„ძმები”
ლუკინო ვისკონტის ფილმი „როკო და მისი ძმები” ჩემი ერთ ერთი ყველაზე საყვარელი ფილმია, ძალიან პატარა ვიყავი, როცა ვნახე და მას მერე მიყვარს ეს კინოშედევრი. პიესა „ძმები” ამ ფილმის სიუჟეტური ქარგის საფუძველზე შეიქმნა.
მოქმედება ხდება თბილისში 2004-2006 წელს
მატარებელი
კონდუქტორი: Белье, белье… თბილისში ვართ, ბელიო ჩამაბარეთ, ბელიო
დედა: ლევან, ნიკა, ადექით მალე თბილისში ვიქნებით, სანდრო, სანდრო ადექი შვილო.
ნიკა: უკვე თბილისში ვართ?
ლევანი: ჰო, თბილისში ვართ, ეს დიდუბეა, შემდეგი ვაგზლის მოედანი იქნება.
დედა: სადგურზე ფრთხილად იყავით, ვინმემ რამე არ მოგვპაროს.
ლევანი: გაბედონ ერთი, იქვე მივასიკვდილებ.
სანდრო: და რა უნდა მოგვპარონ?
დედა: ბელიო, ბელიო, აქ დაყარეთ, ბელიო აქ დაყარეთ.
(ყრიან თეთრეულს, თეთრეულის დიდი გროვა)
ბაქანი.
დედა: სწრაფად გადმოდით, არ წავიდეს მატარებელი, ნიკა ლევანს მიეხმარე.
ბაქანზე ნაგვის ყუთში იქექება მოხუცი პროფესორი, იღებს იქიდან საჭმლის ნარჩენებს, ჭამს და თან თავისთვის ლაპარაკობს:
პროფესორი: არა ირაკლი შვილო, არა, ლექციები როგორ არა მაქვს, საღამოობით მახო ბიძია მოდის ჩემთან, ბიჭო, წარმოგიდგენია, ის ძველ პრეზიდენტზე გიჟდება, მე ახალზე, ხოდა მთელი საღამოები ვჩხუბობთ და ვჩხუბობთ, მამა იმ “გრინ კარტას” გაძლევენ თუ არა? კიდევ 6 თვეო? ირაკლი მამი, იქნებ მაინც მიაფურთხო მაქაურობას და ჩამოხვიდე? ა?
(მიდის)
ნიკა: დედა, დათო სადაა? რატომ არ დაგვხვდა?
დედა: არ ვიცი, ლევან, წადი ნახე, იქნებ იქ გვიცდის სადმე. ნიკა სანდროს მაგრად ჩასჭიდე ხელი.
ნიკა: რატომ უნდა ჩამჭიდოს ხელი?
დედა: თბილისში ყველაფერი ხდება, ათასი ძაღლი მამაძაღლია, ორი თვალი და ორი ყური უნდა გქონდეს კაცს, ლევან ნახე დათო?
ლევანი: არსად არაა.
დედა: სანდრო, დეპეშა ხომ გაუგზავნე?
სანდრო: გავუგზავნე, აბა, არ გავუგზავნე.
დედა: აბა რატომ არ დაგვხვდა, რატომ არ დაგვხვდა?
სანდრო: რა ვიცი მე რატომ არ დაგვხვდა, იქნებ არ მიიღო, ხომ იცი ახლა არაფერი მუშაობს.
დედა: რა ვქნათ ახლა ჩვენ?
ლევანი: რა უნდა ვქნათ, გადასასვლელ ხიდზე გადავალთ, მერე მარშრუტკაზე დავჯდებით და დათოსთან მიგვიყვანს.
დედა: ჰო?
მარშრუტკა.
ნიკა: ლევან, ეს რა უბანია?
ლევანი: ნახალოვკა.
ნიკა: რა ლამაზია.
სანდრო: ისე რა.
ლევანი: რუსთაველს და ვაკეს, რომ ნახავთ მერე ილაპარაკეთ.
ნიკა: ნახე კოკა კოლას რამხელა რეკლამა ჰკიდია!
ლევანი: ეს კიკვიძის ბაღია
დედა: სან-ზონაში მალე მივალთ?
ლევანი: მალე დედა, მალე
დედა: სან-ზონაში ჩემი შვილი ცხოვრობს, დათო ჰქვია, ის ბანკში მუშაობს, ჩვენ სოფელში ვცხოვრობდით, დათო კი აქ გამოვაგზავნეთ და ახლა ჩვენც მასთან ჩამოვედით, ესენიც ჩემი შვილები არიან, ოთხი ვაჟკაცი მყავს, ოთხი. ეს ლევანია, უფროსი ძმა, ყველას მისი იმედი გვაქვს, მხატვარია, მალე ცნობილი მხატვარი გახდება, ეს კი ნიკაა, მას ჯერ არ აურჩევია პროფესია, არ იცის რა გამოვა, ისე სულ ფოტოაპარატით დარბის და ყველას გვიღებს, შეიძლება ფოტოგრაფი გამოვიდეს, ეს კი სანდროა, მას წიგნები უყვარს და მეცნიერი ან პოლიტიკოსი გამოვა
დათოს ბინა.
დათო და თაკო
დათო: დედა?
დედა: ჰო დედა, ჩვენა ვართ, ერთი საათის წინ ჩამოვედით, შენ რადგან არ დაგვხვდი, ჩვენ პირდაპირ შენთან წამოვედით. რატომ არ დაგვხვდი? ნიკამ დეპეშა ხომ გამოგიგზავნა. კარგი ბინაა, ცოტა პატარაა, მაგრამ მაინც კარგია, ერთ ოთახიანია არა? ისე ძლივს ამოვედით მეთერთმეტე სართულზე, ლიფტი არ მუშაობს, არ შეიძლებოდა ცოტა ქვემოთ, რომ აგეღო ბინა? ბევრს იხდი? ვაი, რა სიმაღლეზე ვართ, თავბრუ არ გესხმის აქედან, რომ იყურები ხოლმე? ეს გოგო ვინაა?
დათო: ეს ჩემი… თამრიკოა. ეს დედაჩემია, ესენი კი ჩემი ძმები არიან ლევანი, ნიკა, სანდრო.
თამრიკო: გავხართ ერთმანეთს.
დათო: დაიღალეთ? როგორ იმგზავრეთ?
ლევანი: რატომ არ დაგვხვდი, ნიკამ ხომ გამოგიგზავნა დეპეშა?
დათო: არ მიმიღია. მამის სულს გეფიცები არ მიმიღია.
დედა: ცოლის მოყვანას აპირებ.?
დათო: ჯერ არ ვიცი. . . ვნახოთ
დედა: მამაშენი 6 თვეა რაც დავასაფლავეთ, ერთი წელი ჯერ არ გასულა.
დათო: ჰო დედა, ხომ გითხარი ჯერ არ ვიცი. . . ვნახოთ, მე და თაკოს არსად არ გვეჩქარება… არა თაკო?. . .
თაკო: ჰო, არ გვეჩქარება
სანდრო: დათო ნახე ხილი ჩამოგიტანეთ, ჩვენი ბაღიდანაა.
დათო: თაკო ნახე რა სუნი აქვს.
თაკო: მაგარი.
დათო: დედა, რატომ არ გამაფრთხილეთ, რომ ჩამოდიოდით, ხომ გთხოვე, რომ მანამდის არ ჩამოსულიყავით, სანამ ბიჭებს სამსახურს არ ვუშოვნიდი, თბილისში არც ისე ადვილია სამსახურის შოვნა.
დედა: სოფელში კი საერთოდ არაა სამსახური, არა სინათლე , არა გაზი, არა საჭმელი.წყალი, რომ წყალია იმასაც გაღმა სოფლიდან ვეზიდებით. იქ დავწყდებოდით შიმშილით.
სანდრო: შენც დათოსთან ერთად მუშაობ?
თაკო: არა, მე ვსწავლობ.
ლევანი: სკოლაში?
თაკო: არა, ინსტიტუტში.
სანდრო: სამედიცინოზე?
თაკო: თეატრალურზე.
დედა: სად?
თაკო: თეატრალურზე.
დათო: ჰო დედა, თაკო თეატრალურზე სწავლობს.
ლევანი: მსახიობი უნდა გამოხვიდე?
თაკო: ჰო.
სანდრო: თეატრის თუ კინოსი?
თაკო: თეატრისაც და კინოსიც.
სანდრო: კინო კარგია, თეატრი არა.
თაკო: რატომ?
ნიკა: ერთხელ ჩვენთან კლუბში რაღაც სპექტაკლი ჩამოიტანეს, დაიწყეს თუ არა მსახიობებმა მანჭვა გრეხვა. სანდროს მაშინვე ჩაეძინა.
დედა: ეს გოგო აქ ცხოვრობს?
თაკო: არა, დედა. (მიდის)
დედა: ისევ ბანკში მუშაობ?
დათო: ჰო.
დედა: ხელფასი რამდენი გაქვს?
დათო: 150
დედა: ბინაში რამდენს იხდი?
დათო: 60-ს
დედა: ნიკო, 150-ს, რომ 60 გამოვაკლოთ, რამდენს მივიღებთ?
ნიკო: 90-ს
დედა: ცოტაა, მაგრამ სულ არაფერს ჯობია.
ლევანი: დათუნა, სად დავწვეთ? დავიძინოთ ხო?
დათო: აქ იატაკზე, დედა, შენ სამზარეულოში.
დედა: კი შვილო, კი.
ბიჭები იატაკზე ლეიბებს შლიან და წვებიან.
დათო: სანდრო ხვრინვა არ დაიწყო.
ქუჩა
პროფესორი დაიარება ქუჩაში
პროფესორი: ირაკლი, კარგი რა მამა, კარგი რა, მისმინე შვილო რა გითხრა, ჩვენი პრეზიდენტი ყოველ დღე ერთსა და იმავეს იმეორებს, დაჟინებით, ყველა ვინც აქედან წავიდა, უკან უნდა დაბრუნდესო, აი გუშინაც, შემოირბინა 5 წუთით ოპერაში, ავარდა სცენაზე, ყველა უკან უნდა დაბრუნდესო და გავარდა. ხოდა შენც დაბრუნდი მამი, ხომ ხედავ, მანდაც ჭირს უპატრონო სამსახურის პოვნა, ჩვენთან კი მალე ისეთი დრო დადგება, რომ ფიზიკოსებიც დაგვჭირდება, ქიმიკოსებიც… რა? არ გჯერა? რა არ გჯერა? ნუ იცი შენ მაგისთანა ლაპარაკი, როდემდე უნდა ვიყოთ ამისთანა დაქცეულები, ფეხზე ხომ უნდა დავდგეთ ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს იმას, რომ ჩვენ ყველანი, კარგად ვიყოთ, დიახ, კარგად ვიყოთ.
ბინა, მეორე დილა.
დედა: ბიჭებო ადექით თორემ გათენდა და მერე ვიღას რაღაში დასჭირდებით.
ნიკა: აუ თან ნახე როგორ თოვს.
სანდრო: თოვს?
დათო: აი ესაა თბილისის თოვლი.
ლევანი: ადექით, ადექით, თორემ დავაგვიანებთ, დედა ჩაი!
დედა: დავასხი უკვე, ნიკა ჩემი ჯემპრი ჩაიცვი, არ გაცივდე.
ნიკა: დედა, ქალის ჯემპრი როგორ ჩავიცვა?
სანდრო: რატომ? მაგრად მოგიხდება
დედა: ნუ დასცინი, ვინ გიყურებს, შიგნით რა გაცვია? ლევან, სანდროს და ნიკას მძიმეები არ ათრევინო.
ლევანი: ვიცი, ვიცი, დღეს მძიმე არც არაფერი იქნება, კარტოფილი უნდა
დავცალოთ.
დედა: კარტოფილი? მაშინ, თუ მოახერხებთ ერთი ორი კილო კარტოფილი წამოიღეთ.
სანდრო: რა მოხერხება უნდა, მთელი ვაგონი კარტოფილი უნდა დავცალოთ და 2 კილო კარტოფილს ვერ წამოვიღებთ? მე მზად ვარ, ნიკა!
ნიკა: მეც მზად ვარ
ლევან: აბა მაშ წავიდეთ, დედა წავედით.
დედა: წადით, წადით და ბევრი ფულით დაბრუნდით. .
დათო: დე, მე ბანკში მივდივარ, უნდა ვუყარაულო, თორემ დავრჩებით მშივრები.
დედა: წადი შვილო, წადი… ღმერთო, შენ უშველე ჩემს შვილებს.
გადააფარე შენი მფარველი ხელი, შენ ხომ მაინც იცი, რომ ამ გაუბედურებულ, უპატრონო ქვეყანაში, მათ, შენს მეტი დამცველი არ ყავთ.
ქუჩა.
დათო უცდის თაკოს
დათო: თაკო!
თაკო: ვა, დათო
დათო: ეს შენ
(აწვდის იოგურტს)
თაკო: გინდა?
დათო: არა, ლექციაზე მიდიხარ?
თაკო: ჰო, ცხრაზე მეწყება, რომ დავაგვიანო არ შემიშვებენ, იცი ახლა როგორი სიმკაცრეა, გაგიჟდები.
დათო: ჩვენ რა ვქნათ თაკო? მე და შენ?
თაკო: რა უნდა ვქნათ დათო, როგორც დედაჩემი იძახის, კაცმა მაშინ უნდა მოიყვანოს ცოლი, როცა ამის ერთი ადგილი აქვსო.
დათო: მაგარი ბრძენი ყოფილა დედაშენი.
თაკო: აბა ახლა, დედაშენზე გინდა ვთქვა?
დათო: არ გინდა.
თაკო: ჰოდა, შენც არ გინდა რა.
დათო: რა ვქნათ თაკო? ხო იძახიან ცოტაც მოითმინეთ და ხელფასები აუცილებლად მოგემატებათო.
თაკო: აუ გჯერა მერე ამხელა კაცს მაგ ზღაპრების? ამათ იმედზე ვიყოთ?
დათო: არ მჯერა, მაგრამ უშენოდ ცხოვრებაც, რომ არ შემიძლია,რა ვქნა?
თაკო: არ ვიცი დათო, არ ვიცი
დათო: რას უსმენ?
თაკო: როდ სტიუარტს
დათო: ეგ ვინაა?
თაკო: დათო რა ბანძი ხარ
დათო: ბანძი რატომ ვარ, როდ სტიუარტს რომ არ ვუსმენ? ნახე. თაკო, ნახე როგორ მიყვარხარ.
წყლის გუბეში დგება მუხლებზე.
თაკო: დათო, რას შვრები?
დათო: აღარა ვარ ბანძი? ეხლა მომისმინე კარგად, მიყვარხარ გესმის, ძალიან მიყვარხარ, მე არ მინდა უშენოდ ცხოვრება, არ მინდა.
(ურტყავს წყლის გუბეს ხელს)
თაკო: შენ ხარ გიჟი.
დათო: ხო, მე ვარ გიჟი, გესმის? მე ვარ გიჟი, მიყვარხარ
წვება წყალში, თაკოც მირბის მასთან და ისიც წვება წყალში, ფართხალებენ ბედნიერებისაგან…
სადარბაზო.
გამოდის ანი, მას მარტო პერანგი აცვია და უყვირის ვიღაცას შიგნით: “ჰო, გეყოფა, გეყოფა”. დაინახავს ლევანს, რომელიც ეზოში სიგარეტს ეწევა.
ანი: მამაჩემია, როცა მთვრალია სულ ასე მეჩხუბება ხოლმე.
ლევანი: ხშირად თვრება?
ანი: ხშირად, ყოველდღე
ლევანი: კარგ დღეში ყოფილხარ, აქ ცხოვრობ?
ანი: ხანდახან, როცა მიშვებს მაშინ.
ლევანი: და რატომ არ გიშვებს ხოლმე?
ანი: ჩემი პროფესია არ მოსწონს და შიგადაშიგ ახსენდება.
ლევანი: და რა პროფესია გაქვს ამისთანა?
ანი: ბოზი ვარ,
ლევანი: ბოზი ხარ?
ანი: (მამას გასძახებს) პალტო მომეცი
მამა: პალტო არა ტრუსიკი, შე ცირკის ბოზო.
ანა: (ლევანს) მამაა რა, ხო არ მოვკლავ. აბა წავედი, პაკა, პაკა.
ლევანი: მოიცა, ქუჩაში ასე ხომ არ წახვალ, . . . წამოდი, აქ ვცხოვრობთ ჩვენ და დედაჩემს რამე ტანსაცმელს გამოვართმევ, მოდიხარ?
ანი: მოვდივარ. მეზობელოოო
ლევანი: ჩვენ აი აქ ვცხოვრობთ.
ბინა
სანდრო: გამარჯობა
ანი: გამარჯობა
დედა: ლევან, ვინ ყვიროდა იქ? შენ ხომ არ ჩხუბობდი?
ლევანი: არა დედა, აი ამ გოგოს უყვიროდა მამამისი, რამე ხომ არ გაქვს, რომ ვათხოვოთ და ჩაიცვას?
ანი: უკაცრავად, შეგაწუხეთ.
დედა: კარი დაკეტეთ, ცივა.
ნიკა: მოდი მამას პალტო მივცეთ, აი ჩაიცვით, ეს მამას პალტოა
სანდრო: ახლა მოდაშიც კია ქალებზე კაცის პალტო.
ანა: საკაიფოა
(შემოდის დათო)
დათო: ვა სტუმარი გვყავს? მე დათო მქვია, თქვენ?
ანი: ანი
სანდრო: მე, სანდრო.
ანი: ანი
ნიკა: ნიკა
ანი: ანი
ლევანი: ისე სხვათაშორის მე ლევანი მქვია.
ანი: სასიამოვნოა, რა კარგი ტიპები ხართ. ყველანი კარგები ხართ. ძმები ხართ?
სანდრო: ჰო რა არ ვგავართ?
ანი: ისე რა, მაინცდამაინც არა, თქვენთან ცივა არა?
დედა: ჰო ეს ვერ ათბობს ბინას, ელექტროს კი ვერ ვრთავთ ძვირია, ჩვენს ოჯახში მარტო დათოს აქვს სამსახური, მე ხანდახან ბაზრობაზე ვდგავარ ხოლმე და რაღაცეებს ვყიდი, ბიჭები ყოველდღე დადიან, რომ სადმე მოეწყონ, მაგრამ ჯერ ვერაფერი იპოვეს.
სანდრო: ეს თქვენ, ვაშლი.
ანი: ვაშლი, მიჩურინის ვაშლი.
სანდრო: არა რა მიჩურინის, ჩვენი ბაღიდანაა.
ანი: ყველა უმუშევარი ხართ?
ნიკა: არც ეგრეა საქმე, ბაზრობაზე ტვირთებს ვცლით.
ლევანი: დიდი არაფერი, მაგრამ თავი გაგვაქვს რა
ანი: თქვენნაირ ბიჭებს უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ, უბრალოდ უნდა იცოდე რა აკეთო ამ ქვეყანაში.
დედა: ამ ქვეყანაში წესიერი ხალხი ბევრს ვერაფერს იშოვნის და მშიერი მოკვდება, ყველა საქმე გათახსირებულების ხელშია, ჩემი შვილები კი წესიერები არიან. ამ ქვეყანაში თუ პატრონი არ გყავს, ვერსად მოეწყობი და შიმშილით სული ამოგხდება.
ლევანი: დედაჩემს ოღონდ ჩვენი მთავრობა ალანძღინე.
დედა: არ არიან ღირსნი თუ რა?, რა იმედი მქონდა ამათი, ვფიქრობდი აი მოვიდნენ და უკეთესობისაკენ შეცვლიან ქვეყანასო, უკეთესობისაკენ კი არა, სულ მთლად დააქციეს ქვეყანა.
ანი: (ღიღინებს) საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის… (ფოტოზე)
რა საკაიფო ფოტოა, ყველანი ერთად ხართ გადაღებული?.
ნიკა: მე გადავიღე, მამაჩვენის გარდაცვალების დღეს გადავიღე.
ანი: რა იყო, მამის გარდაცვალების დღეს ხორუმს ცეკვავდით? რა უცნაურად გაქვთ ხელები ჩაჭიდული?
სანდრო: ადრე გაჭირვების დროს საქართველოში მებრძოლები ბრძოლის წინ ეგრე ჩასჭიდებდნენ ხოლმე ხელს ერთმანეთს და ისე მიდიოდნენ ბრძოლებში.
ლევანი: სანდრო ჩვენს შორის ყველაზე ჭკვიანია, სულ წიგნებს კითხულობს, მეცნიერი გამოვა, ან პოლიტიკოსი, არა დედა? ჰოდა სადღაც ამოქექა ეგ.
ანი: თქვენც საბრძოლველად ემზადებით?
სანდრო: არა, იმ დღეს, როცა მამა დავასაფლავეთ, ჩვენდა უნებურად გაგვიჩნდა მოთხოვნილება ერთმანეთისთვის ხელები ჩაგვეჭიდა. და ჩვენც ჩავჭიდეთ, აი ასე.
(კიდებენ ხელს ერთმანეთს და წევენ ზევით ხელებს)
ანი: მართლა კარგები ხართ, მე წავალ.
ბიჭები: გაგაცილებთ.
ანი: არა, არ მინდა, ნახვამდის, ქალბატონო, ხვალ პალტოს შემოგიტანთ.
(მიდის)
დედა: საიდან მოათრიე? რა იცი ვინაა?
ლევანი: მეზობელია, სადღაც ამ სახლში ცხოვრობს.
დედა: პალტო, რომ არ დააბრუნოს?
ლევანი: დააბრუნებს.
დედა: ბოზს გავდა.
სანდრო: რა იცი ხოლმე, რატომ გავდა ახლა ეს ანგელოზივით გოგო ბოზს?
დედა: არ ვიცი, ყველა თბილისელი გოგო ბოზს გავს.
ნიკა: მართლა ანგელოზივით ლამაზი არ იყო?.
დედა: ვინაა ლამაზი? თქვენ რა იცით რა არის სილამაზე, ქალი შინაგანად უნდა იყოს ლამაზი, შინაგანად. მოდით სუპი მზადაა.
ლევანი: (დათოს) შენ რას გაშტერდი.
დათო: მართლა ლამაზი იყო არა?
ლევანი: ეი, ეი, რას მოვესწარი, მიხვდი ბოლოს და ბოლოს, რომ ამ სამყაროში შენი თაკო ერთადერთი ქალი არაა?
დათო: თაკო სულ სხვაა, თაკო თაკოა და ანი ანია.
დედა: მოდით. ჩაი დავასხი
ქუჩა
პროფესორი
არა მამა, ლექციები როგორ არა მაქვს, ცოტა საათები შემიმცირდა, სამაგიეროდ დრო, დრო მეტი მაქვს, ვინ? მახო ბიძია? მახო ბიძია დაგვიბერდა მამა, სულ ძველ დროს მისტირის….
ბაზრობა
დედა: აბა კარგი ფორთოხალი, იყიდეთ რა, ჩემმა შვილებმა რაღაც ხომ უნდა ჭამონ, იყიდეთ, თურქული არ გეგონოთ, ნამდვილი ქართული ფორთოხოლია, გალიდან გამომიგზავნა ბიძაშვილმა, საკუთარი ხელით გამოზარდა და დაკრიფა, თქვენ გგონიათ ადვილია იქიდან აქ ფორთოხლის გამოგზავნა, ყველას ფული უნდა მისცე, რომ საზღვარზე გადმოიტანო, მერე გზაზეც ათასი ძაღლი-მამაძაღლი გწეწავს, ესენი რომ იძახიან ეგრე კი არაა საქმე, იყიდეთ რა, ნუ ყიდულობთ თურქულს და ოხრულს, ეს ნამდვილია, ქართული, ჩემგან იყიდეთ რა, ძალიან მჭირდება ფული, ბიძაშვილსაც უნდა გავუგზავნო და ჩემს ბიჭებსაც საჭმელი უნდა უნდათ. . .
ქუჩა
თაკო:
რა ვქნა, რა? მითხარი
დათო: ბინა ვიქირავე, მესამე მასივშია, მეტროდან ფეხით 15 წუთის სავალზეა, მეათე სართულზეა, იქითა შაბათს გათავისუფლდება, გადავიდეთ და მორჩა.
თაკო: ქირა რა ღირს?
დათო: თვეში 70 ლარი, მე კიდევ სადმე დამატებით დავიწყებ მუშაობას.
თაკო: სად? დღეს სამსახურის შოვნა ეგრე ადვილია.?
დათო: ვიცი, რომ ადვილი არაა, ნიკოლოზის ეკლესიასთან რაღაც ოფისია, იქ შემპირდნენ ყარაულად მომაწყობენ, სამ დღეში ერთხელ უნდა ვიმორიგეო, 200 ლარს გადამიხდიან. შაბათსვე დავიწეროთ ჯვარი და გადავიდეთ.
თაკო: არც ჩემები და არც დედაშენი მაგას არ გვაპატიებენ
დათო: არ გვაპატიებენ და ნუ გვაპატიებენ, მთავარია ჩვენ ვიყოთ ერთად.
თაკო: ჰო დათო, მთავარია ჩვენ ვიყოთ ერთად. . . აუ, ინსტიტუტშიც გაგიჟდებიან
დათო: ერთი მაგათი დედაც. . . გიყვარვარ?
თაკო: ისე რა. . .
დათო: რააა?
თაკო: მიყვარხარ!
დათო: მიყვარხარ!
ბიჭების ბინა
ანი: (აკაკუნებს) ეი
ლევანი: ეხლავე, ვა, ანი?
ანი: პალტო მოვიტანე
ლევანი: შემოდი.
ანი: არა, არა, თქვენებს გავაღვიძებ?
ლევანი: სახლში არავინაა, ჩემს გარდა ყველა წასულია.
ანი: ამ დილაადრიან სად წავიდნენ?
ლევანი: ბაზრობაზე, დედა ისევ ფორთოხალს ყიდის, ბიჭები კი ხან რას დაათრევენ და ხან რას
ანი: შენ? შენ რატომ არ ათრევ?
ლევანი: მე მაგარი ვარ.
ანი: ვაუ.
ლევანი: დღეს საჩემო სათრევი არაფერი იყო.
ანი: მართლა ვერ შოულობ სამსახურს?
ლევანი: ჰო რა, არ იცი აქ როგორ ხდება? სულ მპირდებიან და მპირდებიან.
ანი: ჰო ვიცი, თბილისი დაპირებების ქალაქია, დამავიწყდა შენ რა გქვია?
ლევანი: ლევანი
ანი: ჰო ლევანი, (იღებს ჯიბიდან მათარას) დავლევ რა.
ლევანი: ჭიქას მოგიტან.
ანი: არა, არ მინდა, აქედან დავლევ, შენ? შენ არ გინდა?
ლევანი: მე არ ვსვამ.
ანი: საერთოდ?
ლევანი: ჰო, საერთოდ.
ანი: რა მაგარია. ეს რა გილოტინა დაგიკიდია?
ლევანი: ეს ჩემი შემოქმედებაა.
ანი: შენ რა მხატვარი ხარ?
ლევანი: ჰო, ორი წელი აკადემიაში ვსწავლობდი, იმის მერე ვჯღაბნი ჩემთვის რაღაცეებს
ანი: მერე არ ყიდი?
ლევანი: აქ? აქ ნახატი ვის რად უნდა?
ანი: იქ?
ლევანი: იქ უნდათ, მაგრამ იქ გასვლაა ძნელი
ანი: ჰო ძნელია, (პატარა ნავის ფიგურაზე) ესეც შენი ნახელავია? მაჩუქე რა.
იცი, ჯერ კიდევ შარშან, ისე ამომივიდა ეს ყველაფერი ყელში, რომ ერთ ბიუროში მივედი, – საზღვარგარეთ გათხოვების მსურველებისთვის რაღაც მისამართებს იძლეოდნენ, ერთი 10 მისამართი მომცეს, დავაგზავნე წერილები: ჰელფ! მიშველეთ!!! გათხოვება მინდა, გენიალური ცოლი ვიქნები, არ გიღალატებთ და ფანტასტიკურად მოგივლით მეთქი… ვაი, თავბრუ დამესხა. იცი, ვინმეს, რომ წავეყვანე, მართლა ასე მოვიქცეოდი, არ ვუღალატებდი და გენიალური ცოლი ვიქნებოდი. ერთი ღვთისნიერი კანადელი კრეტინი გამოჩნდა, მაგრამ საელჩომ არ გამიშვა, არაო, ვერ გაგიშვებთო.
ლევანი: რათაო მერე?
ანი: იმათაო, რომ შენისთანები არ გვჭირდებაო, მოდი ჩვენს მომავალ გეგმებს გაუმარჯოს. ყავას არ დამალევინებ?
ლევანი: ყავას ვერა, ჩაი არ გინდა?
ანი: არა, ჩაი არ მინდა, წყალი მომიტანე, მთელი ღამე არ მიძინია. (ქვრება სინათლე) აუ, გააჭირეს რა საქმე, რაც თავი მახსოვს ყველა მთავრობა იმას გვპირდება წელს გამოვასწორებთ სინათლის საქმესო, ამათი წელი არ დადგა რა, ყველა ერთნაირი ნაბიჭვარია.
ლევანი: ეგ რა არის, იქ ჩვენთან სოფელში საერთოდ არ მოდიოდა სინათლე.
ანი: არც ერთი საათით?
ლევანი: ზაფხულობით კი მოდიოდა ერთი – ორი საათით, აი ზამთრობით კი საერთოდ არ გვქონდა სინათლე.
ანი: საერთოდ? აბა როგორ ცხოვრობდით?
ლევანი: ვცხოვრობდით თუ იმას ცხოვრება ჰქვია, იმიტომაც გამოვიქეცით.
ანი: აქ უკეთესია?
ლევანი: სოფელთან შედარებით აქ ნამდვილად უკეთესია.
ანი: იცი ბავშვობაში როგორ მქონდა წარმოდგენილი ოჯახი? მე და ჩემი
ქმარი, პატარა, კოხტა, თბილ სამზარეულოში, მაგიდაზე სანთლები გვექნებოდა ანთებული და ერთმანეთს ლექსებს წავუკითხავდით.
“ვის გაუგია ივლისში თოვლი, მაგრამ თუ მთხოვე მე თოვლად მოვალ, მოვალ და მე შენში ვიპოვნი ყვავილს, რომელიც თოვლის ალერსით ყვავის”.
სინამდვილეში კი რა მივიღე? მარტო ანთებული სანთლები, ისიც იმიტომ, რომ კისერი არ წავიტეხო სიბნელეში, როცა სინათლე მიდის. არც ქმარი მყავს და მითუმეტეს არც ლექსებს კითხულობს ვინმე, ხანდახან მე თუ წავუკითხავ ხოლმე საკუთარ თავს, ეგ არის და ეგ.
(მოვიდა სინათლე)
მოვიდა. წაეთრიოს რა მამაჩემი სამსახურში, ჩავეგდები ლოგინში და საღამომდე ვიძინებ.
ლევანი: საღამოს ისევ წახვალ?
ანი: ჰო, რა იყო?
ლევანი: შენ, იმ დღეს რაც მითხარი მართალია?
ანი: რა გითხარი?
ლევანი: ესაო ისაო და ისა ვარო.
ანი: ვინ ისა
ლევანი: აი ისა რა. . .
ანი: ბოზი?
ლევანი: ჰო, ბოზი ვარო, თუ იხუმრე?
ანი: ვგავარ ხუმარას? რა იყო ამხელა კაცს ბოზი არ გინახავს?
ლევანი: შენნაირი არა
ანი: მე როგორი ვარ რომ?
ლევანი: ლამაზი, მე ვინც კი ბოზი მინახავს ცხოვრებაში, ყველა მახინჯი იყო
ანი: ეგეთები ან ცირკთან დგანან ანდა სადგურზე.
ლევანი: აბა შენ სად დგახარ?
ანი: მე არსად არ ვდგავარ, მე გამოძახებაზე ვარ.
ლევანი: გამოძახებაზე? ააა
ანი: ვერ გაიგე?
ლევანი: ვერა
ანი: მირეკავენ და მე თვითონ მივდივარ ხოლმე.
ლევანი: ააა, და სად მიდიხარ ხოლმე?
ანი: ხან სად, ხან სად. ზოგი საუნაში მიბარებს, ზოგიც სასტუმროში, მაგალითად დღეს კოჯრის ბატალიონში ვიყავი. . .
ლევანი: აუფ, ბატალიონში?
ანი: ბატალიონთან კი არა, ვიღაც გენერალთან ვიყავი. მაგარი ტიპი იყო იცი, დათვრა და აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა, მითხრა მანდ სადმე მიწექი ერთი საათით, მერე წადი და არ გამიბაზრო, რომ არაფერი ვქენიო. . . ზოგიც სახლში მიბარებს, როცა მისიანები წასულები არიან და თვითონ კი მარტონი რჩებიან.
ლევანი: და . . .
ანი: შენ ძალიან ლამაზი რომ ხარ, თუ იცი?
ლევანი: ლამაზი არა
ანი: მართლა, მართლა, აუ როგორი თვალები გაქვს
ლევანი: როგორი?
ანი: მაგარი. . .ჰოდა იმას გეუბნებოდი, რომ ზოგიც სახლში მარტო რომ რჩება, სახლში მიბარებს…
ლევანი: და რომ გიბარებს. . . ?
ანი: არ მითხრა ახლა რა ღირხარო?
ლევანი: არა, მაგას როგორ გკითხავ. . . და რა ღირხარ?
ანი: შენთვის დღეს უფასო ვარ.
ქუჩა
პროფესორი: ვინ? ბუში? როგორ არ ჩამოვიდა, განდაგანაც არ იცეკვა რო? ვინ წარმოიდგენდა ჯერ კიდევ 2 წლის წინ, რომ თბილისში ბუში ჩამოვიდოდა?! იცი რა მაგარი გზები გაგვიკეთეს? სახლები შეგვიღებეს, მშვენდება და მშვენდება ჩვენი ქალაქი. ქუჩებში პატრულის მანქანები დასრიალებენ. გახსოვს ის გასიებული მილიციონერები? ეხლა ყველა მაღალი, გამხდარი, სიმპათიური პოლიციელები გვყავს, მართლა გეუბნები, არაფერს გატყუებ, აი ბანკი.
(მიდის კარებთან, ცდილობს შეიხედოს, იქიდან გამოდის დათო) ახალგაზრდავ, თქვენ ბანკში მუშაობთ?
დათო: გისმენთ.
პროფესორი: ჩემს შვილს ირაკლი ჰქვია, ნიუ ორკში ცხოვრობს.
დათო: სასიამოვნოა, რა გნებავთ.
პროფესორი: (იღებს ჯიბიდან წიგნს) იყიდეთ რა.
დათო: ეს რა არის?
პროფესორი: მეშვიდე კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოა.
დათო: მეშვიდე კლასის მე რად მინდა?
პროფესორი: ჩემი დაწერილია. მე უნივერსიტეტში ვასწავლიდი.
(ხელს უწვდის როგორც მათხოვარი, დათო ამ ფაქტით შეძრწუნებული იღებს ჯიბიდან ფულს და აძლევს პროფესორს)
ირაკლი, მე ეს პირველად ვქენი შვილო… უღრმესი მადლობა.
ბანკი
ნიკა: დათო მე ვარ სანდრო, არ მესროლო
დათო: რატომ უნდა გესროლო?
ნიკა: ხომ შეიძლება აგერიო და ქურდი გეგონო?
დათო: შენ გგონია ეს იარაღი ნამდვილია? შესაშინებლად გვიკიდია თორემ სინამდვილეში სათამაშოა. . . . დედა როგორაა?
ნიკა: დედა ტირის, შვილი დავკარგეო.
დათო: რატომ დაკარგა? შეურიგდეს ჩემს ცოლს და. . .
ნიკა: არ შეურიგდება, ხო იცი რა ტიპია, მამის სიკვდილის მერე სულ მთლად. . . თაკოს ოჯახი შეგირიგდა?
დათო: გაგიჟდი, დედაჩემი არ გველაპარაკება მაინც და ისინი მთლად თოფებით დაგვდევენ, ორივენი უნდა ჩაგხოცოთო.
ნიკა: ისე რა უნდათ, შენ რას გიწუნებენ?
დათო: და თქვენ რაღა გინდათ თაკოსაგან?
ნიკა: თაკო სხვაა, თაკო ბოზია. . . დედამ თქვა ასე.
დათო: რატომ არის ბოზი?
ნიკა: აბა, თეატრალურში რატომ სწავლობსო . . .
დათო: ღმერთო შენ გვიშველე
ნიკა: თანაც სიგარეტს ეწევაო. . .
დათო: აღარ ეწევა.
ნიკა: რატო რა, გამოსწორდა?
დათო: ორსულადაა
ნიკა: მართლა? მერე აქამდე რატომ არ გვითხარი, დედა გაგიჟდება სიხარულით .
დათო: მეტი რაღა უნდა გაგიჟდეს, საკუთარი შვილი გამოაგდო სახლიდან.
ნიკა: ხომ გითხარი. . .
დათო: რა? თეატრალურში რომ სწავლობს იმიტომაა ბოზი? უნივერსიტეტში, რომ ესწავლა არ იქნებოდა ბოზი? სამედიცინოზე, რომ ესწავლა წმინდანი იქნებოდა? გაგიჟდება კაცი, ჩემს ცოლს ჩემიანები არ ღებულობენ, რატომ სწავლობსო, და ჩემი ცოლის ნათესავები მე არ მღებულობენ რატომ არ სწავლობსო? აი გამაგებინე, რატომ შეიძლება ლევანისთვის მართლა პროფესიონალ ბოზთან ცხოვრება და რატომ არ შეიძლება ჩემთვის ცხოვრება ქალთან, რომელიც არ არის ბოზი?
ნიკა: ეგ სხვაა.
დათო: რატომაა სხვა.
ნიკა: ლევანი იმ ქალს ცოლს არ ეძახის.
დათო: მაგას რა მნიშვნელობა აქვს ეძახის თუ არ ეძახის?
ნიკა: როგორ არა აქვს მნიშვნელობა, შენ ხელი გაქვს მოწერილი, იმას არა, შენ ჯვარი გაქვს დაწერილი, იმას კი არა, ლევანი იმ ქალს ცოლს არ ეძახის, შენ კი ეძახი.
დათო: მეც არ ვეძახი. ცოლს არ ვეძახი, ჩემო სიცოცხლეს ვეძახი, ჩემო მზეოო ვეძახი, ჩემო სიყვარულოო ვეძახი. ჩემო ცოლოო არ ვეძახი.
ნიკა: დათო დაბრუნდი რა სახლში და თუ გინდა ისიც წამოიყვანე, ის… თაკო.
დათო: ხომ იცი რომ არ გამოვა ეგ.
შენ ისევ ამ ბანკში ხარ?
დათო: ჰო აქ და ეკლესიაში.
ნიკა: არ გიჭირს?
დათო: აქ კი და იქ არა, მთელი ღამეები ტაძარში ვზივარ და ხატებს ვუყურებ, იცი როგორ მაწყნარებენ ხატები
(გამოდის ლიზი, გასძახებს კარში „წავედი”)
ნიკა: რა ნაშაა, ვინაა?
დათო: აქ მუშაობს ბანკში, ოპერატორად.
ნიკა: ქალიშვილია?
დათო: რა ვიცი მე, რომელი გინეკოლოგი მე მნახე?
ნიკა: კარგი, წავალ, გოგონი
(გარბის)
სასტუმრო.
ლევანი უცდის ანის, ანიც მალე გამოდის სასტუმროდან.
ლევანი: მაგარი სასტუმროა?
ანნა: ვა, ლევან, აქ საიდან გაჩნდი?
ლევანი: მოვდიოდი და დაგინახე.
ანნა: მითვალთვალებდი?
ლევანი: რა სისულელეა
ანნა: მითვალთვალებდი. რა გაცვია? სამხედრო ხომ არ გახდი.
ლევანი: არა, კოჯრის ბატალიონში ვითხოვე, ეს. მაგარი სასტუმროა არა?
ანნა: ძალიან მაგარი.
ლევანი: ნომრები საკაიფოა?
ანნა: ჰო, საკაიფოა
ლევანი: საწოლი რბილია და ფუმფულა?
ანნა: გაგიჟდები იცი, ისეთი რბილია და ისეთი ფუმფულაა. . . . არ გაბედო არ დამარტყა.
ლევანი: შენ როგორ უნდა დაგარტყა, ნუ გეშინია არ დაგარტყამ. . . მე აუცილებლად ვიშოვნი იმდენ ფულს, რომ აქ გაცხოვრო. . .
ანნა: რა სისულელეა, იცი რა ღირს აქ ცხოვრება?
ლევანი: რაც არ უნდა ღირდეს გაცხოვრებ.
ანნა: დღე 350 დოლარი
ლევანი: დღეე? რა ამბავია? ეგ არაფერი, მაინც გაცხოვრებ.
ანნა: ლევან მომისმინე, მოდი ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ ყველაფერი, მე და შენ ცოლ – ქმარი არა ვართ, ხანდახან თუ ვნახულობთ ერთმანეთს. მე თავისუფალი ქალი ვარ, შენც თავისუფალი კაცი ხარ, ჩვენ არანაირი ვალდებულება არა გვაქვს ერთმანეთთან.
ლევანი: და მე, რომ მინდა რომ მქონდეს . . .
ანნა: რა გინდა, რომ გქონდეს.? რა? რა?
ლევანი: ვალდებულება.
ანნა: იცი ერთმა ტიპმა პრაღაში წასვლა შემომთავაზა. . .
ლევანი: სად?
ანნა: პრაღაში, ჩეხეთში.
ლევანი: ჰოო?
ანნა: ჰო, იმას რაღაც საქმიანი შეხვედრა აქვს და მე შემომთავაზა გამომყევიო. . . კარგი რა, ნუ ჩამოყარე ყურები, უარი ვუთხარი. გაგიხარდა? უხ შენი, სიგარეტი დამრჩა ნომერში, მომაწევინე რა.
ლევანი: არა მაქვს, სამაგიეროდ ნახე რა მოგიტანე.
ანნა: პალტო?
ლევანი: ჰო, ისევ პალტო. მოგწონს?
ანნა: ძალიან, სად იშოვნე?
ლევანი: ვიშოვნე რა
ანნა: მოიპარე?
ლევანი: გიყიდე
ანნა: მოიპარე
ლევანი: არა, გიყიდე
ანნა: ლევან, ჩვენ უნდა დავცილდეთ რა, გავერთეთ და გვეყოფა.
ლევანი: არა, მე არ შემიძლია უშენოდ.
ანნა: მე წავედი.
ლევანი: მოიცა
ანნა: აუ უნდა გავიქცე რა, ხვალ დაგირეკავ.
(გარბის)
ლევანი: შენ კი არა, ეს მე ვარ ცირკის ბოზი. (ანის) მოიცა! (გარბის)
ქუჩა
ნიკა და ლიზი
ნიკა იწერს ნომერს
ნიკა: აი აქ ჩავიწერ, 899322300… ლიზი…, მშვენიერი სახელია
ლიზა: ისე ნიკაც მშვენიერი სახელია, უნდა წავიდე, მეჩქარება.
ნიკა: ერთ ფოტოს გადაგიღებ. (უღებს) ძალიან ლამაზი ხარ
ლიზი: შენ კი პროვოკატორი ხარ, გინდა შენზეც იგივე მათქმევინო
ნიკა: თქვი მერე, რა გენაღვლება
ლიზი: შენ ნომერს არ მეტყვი?
ნიკა: კი, 672819, ეტყვი თქვენს მეზობელ ნიკას დაუძახეთო.
ლიზი: სწავლობ თუ მუშაობ?
ნიკა: ვმუშაობ
ლიზი: სად?
ნიკა: გაზეთში, ფოტოებს ვიღებ
ლიზი: ფოტოკორესპონდენტი ხარ?
ნიკა: ჰო რა, ცოტას იხდიან თორემ ისე კარგი საქმეა
ლიზი: ჰო, ალბათ
ნიკა: სად მიდიხარ?
ლიზი: რუსთაველზე, მანქანით ხარ?
ნიკა: მეე? მეტროთი
ლიზი: სად ცხოვრობ?
ნიკა: გლდანის მესამე მიკრორაიონის, მესამე კვარტლის, მესამე სახლის, მესამე სადარბაზოს, მასამე სართულზე.
ლიზი: როგორ მოახერხეთ ამდენი მესამეს პოვნა
ნიკა: სკოლაში სულ სამები მყავდა და აქაც გადმომყვა
ლიზი: კარგია
ნიკა: თანაც დღეს, ზუსტად სამი თვეა რაც მთელი ოჯახი თბილისში ჩამოვედით, ჯერ ვერ შევეჩვიე, გული სულ სოფლისკენ მიმიწევს, იცი რა სოფელი გვქონდა, რა ჰაერი, რა ბუნება.
ლიზი: ტაქსი. . . წავედი, დამირეკე
(გარბის, შემოდის პროფესორი)
პროფესორი: იცით, ჩემს შვილს ირაკლი ჰქვია.
ნიკა: მე ნიკა.
პროფესორი: ნიუ ორკში ცხოვრობს.
ნიკა: გილოცავთ.
პროფესორი: ეს ფოტოაპარატია?
ნიკა: ჰო, „ზორკი 5″
პროფესორი: მუშაობს?
ნიკა: ჰო, აბა რა.
პროფესორი: გადამიღებ? ჩემს შვილს გავუგზავნი.
ეზო
ანნა და სანდრო
ანნა: შენ სანდრო არ ხარ?
სანდრო: ხო სანდრო ვარ
ანნა: მიცანი?
სანდრო: გიცანი
ანნა: შენ გელოდებოდი.
სანდრო: მეე?
ანნა: ხო შენ. აი ეს ნივთები შენმა ძმამ მაჩუქა, ეს ბეჭედი, საათი, ეს პალტო.
შენი ძმა მიმტკიცებს, რომ იყიდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაქურდალია, უკან ვუბრუნებ. სულაც არ მაინტერესებს ვის მოპარა, მე ჩემი უსიამოვნებები მეყოფა რა, არ მინდა შარში გავეხვიო, შენი ძმა კი ნამდვილად შარში გამხვევს. კრიმინალებს თვალდახუჭული ვცნობ, აუ რა თბილი ხარ, კარგი დაწყნარდი, კი არ შეგჭამ. . . შენ ძმას უთხარი, რომ ამას ვუბრუნებ და რომ ჩემს ძებნას თავი დაანებოს. ვერ მიპოვნის, უთხარი პრაღაში წავიდა თქო, ერთ ტიპს მივყვები, შეიძლება დიდ სისულელეს ვაკეთებ, მაგრამ მაინც მივდივარ და შევეცდები ამ დეგენერატულ ქვეყანაში აღარ ჩამოვიდე. დავიღალე აქ ყოფნით, მშვიდობაში მოიხმარეთ ეგ თქვენი “ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტი”, (ღიღინებს) საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის…რა უცნაურად მიყურებ? რა? ცუდად გამოვიყურები?
სანდრო: არა პირიქით, ძალიან ლამაზი ხართ.
ანნა: მართლა? კარგი ვინმე ხარ. ეს შენ აპირებ პოლიტიკოსობას?
სანდრო: ჰო, რა იყო?
ანნა: არაფერი, კარგია, ისე არ მჯერა პოლიტიკოსების, ყველა ნაგავი მგონია, მაგრამ ხომ შეიძლება ვცდებოდე და ერთი წესიერი მაგათაც ყავდეთ.
სანდრო: პოლიტიკას ადამიანები ჰქმნიან. . .
ანნა: არ დამიწყო ეხლა აგიტაცია, არჩევნებზე მაინც არ მივალ. . . რამდენჯერაც მივედი, იმდენჯერვე შემეშალა, ვერ გამოვიცანი. მაშინ სადარბაზოში შენი ძმის მაგივრად შენ, რომ შეგხვედროდი არ ჯობდა.? რა,? ბებერი ვარ შენთვის?. . .
სანდრო: არა რატომ?
ანნა: მართალი ხარ, ბებერი არ ვარ, მაგრამ შენზე უფროსი კი ვარ, აბა წავედი.
ქუჩა
ნიკა და ლიზი
ნიკა: არ გჯერა, რომ მიყვარხარ? აუ რამდენს ეწევი, ახლა არ მოწიე?
ლიზი: შენ საერთოდ არ ეწევი?
ნიკა: ცხოვრებაში არ მომიწევია და არც იმათი მესმის ვინც ეწევა, ჩვენს ოჯახში მხოლოდ ლევანი ეწევა, მაგრამ შენ მაინც მიყვარხარ, იცი დაგინახე თუ არა, მაშინვე შემიყვარდი, მე საერთოდ ეგეთი ვარ, თუ ვიყვარებ ვინმეს, სწრაფად ვიყვარებ ხოლმე.
ლიზი: ბევრი გიყვარდა?
ნიკა: არა, ბევრი არა, შენ ჩემი მეორე სიყვარული ხარ
ლიზი: პირველი ვინ იყო?
ნიკა: ირმა ერქვა, ის 17 წლის იყო, მე კი 12 ის. . . ისიც შენსავით, დავინახე თუ არა მაშინვე შემიყვარდა. არ გჯერა?
ლიზი: მჯერა. მერე რა ბედი ეწია შენს პირველ სიყვარულს?
ნიკა: გათხოვდა. . . აბა მე ხომ არ მომიცდიდა? შენ? არ გჯერა, რომ მიყვარხარ?
ლიზი: მჯერა, მჯერა. . . რატომ?
ნიკა: რა რატომ?
ლიზი: რატომ გიყვარვარ? რისთვის?
ნიკა: რისთვის? ვაუ, რა ვიცი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ლამაზი ხარ.. მეორეც ერთი იმიტომ, რომ კარგი ტიპი ხარ, მესამეც იმიტომ, რომ რაღაცნაირი ხარ, უჩვეულო, გულჩათხრობილი, თვალებში დიდი სევდა გაქვს, თითქოს მთელი სამყაროს დარდს ატარებო, მეოთხე და მეხუთე კი იმიტომ, რომ კარგად ვგრძნობ შენთან თავს, ერთი ნაკლი გაქვს, ბევრს ეწევი, მაგრამ არა უშავს გაგანებებინებ თავს.
ლიზი: სანდრო. . .
ნიკა: რა?
ლიზი: შენ ხომ არ იცი ვინ ვარ.
ნიკა: როგორ არ ვიცი, ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან კარგი ხარ, გადასარევი ხარ, მე მიყვარხარ, და. . . ვინ ხარ?
ლიზი: შენ კარგი ბიჭი ხარ სანდრო, მართლა კარგი ბიჭი ხარ, მე მართლა ძალიან მომწონხარ, მაგრამ ჯობს ახლავე დავცილდეთ..
ნიკა: რა სისულელეა, მე თუ მიყვარხარ და შენც მოგწონვარ, რატომ უნდა დავცილდეთ ერთმანეთს?
ლიზი: ასე ჯობია ორივესთვის.
ნიკა: ორივესთვის? აუ ვერაფერი გავიგე, გათხოვილი ხარ?
ლიზი: არა
ნიკა: სხვა გიყვარს?
ლიზი: არა
ნიკა: აბა?
ლიზი: მე წავალ რა
ნიკა: სად წახვალ, ამიხსენი გთხოვ რა
ლიზა: ვერა, მაგრამ მართლა კარგი ბიჭი ხარ. . .
ნიკა: მოიცა, გაგაცილებ
ლიზი: სად გამაცილებ, აქ ვცხოვრობ.
ნიკა: აქ? ვისთან ერთად?
ლიზი: მე და დედაჩემი ვცხოვრობთ.
ნიკა: მარტო ორნი?
ლიზი: ჰო, წამალი მაქვს მისატანი.
ნიკა: რა სჭირს?
ლიზი: დედა ორი წელია ლოგინადაა ჩავარდნილი, დამბლა აქვს.
ნიკა: მამა?
ლიზი: მამა სამი წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა
ნიკა: მამაჩემი კი შარშან გარდაიცვალა
ლიზი: შენ გახსოვს მაინც, მე არა.
ნიკა: და ძმა არ გყავს?
ლიზი: არა
ნიკა: მე სამი ძმა მყავს
ლიზი: ვიცი, ხომ მომიყევი. . .
ნიკა: ხვალ როდის გნახავ?
ლიზი: ხომ გითხარი. . . არ ღირს რა, წავედი
(მიდის)
ლევანის ბინა
სანდრო: ლევან, დღეს შენი ანი შემხვდა.
ლევანი: მერე? რაო ჩემმა ანიმ?
სანდრო: მთხოვა, რომ შენთვის ეს ნივთები გადმომეცა და. . .
ლევანი: და რაო?
სანდრო: მივდივარ აქედანო, პრაღაში მივდივარო.
ლევანი: პრაღაში? არ უთქვამს ვისთან ერთადო?
სანდრო: ვიღაც ტიპთან ერთადო.
ლევანი: და რამდენ ხანში ჩამოვალო?
სანდრო: აღარასდროს არ ჩამოვალო.
ლევანი: აღარასდროსო?
სანდრო: ჰო, დავიღალე და ამ დეგენერატული ქვეყნიდან სამუდამოდ მივდივარო.
ლევანი: მიდის და წავიდეს, მაგის ბოზი დედაც. . . ვინ ეხვეწება მერე დარჩიო. ჩემდა თავად შემხვეწელის. . . რატომაა ეს ქვეყანა დეგენერატული? რატომ? რა არ მოეწონა? თვითონაა დეგენერატი, ძალიანაც კარგი, ერთი ბანძით ნაკლები იქნება ამ ქვეყანაში. ისედაც სადაც არ გაიხედავ სულ ბოზები და პედარასტები არიან, არ გამიტრაკა საქმე. აუ მაგრად გაასწორა , რომ მიდის, როგორ დამღალა იცი? ეს მინდა, ის მინდა… წავიდა და წავიდეს. რაო? დეგენერატულიო? რითი ჯობია ამ ქვეყანას ის ჩეხეთი? აი ამიხსენი, , რატომ ჯობია პრაღა თბილისს? ნუ ლუდი უკეთესი აქვთ, კიდევ? ნუ ჰოკეის თამაშობენ უკეთესად, კიდევ რითი გვჯობიან? არაფრით, რომელი ლუდის მსმელი და ჰოკეის მოთამაშე ეგ მყავდა იქ რომ წაეთრა? პრაღა! ენა მაგათ არ უვარგათ, ხალხი მაგათ არ უვარგათ, მხატვრობა მაგათ არ უვარგათ . . მხატვარი, რომ მხატვარია, ერთი ჩეხი მხატვარი არ გამიგია, მაგათი კარელ გოტი დედა ვატირე. . .
სანდრო: ლევან. . .
ლევანი: აუ
სანდრო: შენ ხატვას სულ მთლად გაანებე თავი?
ლევანი: ხატვას? ამ ქვეყანაში ხატვა ვის რა სახლელად უნდა ბიჭო? ფიროსმანი, რომ ხატავდა, იმას საჭმელ სასმელს მაინც აძლევდნენ, ახლა ნახატში საჭმელს კი არა ძღრენს არ მოგცემენ, თანაც რა უნდა დავხატო? ან ვინ უნდა დავხატო? ის ნაგავი დავხატო რასაც ყოველდღე ვხედავ? რასაც ხატავ, უნდა გიყვარდეს, თორემ ისე ვერ დახატავ, გესმის? ვერ დახატავ, არ მინდა, არაფრის ხატვა არ მინდა, ვისთვის უნდა დავხატო, ვიღაცამ ხომ უნდა შეაფასოს, ვიღაცამ ხომ უნდა დაინახოს, ვიღაცას ხომ უნდა სჭირდებოდეს ჩემი ნაჯღაბნი? აქ არავის არაფერი აინტერესებს, აქ მარტო ვის რა მოპარონ ის აინტერესებს, ვის რა წაართვან ის აინტერესებთ, ვინ ვის აძლევს ის აინტერესებთ. არ მინდა რა. . .
გინდა, ანეგდოტს მოგიყვები? ერთმანეთს ელაპარაკება ორი მაწანწალა ძაღლი: – ” აუ, აქ ისე გაჭირდა ცხოვრება, რომ თუ არ გავიქეცით, შიმშილით დავიხოცებითო,”- თქვა ერთმა ძაღლმა, “რას ამბობ? სად უნდა გავიქცეთ? ახლა ავშენდებით თუ ავშენდებითო – უპასუხა მეორე ძაღლმა- გუშინ ადამიანების საუბარს ვუსმინე, ერთი ეუბნებოდა მეორეს: ასე თუ გაგრძელდა აქ ცხოვრება, ცოტა ხანში ძაღლებს მოვუწუწნითო”. . . სასაცილოა არა? . . . . . იცი რა მინდა?
სანდრო: რა?
ლევანი: პრაღაში მინდა.
პირველი მოქმედების დასასრული
მეორე მოქმედება
დათოს და თაკოს ბინა
დათოს ორსული თაკო ანაფორას აცმევს, დათო ეხვევა ცოლს და გადის
ქუჩა.
სანდრო სააგიტაციო ფურცლებს არიგებს
სანდრო: ყველანი არჩევნებზე. (ამჩნევს პროფესორს, უწვდის სააგიტაციო ფურცელს, პროფესორი ართმევს, დახედავს, მოჭმუჭნის და ძირს აგდებს) ე, ბიძაჩემო რას აკეთებთ? (პროფესორი გადის, შემოდის ანი) გოგონი, ხვალ 5 საათზე მობრძანდით მერიასთან
ანნა: ეი, შენ ლევანის ძმა არა ხარ?
სანდრო: გამარჯობა…
ანნაი: (მღერის) „საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის”
სანდრო: ვა, ანი?
ანნა: მიცანი? აქ რას აკეთებ?
სანდრო: ფურცლებს ვარიგებ, მიტინგზე ვიბარებთ ხალხს.
ანნა: შენ კიდევ არ შეეშვი პოლიტიკოსობას?
სანდრო: არ შევეშვი, რატომ უნდა შევეშვა? შენ პრაღაში არ წახვედი?
ანნა: პრაღაში? ჰო, წავედი, მაგრამ ვერ ჩავაღწიე, პრაღის მაგივრად სტამბულში ამოვყავი თავი, ერთი თვეა რაც დავბრუნდი, იქ ისეთი საშინელება იყო, ვიფიქრე თუ მაინც საშინელებაში უნდა ვიყო, ჯობია მაინც დავბრუნდე თქო და აი აქ ვარ.
სანდრო: ის ტიპი?
ანნა: ვინ ტიპი?
სანდრო: ის, ვინც წაგიყვანა.
ანნა: აა, ის იქ დარჩა. . . ციხეში. გინდა ყავას დაგალევინებ?
სანდრო: ყავა? არ ვიცი…
ანი: წამო, წამო, მე დაგპატიჟებ
სანდრო: შენ თუ დამპატიჟებ დიდი სიამოვნებით.
ანნა: მოდი აი აქ დავჯდეთ. ორი ყავა. მომიყევი ვინ რას აკეთებთ? დედა როგორაა.
სანდრო: ცოტას ავადმყოფობს, ისევ ბაზრობაზე მუშაობს…
ანნა: ძმები?
სანდრო: ძმები კარგად, ნიკა ისევ ფოტოგრაფობს, ვიღავ გოგოზეა გადარეული, დათო… დათო დიაკვანი გახდა.
ანა: რაა?
სანდრო: ჰო, ეკლესიაში მუშაობდა მცველად, იმდენ ხანს უყურა ხატებს, იმდენ წირვას დაეესწრო,რომ ტვინი გადაუბრუნდა და იქ დარჩა, მისი ცოლი ორსულადაა, მეხუთე თვეშია…
ანა: რა კარგია, აი ჩვენი ყავაც. ლევანი? რას აკეთებს? რას საქმიანობს?
სანდრო: არაფერს, სახლში ზის.
ანნა: არ ხატავს?
სანდრო: არა, ისე უბრალოდ, სახლშია, ხანდახან თუ გავა გარეთ, ძირითადად სახლშია.
ანა: არ მუშაობს?
სანდრო: რაღაცეებს ჩალიჩობს, ხომ იცი მაგის ამბავი, ვერაფერს ათქმევინებ.
ანა: ჰო, ცოტა უცნაური კაცია..
სანდრო: ანი სიგარეტი ხო არა გაქვს?
ანი: კი როგორ არა. დამავიწყდა, შენ რა გქვია?
სანდრო: სანდრო.
ანი: ხო, სანდრო, მე არ მახსენებს?
სანდრო: ვინ?
ანი: ლევანი.
სანდრო: არა.
ანა: ხუთი თვეა არ მინახავს. . . ჰო, იქ თქვენთან სოფელში რაო, როგორ არიან?
სანდრო: არ ვიცი, ვინც კი ვიცი ყველა აქაა.
ანა: შეეჩვიე თბილისს?
სანდრო: ისე რა, ეტყობა მაინც აქ უნდა დაიბადო, რომ თავისუფლად იგრძნო თავი.
ანა: ხოო, შენ გამოგდის რამე?.
სანდრო: ვნახოთ, მომავალ წელს გამოჩნდება
ანნა: მომავალ წელს რა ხდება? შეიცვლება რამე?
სანდრო: აუცილებლად, ასე ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება, მომავალ წელს ბევრი რამ შეიცვლება. . .
ანა: აუ რა სასაცილოები ხართ ეს პოლიტიკოსები. ჩემზე რას ფიქრობ ის მითხარი?
სანდრო: არაფერს
ანნა: სულ არაფერს? მითხარი, მითხარი
სანდრო: არა, მართლა არაფერს.
ანნა: აბა ასე რატომ მიყურებ?
სანდრო: როგორ?
ანნა: უცნაურად, თვალებით მჭამ, მოგწონვარ?
სანდრო: ჰო… არ ვიცი,
ანა: არ იცი?
სანდრო: მომწონხართ, თანაც არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც მეცოდებით.
ანნა: გეცოდები? ვაუ, იცი მე ჯერ არავის შევცოდებივარ, სიყვარულით ვუყვარდი, სიძულვილითაც ვძულდი, აი შეცოდებით კი არავის შევცოდებივარ. ნუ მაქცევ ყურადღებას დაღლილი ვარ. ამ ცხოვრებით დავიღალე.
სანდრო: მერე შენს ხელში არაა, ნუ იცხოვრებთ ასე.
ანნა: აუ რა კარგი ტიპი ხარ იცი. და შენ იცი როგორ უნდა ვიცხოვრო?
სანდრო: იმედით, რწმენით.
ანნა: შემთხვევით შენ ხომ არა ხარ დიაკვანი?
სანდრო: არა. დიაკვანი ჩემი ძმაა დათო, მე . .
ანნა: ვიცი პოლიტიკოსი ხარ. . . გინდა დაგეხმარო? (ართმევს სააგიტაციო ფურცელს) გოგონი, ხვალ გელით 5 საათზე პარლამენტთან (გადის)
სანდრო: არა გოგონი რა პარლამენტთან, მერიასთან
(მისდევს)
ქუჩა
ნიკა და ლიზი
ლიზი: შემეშვი, რა გთხოვ, შემეშვი.
ნიკა: მართლა თხოვდები?
ლიზი: ხო
ნიკა: როდის?
ლიზი: ერთ კვირაში
ნიკა: ვის მიყვები?
ლიზი: რა მნიშვნელობა აქვს?
ნიკა: გიყვარს?
ლიზი: არა
ნიკა: აბა?
ლიზი: შენ მიყვარხარ
ნიკა: მერე?
ლიზი: ცხოვრება მინდა ნიკა, ცხოვრება. დავიღალე. არ მინდა ყოველთვე იმაზე ფიქრი, თუ სად ვიშოვოთ მე და დედამ დენის ფული, გაზის ფული, საჭმლის ფული, წამლის ფული. . .მე დედა მყავს მოსავლელი. . . ნუ მალაპარაკებ რა, თვითონაც კარგად იცი რას ვგულისხმობ, გესმის?
ნიკა: მესმის
ლიზი: მაპატიე
ნიკა: საპატიებელი არაფერი გჭირს…
(ეხვევიან ერთმანეთს)
ლიზი: მშვიდობით
(გარბის)
ქუჩა
დროის კალეიდოსკოპი.
დრო გადის, ხან წვიმს, ხანაც თოვლი მოდის, ხანაც ყვითელი ფოთლები იფანტებიან,
გაივლიან სპექტაკლის პერსონაჟები: ხელიხელგადახვეული სანდრო და ანნა, რომლებიც კოცნიან ერთმანეთს, გაივლის დედა, რომელიც ისევ ყიდის რაღაც ნივთებს, ლიზი, რომელიც ისევ დედისკენ მიიჩქარის, ნიკა, რომელიც დაეხეტება ქუჩაში მარტოდ მარტო, პროფესორი, რომელიც ისევ ნაგავში იქექება და ლევანი, რომელიც სიგარეტს ეწევა ქარში. და ისევ შეყვარებული სანდრო და ანი, ისინი ვერ ძღებიან ერთმანეთის კოცნით. მათ გზას ლევანი გადაუღობავს.
სანდრო: ვა, ლევან…
ლევანი: რა იყო, ძმა. სხვა ქალი ვერ ნახე ამ ქალაქში, რომ მაინცდამაინც ამას არ აკიდებოდი?
სანდრო: რა იყო და, ვისაც მინდა იმას ავეკიდები
ლევანი: ვისაც გინდა იმას აეკიდე, ოღონდ ამას არა, ეს ჩემი ქალი იყო
სანდრო: იყო ლევან, ხუთი თვის წინ იყო
ლევანი: გინდა 5 გინდა 20, ეს ჩემი ქალი იყო
ანა: რა გინდა ლევან?
ლევანი: შენ ხმა ჩაიგდე,
ანნა: მე მიყვარს შენი ძმა ლევან, მასაც ვუყვარვარ, თავი გაგვანებე გთხოვ.
ლევანი: (სანდროს) გიყვარს?
სანდრო: ჰო, მიყვარს.
ლევანი: ამ ბოზში გაცვალე ჩვენი ძმობა?
სანდრო: მოდი რა, ხვალ ვილაპარაკოთ, დღეს შენთან ლაპარაკს აზრი არა აქვს
ლევანი: აზრი არა აქვს? (ურტყამს)
სანდრო: ლევან, შენ ჩემი ძმა ხარ და მე შენ ხელს ვერ დაგარტყამ. გაიგე?
ლევანი: ჰო? მე კიდევ, ჩემი ძმა რომ ხარ, სწორედ იმიტომ დაგარტყამ.
ურტყავს, სცემს მაგრად, ფეხებით ურტყავს ტალახში ჩაგდებულ სანდროს, რომელიც წინააღმდეგობას არ უწევს, ლევანი კი განაგრძობს მის ცემას, ანი ცდილობს მიეშველოს სანდროს, მაგრამ მასაც ხვდება ლევანის ხელი და ისიც ეცემა ტალახში. სანდრო ფორთხვით მიდის ანისთან, სანდრო და ანი ეხვევიან ერთმანეთს, ლევანი მიდის მათან და შეყვარებულებს ძალით დააცილებს ერთმანეთისგან, მაგრამ ისინი ისევ ფორთხვით მიიწევენ ერთმანეთისკენ და ისევ ეხვევიან, ლევანი ისევ აცალკევებს მათ, მაგრამ ისინი მაინც ფორთხვით მიიწევენ ერთმანეთისკენ. ასე გრძელდება რამდენჯერმე, ლევანი ჯაჯგურში მათთან ერთად აღმოჩნდება და სამივე ერთად, ჩახუტებულები აღმოჩნდებიან. ამ შემზარავი სურათის შემყურენი სასოწარკვეთილნი სიმწრით ყვირიან… ლევანი ხელს უშვებს მათ და გარბის, სანდრო და ანი ერთ ხანს ორნი დგანან ჩახუტებულები, შემდეგ სანდრო ხელს კრავს ანის: „წადი! თავი გამანებე, წადი!” და აგდებს ანის, თვითონ კი ერთხანს დგას, შემდეგ გონს კარგავს და ტალახში ვარდება.
ამასობაში შემორბის პროფესორი.
პროფესორი: ირაკლი, შვილო, მე ხომ აღარ ვმუშაობ, მე ხომ ძალიან ბევრი დრო მაქვს და იცი რა დასკვნა გავაკეთე?: ჩვენს ქვეყანაში ხალხი შოკშია! ქუჩაში ხალხის სახეებს რომ დააკვირდე, შეიძლება გული გაგისკდეს, თვალებში ყველას მომავლის შიში აქვს, მთელი ქვეყანა შოკშია! შოკი უკვე ეროვნული, ნაციონალური მდგომარეობაა! (დაინახავს ტალახში დაგდებულ სანდროს) შვილო, რა ხდება? რა მოგივიდა? მიშველეთ!
სანდრო: აი იქ ჩემი ძმა ცხოვრობს, დაუძახეთ.
პროფესორი: რა ჰქვია შენს ძმას?
სანდრო: დათო, დათოს დაუძახეთ.
პროფესორი: (ყვირის) დათო!
გამორბიან დათო, თაკო, ნიკა.
„რა ხდება?”, „ვინ გცემა?”
დათო: არ მეტყვი რა მოხდა?
სანდრო: არა
გაყავთ სანდრო
პროფესორი: ირაკლი შვილო! ჩემს თავს გაფიცებ მამა! არ დაგინახო აქ ჩამოსული! გაიგე ბიჭო? დაეტიე მანდ! დაეტიე მანდ და ფეხი არ ჩამოადგა ამ დეგენერატიულ ქვეყანაში!
ლევანის ბინა.
ნიკა შემორბის ლევანთან
ლევანი: ვა, ნიკა.
ნიკა: დედა სადაა?
ლევანი: ექიმთანაა, დაგვიბერდა დედა
ნიკა: რატომ ცემე?
ლევანი: თვითონ გითხრას
ნიკა: თვითონ არ იძახის
ლევანი: მაშინ მეც არ ვიტყვი
ნიკა: რა დააშავა ამისთანა, ასე, რომ სცემე?
ლევანი: თვითონ გითხრას
(ნიკა იწყებს ლევანის ბარგის ჩალაგებას)
ნიკა: მაშინ სანამ დედა მოსულა, წაეთრიე აქედან, შენი ფეხი არ ვნახო აქ. ვიღაც ბოზის გამო.
ლევანი: მე იმასთან საქმე არა მაქვს. . . მე ჩემს ძმასთან მაქვს საქმე, ძმას არ უნდა ექნა ეს, ძმას! ერთმანეთს თუ არ მოვთხოვეთ პასუხი, სხვას როგორ უნდა მოვთხოვოთ? ცუდად ვცხოვრობთ, არასწორად, ძმები ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ, რაღაც ხდება სამყაროში, რაღაც არასწორი ხდება, იმის მაგივრად, რომ ერთად ვიყოთ ხელიხელ ჩაკიდებულნი, როგორც მაშინ, მამის დასაფლავების დღეს, ჩვენ ყველანი ცალ ცალკე ვართ, ერთმანეთის არ გვესმის, რაღაც დაიშალა, რაღაც დაინგრა. . .
ნიკა: წადი აქედან
ლევანი: წავალ, ასე აჯობებს, ნიკა, შენ ჩემი ძმა ხარ, ჩემი უმცროსი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი, გესმის? აი ესაა მთავარი, ეს გახსოვდეს მუდამ. . .
(მიდის, ნიკა ერთხანს მარტოა, მოდის დედა)
დედა: ნიკა, შენ რა მარტო ხარ?
ნიკა: ჰო დედა. იყავი ექიმთან?
დედა: ვიყავი.
ნიკა: რაო? რა გითხრა?
დედა: არაფერი
ნიკა: ჩაის დაგალევინებ ხო? ცივა. (მოაქვს ჩაი)
დედა: კიდევ გიყვარს ის გოგო?
ნიკა: მიყვარს.
დედა: სახელი რა ჰქვია?
ნიკა: ლიზი
დედა: კარგი სახელია. ლევანი არ დაბრუნებულა?
სანდრო: არა
დედა: ჩემი ბრალია ყველაფერი. არ უნდა წამოვსულიყავით აქ, არ მინდოდა, რომ მამათქვენის ცხოვრებით გეცხოვრათ, არ მინდოდა, რომ მამათქვენივით მიწაზე ყოფილიყავით მიჯაჭვულნი, იმას სოფლის გარდა არაფრის გაგონება არ უნდოდა, მე თქვენთვის სხვა ცხოვრება მინდოდა, რა გამოგვივიდა? არაფერი. დათო თავისთვის ცხოვრობს, სანდროც, ლევანიც, შენც იშვიათად ხარ სახლში, არ უნდა წამოვსულიყავით სოფლიდან, არა. კარგი, მე წამოვწვები, დავისვენებ.
ანას ბინა
შემოდის სანდრო
ანა: მოხვედი? (ეხვევა) შემოდი, გშია? როგორ მომენატრე. (სანდრო ხმას არ იღებს)
არ დამტოვო
სანდრო: არა ანა, რა. ჩვენ ვეღარ ვიქნებით ერთად, ჩვენ უნდა დავცილდეთ.
ანნა: არა სანდრო, არა, გთხოვ, შენ გადამარჩინე, სიყვარული მასწავლე და ახლა შენი ძმის გამო…
სანდრო: ის ჩემი ძმაა, გესმის ჩემი ძმაა!
ანა: მაგაზე მაშინ გეფიქრა ჩემთან, რომ წვებოდი
სანდრო: მართალი ხარ, უნდა მეფიქრა
ანნა: მაპატიე, გთხოვ, მაპატიე, მე შენ მიყვარხარ სანდრო მიყვარხარ და ესაა მთავარი, ხომ ვიცი, რომ შენც გიყვარვარ, რატომ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს.
სანდრო: ჩვენ ვეღარ ვიქნებით ერთად.
ანნა: რატომ, სანდრო რატომ?
სანდრო: ასეა საჭირო
ანნა: აღარ გიყვარვარ?
სანდრო: არა
ანა: ინანებ, იცოდე, მაგრამ მერე გვიან იქნება. მეზიზღები.
(კაკუნი კარებზე)
ანი: დაბრუნდი? დაბრუნდი შე…
(აღებს კარს, იქ პროფესორი დგას)
ვინ გნებავთ?
პროფესორი: ეს გლდანის მესამე მიკრორაიონის…
ანი: ვინ გნებავთ?
პროფესორი: ნიკა აქ ცხოვრობს?
ანი: სხვაგან მოხვდით
(უკეტავს კარებს, ცოტა ხანში ისევ ისმის კაკუნი, ანი აღებს კარს)
სხვაგან ხვდებით…
(კარებში ლევანია)
ანნა: ვა, მათხოვრების პარადი მაქვს დღეს? რა გინდა, რატომ მოხვედი? ფულის სათხოვნელად მოხვედი? მე არა მაქვს ფული, წადი აქედან.
(აპირებს კარების დაკეტვას, მაგრამ ლევანი ხელს კრავს და ანი ძირს ეცემა)
ვა, ყოჩაღ რა…
ლევანი: მოდი გინდა, მე და შენ თავიდან დავიწყოთ ყველაფერი.?
ანნა: რაა? მე და შენ? თავიდან? არ გამოვა, შენ არასოდეს მაპატიებ, რომ საკუთარ ძმასთან გიღალატე.
ლევანი: გაპატიებ
ანა: მაპატიებ? დაივიწყებ? შეენ?
ლევანი: ჰო, გაპატიებ, მე შენ მიყვარხარ.
ანნა: მე კი არ მიყვარხარ, მეზიზღები, არავინ ამ ქვეყნად არ მეზიზღება ისე როგორც შენ.
ლევანი: რატომ?
ანი: არ ვიცი, მართლა არ ვიცი,
(ლევანი დანას იღებს)
რაც გინდა ის მიქენი, ჩემთვის უკვე სულ ერთია.. . . .
(ლევანი სახეში არტყამს და ანი ძირს ეცემა)
მაინც არაფერი მაკავებს აქ, არაფერი მიხარია ამ ცხოვრებაში, არ მეშინია, თუ ჩემი სიკვდილი შვებას მოგიტანს, მომკალი… მიდი, მიდი. რა? არ შეგიძლია? ეგეც არ შეგიძლია?
ლევანი: რატომ?
ანი: რა რატომ?
ლევანი: ძმასთან რატომ მიღალატე?
ანი: ხომ გითხარი არასოდეს მაპატიებ თქო. . . მე ხომ გიცნობ
ლევანი: რატომ?
(ურტყამს დანას ანის)
ანი: ….არ მინდა სიკვდილი.
(კვდება)
ლევანი: რატომ? რატომ? რატომ?
იკიდებს ზურგზე ანის და გადის ბინიდან
სამშობიარო
დათო ლოცულობს, სამშობიაროდან გამოდის თაკო ბავშვით ხელში.
ბიჭების ბინა
ნიკა: დედა, მოდიან, აბა ახლა ძალიან გთხოვ, დათოს ხათრით, ჩემი ხათრით, სანდროს ხათრით ზედმეტი არაფერი თქვა, არაფერი, ბავშვი ხელში აიყვანე და თაკოსაც აკოცე
დედა: შენი ჭკუის დარიგება მაკლდა, შენ ღვინო ჩამოასხი?
ნიკა: ჩამოვასხი, ჩამოვასხი
(შემოდიან დათო, თაკო ბავშვით და სანდრო)
ნიკა: გილოცავთ.
თაკო: აი ჩვენც მოვედით.
დათო: დედა, არ ნახავ შვილიშვილს?
დედა: ვნახავ აბა რას ვიზამ, მომეცით ბავშვი
(იყვანს ხელში ბავშვს და მერე თაკოს ჩაიხუტებს)
ნიკა: დედა, მოიცა აი აქ დადექი, ფოტო უნდა გადაგიღო, აი ასე, ბებია და შვილიშვილი, მოდი ახლა ბედნიერი რძალ-დედამთილის ფოტო გადავიღოთ, თაკო.
თაკო: ახლავე, ახლავე. დედა აქ დავდგე?
დედა: არა შვილო, აი აქ ჯობია
სანდრო: დედა, ვის გავს ბავშვი, დათოს თუ თაკოს?
დედა: დათოს
სანდრო: არ დავსხდეთ?
დედა: არა, ლევანს დაველოდოთ
ნიკა: იქნებ არ მოდის?
დედა: აუცილებლად მოვა
სანდრო: (კაკუნი) ნახე მე მგონი ვიღაცაა
(შემოდის ლიზი)
ლიზი: უკაცრავად ნიკა აქ ცხოვრობს?
ნიკა: ლიზი? აქ საიდან მოხვდი?
ლიზი: შენებს არ გამაცნობ?
ნიკა: დედა, დათო, სანდრო, თაკო, ბავშვი…ეს ჩემი მეგობარი.
დედა: შემოდი შვილო, კარგ დროს მოხვედი, ჩემი შვილიშვილის დაბადების დღეს ავღნიშნავთ, რა გქვია?
ლიზი: ლიზი
დედა: კარგი სახელია, ელისაბედი, მოდი მომეხმარე სამზარეულოში.
ნიკა: არ გათხოვდი?
ლიზი: არა
ნიკა: რატომ?
ლიზი: კრეტინი ხარ
ნიკა: და აქ როგორ მომაგენი?
ლიზი: ძალიან დიდი კრეტინი ხარ იცი? გლდანის მე 3 მიკრორაიონი… სამოსანო
დედა: სანდრო, მგონი კიდევ ვიღაცაა
სანდრო: არა დედა, არავინაა. არ დავსხდეთ?
დათო: ნიკა, როგორც ყველაზე უმცროსმა შენ გვითამადე.
ნიკა: მე? კარგი, მაშინ მოდი ჯერ დედას გაუმარჯოს, მსოფლიოში ყველაზე მაგარ დედას გაუმარჯოს.
დედა: მამათქვენს გაუმარჯოს, იმაზე ბედნიერი ახლა არავინ იქნებოდა, ეზოში გამაშლევინებდა დიდ სუფრას და მთელ სოფელს შეყრიდა. . .
ნიკა: მოდით ჩვენს სოფელს გაუმარჯოს, სანდრო ნუ იცინი, ჩვენ, რომ სოფელში ვყოფილიყავით, იცი ლიზი, ახლა იქ რამდენი ადამიანი იქნებოდა სუფრასთან.?
სანდრო: ხო, მშივრები და დაუბანელები
ნიკა: არა სანდრო არა, ბედნიერები და გვერდში მდგომარენი, შესაძლოა ერთხელ ყველანი დავბრუნდეთ იქ, ჩვენი ადგილი იქაა, იქ სადაც დავიბადეთ, სადაც ყველაზე მაგარი მიწაა, სადაც ყველაზე დიდი მთვარეა, ყველაზე ლამაზი ცისარტყელაა.
სანდრო: ლიზი ეს შენი დამსახურებაა? ნიკა ფოტოგრაფობას შეეშვა და პოეტი გახდა.
დათო: ნუ უშლი ხელს
ნიკა: იცი ლიზი, იქ ჩვენთან სოფელში, კაცი, სახლს, რომ გადახურავს, ერთ დიდ მამალს დაკლავს ხოლმე და ჭერში დაკიდებს, რომ სახლი სისხლით მოირწყას, ან ცხვარს კლავენ პირდაპირ სახლში, იცი რატომ? ყველაფერს მსხვერპლი სჭირდება ყველაფერს, სახლი, მაგრად, რომ იდგეს მსხვერპლი სჭირდება. ხანდახან მგონია, რომ ჩვენც იმიტომ ვცხოვრობთ ცუდად, რომ მთლიანად ქვეყანა იყოს კარგად, რომ ჩვენი ცუდად ყოფნა ქვეყნისათვის მსხვერპლშეწირვაა.
სანდრო: ნორმალურია ახლა ეს ბიჭი, ვგავარ ახლა მე მამალს?
(კაკუნი)
დედა: ეხლა ნამდვილად ლევანი მოვიდა.
(აღებს კარს, იქ ლევანია)
ვიცოდი, რომ მოვიდოდა, ეხლა მართლა ბედნიერი ვარ, შემოდი, ძლივს არ შევიკრიბეთ ყველანი. მშიერი ხარ?
ნიკა: რატომ მოეთრიე?
დათო: ნიკა…
ლევანი: კარგი, კარგი… (თაკოს) გილოცავ. დე, მშია, მაჭამეთ, თორემ მალე მოვლენ და მშიერი დავრჩები
ნიკა: ვინ მოვლენ? ხომ გითხარი გაეთრიე აქედან…
დედა: ნიკა….
ლევანი: სანდრო, იცი როგორ ჩამომეკიდა? არ უნდოდა სიკვდილი
სანდრო: ვის?
ლევანი: დათო იცი, არ უნდოდა სიკვდილი, ჯერ იძახდა ჩემთვის ყველაფერი სულ ერთიაო, დავიღალეო, არ მეშინიაო, მაგრამ მაინც შეეშინდა, ბოლოს მაინც შეეშინდა, არ უნდოდა სიკვდილი, მითხრა კიდევაც არ მინდა სიკვდილიო…
სანდრო: ვის?
ლევანი: (მღერის) საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?. . .
დედა: ღმერთო ძლიერო, რა დავაშავეთ, რატომ იბრუნე ზურგი ჩემს ოჯახზე?, რა დაგიშავეთ ღმერთო?
დათო: დედა, ღმერთი რა შუაშია, ჩვენი ბრალია ყველაფერი, ჩვენ გადავემტერეთ ერთმანეთს, ამიტომ ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი.
ლევანი: პირუტყვებივით ვცხოვრობთ, პირუტყვებივით,
(კაკუნი)
მე გავაღებ, ჩემთან არიან
(აღებს კარს, იქ პროფესორი დგას)
პროფესორი: ნიკა აქ ცხოვრობს? გამარჯობა ნიკა, არ გახსოვარ, ფოტოები რომ გადამიღე რამდენიმე თვის წინ.
ნიკა: დიახ.
პროფესორი: ფოტოებისთვის მოვედი.
ნიკა: ეხლავე.
პროფესორი: იცით, ირაკლი, ჩემი შვილი, ამერიკიდან ბრუნდება, აღარ მინდა იქ ამერიკაში ცხოვრებაო, აქ მინდაო, აქ, საქართველოშიო.
ლევანი: გილოცავთ.
პროფესორი: მადლობა.
ლევანი: „საქართველოო ლამაზო…
პროფესორი: სხვა საქართველო, სად არის”
(კაკუნი)
მოვიდნენ. აი ეხლა კი ნამდვილად ჩემთან არიან. ეხლავე, არ გამომემშვიდობებით?.
(კოცნის ყველას)
სანდრო შენ?
და
ნიკა შენ არა?
(ბიჭები ეხვევიან ერთმანეთს)
წავედი. . .
ნიკა: მოიცა, მოდი ფოტო გადავიღოთ. (პროფესორს) გადაგვიღეთ რა.
(დგებიან ფოტოს გადასაღებად, ხელებს ჩასჭიდებენ ერთმანეთს, დგანან დამწუხრებული სახეებით, თვალებზე ცრემლით.)
პროფესორი: გაიღიმეთ!
ლევანი: მაშინ აი ასე.
(ჩაჭიდულ ხელებს წევენ ზევით, ისე როგორც მამის დასაფლავებაზე გადაღებულ ფოტოზე)
დასასრული


