ტელეmისტერია
ტრაგიკომედია 2 მოქმედებად
ნიკო – ოჯახის უფროსი
მარინა – ნიკოს ცოლი
ნიკო სავარძელში ზის და უყურებს ტელევიზორს, შემოდის მარინა.
ნიკო: – ეხლა ვინ მოვიდა?
მარინა: – ისევ ის ტიპია, თევზის სუნი, რომ ასდის. . . (ტელევიზორში დაინახა ვიღაც) შეხედე ზუსტად ის პიჯაკი აცვია, ერთი თვის წინ, რომ ეცვა.
ნიკო: – სამაგიეროდ თმა აქვს სხვანაირად, თანაც ცოტათი უფრო აგრესიული გახდა.
მარინა: – ხანდახან ისეთ უვიცებს ხვდება, რომ კიდევ კარგ ჭკუაზეა, შეხედე, შეხედე, არ იცის სად დაიბადა ქრისტე, კრეტინი! გახდება ადამიანი აგრესიული აბა არ გახდება, ბეთლემში იდიოტო, ბეთლემში.
ნიკო: – ეს უკვე მეთორმეტე სტუმარია.
მარინა: – (ტელევიზორზე) თორმეტი სტუმარი ყავდა?
ნიკო: – მაგას არა, ჩვენს მდგმურს, ეს მეთევზე უკვე მეთორმეტეა დღეს.
მარინა: – რა იცი, რომ მეთევზეა?
ნიკო: – აბა, სულ თევზის სუნი რატომ ასდის?
მარინა: – იქნებ თევზის გამყიდველია…, ექვსი წლის შვილი ყავს, ბავშვს კი იმდენი სჭირდება.
ნიკო: – შენ რა იცი რამდენი წლის შვილი ყავს?
მარინა: – ჟურნალში იყო ინტერვიუ, იქ წავიკითხე.
ნიკო: – ინტერვიუ? ამ მეთევზესთან?
მარინა: – არა (ტელევიზორზე) ამ წამყვანთან, იმიტომ დაუწყია მუშაობა ტელევიზიაში.
ნიკო: – ისე ერთ დღეში თორმეტი სტუმარი, ცოტა ბევრია არა?
მარინა: – ხომ ვერ აუკრძალავ, მეგობრები არიანო, თანაც სულ ჩუმად არიან, არ ხმაურობენ, არ ეწევიან, არც სხვებივით მუსიკას აღრიალებენ. ჩუმად დაიარებიან თავისთვის.
ნიკო: – ჰო, მაგრამ ერთ დღეში თორმეტი კაცი, ნამეტანია.
მარინა: – სამაგიეროდ ქალები არ მოყავს, სანამ რეკლამაა სხვა არხზე გადართე. . . (ტელევიზორზე) ამ მინისტრს ვერ ვიტან,რომ ვხედავ სულ მინდა ულვაშები ღერა ღერა დავაწიწკნო.
ნიკო: – პედარასტი ხომ არაა?
მარინა: – რა ვიცი, ისე არ გამიკვირდება, ამ მთავრობაში ისეთები არიან, რომ პედარასტებიც ეყოლებათ.
ნიკო: – რა შუაშია მთავრობა, მე ჩვენს მდგმურზე გეკითხები?
მარინა: – რას მეკითხები?
ნიკო: – ქალები, რომ არ მოყავს პედარასტი ხომ არაა?
მარინა: – შენ რა გინდა, რომ ქალები მოიყვანოს?
ნიკო: – მე არაფერი არ მინდა, უბრალოდ ვიკითხე სულ კაცები, რომ მოყავს პედარასტი ხომ არაა მეთქი?
მარინა: – რეკლამა დამთავრდებოდა, თამაშზე გადართე, უი, ეს ის არაა? ამასწინათ, სამ კითხვასაც რომ ვერ უპასუხა?
ნიკო: – ხო, ისაა, რატომ მოდიან ამდენი იდიოტები ხომ არ იცი? შეხედე, შეხედე, ის არ იცის რა ერქვა იესოს დედას, მარიამი შე კრეტინო, მარიამი, სად პოულობენ ასეთ დებილებს ა?
მარინა: – არ ვიცი, არა მგონია, არა გავს.
ნიკო: – ვინ არა გავს?, შეხედე სუფთა დებილია.
მარინა: – ეს კი, მე ჩვენს მდგმურზე გეუბნები, უცნაური ტიპი კი არის, მაგრამ პედარასტს არ ჰგავს.
ნიკო: – რა მითხარი რა პროფესია აქვსო?
მარინა: – მასწავლებელიო.
ნიკო: – ძალიან კარგი, მასწავლებლებს ფული არა აქვთ, თორემ კარგი ხალხია, (ტელევიზორისკენ) შეხედე გააბუნძულეს, ვერც ერთი კაპიკი ვერ წაიღო, ისე რა მნიშვნელობა აქვს როგორია, მთავარია დროზე გვიხადოს ფული..
მარინა: – ნინო, ალბათ დღესაც გვიან მოვა, ბევრი სამუშაო აქვს აღებული.
ნიკო: – შეიძლება დღეს ადრე გამოუშვან, ეტყვის ძმის დაბადების დღე მაქვსო და ადრე გამოუშვებენ, რაც არ უნდა იყვეს, დღეს მისი ძმა 18 წლის გახდა, 18 წელი ის ასაკია, როდესაც კაცი უკვე არჩევნებშიც კი იღებს მონაწილეობას.
მარინა: – ცხრამეტის.
ნიკო: – რა?
მარინა: – დღეს გიორგი ცხრამეტი წლის გახდა.
ნიკო: – იცი, მე როდესაც თვრამეტი წლის გავხდი, მამაჩემმა სიგარეტი მომაწევინა.
მარინა: – შენც უნდა მოაწევინო გიორგის?
ნიკო: – აბა რა, ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა, მამაჩემს ბაბუაჩემმა მოაწევინა, იმას კიდევ მისმა მამამ, არის რაღაც ამაღლებული საოჯახო ტრადიციებში…
მარინა: – გიორგი, რომ არ ეწევა?
ნიკო: – მამაჩემმა გამომიწოდა სიგარეტი და მითხრა: შვილო, შენ ეხლა უკვე დიდი ბიჭი ხარ და შეგიძლია მოწიოო და . . .
მარინა: – და რაო?
ნიკო: – რა მახსოვს, მას შემდეგ იმდენი წელი გავიდა, შეხედე, შეხედე ეს იდიოტი ისევ ლაპარშლავაბს, ეს უნდა იყვეს მინისტრი და მე ეკონომისტი. მე რომ მაგის ადგილას ვიყვე…
მარინა: – რას იზამდი?
ნიკო: – რას ვიზამდი და . . . . რამეს ვიზამდი.
მარინა: – ძალიან გთხოვ არ ჩაერიო პოლიტიკაში, ვინც ჩაერია რა მოიგო,ხომ ხედავ იდიოტებს დაემსგავსნენ. (ტელევიზორისკენ)ეს ის არაა, წინ კვირას პარლამენტში რომ იჩხუბა?
ნიკო: – წინა კვირას პარლამენტში ბევრი ჩხუბობდა
მარინა: – აი ის, წიხლებს, რომ ირტყმევინებოდა.
ნიკო: – წიხლსაც ბევრი ირტყმევინებოდა
მარინა: – თან დედას, რომ იგინებოდა
ნიკო: – დედასაც ბევრი იგინებოდა, თევზი უკვე შეწვი?
მარინა: – ჰო, გიორგი გიჟდება თევზზე.
ნიკო: – გიორგი, გიორგი, როგორ უცებ გაიარა 18 წელმა
მარინა: 19-მა.
ნიკო: – შეხედე, პარიზს უჩვენებენ, არ უნდა წავიდეთ მე და შენ პარიზში?
მარინა: – პარიზი, მე მგონი ისე მოვკვდები, რომ პარიზს ვერ ვნახავ, ღმერთო რატომ მოხდა ისე, რომ მთელი ცხოვრება აქ, ამ ქალაქში გავატარე, ხომ არიან ადამიანები, რომლებიც სულ მოგზაურობენ, რატომ არ შეიძლებოდა, რომ მეც სულ მემოგზაურა, მე ხომ ხეტიალისთვის ვარ დაბადებული, როგორ გავატარე მთელი ცხოვრება? საუზმე, სადილი, ვახშამი. საუზმე, სადილი, ვახშამი. საუზმე, სადილი, ვახშამი. ვიღაცეები კი დადიან, დადიან, ხან ერთ ქვეყანას ნახავენ, ხან მეორეს, ხან ზღვაზე არიან, ხან მთებში, შეიძლებოდა, რომ მე ლუვრი არ მენახა? ტროკადეროზე ყავა არ დამელია? ეიფელის კოშკზე არ ავსულიყავი და იქიდან არ დამეყვირა? შანზელიზეზე არ გამესეირნა? რატომ? რა დავაშავე ამისთანა? რატომ გავატარე მთელი ცხოვრება სამზარეულოში? რისთვის დავისაჯე, რისთვის? ჰო, შვილები გავზარდე, მთელი ცხოვრება მათ შევწირე, კარგი შვილები მყავს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, რომ თან ეს ყოველივეც მენახა, სხვებისათვის თუ შეიძლება, ჩემთვის რატომ არ შეიძლება? შეხედე რა სილამაზეა.
ნიკო: – ეს მილანია.
მარინა: – მილანი? აკი პარიზიო?
ნიკო: – აგერ წერია, მილანიო, მილანიო!
მარინა: – ჰო, კარგი იყოს მილანი, მაინც ლამაზია
ნიკო: – რას ნიშნავს იყოს, როცა მილანია, პარიზი საფრანგეთშია, მილანი კი ესპანეთში.
მარინა: – იტალიაში. მილანი იტალიაშია და არა ესპანეთში.
ნიკო: – მერე ვინა თქვა ესპანეთშიო, იტალიაშია, ესპანეთში მილანს რა უნდა. თევზის ჭამას, რომ დავიწყებ, ყურადღებით იყავი, რომ ფხა არ გადამეყლაპოს მაშინდელივით, პარლამენტის სხდომას, რომ ვუყურებდი და რომ გადამეყლაპა.
მარინა: – სხვაგან გადართე.
ნიკო: – (გადართავს) ამ არხზე ეს ბავშვები ჩვენ დაგვცინიან თუ თავის თავს?
მარინა: – თუ არ მოგწონს იმ არხზე გადართე სულ რომ გიტარაზე უკრავენ, ან იმაზე სულ რომ ერთი კაცი ლაპარაკობს.
ნიკო: – არა, ეხლა აქ შეიძლება რამე ფილმი უჩვენონ.
მარინა: – რა უბედურებაა, გამოდის ყოველდღე და ერთი და იგივეს იძახის, ეს გავაკეთე, ის გავაკეთეო, მაგის მეტს არავინ არაფერს აკეთებს? მაგრამ ეტყობა სინდისი საერთოდ აღარა აქვს და როდესაც ადამიანს სინდისი არა აქვს ყველაფერს იკადრებს. . . .
ნიკო: – წესიერ ფილმებს აღარ უჩვენებენ, ან ფილმების ყიდვის თავი არა აქვთ, ანდა წესიერ ფილმებს ვეღარ იღებენ, სულ საშინელებები გადის, აღარც მსახიობები უვარგათ და აღარც რეჟისორები. . .
შემოდის ნინო
ნინო: – საშინლად წვიმს.
ნიკო: – წვიმს?
ნინო: – ჰო, მთელი დღეა გადაუღებლივ წვიმს.
მარინა: – ნინოც მოვიდა, ადრე გამოგიშვეს სამსახურიდან? ყოჩაღ,Dდღეს ყველანი ერთად ვივახშმებთ.
ნინო: – მამა, რას უყურებ?
ნიკო: – არაფერს, ეხლა აქ შეიძლება რაღაც ფილმი დაიწყოს, წვიმს არა? დაღლილი ხარ?
ნინო: -არა.
ნიკო: – ბევრი სამუშაო გქონდა?
ნინო: – არა?
მარინა: – ნინო, აბა მითხარი მილანი სადაა, იტალიაში თუ ესპანეთში?
ნინო: – იტალიაში.
ნიკო: – იტალიაშია, აბა ესპანეთში რა უნდა, რა უნდა ესპანეთში მილანს, არ ამოიჩემა?, ვინ თქვა ესპანეთშიაო? ვინ? დაიღალე?
ნინო: – არა.
ნიკო: – გაძლევენ და გაძლევენ არა სამუშაოს?
ნინო: – არა.
ნიკო: – კარგია, კარგი, დამიჯერე შვილო, არაფერია იმაზე კარგი, როცა ბევრი სამუშაო გაქვს.
ნინო: – რატომ უყურებ ამ საშინელებას?
ნიკო: – რატომ არის საშინელება, მშვენივრად მღერიან, ამ ბოლო დროს საერთოდ ძალიან აიწია ესტრადის დონემ, რამდენი ვარსკლავი გვყავს, ვინც კი სიმღერა დაიწყო, ყველა ვარსკლავი გახდა. მაშ ბევრი სამუშაო გაქვს არა?
ნინო: – არა, არა.
ნიკო: – ეს ვინაა?
ნინო: – არ ვიცი, ალბათ ახალია.
ნიკო: – ვიღაცის საყვარელი იქნება, მთელი დღეა უჩვენებენ, იცი, დღეს ისევ იჩხუბეს პარლამენტში, კარგად ჩხუბობდნენ, სულ დაალეწეს ერთმანეთს თავ-ყბა.
ნინო: – მე წავალ შხაპს მივიღებ.
ნიკო: – წადი, წადი, ადამიანს, რომელიც ბევრს მუშაობს, ხშირად უნდა მიიღოს შხაპი.
ნინო: – ის ჩვენი მდგმური ხომ არ არის იქ?
მარინა: – არა, იმას სტუმარი ყავს,
ნიკო: – მე მგონი, ის შხაპს საერთოდ არ ღებულობს, არ სცალია, სულ ვიღაცეები ყავს.
მარინა: – ეხლაც ისა ყავს, აი ის, თევზის სუნი რომ ასდის, ნეტავ სად მუშაობს? რატომ აქვს სულ თევზის სუნი? იქნებ მეთევზეა?
ნიკო: – არა, ხომ გითხარი, გამყიდველი იქნება, თევზის გამყიდველი.
მარინა: – ეგ მე გითხარი.
ნინო: – უცნაური ტიპია არა?
ნიკო: – ვინ, მეთევზე?
ნინო: -არა, ჩვენი მდგმური, გუშინ სამზარეულოში ჩაიდანს ადუღებდა და არც კი შემომხედა.
ნიკო: – მეც მანდა ვარ?
მარინა: – სადა ხარ?
ნიკო: – აი, რომ ვიძახდი, პედარასტი ხომ არ არისო, ერთხელაც არ შეუხედავს ნინოსთვის.
მარინა: – და რატომ უნდა შეხედოს? შენ რა გინდა, რომ შეხედოს?
ნინო: – და რატომაც არ უნდა შემომხედოს?
მარინა: – მასწავლებელმა? ნინო, შვილო, შენ უკვე ორჯერ განათხოვარი ხარ, 40 წლის.
ნინო: – 39-ის.
მარინა: – 40 წლის და ამჯერად უკეთესი ვინმე უნდა იპოვნო, რატომ იცინი, გამაგებინე, რატომ იცინი? რატომ იცინის?
ნიკო: – წარმოდგენა არა მაქვს.
ნინო: – მოკლედ, მე აბაზანაში ვარ.
მარინა; – იმედი მაქვს დღეს მაინც არ ჩაიკეტები და ოდესმე გამოხვალ?
ნინო: – აბა სად წავალ. იმ თქვენს მდგმურს თვალს არ ვაცილებდი, ჩემთვის ვიფიქრე, ნუთუ არ შემომხედავს თქო, დავდექი და მივაშტერდი, მაგრამ ზედაც არ შემომხედა, ჩაიდანი სანამ არ ადუღდა ასე იდგა, მერე მოტრიალდა და წავიდა.
მარინა: – განა ღირსი არა ხარ, რომ უკეთესი ვინმე იპოვნო? ბიზნესმენი, სადმე ნავთობში ან გაზში რომ მუშაობდეს, როდემდე უნდა ხვდებოდე ვიღაც უხერხემლოებს, უფულოებს, რომელთაც არ შეუძლიათ შენს გვერდში დადგომა, მხარდაჭერა. . . .
ნიკო: – ისე რატომაც არ უნდა იცინოს? ეცინება და იცინის, მშვენიერი სამსახური აქვს, საყვარელ საქმეს ემსახურება, ბედნიერებაა, როდესაც კაცი თავის თავს პოულობს. . .
მარინა; -ფილმი არ დაიწყო?
ნიკო: – ჯერ არა, (ტელევიზორისკენ)ეს რომელი პარტიის წევრია?
მარინა: – რა მნიშვნელობა აქვს, ყველა ერთნაირი კრეტინია, ისე რა უბედურებაა, რატომ არ უმართლებს ასე, მშვენიერია, ნიჭიერი . . .
ნიკო: – ვინ? (ტელევიზორისკენ)ეს კრეტინი?
მარინა: – არა, ნინო.
ნიკო: – ნინო ვინაა?
მარინა: – ჩვენი შვილი
ნიკო: – აა, რატომ არ უმართლებს?, მშვენიერი სამსახური აქვს. ისე ჩვენ შესანიშნავი შვილები გვყავს, ნინოც, გოჩაც და გიორგიც, წარმოგიდგენია გიორგი უკვე 18 წლის გახდა.
მარინა: – 19-ის.
ნიკო: – რა სწრაფად გაირბინა ამ 18 წელმა. აი გოჩა და ქეთიც მოვიდნენ.
შემოდის გოჩა.
გოჩა: – გამარჯობა დედა, გამარჯობა მამა, გამარჯობა მშობლიურო ბინავ, საშინლად წვიმს.
ნიკო: – წვიმს?
გოჩა: – ჰო, მესამე დღეა. მამა!, დღეს არის ნახევარფინალი 22 სთ-სა და 45 წუთზე?
ნიკო: – არა, ეგ ხვალაა.
გოჩა: – არა? აბა დღეს რას ვნახავთ?
ნიკო: – არ ვიცი, ალბათ რამე ფილმი იქნება, პროგრამა დავკარგე სადღაც. ქეთი სადაა?
გოჩა: – ავტომობილს აყენებს ავტოსადგომზე, აგერ ისიც.
ქეთი: – ჰაი მამა, ჰაი დედა, ამ წვიმაში მანქანა ვერსად დავაყენე და პირდაპირ ტროტუარზე ამოვაგდე.
ნიკო: – წვიმს?
ქეთი: – ერთი კვირაა არ გაჩერებულა, წვიმს და წვიმს. (ტელევიზორში ვიღაც დაინახა) ვაი? ეს ვირთხა ვინღაა? დედა, საიდან მოათრიეს? მე მგონი ტელევიზიებში კონკურსებს აწყობენ, ვინ უფრო დიდ სიმახინჯეს იპოვნის. აი ამას უნდა იღებდნენ რეკლამაში და მე არა? შეხედე,შეხედე, რა საშინელებაა, ფუფ, ფუფ, რეჟისორის საყვარელი იქნება თორემ ისე ვინ გააკარებდა ტელევიზიას, ისე ამ კლიპის გადამღებ რეჟისორს უფრო მაღალი გემოვნება რატომ უნდა მოსთხოვო, ფუფ, ფუფ
ნიკო: – რას ერჩი, მშვენიერი ქალია.
ქეთი: – ვინ არის მშვენიერი ქალი? მამა თქვენ რა, სულ დაკარგეთ გემოვნება? რა აქვს ამას მშვენიერი? სახე მაგას არ უვარგა, ფეხი მაგას არ უვარგა, ტანი მაგას არ უვარგა, უკანალი მაგას არ უვარგა…
ნიკო: – რატომ უკანალი ზუსტად მშვენიერი აქვს.
მარინა: – ვისა აქვს მშვენიერი უკანალი?
ქეთი: – აი ამ ვირთხას, ნახე როგორ იტყლარჭება, ფუჰ.
მარინა: – ფუჰ, რატომ მოგწონს ეს საზიზღრობა?
ნიკო: – თქვენ რომ გკითხოთ, ყველა ქალი ვირთხაა.
გოჩა: – მამა, როგორ ნახევარფინალი არ იქნება 22 სთ-ზე და 45 წუთზე?
ნიკო: – არა, ეგ ხვალაა.
გოჩა: – აბა, დღეს რა უნდა ვნახოთ?
ნიკო: – ალბათ ფილმი, პროგრამა დავკარგე და ვერ ვპოულობ, ამ ოჯახში ხომ არაფერი არ დევს თავის ადგილზე. . .თქვენს მოსაწონ ქალს ტელევიზორში ვერ ნახავ, ქალისათვის ყველა სხვა ქალი ან ვირთხაა ან ძროხა.
ქეთი: – ყველა არ ვიცი და ეს ვირთხაცაა, ძროხაც და ჰიპოპოტამიც, დედა თქვენ საპარიკმახეროში იყავით?
მარინა: – საპარიკმახეროშიც, ბაზარშიც, ატელიეშიც შევირბინე, დღეს დილიდან დავრბოდი, მაგრამ მაინც მოვახერხე და სერიალს მოვუსწარი.
გოჩა: – მამა, რატომ იყო ის ქალი ჰიპოპოტამი?
ნიკო: – არ ვიცი, შენ ცოლს კითხე, მე თუ მკითხავ, არც ჰიპოპოტამია, არც ძროხა და არც ვირთხა, სულაც არ იტყლარჭება და მშვენივრად მოძრაობს.
მარინა: – მოძრაობს? ეჰ, რომ იცოდეთ მე როგორ ვმოძრაობდი? ქეთი, იცი როგორ ვცეკვავდი? ასეთი კი არ ვიყავი ეხლა, რომ ვარ, უგამხდრესი ვიყავი და ისე ვცეკვავდი, რომ ჩემს დანახვაზე ყველა მამაკაცი ეცემოდა.
ნიკო: – ჰო, მართალს ამბობს, მართლა ყველა მამაკაცი ეცემოდა.
ქეთი: – რას ცეკვავდით?
მარინა: – ჩარლსტონს, ჩემს მეტი ამ ქალაქში არავინ ცეკვავდა ჩარლსტონს, ბებიამ მასწავლა ჩარლსტონის ცეკვა, იმ დროს უკვე აღარავინ ცეკვავდა ჩარლსტონს და ამიტომ დისკოტეკებზე ჩემი კასეტით დავდიოდი, ეჰ, რა დრო იყო.
გოჩა: – ქეთი, რატომ ჰგავდა ის ქალი ჰიპოპოტამს?
ქეთი: – ვინ ქალი?
გოჩა: – აი, ის, წეღან რომ მღეროდა და ცეკვავდა.
ქეთი: – წარმოდგენა არა მაქვს, დედა, მართალია, რომ ნინო აღარ მუშაობს?
ნიკო: – სულაც არ იყო ჰიპოპოტამი, ბალიში გამისწორე.
მარინა: – ბალიშის გასწორებაც ეზარება, ოღონდ არ გაინძრეს.
ნიკო: – ეს ქალი ინდოელია თუ არაბი?
გოჩა: – მე ვფიქრობ იაპონელი.
მარინა: – იცი თევზი შევწვი, ხომ იცი გიორგის როგორ უყვარს თევზი.
ქეთი: – ვაი, არ ვიცი გოჩასთვის შეიძლება თუ არა თევზი, გოჩა შენთვის შეიძლება თევზი?
ნიკო: – და რატომ არ შეიძლება მისთვის თევზი?
გოჩა: – ჩემთვის თევზი შეიძლება, ჩემთვის არ შეიძლება ცხვარი. სად დაიწყებს ნინო მუშაობას, რამე გეგმები აქვს?
მარინა: – მოიცა, მოიცა, შენთვის რა, არ შეიძლება თევზი? როდის აქეთ არ შეიძლება შენთვის თევზი?
გოჩა: – თევზი ჩემთვის ზუსტად შეიძლება, თევზში ბევრი ფოსფორია, თევზი ძალზედ სასარგებლო პროდუქტია, ჩემთვის არ შეიძლება ცხვარი.
ქეთი: – მართალი ხარ, მაპატიე, ამერია, თევზი ამერია ცხვარში, ნინო სადაა?
მარინა: – აბაზანაში.
ქეთი: – და სად აპირებს მუშაობის დაწყებას?
ნიკო: – შხაპს იღებს.
მარინა: – აბაზანაში.
გოჩა: – აბაზანაში იწყებს მუშაობას?
ნიკო: – აბაზანაში შხაპს იღებს.
ქეთი: – გიორგი?
მარინა: – არა, გიორგი არ არის აბაზანაში, აბაზანაში არის ნინო.
გოჩა: – გიორგი სადაა?
მარინა: – უნივერსიტეტში, სემინარი აქვს,
ნიკო: – მალე მოვა.
მარინა: – სანამ რეკლამაა სუფრა გავშალოთ, ქეთი მომეხმარე, ვაი, შენ ახალი კაბა გაცვია?
ქეთი: – რას ამბობთ უძველესია.
მარინა: – მე პირველად ვხედავ.
გოჩა: – მამა, და ეხლა სად დაიწყებს მუშაობას?
ნიკო: – ვინ?
გოჩა: – ნინო? სადღაც ხომ უნდა დაიწყოს მუშაობა?
ნიკო: – ნინო, მუშაობს განათლების სამინისტროში, მინისტრის მდივანია. ჩემმა მეგობარმა ავთომ მოაწყო, ძია ავთო ხომ გახსოვს?
გოჩა: – რა დამავიწყებს მის თავს.
ქეთი: – გოჩას კი უთხრეს, რომ აღარ მუშაობსო, მინისტრს ეჩხუბაო
მარინა: – ქეთი, შენ ეს ყველაფერი აალაგე, მე სუფრას მოვიტან.
ქეთი: – როგორ გითხრეს გოჩა? თქვენი ისტერიჩკა და აქ აღარ მუშაობსო, ისე მე მგონი ის მინისტრი მანიაკია, ყოველშემთხვევაში ძალიან ჰგავს მანიაკს.
ნიკო: – აბა სადაა მანიანი?
ქეთი: – მანიანი კი არა მანიაკი, ჩვენი განათლების მინისტრი მანიაკს გავს.
გოჩა: – ანა მანიანი, დიდი იტალიელი მსახიობია
ნიკო: – ეეს?
გოჩა: – არა, ეს მანიანი არ არის, ეს ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერია.
ნიკო: – რას ლაპარაკობ, ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი მელოტია, ამას კი თმები აქვს.
გოჩა: – ეტყობა ჩაუნერგეს.
ნიკო: – მართლა? გაგიჟდება კაცი, რას არ გაიგონებ, აუცილებლად უნდა წავიდეთ ამ ზაფხულს ზღვაზე.
გოჩა: – სულ წითელი ჰალსტუხი უკეთია.
ნიკო: – პალმები მომენატრა.
შემოდის ნინო
ნინო: – ოჯახიც შეკრებილა.
გოჩა: – გამარჯობა დაო ნინო, მე დღეს სამსახურში ორჯერ დაგირეკე, თორმეტის ჩვიდმეტ წუთზე და ოთხს რომ თოთხმეტი წუთი აკლდა.
ქეთი: – ჰო, ეკ, გოჩამ ორჯერ დაგირეკა თორმეტის ჩვიდმეტ წუთზე და ოთხს, რომ თოთხმეტი წუთი აკლდა.
ნინო: – გავიგე.
ქეთი: – მაგრამ სულ ტყუილად დაგირეკა, შენ ხომ იქ აღარ მუშაობ?თქვენი მინისტრი მართლა მანიაკია? მამა შეიძლება, რომ განათლების მინისტრად მანიაკი მუშაობდეს?
ნიკო: – ჩვენს ქვეყანაში თუ მანიაკი არა ხარ, ისე მინისტრი ვერც გახდები
გოჩა: – გაქვს სამსახურის რაიმე სხვა ვარიანტი?
ნინო: – არა.
გოჩა: – ხომ გითხარით, აღარ მუშაობსო.
ქეთი: – რომ იცოდე, რეები უთხრეს შენს შესახებ გოჩას გაგიჟდები.
ნინო: – მერე შენ რა უთხარი?
გოჩა: – მართლა სილა გააწანი მინისტრს?
ნინო: – სილა არა, საქაღალდე.
ქეთი: – ხომ ვიძახდი მანიაკია ეგ თქვენი მინისტრი მეთქი.
ნიკო: – იმედი მაქვს არავის არ დააჩაგვრინე თავი.
გოჩა: – ეხლა რა უნდა ქნა?
ნიკო: – მე ვერავინ ვერ მიბედავდა სამსახურში რამის თქმას.
მარინა: – მართალია, ვერავინ ვერაფერს უბედავდა.
ნიკო: – ძალიანაც კარგი ქენი თუ გაარტყი, ამის შემდეგ ეცოდინებათ იქ შენთან სამსახურში, თუ როგორ უნდა გელაპარშლავან. ძალიან კარგი ქენი, ძალიან, ეხლა ეცოდინებათ და მომავალშიც ვერაფერს გაგიბედავენ, ნინო ნუ სვამ.
ნინო: – შხაპს, რომ ვიღებდი, ის თქვენი მდგმური შემოვიდა ჩემთან აბაზანაში.
მარინა: – კარები დაკეტილი არ გქონდა?
ნინო: – არა, ღია დამრჩა.
მარინა: – მერე?
ნინო: – არაფერი. მე ზუსტად შხაპის ქვეშ ვიდექი.
ქეთი: – ნუ დალიე სული, მერე?
გოჩა: – ის ტიპები კიდევ დადიან მასთან?
ნიკო: – ჰო, თორმეტი დაუბანელი ტიპი.
ქეთი: – თორმეტი? და რას აკეთებენ?
ნიკო: – რა ვიცი მე, რას აკეთებენ?
გოჩა: – იქნებ რაიმე ახალ პოლიტიკურ პარტიას აყალიბებენ.
ქეთი: – ვაშა, კიდევ ერთი, დაუბანელების პარტია გვექნება.
მარინა: – შხაპის ქვეშ გახდილი იდექი?
ნინო: – არა, ჩაცმული. მე ვიფიქრე, რომ შენ ხარ, თვალები დახუჭული მქონდა და გთხოვე პირსახოცი მომაწოდე მეთქი.
ქეთი: – მერე გოგო, მერე? მოგაწოდა?
ნინო: – შენ წარმოიდგინე.
ქეთი: – ფუი, ავადმყოფი.
ნინო: – თუ გინდა შედი და ეხლა შენ მიიღე შხაპი, იქნებ შენ უფრო გაგიმართლოს.
ქეთი: – მე მაგის ბედი ვინ მომცა, მერე?
ნინო: – არც არაფერი, მე გავიმშრალე, ის კი აბაზანიდან გამოვიდა.
ქეთი: – არ დაიკივლე?
ნინო: – რატომ? არაფერი არ უქნია.
მარინა: – ეს მამათქვენმა მოინდომა მდგმურის აყვანა ოჯახში, მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი.
ნიკო: – სხვათაშორის, ჩვენს აბაზანას საკეტი აქვს.
ნინო: – რა მოხდა ამისთანა, ადამიანს ვთხოვე მოეწოდებინა პირსახოცი და მანაც მომაწოდა.
მარინა: – ჰო, მაგრამ, შენ უცხო ადამიანის წინაშე იდექი შიშველი.
ქეთი: – ტიტველი.
მარინა: – ნინო, შენ ორჯერ განათხოვარი ქალი ხარ, შენ ამჯერად მაინც უნდა გააკეთო სწორი არჩევანი, თუ არ გინდა რომ ცხოვრება გაიფუჭო.
გოჩა: – რომ მცოდნოდა, რომ დღეს ნახევარფინალი არაა, ხვალ მოვიდოდი.
ნიკო: – ხვალაც მოდი.
გოჩა:- ნახევარფინალამდე მეოთხედფინალი იყო, მეოთხედფინალამდე მერვედფინალი, მერვედფინალამდე მეთექვსმეტედფინალი. ხოლო ნახევარფინალის შემდეგ აუცილებლად დადგება დრო როდესაც ფინალი იქნება.
ნიკო: – მე იმიტომ დავუყენე საკეტი აბაზანას, რომ შხაპის მიღების დროს ჩაიკეტოთ ხოლმე, აბა სხვა რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს საკეტს, დაუკვირდით სიტყვის მნიშვნელობას “საკეტი”, ე.ი. მოწყობილობა, რითიც ხდება რაღაცის ჩაკეტვა, გაიაზრეთ ეს და მერე არავის დააბრალებთ.
ქეთი: – არ შეიძლება, რომ ერთხელ შხაპის მიღების დროს მეც შემომივარდეს ვინმე? შემომივარდეს და მეცეს? მეცეს და ხვევნა – კოცნა დამიწყოს, მე რა თქმა უნდა არ დავნებდები, მაგრამ ხომ იქნება ეს რომანტიული და დეჰემონიური?
მარინა: – სულაც არ მჭირდება, რომ ჩემი შვილი ისევ გათხოვდეს გაუგებარ არსებაზე, რამდენჯერ უნდა ჩავატაროთ ექსპერიმენტი? ხომ შეიძლება რომ ვიპოვნოთ ვინმე ნორმალური, რომელიც ნავთობში ან გაზში მუშაობს და ხელის გულზე ატარებს ჩემს შვილს?
ნინო: – არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ზედაც არ შემომხედა, მე ვიდექი და ვუყურებდი, თან ვფიქრობდი, იქნებ ამან მაინც დაინახოს ჩემში ქალიო, მაგრამ მანაც, ისევე როგორც ჩემმა ქმრებმა ჩემში ქალი ვერ იპოვნა. . .
შემოდის გიორგი
გიორგი: – აი მეც მოვედი.
ნიკო: – მადლობა ღმერთს.
გიორგი: – ცოტა დამაგვიანდა. რა საზიზღრად წვიმს, ყველაფერი დატბორა.
ნიკო: – წვიმს?
გიორგი: – დიდიხანია, წვიმს და წვიმს.
ნიკო: – არ დავსხდეთ? ყველაფერი ალბათ უკვე ცივია.
მარინა: – დავსხდეთ. გიორგი მოდი.
გიორგი: – მოიცა, ხელებს დავიბან.
ქეთი: – ოღონდ შხაპი არ მიიღო.
გიორგი: – რატომ?
ქეთი: – მდგმური არ შემოგივარდეს, ქალები არ უყვარს, მაგრამ ხომ შეიძლება კაცები უყვარდეს.
გიორგი: – ჩვენი მდგმური კარგი ტიპია, საკაიფო რაღაცეებს ბაზრობს.
მარინა: – ნინო ბანაობდა აბაზანაში და ის შენი საკაიფო ტიპი დაუკაკუნებლად შევიდა.
გიორგი:- მერე?
ქეთი:- არაფერი, იდგა და უყურებდა შიშველ ნინოს.
გიორგი: – მე, რომ ნინოს ამბავი ვიცი, თვითონ შეათრევდა იმ საცოდავს აბაზანაში.
ნინო: – მე წავალ გამოვიცვლი.
მარინა: – დროზე ქენი, ყველანი მაგიდასთან, თორემ მართლა გაცივდება ყველაფერი.
ქეთი: – (ტელევიზორისკენ) ბეთხოვენი.
ნიკო: – ვგიჟდები ბეთხოვენზე.
მარინა: – რომელი სიმფონიაა, მეცხრე?
ქეთი: – მეათე.
გოჩა: – ჯერ ეს ერთი, ეს ჩაიკოვსკია, მეორეც ის, რომ ბეთხოვენს მეათე სიმფონია არა აქვს.
ქეთი: – მართლა? ჰო ჩაიკოვსკია, მტრედების ტბა.
გოჩა: – გედების ტბა.
ნიკო: – ვგიჟდები ჩაიკოვსკიზე,
მარინა: – მე ვგიჟდები ჩარლსტონზე, იცი ქეთი, როგორ ვცეკვავდი ჩარლსტონს, ღმერთო! ნუთუ აღარასდროს არ ვიცეკვებ ჩარლსტონს? ჩარლსტონი უბრალო ცეკვა არ გეგონოთ, ჩარლსტონი ეს მთელი ცხოვრებაა, მასში ყველაფერია, ამ ცეკვის დროს შეგიძლია გამოხატო ბედნიერებაც და ტრაგიზმიც, სევდაც და სიხარულიც, როცა ვცეკვავდი უბრალოდ ტაქტში კი არ ვმოძრაობდი, მე ვყვებოდი იმის შესახებ, თუ რას განვიცდიდი იმ წუთებში, ნინო, გამოიცვალე? დაჯექი, გადაიღე.
ნინო: – თევზი? არ მიყვარს თევზი.
ქეთი: – ვაიმე, გოჩა შენთვის შეიძლება თევზი?
მარინა: – რატომ არ შეიძლება?
გოჩა: – ჩემთვის თევზი შეიძლება, თევზში ბევრი ფოსფორია, ჩემთვის არ შეიძლება ცხვარი.
ქეთი: – მართალია, შენთვის არ შეიძლება ცხვარი, სულ მერევა ერთმანეთში ცხვარი და თევზი.
მარინა: – ღვიძლი ისევ გაწუხებს?
გოჩა: – დილაობით.
ნიკო: – ყველა ავადმყოფობა ნერვების ბრალია, ამასწინათ გადაცემა ვნახე და იქ თქვეს ყველა ავადმყოფობა ნერვების ბრალიაო.
შემოდის გიორგი
მარინა: – გიორგი, სად იყავი ამდენ ხანს?
გიორგი: – ხელებს ვიბანდი.
მარინა: – აი აქ დაჯექი, სპეციალურად შენი დაბადების დღისათვის თევზი შევწვი, შენ რომ გიყვარს ისე.
ნინო: – რამდენი წლის გახდი?
გიორგი: – 19-ის.
ნიკო: – 18-ის შვილო, 18-ის.
გიორგი: – არა, მამა, 19-ის, 18-ის შარშან გავხდი.
ნიკო: – შარშან? მე რატომ არ მახსოვს?
გოჩა: – თუ შარშან გახდა 18-ის, ესე იგი წელს 19-ის გამხდარაა.
ნინო: – ლოგიკურია.
ნიკო: – ნინო, ნუ სვამ.
ქეთი: – მართლა, არ დავლიოთ? ბიჭი 20 წლის გამხდარა.
მარინა: – იცი, გიორგი, დღეს მამამ სიგარეტი უნდა მოგაწევინოს.
გიორგი: – მე, რომ არ ვეწევი სიგარეტს?
ნიკო: – მოიცა, შარშან სიგარეტი მოგაწევინე?
გიორგი: – არა.
ნიკო: – ესე იგი შენ ეხლა გახდი 18-ის და არა 19-ის.
გიორგი: – მე უფრო კარგად არ ვიცი რამდენი წლისა ვარ?
ნინო: – ხომ შეიძლება, რომ გეშლება?
ქეთი: – მართლა გიორგი, ხომ შეიძლება, რომ გეშლება.?
გიორგი: – თავი გამანებეთ რა, მითუმეტეს, რომ სიგარეტს მაინც არ ვეწევი.
გოჩა: – არც მოწიო, სიგარეტი შეიცავს ნიკოტინს, ერთი გრამი ნიკოტინი კლავს ჰიპოპოტამს.
ქეთი: – იმას, რომ მღერის?
ნიკო: – მაგაში არაა საქმე, შენ ეწევი თუ არა, საქმე ტრადიციებშია, ჩვენ უნდა პატივი ვცეთ ოჯახურ ტრადიციებს, მამაჩემმა მე მომაწევინა, მე კიდევ შენ უნდა მოგაწევინო, ჩვენ სულ დავივიწყეთ ოჯახური ტრადიციები, მარტო ჩვენ არა, მთელმა ქვეყანამ და ამიტომაც დაირღვა ქვეყნის სულიერი ჰარმონია, ქვეყნის სიძლიერე ოჯახური ტრადიციების სიმყარეზე დგას, ეს ჯერ კიდევ იმან თქვა.
ქეთი: – გოჩა, იმან ვინაა?
გოჩა: – წარმოდგენა არა მაქვს, მამა და მე რატომ არ მომაწევინე სიგარეტი?
ნიკო: – არ მოგაწევინე? და რატომ არ მოგაწევინე?
გოჩა: – არ ვიცი.
ნინო: – ეტყობა შენ არ გახდი თვრამეტი წლის, გადაახტი.
ნიკო: – ნინო ნუ სვამ. . . და საერთოდ, რატომ აკლია ძმარი ამ სალათს, რატომ? ძმრის გარეშე რა ფასი აქვს სალათს? თუ გაქვს იმის პრეტენზია, რომ სალათს აკეთებ, ქეთილი ინებე და ძმარიც გაუკეთე.
მარინა: – ძმარი საკმარისად აქვს.
ნიკო: – ნუ მეკამათები! ამ ოჯახში საკმარისად არაფერი არა გვაქვს. არადა, საჭიროა, რომ ყველამ ერთად რაღაც ვაკეთოთ, ჩვენი უბედურება იმაშია, რომ არაფერს არ ვაკეთებთ, ჩვენ დავივიწყეთ ჩვენი დანიშნულება, ჩვენ არ ვმუშაობთ, ჩვენ ვცხოვრობთ, იმის მაგივრად, რომ ვიცოცხლოთ, სიცოცხლის არსი შრომაშია, თქვენ ყველა პატარები იყავით, როცა გეუბნებოდით საჭიროა შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა, ვინ დამიჯერა? ვინ დამიჯერა? არავინ? აი, ნინოს კარგი სამუშაო აქვს, დღეს მინისტრის მდივანია, ხვალ კი შეიძლება მინისტრიც გახდეს.
ქეთი: – ნინო აღარ მუშაობს.
გოჩა: – ის მინისტრმა გამოაგდო, იმიტომ, რომ ნინომ სილა გაულაწუნა.
ნინო: – საქაღალდე.
გოჩა: – ჰო, საქაღალდე გაულაწუნა.
ქეთი: – ის მინისტრი სუფთა მანიაკია.
ნიკო: – ნინო, შენ ბევრს სვამ, სად არის, სად?
მარინა: – რას ეძებ?
ნიკო: – პროგრამას, ტელევიზიის პროგრამას. ნინო შენ ხომ არ ზიხარ პროგრამაზე?
ნინო: – არა.
ნიკო: – იჯექი, იჯექი, ოღონდ ნუ სვამ, შენ დაღლილი ხარ, შენ ბევრი სამუშაო გაქვს, სამუშაოზე დაიღალე.
ნინო: – მამა.
ნიკო: – რა?
ნინო: – გიორგის სიგარეტს არ მოაწევინებ?
ნიკო: – რა სისულელეა, რატომ უნდა მოვაწევინო?
მარინა: – შენ თვითონ არ სთქვი ოჯახური ტრადიციაო?
ნიკო: – არაფერი მაგდაგვარი მე არ მითქვამს და საერთოდ რატომ უნდა მოვაწევინო, როდესაც ბიჭი არ ეწევა? შენ ხომ არ ეწევი?
გიორგი: – არა
ნიკო: – აბა, რატომ უნდა მოწიოს? ხომ გითხარი არ ეწევა მეთქი? ნახეთ ტელევიზორში მთვარეს უჩვენებენ.
ნინო: – როგორ მინდა, რომ უცებ მთვარეზე აღმოვჩნდე, არც ჩამოვიდოდი იქიდან, დავრჩებოდი, მთელ მსოფლიოს ეცოდინებოდა, რომ იქ ვარ, ღამით როცა ცას ახედავდნენ ეცოდინებოდათ, რომ იქ მე ვარ.
გოჩა: – მამა, მე რატომ არ მომაწევინე სიგარეტი? მე რა შენი შვილი არა ვარ?
ნიკო: – რატომ უნდა მომეწევინებინა.
გოჩა: – იმიტომ, რომ ეს ჩვენი ოჯახური ტრადიცია ყოფილა.
ნიკო: – არ ვიცი, ეტყობა შენთვის არ შეიძლებოდა.
ქეთი: – გოჩასთვის არ შეიძლება თევზი, თორემ სიგარეტი შეიძლება.
გოჩა: – ჩემთვის არ შეიძლება ცხვარი.
გიორგი მიდის
ნიკო: – სად წავიდა?
მარინა: – ალბათ მდგმურთან.
ნიკო: – რატომ წავიდა მერე, დღეს ხომ მისი დაბადების დღეა? სად არის პროგრამა?, მე თქვენ გეკითხებით სად არის პროგრამა?
მარინა: – უკანასკნელად შენს ოთახში ვნახე.
ნიკო: – ჩემს ოთახში? (მიდის)
მარინა: – მე ყავას გავაკეთებ.
გოჩა: – შენ რა, არ უთხარი, რომ სამსახურიდან წამოხვედი?
ნინო: – ტელევიზორს უყურე რა.
ქეთი: – რატომ ხარ ასე გაღიზიანებული? თანაც საშინლად გამოიყურები.
ნინო: – სამაგიეროდ შენ ხარ დაწყნარებული და მშვენიერი.
ქეთი: – მართლა? მიხდება არა ეს კაბა? გოჩამ, რომ იცოდეს რამდენი მივეცი ამ კაბაში მომკლავდა, იცი გოჩა სულ შენზე ფიქრობს.
ნინო: – ვიცი.
ქეთი: – და სულ ნერვიულობს.
ნინო: – ვიცი.
ქეთი: – ქმარი დაკარგე, ბინა დაკარგე, ავეჯი მაინც წამოგეღო, შენს ქმარს რად დაუტოვე? ეხლა სამსახურიც დაკარგე. სულ მარტო ხარ.
ნინო: – სამაგიეროდ თქვენ მყავხართ.
ქეთი: – მართალია ჩვენ გყავართ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, რატომ გასცილდი ქმარს?
გოჩა: – (ტელევიზორისკენ) შეხედეთ, როგორ სცემენ ერთმანეთს.
ქეთი: – როგორ შეიძლება, ასეთი საზიზღობების ჩვენება, ამ ტელევიზიებში სულ გაგიჟდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მეტ საზიზღრობებს უჩვენებენ. იმის მაგივრად, რომ ჩემი თავი უჩვენონ, ათასნაირ საზიზღრობებს გვაყურებინებენ.
ნინო: – ერთხელ სახლში დღისით მოვბრუნდი, მეგონა მარტო ვიყავი, მთელი დღე სამზარეულოში ვტრიალებდი, საღამოს კი გადავწყვიტე ქმრის კაბინეტს დავალაგებო, შევედი და რას ვხედავ – მაგიდასთან ჩემი ქმარი ზის წიგნებში ჩაფლული, მთელი დღის განმავლობაში იქ ყოფილა და არც გამოსულა. წიგნების უკან მემალებოდა. მას თავისი წიგნები ერჩივნა ჩემს თავს.
გოჩა: – (ტელევიზორისკენ) რა იახტაა, ალბათ ძალიან ძვირია.
ქეთი: – ჩვენ ეგეთი არასოდეს არ გვექნება.
ნინო: – არც ერთ ჩემს ქმარს არასოდეს არ ესმოდა ჩემი და მე არასოდეს მესმოდა მათი. მე სულ სხვანაირ კაცებზე ვოცნებობდი, ისინი კი . . . ერთს ცხრა წელი შევწირე, მეორეს ოთხი, რისი გულისთვის? ორივეს თავის სამყარო ჰქონდა და არც ერთს არ უნდოდა ეს სამყარო ჩემს გამო მიეტოვებინა? ორივეს ერთი და იგივე ტექსტი ჰქონდა გაზეპირებული: “ამიხსენი ბოლოს და ბოლოს რა გინდა ჩემგან, მე ხომ მიყვარხარ?, განა საკმარისი არაა, რომ მიყვარხარ, ამიხსენი” – რა უნდა მეპასუხა მათთვის? როგორ უნდა ამეხსნა ის რაც თვითონაც არ ვიცოდი? ვერც ვერავინ ვერ ამიხსნა, ვერავინ! ვერც პირველმა ქმარმა, ვერც მეორემ, ვერც ამ ოჯახში ვერ მიხსნის ვერავინ. ამიტომაც ვსვამ ამდენს.
ქეთი: – რა თქვი?
ნინო: – არაფერი.
ქეთი: – გოჩა, იცი აი ისეთი ჯემპრი უნდა გიყიდო.
გოჩა: – თუ ძვირი არ იქნება მიყიდე.
(შემოდის ნიკო)
ნიკო: – ვიპოვნე, ჩემი საწოლის ქვეშ იყო, მაგრამ რად გინდა, ძველი პროგრამა ყოფილა, დღევანდელს ალბათ ხვალ ვიპოვნი, ნინო, შენ ბევრს სვამ. აბა ვნახოთ ეხლა სად რა გადის, ვაი, რაო? ეხლა რომელი საათია? გადავრჩით, ორ წუთში დედექტივი დაიწყება. მარინა, ორ წუთში დედექტივი დაიწყება.
მარინა: – მოვდივარ, და ყავაც მომაქვს. ქეთი ყავა.
ქეთი: – არა, არა, ყავა, რომ დავლიო მთელი ღამე ვერ დავიძინებ.
(კარები იღება და ოთახში ინვალიდის სავარძელში ჩამჯდარი შლავა შემოდის,)
გოჩა: – მოიცათ, შლავა ბიძია, ნუ ჩქარობთ, თორემ მაშინდელივით გაიჭედებით.
შლავა: – მოიცა, ეხლა მოატრიალე ბორბალი, აი ასე, გამარჯობათ, მე თქვენთან უნდა ვუყურო დედექტივს, თორემ ჩემთან შვილიშვილები არ მაყურებინებენ, რაღაც კონცერტი ჩართეს და ვეღარ წყდებიან, მე კი ეგ ფილმი, რომ არ ვნახო ღამე ვერ დავიძინებ.
ნიკო: – მოდი, მოდი, იქითა ბორბალი აუწიე, იქითა, იცი შლავა, დღეს გიორგი 18 წლის გახდა.
შლავა: – რას ლაპარშლავაბ, მიულოცეთ ჩემს მაგივრად, ეხლა მარცხენა ბორბალი აუწიე, კიდევ ცოტა და შემოვეტევი.
მარინა: – გუშინ ხომ თავისუფლად შემოხვედით, დღეს რა დაგემართათ.
შლავა: – ჩემი ბრალია, თავიდანვე არასწორი მიმართულება ავიღე. გოჩა, ქეთი, ნინო ხომ არ შეგაწუხებთ?
გოჩა: – რას ბრძანებთ, ჩვენ ვიცით მეზობლის ფასი.
ქეთი: – შლავა ბიძია, თქვენთან ერთად სიამოვნებით ვნახავთ დედექტივს, თქვენ ხომ გამომძიებელზე ადრე ხვდებით ხოლმე ვინაა მკვლელი.
შლავა: – აბა რა, მაგარი ვარ მაგარი.
ნიკო: – მოდი, მოდი, შენი ადგილი დაიკავე.
შლავა: – არ იწყება?
მარინა: – რეკლამაა, რა უბედურებაა ამდენი რეკლამები.
ქეთი: – თან რა საშინელ სიმახინჯეებს იღებენ ამ რეკლამებში.
შლავა: – ეს რისი რეკლამაა?
გოჩა: – სიგარეტის.
ნიკო: – მართლა გიორგის სიგარეტი მოვაწევინე?
მარინა: – გიორგი, სიგარეტს არ ეწევა.
ნიკო: – და სადაა გიორგი ამდენი ხანი?
მარინა: – ალბათ მდგმურთანაა შესული.
ნიკო: – მარინა, გაუმასპინძლდი მეზობელს რაიმეთი.
მარინა: – ვინ მეზობელს? უი, ბატონო შლავა, რას მიირთმევთ, ჩვენ შემწვარი თევზი გვაქვს,
გოჩა: – მე ცხვარი არ მეჭმევა.
შლავა: – არა, გმადლობთ ეხლა ვისადილე.
მარინა: – ჩაი, ყავა.
შლავა: – ყავა გეთაყვა. (ტელევიზორისკენ) ჩუმად, დაიწყო.
მარინა: – ყველანი მაგიდასთან, აქედან ვუყუროთ, თან ყავა დავლიოთ და თან ფილმი ვნახოთ.
გოჩა:- აი, ეს ლამაზი გოგო ალბათ მოკვდება.
ქეთი:- სად ხედავ ლამაზ გოგოს? ამ ვირთხაზე იძახი ლამაზიაო?
გოჩა: – დედექტივებში ყოველთვის ლამაზები კვდებიან.
ქეთი: – მერე ეს ვირთხაა ლამაზი?
შლავა: – რა კარგი მაგიდაა, მიყვარს გრძელი მაგიდები, ერთი სპექტაკლი იყო ჩვენთან თეატრში, მთელი მოქმედება სულ მაგიდის გარშემო ხდებოდა, არ მახსოვს რა ერქვა, ეჰ, რომ იცოდეთ, რა კარგი სპექტაკლი იყო, მთელი დღეა ამ ფილმს ვუცდი, დღეს ექიმთანაც კი ამ ფილმზე ვფიქრობდი, მერე წვიმაში მოვყევი და მაინც ამ ფილმზე ვფიქრობდი, რა უბედურებაა, გადაუღებლად წვიმს, ამ წვიმამ სულ გადამიყვანა ჭკუიდან, მთელი თვეა წვიმს და წვიმს. არასოდეს არ მინახავს ამდენი წვიმა.
ნიკო: – წვიმს? მართლა? ძალიან კარგი, ქალაქი გაირეცხება.
მარინა: – მართლა ბატონო შლავა, რა გითხრათ ექიმმა?
შლავა: – არაფერი კარგი, მე ეტყობა სიცოცხლის ბოლომდე ამ სავარძელში ვიჯდები, მას მერე რაც მე და ჩემი ცოლი ანა, ავარიაში მოვყევით, ამ სავერძელს მივეჯაჭვე. თანამედროვე მედიცინა ვერაფრით ვერ მშველის. ტყუილად ფულს ვყრი.
ქეთი: – თქვენ ავარიაში მოყევით? მე რატომ არ ვიცოდი, რომ ბატონი შლავა ავარიაში მოყვა?
გოჩა: – შენ მაშინ პატარა იყავი.
შლავა: – ეს ამბავი ოცი წლის წინ მოხდა, მე და ჩემი ცოლი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოვყევით, მას მერე ინვალიდი ვარ.
ქეთი: – დედა რა საინტერესოა, თქვენი მეუღლეც დაშავდა?
შლავა: – ძალიან, ვერც კი ვიცანი ისე იყო დაშავებული.
ქეთი: – რას ლაპარაკობთ?
შლავა: – ჰო, მე გადამარჩინეს, ის ვერა.
ქეთი: – მოკვდა?
შლავა: – ჰო, ადგილზევე, იცი რა ცოლი მყავდა?,
ნიკო: – მე მახსოვს შენი ცოლი.
მარინა: – მეც მახსოვს, მშვენივრად წვავდა თევზს.
გოჩა: – მე პატარა ვიყავი, მაგრამ მეც მახსოვს.
შლავა: – ჩემზე ოცი წლით უმცროსი იყო, როცა გამომყვა დიდხანს არ მჯეროდა, რომ ის მშვენიერი არსება ჩემი ცოლი იყო, (ტელევიზორისკენ) აი ეს იქნება მკვლელი.
ქეთი: – როგორ გამოიცანით?
შლავა:- ეხ, ჩემო კარგო, მე, რომ კონსერვატორიის მაგივრად იურიდიულზე ჩამებარებინა, ჩემი სახით იურისპუნდენციამ დიდი გამომძიებელი დაკარგა.
ქეთი: – მართლა, თქვენ ხომ კონსერვატორია დაამთავრეთ, ოპერაშიც მღეროდით არა?
შლავა: – ორმოცი წელი, ჩემო კარგო, ორმოცი წელი.
გოჩა:-აღარ მღერიხართ?
შლავა: – მხოლოდ სიზმარში, ცხადში კი ხმის ნასახიც აღარა მაქვს.
ქეთი: – დაკარგეთ?
შლავა: – ისე დავკარგე, რომ ვერასოდეს ვეღარ ვიპოვნი, თანახმა ვარ დარჩენილი წლები გავაჩუქო, ოღონდ ერთხელ მაინც ვნახო ჩემი დაღუპული ცოლი და ერთხელ მაინც ძველებურად ვიმღერო, რომ იცოდეთ როგორ მინდა სიმღერა. რა ხმა მქონდა, რა ხმა, ოპერაში არავის არ ჰქონდა ჩემნაირი ხმა.
ნიკო: – მე მახსოვს შენი ხმა.
მარინა: – მეც მახსოვს, მთელი სადარბაზო მოვდიოდით თეატრში თქვენი ხმის მოსასმენად.
გოჩა: – მეც, პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც მახსოვს.
ქეთი: – პატარა მეც ვიყავი, მაგრამ თქვენი ხმა მაინც არ მახსოვს. საწყალი მამაჩემი მიყვებოდა თქვენი ხმის შესახებ, მაგრამ მე რაც თქვენ გიცნობთ, სულ ასეთი ჩახლეჩილი ხმა გაქვთ.
მარინა:- (ტელევიზორისკენ) რა საზიზღრად ახმოვანებენ ამ ფილმებს, ფილმების გახმოვანებაც კი არ შეუძლიათ.
ქეთი: – იმიტომ, რომ ჩვენს ტელევიზიებში მხოლოდ უნიჭოები მუშაობენ.
გოჩა: – რატომ, მე მომწონს.
ნიკო: – მეც მომწონს, და საერთოდ უნდა გქონდეთ იმის უნარი, რომ ცუდში კარგი დაინახოთ.
ქეთი: – როგორ უნდა დავინახო ამაში კარგი, ნახეთ როგორ თლიფინებს, ალბათ იმიტომაც მიიღეს, რომ უნიჭოა და თანაც თლიფინებს.
გოჩა: – სამაგიეროდ სექსუალური ხმა აქვს.
შლავა: – ჩემს ხმაზე მთელი პარტერი ეღგზნებოდა.
მარინა: – გოჩა, შვილო, შენ ჯერ პატარა ხარ სექსისათვის.
ქეთი: – ვის აქვს სექსუალური ხმა ამას? ეს თუ სექსუალური ხმაა, მაშინ მე პორნოგრაფიული ხმა მქონია.
გოჩა: – და მე რატომ ვარ პატარა სექსისათვის?
მარინა: – ვაი, სულ დამავიწყდა, რომ შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ, დედისათვის შვილები მუდამ პატარებად რჩებიან.
ნინო: – ჩაიგდებთ ხმას თუ არა?
ნიკო: – ნინო, ნუ სვამ.
ნინო: – ღამის სამ საათზე დამირეკა, მითხრა შენა ხარ ჩემი სიცოცხლე და შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო, მოდი ისევ ერთად ვიყოთო, მე არ მეყო იმის ძალა, რომ მეთქვა, მარტო სიყვარული არაა ამ ქვეყნად მთავარი, რომ მეც მაქვს ჩემი სამყარო და რომ არ შემიძლია ვიცხოვრო მხოლოდ მისი ცხოვრებით, მითხრა მიყვარხარ და შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარო, მას არ ესმის ჩემი, არ ესმის, რომ მეც მიყვარს ის, მაგრამ არ შემიძლია ვიცხოვრო მხოლოდ ცარიელი სიყვარულით, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ამ ქვეყნად ვიდრე სიყვარული. თვითონ არ ვიცი რა არის ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ რომ არის უფრო რაღაც დიდი, ამას კი ვხვდები, ნუთუ ვერასდროს ვერ გავიგებ, ნუთუ ვერავინ ამიხსნის რა მინდა? ნუთუ არ გამოჩნდება ვინმე, რომელიც მეტყვის რა მჭირს, ასეთი ვინმე რომ გამოჩნდეს, ყველაფერს მივატოვებდი და ყველაგან გავყვებოდი.
ნიკო: – ისე მე რატომ არ მირჩევენ ამ ოხერ პარლამენტში? განა მე უფრო უფრო ჭკვიანი არა ვარ ვიდრე ისინი, განა მე უფრო მეტ სიკეთეს არ მოვუტან ქვეყანას?განა ვინმეზე ნაკლებად შემიძლია პარლამენტში ჩხუბი? რატომ არ მოვა ვინმე და არ მეტყვის: შენ დაიმსახურე და დღეის შემდეგ ოჯახის საქმეებს თავი უნდა გაანებო და ქვეყნის საქმეებს უნდა მიხედოო,
მარინა: – იქნებ ჯობდა, რომ თევზის მაგივრად ხორცი შემეწვა? მე მგონი თევზი არ მოეწონათ, არა და თევზი ხომ უფრო სასარგებლოა ვიდრე ხორცი? მადლობაც არ გადამიხადეს, რატომ არიან ასეთი უმადურები? რატომ ვერ ხედავენ, რომ დილიდან საღამომდე მხოლოდ მათზე ვფიქრობ, აი დღესაც დილიდან ვემზადებოდი, ამ წვიმაში ბაზარში წავედი, ამათ კი მაინც არაფერი არ მოსწონთ, ის მაინც მითხრას ვინმემ რა უნდა გავაკეთო, რომ ყველანი კმაყოფილები იყვნენ.
გოჩა: – თუ ფეხბურთი ხვალაა, დღეს რატომ მოვედი?, ტყუილად დავწვი ბენზინი, ჯობდა ხვალ მოვსულიყავი, რატომ მახსოვდა, რომ ფეხბურთი დღესაა? ამ ჩემი ცოლის ბრალია, ის შემომიჩნდა წავიდეთ, წავიდეთო, რატომ მოვიყვანე ეს იდიოტი ცოლად, ტვინის ნასახიც არა აქვს, ღმერთო, რატომ ვიტანჯები მასთან, ამიხსნის ამას ვინმე ოდესმე?
შლავა: – რატომ არ მაყურებინებენ ეს ჩემი შვილიშვილები იმას, რისი ყურებაც მინდა, რატომ უნდა ვიყვე ეხლა ამათთან და რატომ არ უნდა ვიჯდე ეხლა ჩემს ბინაში? ვერასოდეს ვერ გავიგებ, თუ რა დავუშავე მათ? რატომ არ ვუყვარვარ მათ, ვისაც მთელი ცხოვრება შევწირე, მიუხედავად იმისა, რომ ამ სავარძელს ვარ მიჯაჭვული, მოვახერხე და ისინი მაინც ფეხზე დავაყენე. რას ვთხოულობ განსაკუთრებულს? ოდნავ მეტ ყურადღებას, ღმერთო, რატომ არ განიკითხავ მათ.
ქეთი:- მე რატომ არ მიღებენ კლიპებში და რატომ იღებენ ვიღაც მახინჯებს, განა ვინმეზე ნაკლები ვარ, განა მე არა ვარ ფოტოგენიური? განა მე არ ვიცი ცეკვა, ან სიმღერა? ღმერთო, რატომ მებრძვის ყველა? რატომ არ უნდათ, რომ გამომაჩინონ? ან ასეთი კრეტინი Qქმარი რატომ შემხვდა, მე ხომ აშკარად უკეთესის ღირსი ვარ.
ოთახში შემოდის მდგმური.
მდგმური: – მშვიდობა თქვენდა.
პირველი აქტის დასასრული
მეორე აქტი
იგივე სიტუაცია
მარინა: – რა კარგი ჰქენით, რომ გამოხვედით ჩვენთან, დედექტივს ვუყურებთ, თქვენ გიყვართ დედექტივები?
მდგმური:- რაა?
ნიკო:- ჩვენ ყველანი ვგიჟდებით დედექტივებზე, განსაკუთრებით თუ მკვლელობას იძიებენ. თქვენ რა არ გიყვართ მკვლელობები?
მდგმური: – იცით, არც კი ვიცი რა გიპასუხოთ.
ქეთი: – ეხლავე გაგარკვევთ, აი ამ მახინჯს, ქმარი მოუკლეს, მიუხედავად იმისა, რომ სახე მაიმუნის უკანალს მიუგავს, მაგ მახინჯს ქმრის გარდა კიდევ საყვარელიც ჰყავდა, ღმერთო, ზოგს რა ბედი აქვს, როგორ ეტყობა არა, რეჟისორის საყვარელი რომაა, თორემ ასეთი სიფათით ამ როლს ხომ ნამდვილად ვერ მიიღებდა? თანაც ნიჭის ნასახიც რომ არა აქვს, მოკლედ, ბევრი,რომ არ გავაგრძელო, პოლიციამ ეჭვი აიღო მის საყვარელზე და ამ ბოზის სახლში დედექტივი შეაგზავნა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ვინაა დედექტივი, ეს არც ჩვენ ვიცით და არც ამ მახინჯმა ბოზანდრუკამ, გაიგეთ? მთელი მუღამი ისაა, გავიგოთ ვინაა მკვლელი, ვინაა საყვარელი და თან ვინაა დედექტივიც, გასაგებია?
მდგმური: – იცით არა, მე აქ იმისთვის მოვედი, რომ. . .
ქეთი: – მაშინ უყურეთ და ნელ ნელა აზრზე მოხვალთ.
შლავა:- ესეც თქვენი შვილია?
ნიკო:- ვინ?
შლავა: – აი ეს სათვალეებიანი.
ნიკო: – არა, ეს ჩვენი მდგმურია.
მარინა: – მაპატიეთ, ბატონო შლავა, არ გაგაცანით, ეს ჩვენი მდგმურია, ის მასწავლებელია, ჩვენთან გაკვეთილებს ატარებს, ყოველდღე მოწაფეები აკითხავენ, თორმეტი მოწაფე. წარმოგიდგენიათ ყოველდღიურად თორმეტ მოწაფეს უტარებს გაკვეთილს, რას არ აკეთებს ადამიანი, რომ ჩვენ დროში რამე იშოვოს.
ნიკო: – აბა, სხვა რა უნდა ქნას დღეს მასწავლებელმა ამ მთავრობის ხელში, კერძო მოწაფეები თუ არ აიყვანა შიმშილით მოკვდება.
მდგმური: – იცით, მე ვამაყობ ჩემი მოწაფეებით და სულაც არ ვფიქრობ იმაზე, რომ. . .
ნიკო: – ეგ კარგია, კარგი, როცა კარგად გიხდიან უნდა იამაყო კიდეც, არაფერია იმაში სამარცხვინო, როცა კარგად გიხდიან.
მარინა: – რა თქმა უნდა, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ თქვენ კარგი მასწავლებელი ხართ, ეხუმრებით, ჩვენს დროში თორმეტი კერძო მოწაფის შოვნას, როდესაც გოჩას ვამზადებდით ინსტიტუტისათვის, მის მასწავლებელს მარტო გოჩა ყავდა, მეტი მოწაფე ვერ იშოვნა.
გოჩა: – დასანახავად ვერ ვიტანდი, სულ ცხვირში თითი ჰქონდა გარჭობილი.
ქეთი: – უი, მე კი არ ვიცოდი, რომ თქვენა ხართ მდგმური, თქვენს შესახებ ნინო მელაპარაკა, ის ისე აღფრთოვანებულია თქვენი ჯენტლმენური საქციელით, ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, თქვენ ნამდვილად გევხართ იმ მამაკაცს, რომელსაც შეუძლია ქალთან თავის დაჭერა, თქვენ მასწავლებელი ხართ არა? ცოტა ძველმოდური პროფესია კია, მაგრამ თქვენ ეს თავისებურ ხიბლსაც გმატებთ, არ იღლებით?, ალბათ ძალიან ძნელია არა ყოველდღიურად თორმეტი დებილისათვის გაკვეთილის ჩატარება.?
ნიკო:- თანაც თუ ამ თორმეტიდან ერთი საშინლად ჰყარს.
შლავა: – უი, ეს თქვენ ხართ მდგმური? სასიამოვნოა ძალიან სასიამოვნო, (მარინას) კარგი ჰქენით მდგმური, რომ აიყვანეთ, მაინც უქმად გქონდათ ის ოთახი, ზედმეტი კაპიკი კი ეხლა არავის აწყენს, მეც მინდა გავაქირავო ოთახი, მაგრამ კლიენტი ვერ ვიპოვნე, (მდგმურს) ახალგაზრდავ, თქვენ ხომ არ გეგულებათ ვინმე თქვენნაირი, ოთახი, რომ უნდოდეს?
მდგმური: – არა.
შლავა: – დასანანია, თუ ვინმე თქვენნაირს მოუნდება ოთახის ქირაობა ჩემთან გამოაგზავნეთ. რას ასწავლით იმ თქვენს მოსწავლეებს?
მდგმური: – სიყვარულს, იცით ეს ერთადერთია რაც სჭირდება დღეს კაცობრიობას . . .
ნიკო: – ღმერთო, რამდენი დარტყმულია ამ ქვეყანაზე.
ქეთი: – რა საინტერესოა? სიყვარულს? ვაუ!
გოჩა: – სიყვარულს რა სწავლა უნდა? თუ გიყვარს გიყვარს, თუ არ გიყვარს და არ გიყვარს.
ნიკო:- იმას ალბათ განსაკუთრებით სჭირდება სიყვარულის სწავლა, სულ თევზის სუნი რომ ასდის, ეტყობა თევზის მაღაზიაში მუშაობს.
მარინა:- მართალი ხართ, ეხლანდელ თაობას სჭირდება სიყვარულის სწავლა, სიყვარული! ეჰ, ჩემს ახალგაზრდობაში არ სჭირდებოდა მამაკაცს იმის სწავლა, თუ როგორ მოპყრობოდა ქალს, რა ელეგანტური მამაკაცები იყვნენ, რა რაინდები, მათთვის მთავარი გრძნობა იყო. სიყვარულის ახსნის დროს წითლდებოდნენ, ვარდს მოგიტანდნენ, ხელიდან დანა ჩანგალი უცვივდებოდათ, ლექსებს თხზავდნენ, ზოგჯერ პოემებსაც.…
ნიკო: – რა უბედურებაა, ძლივს შევიკრიბეთ მთელი ოჯახი, რომ ორი-სამი საათი მაინც ვყოფილიყავით ერთად, სიამ ტკბილობაში და ესეც ვერ შევძელით, სად წავიდა ნინო? რატომ არაა ჩვენთან? სად წავიდა გიორგი? რატომ არ ზის ჩვენთან?
მარინა: – გიორგი, ალბათ მეცადინეობს, რომ იცოდეთ რა მონდომებულია, დღე და ღამე წიგნი უჭირავს ხელში.
მდგმური: – გიორგი ჩემს ოთახშია, რამოდენიმე წუთის წინ მე გამოვუტყდი ვინც ვარ, იცით დიდხანს არ სჯეროდა, მერე მთხოვა შემოვსულიყავი თქვენთან და თქვენთვისაც მეთქვა თუ ვინ ვარ და რატომ ვარ თქვენთან, თვითონ ეხლა ჩემს მოწაფეებთან საუბრობს. . .
ნიკო: – რა, არ შეეძლო, რომ დღეს არ ემეცადინა?
მარინა: – ეტყობა არ შეეძლო.
მდგმური: – ხომ გითხარით ის ჩემს ოთახშია, ძალიან ნერვიულობს, მითხრა ჩემიანები არ დაიჯერებენო, არც კი ვიცი როგორ მიგიღებენო. . .
ნიკო: – რა სისულელეა, როგორ უნდა მიგიღოთ? მშვენივრად მიგიღებთ, კარგი, გიორგი მეცადინეობს, ნინო სადღაა? არ შეიძლებოდა, რომ აქ ყოფილიყო?
შლავა: – მართლა, სადაა თქვენი ქალიშვილი?
მარინა:- თავი ასტკივდა და ოთახში წამოწვა.
ნიკო: – ბატონო შლავა, აი, თქვენ ოდესმე თუ გტკიებიათ თავი?
შლავა: – არასოდეს.
ნიკო: – მაგაშია საქმე, არც მე არასდროს არ მტკივებია თავი.
გოჩა:- არც მე მტკივებია.
შლავა: – ჩემს ცხონებულ ცოლს კი ყოველთვის გული აწუხებდა, სულ ვალერიანის წვეთებით დადიოდა საწყალი.
ნიკო:- ერთხელ ერთმა ექიმმა იცით რა მითხრა? თავის ტკივილი არ არსებობსო, არ არსებობსო!
გოჩა: – მეცნიერებამ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ თავის ტკივილი მართლაც არ არსებობს.
შლავა: – იცით, გულის ტკივილიც რომ არ არსებობს? კბილის ტკივილი არსებობს, ფეხის ტკივილი არსებობს, აი, გულის ტკივილი კი არ არსებობს. გულის ტკივილი მხოლოდ რომანებში არსებობს.
ქეთი: – ვაი, თქვენი მეუღლე რისგან გარდაიცვალა?
შლავა: – ეჰ, ავტოკატასტროფაში დაიღუპა, იცით რა მეუღლე მყავდა, რა ახალგაზრდა, რა მშვენიერი, რომ იცოდეთ როგორ მენატრება ხოლმე, ჩემი მეუღლე მენატრება და სიმღერა, რომ იცოდეთ როგორ ვმღეროდი.
ნიკო: – მე მახსოვს.
მარინა: – მეც მახსოვს.
ქეთი: – (ტელევიზორისკენ) შეხედეთ, აი ეს, იმ ბოზის შეყვარებულია, სახე მაიმუნის უკანალს რომ მიუგავს და თავი მსახიობი რომ ჰგონია. იცით ყველაფერს ბედი უნდა, აი მე მაგალითად, როდესაც მსახიობობა მინდოდა, არასოდეს არც ართი რეჟისორი ყურადღებას არ მაქცევდა და იცით რატომ? იმიტომ რომ, ლამაზები,ჭკვიანები, ნიჭიერები და თანაც პატიოსნები არც ერთ რეჟისორს არ სჭირდება, ისე თქვენ რეჟისორს უფრო ჰგავხართ ვიდრე მასწავლებელს.
გოჩა:- ჩაიგდებთ ბოლოს და ბოლოს ხმას თუ არა?
მარინა: – ვაი, გოჩა შენც აქა ხარ?
გოჩა: – აბა სად უნდა ვიყვე, მოვედი, მეგონა ფეხბურთს ვნახავდი, ფეხბურთი თურმე დღეს კი არა ხვალ ყოფილა, კარგი ბატონო, შევურიგდი ბედს, ფეხბურთის მაგივრად ფილმს ვნახავ მეთქი და ფილმიც არ მაყურებინებთ ნორმალურად, ხან რაზე ლაპარაკობთ და ხან რაზე, ვერაფერი ვერ გავიგე, ვინ ვინ მოკლა ისიც კი ვერ გავიგე, ყველაფერი ერთმანეთში ამერია, ეს არის მკვლელი თუ ის? თუ ესაა მკვლელი, ავტოკატასტროფაში ვინ დაიღუპა? თუ ავტოკატასტროფაში ეს ქალი დაიღუპა, გული და თავი ვიღას სტკიოდა? მე ისიც კი ვერ გავიგე მომღერალი მკვლელი იყო თუ მოკლული?რეჟისორი ვისი საყვარელია, დედექტივის თუ მსახიობის, ვის აქვს მაიმუნის უკანალი და ვის არა? რატომ მოვედით დღეს?
ქეთი: – რა ვიცი მე, შენ არა სთქვი, წავიდეთ ფეხბურთს დინოზავრებთან ვუყუროთო?
გოჩა:- ჰო, მაგრამ თუ ფეხბურთი დღეს არ იყო, რატომ მოვედით დღეს დინოზავრებთან? მოვსულიყავით ხვალ.
მარინა: – დინოზავრები ვინ არიან?
ნიკო: – თქვენც ადექით და ხვალაც მოდით, საერთოდ ხშირად უნდა იაროთ მშობლებთან.
მარინა:- გოჩა შვილო, დინოზავრები ვინ არიან?
გოჩა: – დინოზავრები ბრონტოზავრების წარმომადგენლები არიან.
შემოდის გიორგი
გიორგი: – (მდგმურს) უთხარით?
მდგმური:- ვერა. ვერაფრით ვერ მოვახერხე, შენ მართალი იყავი , ამათ არაფრის მოსმენა არ შეუძლიათ, იქნებ სხვა დროისათვის გადავდოთ?.
გიორგი:- არა, არა სხვა დროს მათ ერთად ვერც ნახავთ, ეხლა უთხარით.
მდგმური:- სიტყვა არ მათქმევინეს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამათ მხოლოდ ის აინტერესებთ, რასაც ეს ყუთი იძახის, ეგ ჩემზე ძლიერია. მე არ ვიცოდი მის შესახებ, მაშინ ის არ არსებობდა, ჯობია ეხლა წავალ და ხვალ. . .
მარინა: – მიბრძანდებით? არა, არსად არ გაგიშვებთ, ყავა მიირთვით, იქნებ თქვენ იცოდეთ და ძალიან გთხოვთ არ დამიმალოთ.
მდგმური: – გისმენთ, თუ კი…
მარინა: – ხომ არ იცით რატომ უჩვენებენ ამდენ საშინელებებს, ან ჩხუბებია, ან ომი, ყოველდღიურად ასობით მიცვალებულს ვუყურებთ, სად წავიდა ის არაჩვეულებრივი ფილმები, ჩემს ახალგაზრდობაში, რომ გადიოდა, თქვენ ხომ არ იცით სადაა ის ფილმები?
მდგმური:- არა, ქალბატონო, იცით მე სულ სხვა რაღაცაზე მინდოდა თქვენთან საუბარი, მე მინდოდა სიყვარულზე მესაუბრა თქვენთან . . .
მარინა: – მეც მანდა ვარ, ვერ წარმოიდგენთ რა ფილმები გადიოდა, სულ სიყვარულზე იყო, ეხლა კი. . . ეჰ.
გიორგი: – მიმართეთ მათ და ისინი მოგისმენენ, თქვენ თუ მოინდომებთ, ისინი მხოლოდ თქვენ დაგიგდებენ ყურს.
მდგმური: – მე მინდა, მივმართო მათ, მინდა ავუხსნა, რომ ძველი ცხოვრება დამთავრდა და, რომ როგორც იქნა დადგა ის წამი, რომელსაც ასე დიდხანს ელოდა კაცობრიობა, რომ დღეიდან მხოლოდ სიყვარული იზეიმებს . . .
გოჩა: – კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, ჩაიგდეთ ხმა, თორემ შეიძლება ვინმე ჯვარს ვაცვა.
ქეტი: – (ტელევიზორისკენ)ჩუმად, ეხლა მკვლელი შემოვა.
ოთახში ნინო შემოდის, ის მთვრალია და მას ღამის პერანგი აცვია.
ნინო: – (აშინებს) უუუუუ
ქეთი: – კინაღამ გული არ გამიხეთქე? ვაი, ნინო, რა სექსუალური ხარ?
ნინო: – იქით გაიხედე რა?
მარინა: – (მდგმერს) ეს ნინოა, ჩემი ქალიშვილი, თუმცა თქვენ უკვე იცნობთ არა?
ნიკო: – ნინო, თუ სამსახურმა ისე გადაგღალა, რომ თავი გტკივა, დარჩენილიყავი შენს ოთახში.
ნინო: – მე აღარ მტკივა თავი.
გიორგი: – შენღა გვაკლდი აქ და თანაც ასეთ დღეში.
ნინო: – ჩემი უმცროსი ძმა, რომ არ იყო, ვიფიქრებდი აღვაგზნეო.
ქეტი: – ნინო, რატომ ხარ ასეთი საქსუალურ, ეროტიულ, პორნოგრაფიული?
გოჩა: – დახურე რა ეგ პირი.
მარინა: – ეხლავე ჩაიცვი რამე, ის შავი კაბა ჩაიცვი ახალ წელს, რომ გიყიდეთ.
შლავა: – ნინო, გამარჯობა, ზუსტად ეხლა ვკითხულობდი ნინო სადაა მეთქი.
მარინა: – ან ის ტყავის კოსტუმი ჩაიცვი ზაფხულში, რომ გიყიდეთ.
ნინო: – დედა დამიწყნარდი. (მდგმურს) თქვენ რა გქვიათ? არა, არ მითხრათ, ჩვენს ოჯახში თქვენ მდგმურს გაძახიან და მეც ეგრე დაგიძახებთ, მდგმურო!
გიორგი: – შენ წარმოდგენაც არა გაქვს ვის ელაპარაკები.
ნინო: – როგორ არა მაქვს წარმოდგენა? ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, ხშირად ვხვდებით ხოლმე, აი დღესაც შევხვდით ერთმანეთს აბაზანაში, ხო მართალს ვამბობ? შეცბუნდით მე რომ დამინახეთ?
მდგმური: – არა.
ნინო: – არა? მოგეწონათ რაც ნახეთ?
გიორგი: – ნინო!
გოჩა: – ნინო, ვერ ხედავ, რომ ყველას ხელს გვიშლი?
ქეთი: – ნინო, მართლა ვერ ხედავ, რომ ყველას ხელს გვიშლი?
ნინო: – ტელევიზორს შეხედეთ, რა? თქვენ ხომ ის უფრო გაინტერესებთ (მდგმურს) იქნებ თქვენც ამის ყურება უფრო გაინტერესებთ?
გიორგი: – მას ეს საერთოდ არ აინტერესებს?
შლავა: – რატომ მე ძალიან მაინტერესებს, ვგიჟდები დედექტივებზე.
გოჩა:- ვისაც არ აინტერესებს დედექტივი შეუძლია წავიდეს თავის ოთახში და რამე უფრო საინტერესო საქმე გამოძებნოს.
ქეთი:- უფრო საინტერესო რა Hშეიძლება იყოს გოჩუნა?
ნინო: – ხედავთ რა ბედნიერი ხალხია, მათ, ის მაინც იციან თუ რა აინტერესებთ. თქვენ? თქვენ იცით რა გაინტერესებთ?
მდგმური: – რა თქმა უნდა ვიცი.
ნინო: – საინტერესოა, მომიყვებით?
გიორგი: – არ აყვეთ, ხომ ხედავთ მთვრალია. ნინო, ჯობია შენს ოთახში შეხვიდე.
ნინო: – რა ეს ჩემი ოთახი არაა, განა ამ სახლში ყველა ოთახი ჩემი არაა?
ნიკო: – (მდგმურს) ნუ მიაქცევთ ყურადღებას, გადაღლილია, ძალიან მძიმე სამსახური აქვს და ამიტომ იღლება, სიგარა ხომ არ გნებავთ? შესანიშნავი სიგარები მაქვს.
მდგმური: – დიდი მადლობა, არ ვეწევი.
ნიკო: – მაშინ მე მოვწევ, მიყვარს ტელევიზორის ყურების დროს სიგარის გაბოლება, სადაა ჩემი სიგარები?
მარინა: – ძალიან კარგს შვრებით, რომ არ ეწევით, რამდენი წლის ხართ?
მდგმური: – 33-ის ქალბატონო.
ნიკო: – სადაა ჩემი სიგარები? რატომ იკარგება ამ სახლში ყველაფერი?
გიორგი: – ნუთუ ეხლაც ვერ ხვდებით ვის ელაპარაკებით, დედა, კარგად შეხედე, ის 33 წლისაა, ნუთუ არაფერს გეუბნება მისი ასაკი?
მარინა: – 33 წლისაა?
გიორგი: – ჰო, დედა, 33-ის.
მარინა: – მაპატიეთ, მაგრამ უფრო მეტის მეგონეთ.
ნინო: – მართალი ხარ დედა, ასე 40-45 წლისას ჰგავხართ. თქვენ ყოველთვის ასეთი ხართ?
მდგმური: – როგორი?
ნინო: – მშვიდი,რბილი.
მდგმური: – გულახდილად, რომ გითხრათ, ეხლა არა ვარ მშვიდი.
ნინო: – მართლა? ღელავთ?
მდგმური: – დიახ.
ნინო: – ძალიან კარგი, მამაკაცს უხდება ღელვა.
მარინა: – ნინო, რამდენჯერ უნდა გითხრა, წადი, ჩაიცვი რამე.
ნინო: – დედა რატომ მაგდებ? ხედავთ, მაგდებენ, გვებრძვიან.
შლავა: – რატომ უნდა ჩაიცვას? აქ ცივა?
გიორგი: – რატომ არ ეუბნებით? ხმა ამოიღეთ, უთხარით ვინც ხართ. . .
გოჩა: – მე ვიცი ვინცაა ეგ, სატანა.
გიორგი: – რაა?
გოჩა: – (ტელევიზორისკენ)აი ეს სატანაა.
ქეთი: – ეგ სატანა არაა, ეგ პარიკმახერია.
ნიკო: – მე თქვენ გეკითხებით სადაა ჩემი სიგარები? მითხარით სადაა ჩემი სიგარები? ამ ოჯახში არასოდეს არაფერი არ დევს თავის ადგილზე, ვინ აიღო ჩემი სიგარები? ეხლავე გამიჩინეთ სიგარა თორემ გავგიჟდები, როგორც გინდათ გამიჩინეთ სიგარა, თორემ შეიძლება რაღაც საშინელება ჩავიდინო.
მდგმური: – ინებეთ.
ნიკო: – ო, დიდი მადლობა, ეს ჩემი სიგარა არაა, ესე იგი თქვენ მაინც ეწევით?
მდგმური: – არა, ხომ გითხარით არ ვეწევი მეთქი.H
ნიკო: – მშვენიერი სიგარაა, კუბურია?
მდგმური: – არა, პალესტინური.
ნიკო: – პალესტინური? პირველად ვეწევი პალესტინურ სიგარას, არც ვიცოდი რომ არსებობს პალესტინური სიგარა.
შლავა: – ფალსიფიცირებული იქნება.
ნიკო: – არა, არა მშვენიერია, სად იშოვეთ ეს პალესტინური სიგარა?
გიორგი: – მამა, ჩვენი მდგმური იქიდანაა.
ნიკო: – პალესტინიდან? რა, უცხოელია?
შლავა: – აუ, ეხლა პალესტინაში ამბები ხდება?! ტელევიზორში სულ მაგას უჩვენებენ, გაუთავებლად ომობენ, ხან ესენი ააფეთქებენ იმათ, ხანაც ისინი ააფეთქებენ ამათ. თვითონ ვერ გაუგიათ ვინ ვის ებრძვის.
ნიკო: – მოიცათ, მოიცათ, თქვენ თუ უცხოელი ხართ, ჩვენ უფლება გვააქვს, რომ ოთახი მოგაქირაოთ? მე სულაც არ მინდა, რომ რაიმე უსიამოვნება მქონდეს პოლიციასთან.
გიორგი: – მე ვთხოვე მას, რომ შემოსულიყო თქვენთან, მეგონა თქვენ მაშინვე მიხვდებოდით თუ ვინ ცხოვრობს თქვენს ბინაში.
ნიკო: – ვინ ცხოვრობს? შენ არაფერი არ გესმის, ჯერ პატარა ხარ, არასრულწლოვანი, მე კი შეიძლება პოლიციასთან უსიამოვნება მქონდეს.
მარინა: – ნუ გეწყინებათ, ჩვენ გამოცდილებაც არა გვაქვს, შეიძლება თუ არა უცხოელებზე ბინის გაქირავება, გოჩა, შეიძლება უცხოელებზე ბინის გაქირავება? იცით, ჩემი შვილი ძალიან ჭკვიანია, მან ყველაფერი იცის.
გოჩა: – შეიძლება, ეხლა სხვა დროა, დაწერთ განცხადებას და მიიტანთ ს.ს.ს-ში.
ნიკო: – საად?
გოჩა: – საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მდგმური: – არ არის საჭირო.
ნიკო: – როგორ არ არის საჭირო? რახან გოჩა იძახის ესე იგი საჭიროა. ეს შეიძლება იქ თქვენთან პალესტინაში არ იყოს საჭირო, მაგრამ აქ ჩვენთან საჭიროა, ხვალვე დავწერ განცხადებას.
მდგმური: – თუ თქვენ ასე გნებავთ, კი ბატონო.
ნიკო: – დიახაც გვნებავს და საერთოდ ვინ შემოგვაჩეჩა ეს უცხოელი?
მარინა: – თვითონ მოვიდა.
ქეტი: – მოვიდოდა აბა რა, რაც თქვენ განცხადებები აქვეყნეთ გაზეთებში “ვაქირავებთ ბინას, ვაქირავებთ ბინას” ა ბატონო, გააქირავეთ და იქირავა კიდეც.
გიორგი: – თქვენ, რომ იცოდეთ ვის ელაპარაკებით. . .
ნიკო: – მოვრჩეთ ამაზე, მაყურებინეთ თორემ ვერაფერს ვეღარ გავიგებ.
ნინო: – მომიყევით რამე თქვენი ქვეყნის შესახებ.
მდგმური: – ჩემი ქვეყანა სხვა სამყაროშია.
ნინო: – ო, თქვენ პოეტიც ყოფილხართ, მიყვარს პოეტური მამაკაცები.
შლავა: – (ტელევიზორისკენ) გავგიჟდები, ეს შრამიანი ვინღაა?
ქეთი: – მკვლელი.
გოჩა: – მკვლელი პარიკმახერია, ეს შრამიანი ბუფეტში მუშაობს.
შლავა: – დედექტივია?
გოჩა: – არა, დამლაგებელი.
ქეთი: – ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, მივხვდი, დამლაგებელია მკვლელიც და დედექტივიც.
გოჩა: – სულელი არა ხარ ამის მერე?
ქეთი: – რატომ ვარ სულელი? აბა ვინაა მკვლელი? ბოზი?
გიორგი: – თქვენ უბრალოდ არ გინდათ, რომ მათ უთხრათ თუ ვინც ხართ?
მდგმური: – არა, ძალდატანებით არ მინდა.
გიორგი: – მაშინ მე ვეტყვი.
მდგმური: -არა, გიორგი, არა, ისინი თვითონ უნდა მიხვდნენ, სხვა შემთხვევაში არაფერი არ მოხდება, მათ უნდა უნდოდეთ ჩემი ნახვა, მათ უნდა სწყუროდეთ ჩემი ნახვა, მთავარია თვითონ სწამდეთ, სწამდეთ. . .
ნინო: – რისი?
მდგმური: – უნდა გწამდეთ იმისი, რომ სიყვარული აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველაფერი ასრულდება.
ნინო: – ყველაფერი?
მდგმური: – ჰო, ეს ერთადერთია, რისიც ყველას უნდა გწამდეთ. მაშინ ყველაფერი დალაგდება, სიყვარული ეს ერთადერთია, რასაც ძალუძს ყველაფრის გაერთიანება, ამის უნდა გჯეროდეთ და ყველაფერი კარგად იქნება და ყოველივე ასრულდება.
ნინო: – ესე იგი, ყველაფერი ასრულდება?
მდგმური: – ყველაფერი.
ქეთი: – სულელი და იდიოტი ვინცაა ამ ოჯახში ყველა ხედავს.
მარინა: – ნინო, ის ჩექმები მაინც ჩაიცვი, ზამთარში რომ გიყიდეთ.
ნინო: – ესე იგი ყველაფერი რაც მე და თქვენ გვინდა ასრულდება?
მდგმური: – მარტო მე და თქვენ კი არა, მთელი სამყარო ამოისუნთქებს, აღარ იქნება ომები, აღარ იქნება. . .
მარინა: – ნინო, მოსცილდი ჩვენს მდგმურს და ღვინო მაინც შესთავაზე, რაც არ უნდა იყოს, დღეს გიორგის დაბადების დღეა.
ნინო: – დალევთ?
მდგმური: – სიამოვნებით.
ნიკო: – მეც დამისხი, მერე რა, რომ მასწავლებელია, მივუჭახუნებ მაინცა.
ნინო: – რა ლამაზი თითები გაქვთ?, თითები ლამაზი გაქვთ მეთქი, გიორგი შენ არ დალევ?
გიორგი: – არა.
ნიკო: – თქვენ გაგიმარჯოთ, თქვენი მეგობრებიც უცხოელები არიან?
მდგმური: – ჩემს მოწაფეებზე ბრძანებთ?
ნიკო: – ჰო, თუმცა ისინი მოწაფეებს არ ჰგვანან, ძალიან დიდები არიან მოწაფეებისათვის. ნუ გეწყინებათ და ერთი ტიპი არ მომწონს, აი ის, სულ თევზის სუნი,რომ ასდის.
გიორგი: – პეტრე, მამა მას პეტრე ჰქვია.
ნიკო: – მერე მეგ თქვენს პეტრეს რატომ ასდის თევზის სუნი? თევზის მაღაზიაში მუშაობს?
მდგმური: – არა, ის უბრალო მეთევზეა.
მარინა: – აი, ხომ ვიძახდი მეთევზეა მეთქი, რომ ამოიჩემე გინდა თუ არა მაღაზიაში მუშაობსო.
ნიკო: – ეგ, მე კი არა, შენ თქვი. მე ვიძახდი მეთევზეა თქო და შენ იძახდი მაღაზიაში მუშაობსო, აბა მიულოცოთ გიორგის დაბადების დღე.
მდგმური: – თქვენ შესანიშნავი შვილი გყავთ ბატონო ჩემო, მას ყველაფერი აინტერესებს, ეს კი უკვე იმის საწინდარია, რომ. . .
შლავა: – როგორ, დღეს გიორგის დაბადების დღეა? აბა მეც დამისხით ღვინო.
ნიკო: – გიორგი, დაუსხი შლავა ბიძიას ღვინო.
გიორგი: – აღარ არის.
ნიკო: – როგორ თუ აღარ არის, (ცოლს) მიდი მოიტანე. დღეს ჩემს შვილს თვრამეტი წელი შეუსრულდა.
მარინა: – ცხრამეტი
ნიკო: – თვრამეტი, შესანიშნავი ასაკია არა? რატომ არ მოგაქვს ღვინო?
მარინა: – აღარა გვაქვს.
ნიკო: – როგორ თუ არა გვაქვს?
მარინა: – შენ არ სთქვი, ორ ბოთლზე მეტი არ იყიდო, გოჩა მაინც მოიტანსო. ჰოდა მეც მარტო ორი ბოთლი ვიყიდე.
ნიკო: – მერე, გოჩას მოტანილი მოიტანე.
მარინა: – გოჩამ არ მოიტანა.
ნიკო: – გოჩა, შენ ღვინო არ მოიტანე?
გოჩა: – და რატომ უნდა მომეტანა? მითხრა ვინმემ მოიტანეო?
ნიკო: – არ გითხარი?
გოჩა: – არა
ნიკო: – აუჰ, შევრცხვით, სტუმრებთან შევრცხვით. შლავა ღვინო აღარა გვაქვს.
შლავა: – არა უშავს, შენ მაგაზე ნუ ინაღვლებ, მე კამპოტს დავლევ.
მდგმური: – უკაცრავად ამაში წყალია?
მარინა: – დიახ, იცით გოჩას ღვიძლი აწუხებს და ამიტომ სადილზე ყოველთვის წყალს ვუდგავთ ხოლმე.
მდგმური ხელებს აფარებს დოქს, ზევით იყურება და რაღაცას ბუტბუტებს.
მარინა: – რამე დაინახეთ?
მდგმური: – (გიორგის) დაუსხი ბატონ შლავას.
გიორგი: – წყალი?
მდგმური: – დაუსხი.
შლავა: – (სვამს) ვაი, ეს კომპოტი არაა ეს ღვინოა.
ნიკო: – რაა?
შლავა: – ღვინოა, შესანიშნავი ღვინოა.
მარინა: – რა თქმა უნდა, კომპოტი დღეს არ მომიმზადებია.
ნიკო: – აბა გამასინჯეთ, არაჩვეულებრივი ღვინოა, სად აიღეთ? გიორგი შვილო, საიდან მოიტანე ეს ღვინო.
გიორგი: – მე არა, ეს ჩვენმა მდგმურმა ჰქნა, მან წყალი ღვინოდ გადააქცია.
შლავა: – ყოჩაღ, არაჩვეულებრივი ღვინოა.
ნიკო: – გამახსენდა, დოქში მესხა, როგორ დამავიწყდა.
გიორგი: – მამა, ამ კაცმა თქვენს თვალწინ სასწაული მოახდინა, მან ხელი შეახო დოქს და წყალი ღვინოდ გადააქცია.
ნიკო: – თორმეტგრადუსიანია, კარგია, სოფლიდან გამომიგზავნეს.
გიორგი: – არა, მამა, არა, არავის არ გამოუგზავნია შენთვის ღვინო, ეს ამან გადააქცია წყალი ღვინოდ.
შლავა: – თორმეტი არა, მაგრამ თერთმეტი გრადუსი იქნება, მაინც კარგია.
გიორგი: – ნინო, შენ ხომ დაინახე?
ნინო: – დავინახე, ბრავო!
მდგმური: – მამათქვენი შეწუხებული იყო და იმიტომაც გადავაქციე წყალი ღვინოდ.
ნინო: – მშვენიერი ფოკუსია, ვგიჟდები იმ მამაკაცებზე ვისაც ფოკუსების კეთება შეუძლიათ.
გიორგი: – დედა, მან წყალი ღვინოდ აქცია.
მარინა: – ეჰ, რისგან აღარ აკეთებენ დღეს ღვინოს. ჩემს დროს კი ღვინოს მხოლოდ ყურძნისაგან აკეთებდნენ.
გიორგი: – ქეთი, გოჩა, მან წყალი ღვინოდ გადააქცია.
ქეთი: – არ მინდა გიორგი, არც გოჩასთვის შეიძლება, გოჩას კუჭი აწუხებს
გოჩა: – კუჭი არა, ღვიძლი.
შლავა: – აბა,აბა, ამასწინათ კატლეტი ვჭამე, რა ხორცია მეთქი ვიკითხე და ხორცი არ არისო, სოია არისო, გაგიჟდები რას არ მოიგონებენ. გაგიგიათ ხელოვნური ხორცი?
გიორგი: – ეს არ არის ხელოვნური ღვინო, ეს ნამდვილი ღვინოა.
ნიკო: – ეჰ, შვილო, შენ რა იცი, რა არის ნამდვილი და რა არა.
ქეთი: – (ტელევიზორისკენ) ააა, ეხლა კი გამოიჭირეს ვირიშვილი.
გოჩა: – ვინაა ვირიშვილი?
ქეთი: – პარიკმახერია ვირიშვილიც და ძაღლიშვილიც, როგორ დამაწყვიტა ნერვები და თურმე ეს არ ყოფილა ეს დამპალი, ნაბიჭვარი ეგა.
გოჩა: – პარიკმახერია ვირის შვილი?
ქეთი: – აბა ვინაა, არ წაიღო ჩემი ცხოვრების საათნახევარი.
გოჩა: – თან ვირის შვილია და თან ძაღლის?
ქეთი: – ყველაფერი ეგაა, მე მაგის დედა ვატირე, მე რომ მეგონა ის მაიმუნის ტრაკიანი ბოზია მკვლელიო, თურმე ნუ იტყვით და პარიკმახერი არ ყოფილა. . .
გოჩა: – ჩაიგდებ ხმას თუ არა?
გიორგი: – (მდგმურს) მიდიხართ?
მდგმური: – წავალ, ხომ ხედავ აზრი არა აქვს.
ნინო: – ცუდად გრძნობთ ჩვენთან? ჩვენ ხომ ისეთი არაჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს. თქვენ ბედმა გაგიღიმათ, რომ ჩვენთან მოხვდით და არა სხვასთან. არ გინდათ, რომ მეცეკვოთ?
მდგმური: – რაა?
ნინო: – მეცეკვეთ.
ქეთი: – ნინო, გაწიე შენი ამძუებული სხეული.
მარინა: – ეგღა გაკლდა ნინო
გიორგი: – გაანებე თავი
გოჩა: – ნინო, თუ თვითონ არ დაწყნარდები, მე დაგაწყნარებ.
ნინო: – რა? რა გინდათ ჩემგან? არ შეიძლება, რომ მეც გავერთო? მეც მინდა გართობა. მე არ შემიძლია მარტოობა, მე ცუდადა ვარ როცა მარტო ვარ, მე ეხლა მარტო ვარ და ამიტომ ცუდადა ვარ.
მდგმური: – თქვენ არა ხართ მარტო, ეგ თქვენ გგონიათ, რომ მარტო ხართ, ადამიანი არაა მარტო, ის უბრალოდ ვერ ხვდება, რომ მარტო არაა, მთავარია შესძლოთ დანახვა და თქვენ მაშინვე დარწმუნდებით, რომ ცხოვრება მშვენიერია, რომ მხოლოდ სიყვარულია თქვენს გარშემო. . .
ნინო: – ვაი, ეხლა მივხვდი. . .
გიორგი: – მიხვდი?
ნინო: – მივხვდი რატომაც მომწონს?
მდგმური: – მე მოგწონვართ?
ნინო: – აქამდე ვერ შეამჩნიეთ? თქვენს თვალებში არის ფანატიზმი, ვგიჟდები ფანატიკოს მამაკაცებზე. თქვენისთანა კაცს ყველგან გავყვებოდი.
მარინა: – ეხლა სად აპირებ გამგზავრებას? გესმის, შენი შვილი კიდევ აპირებს სადღაც გამგზავრებას.
ნიკო: – სად აპირებს? მერე ჩვენ არ გვეკითხება? სად აპირებ წასვლას, მაგის სამშობლოში ხომ არა? იცი ეხლა იქ რა ხდება? ყოველი მეორე ტერორისტია. სულ აფეთქებენ და აფეთქებენ.
ნინო: – იცი, სად მინდა შენთან ერთად წასვლა? ეტნაზე! წარმოიდგინე: მე და შენ შიშვლები ვწევართ მთაზე და ვეხვევით ერთმანეთს, ექსტაზში ვართ რა, ხოლო ჩვენგან შორიახლოს ვულკანი აფრქვევს წითელ ლავას? ა, როგორია? ანდა ჩანჩქერზე, სექსი ჩანჩქერზე გისინჯია? ძალიან მინდა, რომ ვსინჯო, წარმოიდგინე, რომ ვწევართ – შიშვლები და ვეხვევით ერთმანეთს, ეხლაც ექსტაზში ვართ რა, ხოლო ჩვენს უკან ჩანჩქერი ღრიალებს, ჩვენც ვღრიალებთ და ისიც ღრიალებს, ა, უჰ, ა, უჰ! არ გინდა? ანდა წავიდეთ და სადმე დიდი საბარგო ლიფტი ვიპოვოთ, აი ისეთი, ასე, რომ იღება, გავაჩეროთ რომელიმე სართულზე და … არ გინდა? შენც არ გესმის ჩემი, არავის არ ესმის ჩემი, არავის.
მდგმური: – მე მართლა არ მესმის თქვენი.
ნინო: – წამიყვანე სადმე, სადაც გინდა იქ წამიყვანე, ოღონდ მარტოს ნუ დამტოვებ, მე სულ მარტო ვარ, სულ, მაშინაც კი როდესაც ქუჩაში ხალხში დავდივარ და მაშინაც, როდესაც მშობლიურ ბინაში ვარ, ორი ქმარი მყავდა და არც ერთს არ ესმოდა ჩემი, რაღაც მომენტში აი აქ რაღაც გადამეკეტებოდა და ვგრძნობდი, რომ მარტო ვრჩებოდი, ისინი კი სადღაც შორს აღმოჩნდებოდნენ ხოლმე და იქიდან მეძახდნენ : “ნინო რა გავაკეთოთ მეტი, რა გინდა მეტი”, მე კი თვითონ არ ვიცოდი რა მინდა, ვერც ვერავინ ვერ ამიხსნა რა მინდა, მუდამ სიცარიელის გრძნობა მაქვს, ამიტომაც ვსვამ, თუმცა მშვენივრად ვიცი, რომ სასმელიც ვერ მშველის, უბრალოდ როცა ვსვამ, ცოტა ხნით ვივიწყებ ჩემს სიმარტოვეს, მეშინია მარტოობის. . .
მდგმური: – თქვენ არა ხართ მარტო, დაიჯერეთ, რომ არა ხართ მარტო. . .
ნინო: – არ გვინდა, რა, მჯერა არ მჯერა, ბავშვობიდან არ მიყვარს ეგ თამაში, დავიღალე, ყელამდე ვარ ლამაზი სიტყვებით, არ მინდა გრძნობებზე საუბარი, მიყვარხარ, არ მიყვარხარ, მე ნამდვილი მამაკაცი მჭირდება, რომელიც მომკიდებს ხელს თმებში და კედელს მარტყმევინებს თავს, რომ გამომაფხიზლოს, მაგრამ ასეთი მამაკაცები აღარ არიან, აი შენ შეგიძლია მომკიდო ხელი და სადმე წამათრიო? თუ რამის თავი გაქვს, წამათრიე სადმე, თუ გინდა შენს ოთახში, თუ გინდა ჩემს ოთახში გავიდეთ.
მდგმური: – საცოდავო.
ნინო: – საცოდავო? საცოდავი თვითონ ხარ! არაფრის თავი არა გაქვს და მაგაშია საქმე, მე მარტო ვარ, მარტო, არავის არ შეუძლია გაიგოს თუ რა მაწუხებს, დავეხეტები ჩემთვის ამ ქვეყანაზე, იმ ადამიანის ძებნაში, ვინც გაიგებს თუ რა მაწუხებს.
გიორგი: – ნინო, სად მიდიხარ? შენ მთვრალი ხარ!
ნინო: – მთვრალი? ვარ! განა ფხიზელმა შეიძლება უყურო ამ ცხოვრებას? როცა ვსვამ, ცოტა ხნით გიჟი ვხდები ხოლმე და ეს მახალისებს, მომწყინდა თქვენთან, წავალ გავივლი სადმე, ნუ გეშინია ძმაო, მე არაფერი არ მომივა.
(გადის)
მდგმური: – მე მესმის მისი, მაგრამ ვერაფრით დავეხმარები, თუ თვითონ არ იწამა, რომ ცხოვრება მშვენიერია. ვერც მას და ვერც ამათ.
გიორგი: – მე ვიცი რა არის საჭირო, მოახდინეთ სასწაული.
მდგმური: – ხომ გადავაქციე წყალი ღვინოდ.? მეტს ვერაფერს ვიზამ.
გიორგი: – ხომ შემპირდით, რომ უშველიდით მათ.
მდგმური: – მე შემიძლია ვუშველო მათ, ვისაც უნდა შველა, ესენი არც კი მისმენენ, რა შემიძლია გავაკეთო?
გიორგი: – შეგიძლიათ
მდგმური: – შემიძლია?
ქეთი: – ბატონო შლავა, არ შეიძლება, სადმე სხვაგან რომ გადაჯდეთ? თორემ მეფარებით?
შლავა: – ეჰ, ქეთი, მე რომ გადაჯდომა შემეძლოს ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ ივლიდა ამ ქვეყნად.
გიორგი: – მოახდინეთ სასწაული, ისინი მხოლოდ სასწაულს თუ დაუჯერებენ.
მდგმური: – არც კი ვიცი რა უნდა ვქნა?
გიორგი: – (უჩვენებს შლავაზე) თქვენ ხომ შეგიძლიათ დავრდომილი დააყენოთ ფეხზე, მოახდინეთ სასწაული, ბატონ შლავას პარალიზებული ფეხები აქვს.
მდგმური: – და შენ ფიქრობ . . .
გიორგი: – გთხოვთ!
მდგმური: – კარგი, რახან შენ მთხოვ. . .
(მიდის შლავასთან) ადექ და გაიარე!
შლავა: – (უცებ წამოხტება და ტელევიზორთან მიირბენს) აი თურმე სად ყოფილა ეს შრამიანი! მიდი მკვლელო ჩაიდინე ეგ შენი ბინძური საქმე.
ქეთი: – ბატონო შლავა, ხომ გთხოვეთ მეფარებით თქო, ნუ დახტიხართ აქეთ იქით.
გიორგი: – დადის, შეხედეთ, დადის! შეხედეთ დადის!
შლავა: – გიორგი ნუ ყვირიხარ!
გიორგი: – ბატონო შლავა, თქვენ ფეხზე დგახართ. თქვენ ჯამრთელი ფეხები გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ ფეხბურთიც კი ითამაშოთ.
შლავა: – ეჰ, ჩემო გიორგი, მე ფეხბურთს ვთამაშობდი! ოპერის ფეხბურთელთა გუნდის კაპიტანი ვიყავი.
გიორგი: – თქვენ ისევ შეგიძლიათ ფეხბურთის თამაში.
შლავა: – რა ქეთილი ბიჭი ხარ გიორგი.
გიორგი: – თქვენ მაინც შეხედეთ, თუ თვითონ ვერ ხედავს, მამა შეხედე!
ნიკო: – გიორგი, ნუ ყვირიხარ როცა უფროსები ტელევიზორის ყურებით არიან დაკავებულნი.
გიორგი: – დედა!
მარინა: – გიორგი, ჩუმად შვილო, თორემ ბავშვი გაიღვიძებს.
ნიკო: – ვინ ბავშვი?
მარინა: – ვაი, დამესიზმრა. (მდგმურს) იცით, დედა, არასოდეს არ ივიწყებს შვილების ტირილს, ესენი როცა პატარები იყვნენ, ხშირად ვიღვიძებდი, თითქმის თვალგახელილს მეძინა, ხან საბანს გავუსწოებდი, ხანაც უბრალოდ დავხედავდი, ხომ არ ახველებენ თქო, თქვენ გყავთ შვილები?
გიორგი: – დედა!
მარინა: – პირველი მისი სიტყვა ზუსტად “დედა” იყო, რომ იცოდეთ გიორგი რა მტირალა იყო, ღამით ატირდებოდა და მე დილამდე ხელში აყვანილს დავატარებდი, თქვენ არა გყავთ შვილები?
მდგმური: – მეე?
მარინა: – სანამ პატარები არიან მანამდე არიან კარგები, რომ გაიზრდებიან მაშინ ხდებიან . . .
(იძინებს)
შლავა: – სინათლე არ გიშლით? ჩააქრეთ რა?
გოჩა: – თუ გიშლით, ადექით და თვითონ ჩააქვრეთ.
(შლავა სირბილით მიდის და აქრობს სინათლეს)
გიორგი: – ის დარბის, შეხედეთ დარბის, ბატონო შლავა, შეხედეთ, თქვენ დარბიხართ კიდეც.
შლავა: – ვირბენ აბა, არ ვირბენ, ეხლა გაირკვევა ვინ მოიპარა ბრილიანტები.
გიორგი: – დაივიწყეთ ეგ ბრილიანტები, თქვენ დადიხართ ბატონო შლავა! დაივიწყეთ ეს ოხერი ტელევიზორი, თქვენ ხომ დადიხართ? ქენით რამე, მოსწყვიტეთ ესენი ამ ტელევიზორს, თორემ ვერაფერს გახდებით.
მდგმური: – როგორ გიორგი, როგორ?
გიორგი: – ტელავიზორი გააქრეთ! გააფუჭეთ! ააფეთქეთ! რამე უქენით ამ წყეულ ყუთს!
მდგმური: – ეს არ უშველის გიორგი! მათ არ სჭირდებათ ჩემი დახმარება.
გიორგი: – გემუდარებით, ჰქენით რამე, მოაცილეთ ისინი ტელევიზორს, ხომ ხედავთ სანამ ეგ მუშაობს, მანამდე ვერაფერს ხედავენ!
მდგმური ხელს იქნევს და ტელევიზორი ფეთქდება.
ქეთი: – აა! რა მოხდა?
გოჩა: – მე ვიცოდი, ვიცოდი, რომ დღეს ყველაფერი ჩამშხამდებოდა, ხომ გეუბნებოდი არ ღირს დღეს დინოზავრებთან წასვლა, ხვალ წავიდეთ მეთქი.
ქეთი:- როდის მითხარი? როდის მითხარი? თვალებში შემომხედე და ისე მითხარი.
შლავა: – არადა, შრამიანი უკვე კარებთან იყო.
ნიკო: – ყველაფერში ეს მთავრობაა დამნაშავე, ისეთ დენს უშვებენ, რომ ყველაფერს აფუჭებს.
ქეთი: – გოჩა, შენ ხომ ერკვევი ტექნიკაში.
გოჩა: – ტექნიკა რა შუაშია, იქიდანაა გამორთული
გიორგი: – ეხლა მაინც მომისმინეთ.
ნიკო: – ეს შობელძაღლები გამოვლენ და იტყვიან, სარელეო ხაზზე შეფერხებაო, მაგათი სარელეო ხაზის დედა ვატირე.
ქეთი: – თავს მოვიკლავ ეხლავე, აააააა!
მარინა: – რა მოხდა?
ქეთი: – ტელევიზორი გაფუჭდა, გოჩა, მოიფიქრე რამე თორემ თავს დავიწვავ აააა!
მარინა: – თუ ეს ტელევიზორი გაფუჭდა, საძინებელი ოთახიდან მეორე ტელევიზორი გამოიტანეთ.
ნიკო: – მართალია! როგორ არ გამახსენდა, შლავა ნუ დახტიხარ აქეთ იქით, მომეხმარე!
მარინა: – ოღონდ გაფრთხილებთ ოთახი დაულაგებელია
ყველანი გარბიან ტელევიზორის მოსატანად.
მდგმური: – ხომ ხედავ? არაფერი არ გამომდის?
გიორგი: – და ამას თქვენ იძახით?
მდგმური: – ისინი ძალიან შეიცვალნენ, ჩემს დროს ისინი სხვანაირები იყვნენ.
ისინი შემორბიან და შემოაქვთ მეორე ტელევიზორი.
გოჩა: – ფრთხილად ჩართეთ, უცაბედად მაღალი ძაბვა არ იყოს.
ქეთი: – ანტენა გაურჭეთ ანტენა, მე მაგის დედა ვატირე!
ნიკო: – შლავა, ფეხებს ნუ მირტყამ!
შლავა: – ჩაირთო, მადლობა ღმერთს ჩაირთო!
ქეთი: – ეგ არხი არ დამანახოთ, თორემ ისევ ის იდიოტი გამოვა და თავის თავზე ილაპარაკებს!
გოჩა: – მოიცა, აი !
ქეთი: – შეხედეთ, ახალი ქალი გაიჩითა, ფუჰ, რასა ჰგავს, ეგ ოპერატორის საყვარლობაზეც ვერ ქაჩავს, ხმის რეჟისორის ბოზი იქნება.
შლავა: – ვინ იცის, რამდენი რამე გამოვტოვეთ.
გოჩა: – ეხლა, ჩუმად, თორემ მივასიკვდილებ ვინმეს!
მდგმური: – ნუთუ ამათ მართლა არაფერი არ აინტერესებთ ტელევიზორის გარდა?
გიორგი: – არაფერი, ყოველდღე ასე სხედან.
მდგმური: – სხვა არაფერი არ აწუხებთ?
გიორგი: – მხოლოდ ის, რაც ამ ყუთიდან ესმით.
მდგმური: – რა საშინელებაა. ვერ დავიჯერებ, რომ ეს ყუთი ჩემზე ძლიერია.
გიორგი:- სანამ ფილმი არ დამთავრდება, ისინი არ მოგისმენენ.
მდგმური ხელს სწევს ზევით და ოთახში უცებ აცივდება.
ქეთი: – მცივა, გოჩუნა შენ არ გცივა?
გოჩა: – ამ სახლში ყოველთვის ცივა, იმიტომ გეუბნებოდი, დავრჩეთ და სახლში ვუყუროთ ფეხბურთსო.
შლავა: – ჩემთანაც ცივა, ეს იმიტომ, რომ ისე აშენებენ სახლებს, რომ გათბობაზე არ ფიქრობენ.
ნიკო: – ეს ჩვენი მთავრობა არაფერზეც არ ფიქრობს,
მდგმური ხელს სწევს და ოთახში უცებ დაცხება
ქეთი: – რა საშინლად ცხელა არა გოჩუნა?
გოჩა: – ამ სახლში ყოველთვის ცხელა, იმიტომ გეუბნებოდი, დავრჩეთ და სახლში ვუყუროთ ფეხბურთსო.
შლავა: – ჩემს სახლშიც ცხელა. E იმიტომ, რომ ისე აშენებენ სახლებს რომ ვენტილაციაზე არ ფიქრობენ.
ნიკო:- გეუბნებით მე თქვენ, ესენი არაფერზე არ ფიქრობენთქო.
მდგმური: – ნუთუ ამათ არაფერი არ აწუხებთ? ნუთუ ამათთვის ყველაფერი სულ ერთია?
სწევს ხელს, თვითოეული პერსონაჟი სათითაოდ დგება და იწყებს თავის მონოლოგს:
ნიკო: – როდესაც სამსახურში შემამცირეს და უმუშევარი დავრჩი, სახლში მოსვლა აღარ მინდოდა, ვიცოდი, რომ შინ მშიერი ცოლ-შვილი მელოდებოდა, მაგრამ მე არაფრის მოტანა არ შემეძლო, საკუთარ შვილებს ვემალებოდი, ცოლს უაზროდ ვეჩხუბე და სახლიდან წავედი, ვიცოდი, რომ ისინი შიმშილობდნენ, მაგრამ ვერაფრით ვეხმარებოდი და ამიტომ გავიქეცი, საკუთარ შვილებს გავექეცი, თავი მეზიზღებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ ვნახე, რამოდენიმე თვით მივატოვე ოჯახი, მერე როცა სამსახური ვიშოვნე, დავბრუნდი, ამათმა მიმიღეს, მაპატიეს გაქცევა, მაგრამ მე დღემდე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, როგორ ვუღალატე მათ, როგორ გავწირე, მათ შეიძლება აღარც ახსოვთ, მაგრამ მე ხომ მახსოვს?
მარინა: – მე ძალიან მიყვარდა ის, ძალიან, მასაც ვუყვარდი, მეც ვუყვარდი და პოეზიაც, არაჩვეულებრივ ლექსებს წერდა, ყოველდღიურად თითო ლექსს მიძღვნიდა, ერთ ლექსს და ერთ ვარდს, მაგრამ ვხვდებოდი, რომ თუ მას გავყვებოდი, მთელი ცხოვრება მხოლოდ იმაზე უნდა მეფიქრა თუ რას შევჭამდით, რადგან ნიჭის მეტი არაფერი არ გააჩნდა ამ ქვეყნად, ჩარლსტონის ცეკვაც მან მასწავლა, ის არ ჰგავდა ამქვეყნიურ ტიპს, ჩემი ფანჯრების წინ, მთელი ღამეები შეეძლო დგომა, თუ გამოვიხედავდი, სიხარულისაგან ჩარლსტონის ცეკვას იწყებდა, ის ქვემოთ ქუჩაში ცეკვავდა, მე კი ოთახში, აი ასე (იწყებს ჩარლსტონის ცეკვას) ყველა როგორც გიჟებს ისე გვიყურებდა, ამ დროს ესეც გამოჩნდა, ახალგაზრდა, რესპექტაბელური, საქმიანი, დედაჩემიც შემიჩნდა, გაანებე იმ პოეტს თავი და ამას გაჰყევიო ცოლად, მეც დავუჯერე დედას და გავთხოვდი, იმან არაფერი არ იცოდა, როცა გაიგო თავს იკლავდა-გადაარჩინეს, მას მერე ლექსების წერასაც გაანება თავი და სადღაც გადაიკარგა. ხშირად ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა, რომ იმისგან დიდი პოეტი დამდგარიყო? მას მერე მეც აღარ ვცეკვავ ჩარლსტონს.
ქეთი: – როცა მითხრეს, რომ მამაჩემს უკურნებელი სენი აღმოაჩნდა, თავის მოკვლა მინდოდა, მამა დიდხანს წვალობდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვეხმარებოდი, სულ რაღაც საქმეებს ვიგონებდი, რომ სახლში არ შევსულიყავი და მამის წვალებისათვის არ მეყურებინა. მამა ჩემი სიყვარულის გარეშე გარდაიცვალა, მე ვერ მივეცი ბოლო წუთებში ის, რასაც ის ჩემგან ელოდა.
გოჩა: – მე ერთი გოგო მიყვარს,ძალიან მიყვარს, დიდიხანია,რაც მიყვარს, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, და ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს, მე მის გარეშე ცხოვრება მიჭირს, მე მის გარეშე სუნქვა მიჭირს, ერთი დღეც რომ არ ვნახო, ვგრძნობ, რომ ვკვდები, მაგრამ მე არ შემიძლია დავანგრიო ოჯახი, რომელსაც წლების მანძილზე ვაშენებდი და ამიტომ მასაც ვატყუებ, ცოლსაც და საკუთარ თავსაც.
შლავა: – როდესაც მანქანა გადატრიალდა, იმის მაგივრად, რომ გადავფარებოდი, მის ზურგს უკან დავიმალე და ამიტომ დარტყმა მან მიიღო, უკანასკნელ წამებში მის თვალებში შიში და სასოწარკვეთა დავინახე, ეს არ იყო სიკვდილის შიში, არა, ეს იყო სასოწარკვეთა იმის გამო, რომ ვუღალატე და რომ გავწირე. ამიტომაც აღარ ვმღერივარ მას მერე, არ მემღერება (იწყებს სიმღერას)
მდგმური: – მე მესმის მათი, ისინი ძალიან შეიცვალნენ, ჩემს დროს ასეთი საცოდავები არ იყვნენ, დავაგვიანე, ძალიან დავაგვიანე, თქვენ შეიცვალეთ, მე ვეღარაფერს გავხდები, თქვენ, მე კი არა, საკუთარ თავსაც აღარ უსმენთ, მე წავალ გიორგი, წავალ და აღარასოდეს არ დავბრუნდები, იცხოვრეთ ისე როგორც ცხოვრობთ. გესმით! მე გტოვებთ თქვენ სამუდამოდ!
ნიკო: – მიბრძანდებით?, ის თქვენი მოწაფე მოგვიკითხეთ თევზის სუნი, რომ ასდის.
მდგმური:- (გიორგი) მშვიდობით, შვილო, მეცოდები ამათთან, რომ გტოვებ, ძალიან მეცოდები, მაგრამ ხომ ხედავ, უძლური ვარ, ეხლა სხვა დროა, სხვა დრო, ეხლა მე აღარავის არ ვჭირდები, ჩემი ადგილი ამ ყუთმა დაიკავა.
გიორგი:- მე რა ვქნა?
მდგმური: – ისევ და ისევ მოთმინება, შვილო, მოთმინება, სხვა რა დაგრჩენია. მშვიდობით ხალხო, მე დიდხანს მოვდიოდი თქვენსკენ, ძალიან დიდხანს, თქვენც შეეჩვიეთ უჩემობას, მე აღარ გჭირდებით, მებრალებით, ძალიან მებრალებით, მე აღარასოდეს დავბრუნდები, მშვიდობით!
(მიდის)
ქეთი: – (ტელევიზორისკენ) დამთავრდა? რა კრეტინობა იყო არა?
შლავა: – რატომ, რატომ? მე ძალიან ვისიამოვნე, სად არის ჩემი სკამი? აი აქ ყოფილა (ჯდება სავარძელში) რომ იცოდეთ, როგორ დამღალა ამ სავარძელმა, ამდენი წელია მიჯაჭვული ვარ და ვერაფრით ვერ შევეგუე.
მარინა: – მესმის, მესმის, როგორ შეიძლება ინვალიდობასთან შეგუება. ვერც ლაზერულმა თერაპიამ ვერ გიშველათ არა?
შლავა: – ეჰ, ვერა, ვერა, ჩემი საშველი არაა, გიორგი რატომ მიყურებ ეგრე?
გიორგი: – მეცოდებით.
შლავა: – რა კარგი ბიჭი გყავთ,რა კეთილი.
გოჩა: – ქეთი, დროზე დაამთავრებ სახის რემონტს?
ქეთი: – ეხლავე, გოჩუნა, ეხლავე.
ნიკო: – არა, არა, არსად არ წახვიდეთ, მე ეხლა გიორგის სიგარეტი უნდა მოვაწევინო. გიორგი! შვილო, მოდი აქ დადექი, იცით ვღელავ, დღეს შენ უკვე დიდი ბიჭი გახდი, შენ დღეს თვრამეტი წლის ხარ და ამიტომ. . .
მარინა: – ცხრამეტის.
ნიკო: – თვრამეტის.
მარინა; – ცხრამეტის.
ნიკო: – თვრამეტის.
ქეთი: – რას კამათობთ? დედამ უკეთესად არ იცის რამდენის გახდა მისი შვილი ვიდრე მამამ?
მარინა: – ცხრამეტის.
ნიკო: – აღარ შემიძლია! რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ გიორგი, დღეს თვრამეტის გახდა, ხედავ შლავა, რა ხდება? ქაოსი! არეულობა! ანარქია! არავითარი პატივისცემა, არავითარი გაგება! ტრადიციების მივიწყება, რაც გინდათ ის ქენით, გიორგი გინდა მოწიე ეს ოხერი სიგარეტი და გინდა ნუ მოწევ, ყველაფერი იციან, მარტო მე არ ვიცი ამ ოჯახში არაფერი, თვრამეტი, ცხრამეტი, ოცდაცამეტი! იქნებ ის ჩემი შვილიც არაა? პირდაპირ მითხარით, ნუ დამიმალავთ?
მარინა: – დაწყნარდი, ის შენი შვილია.
ნიკო: – თუ ჩემი შვილია, მაშინ ის თვრამეტი წლისაა.
მარინა: – კარგი იყოს თვრამეტი წლისა.
ნიკო: – როგორ თუ იყოს?
მარინა: – არის, არის.
ნიკო: – არის?
მარინა: – ჰო.
ნიკო: – აბა, ოცდაცამეტის ვინაა?
გოჩა: – მდგმური.
ქეთი: – ვაი, მართლა, სად წავიდა ის კაცი, დედა, რამდენი ილაპარაკა არა?
გოჩა: – რა ვიცი მე, სად წავიდა.
გიორგი: – ის წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება.
ნიკო: – სულ წავიდა?
გიორგი: – ჰო, სულ წავიდა.
ნიკო: – ბინის ქირა გადახდილი აქვს?
მარინა: – სამი თვის, წინასწარ.
ნიკო: – აბა, მაშინ წავიდეს.
ქეთი: – რა საინტერესო ტიპი იყო არა?
შლავა: – რით იყო საინტერესო?
ქეთი: – გამოხედვა ჰქონდა, რაღაც ისეთი. . .
გოჩა: – როგორი?
ქეთი: – ისეთი რა . . .რა ვიცი მე როგორი? მანიაკალური, მანიაკი ხომ არ იყო? როგორ წავიდა გამოუმშვიდობებლად?
გოჩა: – გული დაგწყდა?
ქეთი: – გოჩა, შენს ეჭვიანობას ხომ უნდა ჰქონდეს სამზღვარი? მანიაკებზეც დაიწყე ეჭვიანობა?
მარინა: – ეჰ, ჩვენს დროში ზრდილობაც ჰქონდა ხალხს და ეჭვიანობაც იცოდნენ.
ნიკო: – წავიდა და წავიდეს, გადართე სადმე, რამე იქნება
(შემოდის ნინო)
ნიკო: – ნინო, სად იყავი?
ნინო: – ვსეირნობდი, რომ იცოდეთ გარეთ რა ხდება?
ქეთი: -რა ხდება?
ნინო: – ფსიქიატრიულიდან ვიღაც სერიოზული გიჟი გაქცევიათ და იმას ეძებენ.
მარინა: – იპოვნეს?
ნინო: – არ ვიცი,
ქეთი: – ქუჩაში სეირნობდი?
ნინო: – ჰო,
ქეთი: – შეკერე ვინმე?
ნინო:- ვერა.
გოჩა: – ისევ წვიმს?
ნინო: – არა, უცებ გადაიღო.
ქეთი: – გოჩა, იქნებ მოვიცადოთ სანამ წვიმა გადაიღებდეს?
გოჩა: – რომ არ გადაიღოს? ვაი, ეს ვინაა?
ნიკო: – ისევ ისაა, ნახე აქამდე ლაპარაკობს.
მარინა: – წარმოგიდგენია, მთელი საღამოა ეგ იდიოტი ლაპარაკობს.
შლავა: – მეტი რა საქმე აქვს, იდიოტი თუა ტელევიზიით უნდა ილაპარაკოს აბა რა უნდა ქნას.
ქეთი: – ამათ კიდევ მაგის მეტი ვერავინ ნახეს ამ ქალაქში, ეს რომ არ მოეთრიათ?.
გოჩა: – ათაყვანებენ ხალახს,
შლავა: – გიორგი, შვილო, რატომ მიყურებ ეგრე?
გიორგი: – მეცოდებით.
შლავა: – ძალიან კარგი შვილი გყავთ, ძალიან. ვაი, ეს ვინაა?
ნიკო: – ეგეც დღეს მესამედ გამოდის. ნინო შენ კიდევ სვამ?
ნინო: – ვსვამ.
ნიკო: – ჩემი შვილია, მეც მიყვარდა სამსახურის შემდეგ ერთი ორი ჭიქის დალევა, ისე არაფერი არ ხსნის დაღლას როგორც ღვინო.
გოჩა: – ვაი, ეს რა ფეხბურთია? ნახევარფინალი!, ხომ ვიძახდი, დღეს არის ფეხბურთი მეთქი, ბატონო შლავა, თქვენ არ გიყვართ ფეხბურთი.
შლავა: – ვგიჟდები ფეხბურთზე, მე ოპერის ფეხბურთელთა გუნდის კაპიტანი ვიყავი.
ქეთი: – თქვენ რა ოპერაში მღეროდით?
შლავა: – ეჰ, ჩემო კარგო და მერე რომ იცოდე როგორ ვმღეროდი.
იწყებს სიმღერას, (გუნდი ვერდის “ნაბუქოდან”) მას ნელ ნელა ყველანი აჰყვებიან.
დასასრული


