ეს პიესათავისუფალი თეატრის ხუთი კონკრეტული მსახიობი გოგონასათვის შევთხზი, რომ არა ისინი, ეს პიესაც არ იარსებებდა. ამიტომ  თხოვნა მაქვს რეჟისორებთან, თუკი ვინმე,  ოდესმე ამ პიესის დადგმას გადაწყვეტს: არ შეუცვალონ მთავარ პერსონაჟებს სახელები და გვარები.

                                           

                         ავთო ვარსიმაშვილი

                   

„ვალსი ძილის წინ“

                   

 მოქმედი პირნი:

 

  • მარიამ ჯოლოგუა – 90 წლის,
  • ქეთა ლორთქიფანიძე – 85 წლის
  • მაია  დობორჯგინიძე – 80 წლის
  • თამუნა ნიკოლაძე – 75 წლის
  • თიკო კორძაძე – 70 წლის
  • რობინზონი – 35 წლის  
  • როზა –25  წლის
  • ნუცა – 25 წლის

 

მოქმედების ადგილი ხაშურის კულტურის სახლის კულისები, სამსახიობო ჰოლი, სადაც ბევრი სხვადასხვა ზომის სარკეა.

თბილისის მოხუც ხელოვანთა მიუსაფარი სახლის ქალთა ანსამბლმა „ბაფთიანმა გიტარამ“ ეს ესაა დაამთავრა კონცერტი. სცენაზე ჯერ არავინაა. ისმის ტაშის ხმა და „ბრავოს“ შეძახილები, კონცერტი დასრულდა და ერთნაირ  ქართულ ნაციონალურ კოსტუმებში, ჩიხტი კოპებში  გამოწყობილი მომღერლები კულისებში ბრუნდებიან, ერთი წამით გადახედავენ ერთმანეთს და ერთდროულად სიხარულის ყიჟინა აღმოხდებათ და ერთმანეთს ეხვევიან, ულოცავენ გამარჯვებას.

 

თიკო: –  აუ რა მაგარი იყო.

 

ყველა: – ძალიან, ძალიან მაგარი იყო.

 

            მიდიან  სარკეებთან, იწყებენ სახიდან ტონის მოცილებას

 

თამუნა: – მე მგონი ასეთი ლამაზი ტაში ჯერ არც გვქონია არა?

მაია: – რატომ? ოზურგეთშიც ასე არ მიგვიღეს?

თამუნა: – ამას ოღონდ აკამათე. ოზურგეთშიც ლამაზი ტაში დაგვიკრეს, მაგრამ აქ, უფრო კოხტა და ლამაზი.

თიკო: – არ ვიცი, სად უფრო კარგად მიგვიღეს, ვიცი, რომ  მაგარი დღე იყო.

 (დაინახავს ოთახში მდგარ ყუთებს) გოგოებო, სანამ ჩვენ სცენაზე ვიყავით, ნახეთ, აქ რაღაც დაუწყვიათ?

 

მარიამი: – მოგვართვეს რამე?

თამუნა: – რა არის ?

 

    ხსნიან, ყუთებში ბევრი ცარიელი ქილა აწყვია.

 

მაია: – არადა მშია.

თამუნა: – მეც.

თიკო: – მერე რა გინდათ გოგოებო? (იღებს ხელში ცარიელ ქილას) შეხედეთ და წარმოიდგინეთ, რომ  ხაშურის გამგებელმა ბევრი საჭმელი გამოგვიგზავნა….

მარიამი: –  ჩვენზე უკეთეს ვის გაუგზავნიდა?

ქეთა: – (იტაცებს თიკოს წამოწყებულ თამაშს) დედააა, წარმოვიდგინე კი არა, ვხედავ: შეხედეთ, რამდენი საჭმელია… გოჭი, ჩაქაფული, საცივი….

მარიამი: – აუ, გოგოებო, დღეს დავთვრეთ არა?

მაია: – აბა რა, მაგრად დავთვრეთ ….. აბა გოგოებო გავშალოთ სუფრა

 

იღებენ გრძელ სარკეს, სკამებზე დებენ და ზედ შლიან წარმოსახვით სუფრას – ცარიელი ქილებით.

 

მარიამი: – არა და იყო დრო, სპექტაკლების შემდეგ ასარჩევად მქონდა რომელ რესტორანში წავსულიყავი.

ქეთა: – ეგ დრო მეც მახსოვს…

მარიამი: – გოგოებო,  რამდენი სასმელია.? (აფექტურად იღებს არარსებულ ბოთლს და ჭიქაში ასხამს არარსებულ სასმელს)  მე დღეს ვსვამ. (გადაჰკრავს არარსებულ სასმელს)

ქეთა: – მეც

თიკო: – მე არა, საჭესთან ვარ.

თამუნა: – არც მე. არ ვსვამ, გასტრიტი მაქვს…

მაია: – მე ცოტა გაუფილტრავ ლუდს დავლევ…

 

მარიამი: – დღეს მაგრად უნდა დავთვრე.

ქეთა: – მარო, ოღონდ ფრთხილად ხო? თორემ ხომ გახსოვს ბაღდათის კონცერტის შემდეგ რაც მოხდა?

 

მარიამი: – რა მოხდა?

 

ქეთა: – არც არაფერი, უბრალოდ ნუ დაგავიწყდება, რომ ორ კვირაში 90 წლის ხდები.

 

მარიამი: – და რა მოხდა ბაღდათის კონცერტის შემდეგ?

 

მაია: -სასწრაფოთი რომ წაგამსერეს. ვიუ, ვიუ,ვიუ

 

მარიამი: – მეე?

 

ქეთა: – გოგოებო, გამახსენდა, მე მართლა მაქვს სასმელი. „არმანიაკი“ (იღებს ბოთლს ჩანთიდან)

 

თამუნა: – რა ოხრობაა?

 

მაია: – კონიაკია სომხური.

 

ქეთა: – არა, რა სომხური დებილო, ფრანგულია, მომართვეს,  ჩემი ძველი კავალერის შვილიშვილმა მომართვა.

 

მაია: –  არ ვიცი, შეიძლება ფრანგულია, მაგრამ სომხურად კი ჟღერს. „არმანიაკ“, „დარტანიან“

 

თამუნა: – გოგოებო ჩემი გაკეთებული ოლივიე გასინჯეთ, გუშინ მთელი საღამო ვამზადებდი. მაიკო საყვარელო, გადაიღე რა…

 

მაია: – თამუნა, იცი ჩვენ გუშინ წერილი დავწერეთ….

 

თამუნა: – რა წერილი მაიკო?

 

                      მაიას გოგოები თვალებს უბრიალებენ

 

მაია: – ….. მაგარი წერილი, პრეზიდენტს მივწერეთ აღადგინეთ  წოდებები და თამუნას მიეცით რესპუბლიკის დამსახურებული ბუღალტრის წოდებაო.

 

თამუნა: – რას ამბობ, რა ჯანდაბად მინდა.

 

მარიამი: – დამისხამთ ეხლა  ვინმე, თუ მოვრთო ღრიალი?

 

თიკო: – ოღონდ ეგ არა

 

თამუნა: – მე დაგისხამ ოღონდ არ იყვირო.

მარიამი: – აბა უფროსის პატივისცემა თქვენ არ იცით და….

                                    ასხამენ და ვითომ ჭამენ

თამუნა: – გოგოებო, სადღეგრძელოს ვიტყვი რა. აუ რა ტაში იყო არა,?  სამივე რიგი ფეხზე იდგა. ჩვენ კი ვიდექით გაჯგიმულები, ამაყები, ამ ლამაზ კოსტუმებში გამოწყობილნი , ბედნიერები, ულამაზესები…

 

ქეთა: – მართლა რა ლამაზები ვიყავით ყველა.

 

მაია: – ნაშოჩკები.

 

თამუნა: –  რა მაგარი იყო არა? ეს კოსტუმებიც რა მაგრად გვიხდებოდა არა?.

 

თიკო: – ეჰ, მე, რომ ვცეკვავდი მუსკომედიის ბალეტში, აი კოსტუმები მაშინ გვქონდა თუ გვქონდა.

 

მარიამი: – მართლა? რაღაც არ მახსოვს მუსკომედიის ბალეტში ლამაზი კოსტუმები.

 

თიკო: – რას ამბობ? „მონმარტრის იაში“ თავზე ბუმბულები მქონდა, ზურგზე ბუმბულები და აი აქაც (უკანალზე) ბევრი ბუმბული მქონდა, „იუბკა“ აქამდე მქონდა და რომ გავშლიდი ფეხებს.

 

მაია: – გრძელ ფეხებს.

 

თიკო: – რაა?

 

მაია: – გრძელ ფეხებს, რომ გაშლიდი.

 

თიკო: – ხო. … 20 წელი ვცეკვავდი.

 

ქეთა: – გოგოებო ძალიან მიყვარხართ, თვითოეული თქვენგანი უსაზღვროდ მიყვარს, ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვარ, რომ ეხლა თქვენთან ვარ, რომ ასე ერთად ვართ და ასე კარგად ვართ,  რა კარგი ვქენი, რომ 10 წლის წინ ამაყად და ღირსეულად დავტოვე ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის დასი და თბილისის მოხუც ხელოვანთა მიუსაფარი სახლის  წევრი გავხდი და იქ თქვენთან ერთად ანსამბლი „ბაფთიანი გიტარა“ დავაარსე.

 

მაია: – ქეთა ლორთქიფანიძე, ნუ არტისტობ აქ, აღარ ხარ თეატრში, ყველამ კარგად ვიცით, ამაყად და ღირსეულად კი არ დატოვე, სამარცხვინოდ დაგატოვებინეს თეატრი, გამოგაბუნძულეს. ამიტომ ნუ არტისტობ აქ….

 

ქეთა: – მაიკო დობორჯგინიძე, ნუ ხარ შენ ბოროტი. გოგოებო, რა უცებ გაირბინა არა ათმა წელმა, მე მინდა დღეს ლექსები წაგიკითხოთ, გნებავთ ანა კალანდაძეს წაგიკითხავთ და გნებავთ პაოლო იაშვილს, მომისმინეთ: …იქ სადაც სდუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე….

 

მაია: – აუ ქეთა, ვგევართ ეხლა ჩვენ ლექსების მოყვარულ ხალხს?

 

ქეთა: – მაცადე, მისმინე: „ იქ სადაც სდუმან პირამიდები, შენ მომინდები…“

 

მაია: – მილიონჯერ გვაქვს მოსმენილი, არ გვინდა, რა, დღეს მამაპაპური სუფრა გვაქვს

 

ქეთა: – მერე განა მამაპაპური სუფრა, ლექსის გარეშე სუფრაა.?

 

მაია: – დღევანდელი სუფრა ზუსტად ეგეთია. გაჩუმდი.

 

ქეთა: – არ გავჩუმდები  „საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს, და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს“

 

მაია: – (ყვირის) გაჩუმდი!

 

                                                     სიჩუმე

 

მარიამი: – პარასკევა სად ჯანდაბაშია ამდენ ხანს?

 

თამუნა: – პარასკევა არა მარო, რობინზონა, რობინზონა,  რით ვერ დაიმახსოვრე? თუ სპეციალურად ეძახი.?

 

მარიამი: – აბა მე რა ვთქვი?

 

ქეთა: – პარასკევა თქვი, პარასკევა.

 

მარიამი: – მართლა? მარჯანიშვილში მძღოლად მუშაობდა ერთი ბიჭი, იმასაც რობინზონა ერქვა , ჩვენ კი მოფერებით პარასკევას ვეძახდით და სამუდამოდ ასე დავიმახსოვრე ეს სახელი. რა მნიშვნელობა აქვს რა ჰქვია, სად ჯანდაბაშია ის პარასკევა?

 

თამუნა: – საქმეები აქვს ალბათ, მოვა აუცილებლად.

 

ქეთა: – „გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით, დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს“

 

მაია: – აუ არ გვიხმარა? ზინა ხარ კვერენჩხილაძე?

 

ქეთა: – ვაი, ზინა კვერენჩხილაძე, გოგოებო, ღმერთმა აცხონოს, ეგრე არავინ კითხულობდა ლექსებს, ჩვენთან იყო ჩამოსული ქუთაისში, პოეზიის საღამო ჰქონდა, მე კულისებიდან ვუყურებდი, იდგა სცენაზე გრძელ შავ კაბაში, ყელზე გრძელი თეთრი შარფი ჰქონდა მოხვეული, თავი აი ასე ჰქონდა აწეული და ვაჟა ფშაველას კითხულობდა……..

 

„შენმა სურვილმა დამლია,

შენზე ფიქრმა და სევდამა,

შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,

გულის თვალებით ხედვამა“

 

მაია: – ზინა, ზინა, დრრრრრრრრ. რობიზონა, რომ მოვა აქ დავსვათ, სუფრის თავში.

 

ქეთა: – არა, არა, რობიზონა აქ დაჯდება ჩემთან, აი უკვე თეფშიც კი დავუდე.

 

მაია: – ეს თეფში რითია შენს თეფშზე ნაკლები, აქ დაჯდება, მე ჩემი გაკეთებული „ოსტრი“ უნდა გავასინჯო,.სპეციალურად პილპილი არ ვუქენი რობინზონას არ აწყინოსო.

 

თამუნა: – ჯობია აქ დაჯდეს, აქ ჩემი გაკეთებული ოლივიე დევს, მთელი ქილა მაიონეზი ჩავუშვი.

 

თიკო: – თუ ეგრეა აქ დაჯდეს და ჩემი ხაჭაპური გასინჯოს, 2 მანეთიანს რომ ვეძახდით და ეხლა რომ 15 ლარი ღირს, იმ ყველითაა გაკეთებული..

 

                     ატყდება ხმაური და თეფშების გადაადგილება

 

მარიამი: – გოგოებო სულ გარეკეთ? რას აცუნდრუკდით პატარა გოგოებივით ვიღაც დაჯღანული  რობინზონას გამო? აბა დაჯექით.

  

                                                              სიჩუმე

 

მაია: – მე უბრალოდ მინდოდა რომ „ოსტრი“ გაესინჯა, ჩემი ხელებით დავამზადე.

 

თიკო: – აქ რასაც ხედავ ყველაფერი  ხელებითაა დამზადებული, ფეხებით არც ერთს არ გვაქვს გაკეთებული.

 

                                                                  სიჩუმე.

 

თამუნა: – ისე მართლა სად ჯანდაბაშია?

 

მარიამი: – ვინ?

 

თამუნა: – რობინზონა.

 

მარიამი: – ააა, ქეთა სადაა პარასკევა?

 

ქეთა: – რობინზონა. მოვა, ეტყობა საქმე აქვს.

 

თიკო: – (იცინის) მარო, დღეს რა დაგემართა ა?

 

მარიამი: – რა დამემართა?

 

თიკო: – რამდენჯერმე სიმღერის ტექსტი რომ დაგავიწყდა და პირს მუნჯი თევზივით უხმოდ რომ აღებდი.

 

                                                      სიცილი

 

მარიამი დგება და მუშტს ურტყავს მაგიდაზე.

 

მარიამი: – ვის დაავიწყდა? მე დამავიწყდა? სად დამავიწყდა? როდის დამავიწყდა? რომელ სიმღერაში დამავიწყდა და რა ადგილას დამავიწყდა? ა?

 

                                                სიჩუმე

 

თიკო: – რას გაჩუმებულხართ? რა არ იყო ეგრე? არ აღებდა პირს თევზივით.?

 

მარიამი: – მოიცა, მოიცა, ეხლავე ყველა სიმღერას ზეპირად გიმღერებთ, რადგან ეგრეა, გიმღერებთ.

 

                                           ძვრება პატარა ყუთზე, სიჩუმე.

 

მარიამი: – რადგან გამოცდას მიწყობთ, მომიწყეთ, მიდით, რომელ სიმღერასაც მეტყვით ზეპირად გიმღერებთ, რომელი ადგილიდანაც გინდათ იქიდან გიმღერებთ, მიდით მკითხეთ, მიდით.

                                                 სიჩუმე.

 

თამუნა: – კარგი მარო დაწყნარდი, არავის არაფერი არ დავიწყებია, იხუმრა თიკომ, ჩამოდი მაქედან, არ გადმოვარდე, კისერი არ მოიტეხო. ორ კვირაში იუბილე გაქვს.

 

მარიამი: – არა, მითხარი, რადგან ასეა, მითხარი სად დამავიწყდა?, მითხარი და მომსპე, გამიპე გული, გამათავე ადგილზე.ზეპირად გეტყვით ყველა სიმღერას, პირველი სიმღერით დავიწყებ და ბოლო სიმღერამდე ყველას ზეპირად მოგიყვებით, ან არადა ბოდიში მომიხადეთ.

 

თიკო,: – მარო ხომ გითხარი ვიხუმრე თქო,

 

მარიამი: – ბოდიში მოიხადე თორემ….

 

თიკო: – თორემ რა?

 

მარიამი: – რამე მონოლოგს წაგიკითხავთ.

 

თიკო: – ბოდიში.

 

მარიამი ჩამოდის, მიდის მაგიდასთან, ავსებს ჭიქას წყლით და ერთი მოსმით სვამს

 

მარიამი: – ეგრე. არაფერი არ მავიწყდება, მე მარაზმში ჯერ არა ვარ.

 

შემოდის რობინზონი. რობინზონი 35 წლისაა, აცვია ერთი ზომით დიდი შავი პიჯაკი და  შარვალი, ტანზე  თეთრი პერანგი აცვია და უკეთია  ძალიან ჭრელი ჰალსტუხი.

 

რობინზონი: – თბილისის მოხუც ხელოვანთა მიუსაფარი სახლის  ქალთა ანსამბლ „ბაფთიან გიტარას“  გაუმარ—ჯოს.

 

 საერთო მხიარულება, ქეთამ გაარღვია გოგოები და მოეხვია რობინზონას.

 

ქეთა: – გაუმარჯოს ყველაზე რომანტიკულ ანსამბლს „ბაფთიან გოგონას“, რომელსაც დღეს 10 წელი შეუსრულდა, მის ყველა არაჩვეულებრივ, ლამაზ სოლისტს და ანსამბლის შეუცვლელ ხელმძღვანელს, ჩვენს გენიალურ რობინზონს. ……..

 

რობინზონი: – ეს რა სუფრა გაგიწყიათ?

 

მაია: – არ მოგწონს? გადაიღე აი ჩაქაფული, ტოლმა….

 

რობინზონი: – აბა ყველანი მაგიდასთან , დღეს მაგრად უნდა ვიქეიფოთ. ქალბატონო მარიამ, დღეს ვთვრებით?

 

მარიამი: – ვთვრებით აბა არა?, უკვე უგონოდ მთვრალი ვარ.

 

ქეთა: – რობიზონ, იცი, რომ შენ გენიოსი ხარ? თუ არ იცი მე გეტყვი, ყველას გასაგონად გეტყვი, რომ ხარ გენიოსი, გენიოსი. …..

 

რობიზონი: – ხო კარგი, კარგი, ვიქეიფოთ, დამალევინეთ მეც რამე

 

ქეთა: – აი, შენთვის მოვიტანე, ჩემი ძველი თაყვანისმცემლის შვილიშვილმა მომიტანა, „არმანიაკი“, კონიაკია, ოღონდ სომხური არ გეგონოს, ფრანგულია,

 

რობიზონი: – აბა ჩვენი ანსამბლის იუბილეს გაუმარჯოს

 

ქეთა: –  ეს ანსამბლი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება არც ერთი ჩვენთაგანი ცოცხალიც კი არ ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ ამ ანსამბლმა გადაგვარჩინა, ჩვენ ეს ანსამბლი გვაცოცხლებს, მისი რეპეტიციები, მისი გასტროლები.

 

რობინზონი: – ქალბატონო ქეთა….

 

ქეთა: – (დაბოხებული ხმით) რობი, ხომ გთხოვე ქალბატონოს ნუ მეძახი თქო, დამიძახე უბრალოდ „ქეთა-ძვირფასო,“ არა?

 

რობინზონი: – რა?

 

თამუნა: – გააგრძელე რობინზონ, გააგრძელე მგონი რაღაც ლამაზს იძახი.

 

რობიზონი: – ამ ღირშესანიშნავ დღეს, მე მინდა მთელი სულით და გულით ვადღეგრძელო ჩვენი კოლექტივის თვითოეული წევრი, ავღნიშნო მისი ღვაწლი და მადლობის სიტყვებიც ვუთხრა, დავიწყებ ჩვენი ანსამბლის უხუცესით, მის 90 წლის იუბილეს თბილისის მიუსაფარ ხელოვანთა სახლში ორი კვირის შემდეგ ღირსეულად ავღნიშნავთ, მაგრამ მანამდის, დღეს მინდა ვუთხრა:  ქალბატონო მარიამ ჯოლოგუა! ჩვენი ქალთა ანსამბლის პატრიარქო, ხალხური თვითშემოქმედების დიდო ჯადოქრო, ჩვენი სულების მესაიდუმლევ, ულამაზესო და უჭკვიანესო ქალბატონო,  ათწლეულების მანძილზე თქვენ ბრწყინავდით მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და ეხლა კი ბრწყინავთ ჩვენს ანსამბლში, ქალბატონ მარიამს არ გაუცდენია არც ერთი რეპეტიცია, არ დაუგვიანია არც ერთი წამით, ის ყოველთვის მოწესრიგებულია და პასუხისმგებლობის გრძნობითაა აღსავსე. აი რისი თქმა მინდოდა.

 

მარიამი: – გეტყვი.- მე ვმღერი ამ ანსამბლში უკვე 10 წელია, ორ კვირაში 90 წლის ვხდები და მე მინდა, გოგოებო, მინდა, რომ ….კიდევ 10 წელი ვიმღერო. არ შეიძლება?

 

ქეთა: – როგორ არა მარო ძვირფასო, შეიძლება კი არა აუცილებელიცაა

 

მარიამი: –  შეიძლება ვინმემ მკითხოს რა გამღერებს? რა გინდა, დაეტიე შენს ოთახში, დალიე წამლები  და დაელოდე მიქელასო, მაგრამ მე ვეტყვი:…. (დიდი პაუზა)  აი, ეგეთი დილიხორი მაქვს და ვმღერი თქო.

 

თიკო: – მარო აცადე ეხლა სხვები გვადღეგრძელოს. მიდი რობინზონ, შენ დაუკარ.

 

რობიზონი: – მე მინდა ეხლა ქალბატონი ქეთა ლორთქიფანიძის სადღეგრძელო ვთქვა…

 

ქეთა: – ქალბატონი? რობი…

 

რობიზონი: – ააა, ხო, – ქეთა ძვირფასო, გაგიმარჯოს.

 

ქეთა: – ეგრე.

 

მაია: – ქეთა, გეღირსა.

 

ქეთა: – გოგოებო ვგიჟდები ასე რომ მომმართავს ხოლმე „ქეთა ძვირფასო“, რამდენი ლირიზმია მის ინტონაციაში, რამდენი სითბო.

 

რობინზონი: -ჩვენს ქალბატონ ქეთას გაუმარჯოს. რომელმაც მთელი ცხოვრება ქუთაისის თეატრს შესწირა ცხოვრება, ხოლო  ბოლო ათი წელია ერთგულად ემსახურება ჩვენს ანსამბლს და გვჩუქნის თავის არაჩვეულებრივ შემოქმედებას……

 

ქეთა: – გოგოებო ვერც კი წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვარ, თქვენთან, რომ ვარ და ჩემი რობინზონიც რომ აქ მყავს, მე არ ვმალავ ასაკს, არასოდეს დამიმალავს, ყველამ იცის, 85 წლის რომ ვარ, მაგრამ ასეთ წუთებში იცით, თავი ისევ პატარა გოგო მგონია, რობი საყვარელო, უსაყვარლესო, მე ჩვენი ანსამბლის დაბადების დღეს, შენთვის საჩუქარი მაქვს, „სიყვარულის წიგნი“ აქ ყველა ლექსი სიყვარულზეა (ჩუქნის წიგნს)

 

მაია: (თიკოს) ა, ხომ გეუბნებოდი აჩუქებს თქო.

 

რობიზონი: – დიდი მადლობა, ეხლა კი…

 

მაია: – „ არ დაიჯერო, არ დაიჯეროოოოოოო, არ დაიჯერო რომ აღარა ვარ“

 

თამუნა: – მაიკო გაგიჟდი? დათვერი? ჩვენი ლამაზი მაიკო დათვრაააააა

 

რობიზონი: – …გაუმარჯოს, ჩვენს ენაკვიმატ….

 

მაია: (ასწრებს და მის მაგივრად იძახის) – გაუმარჯოს ჩვენს საყვარელ მაიკო დობორჯგინიძეს, რომელიც 80 წლისაა და რომელმაც თავისი ცხოვრება შესწირა ოზურგეთის, ფოთის, ზუგდიდის, ბათუმის, ჭიათურის, ზესტაფონის, ახალციხის და რუსთავის თეატრებს და ბოლო ათი წელი  კი ერთგულად ემსახურება ჩვენს ანსამბლს, გაუმარჯოს. (სვამს)

 

რობიზონი: – რა თქმა უნდა გაუმარჯოს. და მინდა კიდევ გაუმარჯოს ჩვენს ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე ნორჩ სოლისტებს, ჩვენს ქალბატონ თამუნა ნიკოლაძეს და ქალბატონ თიკო კორძაძეს. ათწლეულების მანძილზე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის ბუღალტერს და ამავე თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავეს….

თიკო: – ყველას სადღეგრძელო ცალ ცალკე და ჩვენი ერთად რატომ?

მაიკო: – თქვენ ჯერ პატარები ხართ და იმიტომ.

თამუნა: – რა მნიშვნელობა აქვს თიკუნა. ერთ თეატრში, რომ ვიყავით ალბათ იმიტომ, დიდი მადლობა რობიზონ, (თიკოს)  შეიძლება სულ უკმაყოფილო იყო? რა მოხდა მერე? რობინზონ, შეჭამე  ეს „ოლივიე“, მე გავაკეთე

რობიზონი: – წაიკითხეთ რას წერს ჩვენს იუბილეზე გაზეთი „რეზონანსი“? თვით ლელა ოჩიაური?

მარიამი: – როგორ არა, მთელი კიოსკი ვიყიდეთ, ერთი ათჯერ მაინც წავიკითხეთ.

რობიზონი: – ყველა ცალ ცალკე გვახსენეს და საერთო ფოტოც დაბეჭდეს,  ტელევიზიაც  უნდა მოსულიყო დღეს კონცერტზე, მაგრამ ვერ მოვიდა, ეტყობა სადმე მიტინგია და იქ წავიდნენ, მაგრამ ეს გაზეთი კი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან, მთელი ქვეყანა წაიკითხავს. ასე რომ დავლიოთ და ჩვენს მომავალზე ვილაპარაკოთ… (ტელეფონზე) დიახ, დიახ, გასაგებია, გასაგები… (გადის ლაპარაკით)

თიკო: – მომავალზე გამახსენდა, კუთხეში არ მინდა ჯდომა, შვიდი წელი ვერ გავთხოვდები.

ქეთა: – რობი დღეს რა ლამაზი იყო არა?, ბოლოში რომ გამოვიდა თავის დასაკრავად, ჰალსტუხში, ისეთი ელეგანტური, ისეთი პომპეზური, ვუყურებდი და მეამაყებოდა, რომ ჩვენს ანსამბლს ასეთი ხელმძღვანელი ყავს, ასეთი ნიჭიერი, ასეთი არისტოკრატული მანერებით…

მაია: – მე ვიყო უკანასკნელი, ქეთამ, ბოლო ბოლო, საწოლში თუ არ შეითრიოს ეგ რობი.

რობიზონი: – (შემოდის) მოკლედ, ამ ათი წლის მანძილზე ჩვენ ყველაზე მაღალი მწვერვალები დავიპყარით, ქართული შოუ ბიზნესის ჯომოლუნგმა…

მაია: – რა დავიპყარით.?

ქეთა: – ჯომოლუნგმა უვიცო, მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალია.

რობიზონი: –  მოკლედ ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ჩვენი გამოჩენილი ანსამბლის უნიჭიერესო სოლისტებო, ნარნარებო, მშვენიერებო და მჩქეფარებო, დღეს ჩვენს ანსამბლს 10 წელი შეუსრულდა. არ ვიცი ცოტაა თუ ბევრი, მაგრამ ვიცი, რომ ათი წელი ჩვენ ხელჩაკიდებულები და თავაწეულები მოვდიოდით დღევანდელ დღემდე….

მარიამი: –  ბევრნი ვერ მოესწრნენ ამ დღეს, შვიდნი გვაკლია.

რობიზონი: – რატომ მასწრებთ ქალბატონო მარიამ, ზუსტად მაგის თქმა მინდოდა, ღმერთმა გაანათლოს (ტელეფონზე) მოხვედი? ეხლავე, ეხლავე (გადის)

 

მარიამი: – ჯერ ნატა მოკვდა, მერე მაკა, მერე ირინა, მერე ლალი, მერე ესმა, ჟუჟუნა და ბოლოს ვალია.

ყველა: – გაუმარჯოს.

მარიამი: – ვალია სხვათაშორის პირველი დღიდან ჩვენთან იყო, ჯოხი ეჭირა ხელში, ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ მაინც მღეროდა, ღმერთმა გაანათლოს.

მარიამი: – ირინას  ქიმია ჰქონდა გაკეთებული, საშინლად სტკიოდა ყველაფერი, თავზე არც ერთი ღერი თმა არ ჰქონდა და მაინც მღეროდა…

მარიამი: – გოგოებო გახსოვთ, ნატა ბოლო კონცერტზე უკვე ინვალიდის სავარძლით რომ გამოვიყვანეთ?

მაია: – კარგი, გვეყოფა, ჩვენც მალე იქ ვიქნებით.

მარიამი: – ის ბადრი სად დაიკარგა?.

ქეთა: – ბადრი ვინაა?

მარიამი: – ბადრი არ ჰქვია იმას, ეხლა რომ გავიდა?

ქეთა: -რობიზონი ჰქვია, რობიზონი,

მარიამი: – რა მნიშვნელობა აქვს, რობიზონი, ბადრი, ლადო,  ეს ხაჭაპური ვინ გამოაცხო?, კარგია, ისე გოჩაც არაა ცუდი სახელი.

ქეთა: – რობიზონი! რობიზონი ჰქვია და დაიმახსოვრე ერთხელ და სამუდამოდ..

რობინზონი: – (შემოდის როზასთან ერთად) გოგოებო, ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩვენი ანსაბლის ახალი წევრი.

                              პაუზა

ქეთა: -(სიჩუმეში)  ნეტა ასეთი რად მერგო ბედი,ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი.

მარიამი: – რა? ვინ უნდა წარმოგვიდგინო?

რობინზონი: – ჩვენი ანსამბლის ახალ წევრი, ის დღეს მოვიდა ჩემთან და მას აღმოაჩნდა არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემები.

თამუნა: – მეც არა ვთქვი ეს ტახექსიური მომაკვდავი ვინაა თქო.

მარიამი: – მე კი მეგონა ეს გაწუწული კატა ჩვენი ფანიაო.

მაია: – მე კი ვიფიქრე რობიზონმა დაცვა აგვიყვანაო

თიკო: – ქალი დაცვა?

მაია: – ხო, ეხლა მოდაშია ქალები დაცვაში.

რობიზონი: – მოკლედ ქალბატონი როზა მოვიდა ჩემთან, მიმღერა და გავგიჟდი მისი ვოკალური მონაცემებით. მინდა ყველას მოგილოცოთ, ბოლოს და ბოლოს ჩვენს ანსამბლს ეყოლება ნამდვილი ტალანტი, ნამდვილი მომღერალი, მივესალმოთ ქალბატონ როზას.

 

                   უკრავს ტაშს, მაგრამ მის გარდა არავინ უკრავს

 

მარიამი: – როზა? ლამაზი სახელია, როზაააააა.  ქეთა ძვირფასო, ეს კონიაკი თუ ფრანგულია, არმანიაკი რატომ ჰქვია?

რობინზონი: – მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადავწყვიტე ანსამბლის რებრედინგი გავაკეთო

მაია: – ვერ გევიგე?

თიკო: – რა უნდა გაიკეთო?

რობიზონი: – რებრედინგი, ესეიგი ყველაფერი თავიდან, დღეიდან ჩვენ ვცვლით ყველაფერს, სტილს, რეპერტუარს, მანერებს, მომისმინეთ როგორ იქნება ყველაფერი. თქვენ აღარ იდგებით ერთად შეჯგუფებული სცენაზე და აღარ იმღერებთ იმ სიმღერებს, რომლებიც საქართველოში ისედაც ყველამ ზეპირად იცის და ყელში აქვს ამოსული, ეხლა ჩვენ ახალი რეპერტუარი გვექნება, ანსამბლის სახელიც აღარ იქნება „ბაფთიანი გიტარა“,  ჩვენ გვერქმევა ფოლკ-რეპ ჯგუფი „როზა და გოგონები“,  შუაში იდგება როზა, მას ეცმევა ძალიან გამომწვევი კოსტუმი….

მაია: – კიდევ უფრო გამომწვევი?

რობინზონი: -დიახ, საშინლად გამომწვევი, რომ დარბაზში ყველა მამაკაცი აღეგზნოს,  როზა იდგება პროჟექტორით განათებული სცენის შუაში, იმიტომ რომ დღეიდან უკვე სოლისტი იქნება მთავარი ჩვენს ანსამბლში და არა გუნდი,  რათა სოლისტმა გადმოსცეს სიმღერის სული….

მაია: – და კუჭი?

რობინზონი: –  მან უნდა გვიჩვენოს თავისი ტემპერამენტი, თქვენ კი….

თიკო: – გავახსენდით როგორც იქნა.

თამუნა: – რობინზონ, ჩვენ უნდა დავიშალოთ.?

რობიზონი: – არა, რას ამბობთ, არავითარ შემთხვევაში, პირიქით, თქვენ იქნებით უმნიშვნელოვანესი რგოლი ჩვენი წარმატებების ჯაჭვში, როზა ხო იდგება წინ პროჟექტორის სხივში განათებული, თქვენ კი მის უკან იდგებით – ნახევრად ჩაბნელებულ  სცენაზე – ბექებში.

ქეთა: – საად?

რობინზონი: – ბექებში- უკან. აი, ნახეთ, ფონოგრამაც მზადა აქვს, ტექსტებიც დაბეჭდილი აქვს, თქვენ იქნებით  ქართულ ნაციონალურ კოსტუმებში გამოწყობილები , მოკლედ, იდგებით ჩიხტი კოპებით და იქიდან მიეხმარებით სოლისტს. წარმოიდგინეთ, წინ დგას როზა, საზარლად ეროტიული და გამომწვევი, უსაზარლესად სექსუალური და გარყვნილი, ხელებზე  ტატუ ექნება, კისერზეც ტატუ, ჭიპზეც ტატუ…. მოკლედ რა….  და მის უკან თქვენ, ჩიხტი კოპებით, სარგადაყლაპულივით, სანდომიანი სახეებით, როზა უბერავს რეპს – „აჰ, აჰ- აჰ,აჰ, მოდი გიჟო ჩემთან, მოდი უნდა გიხმარო, მოდი გიჟო ჩემთან, მოდი უნდა გიხმარო“ და ამ დროს თქვენ უკან, სიბნელეში,  ჩიხტი კოპებში გამოწყობილნი, წყნარად მღერიხართ: „მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ შენთვის“, წარმოიდგინეთ რა დისონანსი იქნება და ამავე დროს რა პოლიფონია, ეს დახტის- თქვენ დგახართ, ეს კივის – თქვენ მაინც წყნარად დგახართ, ეს წვება სცენაზე და ფეხებს აბაკუნებს და თქვენ კი ისევ და ისევ  გაუნძრევლად დგეხართ, ანსამბლს ეგრეც ერქმევა „როზა და გოგოები“ , ასეთი რამ მსოფლიო სცენას ჯერ არ უნახავს, ყველა დაეცემა.

მარიამი: – მე ნაღდად დავეცემი.

მაია: – მე უკვე დავეცი.

რობინზონი: -ალბათ მკითხავთ რად მინდა რებრედინგი, როდესაც ისედაც ყველაფერი კარგად გვაქვსო, მკითხავთ და მეც იმ წამს გიპასუხებთ. იმიტომ, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ყოველთვის ახლის ძიებაა საჭირო, ინოვაციები, კრეატიული აზროვნებაა საჭირო, ამის გარეშე ვერ განვითარდებით, მე ვხედავ როგორ იქნება ეს ყველაფერი, მე თვალწინ მიდგას ეს მიზანსცენა, წინა პლანზე დგას  როზა, გარყვნილი, სექსოპილური სახით  და თქვენ კი ხუთივე უკან ბექებში, სათნო, კდემამოსილი სახეებით, (მღერის) აჰ, აჰ, აჰ- „მხოლოდ შენ ერთს“.აჰ, აჰ, –„ მხოლოდ შენ ერთს“ , ჩვენ გვექნება გრანდიოზული წარმატება, ნიძლავს დავდებ, რომ ნახევარ წელიწადში ჩვენ ჯერ თბილის დავიპყრობთ და უკვე კუს ტბაზე კი არ გვექნება კონცერტი, არამედ ფილარმონიის დიდ დარბაზში, მერე კი… გოგოებო, აუცილებლად წავალთ ….ტაგანროკში, ერთი ზაზაა, ჩემი უბნელი იყო გორში, შემპირდა გაგიკეთებ იქ გასტროლსო, მერე ევროპაშიც გავიჭრებით – ყველა ქალაქში გვექნება კონცერტი, პარიზში, ლონდონში, რომში და იქ…. ბრნოში, ზაზა მაგასაცაა  შეპირებული და ბოლოს გოგოებო… ამერიკაც ჩვენი იქნება, ამერიკასაც დავიმხობთ, ნიუ ორკი, ლოს ანჯელესი და ისა – სიეტლიც ჩვენი იქნება, მაგასაც ზაზა დამპირდა. ეს ჩემი ექსკლუზივია, სუპერ თანამედროვე ვაუ– რეპის და ქართული ქალაქური სიმღერის მიქსი + 80 წლის მოხუც გოგონათა ბექ კვინტეტი, გესმით? ასეთი რამ მსოფლიოს არ უნახავს, ბროდვეის არ უნახავს, როგორია? რას იტყვით?

 

                                                         სიჩუმე

 

ქეთა: – რობინზონ, აი ის წიგნი რომ გაჩუქე,  ცოტა ხნით მათხოვე რა.

რობინზონი: -კი ბატონო, (აძლევს) მოკლედ ქალბატონებო, მე მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი როზა, უნიკალური ხმის პატრონი და  ჩვენი ანსამბლის დიდი იმედი. მივესალმოთ მას.

   

                                                  სიჩუმე

 

ქეთა: – მაიკო, იცი, გუშინ ექიმთან ვიყავი და რა მითხრა იცი? ედიოსინკრეზია გაქვსო. წარმოგიდგენია? სულ გული მერევა.

მაია: – მართლა? მეც ალბათ ეგ მჭირს, მეც რაღაც ამ ბოლო დროს სულ გული მერევა.

მარიამი: – მეც. ორსულად ხომ არ ვართ გოგოებო? დროზე ჩავსხდეთ ავტობუსში და წავიდეთ  თორემ ტოქსიკოზი დაგვეწყება სუყველას.

თამუნა: – ხო, შეიძლება რაღაცამ გვაწყინა.

თიკო: – მე მგონი იმ ოსტრიმ, რობიზონისთვის რომ გააკეთა მაიკომ.

ქეთა: – რობიზონ მართლა, სულ მინდოდა მეთქვა, ეგ ჰალსტუხი არ გიხდება, გოიმურია.

რობიზონი: – ვერსად ვერ წახვალთ, მძღოლი გავუშვი 3 საათით ნათესავებთან. საბოტაჟს მიწყობთ ხომ?, არ გინდათ ხომ ახალი სოლისტი?, ებრძვით ხომ ინოვაციებს?

თამუნა: – რას ვებრძვით თიკუნა?

თიკა: – რას დაეძებ.

რობინზონი: – იცით რას გეტყვით? გინდათ სიმართლე?  გინდ გეწყინოთ და გინდა არა,  გეტყვით:  თქვენ წესიერად ვერც კი მღერიხართ, არ იცით სიმღერა, იცით, რომ არც ერთ თქვენთაგანს არ შეუძლია ერთნახევარი ოქტავის აღება.?

         

                                                        სიჩუმე

 

მაია: –  მეტს გეტყვი რობინზონ, ისიც არ ვიცით ოქტავა რა არის, ვიცით, რომ ცუდად ვმღერივართ, ვიცით.  მაყურებელი ტაშს სიმღერაში კი არ გვიკრავს, არამედ ასაკში, უი ესენი კიდევ ცოცხლები არიან, კიდევ ფეხზე დგანან და  თან მღერიან კიდეცო,  

მოკლედ ჩემო რობინზონ, ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, ქეთა საყვარელო, რა გაქვსო  ექიმმა ?

ქეთა: – ედიოსინკრეზია, გული მერევა.

მაია: – გაიგე? ჩვენ ყველას გული გვერევა. ეტყობა დავბერდით.

თიკო: -მე თქვენზე ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ეტყობა მეც ედიოსინკრეზია მაქვს. 

მარიამი: – მე 90 წლის ვარ და ამიტომ კითხვა მაქვს სოსო, ქეთა ამას ხო სოსო ჰქვია?

ქეთა: – მგონი კი, სოსო, იოსები.

მარიამი: – მოკლედ ჩემო უნიჭიერესო და უგენიალურესო სოსო, ეს გაწუწული კატა ცენტრში, განათებულში იდგება და ჩვენ უკან სიბნელეში, სადაო რა სთქვა იოსებმა ?

თიკო: – ბექებში.

მარიამი: – ხო, ტრაკში. მოკლედ კითხვა მაქვს, როგორც მივხვდი, ჩვენ ყველანი  იმიტომ დავდიოდით ამდენი ხანი ანსამბლში, რომ ტრაკში ვმდგარიყავით?

ქეთა: -„ცხოვრების ეტლის სადარებელი

             საცაა გავა მატარებელი.“

მარიამი: – აბა გოგოებო, ავლაგდით, თბილისამდე დიდი გზა გვაქვს.. ფეხით წავალთ.

თამუნა: – ხაშურიდან თბილისამდე ფეხით?

მარიამი: – რატომაც არა, ეგეთები გაგვივლია? არა ქეთევან?

ქეთა: – აბა რა.

              მატარებელი თვლემს, როგორც ლავა.

              მატარებელი ხუთ წუთში გავა,

              ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,

              მატარებელი ხუთ წუთში გავა.          

მაია: – წავედით, წავედით.

როზა: – დუმილი სუფევს!

მაია: – ვერ გევიგე.

როზა: – დუმილი სუფევს თქო. ბატონო რობინზონ, თუ შეიძლება მარტო დამტოვეთ გოგოებთან, (რობინზონი გადის)  აბა ახლა დაეყარენით ადგილზე და ხმა არ გავიგო მე თქვენი. მე რაღაც ვერ გავიგე ბებიებო, რა პრობლემაა? რა ბაზარი მომიწყეთ აქ? არ გინდათ? პაჟალსტა, არ იქნებით თქვენ და იქნებიან სხვები, არა ბიჭო ჩაგაშლევინებთ ამ პროექტს. თქვენ მე ვინ გგონივართ? რომ მიყურებთ აქ, მე „ამტანში“ ვღებულობდი მონაწილეობას.

მაია: – ვინ გიტანდათ ნეტა?

როზა: – მე ისეთი მეგობარი მყავს თუ მოვინდომებ თქვენც გაგყრით და იმ თქვენს უპატრონოთა სახლსაც სულ დავშლი, პაჟალსტა,  როზა ვარ ბებიებო, როზა! ვინმეში არ შეგეშალოთ, მოვინდომე ეს პროექტი და გავაკეთებ კიდეც, რა პრობლემაა, თქვენ კი სარკეში ჩაიხედეთ რას გევხართ? არ გინდათ ნახოთ  სამყარო? პაჟალსტა, სხვას ვანახებ, აი შენ (მაიას) რამდენ თეატრში მუშაობდი?

მაია: –  8 ში.

როზა: – და რვიდანვე გამოგაგდეს არა? და რატომ გამოგაგდეს? რატომ? აბა უცებ გვითხარი

მაია: –  მეტი საქმე არა მაქვს.

როზა: – მე გეტყვი, არც ერთი რეჟისორი არ მოგწონდა და ყველას ებრძოდი არა, ? ყველაზე ყველაფერი ვიცი, გინდათ სათითაოდ გეტყვით ვინ რას წარმოადგენთ?

მარიამი: – ნუ შეწუხდებით არაა საჭირო.

როზა: – ყველა უნიჭო იყავით თქვენ თქვენს თეატრებში გაიგეთ ბებიებო? ქმარი თქვენ არ გყოლიათ, შვილი  თქვენ არ გყოლიათ და ნათესავი და იცით რატომ? იმიტომ, რომ  სცენაზეც უნიჭოები იყავით და ცხოვრებაშიც, ამიტომაც ყრიხართ ეხლა უპატრონო მოხუცთა სახლში, გაიგეთ?  (ქეთა) რას მიყურებ რა? არ არის ეგრე?

რამდენი კაცი გთხოვდა ხელს? ასი? ორასი? ყველა დაიწუნე და დარჩი ეგრე გაუთხოვარი. იკითხე ეხლა დილიდან საღამომდე ლექსები, ადრე შენ გიკითხავდნენ, ეხლა შენ უკითხავ შენს თავს, რატომ დაიწუნე ყველა? იმიტომ, რომ ჭკუა არ გქონდა თავში, ის კი არა, მითხრეს ,ამას  ტყუპი ძმებიც კი თხოვდნენ ცალ ცალკე ხელსო….

თამუნა: – მართლა ტყუპები იყვნენ? მაგრად გვანდნენ ერთმანეთს?

ქეთა: – ჰო გოგო მაგრად, მაგრამ ძალიან განსხვავებულები იყვნენ და თან ორივე მახინჯი იყო.

როზა: – სამაგიეროდ ორივეს დიდი ფული ჰქონდა.

ქეთა: – ასეთია ნაზი ბედი,

              ბედი რჩეულ ფერის,

              სიცოცხლეში თეთრი გედი

              მხოლოდ ერთხელ მღერის!

როზა: – ა, ხომ ხედავთ გაცოფდა, ლექსების მეტი არაფერი იცის.

ქეთა: – „სიყვარული სასახლეში

            მხოლოდ ერთხელ მოდის“!….

როზა,: –  ყველაზე შემიძლია გითხრათ, ეს (მარიამზე) თითით საჩვენებელი ბოზი იყო.

მარიამი: – ჩემო კარგო, სამწუხაროდ მე იმ ასაკში ვარ, რომ თქვენს ვერსიას ჩემს შესახებ, ვერც ერთი ადამიანი ვერ დაადასტურებს, ყველა მოწმე გარდაცვლილია.

 როზა: – მოწმე არცაა საჭირო, ყველამ იცის, რომ მარტო სამი ოთხი კაცი თუ დატოვა თეატრში ვისთანაც არ წოლილხარ  ….

მარიამი: – მართლა? სამი – ოთხი კაცი? რა საწყენია, ნეტა რატომ ვუთხარი უარი?.

როზა: –   ეს (მაიაზე) ინტრიგანი, სულ ინტრიგებს ხლართავდა, სულ რევოლუციებს აწყობდა, ამიტომაც გამოიცვალა ამდენი თეატრი, ყველა თეატრიდან გამოაგდეს, იმდენად უტვინო იყო, რომ არც ერთ რეჟისორს არ მისცა, ამიტომ ყველას ეზიზღებოდა,

მარიამი: – მართლა არც ერთს არ ….?

                    მაია უხმოდ უჩვენებს ორსო.

თიკო: – აკი სამიო?

 როზა: – ამას (თიკო) მარტო ბალეტი უყვარდა, პა დე დე, პა დე დე, პა დე დე, პა დე დე, არავისკენ გაუხედავს, მართალია არც არავინ იკლავდა თავს, ვერც ცხოვრებაში იპოვა ვინმე და ვერც ბალეტში მიაღწია ვერაფერს, მუს კომედიის კორდე ბალეტში დაამთავრა კარიერაც და ცხოვრებაც. იცით, რომ ღამ ღამობით თავის დანჯღრეული მოსკვიჩით ტაქსაობს?

თიკო: – უკაცრავად, თქვენ ბოლოჯერ როდის გითხრეს რომ ძალიან საზიზღარი ხართ?

როზა: – შენისთანები  სულ მეუბნებიან, იტაქსავე, იტაქსავე, იქნებ ვინმე გამოიჭირო და შეაცდინო. აი ეს კი… (თამუნაზე) თეატრის ბუღალტერი,  ჩუმ-ჩუმელა, ვითომ არაფრის გამკეთებელი  ….

თამუნა: – დაბრძანდით, ამდენი ხანია ფეხზე დგეხართ, მიირთვით ნახეთ რამდენი საჭმელია, თან ისეთი გამხდარი ხართ, თქვენ ეხლა ბევრი უნდა ჭამოთ.

მაია: – აი ის ოლივიე გადაუღე, ეხლახანს ჩავაფურთხე.

როზა: -შენ გაქვს არა  შვილის ერთადერთი ფოტო გადაქსეროქსებული და ოთახში შპალერის მაგივრად გაკრული,? რაზე ფიქრობ როცა კედლიდან შენი შვილი შემოგყურებს, იმაზე რომ რა ბედნიერი იყავი ხომ მაშინ როდესაც ფოტოგრაფს პოზიორობდით შენ და პატარა ნუცა? და ქმარი რომ მიატოვე და სხვასთან წახვედი, მაშინ ამაზე არ ფიქრობდი? ქმარმა შვილიც აგახია, მერე წიხლები გირტყა და ისე გამოგაგდო სახლიდან, შვილს კი უთხრა დედა აღარ გყავსო, მას მერე უყურებ ამ ერთადერთ ფოტოს, საიდანაც ბედნიერი დედა შვილი შემოგყურებს. კადრების განყოფილებაში შეწუხებულები არიან, მიდიხარ და  აქსეროქსებ და აქსეროქსებ, აბა მეტი ფოტო არ გაქვს და. რამდენი წელია შვილი არ გინახავს? იმას უკვე ქმარ შვილი ყავს და არც იცის, რომ დედამისი ცოცხალია, რომ მის შვილებს ბებია ყავთ.   ხმა, კრინტი, აბა რა გეგონათ? ჩემზე გაისეირნებდით და მე კი ჩუმად ვიქნებოდი? მაშ, მებრძვით არა? იგრძენით, რომ ნიჭიერი ვარ და მებრძვით არა? იცით რას გეტყვით? ვუსმინე მე თქვენს კონცერტს, არც ერთს არა გაქვთ ხმა, არც ერთს. ეხლა კი ჩემს ხმას მოუსმინეთ. „დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი-დო?“ გაიგეთ? ხმა არის ეს. გესმით?

მარიამი: – გოგოებო ესმა გახსოვთ? ოთხი წლის წინ გარდაიცვალა, უნარ შეზღუდულ ბავშვთა სახლში გამოვდიოდით, კონცერტის ბოლოს თავს ვუკრავდით, უცებ ესმა დაეცა და მოკვდა.

როზა: – და რა?

მარიამი: – არც არაფერი, უბრალოდ გამახსენდა.

 

                                სიჩუმეში შემოდის რობინზონი

 

თიკო: – რობინზონ, რატომ იჯღანები? შენ კიდევ დაჯღანვა გინდა?

რობინზონი: – ქალბატონო თიკო, ქალბატონო მარიამ,  ქეთა ძვირფასო, ქალბატონო მაია, ქალბატონო თამუნა უნდა დათანხმდეთ, არ უნდა გავუშვათ ასეთი შანსი.

თიკო: – დავთანხმდეთ? ამ ყველაფრის შემდეგ რაზე უნდა დავთანხმდეთ?, ამას ეს საზიზღრობები მე მოვუყევი თუ შენ? ასე, რომ რობიზონ, ამ ვირთხასთან მე  საქმე არ მაქვს და აი შენ კი გეტყვი, ათი წელია ვითმენ მაგ შენს დაჯღანულ სიფათს და ეხლა კი გეტყვი ყველაფერს, მთელი ეს ათი წელი მხოლოდ პარაზიტი მეგონე და თურმე მოღალატეც ყოფილხარ.

რობიზონი: – მეეეე? პარაზიტი და მოღალატე? და პარაზიტი რაღატომ ვარ?

თიკო: – შენ აბა მე? ამ გოგოზე (ქეთაზე) მთელი ქუთაისი კვდებოდა, მისი გულისთვის თეთრი ხიდიდან თავით ხტებოდნენ უწყლო რიონში, რამდენმა ვაჟკაცმა დაანგრია ამის გამო ოჯახი და ამ  გოგოს, ამ 80 წლის ანგელოზივით გოგოს უყვარხარ და  ბოლო ათი წელია თავის პენსიას მთლიანად შენ, 35 წლის ლაწირაკს გახარჯავს, შენ კი არც იმჩნევ მის სიყვარულს და ხმის ამოუღებლად იღებ მის საჩუქრებს ისე, თითქოს არ იცი, რომ კაპიკებზე ცხოვრობს, ეგრე არაა მაია?.

მაია: – მიდი თიკუნა, მიდი. ეგრე მაგას, ეგრე.

თიკო: – მოკლედ პარაზიტი ხარ რობინზონ.

რობინზონი: – ღადაობთ?… ქეთა ძვირფასო, ქალბატონო ქეთა…ქეთა დეიდა….მე არ ვიცოდი, მე მეგონა….დედა შვილურ ამბავში…….რას ვიფიქრებდი….თუ ღადაობს?

ქეთა: – კარგი რობი ნუ ღელავ, ბოდავს თიკო, ხო „ღადაობს“, მე შენ კი არ გიკეთებ საჩუქრებს, საკუთარ თავს ვუკეთებ, ეს მე მსიამოვნებს როცა ვფიქრობ ვინმეზე, ეს  მე ვარ კარგად როცა ვოცნებობ ვინმეზე,  სიყვარულითაც შენ კი არ მიყვარხარ რობი ძვირფასო, არა, არ დაიჯერო, რომ შენ მიყვარხარ, მე თვით სიყვარული მიყვარს, თვით ეს გრძნობა მიყვარს, მე მის გარეშე არ შემიძლია, შენს მაგივრად სხვა, რომ ყოფილიყო გარწმუნებ, ის მეყვარებოდა და არა შენ, მაგრამ ჩვენს „თბილისის მოხუც ხელოვანთა მიუსაფარ სახლში“ სამწუხაროდ შენს მეტს კაცს ვერ ვხედავ, მე კი არ შემიძლია უსიყვარულოდ ცხოვრება, „უსიყვარულოდ…. (მაიას) არ შემაწყვეტინო, გთხოვ.

მაია: – მიდი ქეთა ძვირფასო, მიდი საყვარელო.

ქეთა: – უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე.

                სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ…

               უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე

               არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.

 

                      

                  მეორე მოქმედება

 

მოქმედება გრძელდება იმ წამიდან რამლზეც დამთავრდა პირველი მოქმედება

 

ქეთა: ….                უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე

               არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.

 

თიკო: – გესმის შენ? ხედავ რა ქალს უყვარხარ? და აი ასეთ დროს შენ მოგყავს ეს გაწუწული კატა, ეს ანატომიის კაბინეტიდან გამოპარული ჩონჩხი, ეს აბორტის მსხვერპლი, ეს…

მაია: – – ვაგზლის ბოზი.

თიკო: – ხო ვაგზლის ბოზი და კიდევ ის….

მაიკო: – გორის ტურფა.

თიკო: – ყოჩაღ მაიკო, მოკლედ, მოღალატე ხარ შენ რობიზონ.

რობინზონი: – ხოოოო, თქვენ უკვე სულ გარეკეთ და გაცოფდით.

თამუნა: – ჩვეენ?  ეს შენ გარეკე, გაცოფდი და მუხანათურად შლი ჩვენს ლამაზ კოლექტივს, თან როგორ კოლექტივს? ჩვენზე გაზეთმა „რეზონანსმაც“ კი დაწერა წერილი, ვინ დაწერა?

თიკო: – ლელა ოჩიაურმა.

თამუნა: – ხო, ლელა ოჩიაურმა დაწერა და შენ კი ასეთ სახელოვან კოლექტივს შლი?, ეს იგივეა რაც ბიტლების დაშლა.

მაიკო: – რობინზონ, შენ ყოფილხარ იოკო ლენონი.

 თამუნა: – არა, ეს უფრო მეტია, რასაც შენ ეხლა აკეთებ ეს იგივე დანაშაულია რაც 37 წელს ახმეტელის დახვრეტა.

მაია: – აუ ისე ამასაც მაგრად ყავს.

თამუნა: – დიახ, როგორც სანდრო ახმეტელი აწამეს და დახვრიტეს ისე გვაწამებ და გვხვრეტ ეხლა, შენ იცი ვინ ხარ? შენ ხარ ….. ლავრენტი ბერია, დიახ,  ეს კი იცით ვინაა? როზა ლუქსემბურგი. მიდით, გვესროლეთ, დაგვხვრიტეთ, გაგვიპეთ გული, ჩვენს გვამებს მოასხით ბენზინი და დაწვით, ფერფლი კი მტკვარში ჩაყარეთ, ჩვენი საქმე მაინც იცოცხლებს, ჩვენს მოწამებრივ კოლექტივზე ლეგენდებს შეთხზავენ, კონსერვატორიაში ჩვენი სახელობის კაბინეტს გახსნიან,  შთამომავლობა შენსა და როზა ლუქსემბურგის სახელებს შეაჩვენებს, ხოლო ჩვენს სახელებს უკვდავყოფს და თბილისში, თავისუფლების მოედანზე,  წმინდა გიორგის ძეგლის გარშემო ჩვენს ლამაზ ბიუსტებს დააყენებენ.   

მარიამი: – ამის მშობლებს ჭკუა ჰქონდათ? როგორ არ შეიყვანეს თეატრალურზე?

თიკო: – გადაედო, ჩვენგან გადაედო ნიჭი

რობინზონი: – სულ გამოშტერდით? რა ბიტლები, ? რა ახმეტელი? რა ბერია? ვინ გხვრიტავთ? ან ეს რატოა როზა ლუქსემბურგი?

ქეთა: – არადა ჰგავს, ისიც ასეთი დისტროფიკი იყო, ოღონდ ბერეტი ეხურა თავზე.

მაია: – შენ გახსოვს არა?

ქეთა: – რა დამავიწყებს?

„ვსადუ ვირასლა ბალშაია როზა,

გაბოზებულხარ ჩემო ბოზ–როზა““

როზა: – რა თქვი?

ქეთა: – მე? არაფერი, ვიღაცამ გაიარა ფანჯარასთან და იმაზე ვთქვი.

როზა: – ვის უნდა გაევლო ფანჯარასთან? მესამე სართულზე ვართ.

ქეთა: – მართლა?

მარიამი: – არადა დადიან, იცით სულ დადიან და დადიან…

როზა: –  რობინზონ, დიდი მადლობა ყველაფრისათვის, დიდი მადლობა რომ მოგეწონა ჩემი იდეა, ჩვენ აუცილებლად შევქმნით „როზა და გოგოებს“, მაგრამ ამ ჭკუიდან გადასული ბებრუცუნების მაგივრად, როგორც სჩანს სხვა ბებრუცუნების აყვანა მოგვიწევს.

თამუნა: – ბერიას გემოვნება მაინც ჰქონდა, ამას ეგეც არა აქვს…

რობინზონი: – ნუ ლაპარაკობთ სისულელეს, ქეთა ძვირფასო, ჩემსა და როზას შორის არაფერი არ ხდება….. ღმერთო რა სისულელეს ვიძახი, ქალბატონო მარიამ თქვენ მაინც დამეხმარეთ, თქვენ ხომ ყველაზე უფროსი ხართ. (კოცნის ხელზე)

მარიამი: – რობი, ეხლა მე მებაზრები? ეს რობინზონა რა შებერტყილი დონ ჟუანი ყოფილა,?   ჩემი და- ქალი არ ეყო, ეხლა ჩემზე გადმოვიდა, რობინზონა – კაზანოვა.

რობიზონი: – თქვენ სუყველა გიჟები ხართ, დაბერდით და გამოშტერდით, ვინ არის ბოლო ბოლო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი?

თიკო: – ვინ?

რობინზონი: – მე თუ სხვა ვინმე?

თიკო: – სხვა ვინმე.

რობინზონი: – არა, მე ვარ! მე!  ვერ გადამაყენებთ და აქ მე ვწყვეტ როგორ უნდა განვითარდეს ანსამბლი, მე გავაკეთებ ნამდვილ ანსამბლს და არა ისეთს როგორიც ეხლა გვაქვს, მე ვივლი კონკურსებზე, ფესტივალებზე, გასტროლებზე,  ტრიუმფით მოვივლი  ევროპასა და ტაგანროკს. მე აღარ მინდა ეს დაჭაობებული  ანსამბლი, მე ცეცხლი მინდა, ცეცხლი და…

მაია: – დოზანა..

რობიზონი: – არა…ტემპერამენტი, ბოლო ბოლო მე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დასარტყამი ინსტრუმენტების  ფაკულტეტის პირველი სემესტრი მაქვს დამთავრებული.

მარიამი: – კიდევ კარგი მეორე არ დაამთავრა, თორემ ხომ სულ მთლად შეგვჭამდა.

რობინზონი: – მე შემოქმედი ვარ, ხელოვანი, ჯერ კიდევ 25 წლის წინ მითხრა ჯანსუღ კახიძემ კარგი ბიჭი ხარო, მე კი იმის მაგივრად, რომ შედევრებს ვქმნიდე, თქვენ ნაფტალინიან ანსამბლს ვხელმძღვანელობ,  რატომ? რისთვის? რა დავაშავე? აღარ მინდა ბებრებში, თქვენი შემყურე მეც დავბერდი, შემომხედეთ, ვგავარ მე ეხლა 35 წლის ახალგაზრდას? არ ვგავარ და იცით რატომ? მეც დავბერდი თქვენი შემყურე, ათი წელია მარტო თქვენ გიყურებთ, გესმით, აღარ მინდა! მეზიზღებით.

 

                                                            სიჩუმე

 

თიკო: – ქეთა და შენ ამ კაცს ცოლად მიყვებოდი?

ქეთა: – რობინზონ, მე თქვენ არასოდეს არ გამოგყვებით ცოლად. დარჩით ამ საოცარ გაუგებრობასთან.

მაია: – ყოჩაღ ქეთა, ეგრე მაგას ეგრე, და დააბრუნოს ყველა საჩუქარი რაც ამ ათი წლის მანძილზე აჩუქე.

რობინზონი: –  აღარ შემიძლია, ცუდად ვარ მე თქვენთან, ცუდად, ვიღუპები როგორც ხელოვანი, ვერ ვიზრდები, დეგრადაციას განვიცდი,  მორჩა, აღარ შემიძლია. ,ანსამბლს ვშლი, მივდივარ, ჯობია კახიძის ორკესტრში როიალი ვათრიო, ვიდრე თქვენს დაჭაობებულ ანსამბლს ვუხელმძღვანელო,

 

უცებ რობიზონი ტირილს იწყებს, დიდხანს ქვითინებს, მერე წამოხტება და იწყებს  კოსტუმების ჩამოყრას

 

რობინზონი: – ჩამოხსენით ეს საზიზღრობა, მოაშორეთ აქედან, გადააშენეთ ეს კლოუნური კოსტუმები, თქვენ კლოუნები ხართ,  კლოუნები! თქვენ  არ გესმით, რომ  ხართ საცოდავები, რომ ხართ სასაცილოები, რომ ეს ყველაფერი არის იაფ ფასიანი უგემოვნობა, რომ  ეს არის ქართულ – ხალხური ძღრენი, სად ნახეთ რომ ქართველებს ასე ეცვათ? სად წაიკითხეთ? უწერია რუსთაველს ასე ეცვა ნესტან დარეჯანსო? არა,  თინათინსო? არა, არ უწერია, იმიტომ, რომ ქართველები არასოდეს ასე არ იცმევდნენ, სად ნახეთ, რომ ეს სისაძაგლეები ჩამოეფხატოთ თავზე,? არასოდეს ასეთი რამ არ ხურებიათ თავზე,. სირცხვილია, სირცხვილი….  ვიხრჩობი მე თქვენს ჭაობში, ვიხრჩობი, აღარ მინდა,აღარ! მე  ა.შ.შ – ში მინდა და კიდევ მინდა ტაგან- როგში, მორჩა! წავედით,  როზზზზ ძვირფასო, წავიდეთ, ჩვენ წინ დიდი შოუ ბიზნესი გველოდება.

 

                                         გარბის

 

მარიამი: – რა დაემართა? რამე ხო არ ეწყინა?

ქეთა: – არა, კუჭი აეშალა

მაია: – ეტყობა ჩემმა „ოსტრმა“ აწყინა. ბრაზილიური ხორცისგან დავამზადე, მგონი უკვე აყროლებული იყო.

როზა: -(შემოდის)  თქვენ იცით ვინ ხართ?

თიკო: – უი, ეს ვინ მოსულა?

როზა: – თქვენ ხართ საზიზღარი, მიხრწნილი, მაიმუნი მოხუცები, მთელი ცხოვრება მატრაბაზობდით, ეხლაც, დაგიდიათ ცარიელი ქილები და გაიძახით მაგარი სუფრა გვაქვს გაშლილიო, ვის ატყუებთ? ვის? მე? საკუთარ თავს ატყუებთ! თქვენ ისე დაბერდით, რომ უკვე ყარხართ ამ სიბერით, თქვენ ბებრები ხართ. ბებრები, არა, ბებრები კი არა, აყროლებული ბებრუხანები ხართ, თქვენ ყველას სიბერის სუნით აგდით.

 

                                    გადის

                                   სიჩუმე

 

მარიამი: – რა ნახა ამ დისტროფიკში,? ძუძუ მაგას არა აქვს და ერთი ადგილი, ბიჭსა ჰგავს, გადაცმული ბიჭი ხომ არ იყო?.

მაია: – ქეთა, ქეთა, რომ აღმოჩნდეს, რომ რობინზონას კაცები ნაყვარება.

ქეთა: – აღარ მაინტერესებს, ეგ კაცი საბოლოოდ წავშალე ჩემი ცხოვრებიდან.

მაია: – აბა ეხლა, ყურები ნუ ჩამოყარეთ, ავდგეთ და ვიმღეროთ, გაიგონ იქ, რომ ისევ ცოცხლები ვართ, დროზე, დროზე, მარო, ქეთა, თიკო დაიწყე.

             

                                        მღერიან

 

მარიამი: – გოგოებო, რაღაც ვერა ვარ კარგად, ეტყობა დავთვერი, გული ვერა მაქვს კარგად. დამაწვინეთ სადმე.

 

             ატყდა ხმაური, მარიამს სკამებზე აწვენენ, ფარდა ჩამოგლიჯეს და მის უკან სტალინის ბიუსტი დგას.

 

ქეთა: – მარო წყალი დალიე.

თამუნა: – აი ნიტროგლიცერინი, ენის ქვეშ ჩაიდე.

მარიამი: – გოგოებო ესეც ასე, მივდივარ.

მაია: – მოიცა მარო, სად უნდა წახვიდე? ჯერ აქ გვჭირდები.

მარიამი: – მე დიდი ხანია არავის ვჭირდები, რა საწყენია, მეც ესმასავით მინდოდა სცენაზე, თავის დაკვრის დროს წასვლა, მაგრამ არა უშავს კულისებშიც ხომ კარგია გოგოებო?

ქეთა: – მოიცა მარო რა დროს სიკვდილია, ჯერ ის როზა გვყავს მიწაში ჩასადები.

მარიამი: – ჩემი ჩიხტი კოპი არ მისცეთ გოგოებო, მე დამახურეთ და ისე დამასაფლავეთ, რომ იმ ჩათლახს არ შეხვდეს…ღვინო…

თიკო: -რა ღვინო.?

მარიამი: – ღვინო დამისხით

თიკო: – ღვინო, შეიძლება?

თამუნა: –არა, წნევა აუწევს

მარიამი: – არ მაძლევთ? გენანებათ ჟმოტებო? კარგი, წავედი, მაიკო.

მაია: – რა იყო?

მარიამი: – ქეთას მიმიხედე, ხო იცი რა ჭკუა მხიარულია, იკითხოს თავის ლექსები, ხელს ნუ შეუშლი.

ქეთა: – ეს ჩემზე თუ ზრუნავს ეტყობა მართლა კვდება, სასწრაფოს გამოვუძახოთ.

მარიამი: – არაა საჭირო, მშვიდობით, სხვა რაღა დარჩა, საუკუნო სიჩუმე მხოლოდ.

თიკო: – მარო, ეგ კაცის როლია…

 

                                     მარიამი კვდება

 

მაია: – არა მარო, არა.

თიკო: – მორჩა, წავიდა.

ქეთა: – სულ იმ ჭლექიანის ბრალია, იმან მოჰკლა. მაროოო.

თამუნა: – გოგოებო წავიდა, აღარ გვყავს მარო, აღარ გვყავს ჩვენი დამრიგებელი, ჩვენი ლამაზი მარო, რა ლამაზიც იყავი ისე ლამაზად წახვედი, რა ლამაზადაც იცხოვრე ისე ლამაზად წახვედი, რატომ დაგვტოვე გოგო? რად დაგვაობლე? ვინღა დამარიგებს ჭკუას? ვინ მასწავლის როგორ უნდა ვიცხოვრო?

მაია: – რაღა დროს შენი ჭკუის დარიგებაა? 70 წლის ქალმა აქამდე თუ ვერ ისწავლე ჭკუა, მარო კი არა დედა ტერეზაც ვერ გიშველის.   

თიკო: – არადა დედა ტერეზაც, რომ მკვდარია.

 

                    უცებ მარო სწრაფა დგება სკამებიდან

 

მარიამი: – გოგოებო რას აკეთებთ?

ქეთა: – რაა?

მარიამი: – რატომ ტირიხართ?

ქეთა: – არ მოკვდი?

მარიამი: – არა, ჩემი ჩიხტი კოპი სადაა? უკვე მიეცით არა იმ ვაგზლის ბოზს?

თიკო: – აი აქაა, არავისთვის მიგვიცია.

მარიამი: – რატომ მიყურებთ ეგრე უცნაურად?.

თამუნა: – ჩემი მარო, ჩემი ლამაზი მარო ისევ ჩემთანაა, ჩემმა ლამაზმა ნიტრო გლიცერინმა უშველა და მარო ისევ დამარიგებს ჭკუას, ისევ მეტყვის როგორ უნდა ვიცხოვრო. ჩემი ლამაზი მარო დეიდა.

მარიამი: – ვინაა ამის დეიდა? რა მოხდა?

მაია: – რაღა რა მოხდა, მგონი ჩავიფსი შიშისგან.

თიკო: – შენ მოკვდი 5 წუთის წინ.

ქეთა: – და ყველას გული გაგვიხეთქე. ნორმალური ხარ? დებილო შენა,  ჯერ რომ მოკვდი მაშინ გაგვიხეთქე გული და ეხლა რომ გაცოცხლდი, ეხლა მეორედ გაგვიხეთქე გული, დეგენერატო,  კრეტინო, არანორმალურო, მეორედ ეგეთი რაღაც არ გააკეთო გაიგე? თუ კვდები მოკვდი ნორმალურად და თუ არ კვდები არ მოკვდე, არ დაგვხოცა აქ სუყველა, იდიოტო, მკვლელო.

მარიამი: – რა ჩემი ბრალია, არ მოვკვდი და რა ვქნა? რატომ დამესიეთ? რომ არ გავცოცხლებულიყავი უკეთესი იქნებოდა?

თამუნა: – არა ჩვენო ლამაზო, არა საყვარელო,  შეეშინდათ უბრალოდ გოგოებს.

მარიამი: – სადა ვარ?

ქეთა: – რა სადა ხარ?  ხაშურში ხარ, დღეს ანსამბლის დაბადების დღე გვაქვს, ათი წლის გახდა.

მარიამი: – ვინ?

მაია: – ანსამბლი. ანსამბლი გახდა 10 წლის.

მარიამი: – რომელი ანსამბლი?

თიკო: – მარიამ ჯოლოგუა, თავი არ მომაკვლევინო. ჩვენი ანსამბლი, „ბაფთიანი გიტარა“

მარიამი: – რომელი ანსამბლი? რომელი „ბაფთიანი გიტარა“

ქეთა: – აუ ოღონდ ეგ არა, მაგას ჯობია ისევ მოკვდე, მოკვდი ეხლავე.

თამუნა: – მარო, ლამაზო, დღეს კონცერტი გვქონდა, არ გახსოვს?

მარიამი: – არა.

თამუნა: – სიმღერებს ვმღეროდით.

მარიამი: – რა სიმღერებს?

ქეთა: – ქალაქურ სიმღერებს.

მარიამი: – მართლა?

მაია: – მართლა არაფერი გახსოვს?

მარიამი: – არაფერი.

ქეთა: – დავიღუპეთ, ამაზე საშინელი ავადმყოფობა არ არსებობს, დედაჩემს ჰქონდა,  მარო მოდი დაწექი და ისევ მოკვდი და მერე ისევ გაცოცხლდი, იქნებ მერე გაგახსენდეს ყველაფერი.

მარიამი: – (დაინახავს სტალინის ბიუსტს და ყვირის შიშისგან) აააააა! ხელი გაუშვით მამაჩემს, ხელი გაუშვით…..(გამოფხიზლდა) ამას აქ რა უნდა?  .გოგოებო….. ყველაფერი გამახსენდა, კონცერტი, რობინზონი, რებრედინგი, ის რახიტიანი როზა.

თიკო- დაგლიჯა ბესარიონოვიჩმა, ისე სტალინმა ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა ცხოვრებაში.

მარიამი: – გოგოებო მშია…. რაც მაგან ხალხი დამიხოცა, კარგად მახსოვს მამაჩემი რომ წაიყვანეს……ეჰ. აქ რატომ დგას?

თამუნა: – დაენანათ ეტყობა გადაგდება, იდგეს რა გინდა, იქნებ დასჭირდეთ.

მარიამი: – რაში უნდა დასჭირდეთ?

თამუნა: – იქნებ დრო უკან დაბრუნდეს რა იცი

მარიამი: – ოღონდ ეგ არა, მაგას რებრედინგი ჯობია….

 

                       ცეცხლს უკიდებს ბიუსტს

                       სიჩუმე 

 

თამუნა: – გოგოებო, მე კი თქვენზე უმცროსი ვარ, მაგრამ მეც ბებერი ვარ, გუშინ მაღაზიაში შევედი ჩაის საყიდლად და გამყიდველმა მკითხა ჩაი ხომ გუშინ იყიდეთ, უკვე დალიეთო? არა გეშლება თქო, მოვედი ოთახში და ვხედავ კარადაში გაუხსნელი ჩაის კოლოფი დევს, მიყიდია თურმე წინა დღით….

მაია: – თამუნა, იცი  ჩვენ წერილი გავაგზავნეთ?

თამუნა: – რა წერილი? წოდებაზე? ვის რად უნდა ამათი წოდება, გოგოებო, სად დადის  ჩემი სიკვდილი, რატომ არ მოდის? დავდივარ, დავდივარ, ყველას ვუღიმი, გარშემო ხალხი კვდება, მე კი არა, რატომ? რა სარგებელი აქვს ქვეყანას ჩემი ყოფნით? დილით რომ ვიღვიძებ, თვალებს დიდხანს არ ვახელ, ვფიქრობ „არ ავდგები, თვალებს არ გავახელ, იქნებ მოვკვდე თქო“

ქეთა: – რა სისულელეა, ნიკოლაძე! ჯერ პატარა ხარ ასეთი ფიქრებისთვის, ჯობია იფიქრო, სწრაფად უნდა ავდგე, მზეს გავუღიმო, ჰაერი ჩავყლაპო და სიმღერა დავიწყოო.

თამუნა: – რა მამღერებს, შვილი და ორი შვილიშვილი მყავს, რომლებაც არც იციან რომ ცოცხალი ვარ. წინა კვირას ვაკის სასაფლაოზე შორიდან ისევ ვნახე ჩემი შვილი, ვიღაცის გასვენება იყო, ჭირისუფალს ედგა გვერდში, ეტყობა მისი მეგობარი იყო, გოგოებო იცით რა ლამაზია ჩემი შვილი?

მაია: – ისევ ვერ მიხვედი?

თამუნა: – ვერა. ვერ გავბედე.

მარიამი: – შენ იცი მაინც, რომ გყავს და რაღაც მაინც დატოვე ამ ქვეყნად, ჩვენ ეგეც არ გვაქვს, ასე რომ თუ სიკვდილმა მოგიკაკუნა, ჯერ ჩემთან გამოუშვი, 90 წლისაა, მაგის რიგიაო.

მაია: – მარო დღეს მედიცინა ისე განვითარდა, რომ 90 წელი ქალისთვის არაფერია.

მარიამი: – სარკეშიც აღარ ვიყურები, მეშინია, ვიღაც მოხუცი მიყურებს იქიდან, არა და სულით ჯერ კიდევ 18 წლის ვარ.

ქეთა: – მე კი ვიყურები, ეხლაც მშვენიერი ვარ.

                                     სიჩუმე

მაიკო: – ეეე თიკო, წამოგეყვანა შენი ფაქიზო,  დავაჯდებოდით და ჩავგრიხინდებოდით.

თიკო: – აბა, არ მოვუცდიდით ამ რობიზონას მძღოლს.

მაია: – მართლა ტაქსისტობ?

თიკო: – კი ხანდახან ვტაქსისტობ კიდეც, ოღონდ მარტო ფულის გამო არა, იცი რა მაგარი სცენებია ხოლმე, აბა გოგოებო, ამოვქოქეთ ….

მაია: – თიკო კორძაძე, ვეცემი შენზე…..

 

     სხდებიან დივანზე და წარმოსახულ მანქანით მიექანებიან, გზაში წარმოსახულ მგზავრებს უყვირიან: „ეი ბიჭებო, როგორა ხართ“, „არ გინდათ მაგარი ნაშები“ , „მოგზაურობის“ დასასრულს თიკო გადმოდის „მანქანიდან“.

 

თიკო: – 6 წლის ვიყავი ბალეტზე რომ შემიყვანეს. ყოველდღე  6–7 საათი დაზგასთან თავდაუზგოდავად „ერთი, ორი, სამი“, „ერთი ორი სამი“ ….. პუანტები სულ დასისხლიანებული მქონდა,  ვიყურებოდი ფანჯარაში და ღმერთს ვთხოვდი რამენაირად გაეგებებინებინა ჩემი მშობლებისათვის, რომ საბალეტო სკოლიდან ჩვეულებრივ სკოლაში გადავეყვანე, მაგრამ ან ღმერთი არ მისმენდა, ან მშობლები არ უსმენდნენ ღმერთს და მე ყოველდღე მაინც ვაგრძელებდი  ცეკვას. სკოლა ისე დავამთავრე  არც ერთ ბიჭს არ მოვწონებივარ, არც ერთს, მეც როგორც ყველა გოგო ვუცდიდი როდის დადგებოდა ის დღე, როდესაც ვინმე სიყვარულს ამიხსნიდა, მაგრამ ეს დღე არ დადგა.არც სკოლის ასაკში და არც მერე,  არც მე ვუყვარდი არავის და არც მე მიყვარდა ვინმე. სანამ თეატრში ვმუშაობდი ამაზე ასე მწვავედ არ ვფიქრობდი, არ მეცალა, პა დე დე, პა დე დე, მაგრამ მერე…. ერთხელ სამზარეულოში გავხსენი წამლებით სავსე ყუთი და ჯერ ერთი აბი გადავყლაპე, მერე მეორე, მესამე, მეათე…… მუჭით ვიტენიდი პირში, აღარ შემეძლო, მაგრამ მაინც ხარბად ვყლაპავდი, ისე როგორც უდაბნოში მწყურვალი დაეწაფება წყაროს წყალს … შემდეგ დავწექი საწოლზე,  დავხუჭე თვალები იმედით, რომ იმ სამყაროში მაინც ვიპოვნი სიყვარულს. საავადმყოფოში გამოვფხიზლდი… მას შემდეგ რამდენჯერმე მქონდა მცდელობა…. შემდეგ თქვენთან მოვხვდი და აი ღამ ღამობით ვტაქსაობ…  მიყვარს ღამით ჩქარი სიარული, დავაწვები ხოლმე  გაზს და მივექანები….

მაია: – სად? რატომ?

თიკო: – არ ვიცი, სადმე. ალბათ იქ, სადაც  სინათლეა, სითბო, სადაც ყველას ყველა უყვარს ..

ქეთა: – გოგოებო ისეთ ხასიათზე ვარ, რომ მგონი ან ვკვდები, ან ვთხოვდები…

მარიამი: – ისე რომ იცოდე ეგ ერთი და იგივეა.

მაია: – ისე შენ მართლა როგორ არ გათხოვდი? რაც შენ გიცნობ,  სულ ვიღაცეებს უყვარდი.

ქეთა: – არ მინდოდა და იმიტომ….. მართლა ბევრს ვუყვარდი, მართლა იკლავდნენ თავს ჩემს გამო, არაჩვეულებრივი მამაკაცები მთხოვდნენ ხელს, კარგი ოჯახის შვილები.

თიკო: – შენ მართლა არავინ არ გყვარებია.

ქეთა: – მე?…მიყვარდა, როგორ არ მიყვარდა, ერთი მიყვარდა და იმიტომაც არ გავყევი არავის.

მაია: – მერე იმ ერთს რატომ არ გაყევი.? არ უყვარდი?

ქეთა: – ვუყვარდი, როგორ არ ვუყვარდი, ვალსის ცეკვაც მან მასწავლა, იცით რა საოცარ სიტყვებს მეუბნებოდა, ყველაფერს რასაც ცხოვრებაში გავაკეთებ შენთვის გავაკეთებო, უშენოდ აქამდე როგორ ვცოცხლობდიო, როცა მიყურებდა ბედნიერებისაგან ცრემლები სდიოდა, ხელჩაკიდებულები დავდიოდით, იცით, არ დაიჯერებთ, მაგრამ, მიწას არ ვეხებოდით, რამოდენიმე სანტიმეტრით ვიყავით მოწყვეტილები მიწას და ისე დავდიოდით თითქოს საჰაერო ბალიშებზე გადავდივართო, მეუბნებოდა: მინდა გიყურო და ვისუნთქო, მეტი არაფერი მინდაო.  ერთმანეთს არ ვაცლიდით:“ მე უფრო ძლიერედ მიყვარხარ, არა მე, არა მე, არა მე…“ მერე კი ვთანხმდებოდით: „კარგი ორივეს ერთნაირად“, მართლა გიჟებს ვგავდით, არადა რა კარგია როცა გიჟს ემსგავსები, სიყვარული იცით რას გავს? აი,  უკუნი სიბნელის შემდეგ, გაჩახჩახებულ სინათლეში რომ გამოგიყვანონ, იცით, ეს იგივეა, რაც  წყალში დიდი ხნის ჩაყვინთვის შემდეგ , პირველი ჩასუნთქული ყლუპი ჰაერი. იცით რა წერილებს მწერდა?,როდესაც ადამიანი შეყვარებულია, ის წერს სიტყვებს, რომლებსაც არა აქვთ დასასრული, რომლებსაც არა აქვს წერტილი. როცა გიყვარს,  აუცილებლად წერ და ვერ ჩერდები. გოგოებო, იცით რა ლექსებს მწერდა?, გინდათ წაგიკითხოთ?

 

ჩემო მღელვარებავ და ჩემო წუხილო,

ჩემო ტკივილო და ცხოვრების აზრო,

იმდენს გიცდიდი, რომ არსად არ გიშვებ,

ფრთები თუ შემასხი, ციდან ნუ გამიშვებ“.

 

                         სიჩუმე

 

მაია: – აუ მივასიკვდილებ ეხლა ამას, ქეთა ლორთქიფანიძე! შენ, ნორმალური ხარ? თუ  გიყვარდა და იმასაც ასე უყვარდი და თან ასეთ ლექსებს გწერდა, როგორ არ გაყევი ცოლად?

ქეთა: – სულელი ვიყავი და იმიტომ. შემეშინდა, ის 20 წლით უფროსი იყო ჩემზე, მეგონა ჯერ პატარა ვარ, ცხოვრება და დიდი სიყვარული წინ მაქვსო. უარი ვუთხარი, წავიდა და მას მერე თვალიც არ მომიკრავს, არც არაფერი მსმენია მასზე….. მაშინ გოგოებო 17 წლის ვიყავი, მეგონა ცხოვრება კიდევ ბევრ სიყვარულს მომიტანსო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელმა ცხოვრებამ ისე განვლო, რომ მარტო ის ერთი მიყვარდა….. ლექსებსაც იმიტომ ვკითხულობ, ყველა ლექსს მას ვუკითხავ.

თიკო: – მოიცა, დღემდე ის გიყვარს?

ქეთა: -….მიყვარს გოგოებო, უსაზღვროდ მიყვარს. არავინ მყვარებია მის მეტი, გათხოვებითაც იმიტომ არ გავთხოვდი, სულ მას ვუცდიდი.

მაია: – არ მითხრა ეხლაც ვუცდიო?

ქეთა: – ვუცდი მაიკო, ვუცდი, მოვა აუცილებლად, მაღალი, ჭკვიანი, უკვე ჭაღარა ექნება თმაში გარეული,   მე მოვეხვევი, ის გულში ჩამიკრავს, მერე ხელში ამიყვანს, ვალსსაც მეცეკვება და შემდეგ  გავფრინდებით….

 

             (კაბის სახელურებს ანთებულ სანთელს მიუშვერს, სახელურებს ცეცხლი ეკიდება, იქნევს ხელებს როგორც ცეცხლმოკიდებულ ფრთებს და ყვირის)

 

ქეთა:  „იქ სადაც ქარიშხალია და სისხლიანი დგას ანგელოსი,

ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს ჩვენ, პოეტები საქართველოსი!“

 

(მაია და თიკო სწრაფად შემოახვევენ ხელებზე პლედს და აქრობენ ცეცხლს.)

 

მაია: – სულ ვიცოდი, რომ ეს ქალი დარტყმულია, მაგრამ ასე საყვარლად დარტყმული თუ იყო,  არ ვიცოდი….. მართლა გჯერა ეხლა შენ მაგის?

 

ქეთა: – მჯერა მაიკო, მჯერა, ის მოვა, ამ სამყაროში თუ არა, იმ სამყაროში მაინც მოვა. 

 

                                  სიჩუმე

 

მაია: – გუშინ ჩემი კატა დავასაფლავე.

თიკო: – დობორჯგინიძე მაია, წავიდაააა

მარიამი: – რაა? მოკვდა? რატომ არ მითხარი?

მაია: – ხო, რა ვიცი არ გითხარი, ჩემი ზუზუ, 14 წელი მყავდა, გუშინ დილით ადრე, ჯერ კიდევ ბნელოდა, გავახვიე ჩემს ძველ კაბაში, ჩავდე ჩანთაში და ავტობუსით წავედი საბურთალოს სასაფლაოზე და დედაჩემის საფლავის გვერდით დავასაფლავე, მეც ხომ იქ დამასაფლავებენ როცა იქნება, მერე დავბრუნდი, მოვედი ჩემს ოთახში, სინათლე არც ამინთია, ვიჯექი სიბნელეში და ვფიქრობდი, რომ ვიცი, როცა მოვკვდები, იქ, იმ სამყაროში, ვიცხოვრებ პატარა ხის სახლში, იქ, ყოველთვის ზაფხული იქნება, ყველა კატა, რაც კი მყოლია ცხოვრებაში, ყველა ჩემთან იცხოვრებს, ზუზუც ჩემთან იქნება, ჩვენ ყველანი ერთად ვისეირნებთ ხოლმე და ღამეც ერთად დავწვებით და ისე დავიძინებთ, ერთი პირობა ვიფიქრე ჩემს სამოთხეში ადამიანებსაც ჩავასახლებ თქო, მაგრამ მერე გადავიფიქრე, არავინ არ მინდა იქ, მარტო კატები მინდა მყავდეს გვერდით, მარტო კატები და მე, მეტი არავინ.

თამუნა: – არც ჩვენ?

მაია: – არც თქვენ, ყელში ამომიხვედით ყველა, იქ სიწყნარე იქნება, ჩვენ სიწყნარეში ვიცხოვრებთ, სამოთხე სიწყნარეა და იქ არავინ დამჭირდება.  უკან რომ მოვდიოდი, ავტობუსში ფანჯარასთან ვიჯექი და ვტიროდი, შუქნიშანთან გავჩერდით და გვერდით მეორე ავტობუსი გაგვისწორდა და ისიც გაჩერდა, იმ ავტობუსში ფანჯარასთან, ზუსტად ჩემს გვერდით პატარა ბიჭი იჯდა, ასე ათი წლის იქნებოდა, რომ დამინახა დედამის ხელი გაჰკრა: ნახე ბებია ტირისო, შემდეგ გამიცინა და ხელი დამიქნია, უხერხულობისაგან თავი მოვატრიალე და გავაგრძელე ტირილი, ამ დროს ჩემი ავტობუსი დაიძრა და ეხლა მე გავუღიმე ბავშვს და ხელი დავუქნიე, მანაც გამიღიმა და დამიქნია ხელი, ასე ვუქნევდით ხელებს სანამ ერთმანეთს ვხედავდით. მოვდიოდი ავტობუსით, ცრემლები მდიოდა და ვფიქრობდი, ცხოვრება გრძელდება, ის ყოველთვის გაგრძელდება, მე არ ვიქნები, თქვენ არ იქნებით, მაგრამ პატარა ბავშვი ფანჯარასთან, მომღიმარი, სულელი, ცხოვრებით სავსე – მუდამ იქნება, არ შეიძლება, რომ ის არ იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ღირს სიცოცხლე.

 

მარიამი: – მე გოგოებო კიდევ მინდა სიცოცხლე, კიდევ მინდა თქვენთან ლაპარაკი, ამდენი წელი ვიცხოვრე და მაინც არაფერი ვიცი, არ ვიცი რისგან კეთდება საპონი, რატომ მოდის თოვლი, როგორ დაფრინავენ თვითფრინავები, რა არის ელექტო ენერგია, რატომ მიდის მდინარე ასე და არა ისე, რა ტყუილად  მიცხოვრია ამ ქვეყნად თუ ამდენი ელემენტარული რამე არ ვიცი, ამიტომ მინდა კიდევ ვიცხოვრო, რომ იქნებ ცოტა რამე მაინც გავიგო.

თიკო: – მარო, მოდით დავლიოთ, ვიზეიმოთ, ჩვენ ხომ დღეს იუბილე გვაქვს, ისედაც ასე ცოტა ზეიმი გვაქვს ამ ცხოვრებაში, კიდევ მინდა სიმღერა, სცენა, მაყურებელთან შეხვედრა, აბა ჩამოასხით….

 

                                             კარებზე კაკუნი

 

მაია: – აუ, ვინაა?

                                                          კაკუნი

 

თიკო: – რობინზონა იქნება, ალბათ  ბოდიშის მოსახდელად მოვიდა.

ქეთა: – მეტი საქმე არა აქვს მაგ ბრიყვს. ბოდიშის მოხდას ძალა უნდა.  სამი საათი გავიდა, ეს ალბათ მძღოლია, ჩვენს წასაყვანად მოვიდა, მობრძანდით.

 

                            იღება კარები და შემოდის ახალგაზრდა გოგო – ნუცა.

 

ნუცა: – მაპატიეთ, შეიძლება?

მარიამი: – მობრძანდით.

ნუცა: – მაპატიეთ, მე თბილისიდან ჩამოვედი, თქვენს მიუსაფართა სახლში ვიყავი და იქ მითხრეს ხაშურში არიანო და ეგრევე აქეთ წამოვედი.  მე წერილი მივიღე, წერილში ჩემი ბავშობის ფოტო იდო და ეწერა, რომ დედაჩემი….. თამუნა რომელია?

 მაია: – ეს.

თამუნა: –  ნუცა შვილო, მე არ მომიწერია, მე არ მინდოდა შენი …. მაიკო, შენ ქენი.?

მაია: – ყველამ.

თამუნა: – შემოდი შვილო, ჩვენ კონცერტი გვქონდა და ეხლა კი რეპეტიცია გვაქვს.

 

          ნუცა უხმოდ ჯდება, თამუნაც ჯდება და ასე უყურებენ ერთმანეთს, ორივეს ცრემლი აქვს სახეზე. 

 

ქეთა იღებს ჩანთიდან „სიყვარულის წიგნს“ და ჩუქნის ნუცას.

ქეთა: – ეს შენ, ეს „სიყვარულის წიგნია“ ყველა ლექსი სიყვარულზეა.

მარიამი: – (არ იცის რა აჩუქოს და ბოლოს მოიფიქრებს) ეს ჩიხტი კოპი ჩემგან გქონდეს.  (გოგოებს) რად უნდა, მაგრამ მაინც ქონდეს.

თიკო: – (ნუცას) ეს შენ (უწვდის გიტარას)

მაია: – მე? მე რა ვაჩუქო? (ახსენდება, მირბის და მოაქვს თავშალი) ეს ჩემგან გქონდეს.

 

                   სიჩუმე. თამუნა და ნუცა თვალს არ აცილებენ ერთმანეთს, გოგოებიც მათ მისჩერებიან. ყველას თვალებზე ცრემლი აქვს.

 

თიკო: ქეთა, არ ვიმღეროთ?

ქეთა: – აბა რა უნდა ვქნათ.

 

იწყებენ სიმღერას, სიმღერის მსვლელობის დროს იხსნიან პარიკებს და ვხედავთ, რომ როლებს, ახალგაზრდა მსახიობები თამაშობდნენ.

დასასრული