანი: – მეც.
ჯეიმსი: – და რატომ არ გამიღეთ კარები?
დარეჯანი: – ვერ მივხვდი, რომ შემოსვლა გინდოდათ, ჩვენთან არავინ აკაკუნებს კარებზე.
ჯეიმსი: – გასაგებია, იცით, მე ბატონი პრეზიდენტის ნახვა მინდა.
დარეჯანი: – რა საკითხზე?
ჯეიმსი: – მე ვარ ჯეიმს ფროუჩი, ევროკავშირის წარმომადგენელი.
დარეჯანი: – ევროკავშირის? ვაიმე დედიკო ( ხტება ფანჯრიდან)
ჯეიმსი: – მიშველეთ! ქალი გადახტა ფანჯრიდან, მიშველეთ.
შემოდის ვაჟა
ჯეიმსი: – ბიჭი, ბიჭი, მიშველეთ, აქ ქალბატონი ფანჯრიდან გადახტა, გეფიცები მე არაფერ შუაში ვარ, თითი არ დამიკარებია, თვითონ გადახტა.
ვაჟა: – ეგ არაფერი, ნუ ღელავთ, ეგ დარეჯანია, როგორც კი აღელდება, ეგრევე ფანჯრიდან ხტება.
ჯეიმსი: – მართლა? მერე არაფერი მოსდის?
ვაჟა: – არა, კატასავითაა, ხუთ წუთში უკან ამოვა.
ჯეიმსი: – გასაგებია. კინაღამ გული გამისკდა.
ვაჟა:- კინაღამ არ ითვლება, ჯობდა გაგსკდომოდათ.
ჯეიმსი: – რატომ?
ვაჟა: – მიტომ. თქვენ ევროკავშირიდან ხართ?
ჯეიმსი: – კი ბიჭი, მე ვარ ჯეიმს ფროუჩი, ევროკავშირის ინსპექტორი.
ვაჟა: – მე ვაჟა, მაქსიმ გორკის სახელობის მე 12 სკოლის მოწაფე. ბრიუსელიდან ჩამოხვედით?
ჯეიმსი: – არა, სტრასბურგიდან.
ვაჟა: – სტრასბურგი ვიცი, იქ ბევრი უსაქმური ცხოვრობს.
ჯეიმსი: – შენ რა იცი?
ვაჟა: – ეგ ყველამ იცის, ადვილად მოგვაგენით?
ჯეიმსი: – არა, ძალიან გამიჭირდა, შემთხვევით მოვხვდი, კაციშვილი არ შემხვდა, რომ გზა მეკითხა.
ვაჟა: – ბიძია, და თქვენ აქ რა ჯანდაბა გინდათ?
ჯეიმსი: – მე …ევროკავშირის საქმეებზე ვარ…შენ ჯერ პატარა ხარ, ვერ გაიგებ.
ვაჟა: – ხო, პატარა ვარ, ძალიან პატარა.წავალ, მულტფილმებს ვნახავ.
ჯეიმსი: – რამდენი წლის ხარ?
ვაჟა: – ოცდათხუთმეტის.
ჯეიმსი: – ოცდათხუთმეტის? და რომელ კლასში ხარ?
ვაჟა: – მეოთხეში.
ჯეიმსი: – მაგრად ჩარჩენილხარ.
ვაჟა: – ხო, თქვენი განათლების რეფორმის შემდეგ ძალიან გამიჭირდა სკოლაში სწავლა.
ჯეიმსი: – მეხუთეში გადახვალ?
ვაჟა: – დიდი იმედი მაქვს, თუ განათლებაში კიდევ რამე ახალი ქინძობა არ მოიგონეთ. აი ბატონი პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრიც მოვიდნენ.
შემოდის დათო და ვასიკო.
დათო: – გამარჯობა
ვაჟა: – ეს ვარაუდით მოსული, მოვიდა.
ჯეიმსი: – გამარჯობა მე ჯეიმს ფროუჩი ვარ ევროკავშირიდან.
დათო: – გასაგებია, ამიტომაც გადმოხტა დარეჯანი ფანჯრიდან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
ვასიკო: – ადვილად მოგვაგენით?.
ჯეიმსი: – არა, გამიჭირდა, შემთხვევით მოვხვდი.
ვასიკო: – სხვანაირად აქ ვერც მოხვდებით.
დათო:- ჩვენ გიცდიდით, ალბათ თქვენ ავტომაგისტრალის გადასახვევთან დაკავშირებით ჩამობრძანდით არა?
ჯეიმსი: – დიახ, თუმცა მარტო მაგიტომ არა.
დათო: – რა თქმა უნდა მარტო მაგიტომ არა, ჩვენ ევროკავშირთან ბევრი სხვა წინადადებაც გვაქვს.
ჯეიმსი: – მართლა?
დათო: – რა თქმა უნდა, აქ იდეები არ გველევა, გინდა ბოლო იდეას გაგაცნოთ?
ჯეიმსი: – სიამოვნებით მოვისმენ.
დათო: – აი ნახეთ,(გაშლის გეგმას)
ჯეიმსი: – რა არის ეს?
დათო: – პორტი!
ჯეიმსი: – პორტი?
ვაჟა: – პორტი?
ვასიკო: – პორტი!
დათო: – დიახ! საზღვაო პორტი და საპორტო კომპლექსი თავისი ინფრასტრუქტურით.
ჯეიმსი: – პორტი აქ?
დათო: – დიახ, გამოტყდით ხომ მაგარი იდეაა?
ჯეიმსი: –მოიცათ, რაღაც ვერ გავიგე, აქედან ზღვა რამდენ კილომეტრშია?
დათო: – 350 კმში.
ჯეიმსი: – მერე პორტისათვის ცოტა შორი არაა?
ვაჟა: – ცოტა არა, ძალიან შორია.
ვასიკო: – არც ისე!
დათო: – რა პრობლემაა, მთავარია აქ გაკეთდეს პორტი, მერე კი გაითხაროს ზღვიდან აქამდე ერთი არხი.
ჯეიმსი: – ერთი?
ვასიკო: – დიახ, ერთი კარგი არხი ზღვიდან აქამდე და გემები პორტში ამ არხით შემოვლენ.
ჯეიმსი: – ერთი რატომ, იქნებ პირდაპირ ორი არხი გავთხაროთ?
დათო: – ორი? ააააა, მივხვდი, ერთი არხით გემები შემოვლენ, ხოლო მეორეთი გავლენ არა?.
ჯეიმსი: – დიახ.
დათო: – გენიალურია. კონგენიალურია, მე როგორ ვერ მოვიფიქრე მიკვირს.
ვაჟა: – და მესამე არხი რომ გავთხაროთ?
ჯეიმსი: – მესამე რისთვის გვინდა?
ვაჟა: – რა ვიცი მე, ეგდოს თავისთვის, რა იცი რაში გამოგვადგება.
ჯეიმსი: – მართალი ხარ ბიჭი, ეგდოს თავისთვის.
დათო: – რა მაგარია, ვაჟიკო, შენს წინაშეა ევროკავშირის ჭეშმარიტი წარმომადგენელი, გრანდიოზული გეგმებით, რეგიონებისადმი სათუთი დამოკიდებულებით. ბატონო ….
ჯეიმსი: – ფროუჩ, ჯეიმს ფროუჩ.
დათო: – დიახ, ბატონო ფროუჩ, როგორ ფიქრობთ პორტის მშენებლობისათვის კრედიტები მალე წამოვა?
ჯეიმსი: – რა პრობლემაა, ხვალვე. რამდენი ტრაქტორი დაგჭირდებათ არხის გასათხრელად?
დათო: – მოიცათ, ჯერ რა დროს ტრაქტორებია, ნუ ხართ იქ ბრიუსელში რეალობას მოწყვეტილნი, ჯერ ინფრასტრუქტურაზე უნდა ვიზრუნოთ, მუშები, ინჟინრები, მდივნები სადმე ხომ უნდა მოვაწყოთ?
ჯეიმსი: – მართალი ხართ მუშებს სჭირდებათ საცხოვრებელი ადგილები.
დათო: – რა თქმა უნდა სჭირდებათ, აქ ხალხმა ისე უნდა იგრძნოს თავი როგორც საკუთარ სახლში, ამიტომ უნდა ავაშენოთ სახლები, სკოლები, რესტორნები, სტადიონი, კაზინო, კინაღამ დამავიწყდა, ელგებეტეს წარმომადგენლებისათვისაც ხომ გვჭირდება კლუბები…
ჯეიმსი: -ალბათ გვჭირდება
ვასიკო: – აუცილებლად გვჭირდება, ისე თუ არ იცით, გეტყვით, რომ ელგებეტეს ამბავში ჩვენ მოწინავე პოზიციები გვაქვს ევროპაში.
ჯეიმსი: – მართლა?
ვასიკო: – დედას გეფიცებით, რა არ გჯერათ?
ჯეიმსი: – მჯერა, თეატრი?
ვასიკო: – რა თეატრი?
ჯეიმსი: – თეატრი არ უნდა გავხსნათ?
დათო: – თეატრიც უნდა გავხსნათ აბა რა, თეატრი ხომ ერის სარკეა!, კათედრა! ტაძარი! იცით, ისე ადრე გვქონდა ქალაქში კარგი თეატრი და გუბაზმა დახურა.
ჯეიმსი: – ნახმარია ვინაა?
დათო: – იყო ერთი იდიოტი. გაქცეულია, ინტერპოლი ეძებს, მაგრამ ვერ იპოვნიან.
ჯეიმსი: – რატომ?
დათო: – პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ეხლა ქალია და ვერავინ ცნობს, არავინ იცის სად ცხოვრობს.
ვაჟა: – მოსკოვშია, იაბლოჩკოვას 25 ნომერში, ბინა 87 ში.
ვასიკო: – მართლა? შენ რა იცი?
ვაჟა: – ბიჭებმა თქვეს პარკში.
დათო: – საქმეს ნუ გადავუხვევთ, თუ მაინც და მაინც გინდათ ტრაქტორები გამოგვიგზავნოთ არხის გასათხრელად, გამოგვიგზავნეთ ჯერ მხოლოდ ორი ცალი.
ჯეიმსი: – ორი ცალი 350 კილომეტრიანი არხის გათხრას 50 წელი მოუნდება.
დათო: – მერე რა? სად გეჩქარებათ?
ვასიკო: – მე თუ მკითხავთ საერთოდ არ გვეჩქარება.
ჯეიმსი: – არა, გვეჩქარება.
დათო: – რატომ?
ჯეიმსი: – არხის მეშვეობით სწრაფად გავიტანთ თქვენს ბანანებს.
ვასიკო: – რომელ ბანანებს?
ჯეიმსი: – თქვენს ბანანებს, რომლებიც 150 ჰექტარზე იზრდებიან 112 წლის ცალფეხა, ომის ვეტერანის ხელმძღვანელობით.
დათო: – ააა,ეგეც იცით? ხო,აი მე კი დამავიწყდა, ფროუჩ, ბატონო ფროუჩ, ჩვენთან იმდენი რამ კეთდება, რომ ყველაფრის დამახსოვრებას ვერ ასწრებს კაცი.
ჯეიმსი: – მაჩვენებთ ბანანის პლანტაციებს?.
დათო: – რა თქმა უნდა.
ვასიკო: – რა პრობლემაა?
ჯეიმსი: – ეხლავე?
დათო: – ხომ გაიგეთ რა გითხრათ ამხელა ქვეყნის ამხელა პრემიერ მინისტრმა, რა პრობლემაა.
ჯეიმსი: – მაშინ მაჩვენეთ, ძალიან მაინტერესებს.
ვაჟა: – ისე მეც ძალიან მაინტერესებს.
დათო: – მობრძანდით, აქეთ, აქეთ, აი მოვედით.
ჯეიმსი: – სად მოვედით?
ვასიკო: – სად მოვედით?
ვაჟა: – ფანჯარასთან?.
დათო: – პლანტაციასთან, აი ინებეთ. (ანახებს ქოთანში ჩარგულ ბანანის ხეს)
ჯეიმსი: – გასაგებია
დათო:- და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ჯეიმსი: – და 150 ჰექტარი სადაა?
დათო: – რას დაეძებ? ეს ერთი ხომ არის.
ვასიკო: – დიახ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ერთი ხე უკვე არის.
ჯეიმსი: – (ვაჟას) ბიჭი, იცი თუ არა, რომ ბანანი მარტო ტროპიკებში ხარობს.
ვაჟა: – რას ლაპარაკობთ? არა, არ ვიცოდი.
ჯეიმსი: – დიახ, და იცი, რომ თქვენ ტროპიკულ ზონას არ მიეკუთვნებით.
ვაჟა: – არ გადამრიოთ.
ვასიკო: – თქვენი ჰიპოთეზა ფრიად საკამათოა.
ჯეიმსი: – ბევრი თაღლითი მინახავს, მაგრამ თქვენნაირი ჯერ არ შემხვედრია.
დათო: – დიდი მადლობა კომპლიმენტისათვის.
ჯეიმსი: – მგონი აზრი არა აქვს გკითხოთ თუ რაში დახარჯეთ 5 000 ძროხისათვის გამოყოფილი გრანტი არა?
დათო: – რატომ არა აქვს აზრი? შეგიძლიათ თამამად მკითხოთ.
ვასიკო: – რა პრობლემაა?, კითხეთ.
ჯეიმსი: – კარგი, გეკითხებით და მიპასუხეთ, სად არის 5000 ძროხა, რომელიც ევროკავშირის გრანტით შეიძინეთ?
დათო: – გპასუხობთ თამამად, -საძოვარზე.
ვასიკო: – საძოვარზე.
ჯეიმსი: – 5000 ვე?
ვასიკო: – ეხლა შეიძლება მთლად 5000 ვე არ იყოს…
დათო: – რა თქმა უნდა, ცხოვრება მძიმეა, ზოგი მოკვდა..
ვასიკო: – ზოგი ავადაა.
დათო: – ზოგმა კი ვერ გაუძლო ცხოვრების სოციალურ ან პოლიტიკურ სტრესებს და გაიქცა აქედან…
ვაჟა: – და ლტოლვილის სტატუსი მიიღო საფრანგეთში.
ჯეიმსი: – ძროხამ?
დათო: – დიახ, ძროხამ, იცით როგორები არიან ეს ძროხები? გაგიჟდებით პირდაპირ, ყველა სტრესი გულთან ახლოს მიაქვთ. არადა ჩვენთან ხომ სულ სტრესებია…
ჯეიმსი: – და 15000 ქათამი, რომელიც შარშან უნდა შეგეძინათ და წელს უკვე 350 000 უნდა გყოლოდათ, ისინიც საძოვარზე არიან.?
ვასიკო: – დიახ!
დათო: – არა! ……. რატომ გამახსენეთ? 350 000 ვე ერთ დღეში გაწყვიტა ქათმის ჭირმა.
ვაჟა: – საწყლები.
ვასიკო: – დიახ, ზუსტად ეგრე იყო როგორც ბატონმა პრეზიდენტმა მოგახსენათ, ერთ დღეში გაწყდა 350 000.
ჯეიმსი: – და 17 000 შვეიცარული ცხვარი? ისინიც ქათმის ჭირმა გაწყვიტა?
დათო: – არა, რას ამბობთ? როგორ გეკადრებათ? ქათმის ჭირი რა შუაშია?.
ვასიკო: – რას ბრძანებთ?. გარწმუნებთ, რომ ქათმის ჭირი არაფერ შუაშია.
ჯეიმსი: – აბა?
ვასიკო: – (დათოს) აბა?
დათო:- უარესი… ცხვრებმა ვერ გადაიტანეს ქათმების სიკვდილი და ხრამიდან გადაიჩეხნენ.
ვაჟა: – აუჰ.
ვასიკო: – დიახ, ზუსტად ეგრე იყო. მას მერე ღამე არ მიძინია მაგათი დარდით.
ჯეიმსი: – ცემენტის ქარხანა? ტანსაცმლის ფაბრიკა? ომის ვეტერანების სასადილო? თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი? და კიდევ ბევრი რამ. სადაა? მე აქ ევროკავშირმა სამართლიანობის აღსადგენად გამომაგზავნა.
ვასიკო: – რისი?
ვაჟა: – სამართლიანობის?
ჯეიმსი: – დიახ. სამართლიანობის. რა პასუხს გასცემთ ევროკავშირს?
დათო: – ვერაფერს, შევრცხვით, მოგვეჭრა თავი და ეგაა…
ვასიკო: – ეგაა, ეგ, ძალიან შერცხვენილები ვართ.
ვაჟა: – ძალიან, ძალიან მოგვეჭრა თავი,.
დათო: – ჩათვალეთ რომ უთავო ხალხს ელაპარაკებით.
ვასიკო: – სამაგიეროდ როგორც გითხარით, ელგებეტეს ამბავში მოწინავე პოზიცია გვაქვს მთელს ევროპაში.
ჯეიმსი: – მარტო ეგ არაა საკმარისი.
დათო: – კარგით, გნებდებით, ვაღიარებ, ჩვენ არაფერი გვაქვს
ჯეიმსი: – თქვენ გარდა იმისა რომ უკან უნდა დააბრუნოთ ყველა კაპიკი, რომელიც მიიღეთ ევროკავშირიდან, ჯარიმაც უნდა გადაიხადოთ.
დათო: – რა სისულელეა? ჯარიმა რისთვის?
ვასიკო: – მე პროტესტს ვაცხადებ! აგვიხსენით, რატომ უნდა გადავიხადოთ ჯარიმა?
ჯეიმსი: – თაღლითობისთვის და ტყუილებისთვის.
ვასიკო: – როგორ გეკადრებათ ბატონო ….
ჯეიმსი: – ჯეიმს ფროუჩ.
ვასიკო: – დიახ, ბატონო ფროუჩ, ჩვენ ცხოვრებაში არავისთვის არ მოგვიტყუებია.
ვაჟა: – აქ არასდროს იტყუებიან, ეს ჯერ კიდევ იმან თქვა.
ჯეიმსი: – ვინ?
ვაჟა: – იმან.
დათო: – ბატონო ფროუჩ, ხომ ვაღიარეთ, არაფერი გვაქვს, მარტო აი ეს ერთი პატარა ბანანის ხე გვაქვს.
(შემოდის ცალფეხა, მოხუცი დარეჯანი)
დარეჯანი: – ბატონო პრეზიდენტო, ამ ბანანის პლანტაციაზე იმხელა მოსავალი გვაქვს, იმხელა, რომ ჯარი და ავიაცია თუ არ დავიხმარეთ, ჩვენი ძალებით ვერაფრით მოვკრეფთ.
დათო: – დარეჯან გადი აქედან.
დარეჯანი: – მე გითხარით, მერე არ დამიწყოთ შე ცალფეხა 102 წლის ომის ვეტერანო მოხუცო, ფეხი, რომ დაკარგე ბერლინის მისადგომებთან, ჭკუაც ხომ არ დაკარგე და რატომ არ გამაფრთხილეო.
ჯეიმსი: -გარწმუნებთ, ჯარიმა არ იქნება პატარა თანხა. (იღებს ჯიბიდან მობილურს) თქვენ მოითათბირეთ, მე ცოტა ხნით დაგტოვებთ.
(გადის)
ვასიკო: – მე მგონი ბატონო პრეზიდენტო უნდა ავახვიოთ აქედან.
დათო: – რატომ პანიკობ ვასიკო? ამხელა ქვეყნის ამხელა პრემიერ მინისტრი მაინც არ იყო. სად აპირებ ახვევას?
ვასიკო: – არ ვიცი სადმე.
დარეჯანი: – და პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებ?
ვაჟა: – და შენც მოსკოვში იცხოვრებ იაბლოჩკოვას 25 ნომერში?
ვასიკო: – არ ვიცი სად, მარტო ის ვიცი, რომ უნდა ავახვიოთ.
დათო: -მოიცა, მოიცა და რატომ?
ვასიკო: -იმიტომ რომ გული მიგრძნობს ციხეში ჩაგვსვამენ.
დათო: – მაგაში მართალი ხარ,თუ რამე არ მოვიფიქრეთ, ციხეში აუცილებლად ჩაგვსვამენ
შემოდის ჯეიმსი
ჯეიმსი: – აი აქ წერია თანხა, რომელიც თქვენ ბოლო 5 წლის მანძილზე მიიღეთ, ქვეყანაში კი არაფერია გაკეთებული, წარმოუდგენელია, რომ ამხელა თანხა დაგეხარჯათ, მაშინ თქვენ აქ სუყველა მილიონერები უნდა იყოთ. სად გაქვთ ფულები? სად მალავთ?
ვასიკო: – მე როგორც ქვეყნის პრემიერ მინისტრი ოფიციალურად გიცხადებთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ფული.
ჯეიმსი: – თქვენ რა, მე იდიოტად მთვლით? სად გაქვთ ფული? შვეიცარიის ბანკში?
დარეჯანი: – რას ბრძანებთ ჩვენ წესიერი ხალხი ვართ, ჩვენ მრავალი წელია მთელ თქვენ ფულს ხალხს, მოსახლეობას ვურიგებთ.
ჯეიმსი: – მოსახლეობას? რატომ?
დათო: – რომ აქ დარჩნენ, რომ არ წავიდნენ ქვეყნიდან, რომ შევინარჩუნოთ ეს ქვეყანა. სხვანაირად ვერ გავაჩერებდით ხალხს. ადრე კიდევ ადვილი იყო, შევავსებდით ანკეტას და თქვენ ეგრევე გვიგზავნიდით ფულს, ეხლა კი ძალიან გაჭირდა, ეს საბუთიო, ის საბუთიო. თქვენთან ბრიუსელში სულ გაგიჟდნენ, ასეთი ბიუროკრატია ჯერ არ მინახავს. ამიტომ ეხლა არაფერი გვაქვს.
ვასიკო: – ვალების გარდა.
დათო: – ხო, ვალები გვაქვს, თუ გინდათ ვალებს მოგცემთ.
ჯეიმსი: – არ მჯერა, რომ ამხელა თანხა თქვენ ხალხს დაურიგეთ და თქვენთვის არაფერი დაიტოვეთ.
დათო: – რა სირცხვილია, ამას ამბობს ჩინოვნიკი, რომელიც ცხოვრობს ჩვენი გადასახადებით. მანახეთ ერთი რა თანხაზეა საუბარი?
ჯეიმსი: – ინებეთ, აქ არის დაახლოებითი თანხა იმისა, რაც თქვენ ბოლო 5 წლის მანძილზე მარტო ევროკავშირიდან მიიღეთ.
დათო: – (უყურებს თანხას) თქვენ რა, იქ ბრიუსელში სულ გაგიჟდით? თქვენ ჩვენ ვინ გგონივართ? იცით ჩვენ რომელ საუკუნეში გვქონდა ცივილიზაცია?იცით თუ არა, რომ ჩვენ პარლამენტი ჯერ კიდევ მე 12 საუკუნში გვქონდა?, ეს რა თანხაა? ვიღაც მათხოვრები კი არა ვართ? ჩვენ სულ ცოტა, ორჯერ მეტი გვაქვს ევროკავშირიდან აღებული.
ჯეიმსი: – ორჯერ მეტი?
დათო: – შეიძლება სამჯერ მეტიც.
ჯეიმსი: – ძალიან კარგი, გავასამმაგოთ თანხა.
დათო: – გაასამმაგეთ და თუ გინდა გააოთხმაგეთ, მთავარია აქედან წაბრძანდით.
ჯეიმსი: – კარგი. გასაგებია. კარგად ბრძანდებოდეთ. პირობას გაძლევთ, რომ თქვენი ქვეყანა საერთოდ ჩააქრება მსოფლიო რუკაზე.
ვაჟა: – ეხლა ხო ანათებს რა
დარეჯანი:- ეხლა გიზგიზებს, გიზგიზებს.
ჯეიმსი: – დარეჯან თქვენ მგონი ფეხი ამოგივიდათ.
დარეჯანი: – თქვენს ხელში კიდევ კარგი, რქები, რომ არ ამომივიდა.
ჯეიმსი გადის.
ვაჟა: – მგონი ეხლა დაგვერხა.
ვასიკო: – ნამდვილად, თან ძალიან დაგვერხა.
დარეჯანი: – თან ერთხელ და სამუდამოდ.
დათო: – რა მოელის ჩვენს ქვეყანას? მე არ მინდა, რომ ვიყო ამ ქვეყნის უკანასკნელი პრეზიდენტი.
ვასიკო: – მე კი არ მინდა ვიყო უკანასკნელი პრემიერ მინისტრი
ვაჟა: – მე კი უკანასკნელი სკოლის უკანასკნელი მოწაფე.
დარეჯანი: – მე კი ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი პრეზიდენტის, უკანასკნელი მდივან მემანქანე, ბუღალტერი, განათლების, კულტურისა და რაღაც რაღაცეების მინისტრი….
დათო: – ვასიკო, ჩემო პრემიერ მინისტრო!, ეხლავე თავი ხელში აიყვანე. ვაჟა, ჩემო ძმაო და მაქსიმ გორკის სახელობის მე-12 სკოლის მოწაფევ, ეხლავე გონს მოდი. დარეჯან, ჩემო მდივანო, ბუღალტერო, ეკონომიკის, განათლების, კულტურის….. მოკლედ როგორც არის, თქვენ რა, ბრძოლაზე უარს აცხადებთ? გაიხსენეთ, როგორი წინაპრები გყავდათ, გაიხსენეთ ვისი სისხლი გიჩქებთ ძარღვებში. განა ჩვენ გვჩვევია დანებება? ჩვენი ქვეყანა ხომ არასოდეს მდგარა მუხლებზე, ჩვენ ყოველთვის ან მედგრად ვიდექით ფეხზე ან…. ვიწექით,. მე არ ვაპირებ დანებებას და მტრის ჯინაზე შევასრულებ ჩემს წინასაარჩევნო დანაპირებს, მე ავაყვავებ ჩემს ქვეყანას! ამიტომ ეხლა მე ვაპირებ ჩავხედო თვალებში ჩვენს მოქალაქეებს და ვუთხრა მათ: ძმებო და დებო, დადგა დრო მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა.
ვასიკო: – რა დამოუკიდებლობა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ რა სულ გაგიჟდით?
დათო: – არა ჩემო ამხელა ქვეყნის ამხელა პრემიერ მინისტრო, ჩვენ მივადექით იმ ისტორიულ ზღვარს, რომელსაც მრავალი წელი ელოდა ჩვენი მრავალტანჯული ერი! მთელს ქვეყანაში უნდა დავიწყოთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობა ქვეყნის საბოლოო დამოუკიდებლობისათვის.
ვაჟა: – მოიცა და ეხლა არა ვართ დამოუკიდებელი?
ვასიკო: – ბატონო პრეზიდენტო ჩემი ვალია ტაქტიანად შეგახსენოთ, რომ ჩვენ 40 წელზე მეტია დამოუკიდებლები ვართ.
დათო: – არა, ჩვენ გვჭირდება სრული დამოუკიდებლობა და ამიტომ უნდა გამოვეყოთ ევროკავშირს!
დარეჯანი: – ევროკავშირს უნდა გამოვეყოთ? დღემდე არავის სჯერა, რომ მიგვიღეს და ეხლა გამოვეყოთ?
დათო: – დიახ, თუ გვინდა, რომ გვეშველოს.
ვასიკო: – ბატონო პრეზიდენტო, მერე მაგით ჩვენს ვალებს როგორ ეშველება?
დათო: – ვერ ხვდებით?
ვაჟა: – ვერა.
დათო: – ჩვენ ხომ ახალი სახელმწიფო გავხდებით! ყველაფერს ნულიდან დავიწყებთ! ჩვენ გავხდებით დამოუკიდებლები და ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ არავის ვალი არ გვაქვს! მიხვდით? ჩვენ გავხდებით სრულიად ახალი, დამოუკიდებელი რესპუბლიკა!
ვაჟა: – სასირეთის რესპუბლიკა!
დათო: – არ ვარგა, ქვეყნისთვის რამე სხვამ ახალი სახელი გვინდა, ამ სახელში უნდა ჩანდეს მთელი ჩვენი ისტორიაც და სიამაყეც.
ვაჟა: – „მრავალტანჯული“
დათო: – გენიალურია, ყოჩაღ ძმა, შენ სულ არ ყოფილხარ იდიოტი. მაშ ასე გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ “მრავალტანჯულ რესპუბლიკას”.
ვასიკო: – თუ ახალი ქვეყანაა, მაშინ პრეზიდენტიც ახალი უნდა გვყავდეს.
ვაჟა: – მართალია, თუ ქვეყანა ვართ, პრეზიდენტიც უნდა გვყავდეს.
დარეჯანი: – მე ვიქნები ცენტრალური საარჩევნო კომპანიის თავმჯდომარე.
დათო: – დარეჯან შენი ყველას გვჯერა, ვიცით, რომ არ გააყალბებ არჩევნებს. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი და აუცილებლად დემოკრატიულ საწყისებზე. ვინ წამოაყენებს კანდიდატურას? (დათო, ვაჟა და ვასიკო ხელებს ერთდროულად სწევენ)
დარეჯანი: – ვაჟა, ვასიკო, არა გრცხვენიათ? თქვენით მოხსნით კანდიდატურებს თუ მე მოგხსნათ?
ვაჟა და ვასიკო: – მაპატიე. (ჩამოწევენ ხელებს)
დარეჯანი: – ვინაა მომხრე, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს ბატონი დავითი?
(ხელს დათო და დარეჯანი წევენ, ვაჟა და ვასიკო არა) თქვენ არა ხართ თანახმა?
ვაჟა და ვასიკო: – მაპატიე (ხელს სწევენ ზევით)
დარეჯანი: – პრეზიდენტის არჩევნებმა ქვეყანაში ჩაიარა მშვიდად, არანაირ ექსცესებს არ ჰქონდა ადგილი, საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამოთქვეს კმაყოფილება და აღნიშნეს, რომ ასეთი დემოკრატიული არჩევნები მათ არ უნახავთ, მოქალაქეებმა ერთხმად აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტი! გმადლობთ ყურადღებისათვის.
დათო: – მაშ ასე, მე დემოკრატიულად, ხალხის მიერ ერთხმად არჩეული მრავალტანჯული ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და ეხლა მე კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით დავნიშნავ პრემიერ მინისტრს.
ვაჟა: – კონსტიტუცია უკვე გვაქვს?.
დათო: – თუ არა გვაქვს ხომ გვექნება? მაშ ასე, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება მრავალტანჯული ქვეყნის პრემიერ მინისტრად შენ დაგნიშნო ჩემო ვასიკო.
ვასიკო: – ეს ჩემთვის დიდი პატივია ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ არ ვიცი…
დათო: – რა არ იცი?
ვასიკო: – გავართმევ თავს?
დათო: – აუცილებლად გაართმევ. განათლების, კულტურის და რაღაც რაღაცეების მინისტრად…
დარეჯანი: – გმადლობთ ბატონო პრეზიდენტო.
დათო: – არა ჩემო დარეჯან, შენ უფრო საპასუხისმგებლო საქმე გექნება, შენ მრავალტანჯული ქვეყნის წარმომადგენელი იქნები გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
დარეჯანი: – ნიუ ორკში?
დათო: – ჰო, შენ ხომ იცი ინგლისური.
დარეჯანი: – მხოლოდ ერთი სიტყვა: ფაქ!
დათო: – სრულიად საკმარისია.
დარეჯანი: – მადლობა ჩემო პრეზიდენტო.
დათო: – ესე იგი ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და რაღაც რაღაცეების მინისტრად შენ დაინიშნები ჩემო ძმაო.
ვაჟა: – მე რომ ჯერ მეოთხე კლასში ვარ?
დათო: – არაუშავს, გადაგახტუნებთ, ისე რომ იცოდე მაგ თანამდებობებზე სულ ადრე ჩვენთან სამ კლას დამთავრებულებსაც კი ნიშნავდნენ. ფორმალური მხარე მოთავებულია, ეხლა ისღა დაგვრჩენია ბრიუსელს შევატყობინოთ, დაუძახეთ იმ ლგბტ ს
დარეჯანი: – (კარებში) ფროუჩ, ფაქ!
შემოდის ჯეიმსი
დათო: – ბატონო ჯეიმს, გადაეცით ევროკავშირს, რომ სულ რაღაც 17 წუთის წინ ჩვენ გავხდით ახალი სახელმწიფო, ჩვენ გვყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი პრემიერ მინისტრი და ახალი მთავრობა, მეტსაც გეტყვით, უარი ვთქვით ჩვენს ძველ სახელწოდებაზეც და დღეიდან ჩვენ ვართ ახალი ქვეყანა მრავლისთქმელი სახელწოდებით : „მრავალტანჯული რესპუბლიკა“, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს არც ძველ სახელმწიფოსთან და მით უფრო არც თქვენს ევროკავშირთან. ჩვენ მოვითხოვთ გაეროს უშიშროების საბჭოსგან ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობას და იგივეს მოვითხოვთ მთელი ცივილიზებული სამყაროსაგან.
ჯეიმსი: – თქვენ მე მთვლით იდიოტად თუ ევროკავშირს?
დათო: – პრინციპში ორივეს.
ჯეიმსი: – თქვენ გინდათ დამოუკიდებლობა იმისთვის, რომ არ გადაიხადოთ ევროკავშირის ვალი.
ვასიკო: – რას ბრძანებთ,თქვენ ჩვენ უთავმოყვარეო ხალხი ხომ არ გგონივართ?
ჯეიმსი: – დიახ მგონიხართ.
დათო: – ბატონო ფროუჩ, ჩვენ ღირსება გაგვაჩნია.
ჯეიმსი: – თქვენ არაფერი გაგაჩნიათ ვალების გარდა, რომლის გადახდა აუცილებლად მოგიწევთ. არავინ ხდება დამოუკიდებელი 17 წუთში, დამოუკიდებლობას სჭირდება დრო, სიჯიუტე, მოთმინება და ბოლოს და ბოლოს გმირობა! გაიხსენეთ რამდენი ერი იბრძოდა საუკუნეების მანძილზე დამოუკიდებლობისათვის , გაიხსენეთ რამდენი მსხვერპლი იქნა გაღებული დამოუკიდებლობისათვის, რამდენი სისხლი დაიღვარა, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რომ მისი ქვეყანა დამოუკიდებელი ყოფილიყო.თქვენ არანაირი შანსი არ გაქვთ გახდეთ დამოუკიდებელი, გესმით? არანაირი.
დარეჯანი: – ფროუჩ, ფაქ!
ჯეიმსი: – ქვეყნის დამოუკიდებლობა ბატონებო, არ შეიძლება ვიღაც ავანტიურისტების ნება იყოს. ამით თქვენ შეურაცყოფთ განდის ხსოვნას, ჯეფერსონის ხსოვნას.
ვაჟა: – როგორ გეკადრებათ, ჩვენ ისიც არ ვიცით ეგენი ვინ არიან.
დათო: – მოვრჩეთ წვალებას, ბოლოჯერ გეკითხებით, აღიარებთ ჩვენს დამოუკიდებლობას?
ჯეიმსი: – არასოდეს.
დათო: – ძალიან ცუდი, მაშინ მე იძულებული ვარ ავამოქმედო, გეგმა „ბ“
ვაჟა: – რა?
დათო: – ვიწყებ „ბ“ გეგმით მოქმედებას.
ვასიკო: – და გეგმა „ა“ გვქონდა?
ეკრანზე ტერორისტების კოსტუმში გამოწყობილ დათოს, ვასიკოს, ვაჟას და დარეჯანს იარაღები აქვთ მიშვერილი ჯეიმსისათვის.
დათო: (კითხულობს ტელე მიმართვას)- „მრავალტანჯული რესპუბლიკის“ სახელით ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ გვსურს დამოუკიდებლობის მიღება. საუკუნეების მანძილზე კოლონიალური სახელმწიფოები ფეხქვეშ თელავდნენ ჩვენს ნაციონალურ თვითმყოფად ღირებულებს, ჩვენი კულტურა სისტემატიურად ნადგურდებოდა ტირანიული სახელმწიფოების მიერ, რომელთა კანონიერებას ჩვენ დღეიდან არ ვცნობთ. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირიდან გამოსვლას და გაეროს უშიშროების საბჭოსგან მოვითხოვთ სასწრაფოდ აღიაროს თავისუფალი, დამოუკიდებელი „მრავალტანჯული რესპუბლიკა“! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავუსწორდებით ევროკავშირის მაღალ ჩინოსან ჩინოვნიკს. ჩვენ ვთხოულობთ ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობას და მის სანაცვლოდ ჩვენ გავანთავისუფლებთ მძევალს. ეს იყო „მრავალტანჯული რესპუბლიკის“ მთავრობის ოფიციალური კომუნიკე. ვინმეს ხომ არ გნებავთ დამატება?
ვასიკო: – გაუმარჯოს მრავალტანჯულ რესპუბლიკას!
ვაჟა: – ვაშა!
დათო: – დარეჯან შენ?
დარეჯანი: – მე ინგლისურად მივმართავ, რომ კარგად გაიგონ, „ფაქ!“
პირველი მოქმედების დასასრული
მეორე მოქმედება
დათო მარტოა ოთახში. კაკუნი.
დათო: ვინ ხარ ხარ?
შემოდის ვაჟა და ვასიკო
ვაჟა: ვინ უნდა იყოს? ან მე ვიქნები ან ვასიკო
დათო: ახალი რაა?
ვაჟა: ახალი? დაგვცინი? მთელს ქვეყანაში ჩვენ სამის გარდა არავინაა, ყველა გაქცეულია.
ვასიკო: – ბატონო პრეზიდენტო, მინდა ოფიციალურად გაცნობოთ, რომ ცოტაც და შიმშილით მოვკვდებით.
დათო: აბა აბა წუწუნს მორჩით, დღეს წუწუნი არ შეიძლება, დღეს დიდი ზეიმი გვაქვს.
ვაჟა: რას ვზეიმობთ?
დათო: როგორ თუ რას? დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის ერთი წლისთავია.
ვაჟა: ერთი წელი გავიდა? მეც არა ვთქვი ასე ძალიან რატომ მშია თქო.
ვასიკო: ერთი წელი? მე კი ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ასი წელი გავიდა.
დათო: რა სისწრაფითაც დამოუკიდებლობას მივაღწიეთ იმ სისწრაფითვე გავიდა ერთი წელი. მართალია აღარ გვაქვს სუბსიდიები, მაგრამ სამაგიეროდ ვალიც აღარ გვაქვს და რაც მთავარია თავისუფლები ვართ. თავისუფლები და დამოუკიდებლები. გესმით რა ბედნიერებაა. თავისუფლად დავდივართ, თავისუფლად ვსუნთქავთ.
ვასიკო: და რა ვუყოთ ეხლა ამ თავისუფლებას? არ ჯობდა ციხეში ჩავესვით? იქ გვაჭმევდნენ მაინც.
ვაჟა: შენ ეგა თქვი. თანაც ევროკავშირის ციხეებში კარგად აჭმევენ.
დათო: თავისუფლება ჯვარია, რომელსაც სულით მდგრადი ადამიანები ატარებებენ, ეს ჯერ კიდევ იმან თქვა.
ვაჟა: არ ვიცი ვინ რა თქვა, მე არა ვარ სულით მდგრადი, მე კუჭით მდგრადი ვარ.
დათო: შეწყვიტეთ ეხლა წუწუნი, „მრავალტანჯული ქვეყანა“ მთელი სამყაროსათვის თავისუფლების სიმბოლო გახდა, ჩვენი გაქცეული მოქალაქეებიც მალე დაბრუნდებიან, ყველას, ვინც დამოუკიდებლობისათვის იბრძვის ჩვენი მაგალითი უთბობს სულს, ჩვენ ვართ მათთვის მაგალითი, იდეალი, ნუთუ არ ხართ ამაყნი? ნუთუ არაფერს გრძნობთ?
ვაჟა: როგორ არა.
დათო: აი ხომ ხედავ.
ვაჟა: შიმშილს ვგრძნობ.
დათო: დაუნახავო.
ვასიკო: ბატონო პრეზიდენტო ერთი საინტერესო კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ თვლით, რომ ემიგრანტები მართლა დაბრუნდებიან?
დათო: აუცილებლად დაბრუნდებიან, როგორ შეიძლება არ დაბრუნდნენ? ისინიც დაბრუნდებიან და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც მოინდომებენ აქ დასახლებას. სადაა ასეთი თავისუფალი ქვეყანა? სად შეიძლება ასე თავისუფლად სუნთქვა? ჩვენი ქვეყანა დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოა… (კარებზე ისმის კაკუნი) აი, გესმით? უკვე დაიწყო ხალხმა მოსვლა.
ვაჟა: იქნებ რამე საჭმელი ქონდეთ.
(შემოდის დარეჯანი ჩემოდნით ხელში)
დათო: დარეჯან? აქ რა გინდა?
დარეჯანი: გაეროდან გამომაგდეს
ვასიკო: გაეროდან? რატომ?
ვაჟა: ვინმე შეჭამე?
დარეჯანი: რაღაც რეზოლუციას იღებდნენ, მე ყურადღება გადატანილი მქონდა სხვა რამეზე და სულ სხვა რეზოლუციას დავუჭირე მხარი.
დათო: რაზე გქონდა გოგო გადატანილი ყურადღება?.
დარეჯანი: სტუმარი მყავდა…. ჯეიმსი იყო მოსული გაეროს სხდომაზე.
დათო: ფროუჩი? რა უნდოდა?
დარეჯანი: რა ენდომებოდა? სიკვდილი და დოზანა….ჩემი შეცდენა.
ვასიკო: გათახსირებული. მერე?
დარეჯანი: რა მერე?….შემაცდინა. ფაქ! მაგიდის ქვეშ შემოძვრა სწორედ იმ დროს როცა ხმა უნდა მიმეცა რეზოლუციისათვის,….. მოკლედ, სულ სხვა რამეს მივეცი ხმა და ატყდა იქ წიოკი, ბოლომდე ვერ გავიგე რა დავაშავე, მე ხომ ინგლისური მარტო ერთი სიტყვა ვიცი, მაგრამ ის კი გავიგე, რომ რაღაც ცუდი რამ დავაშავე და ამიტომაც გამომაგდეს გაეროდან.
ვასიკო: ცუდია, საჭმელი ჩვენ არ გვაქვს დაგამოდის რომ დღეიდან საერთაშორისო ავტორიტეტიც არ გვაქვს.
დათო: არაუშავს, სამაგიეროდ დამოუკიდებლები ვართ. იცი დარეჯან, დღეს დამოუკიდებლობის წლისთავი გვაქვს.
ვაჟა: ხო ეგ ძალიან გასახარელია. ვაშაააა
დარეჯანი: რა კარგ დროს ჩამოვსულვარ. ისე ძალიან გამიხარდა, რომ დავბრუნდი, აღარ შემეძლო, ვიჯექი და მთელი დღეები „ფაქ, ფაქ“ ს ვიძახდი. ციალასაც კი ვერ ველაპარაკებოდი, მშია. საჭმელი არაფერი გვაქვს?
ვაჟა: დაგვცინი? მეგონა შენ გექნებოდა რამე ჩვენთვის.
დათო: გამახსენდა, ამპულები გვაქვს.
დარეჯანი: რა ამპულები. ?
დათო: ჰუმანიტარული დახმარებიდან დაგვრჩა, ვაქცინაციის, აი, ეს დიზინტერიის, ეს ხოლერის, ესეც ყვითელი ჭირის.,
ვაჟა: მე დიზინტერიის მომეცი
ვასიკო: წითელი ჭირის არაა?,
დარეჯანი: მე ხოლერის მომეცი.
(შემოდის ჯეიმსი პარაშუტით)
ჯეიმსი: მომაცილეთ ეს საშინელება, პარაშუტით გადმოვხტი, თქვენთან ხომ არანაირი ტრანსპორტი არ მოდის.
დარეჯანი: ჯეიმს, რატომ არ გამაფრთხილეთ რომ ჩამოდიოდით?
ჯეიმსი: როგორ გამეფრთხილებინეთ, თქვენთან ხომ ტელეფონი არ მუშაობს. ფაქსიც კი ვერ გამოგიგზავნეთ.
დათო: ფაქსი ისევ აბანოში დგას?
ვასიკო: აბა სად უნდა იდგეს?
დათო: რა გახდა იმ ფაქსის აქ გადმოტანა?
ვასიკო: არ მუშაობს და რად გვინდა?
დათო: მერე რა, გადმოვიტანოთ, იდგეს თავისთვის.
ვასიკო: ხვალვე, მთავრობის სხდომის შემდეგ გადმოვიტანთ.
დათო: რას მივაწეროთ თქვენი სტუმრობა ბატონო ჯეიმს? ეხლა რის შემოწმებას აპირებთ?
ჯეიმსი: გეტყვით, ოღონდ ჯერ წყალი დამალევინეთ.
ვაჟა: სადაა წყალი და კარგი ცხოვრება, ვაქცინა გინდა?, დიზინტერიის დარჩა..
ჯეიმსი: გასაგებია, როგორც ვხედავ თქვენმა დამოუკიდებლობამ კრახი განიცადა არა?
დათო: როგორ გეკადრება, ჩვენ ბედნიერებისაგან სულს ვღაფავთ.
დარეჯანი: დღეს დამოუკიდებლობის ერთ წლისთავს ავღნიშნავთ.
დათო: არ გვეტყვით რატომ მობრძანდით?
ჯეიმსი: მე გამომგზავნეს, რომ გადმოგცეთ, თქვენს გამო პლანეტა პოლიტიკური კატასტროფის ზღვარზეა, თქვენს გამო შეიძლება ეს მშვენიერი დედამიწა ყოველ წამს აფეთქდეს.
დათო: სულ მაგას არ გავიძახით ჩვენს ქვეყანას ისტორიული მისია აკისრიაო. რაშია საქმე?
ჯეიმსი: დარეჯანმა მხარი დაუჭირა სუდანის წინადადებას და მისი წყალობით ისრაელი გადავიდა საუდის არაბეთის პროტექტორატის ქვეშ, რუსეთი შეუერთდა ჩრდილოეთ კორეას, ირანი კი არგენტინას. ეხლა თურქეთმა ყოველ წამს ომი შეიძლება გამოუცხადოს ჩინეთს.
ვასო: ბოდიში მომითხოვია და ეს ყველაფერი ჩვენ ვქენით?
ჯეიმსი: დიახ. დარეჯანმა, თქვენი მრავალტანჯული რესპუბლიკის სახელით
დათო: რაც მაგრები ვართ, ვართ რა. ისე შენი ბრალიცაა, ჩვენ დარეჯანი უდროო დროს რატომ შეაცდინე? რა გინდოდა გაეროს სხდომაზე მაგიდის ქვეშ?
დარეჯანი: მე მათ ყველაფერი მოვუყევი ჯეიმს.
ჯეიმსი: ჰო, მართალი ხართ, შევაცდინე, ჩემი ბრალიცაა, სინდისი მქეჯნის და მაგიტომაც ჩამოვედი აქ. სამყარო სულ აირია, თქვენს შემდეგ ვინც კი მოითხოვა დამოუკიდებლობა, ყველამ მიიღო.
ვაჟა: არ უნდა მოგეცათ ჩვენთვის დამოუკიდებლობა.
ჯეიმსი: არ უნდა მოგეთხოვათ ეგ დამოუკიდებლობა, თქვენმა შემთხვევამ ისე გააღიზიანა ევროკავშირი, რომ თქვენ ხომ იმავე წამს გაგიშვათ, არ გინდათ და ნუ გინდათო და თქვენს შემდეგ, ვინც კი გამოთქვა გასვლის სურვილი, ყველას მოთხოვნა დააკმაყოფილა, თქვენს გამო ბრიტანეთსაც კი მისცა ბოლო ბოლო, ევროკავშირიდან გასვლის უფლება.
დარეჯანი: გაუმარჯოს თავისუფლებას!
ჯეიმსი: ყველა ეგრე ყვირის და მერე ყველას შიმშილით სული სძვრება. ეხლა თქვენ თვითონ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე.
ვასიკო: ვერაფერს ვიზრუნებთ, ჩვენ უბრალოდ შიმშილით დავიხოცებით.
ჯეიმსი: თქვენ სამს ისღა დაგრჩენიათ ემიგრაციაში წახვიდეთ, თუმცა არ ვიცი რომელი ქვეყანა მიგიღებთ. მაგრამ თქვენ დარეჯან, თქვენ გაქვთ წასასვლელი, მე თქვენს წასაყვანად ჩამოვედი, წამომყევით იმ ქვეყანაში სადაც არ იფიქრებთ რა ჭამოთ, რა დალიოთ, იმ ქვეყანაში აღვადგენთ თქვენს პენსიას, თქვენ ხომ საბუთებით უკვე 113 წლის ომის ვეტერანი ბრძანდებით, თქვენ ისევ დაელაპარაკებით ტელეფონით თქვენს დას ციალას… მოკლედ, მე გთავაზობთ ცოლად გამომყვეთ და მოშორდეთ აქაურობას
დარეჯანი: და გავხდე დარეჯან ფროუჩი?
ჯეიმსი: დიახ, ეს უძველესი და უკეთილშობილესი გვარია.
დარეჯანი: ჯეიმს, ეს ჩემი სამშობლოა, მე მას ვერ დავტოვებ.
ჯეიმსი: დარეჯან, აქ ყველანი შიმშილით დაიხოცებით.
დარეჯანი: ვიცი ჯეიმს, მაგრამ დე დავიხოცოთ, სამაგიეროდ მშობლიურ მიწაში დავიმარხებით.
ვასიკო: ყოჩაღ დარეჯან, ბატონო ჯეიმს, თქვენ ფიქრობთ, რომ არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს?
ჯეიმსი: არანაირი.
ვაჟა: რა გვინდოდა, ვცხოვრობდით მშვენივრად, ვღებულობდით სუბსიდიებს, მე სკოლაში დავდიოდი, ეხლა მეექვსე კლასში ვიქნებოდი, შენი ბრალია ყველაფერი, მომინდომე დამოუკიდებლობა.
ვასიკო: ჰო, როგორც სჩანს რაღაც შეცდომები დავუშვით
დათო: მარტო ჩვენ არ დაგვიშვია შეცდომა, ეგ ჩვენამდე გაცილებით ადრე მოხდა, როცა ჯერ კიდევ სხვა ქვეყანა ვიყავით. მაგრამ ჩვენ გამოვასწორებთ ყველა ისტორიულ შეცდომას.
ვაჟა: კიდევ რამე მოიგონე?
დათო: მოვიგონე! ჩვენ გამოვუცხადებთ ომს!
ჯეიმსი: ომს? თქვენ? ვის?
დათო: ჩვენი ქვეყნის მტრებს.
ჯეიმსი: დიდი არჩევანი გაქვთ.
დათო: მეგობრებო, ძმებო და დაო, მომისმინეთ, დადგა ისტორიული ჟამი, ჩვენ უნდა დავიწყოთ ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა… დამოკიდებულებისათვის.
დარეჯანი: რა ბრძანეთ ბატონო პრეზიდენტო?
დათო: დიახ, ჩვენ მოვითხოვთ დამოკიდებულებას. ჩვენი ქვეყანა წელიწადზე მეტია იმყოფება იზოლიაციაში, არადა დრო იცვლება. აღარ შეიძლება საკუთარ თავში ჩაკეტვა, ჩვენ უნდა გავხდეთ ვინმეზე დამოკიდებული და იმ ვინმემ უნდა იზრუნოს ჩვენზე, ეს პლანეტარული პროცესია და ამ პროცესს ჩვენი ქვეყანა გვერდს ვერ აუვლის. გაუმარჯოს კულტურის მრავალფეროვნებას! ეთნიკურ სიჭრელეს! თვითოეული ჩვენთაგანი გახდება არა „მრავალტანჯული რესპუბლიკის“ მოქალაქე, არამედ მსოფლიო მოქალაქე, გესმით რა მაგარი გზაა.
ვასიკო: და ელგებეტეს ამბავში მსოფლიოში ისევ წამყვანები ვიქნებით.
დარეჯანი: და ამისათვის ომი ვის უნდა გამოვუცხადოთ ?
დათო: ამერიკას, ჩინეთს, ევროკავშირს, თურქეთს, არგენტინას, იაპონიას, ისრაელს, იქნებ ვინმე ჩაებას ომში. ჩვენ ამ ომს სწრაფად და ღირსეულად წავაგებთ და ასევე სწრაფად და ღირსეულად მივცემთ უფლებას, რომ ანექსია გაუკეთონ ჩვენს ქვეყანას. თავისუფლების ერა დამთავრდა და ეს უნდა გვესმოდეს, ამ გზით ჩვენც გადავრჩებით და ჩვენი ქვეყანაც აყვავდება ერთხელ და სამუდამოდ. გვეყო რაც ვიყვირეთ დამოუკიდებლები ვართ, დამოუკიდებლები ვართო, დადგა დრო ვიყვიროთ დამოკიდებულები ვართ, დამოკიდებული. მაშ ასე: დამოკიდებულ ქვეყანას გაუმარ……
(ყველა სდუმს, პაუზა)
კარგი, დარეჯან! გნიშნავ საგარეო საქმეთა მინისტრად, გაამზადეთ სამხედრო ნოტა ომის გამოცხადების შესახებ, დახედეთ მსოფლიო რუკას, რომ არც ერთი ქვეყანა არ გამოგრჩეთ და ყველას გამოუცხადეთ ომი.
ჯეიმსი: თქვენ მართლა გაგიჟდით, ეგ ხომ მესამე მსოფლიო ომი იქნება.
დათო: ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისათვის მესამესაც დავიწყებ და მეოთხესაც.
შემდეგი სურათი
საომარი მოქმედებები
კარადაში იმალება
ვაჟა, ვასიკო და დარეჯანი.
შემორბის დათო.
დათო: გეუბნებოდით გენიოსი ვარ თქო, ბედმა გაგვიღიმა, ყველა მხრიდან ალყაში ვართ.
დარეჯანი: ვაშააა!
ვასიკო: ჯერ არ დავუბომბივართ?
ვაჟა: ბევრნი არიან?
დათო: ერთი ოცი ქვეყნის დივიზია მაინც იქნება, იდიოტები, საქმეს მთელი სერიოზულობით მიუდგნენ, ერთადერთი რაც მაღელვებს ისაა, რატომ არ სჩანს ავიაცია?.
ვაჟა: ეტყობა ისე გადაგვიფრინეს, რომ ვერც დაგვინახეს.
ვასიკო: მაინც რა ქვეყნები დაგვესხნენ თავს?
დათო: კარგი, ნარჩევი ქვეყნები ჩემო ვასიკო, ამერიკაცაა, იაპონიაც,
ვაჟა: რუსეთი?
ვასიკო: გაგარუსებ მე შენ.
დათო: რუსეთს სადა აქვს იმის თავი ჩვენ შეგვებრძოლოს.
ჩინეთიც დაგვესხა თავს, არ ველოდი და დიდი ბრიტანეთიც.
დარეჯანი: მე ბრიტანეთი მაწყობს, ენის სწავლა არ დამჭირდება.
დათო: ეხლავე ჩავატაროთ გენერალური შტაბის სხდომა.
ვასიკო: აქ თუ აბანოში გადავინაცვლოთ.
დათო: აქ, აბანო თურქებმა დაიკავეს. მაშ ასე, ყველას კარგად გვესმის, რომ ბრძოლა უთანასწოროა, ამიტომ არ აღელდეთ, ჩვენ გამარჯვება არ გვემუქრება. მოკლედ, ჩვენი ტაქტიკა ასეთია: თან ქვეყანა გადავარჩინოთ და თანაც ღირსეულად ვიბრძოლოთ.
ვასიკო: ვიბრძოლოთ? ეგ როგორ?
დათო: ეხლავე მოგახსენებთ. რადგანაც მოწინააღმდეგეებს დიდი უპირატესობა აქვს ჩვენზე, უნდა სასწრაფოდ გადავიდეთ პარტიზანულ ომზე. მით უფრო, რომ ჩვენ ქვეყანას მაგის დიდი ტრადიცია და ისტორიული გამოცდილებაც აქვს, პარტიზანული ომი თხოულობს დამალვის დიდ ხელოვნებას, ჩვენ უნდა გავიფანტოთ სხვადასხვა მხარეს, იქ დავიმალოთ და ასე ავურიოთ თავგზა მოწინააღმდეგეს.
დარეჯანი: გენიალურია.
ვაჟა: შემთხვევით, რომ გვესროლონ?
დათო: ამიტომ, გამოიყენეთ ყველა ბუჩქი, ყველა მიტოვებული სარდაფი და იქ დაიმალეთ.
დარეჯანი: შეხედეთ, თეთრი დროშა აღმართეს, გვნებდებიან. დავიღუპეთ,ჩვენ გავიმარჯვეთ.
ვასიკო: არავითარ შემთხვევაში, მე პროტესტს ვაცხადებ, ამდენ ქვეყანას ვერ ვუპატრონებთ.
ვაჟა: მე ჯერ კარგად დამალვაც ვერ მოვასწარი.
დათო: აი ეს კი ვერ გავთვალე, რომ ჩვენი სიძლიერის შეეშინდებოდათ, არა ღმერთო, გააკეთე ისე, რომ ჩვენ დავმარცხდეთ, რად მინდა მე ეს გამარჯვება, ჩემს ქვეყანას არასოდეს გაუმარჯვია და რაღა ჩემი პრეზიდენტობის დროს უნდა გავიმარჯვოთ? რა სიბნელეა! ვერაფერს ვხედავ. სადა ვარ? რომელიმემ მითხარით, სადა ვარ? დარეჯან, შენ მაინც მითხარი სადა ვარ?
დარეჯანი: თეატრში
დათო: ეს კარგია, მაშინ გავაგრძელოთ თამაში.
თეთრი დროშით მოდის ჯეიმსი
ჯეიმსი: არ მესროლოთ!
დათო: კიდევ ეს კაცია? ხომ ვერ მეტყვით, რით ვერ მოვიცილეთ ეს კაცი?
ჯეიმსი: მე გამომგზავნეს მოლაპარაკებაზე, თქვენი ენა ხომ მარტო მე ვიცი.
ვასიკო: ისე მართლა, სულ მაინტერესებდა ჯეიმს, საიდან იცით ჩვენი ენა?
ჯეიმსი: მე კიდევ სულ მაინტერესებდა რატომ არ მეკითხებიან თქო, (იღებს ქილას)
ვასიკო: რა არის ეგ? ბომბი?
ჯეიმსი: ბებიაჩემია, (ყრის ფერფლს მიწაზე) მეც აქაური ვარ, ბებია მყავდა აქედან, მან მასწავლა ენა და მე დაბადების მეტრიკაში ჯეიმსი კი არა, ჯაბა მიწერია.
დარეჯანი: როცა შემაცდინე, მაშინვე რატომ არ მითხარი ჯაბიკო?.
ჯეიმსი: ვერ გავბედე დარო, თან იმ კამერუნელის შემრცხვა, თვალებგადმოკარკლული გვიყურებდა.
დათო: გვეყოფა სენტიმენტები, რაო იმ მშიშარა მათხოვრებმა, რა მოლაპარაკება აუტყდათ?
ჯეიმსი: ჩვეულებრივი პროცედურაა, სანამ შტურმს დაიწყებენ უკანასკნელად გთავაზობენ უსიტყვო კაპიტულაციას ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე.
დათო: არასოდეს, უბრძოლველად ჩვენ არ ჩავბარდებით. ჩვენ გამოვალთ ბრძოლის ველზე და მათ თუ უნდათ, იქ ჩაგვიგდონ ხელთ.
ჯეიმსი: გასაგებია, ესეიგი გადავცემ, რომ უარს აცხადებთ უსიტყვო კაპიტულაციაზე და მხოლოდ ბრძოლის ველზე ჩაბარდებით, მაგრამ გაფრთხილებთ, თუ 5 წუთში არ გამოხვალთ ისინი დაიწყებენ ოპერაციას სახელწოდებით „შენ დაუკარ…“ დარეჯან, ეხლა როცა იცი ვინც ვარ, გთავაზობ გამომყვე და ეს სამნი კი შენს გარეშე გამოვიდნენ ბრძოლის ველზე. მაინც ომია, ხომ შეიძლება რამე მოხდეს.
ვასიკო: მოიცა, მოიცა რა შეიძლება მოხდეს?
ჯეიმსი: რა ვიცი, ომია მაინც, ხომ შეიძლება ვინმემ გაისროლოს
დათო: რას ნიშნავს გაისროლოს? რატომ უნდა გაისროლოს.
ჯეიმსი: დარეჯან, გამომყევი გთხოვ.
დარეჯანი: არა ჯაბუნა, ჩემს ძარღვებში ისევე როგორც შენში, ცისფერი სისხლი სჩქებს, მე ვერ დავტოვებ ჩემს მეგობრებს და მეც ვიბრძოლებ ჩემი ბედკრული სამშობლოსათვის. მეც ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ჩაგბარდებით ბრძოლის ველზე. შენ წადი და უთხარი მათ, შემთხვევით ვინმემ არ გაბედოს და გაისროლოს.
ჯეიმსი: კარგი ჩემო სიცოცხლე, კარგად მესმის შენი და უფრო მეტად გაფასებ ასეთი საქციელისთვის, დარჩი შენს მეგობრებთან და მათთან ერთად ჩაბარდი მტერს, მეც იქ ვიქნები შორიახლოს და პირობას გაძლევ არავის მივცემ უფლებას უღირსოდ მოგეპყრას, იცი, დარეჯან, როცა პირველად დაგინახე აი ამის კაბინეტში, როცა შენ ფანჯრიდან გადახტი, იცი, მაშინვე ვიგრძენი, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ დაბადებული, ბებიაჩემი ბავშვობიდანვე მეუბნებოდა, რომ ცოლად აუცილებლად უნდა მომეყვანა ჩემი სისხლის….
დათო: ე, წადი რა!
ჯეიმსი: მივდივარ!
(ჯეიმსი გადის)
დათო: ბატონებო, დადგა ჟამი გმირობისა, დადგა ჟამი დიდებისა! ჩვენ მტერთან პირისპირ ისე გავალთ, რომ ამ ბრძოლის შესახებ შეთხზავენ ლეგენდებს, მტერი იამაყებს, რომ რომ ასეთი გმირები შეიპყრო, დარეჯან!
დარეჯანი: გისმენთ ბატონო პრეზიდენტო.
დათო: სანამ გავალთ ბრძოლის ველზე, მინდა მადლობა გამოგიცხადოთ სამშობლოს უკიდეგანო სიყვარულისთვის. თქვენ იმსახურებთ იმას, რომ პირველი ჩაბარდეთ მტერს ბრძოლის ველზე.
დარეჯანი: ეს ჩემთვის პატივია ბატონო პრეზიდენტო.
დათო: პრემიერ მინისტრო.
ვასიკო: გისმენთ ჩემო პრეზიდენტო.
დათო: თქვენ ზუსტად ისეთი პრემიერ მინისტრი იყავით, რომლის ღირსიც იყო ჩვენი ქვეყანა. ამიტომ თქვენ მეორე ჩაბარდებით მტერს.
ვასიკო: მადლობა ჩემო პრეზიდენტო.
დათო: ჩემო ძმაო…
ვაჟა: შენ იყავი არაფრის გამკეთებელი პრეზიდენტი, შენ მხოლოდ ლაპარაკი შეგეძლო და საქმის კეთება კი არ იცოდი, მაგრამ შენ მთელი გულით გიყვარდა ეს ქვეყანა და ამიტომ ღირსი ხარ ჩემზე ადრე ჩაბარდე მტერს.
დათო: და შენ როგორც უკანასკნელი მშიშარა, ბოლოს ჩაბარდები მტერს?.
ვაჟა: ზუსტად ეგ უნდა მეთხოვა შენთვის.
დათო: კარგი შეგისრულებ მაგ თხოვნას, მაშ ასე მეგობრებო, წინ გავწიოთ, ვუჩვენოთ მტერს როგორ გმირულად ბარდებიან ტყვედ ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები. ერთი, ორი, სამი
(გაცვივდებიან გარეთ, პაუზა, ცოტა ხნის შემდეგ ოთხივე უკან ბრუნდება)
დათო: ეტყობა შეეშინდათ და იმიტომ არ გვახლეს ხელი.
ვასიკო: ნახეთ რა შეიარაღება ჰქონდათ? რამდენი ტანკი, რამდენი ჯავშანტრანსპარტიორი, ბალისტიკური რაკეტები ყავდათ, ასეთი რამ მარტო ტელევიზორში თუ მინახავს.
დარეჯანი: და რა ბიჭები ყავთ ჯარისკაცებად, ერთი მეორეზე უკეთესები.
ვაჟა: დავიჯერო ჩვენ ოთხის შეეშინდათ?
დათო: შეეშინდათ აბა რა, ვერ ნახე ადგილიდან არც გაინძრნენ, შოკში იყვნენ, ეტყობა მათაც სმენია, რომ ჩვენი ერთი ჯარისკაცი იმათ ათას უდრის.
ფრთხილად შემოდის ჯეიმსი.
ჯეიმსი: უკაცრავად, სამხედროები გთხოვენ კიდევ ერთხელ გაიმეოროთ თქვენი გამოსვლა, რადგან არიერგრადმა ვერ მოასწრო თქვენი კარგად დანახვა.
დათო: რას ნიშნავს ვერ მოასწრო დანახვა? ეხლავე დავანახებთ, აბა მეგობრებო, ვიმეორებთ ტყვედ ჩავარდნის პროცედურას, აბა, წინ, ერთი, ორი, სამი, ვაშაა.
ისევ გაცვივდებიან, ისევ პაუზა და ისევ შემოდიან უკან.
დათო: ვერ გავიგე, ტყუილად გავცვივდით ამხელა ხალხი? ისევ არ აგვიყვანეს ტყვედ.
ჯეიმსი: ტყუილად რატომ? სამხედროებს ამდენი არასდროს უცინიათ, ძალიან იხალისეს.
ვასიკო: და რატომ არ შეგვიპყრეს? რატომ არ მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ანექსია?
ჯეიმსი: არავინ აპირებდა თქვენი ქვეყნის ანექსიას, არავის სჭირდება არც ეს ქვეყანა და არც თქვენ. თქვენ უბრალოდ ომში წაგებული მხარე ხართ.
ვაჟა: მე მაინც ვერ გავიგე, ვის ვეკუთვნით ეხლა?
ჯეიმსი: თქვენ? არავის, ვის რაში სჭირდებით?, ოღონდ ერთი კია, როგორც ომში წაგებულ მხარეს, დაგედებათ კონტრიბუცია და ამ ომის ყველა სამხედრო ხარჯი თქვენ დაგაწვებათ, რაც თქვენს ვალებს ერთი ხუთჯერ გაზრდის.
დათო: საშინლად განადგურებული ვარ. გასაგებია, რადგან ასეა, სხვა გზა არა მაქვს, მე განადგურებული ვარ და უნდა მივიღო ისტორიული გადაწყვეტილება,
ვასიკო: რამდენჯერ უნდა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება.
დათო: ჩვენს ქვეყანაში…რა ქვია ჩვენს ქვეყანას?
ვაჟა: მრავალტანჯული რესპუბლიკა
დათო: არა მანამდე?
ვასიკო: გაუგებარი რესპუბლიკა
დათო: არა მანამდე, მანამდე…
დარეჯანი: დედამო….
ვასიკო: არა, არა, მანამდე, ვერსიები, ვერსიები…
დათო: ასე არ იწყებოდა? სა..სა.სა..
ვასიკო: სასირეთი?
დათო: გაიხსენეთ, გაიხსენეთ,… რა სიბნელეა, ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ წინაპართა აჩრდილებს ვხედავ…სადა ვართ? სად? სად?
დარეჯანი: თეატრში ხარ, რით ვერ გაიგე?
ვასიკო: რით ვერ დაიმახსოვრე?
დათო: მართლა? მაშინ გავაგრძელოთ თამაში. ბატონებო, ამ ქვეყანაში ან კლავდნენ პრეზიდენტებს, ან მათ, ქვეყნიდან აძევებდნენ, მე კი ნოვატორულად დავარღვევ ამ ქვეყნის ისტორიას,ბატონო პრემიერ მინისტრო, ჩაიბარეთ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება. მე გადავდექი, დღეიდან აღარ ვარ ამ დიადი ისტორიის მქონე ქვეყნის პრეზიდენტი.
დარეჯანი: არ დაგვღუპო აზდაკ.
დათო: დათო, მე დათო მქვია.
დარეჯანი: ხოდა არ დაგვღუპო დათო, შენ არა გაქვს ამის უფლება, შენ ბოლომდე უნდა ემსახურო შენს ქვეყანას.
ვასიკო: ქალბატონო დარეჯან, ხელს რატომ უშლით ექს პრეზიდენტს.
ვაჟა: სწორი გადაწყვეტილებაა, უფრო ადრე უნდა გექნა ეგ.
ჯეიმსი: დარეჯანი მართალია, ამ საქციელით თქვენ საბოლოოდ გადასჩეხთ ამ ქვეყანას უფსკრულში.
ვაჟა: სულ მაინტერესებდა ამ უფსკრულს ბოლო არა აქვს? კიდე სადღა უნდა ჩავიჩეხოთ?.
ჯეიმსი: რა საწყენია, რომ ზუსტად მაშინ, როცა გაგიჩნდათ კარგი ცხოვრების შანსი, სწორედ მაშინ ყრით ფარ ხმალს. ძალიან საწყენია.
დარეჯანი: დაგვცინით? რა შანსი. ჩვენი ანექსია არავის უნდა, ომ წაგებული, განადგურებული ქვეყანა ვართ ვალებით და ყოველგვარი სახსრების გარეშე.
ჯეიმსი: ზუსტად მანდაა თქვენი შანსი.
დარეჯანი: რამე იცით და გვიმალავთ?
ჯეიმსი: იცით დარეჯან, როცა დაგინახეთ როგორ იდექით ხელებაწეულნი და როგორ დაგცინოდათ მთელი პლანეტის შეიარაღებული ძალები, მივხვდი, რომ ძალიან მიყვარხარ შენ, თქვენც
დათო: ამის დაცინვა მაკლდა.
ჯეიმსი: სულაც არ დაგცინით. მე კი არა თქვენ დასცინით მთელ სამყაროს, სიცილმა გადაგარჩინათ თქვენ და სწორედ ამ სიცილშია თქვენი სიძლიერე. თქვენ თქვენი არსებობით მარტო თქვენ თავს კი არა, მთელ კაცობრიობას დასცინით, იმიტომ რომ თქვენ მართლა არაჩვეულებრივი ხალხი ხართ, თქვენი სიჯიუტე უტოლდება განდის და ჯეფერსონის სიჯიუტეს, მეტსაც გეტყვით, თქვენ იმ არაჩვეულებრივი ქვეყნის შვილები ხართ, სადაც იბადებიან უდიდესი ადამიანები, ამიტამაც შვა ამ ქვეყანამ ამდენი გენიოსი, მთელს პლანეტაზე ვერ მოძებნით თქვენისთანა ხალხს იმიტომ რომ თქვენ ყველაზე დიდი გაჭირვების დროსაც იცინით, იცინით, იცინით და არ მარცხდებით, იმიტომ რომ თქვენი დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია ხალხნო, მე ვარ ამაყი, რომ ჩემს ძარღვებში თქვენი სისხლი სჩქეფს, მე ვარ ამაყი, რომ გიცნობთ, ადექით, ადექით…
ვასიკო: ვდგევართ უკვე ბატონო ჯეიმს.
ჯეიმსი: მე თქვენ სათითაოდ მინდა ჩამოგართვათ ხელი.
ვასიკო: ძალიან ამაღელვებელია ეს ყოველივე, მაგრამ ვფიქრობ თქვენ ეხლა ხელს გვიშლით, წაბრძანდით აქედან, ჩვენ უნდა გავაფორმოთ პრეზიდენტის გადადგომის აქტი, დავნიშნოთ ახალი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, შემდეგ ჩავატაროთ არჩევნები და ჩემი ინაუგურაცია…
ჯეიმსი: მომისმინეთ!
თქვენ არ გესმით რა ჩაიდინეთ, არ გესმით რა ქენით
დათო: რა ვქენით ამისთანა
ჯეიმსი: თქვენ დაიწყეთ მესამე მსოფლიო ომი
დათო: და რა მოხდა მერე?
ჯეიმსი: ის რომ, ეხლა თქვენ თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ დახმარება ომში განადგურებული ქვეყნის აღდგენისათვის.
ვასიკო: მოდი აქ შენ, უფრო დეტალურად გვითხარი რა ხდება
ჯეიმსი: დამიჯერეთ მათ იმდენი ფული აქვთ, რომ არ იციან სად წაიღონ, მსოფლიო ომი ხომ არ ყოფილა 1945 წლიდან, მაშინ, გერმანია და იაპონია თქვენზე მეტად განადგურდა, მაგრამ ეხლა ხომ ხედავთ რა ქვეყნებია, ისევე როგორც მაშინ გერმანიამ და იაპონიამ მოსთხოვა დახმარება გამარჯვებულ მხარეს, ასევე ეხლა თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ დახმარება ომში განადგურებული ქვეყნის აღდგენისათვის. საჭიროა კარგად შევადგინოთ პროექტი და დარწმუნებული ვარ რომ ამ გრანტს მოვიგებთ და ეს იქნება მრავალ მილიარდიანი გრანტი.
დათო: რას ამბობ? ამ კაცს აშკარად ეტყობა, რომ ჩვენიანი სისხლი უჩქეფს ძარღვებში და შენ დაგვეხმარები?
ჯეიმსი: რა თქმა უნდა, ეს ხომ ბებიაჩემის სამშობლოა, ესეიგი ჩემი სამშობლოცაა,
ვასიკო: ბებიაშენს ვეხვანხვალე ბიჭო.
ჯეიმსი: თანაც დარეჯანის ხათრით რას არ გავაკეთებ.
დარეჯანი: მართლა?
ჯეიმსი: დიახ დარეჯან, დაგინახეთ თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ოცნების ქალი ხართ.
დარეჯანი: ოცნების ქალი ?
ჯეიმსი: ჩემი ოცნების ქალი
დარეჯანი: ჯაბუკა, მგონი ზუსტად ის დროა გითხრათ, მე ორსულად ვარ.
ყველა: ვისგან?
დარეჯანი: რა თქმა უნდა ჯეიმსისაგან.
ჯეიმსი: რატომ ადრე არ მითხარით?
დარეჯანი: ვყოყმანობდი, არ ვიცოდი ვისგან მყავს.
დათო: არაჩვეულებრივი ინფორმაციაა, ესეიგი ქვეყანაში მატება გვაქვს.
დარეჯანი: ბიჭი თუ დაიბადება ჯაბა დავარქვათ.
დათო: და გოგო თუ დაიბადება?
დარეჯანი: გოგოს დავითი
ჯეიმსი: საერთოდ უნდა განვაცხადოთ, რომ დარეჯანს ერთი შვილი კი არ გაუჩნდა არამედ 9 ტყუპი, 9 ძმა ფროუჩები. ამის დოკუმენტაციას სასწრაფოდ მოვამზადებ და დარეჯანი იმავე წამს მოხვდება გინესის რეკორდების წიგნში და დარეჯანს როგორც მრავალშვილიან დედა რეკორდსმენ რეინჯერს, დაენიშნება დიდი დახმარება.
დათო: არა რა, ნაღდად ჩვენიანია, შენს ძარღვებში ნაღდად სჩქეფს ბებიაშენის სისხლი. მოდი უნდა გადაგეხვიო. გინდათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა?
ჯეიმსი: თუ ქვეყნის პრემიერ მინისტრად დამნიშნავთ რატომაც არა?.
ვასიკო: მოიცა, მოიცა, ვერ გავიგე შენი სიტყვის ბოლო ნასხლეტი? ….
დათო: ვასიკო გადაყენებული ხარ, ჯაბა შენ დანიშნული ხარ, ვასიკო, ნუ მებუტები, კულტურაში გაგიშვებ.
ვასიკო: კულტურაში რა მინდა… არის იქ რამე?
დათო: არ იცი ესენი რა იდიოტები არიან? კულტურაში დებენ დიდ ფულს.
ვასიკო: მართლა? მაშინ თანახმა ვარ.
დათო: მაშინ მთავრობის სხდომას ვიწვევ.
ვასიკო: ესეიგი 700 მილიონი უნდა გადაურიცხოთ კულტურას, თეატრებს…
დარეჯანი: როგორ გეკადრებათ, კულტურა არ არის ჩვენი პრიორიტეტი…
ვაჟა: მოიცათ, მოიცათ, რომელ ქვეყნის აღდგენაზეა საუბარი?, იმისათვის რომ აღადგინო, ქვეყანა დანგრეული უნდა იყოს და ლტოლვილებიც გვყავდეს, ლტოლვილების მეტი რა გვყავს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა დაქცეულია და არა დანგრეული, ამ ომში, ერთი სახლიც არ დანგრეულა ამ ქვეყანაში, ყველა შენობა მთელია
ვასიკო: ისე მართალია…
დარეჯანი: ხოოოო
დათო: მერე რა პრობლემაა?
ჯეიმსი: არანაირი.
დათო იღებს ხელში ჩაქუჩს.
დათო: დალეწეთ, გაანადგურეთ, დაანგრიეთ მთელი ქვეყანა, მიწასთან გაასწორეთ ყველა შენობა, ქვა ქვაზე არ დატოვოთ არაფერი.
ყველა: ვაშაააააა!
დასასრული


