თეთრი ვარდები
ავთანდილ ვარსიმაშვილი
(მელოდრამა ორ მოქმედებად)
ირინელა: – გამარჯობა, პასპორტში გარკვევით კი მიწერია, რომ ირინე მქვია, მაგრამ ცხოვრებაში მაინც ყველა ირინელას მეძახის. კარგად მოკალათდით, თუ არ გამოგირთავთ მობილურები, გთხოვთ გამორთოთ, რომ ხელი არ შემიშალონ, მე ხომ ჩემი გაბედნიერების ამბავი უნდა მოგიყვეთ. გამორთეთ? ძალიან კარგი, მაშ დავიწყებ.
სახლიდან, ყოველ დილით, 8 სთზე გამოვდივარ, ჩემს ბინას ორი კარი აქვს, ხის და რკინის. ჯერ ხის კარს ვკეტავ და მერე რკინისას. ლიფტი არ გვაქვს და არც მჭირდება, რადგან პირველ სართულზე ვცხოვრობ, ამიტომ სირბილით გამოვრბივარ ბინიდან… ადრე ჩვენს ქუჩას ჯერ ელმავლის ქუჩა ერქვა, მერე კომუნისტური შრომის ქუჩა, შემდეგ კი ეკა ბეჟანიშვილის, აი იმ საწყალი გოგოს სახელი დაარქვეს 9 აპრილს რომ დაიღუპა, ღმერთმა აცხონოს.
ჩემი სახლი კიკვიძის პარკის წინ მდებარეობს, თუმცა ეხლა მგონი პარკს კიკვიძის სახელი აღარც აქვს და ეხლა ვეტერანთა პარკი ჰქვია. ჩემს სახლს, რომელიც ყოფილი კიკვიძის პარკის და ეხლა კი ვეტერანთა პარკის წინ მდებარეობს, ხრუჩკოვკას ეძახიან, ნიკიტა ხრუშჩოვის საპატივცემულად, ხრუშჩოვი აი ისაა, სტალინსა და ბრეჟნევს შუა რომ იყო გაკვეხებული, ფოტო გექნებათ ნანახი, სიმინდს რომ ჭამს და ღორს რომ გავს, მოკლედ როგორც არის და მის დროს აშენებულ სახლებს მის საპატივცემულოდ ხრუშჩოვკას ეძახიან, ეტყობა კიდეც, რომ მის საპატივცემულოდ შეარქვეს, რადგან ეგეთი უსახო სახლი, მეორე არც კი ვიცი. მე ორთახიანი ბინა მაქვს და მარტო ვცხოვრობ…. ჰო, 5 წელია, მას მერე რაც დედა გარდამეცვალა, მარტო ვცხოვრობ. მოკლედ, ყოველ დილით 8 საათზე გამოვრბივარ სახლიდან რომელიც მდებარეობს ეკა ბეჟანიშვილის ქუჩაზე, რომელსაც მანამდე ერქვა კომუნისტური შრომის ქუჩა და უფრო მანამდე კი ელმავლის ქუჩა და სირბილით მივდივარ ილურიძის ქუჩამდე, რომელსაც მანამდე ერქვა კოლექტივიზაციის ქუჩა.
ჩვენს დაწესებულებაში, რომელსაც ადრე უბრალოდ საპარიკმახერო ერქვა და ეხლა კი სილამაზისა და კოსმეტოლოგიის სალონი ჰქვია, ორნი ვმუშაობთ, მე და თამარა. სალონი ილო დონდუას ეკუთვნის, საზიზღარი ტიპია, სულ მგონია, რომ კაცი კი არა, უბრალოდ უზარმაზარი ბაყაყია. ას სამოცი კილოა, როცა სალონში მოდის, სულ ქოშინებს, გაზეთილ სახეზე ოფლი წუწურით ჩამოსდის და ჩუმად ღიღინებს : „თეთრი ვარდებიიიიიი“, ხელში მუდამ დიდი თეთრი ცხვირსახოცი უჭირავს და მძიმე წონის გამო, ზამთარ ზაფხულ მარადიულად ადევს ოფლი სახეზე, „ზიმა ლეტაა“რა. ჰოდა მოდის ეს გასიებული ბაყაყი, ქოშინებს, ოფლს იწმენდს და თან ღიღინებს,“ თეთრი ვარდებიიიიი“… არ შემაჯავრა ეს მშვენიერი სიმღერა ამ ილო დონდუამ?, თუმცა ის ისეთივე ილო დონდუაა, როგორც მე კლაუდია შიფერი, სინამდვილეში, ის, ბენჟამენ შლაგბაუმ იოსებაშვილია, გადაკეთებული აქვს გვარიც და სახელიც. ისე მე რა? აი დარდი, რა ჩემი საქმეა? თუ უნდა, რომ იყოს ილო დონდუა, იყოს ილო დონდუა, მე რა?. მთავარია, მე კარგად მექცევა და ჩვენ სალონსაც უვლის ეს ილო დონდუაა თუ ბენჟამენ შლაგბაუმ იოსებაშვილი, აი გუშინაც ვიღაცეები მოიყვანა, თან „თეთრ ვარდებს“ მღეროდა და თან, აი ამ რაღაცეებს ამონტაჟებინებდა მუშებს, ხანძარსაწინააღმდეგო რაღაცეებიაო, ახალი ნორმატივები დააწესა მთავრობამო, ანუ თურმე აქ თუ ხანძარი გაჩნდება, სადღაც შორს, სან ზონაში, სახანძროა და იქ გაიგებენ, მოქანდებიან და ჩააქრობენ ხანძარსო, ხედავთ სად წავიდა ტექნიკა?, შეიძლება გაგიჟდე კაცი. ისე აქ ხანძარი რატომ უნდა გაჩნდეს? ეტყობა ეს ნორმატივები მთავრობამ იმიტომ მოიგონა, რომ ფული აკეთოს და ეს რაღაცეები გაასაღოს. სალონში, რომ მიმიღო ამ დონდუამ თუ იოსებაშვილმა, დამინახა თუ არა, მაშინვე ჰორმონები მოაწვა. ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს შეჭმა უნდაო, შემეშინდა, თვალები არ გადმოუცვივდეს მეთქი ორბიტიდან, ხელიც კი წამიფათურა უკანალზე, მაგრამ ეგრევე ავაღებინე იმ ბაყაყს კოტიტა თითები ჩემი უკანლიდან. მოკლედ, შეთხლეშილი იყო რა ჩემზე, სულ პარფიუმერიას მჩუქნიდა, ისრაელიდან ჩამოქონდა, ეტყობა იქ ვიღაც აძლევდა და ეს კი ჩემზე ასაღებდა, ერთხელ ღვინოც მაჩუქა – ძალიან ძვირფასი ღვინოაო, იყო რა, დიდი არაფერი. პარფიუმერიას სიხარულით ვართმევდი, მაგრამ როცა ვაგრძნობინე, რომ წაფათურების იქით, მეტს, ვერაფერს მიიღებს, თავი გამანება, შეთხლეშვამ უცებ გადაუარა და მას მერე პარფიუმერიასაც აღარ მჩუქნის. არც მინდა, სიმართლე თუ გინდათ, გეტყვით, რაღაც საშინლად მყრალი სუნი ჰქონდა იმ პარფიუმერიას. თანაც მინდა ეხლა მე დონდუა – იოსებაშვილის ცოლობა?
სალონში მე კაცების პარსვა მევალება, ხანდახან კი, კაცებსაც და ქალებს მანიკურს და პედიკურს ვუკეთებ, ხელებზე და ფეხებზე ვაჭრი ფრჩხილებს. თამარა კი მარტო თმებზე მუშაობს, კაცებს კრიჭავს, ქალებს კი „პრიჩოჩკებს“ უკეთებს. ჩემს ასაკს ვმალავ, რატომ უნდა ვთქვა? როცა ზოგი 30 წელს მაძლევს, ზოგი კი 40 ს მაგრად გადაცილებულს. მე არ ვკამათობ, საერთოდ არ მიყვარს კამათი ამ თემაზე, ვისაც როგორც უნდა ისე ჩათვალოს და ის ასაკი მომცეს. .ყველაფერი ხომ იმის თვალზეა დამოკიდებული ვინც გიყურებს, და კიდევ განათებაზეა დამოკიდებული. იმ არაჩვეულებრივ გაზაფხულის დილას, მზე მარჯვნიდან მაგრად მანათებდა, მარცხნიდან კი ისე რა, და ამიტომ 30 წელზე მეტს ვერ მომცემდა კაცი. თამარა ჯერ არ იყო მოსული, ის ყოველთვის აგვიანებს ხოლმე, რა ენაღვლება რა. ჩავჯექი სავარძელში, ჩემს „ფჩოლკას“ სული შევუბერე, აი ასე, ჩანთიდან წერილი ამოვიღე და ხმამაღლა დავიწყე კითხვა:
„ გამარჯობა ჩემო სიცოცხლევ, რიჩი, ჩემი მეზობელი კამერაში, შურით მეუბნება, რომ შენნაირი ქალები გადაშენდნენ, აღარ არიან, რომ შენნაირებს მარტო ინდურ კინოში თუ მოკრავ თვალს, რიჩის დაეჯერება, არც ერთი ინდური კინო არა აქვს გამაზული. სხვათაშორის რიჩი იმასაც მეუბნება, რომ თუ მე და შენ გადავწყვეტთ, რომ პრაღაში გადავბარგდეთ საცხოვრებლად, ის აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან 90 იანებში აქედან გაქცეული ყველა მისი ძმაკაცი იქაა. თან ხომ გახსოვს, გითხარი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, უშო მეტრეველიც იქაა და ისიც ბევრ რამეს გვპირდება, მოკლედ როცა გამოვალ „სვაბოდაზე“ , ჩვენ აუცილებლად წავალთ პრაღაში. შენ ხომ სულ ოცნებობდი საზღვარგარეთ ცხოვრებაზე, ჰოდა აუცილებლად წავალთ პრაღაში.იცი, იქ ძალიან მაგარ ლუდს ასხამენ, მე კი ვიცი, რომ შენ ძალიან გიყვარს ლუდი. ყველა იძახის, რომ პრაღა დიდი შესაძლებლობების ქალაქიაო და ჩვენც დიდ რაღაცეებს შევძლებთ. შენ სულ ადვილად მოეწყობი რომელიმე სილამაზის სალონში, რადგან ამბობენ, რომ პრაღაში „პედიკურშების“ დეფიციტია და სანთლით ეძებენ სპეციალისტებსო, სამუშაოს ანაზღაურება ევროებში ხდება და დღეში იქ იმდენს აიღებ, აქ რომ გასკდე, ერთ თვეში ვერ აიღებ იმდენს. მე ჯერ სადმე, რამეზე დავიწყებ მუშაობას, მერე კი რამე ძველ ბინას ვიყიდი, გავარემონტებ და მერე ორმაგ ან სულაც სამმაგ ფასში გავყიდი და ასე გავაგრძელებ: ვიყიდი- გავყიდი, კიდევ ვიყიდი და კიდევ გავყიდი და ასე მაგარ ფულს დავაგროვებთ, მიყვარხარ ჩემო ირინელა და გიგზავნი უთვალავ კოცნას. გახსენებ ჩემს ტრადიციულ თხოვნას, წაიკითხავ თუ არა ამ წერილს, აუცილებლად გაანადგურე, რადგან არ მინდა, რომ ოდესმე ვინმე უცხომ, ჩვენს გრძნობებზე რამე გაიგოს. შენი ბისმარკი.
„სვობოდამდე“ დარჩა 103 დღე.“
ღრმად ამოვიოხრე, წერილი დავხიე, სანთებელა ავანთე და წერილი დავწვი.
- აუ, რა გაძლებს ამ ას სამ დღეს?
ბისმარკი არაჩვეულებრივი ადამიანია. არც იცით, როგორ მაბედნიერებს. ჰო, ციხეშია ეხლა, მაგრამ განა რამე ისეთი დააშავა? არა! მისი ბრალი არ იყო!: ცოლი ყავდა ძაან საშინელება, ძაან საოცრება და ძააან ისტერიული. თურმე მთელი დღეები, სახლში ან ცხვირჩამოშვებული, უჟმური სახით დადიოდა და ხმას არ იღებდა, ან უცებ ისე აყვირდებოდა, რომ მისი კივილი მთელ უბანს ესმოდა, თან თურმე, ხარბი, ხარბი, ხარბი… სულ იმას გაიძახოდა: „ეს მიყიდე, ის მიყიდე, ეს მიყიდე, ის მიყიდე“. დილით რომ იწყებდა წივილს, საღამომდე სულ წიოდა, ჩემს ბისმარკს კი სიჩუმე, სიმშვიდე და ძაღლები უყვარს, იცით, ამაშიც ვგავართ მე და ბისმარკი, მეც მიყვარს სიჩუმე, სიმშვიდე და ძაღლები….. ხოდა მის ცოლზე გიყვებოდით, ერთხელაც, როცა აწიკვინდა ბისმარკის ცოლი.. რა ერქვა? დამავიწყდა…. ა, მგონი ეველინა…თუ.. გაბი? …., რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს, ეს მგონი ეველინა, მგონი გაბი, რომ აწივლდა, ბისმარკს ნერვებმა უმტყუნა, მაგრამ მაინც თავი ხელში აიყვანა და თბილად სთხოვა: ძვირფასო, საყვარელო, გთხოვ ნუ ყვირიხარ, ძალიან დაღლილი ვარ, დღეს ბევრი ვიმუშავე და დასვენება მინდაო. აი, ასე თბილად სთხოვა ჩემმა ბისმარკიმ, იცით რა თბილია, გაგიჟდებით. მაგრამ რად გინდა? ის, მგონი ეველინა, მგონი გაბი, არ გადაირია და უარესად არ აკივლდა და აწიკვინდა?: რაო? მაჩუმებ კიდევაცო და ისე აღრიალდა, რომ მარტო იმათ ვერხვების უბანს კი არა, უკვე სხვა უბნებსაც ესმოდათ მისი ხმა და ჩემმა ბისმარკიმ, ცოტა ჩუმად ჩემო ძვირფასო და საყვარელოო, სირცხვილიაო, რას იფიქრებს ჩვენზე ხალხიო და პირზე ხელი ააფარა… მოკლედ, გეფიცებით, არ უნდოდა, წამით არ უფიქრია ისე – შემოეხრჩო შემთხვევით ცოლი. მგონი ეველინა, მგონი გაბი. …რომ დაინახა დამხვრჩვალი ცოლი, საშინლად ინერვიულა ჩემმა ბისმარკიმ, ბევრიც იტირა. მესმის მისი, ინერვიულებდა აბა რა? მერე რა, რომ ის ქალი საშინელი წიკვინა იყო, რაც არ უნდა იყოს, მაინც ცოლი იყო მისი ის, მგონი ეველინა, მგონი გაბი.
ისიც გაჩუმებულიყო რა ?!, ხო ხედავდა რომ კაცი დაღლილი იყო, მთელი დღე მუშაობდა ხან სად და ხან სად, არ მესმის, როგორ შეიძლება არ გაუგო კაცს, რომელიც მთელი დღეები ხან სად მუშაობს და ხან სად? აი მე კი, გაგიჟდებით, ისე კარგად ვუგებ ბისმარკს, ხანდახან მგონია, რომ სულით ნათესავები ვართ, მოკლედ ამ არაფრის გამო, ჩემი ბისმარკი, ციხეში ჩასვეს და აი კიდევ 103 დღე უნდა იყოს იქ, სამაგიეროდ 103 დღის შემდეგ გამაბედნიერებს, ეხლა მაბედნიერებს კვირაში ერთხელ, როცა წერილებს მწერს და წარმომიდგენია 103 დღის მერე როგორ გამაბედნიერებს….
შემორბის მეხანძრის კოსტუმში გამოწყობილი ამირანი. ასე 27 წლის ახალგაზრდა.
ამირანი: გოგონი თქვენ წაგეკიდათ ცეცხლი?
ირინელა: სიყვარულის?
ამირანი: არა, ნამდვილი ცეცხლი.
ირინელა: ნამდვილი ცეცხლი? მე? არა.
ამირანი: სილამაზის სალონი ხომ ესაა?
ირინელა: სალონი ესაა და ლამაზია თუ არა თქვენ შეაფასეთ.
ამირანი: ხოდა თქვენგან მოვიდა სიგნალი, რომ აქ ხანძარია.
ირინელა: ხანძარი? არა რას ამბობთ, ვერ ხედავთ, რომ არაფერი იწვის? მოიცათ, სიგარეტის კვამლისგან ხომ არა? იცით გუშინ მოვწიე ერთი ღერი სიგარეტი. საერთოდ მხოლოდ მაშინ ვეწევი, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, გუშინ ვიყავი ცუდ ხასიათზე და მოვწიე, დღეს კი კარგ ხასიათზე ვარ და ამიტომ არ მომიწევია.
ამირანი: (რაციაში) ალო, რომელი ხარ, ბეტო? ბეტო, ამირანი ვარ,. აქ არაფერი იწვის, ვიმეორებ, არაფერი იწვის. დაზარალებულები არ არიან. ტყუილი სიგნალი იყო, ხო ეგრე ჩაწერე: სმარტ გასაღები, კოდი 11 10 77. ბეტო, იმ გასიებულ ჟორას გადაეცი, რომ მალე მოვიცლი თქვენთვის, ხო მალე დავბრუნდები ბაზაზე.
ირინელა: (მაყურებელს) უცებ მოვისაზრე, რომ ეს მეხანძრე, ჩემმა დამწვარმა წერილმა მოიყვანა აქ, ანუ იმ რაღაც მოწყობილობებმა, ილო დონდუამ თუ ბენჟამენ იოსებაშვილმა აქ რომ დააყენა, შეატყობინა იქ, სადღაც შორს, სან ზონაში, რომ აქ, ილურიძის ქუჩაზე, რომელიც ადრე კოლექტივიზაციის ქუჩა იყო, ხანძარია. გესმით, სად წავიდა ეს ტექნიკა? გაგიჟდები კაცი. მე აქ ჩემთვის რაღაც პატარა წერილი დავწვი და იმათ კი, სადღაც სანზონაში გაიგეს, ძალიან სახიფათოდ ვითარდება ეს ტექნიკური პროგრესი, ვეღარაფერს დამალავ, მაინც რა მართალია ეს ჩემი ბისმარკი, როცა მეუბნება ჩემი წერილები ეგრევე მოსპეო. ძალიან შემრცხვა, რომ ჩემს გამო შეწუხდა ამ სიგრძე სიმპათიური ბიჭი, მაგრამ ხომ არ ვეტყოდი წერილი დავწვიო?. სამაგიეროდ ვუთხარი:
- …., „სმარტ კოდ“…ახალგაზრდავ, ძალიან ვწუხვარ, რომ შეწუხდით და ტყუილად მოხვედით მაშინ, როცა აქ არ არის ხანძარი, ამიტომ მოდით თუ გნებავთ, უფასოდ გაგპარსავთ.
ამირანი: დიდი მადლობა, უკვე გაპარსული ვარ, თან მე მხოლოდ ელექტრო საპარსით ვიპარსავ.
ირინელა: მაშინ ფრჩხილებს დაგაჭრით. გნებავთ ხელებზე, გნებავთ ფეხებზე, გნებავთ ხელებზეც და ფეხებზეც. ნუ გეშინიათ, ფულს არ გამოგართმევთ.
ამირანი: ფრჩხილებს?, იცით, ხელებზე არ მინდა, რადგანაც სულ მოვიკვნიტე, მთელი ცხოვრება ასე ვარ, ვიკვნეტ ფრჩხილებს. აი ფეხებზე კი ვერ ვიკვნეტ, ბავშვობაში დედა მაჭრიდა…. და იმათ რომ ვუთხარი მოვდივარო?, სამსახურის შემდეგ შეიძლება? 7 ზე ვამთავრებ.
ირინელა: მე რვამდე ვარ, მობრძანდით.
ამირანი: კარგით, რვის თხუთმეტ წუთზე აქ ვიქნები. ნახვამდის.
ირინელა: ნახვამდის. (მაყურებელს) მოტრიალდა და წავიდა. მგონი კარგი ბიჭია, მაღალი, სიმპათიური, ბისმარკიმდე რომ შემხვედროდა არსადაც არ გავუშვებდი, მაგრამ ეხლა წავიდეს, ბისმარკის გარდა არავინ მინდა, ყველას ვათავისუფლებ, წავიდნენ, იარონ, იარონ,იარონ ამინ!
მთელი დღე საშინლად წვიმდა, როცა ასე წვიმს, სილამაზის სალონში აუცილებლად შემოირბენს ხოლმე ვინმე, თან წვიმას აფარებენ თავს და თან თავს უვლიან, ორ კურდღელს ერთად ჰკლავენ, „ეს საწყალი კურდღელი, მძიმედ ავად გაგვიხდა“ . დღის განმავლობაში სამი კაცი გავპარსე და ერთს ფრჩხილები დავაჭერი, მეტი არავინ მოსულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოვა კიდევ ვინმე. საშინლად მოვიწყინე, თამარაც არ მოვიდა, მანქანის ტარებაზე რაც დაიწყო სიარული, სულ აცდენს სამსახურს, არ მესმის რად უნდა მანქანის ტარებაზე სიარული, როცა მანქანა არ ყავს? მეც მეუბნებოდა ჩემი აბესალომი გასწავლი ტარებასო, მაგრამ უარი ვუთხარი…აბესალომი ვინაა? მერე გეტყვით, მეზარება ეხლა. მოიცა, მოიცა, ამასწინათ, იმ ილო დონდუაა თუ ბენჟამენ იოსებაშვილი, მგონი იმან აჩუქა თამარს, თავისი მყრალი პარფიუმერია. ხო, ნამდვილად ეგრე იყო. იმ საშინელ სუნზე მივხვდი რომ იმ ილო-ბენჟიკამ აჩუქა, როგორც ჩანს, ჩემგან ეხლა თამარაზე გადაერთო და ეხლა თამარაზე მოაწვა ჰორმონები, გასაგებია, მას ჩუქნის თავის მყრალ პარფიუმერიას და ეხლა მასზეა შეთხლეშილი. ეტყობა ეხლა მისი მირთმევა უნდა. თამარა გოგო, არა გრცხვენია? კაცი დამაწერე? ისე, ღმერთმა შეგარგოს ის გასიებული ბაყაყი. მე არ მჭირდება. ეხლა გასაგებია რატომაც დადის თამარა მართვის მოწმობაზე, იმედი აქვს, რომ ის დონდუაა თუ იოსებაშვილი, მანქანას უყიდის და ერთად იმღერებენ „თეთრი ვარდებიიიიიიი“
შემოდის ბატონი ალექსი 65 წლის კაცი
ალექსი: ირინელა, შეიძლება?
ირინელა: ბატონო ალექსი, მობრძანდით, დაბრძანდით. დღეს რა, ორშაბათია?
ალექსი: არა, უბრალოდ აქეთ ვიყავი და წვიმაში მოვყევი, რა საშინელი წვიმაა არა?
ირინელა: უსაშინლესი.
ალექსი: აბა, აბა.
ირინელა: უსაზარლესი
ალექსი: ხოდა ვიფიქრე, წვიმას თავს შევაფარებ და ბარემ თმებსაც გავიკრიჭავ თქო.
ირინელა: (მაყურებელს) ხომ გითხარით, აუცილებლად მოვა კიდევ ვინმე თქო, ძაან მაგარი ინტუიცია მაქვს, რა, აი ძაან!
ბატონო ალექსი, თამარა რო არ არის? თუ გნებავთ ფრჩხილებს დაგაჭრით. ან გაგპარსავთ.
ალექსი: არაა? სადაა?
ირინელა: მანქანის ტარებაზე დადის. მთელი დღე იქაა.
ალექსი: რა გაეწყობა, მაშინ გამპარსე. ოღონდ სახე არ გამიჭრა.
ირინელა: რას ამბობთ. როდის გამიჭრია თქვენთვის სახე? საერთოდ ვერ იგრძნობთ ისე გაგპარსავთ.
(მაყურებელს) ბატონი ალექსი პროკურატურაში მუშაობს, მართალია მთლად პროკურორი არაა, მაგრამ როგორც თვითონ იძახის, პროკურორზე ნაკლები თანამდებობა არ უკავია. ჩვენთან კვირაში ერთხელ დადის, ორშაბათობით. სულ რომ არ იყოს გასაკრეჭი, მაინც იკრიჭავს თმებს, მერე მე ვპარსავ და ასე მიდის თათბირზე. უი, ერთხელ, ძალიან ადრე, წვერს ვპარსავდი და მოულოდნელად იცით რა მითხრა? „ჩემი საყვარელი გახდიო“ წარმოგიდგენიათ? მე შემომთავაზა, რომ მისი საყვარელი გავმხდარიყავი, ანუ ესეც იმ ილო,ბენჟამენ, დონდუა, იოსებაშვილივით ჩემზე შეითხლიშა. ეტყობა ამასაც ჰორმონები მოაწვა. მითხრა თუ არა ეს, ავიღე ხელში სამართებლი და ეგრევე…. ყელი გამოვჭერი – რა თქმა უნდა გონებაში, თორემ ისე კი მადლობა გადავუხადე და უარი ვტკიცე საყვარლობაზე. ბატონ ალექსის ცოლი და ოთხი შვილი ყავს, ჩემს გამო ის თავის ოჯახს არ მიატოვებს, თუმცა არც მე მოვთხოვ რომ მიატოვოს. მინდა ეხლა მე ბატონი ალექსის ცოლობა? საყვარლობაზეც მტკიცე უარი ვტკიცე. საყვარლობა არ მინდა. საყვარლობა ხომ მოვალეობაა, მე კი სად შემიძლია ვიყო ამის მოვალე. მერე კი ჩემს ცხოვრებაში ჩემი ბისმარკიც გაჩნდა და… მე და ბისმარკი მალე წავალთ პრაღაში, 103 დღის შემდეგ. ბატონი ალექსი კი, მას მერე რაც გონებაში ყელი გამოვჭერი და მტკიცე უარი ვტკიცე საყვარლობაზე, ჩემი მეგობარი გახდა….გიჟდება ისე უყვარს შენიშვნების და რჩევების მოცემა, სულ შენიშვნებს და რჩევებს არიგებს. აი ნახავთ, ეხლაც დაიწყებს:
ალექსი: ირინელა.
ირინელა: დიახ ბატონო ალექსი.
ალექსი: პრეისკურანტს რატომ ვერ ვხედავ? არ გაქვთ?
ირინელა: -(მაყურებელს) ხომ გითხარით, დაიწყებსო?!
ბოდიში, რა არა გვაქვს??
ალექსი: პრეისკურანტი. მომსახურების ფასები.
ირინელა: ა, პრეისკურანტი? ეგ როგორ არა გვაქვს?, სადღაც იქ გდია. თქვენ რად გინდათ? ისედაც ხომ კარგად იცით, ფეხებზე ფრჩხილების დაჭრა 30 ლარი, ხელზე 15 ლარი, წვერის გაპარსვა 10 ლარი.
ალექსი: ვიცი, მაგრამ წესი წესია.. არც საკასო აპარატი გაქვთ?
ირინელა: გვქონდა და არ გაამართლა, გაფუჭდა.
ალექსი: უნდა გქონდეთ. ეს კანონდარღვევაა, კლიენტებს აუცილებლად უნდა მისცეთ ჩეკი. რად გინდათ უსიამოვნებები?
ირინელა: უსიამოვნებები არაფერში გვჭირდება. უბრალოდ ტყუილად გვედო, არავინ თხოულობდა ამ ჩეკს.
ალექსი: თქვენ მაინც უნდა გამოუწეროთ კლიენტს ჩეკი. ირინელა, ჩემო ძვირფასო, საიდუმლოდ გეტყვი, რომ სულ მალე, საგადასახადო იწყებს სილამაზის სალონების ტოტალურ შემოწმებას, იქ მეგობრები მყავს და იმათმა მითხრეს.
ირინელა: მადლობა, მაგრამ მაგაზე ტოტალურად, ამ სალონის მეპატრონემ, გასივებულმა დონდუა-იოსებაშვილისამ იდარდოს, მოუხდება. თქვენ ის მითხარით, დღეს ვინმე დაიჭირეთ?
ალექსი: დავიჭირეთ. მკვლელი. დიდი არაფერი. მთვრალმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა მთვრალი ცოლი.
ირინელა: ღალატობდა?
ალექსი: ქმარი იძახის მღალატობდაო,… ქალთანო.
ირინა: რაა?
ალექსი: ხო, ეგრე იძახდა, ცოლი მღალატობდა თამუნასთანო.
ირინელა: ვაიმე დედა.
ალექსი: – სარდაფში იმალებოდა იდიოტი, იქვე დავიჭირეთ, ტიროდა, მეუბნებოდა, არ ვიცი ეს რა დამემართაო, მიყვარსო, 25 წელია ცოლ ქმარი ვიყავითო და ქალთან როგორ მიღალატა, კაცთან მაინც ეღალატაო.
ირინელა: რას არ გაიგებ? იქნებ კაცს ერქვა თამუნა.
ალექსი: არა, ის თამუნიაც დავკითხე, ისეთი მშვენიერი გოგოა, სექსუალური. საკონდიტროში მუშაობს, ნამცხვრებს აცხობს.
ირინელა: რაო, რა თქვა?
ალექსი: არაფერი, დუმილის უფლებით ისარგებლა.
ირინელა ისე შენ დღეს რაღაც მაგრად გამოიყურები.
ირინელა: როგორ?
ალექსი: სექსუალურად.
ირინელა: დაიწყო, ეტყობა აღეგზნო იმ თამუნაზე, ჰორმონები მოაწვა და ჩემზე ისევ იმიტომ შეინთხლა, რაღა დროს ამის სექსია?, რამის თავი მაინც ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, ლოგინში რომ ჩავიწვინო, შეიძლება გულიც გაუსკდეს, ღირსი არაა ეხლა მართლა გამოვუსვა ყელში ეს სამართებელი?
- ვაიმე, დიდი მადლობა ბატონო ალექსი.
შემოდის სველი ამირანი, კომბინიზონის გარეშე, მარჯვენა თვალი ჩალურჯებული აქვს.
ამირანი: აი მოვედი. არ მელოდით? რა მაგარი წვიმაა არა?, ცა ჩამოიქცა. ვგიჟდები ასეთ ამინდზე, ვერ მიცანით? მე ის ვარ, დილით რომ მითხარით, საღამოს მოდიო, რვის თხუთმეტი წუთია, ზუსტად მოვედი.
ირინელა: ააააა, გამარჯობა, კომბინიზონის გარეშე ვერ გიცანით. თვალი დილითაც ჩალურჯებული გქონდათ?
ამირანი: არა, თქვენს მერე ვიჩხუბე. ერთი ბეტოა და ის ვცემე, იმანაც მოასწრო და მომარტყა. დიდი არაფერი.
ირინელა: ბატონო ალექსი, ამ ახალგაზრდამ დღეს ხანძრისგან გადამარჩინა. მომიცადეთ თუ შეიძლება, მალე დავამთავრებ.
ამირანი: არსად არ მეჩქარება.. თან გავშრები.
ალექსი: ხანძრისგან? აქ რა ხანძარი იყო?
ირინელა: უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო. გადავრჩით. მე მოვრჩი, თავისუფალი ბრძანდებით.
ალექსი: მადლობა. რამდენი მოგართვა?.
ირინელა: კარგით რა ბატონო ალექსი, ყოველ კვირა უნდა მკითხოთ?, ხომ იცით, 10 ლარი,
ალექსი: წესი წესია, კლიენტმა ყოველთვის უნდა იკითხოს თუ რამდენი აქვს გადასახდელი. აი შენ 11 ლარი და ხურდა არ მინდა.
ირინელა: მადლობა, მოკითხვა მეუღლეს და თქვენს ოთხივე შვილს. ერთ კვირაში ისევ გიცდით.
ალექსი: აბა კარგად. ახალგაზრდავ, ჩხუბი არ შეიძლება.
ამირანი: ვიცი, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, თითებზე ქავილის იმპულსები მაქვს.
ალექსი: ბატონო?
ამირანი: დამპალ ტიპებს რომ ვხედავ, თითებზე იმპულსები მერთვება და ქავილი მეწყება. ქუჩაში, ადამიანებს, რომ ვხვდები, ეგრევე ვგრძნობ დამპალია თუ არა. თუ დამეწყება ქავილი – დამპალია, თუ არ დამეწყო ქავილი, არაა დამპალი.
ალექსი: ხშირად გეწყებათ ქავილი?
ამირანი: ხშირად, დამპლებს რა გამოლევს.
ალექსი: ეხლა როგორ ხართ?
ამირანი: ეხლა არ მექავება.
ალექსი: კიდევ კარგი, წავედი, კარგად ბრძანდებოდეთ.
(გადის)
ირინელა:- რა მაგარი ვინმე ყოფილხართ, ხომ შეიძლება შეგეშალოთ და წესიერი კაცი სცემოთ?
ამირანი: არ ვიცი, ჯერ არ შემშლია.
ირინელა: მაშინ გთხოვთ. ფეხებზე გაჭრით ფრჩხილებს ხო?
ამირანი: დიახ, პირველად ვარ ასე.
ირინელა: ხდება ხოლმე, არ გავიცნოთ ერთმანეთი?
ამირანი: კი რა თქმა უნდა.
ირინელა: მე ირინელა.
ამირანი: ირინელა?, რა კარგი სახელია, ასეთი სახელით არც შემხვედრია ვინმე, პასპორტშიც ეგრე გიწერიათ?
ირინელა: არა, პასპორტში უბრალოდ ირინე მიწერია, მაგრამ ყველა ირინელას მეძახის. თქვენ?
ამირანი: მე? აააააა….
ირინელა: – ავთო?
ამირანი: – არა, რა ავთო, ამირანი!
ირინელა: – ამირანი?
ამირანი: – არ მოგწონთ?
ირინელა: – როგორ არა, ძალიან მომწონს.
ამირანი: მაგრად წვიმს არა?
ირინელა: მაგრად.
ამირანი: მიყვარს წვიმა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არც შეიძლება არ მიყვარდეს, წვიმა ჩემი მეგობარია, პარტნიორი, დამხმარე, რაც უფრო ძლიერად წვიმს, მით უფრო მიყვარს,
ირინელა: სახიფათო არაა თქვენი პროფესია?
ამირანი: სახიფათოა, მაგრამ საინტერესო.
ირინელა: კარგად იხდიან?
ამირანი: ნორმალურად. მე მყოფნის. მაგრამ ფული არაა მთავარი, მე ხომ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასთან მაქვს საქმე, როცა ხანძარს ვაქრობ და ვინმეს გადავარჩენ ხოლმე, იგივე შეგრძნება მაქვს რაც ექიმს ოპერაციის შემდეგ, არაფერია ამ ქვეყანაზე ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი.
ირინელა: მართალი ხართ, თან ვაჟკაცური პროფესიაა, ესეიგი თქვენ ვაჟკაცი ხართ…. თან მაღალი ხართ და თან ვაჟკაცი.
ამირანი: მადლობა. (რეკავს მისი რაცია) დიახ, მისამართი! კაკაბაძის ქუჩა?. სასტუმრო?. მოვქრივარ. მაპატიეთ უნდა გავიქცე, იქ ხანძარია, ალბათ ვინმეს დახმარება სჭირდება. სხვა დროს დამაჭერით ფეხებზე ფრჩხილები.
გარბის
ირინელა: (მაყურებელს) თვითონ არ ვიცი რატომ ვუთხარი მას კომპლიმენტი, უბრალოდ წამოვაყრანტალე, მან კი ალბათ ჩათვალა, რომ გავეპრანჭე, ალბათ იფიქრა, რომ შეუძლია თითი დამიქნიოს და ეგრევე კისერზე ჩამოვეკიდები, არადა არ ჩამოვეკიდები, მართალია მაღალია და სიმპათიური, მაგრამ მე ეხლა თავისუფალი არ ვარ, მე ეხლა ბისმარკის ვუცდი, ბისმარკის, ყველაზე საოცნებოს, ყველაზე ვაჟკაცურს . მამაკაცს რომელიც მე მაბედნიერებს.
- ორი დღის შემდეგ ის მაღალი და სიმპათიური ამირანი ისევ მოვიდა.ხელში თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგული ეჭირა.
ირინელა: ეს მეეეეე?
ამირანი: თქვენ. რა?, არ მოგწონთ?
ირინელა: არა, როგორ არა, ძალიანაც მომწონს მაგრამ…
ამირანი: რა მაგრამ…?
ირინელა: თქვენ ხომ არ მიცნობთ.
ამირანი: მერე რა?
ირინელა: ყველა უცნობ ქალს ასეთ ძვირფას ყვავილებს ჩუქნით?
ამირანი: არა რა ყველას, თქვენ პირველი ქალი ხართ ვისაც ყვავილები მივართვი, რაღაც მომინდა, რომ თქვენთვის მესიამოვნებინა, თუმცა საერთოდ მიყვარს ადამიანების გაბედნიერება…
ირინელა: გაბედნიერება?
ამირანი: ჰო,
ირინელა: რა კარგი სიტყვაა არა გაბედნიერება?
ამირანი: ძალიან,
ირინელა: არადა ადამიანებმა როგორ დავუკარგეთ ფასი ამ სიტყვას?
ამირანი: მართლა მოგეწონათ ყვავილები?
ირინელა: დიახ! არა! დიახ! რა თქმა უნდა,
ამირანი: მაშინ გამომართვით.
ირინელა: დიდი მადლობა. (შეამჩნევს, რომ მარცხენა ხელი დაბინტული აქვს) ხელზე რა გჭირთ?
ამირანი: დიდი არაფერი.
ირინელა: ისევ იჩხუბეთ?
ამირანი: ჰო, ერთი მუწუკებიანი ჟორაა და ის ვცემე.
ირინელა: რა დაგიშავათ?
ამირანი: მე არაფერი, სხვას. ქალთან იგინებოდა და ქავილის იმპულსები ჩამერთო, ვერ ვიტან დამპალ ტიპებს.
ირინელა: დაბრძანდით, ეხლავე დაგაჭრით ფრჩხილებს.
ამირანი: არა, მაგიტომ არ მოვსულვარ, მეჩქარება, უბრალოდ შემოგირბინეთ, აი გაჩუქეთ ეს თაიგული და ეხლა წავალ.
ირინელა: წახვალთ?
ამირანი: ჰო, უნდა წავიდე, ნახვამდის…..
ირინელა: ნახვამდის……
ამირანი: მოკლედ წავედი…
ირინელა: წადით თუ არ იშლით.
ამირანი: ხო არ ვიშლი, უნდა წავიდე.
ირინელა: წადით. ოღონდ არავინ სცემოთ.
ამირანი: შევეცდები.
ამირანი: ნახვამდის.
ირინელა: ნახვამდის.
ამირანი მიდის
ირინელა: ის წავიდა, მე დიდხანს ვუყურებდი თეთრი ვარდების თაიგულს, იცით საერთოდ დიდად არ მიყვარს ყვავილები, მაგრამ ეს თაიგული რაღაც ძაააანაც მომეწონა, ვუყურებდი ამ ყვავილებს და იცით, რატომღაც მეტირებოდა, არ ვიცი რა დამემართა, იქნებ იმიტომ რომ არასოდეს არავის უჩუქნია ჩემთვის ასეთი თაიგული. ეტყობა ესეც შეინთხლა ჩემზე. ირინელა სტოპ! რა დროს თაიგულია, გოგო, აბა აიყვანე თავი ხელში. რა დროს ამირანია?, შენ ბისმარკი გყავს, ბისმარკი! ბისმარკი! ბისმარკი! ბისმარკი! ამირანი არ გაბედნიერებს, შენ გაბედნიერებს ბისმარკი და მხოლოდ და მხოლოდ ბისმარკი! ბისმარკი! ბისმარკი! ბისმარკი! შეწყვიტე იმ ამირანზე ფიქრი! აი, შევწყვიტე კიდეც!
თაიგული სადღაც მივაგდე, აი ასე. (იატაკზე აგდებს) არა, აი ასე (მაგიდაზე დებს), არა, ასე ჯობია.( ლარნაკში დებს). მივაგდე თაიგული და შევწყვიტე ამირანზე ფიქრი. მაგრამ რად გინდა, მეორე დღეს ისევ მოვიდა და ხელში ისევ თეთრი ვარდების თაიგული ეჭირა. უხმოდ დადო მაგიდაზე და მომაშტერდა. …….. ესეც შეინთხლა ჩემზე!……მერე მოტრიალდა და ისევე უხმოდ გავიდა სალონიდან.
ე, რა იყო ეს? მოვიდა, მოიტანა ყვავილები, ხმა არ ამოიღო და წავიდა. ირინელა გოგო, არც გაბედო ამ ამირანზე ფიქრი, შენ ფიქრობ მარტო ბისმარკიზე, ბისმარკიზე, ბისმარკიზე, ბისმარკიზე! გესმის? არ გაბედო ფიქრი იმ ამირანზე, ამირანზე, ამირანზე, ამირანზე…. ფუ, რა ამირანი? ვინ ამირანი? სულ გამოშტერდი გოგო? შენთვის არსებობს მხოლოდ ბისმარკი,ბისმარკი, ბისმარკი, ბისმარკი. ყველაზე კარგი, ყველაზე ფუმფულა, ყველაზე ჭკვიანი…
მეორე დღეს ისევ მოვიდა,…. ნაღდად შეინთხლა ჩემზე!, მესამე დღესაც და მეოთხე დღესაც მოვიდა, მოქონდა თეთრი ვარდების თაიგული, ხმას არ იღებდა, მიყურებდა ცოტა ხანს, მერე ტრიალდებოდა და ისევ უხმოდ გადიოდა, ბენჟიკ იოსებაშვილ-დონდუას სილამაზის სალონი მალე თეთრი ვარდების სალონად გადაიქცა… (მღერის) „თეთრი ვარდები….“ რას ამეკვიატა ეს სიმღერა, არადა იმ ილო დონდუაა თუ ბენჟამენ იოსებაშვილი, იმის გამო გამო ხომ ვერ ვიტანდი ამ მშვენიერ სიმღერას?. ისე ილოა თუ ბენჟამენი, იმას რატომ აქვს აკვიატებული ეს სიმღერა? მასაც ვიღაც ხომ არ ჩუქნის თეთრ ვარდებს? რა კარგი სანახავი იქნება, აბა ყველამ ერთად წარმოვიდგინოთ: ეს ჩვენი გასიებული ბაყაყი, ას სამოც კილოიანი, ბენჟამენ ილო დონდუა იოსებაშვილი, ზის სადღაც რესტორანში, არა რა რესტორანში, უბრალო სასადილოში. ზის მაგიდასთან და თქვლეფს ნიგვზიან ხარჩოს, უზარმაზარი ღიპი შარვალში ვერ ეტევა და ისე აქვს გადმოგდებული შარვალზე, თითქოს 9 თვის ორსული იყოს, 5 ტყუპზე. სიმძიმისაგან ქოშინებს და სახეზე ოფლი წურწურით ჩამოსდის და ეს ოფლი, ნიგვზიან ხარჩოში წკაპ, წკაპით იწვეთება, მაგრამ ეს ჩვენი ბაყაყი, თქვლეფას მაინც არ წყვეტს, დიდი თეთრი პირსახოცით სახიდან იწმენდს ოფლს და პარფიუმერიის ბოთლებში წურავს. ამ დროს კი…. იღება კარები და შემოდის მშვენიერი, გამხდარი, მომღიმარი გოგონა, ტანზე შავი კაბა აცვია თავზე კი თეთრი ფატა ახურავს და უწვდის ბენჟიკს თეთრი ვარდების დიდ თაიგულს.ფონად კი ისმის „თეთრი ვარდებიიიიიი“, ეს გოგოც მაგიდასთან ჯდება, იღებს მეორე კოვზს და ორივენი ერთი თეფშიდან ერთად იწყებენ ნიგვზიანი ხარჩოს ჭამას.
ეხლა შეიძლება გული ამერიოს. ირინელა, გაგიჟდი? რეებს ბოდავ? რა დროს ამაზრზენი ბენჟამენ იოსებაშვილია?, . გიჟო! არც მასზე იფიქრო და არც ამ ლაწირაკ, გრძელ ამირანზე, მხოლოდ ბისმარკიზე იფიქრე, ბისმარკი,ბისმარკი, ბისმარკი! უსაყვარლესი, უკეთილშობილესი, სულ ცოტაც და ჩემს საყვარელ ბისმარკისთან ერთად პრაღაში წავალ, იქ დაგვხვდება მისი მეგობარი უშო მეტრეველი და იქ ახალ ცხოვრებას დავიწყებთ, ვგიჟდები პრაღაზე, იქ „თეთრ ვარდებს“ არ მოვუსმენთ, იქ ყოველ დღე მხოლოდ კარელ გოტს მოვუსმენთ. ეგ ვინაა? ჩეხი მომღერალია, არ იცოდით? არა უშავს, დაიკიდეთ, მეც არ ვიცოდი, ბისმარკიმ მითხრა.. რაღაც სიმღერის ხასიათზე დავდექი. შეიძლება ვიმღერო?
(მღერის)
ამირანი: (შემოსვლისთანავე) გინდათ ნახოთ როგორ იწვის მრავალსართულიანი სახლი? ვერ წარმოიდგენთ რა დაუვიწყარი სანახაობაა. როგორც კი სადმე კარგი და ლამაზი ხანძარი გაჩნდება, თუ გნებავთ დაგირეკავთ, გამოგივლით და წაგიყვანთ. კარგი?
ირინელა: ნორმალურია ეს ბიჭი? რას ამბობ ამირან, რა მაგარია, აუცილებლად წამიყვანეთ!
ამირანი მიდის
ირინელა: (მაყურებელს) გიჟია არაა ეხლა ეს? ერთხელაც სამსახური რომ დავამთავრე ქუჩაში დამხვდა.
ირინელა: ეხლა ვინ სცემე?
ამირანი: ერთია, თორნიკე ჰქვია, დიდი არაფერი, მოვდე და იმანაც მომდო.
ირინელა: ამდენს რატომ ჩხუბობ?
ამირანი: ხომ გითხარით, დამპალ ტიპებს, რომ ვხედავ ეგრევე ხელები მექავება.
ირინელა: რა სიგიჟეა, დამპალი ტიპების მეტი რაა ამ ქვეყანაზე, ყველას უნდა ეჩხუბო?
ამირანი: სანამ შევძლებ ყველას.
ირინელა: შენ მართლა გიჟი ხარ.
ამირანი: ვაღიარებ, ვარ.
ირინელა: ილურიძის ქუჩიდან, რომელსაც მანამდე კოლექტივიზაციის ქუჩა ერქვა, ეკა ბეჟანიშვილის ქუჩამდე, რომელსაც მანამდე კომუნისტური შრომის ქუჩა, და უფრო მანამდე კი ელმავლის ქუჩა, უხმოდ მიმაცილა და მხოლოდ ჩემი ხრუშჩოვკის დანახვაზე ეწვია შთაგონება და როგორც იქნა ამოღერღა:
ამირანი: ამ დღეებში თუ სადმე ძლიერი ხანძარი იქნება, აუცილებლად დაგირეკავთ, გამოგივლით და წაგიყვანთ.
ირინელა: ეტყობა დაავიწყდა რომ ეს, უკვე წინა შთაგონებაზე მითხრა, თორემ ამ სისულელეს მეორედ ხომ არ გაიმეორებდა?- მადლობა ამირან, აუცილებლად, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ცეცხლმოკიდებულ სახლს.
ამირანი: -მანამდე?
ირინელა: – რა, მანამდე?
ამირანი: – მანამდე, მაგალითად ხვალ, სადმე რესტორანში რომ დაგპატიჟოთ, შეიძლება?
ირინელა: – აი აქ კი ლამის ჩავიფსი. ამას ჰქონია თუ ჰქონია შთაგონება, ეს ყოფილა ერთად აღებული კანტი, ჰეგელი და ფოიერბახი. ძააან ნაკითხი არ გეგონოთ, სკოლიდან მახსოვს ეს სამი გვარი, მაგრამ ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ აზრზე არა ვარ.
ამირანი: რა მოგივიდათ?
ირინელა: – არაფერი, შემცივდა.
(ამირანი სწრაფად იხდის პერანგს და მოაცმევს, თვითონ კი წელსზევით შიშველი რჩება)
ირინელა: ეხლა მე მგონი დამცხა.
ამირანი: რას მეტყვით?
ირინელა: რაზე?
ამირანი: რესტორანზე, ხვალ რომ წავიდეთ, შეიძლება?
ირინელა: ვაიმე დედიკო, ეს რა დღეში ჩავარდი, რომ წავიდე, ხომ ძაან ცუდად გამომივა ბისმარკისთან? კი ვერ გაიგებს, მაგრამ მე ხომ მეცოდინება რომ ცუდი საქციელი ჩავიდინე?, არადა მაინც და მაინც დღეს მომწერა წერილი ბისმარკიმ, 80 დღე დარჩა და მერე სულ ერთად ვიქნებითო. რომ გაიგოს და ეწყინოს ბისმარკის?, რა ვქნა ცხოვრებაზე მეტად მიყვარს. ჰო, მიყვარს, მიყვარს კაცი, რომელიც ფოტოზეც კი არ მინახავს…. ვაი, მთავარი არ მითქვამს? ჰო, ბისმარკი მე არასდროს მინახავს, ფოტოზეც კი, მე ის განცხადებით გავიცანი, არის ერთი ჟურნალი, არ გეტყვით სახელს, რეკლამაში ჩამეთვლება და იქ არის ასეთი რუბრიკა: „მსურს გავიცნო სერიოზული ურთიერთობისათვის“. სერიოზულისთვისო და არა მაიმუნობებისთვის და მამაძაღლობისთვისო., მრავალი წელია, რაც ეგ ჟურნალი გამოდის და მე მრავალი წელია ყველა ნომერს ვკითხულობ, იქ სხვადასხვა განცხადებებია ხოლმე, როგორც წესი, კაცები წერენ, რომ კარგები, არიან, მაგრები, ლამაზები და უცებ წავაწყდი წერილს, ბისმარკის წერილს, რომ ციხეშია, რომ მკვლელია, მაგრამ ძალიან უნდა რომ შვილები ყავდეს, ბევრი შვილი, კარგი იქნება თუ 5 ან 6. მართალს გეუბნებით, ყველა წერს იმ ჟურნალში, რომ კარგი ვარო, აი ბისმარკიმ კი, კარგი არა ვარო, მკვლელი ვარო, შემთხვევით ცოლი შემომეხრჩოო, მაგრამ რა ვქნა, მაინც მინდა ძალიან, რომ შვილები მყავდესო, თუმცა არც სახლი არ მაქვს და არც კარიო და მე ხომ სახლიც და კარიც მაქვს. ეკა ბეჟანიშვილის ქუჩაზე, რომელსაც მანამდე კომუნისტური შრომის ქუჩა ერქვა და მანამდე კიდევ ელმავლის და ჩემს ბინას კი, იმიტომ რომ პირველ სართულზეა, ერთი კი არა მთლად ორი კარი აქვს, ერთი ხის და მეორე რკინის, და რაც მთავარია და ესაა ყველაზე მთავარზე მთავარი: მეც ხომ ძალიან მინდა, რომ 5 ან 6 შვილი მყავდეს, ხოდა მივწერე, მეც მინდა 5, ან 6 შვილი მყავდეს და სახლიც მაქვს და კარიცო…. მაშინვე მიპასუხა. საყვარელი. ასე დავიწყეთ მიმოწერა. ფოტო ვერ გამომიგზავნა, აბა ციხეში ფოტოს ვინ გადაუღებს? სამაგიეროდ ისე ზუსტად აღმიწერა საკუთარი თავი, რომ წარმოვიდგინე და დავინახე კიდეც. მარტო დავინახე კი არა, შემიყვარდა კიდეც. ვიცი, რომ მაღალია და ცისფერთვალება. თან ისეთები მომწერა სიყვარულისა და საწოლის ამბავში, რომ სულ გამაგიჟა, არ გეწყინოთ, მაგეებს ვერ მოგიყვებით, ასე გიზამ და ისე გიზამო, აი ეხლაც ბუსუსები მაყრის, რომ ვიხსენებ. მეც მივწერე, ხო, ხო, მიდი, მიდი, მეც, მეც ვიზამ თქო. თან მერე, პრაღაში წაგიყვანო, იქ ვიცხოვროთო, იქ ერთი მეგობარი ყავს, მეტრეველია გვარად, სახელად კი უშო და ის პირდება მაგარ რაღაცეებს. ჩვენი მიმოწერის ორი კვირის თავზე ხელი მთხოვა და მეც რასაკვირველია დავთანხმდი, ასეთ იდეალურ მამაკაცს უარს ხომ არ ვეტყოდი? ბავშვებსაც გავაჩენ 5 ს ან 6 ს და თუ შევძელი მეტსაც და პრაღაშიც გავყვები, აბა აქ რა ვაკეთო.?.ვინმე თუ თვლის რომ არ შეიძლება გიყვარდეს კაცი, რომელიც თვალით არ გინახავს, ეს მისი პრობლემაა, მე კი მიყვარს, მიყვარს სიცოცხლეზე მეტად და ვიცი, რომ ჩვენ არაჩვეულებრივი წყვილი ვართ.
ამირანი: რას მეტყვით?
ირინელა: უი ეს კიდევ აქაა?
ამირანი: წავიდეთ ხვალ რესტორანში?.
ირინელა: ბისმარკი, შენ ცუდი არაფერი იფიქრო, ამ პატარა ბიჭზე როგორ უნდა იეჭვიანო?, ლამის შვილად მერგება. ხო გახსოვს რომ მითხრა, ყოველ დილით ელექტრო საპარსით ვიპარსავო, რა უნდა გაიპარსოს, ჯერ წვერიც არა აქვს ამოსული ამ ლაწირაკს. ბისმარკი! შეიძლება წავიდე და ცოტა გავერთო შენს ჩამოსვლამდე?.კარგი? დიდხანს არ გავჩერდები. რა საყვარელი ხარ ბისმარკი, მადლობა.
- (ამირანს) რასაკვირველია წავიდეთ.
კაფე, ირინელა და ამირანი ცეკვავენ.
ირინელა: როცა ვივახშმეთ და თითო ბოთლი გაუფილტრავი ლუდი დავლიეთ, საცეკვაოდ გამიწვია და მე სამჯერ და მან კი ხუთჯერ ლამის ფეხები დავამტვრიეთ ერთმანეთს. ამიტომ მერე უბრალოდ ნელი ცეკვა დავიწყეთ
ამირანი: მე ცოტა ძველმოდური ვარ, არ მიყვარს ელექტრონული მუსიკა. მე მიყვარს როკი, ძველი როკი, პინგ ფლოიდი, ბიტლები, დი ფარფლი, ლედ ზეპელინი, თქვენ? თქვენ ვინ გიყვართ?
ირინელა: მე ნუკრი.
ამირანი: ვინ?
ირინელა: ჩვენი ნუკრი კაპანაძე
ამირანი: ხო, ნუკრი კარგად მღერის.
ირინელა: ძალიან.
მერე ლექსების კითხვა დაიწყო, მგონი ამ ქალაქში ყველა ლექსს წერს ჩემს გარდა, ხომ არ ვიტყოდი რომ ვერ ვიტან ლექსებს, არც თვითონ ვწერ და სხვისიც მეჯავრება, სკოლაშიც, ლექსი თუ გვქონდა სასწავლი იმ დღეს შატალოზე მივდიოდი. აქ კი, გაღიმებული ვუსმენდი და სახეზე ისეთი აღფრთოვანება მეხატა, რომ კაცი იფიქრებდა, რომ ისე მიყვარს ლექსები, რომ მხოლოდ ლექსების კითხვით ვიღვიძებ და ვიძინებ, გუნებაში კი თავ ბედს ვიწყევლიდი, რომ ამ პოეზიის საღამოზე მოვხვდი. მერე ამირანმა ეხლა ჩემი გვეყოფაო და ნიკო გომელაურის ლექსები წავიკითხოთო, არ ვიკითხე ნიკო გომელაური ვინაა თქო, რადგან უკვე ვიცოდი ამირანისგან, რომ იყო ასეთი პოეტი და მსახიობი. საწყალი, ახალგაზრდა გარდაიცვალა, თავისუფალ თეატრში თამაშობდა, თავისუფალი თეატრი ხო იცით სადაცაა? ხო იქაა, მეტრო თავისუფლების მოედნის თავზე როა, თავისუფლების მოედანს კი მანამდე ლენინის მოედანი ერქვა. ამირანი თურმე სპექტაკლების სანახავად სულ იმ თეატრში დადის, იქაც გამოაცხადა ყველაზე მაგარი თეატრიაო, გავუღიმე და თავი დავუქნიე, აბა რა თქო, ვიცი ეგ თქო, ხომ არ ვეტყოდი, რომ „თავისუფალში“ კი არა, საერთოდ არც ერთ თეატრში არ ვარ ნამყოფი, არც კარგში და არც ცუდში, მარტო ფილარმონიაში ვიყავი ერთხელ გოგოებთან ერთად იუმორინაზე, მახსოვს ბევრი ვიცინე, ოღონდ რაზე ვიცინე ეგ კი არ მახსოვს. ეს ამირანი არ გაჩერდა, იმ თავისუფალ თეატრში წავიდეთო, დამპატიჟა, მადლობა გადავუხადე. რა მეთეატრება, ცოტა ხანში ქორწილი მექნება. ისე ვნახოთ, აი ბისმარკი რომ გამოვა, შეიძლება მართლა წავიდეთ მე და ბისმარკი „თავისუფალ თეატრში“. ამირანთან ერთად კი რატომ უნდა წავიდე?. მე და ბისმარკი წავალთ და ვნახავთ რა თეატრია ამისთანა ყველა ასე რომ გიჟდება. ისე, თავისუფალი რატომ ჰქვია, თავისუფალი გიჟი ვიცი მე, გამოდის რომ გიჟების თეატრია?
ამირანი: (კითხულობს ნიკო გომელაურის ლექსს)“ წელიწადის ყველა დროს“….
როგორ მოგეწონათ?
ირინელა: ძალიან. ეს გულახდილად ვთქვი, პირველად მომეწონა ცხოვრებაში ლექსი. მე აი აქ ვცხოვრობ, ამოხვალ?
ამირანი: მეპატიჟებით? სიამოვნებით ამოვალ.
ირინელა: ლექსებს მე ვერ ვკითხულობ და მეც ხომ უნდა მეტრაბახა რამით, ჩემს ბინას ლოჯის მოშენების პერსპექტივა აქვს. ბინაში დიდი არაფერი რემონტი არ მაქვს, მაგრამ სამზარეულო და აბაზანა კარგად მაქვს მოწყობილი, აბესალომი დამეხმარა თავის დროზე და გამირემონტა….აააა არ გითხარით ხო აბესალომზე? აბესალომი ერთი ჩემი ძველი თაყვანისმცემელია, ცემენტის ქარხანაში მუშაობდა, ისიც შეთხლეშილი იყო ჩემზე, გადაკიდებული იყო, მანქანის ტარება უნდა გასწავლოო, რა ჯანდაბად მინდოდა მანქანის ტარება, როცა მანქანის ყიდვის შანსიც არ მქონდა, მერე შემომთავაზა დისტრიბუტორად მოგაწყობო ოფისშიო, მასაც უნდოდა რომ ცოლად გავყოლოდი, უარი ვუთხარი, მინდოდა ეხლა მე აბესალომის ცოლობა? ან ის დისტრიბუტორობა? ისე კი ძალიან საინტერესო თემაა ეს დისტრიბუტორობა, ნეტა სადაა ეხლა ის აბესალომი? ისევ ქარხანაშია თუ ცემენტში ჩაიხრჩო? რეებს ვბოდავ ხო არ იცით?
ამირანი: დიდი ხანია მარტო ცხოვრობთ?
ირინელა: მე გათხოვილი ვარ, თითქმის გათხოვილი, ჩემი მომავალი ქმარი ციხეშია.
ამირანი: რაა? მე კი არასოდეს მყოლია ცოლი, თუმცა ერთხელ ლამის მოვიყვანე, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე.
ირინელა: – რატომ?
ამირანი: – არ ვიცი, ის რაღაც კომპანიის ხელმძღვანელი იყო, მე კი უბრალო მეხანძრე, თანაც კომპანიას „დევი“ ერქვა და შემეშინდა.
ირინელა: „დევი“? რა კომპანია იყო ამისთანა?
ამირანი: აზრზე არა ვარ, სატელეფონო თუ რაღაც მაგდაგვარი.
ირინელა: ჩაი გინდა?
ამირანი: მე თქვენ მინდიხართ.
ირინელა: ამირან გთხოვ, ჩემი ბისმარკი 56 დღეში დაბრუნდება, არ იცი რა ეჭვიანია, ისიც მაღალია, ძალიან ღონიერი და თან ძალიან ეჭვიანი. დიდი ცისფერი თვალები აქვს და მე ის მიყვარს, შენ მართლა ძალიან კარგი ადამიანი ხარ ამირან, კიდევ შეხვდები შენს სიყვარულს, აუცილებლად შეხვდები, აი ჩემი თამარაა გაუთხოვარი, იცი რა კარგი გოგოა, მთელი დღეები მღერის. მოდი ის შეიყვარე.
ამირანი: ზოგ კაცს ერთი ქალი არ ყოფნის და 5, 10 და მეტი ქალი ყავს, ზოგს კი ცხოვრება არ ყოფნის, რომ ის ერთადერთი უყვარდეს ვინც მარადიული სიყვარულით შეიყვარა. მე ეგეთი ვარ.. მე მინდა, რომ თქვენ გახდეთ ჩემი ცოლი.სხვას ვერც შევიყვარებ, შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ვუხდებით ერთმანეთს და კარგი ცოლ ქმარი ვიქნებით.მე თქვენ …მიყვარხართ…არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიყვარხართ.
ირინელა: არ გინდა ამირან
ამირანი: მინდა..
ირინელა: არ გინდა…
ამირანი გადის
ირინელა მღერის
ირინელა: ეხლა შევისვენოთ 15 წუთი და მერე ისეთებს მოგიყვებით…..
მეორე აქტი
ირინელა: აბა, კარგად მოკალათდით, თუ არ გამოგირთავთ მობილურები, გთხოვთ გამორთოთ, რომ ხელი არ შემიშალონ. წერილი მივიღე.
(კითხულობს) გამარჯობა ჩემო ძვირფასო და საყვარელო ირინელა, არ ვიცი რა გითხრა, უბრალოდ მოგიკითხო? მოგწერო ის, რომ უზომოდ მაინტერესებს როგორ ხარ და რა ხდება შენსკენ? თუ ის, რომ კარგად ვარ? თუ ის რომ ცუდად ვარ? მენატრები ისე, რომ ამას ვერ გადმოგცემ სიტყვებით. მენატრები. მესიზმრები და ველოდები შეხვედრას, ჩემს დამხვრჩალ ცოლს გეფიცები, ერთადერთი ხარ, ვიზეც ამდენს ვფიქრობ. საკანში ეხლა რიჩის ყური გამოვუჭედე შენზე, ისიც მოკითხვას გითვლის, შენი ფოტო ვანახე და გადარეულია შენზე. ეხლა კი გთხოვ ტრადიციულად გაანადგურო ეს წერილი. დარჩა ზუსტად ერთი თვე ჩვენს შეხვედრამდე.
შემოდის ალექსი
ალექსი: დღეს ერთი დეგენერატი დავაკავეთ, მეზობელთან გადადიოდა გასაქურდად აივნიდან და მესამე სართულიდან გადმოვარდა, ეხლა არ ვიცით ვინ დავაკავეთ ინვალიდი თუ ბრალდებული? ან რა მომავალი ექნება ეხლა მას, დამტვრეული ფეხებით მოხვდება ციხეში.
ირინელა: მომავალი ეს მნიშვნელოვანია, მომავალზე ადამიანი სულ უნდა ფიქრობდეს, მე მალე ბისმარკისთან ერთად პრაღაში წავალ, მინდა რომ გვყავდეს შვილები,3 ბიჭი და 2 გოგო. მე ხომ ჩვეულებრივი ქალი ვარ და მეც მინდა, რომ ოჯახი მქონდეს.
ალექსი: – ესე იგი გვტოვებთ მაინც?
ირინელა: გტოვებთ ბატონო ალექსი, აბა აქ რა ვაკეთო?
ალექსი: მე რომ ასე ძალიან მოგეჩვიეთ? უთქვენოდ გამიჭირდება.
შემოდის ამირანი, ხელში ტელევიზორი უჭირავს
ამირანი: საჩუქარი მოგიტანეთ, ჩვენი სახანძრო განყოფილებისგან. ცოტა გვერდები დამწვარი აქვს, მაგრამ მთავარია მუშაობს.
ალექსი: დღეს სცემე ვინმე?
ამირანი: დღეს არა, ხელები არ ამქავებია, თან არ მეცალა.
( დადო მაგიდაზე ტელევიზორი და გავიდა)
ირინელა: რაც უფრო ახლოვდებოდა ჩემი ბისმარკის ჩამოსვლის დღე, მით უფრო გააქტიურდა ეს ამირანი, მეორე დღეს მტვერსასრუტი მოიტანა, მესამე დღეს სურათის ჩარჩო, მეოთხე დღეს ხორცის საკეპი ელექტრო მანქანა, რომელიც მართალია არ მუშაობდა, მაგრამ ამირანი შემპირდა, რომ რელეს გამოუცვლის.
ირინელა პარსავს ალექსის.
ალექსი: ამ ბიჭს აშკარად უყვარხართ
ირინელა: ხო შეთხლეშილია. მაგრამ რა ვქნა, ბისმარკი სამ დღეში უნდა ჩამოვიდეს, იცით ბატონო ალექსი, ბისმარკიმ ყველა კაცი დამავიწყა.
ოთახში შემოდის მაღალი გამხდარი კაცი, ხელში შამპანურის ყუთი უჭირავს.
კაცი: გამარჯობა, მუშაობთ?
ირინელა: გამარჯობა, დიახ, დაბრძანდით მოიცადეთ.
კაცი: გამპარსავთ?
ირინელა: რა თქმა უნდა. მოიცადეთ და აუცილებლად გაგპარსავთ.
კაცი: ძალიან კარგი, ახალი ცხოვრების დაწყებას ვაპირებ და გაპარსვა არ მაწყენდა, დიდი ხანია ამ მომენტს ვუცდი, ესეიგი გამპარსავთ არა?
ირინელა: რა თქმა უნდა.
კაცი: კარგად გამპარსავთ?
ირინელა: შევეცდები.
კაცი: (სარკეში იყურება) 7 წელია საპარიკმახეროში არ ვყოფილვარ, მაგრად შევიცვალე.
ალექსი: 7 წელი? და ვინ გკრეჭდათ?
კაცი:- ხან ვინ, ხან ვინ? მეგობრები, გააჩნია ვისთან ერთად აღმოვჩნდებოდი საკანში. იცი ირინელა, მართალია ერთხელ შემთხვევით რაღაც დავაშავე, მაგრამ მეც ხო მაქვს შანსი, რომ შევიყვარო სხვა ქალი და ახალი ცხოვრება დავიწყო?
ირინელა: ბისმარკი?
ბისმარკი: ჰო, სამი დღით ადრე გამომიშვეს.
ირინელა: ბისმარკი.
ბისმარკი: ირინელა.
(ირინელა გრძნობას კარგავს)
ალექსი: ირინელა სულ თქვენზე ლაპარაკობდა, სულ თქვენ გელოდათ.
ბისმარკი: მართლა? აბა ვის უნდა დალოდებოდა ჩემს მეტი.
(იღებს ყუთიდან შამპანურს)
ვკეტავთ სალონს და ვიწყებთ ქეიფს, არ ავღნიშნოთ „სვაბოდაზე“ გამოსვლა? ბიძაჩემო არსად არ წახვიდეთ, მომეხმარეთ სუფრა გავშალოთ, ჩემი ჩამოსვლა უნდა ავღნიშნოთ…
კაცები სუფრას შლიან, ირინელაც ტრიალებს.
ირინელა: სამი დღით ადრე გამოუშვეს, წესიერად რომ იქცეოდა იმიტომაც გამოუშვეს. ხომ ვიძახდი ჩემი ბისმარკი წესიერი კაციაო, რა თქმა უნდა მე ცოტა სხვანაირი წარმომედგინა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემს წარმოდგენაში როგორი იყო, იცით, გარეგნობას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ადამიანი შინაგანად იყოს ლამაზი.როგორც იქნა მეწვია ბედნიერება რომელსაც ამდენი ხანი ველოდი, ადამიანი ხომ ბედნიერებისთვისაა გაჩენილი და არა ტანჯვისთვის, უბრალოდ ეს ბედნიერება ზოგთან ადრე მოდის და ზოგთან გვიან, აი ჩემთან გვიან მოვიდა, მაგრამ ხომ მოვიდა? მოვიდა და აგერ დგას, მზადაა რომ გამაბედნიეროს და მეც მზად ვარ, რომ გავბედნიერდე, ბისმარკიმ მთელი ყუთი შამპანური მოიტანა, რაც ცხოვრებაში არ დამილევია, იმ დღეს დავლიე. მთელი ერთი ბოთლი შამპანური დავცალე.
ისევ სუფრა, სამივე ნასვამია
ბისმარკი: ბიძაჩემო, ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს! მარტო სიყვარულს შეუძლია დაგვავიწყოს რომ ცხოვრება მძიმეა, მურტალი და დედა მ…, უკაცრავად, იქიდან გამომყვა, იქ ხომ იცით, თუ არ შეიგინე, დაიჩაგრები.
ალექსი: არა უშავს, ვიცი ეგ. სიყვარულს გაუმარჯოს, მართალი ბრძანდებით, რომ არა სიყვარული, მუდამ სიკვდილზე ვიფიქრებდით. ადამიანი კი ვერ იქნება ბედნიერი თუ სიკვდილზე იფიქრა.
ირინელა: მოდი იცი რას გაუმარჯოს? არ დამცინოთ ეხლა, მოდი ჩვენს ქართულ პრესას გაუმარჯოს, იმ ჟურნალს გაუმარჯოს, სადაც მე, ბისმარკის განცხადება წავიკითხე, ბატონო ალექსი, მე ხომ ბისმარკი განცხადებით გავიცანი …
ალექსი: ვიცი…
ირინელა: მაცადეთ, ის წერდა რომ ციხეშია, მაგრამ უნდა, რომ შვილები ყავდეს, ყველა წერს კარგი ვარო, ბისმარკიმ კი ცუდი ვარ და შვილები მინდაო, მაგრამ სახლი არა მაქვს და კარიო, მე ხომ სახლიც მაქვს და კარიც. თან იცით ბატონო ალექსი, ჩემს ბინას ორი კარი აქვს, ერთი ხისაა, მეორე კი რკინის. მოკლედ მივწერე და მანაც მომწერა, ასე ვიპოვნეთ ერთმანეთი.
ბისმარკი: ხო, აი ზუსტად ასე ვიპოვნეთ ერთმანეთი. ხომ არ ნანობ?
ირინელა: რას ამბობ?
ბისმარკი: მოგწონვარ?
ირინელა: ძალიან, ძალიან მომწონხარ. შენ ხომ გამაბედნიერებ ბისმარკი?
ბისმარკი: გაგაბედნიერებ აბა რას ვიზამ, დღეს ისტორიული დღეა, მე მოვედი აქ, რომ გაგაბედნიერო.
ირინელა: ჰო, ეს ისტორიული დღეა!
ალექსი: მე წავალ.
ბისმარკი: არსად არ წახვალთ, ბიძაჩემო ჩამოვასხათ.
ალექსი: ბიძას რატომ მეძახით, მე მგონი მე და თქვენ ტოლები ვართ?,
ბისმარკი: დათვერი ბიძაჩემო?, მამის ტოლი კაცი ბრძანდები.
ირინელა: ბისმარკი, მამაზე გამახსენდა, შენ იცი, რომ შენ ეხლა ჩემთვის, ქმარიც ხარ, საყვარელიც, ძმაც და მამაც, მე შენს მეტი არავინ მყავს. მამა არც მახსოვს, დაბადებულიც არ ვიყავი დედა, რომ მიატოვა და გადაიკარგა, ფოტოც კი არ მაქვს მისი, მარტო ის ვიცი, რომ დავითი ერქვა, ხან ბარმენად მუშაობდა, ხანაც ტაქსაობდა. დედას კი ქეთევანი ერქვა, 5 წლის წინ გარდამეცვალა. დედის ფოტოები კი ბევრი მაქვს, ნახე, აი ნახე მისი ფოტო, მარცხნიდან მესამე. ვგავარ არა?
ბისმარკი: ქალბატონ ქეთევანს და ბატონ დავითს გაუმარჯოს. ისე ვინ იცის, სადაა ეხლა ბატონი დავითი ან რატომ გადაიკარგა მაშინ, იქნებ ამის საპატიო მიზეზი ჰქონდა, მაგრამ მთავარი ხომ ისაა, რომ შენს დაბადებაში მიიღო მონაწილეობა.
ირინელა: მართალი ხარ, იცი, არ მიფიქრია ამაზე, იქნება და ჰქონდა ამის საპატიო მიზეზი. მამა! გაგიმარჯოს!
ბისმარკი: და სხვა ნათესავები არ გყავს?
ირინელა: არაააააა, ამ ქვეყანაზე შენს მეტი საერთოდ არავინ მყავს. სულ ვეუბნებოდი დედას: დედა, რატომ არა მყავს არც და და არც ძმა? გავიგე, რომ ქმარი გაგეგცა, მაგრამ თუ ერთი შვილი გააჩინე უქმროდ, ხომ შეიძლებოდა ვინმესგან გაგეჩინა ჩემთვის კიდევ და ან ძმა? და იცი რას მპასუხობდა?
ბისმარკი: რაო, მერე რაო?
ირინელა: არ შემეძლოო, მეორე შვილს კი არა, შენ ძლივს გაგზარდე ისეთი მატერიალური მდგომარეობა მქონდაო. ტელევიზიაში მუშაობდა დამლაგებლად. ასე რომ არავინ მყავს.
ბისმარკი: ყველა ასეთ დღეში ვიყავით, ყველას გვიჭირდა, მე მარტო ერთი გაუთხოვარი მამიდა დამრჩა, მარინა, ოზურგეთის რაიონში ცხოვრობს. სოფელ ზედა ბახვში.
ალექსი: უკაცრავად, და რატომ იჯექით ციხეში?
ბისმარკი: ეს ვინაა?
ირინელა: ეს ბატონი ალექსია.
ბისმარკი: ბიძაჩემო, არ ჯობია ირინელას სიყვარულის სადღეგრძელო დავლიოთ?
ალექსი: – დავლიოთ.
ირინელა: ჩემი სიყვარული ხარ შენ!
ბისმარკი: მაშ მე გამიმარჯოს.
ალექსი: დიდხანს წერდით წერილებს ერთმანეთს?
ბისმარკი: რას გადაგვეკიდა ეს კაცი, ბიძაჩემო შენ შემთხვევით პროკურორი ხომ არ ხარ?
ირინელა: არა, ბატონი ალექსი პროკურორზე უფრო მაგარია. 6 თვე ვწერდით ბატონო ალექსი, მთელი ექვსი თვე, კიდევ გაქვთ კითხვები?
ალექსი: რას აპირებთ ეხლა?
ბისმარკი: რას ვაპირებთ და პრაღაში გადავდივართ საცხოვრებლად, როგორც კი გავყიდით ბინას, ეგრევე მივდივართ. არა ირინელა? ხომ არ გადაიფიქრე?
ირინელა: რას ამბობ ჩემო სიცოცხლევ. ერთი სული მაქვს იქ როდის წავალთ. ის შენი მეგობარი უშო მეტრეველი ხომ დაგვეხმარება?
ბისმარკი: აბა რას იზამს, შენთვის უკვე შერჩეული აქვს სილამაზის სალონი.
ალექსი: და პრაღაში რომ არ მოგეწონოთ მერე რას იზამთ?
ბისმარკი: რა უნდა ამ კაცს გამაგებინე? დავბრუნდებით უკან.
ალექსი: და სად იცხოვრებთ თუ ბინას გაყიდით.
ბისმარკი: ახალს ვიყიდით, ან წავალთ საცხოვრებლად ოზურგეთის რაიონში სოფელ ზედა ბახვში, მამიდაჩემ მარინასთან, იცით რა მაგარი სოფელია ზემო ბახვი?
კაკუნი
ირინელა: რომელი ხარ?
ამირანი: მე ვარ. ამირანი.
ირინელა: მგონი დავიწვი.
ბისმარკი: ამირანი ვინაღაა?
ირინელა: ერთი ძველი ნაცნობია (აღებს კარს, კარებთან) წადი, ბისმარკი ჩამოვიდა.
ამირანი: ბისმარკი?
ირინელა: ჰო.
ამირანი: აი დარდი. მაშინ დავილაპარაკოთ?
ირინელა; რაზე უნდა დავილაპარაკოთ?
ამირანი: ჩვენზე, არ მინდა, რომ სისულელე ჩაიდინო, მე უშენოდ ერთ დღესაც არ ვიცოცხლებ, თავს მოვიკლავ იცოდე.
ბისმარკი: ირინელა, ვინაა?
ირინელა: ხომ გითხარი, ჩემი ძველი ნაცნობია. ამირანი.
ბისმარკი: მორჩა, ძველ ნაცნობებთან ურთიერთობა მორჩა, ამირანი, მურმანი, ტარიელი და ფრიდონი არ ვიცი მე, გესმის ძმაო,? რა გინდა აქ? აქ მეორედ არ დაგინახო გაიგე?
ამირანი: ვაი!
ირინელა: რა იყო?
ამირანი: იმპულსები ჩამერთო, ხელები მექავება.
ირინელა: გეშლება, ერთხელ ხო შეიძლება, რომ შენც შეგეშალოს.
ამირანი: არ მეშლება, საშინლად მექავება ხელები, ასე ძალიან არასოდეს ამქავებია.
ბისმარკი: სად რა გექავება არ ვიცი, მე კონკრეტული კაცი ვარ და კონკრეტული ლაპარაკი მიყვარს, ამიტომ შეიძლება კონკრეტულად გაგარტყა სიფათში.
ამირანი: ე, ვის უნდა დაარტყა შე ჩამოთრეულო ნაბიჭვარო? შენისთანებს დღეში სამს ვცემ! მოდი! დიდი ხანია არავინ მიცემია.
ალექსი: ბისმარკი, არ გირჩევთ, მაგას ეხლა იმპულსები აქვს ჩართული.
ბისმარკი: რაა?
ამირანი: მერე აგიხსნით, მოკლედ მაგრად ჩხუბობს.
ბისმარკი: აბა ვნახოთ ვინ როგორ ჩხუბობს.
ირინელა: ბისმარკი, არ გინდა გთხოვ! შენს დამხვრჩვალ ცოლს, ეკა -გაბის გაფიცებ, ნუ გავაფუჭებთ ამ ლამაზ დღეს. ამირან! არ გინდა, ნუ გამიფუჭებ ამ ისტორიულ დღეს! თქვენ რომ ეხლა აქ იჩხუბოთ, იცოდეთ გადავხტები პირველი სართულიდან. ჩემს თავს გაფიცებ ამირან!
ამირანი: კარგი, შენ თავს თუ მაფიცებ – არ ვცემ. უბრალოდ დავჯდები აქ და შევჭამ და დავლევ.
ბისმარკი: რას შეჭამ და დალევ, ვერ გაიგე რა გითხარი? წადი რა და აღარ მოხვიდე, წადი თორე ცუდად დამთავრდება ეს ამბავი.
ამირანი: ჩამოთრეულო, თავი გამანებე რა, ფეხებსაც ვერ მომჭამ გაიგე?,
ბისმარკი: ხოო?
ამირანი: ხო! ვაიმე როგორ მექავება ხელები, შენა, ბისმარკი ხარ თუ ვიღაც, დაჯექი და ჩუმად იყავი რა, თორემ ხელები ისე საშინლად მექავება….
ირინელა: ამირან, ხომ შემპირდი?
ამირანი: ხო შეგპირდი და არ ვცემ, ვახ გავგიჟდი ისე მექავება…
ბისმარკი: არ გესმის რას გეუბნები? წადი რა აქედან.
ამირანი: შენ არავინ არ გეკითხება, აქედან მაშინ წავალ ირინელა თუ მეტყვის წადიო.
ბისმარკი: ეგრე?
ამირანი: ეგრე! შენ ვინა ხარ აქ რო ბრძანებლობ? ირინელა თუ მეტყვის მაშინ წავალ.
ბისმარკი: კარგი. ირინელა მიდი უთხარი წადიო. უთხარი თორემ მე წავალ.
ამირანი: ირინელა წავიდე?
ირინელა: წადი!
ბისმარკი: და აქ აღარ დაგინახო.
ამირანი: შენ ხმა ჩაიგდე ბისმარკი ხარ თუ ვიღაც გაუგებრობა!
ირინელა: წადი ამირან.
ამირანი: ეგრე?
ირინელა: ჰო, ეგრე!
ამირანი: კარგი, მშვიდობით. გინდა წასვლამდე ოთახს დავალაგებ? არა? გინდათ ლექსს წაგიკითხავთ? არა? რომ გიცეკვოთ? იქნებ გიმღეროთ?
ირინელა: არა.არ მინდა.
ამირანი ; არც მე მინდა. კარგად ბრძანდებოდეთ. უხ, არადა რა მაგრად მექავება ეს ხელები.
გადის, ირინელა ცდილობს იმღეროს და მერე გადის სცენიდან
ალექსი: რა უცნაური რამაა ეს სიყვარული, როგორ უბინდავს და ურევს ადამიანს გონებას. რამდენ სისულელეს ჩადის შეყვარებული, იცის რომ რასაც აკეთებს სისულელეა, მაგრამ არ ჩერდება და მაინც აკეთებს ამ სისულელეს, არა, სიყვარულს ლოგიკა არ აქვს,არა. ის გონებაზე მაღლა დგას. შეყვარებული ადამიანის საქციელი საერთოდ არ ექვემდებარება გონებას, ამიტომაც უაზრობაა მისი საქციელის განსჯა. სიყვარულის გარეშე უფრო ადვილია ცხოვრება, მაგრამ სიყვარულის გარეშე თვითონ ცხოვრებას არა აქვს აზრი.
ბისმარკი: ვა ბიძაჩემო, შენ რა ფილოსოფოსი ყოფილხარ. არ მაინტერესებს, რაც ჩემამდე იყო, არაფერი მაინტერესებს, წარსული არ მაინტერესებს, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. ბიძაჩემო, ვერ გაიგე რა ვთქვი? წარსული აღარ გვაინტერესებს, ახალ ცხოვრებაში ძველი კაცების ადგილი აღარა. შენც კარგად ბრძანდებოდე.
ალექსი: -ეგრეა, ეგრე. სიყვარულის გარეშე უფრო ადვილია ცხოვრება, მაგრამ სიყვარულის გარეშე თვითონ ცხოვრებას არა აქვს აზრი. კარგად ბრძანდებოდე.
(მიდის)
ირინელა: ერთი თვე გავიდა მას მერე, რაც ახალი ცხოვრება დავიწყე და იმაზე მეტად ბედნიერი ვარ, ვიდრე ოცნებაში წარმომედგინა ჩემი ბედნიერება.. ვცხოვრობ მარტო ბისმარკითი და ბისმარკისთვის. ყოველ დილით, ყავას პირდაპირ საწოლში მომართმევს ხოლმე, ჩამოჯდება საწოლზე და მიყურებს როგორ ვსვამ ყავას. ქუჩაში რომ დავდივართ
ვგრძნობ, როგორ გვაყოლებენ თვალს გამვლელები, მართლა იდეალური წყვილი ვართ. ბინა თითქმის გავყიდეთ, ეხლა საბუთების გადაფორმებაში ვართ, კარგი კლიენტი ვიშოვეთ, თამარას უყიდა ჩემი ბინა იმ გასიებულმა ბენჟამენ იოსებაშვილმა, ხომ ვიძახდი რაღაც ხდება მეთქი მათ შორისო. თამარსაც აწყობს, სილამაზის სალონთან ახლოს იქნება და ბენჟამენსაც მაგრად აწყობს, თავის ცოლს.. ეველინა ჰქვია თუ გაბი რო აღარ მახსოვს, ეტყვის სალონში ვარო და თვითონ ჩემს ბინაში იქნება თამართან და იმღერებენ ერთად „თეთრ ვარდებს“. სალონი დროებით დავკეტეთ, არც მე მცალია ეხლა და არც თამარს, რემონტს იწყებენ ჩემს ბინაში. პრაღაში წასვლამდე სალონში ვცხოვრობთ მე და ბისმარკი. ისე კარგად კი მოეწყო ეს ბენჟიკა, თამარიც ყავს და ის, მგონი ეველინა, მგონი გაბი. ჩვენ კარგად გადაგვიხადა ბინაში, 45 ათასი დოლარი.ბინა მართლა კარგია, ორი კარი აქვს, ერთი ხის და მეორე რკინის. თან ბინა მოშენების პერსპექტივითაა. აბაზანაში და სამზარეულოში კარგი რემონტია, აბესალომმა გამირემონტა, აი იმან, ჩემზე, რომ იყო შეთხლეშილი, ნეტა სადაა ის აბესალომი, ალბათ ტაქსაობს, აბესალომზე გამახსენდა, ამირანი იმ დღის მერე არ მინახავს, გადაიკარგა, იმედი მაქვს ცოცხალია და თავი არ მოიკლა. ბატონი ალექსიც აღარ ჩანს, ეტყობა ბისმარკის დანახვაზე სამუდამოდ დაავიწყდა, რომ ჩემზე ამდენი წელი ისიც შეთხლეშილი იყო. ერთი ორი დღეც და პრაღაში წავალთ, უშო მეტრეველმა უკვე გვიპოვნა კარგი სამ ოთახიანი ბინა პრაღის ცენტრში, თურმე მთლად ისტორიულ ნაწილშია ის სახლი და გარშემო სულ ჩეხურ გაუფილტრავ ლუდს ყიდიან კაპიკებში. უშო მეტრეველმა სამსახურიც გვიშოვა ორივეს. მეც და ბისმარკისაც. მე მასაჟის სალონში დავიწყებ მუშაობას, ბისმარკი კი, პრაღაში თურმე ახალი სინაგოგას მშენებლობა იწყება და იქ შესთავაზეს ინჟინრად მუშაობა. ეხლა გავრბივარ, სვეტამ ახალი ხორცი ჩამოგიტანეო, სვეტა ვინაა? რას დაეძებთ, არის ერთი, სადღაც სასადილოში მუშაობს, იქ პროდუქტებს იპარავს და აქვე უბანში ყიდის.
გარბის
ბისმარკი: (ტელეფონში) ხო უშო, ხო გენაცვალე, ყველაფერი რიგზეა, მაღაზიაში გავიდა, პროდუქტებს ვიყიდი, ნიგვზიანი ხარჩო უნდა დაგიმზადო ჩემი ხელითო, მალე მოვალო ჩემო ძვირფასო და ჩემო სიყვარულოო, შენს ძმობას ვფიცავარ, მეორე ეგეთი ჭკუა სუსტი თუ მენახოს, მე ვიყო უკანასკნელი, რა ცუდია, რომ ვერ ნახავ, მაგრად იკაიფებდი მის სისულელეებზე. მთელი ცხოვრება მარტო შენზე ვოცნებობდიო, არადა პირველად მნახა, აზრზე ხარ ძმაო? პრაღაში მომინდომა, არც მეტი არც ნაკლები, უშომ მასაჟის სალონში მოგაწყოო რომ ვუთხარი ბედნიერებისგან ტირილი დაიწყო, გაგიჟდები, ყველაფერზე ტირის, ისიც არ იცის ამ უჭკუომ, რომ მასაჟის სალონი იქ ბორდელია. რამის ვიტირე, გეფიცები, ისე შემეცოდა, ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, მართლა ხო არ მოვიყვანო ცოლად თქო და ბავშვები გავაჩინოთო,…არა, გაგიჟდი, მაგასთან ჩემმა მტერმა იცხოვროს. ისეთი სულელია, რომ მეც გამასულელებს. ბინა 45 ათასად წავიდა, ხრუშჩოვკა რომ არ ყოფილიყო და პირველი სართული, მეტადაც წავიდოდა, მის დაქალს უყიდა მისმა საყვარელმა. ისე, რომ მნახო, შენ ძმობას ვფიცავარ,პირს დააღებ, შეიძლება ვერც მიცნო, გამპარსა, ჩამაცვა, დამახურა, დამბანა. ….. კი, მაგარი ჩაქუჩი დავითრიე, კუვალდაა ჩაქუჩი კი არა. სახლში არა, იქ ეხლა ახალი მეპატრონეები რემონტს იწყებენ, ამიტომ მასთან სალონში გადმოვბარგდით, ეხლა დაკეტილი აქვთ და არავინ მოვა… არა, ვერავინ მიპოვნის, არც ერთი წერილი, არც ერთი ფოტო არა აქვს, ყველაფერი გათვალისწინებულია, იმათმა კი მნახეს, მაგრამ, რა ვქნა, სხვანაირად არ გამოდიოდა…სანამ ესენი აზრზე მოვლენ, უკვე სარფში ვიქნები და თურქეთში გადავალ, ფული აქ გვაქვს სახლში, ჩანთაში. მგონი მოვიდა…. ხო უშო, ხო, აბა რა, ხომ იცი, რომ არ შეგარცხვენ, ისეთ სინაგოგას ავაშენებთ ისრაელშიც, რომ ვერ ნახავ, აბა კარგად უშო… უშო იყო, მოკითხვა შემოგითვალა, გვიცდის. მართლა ხარჩო უნდა დამიმზადო?
ირინელა: მართლა აბა არა? ისეთ ხარჩოს ვამზადებ გადაირევი. მოგეწონება.
ბისმარკი: შენი თითებით დამზადებული ზუსტად ვიცი საოცრება იქნება და ძალიან მომეწონება.
ირინელა: მადლობა ღმერთო, მადლობა, რომ ასე გამაბედნიერე, არც კი ვიცი ასეთი ბედნიერება რითი დავიმსახურე, ალბათ იმიტომ ვწვალობდი მთელი 45 წელი, რომ ეხლა ბედნიერება დამტყდომოდა თავს.
ვეხვეოდი მას და ვგრძნობდი მის სიძლიერეს, ბედნიერებისაგან ცრემლები მდიოდა, მე არ შევცდი მასში, ხომ ვიძახდი მაგარი ინტუიცია მაქვს თქო, ვიცოდი, რომ დადგებოდა დღე და ჩემი ოცნების ანგელოზი ჩემთან იქნებოდა და მე გამაბედნიერებდა.
- ეხლავე დავიწყებ ნიგვზიანი ხარჩოს დამზადებას, ჩემი ხელით მინდა დაგიმზადო, არ იცი მართლა რა მაგრად ვამზადებ ხარჩოს, ძალიან მოგეწონება.
ბისმარკი: არადა შეიძლებოდა შვილებიც გვყოლოდა….
ირინელა: რაა? რას ნიშნავს შეიძლებოდა?, გვეყოლება, აუცილებლად გვეყოლება. სანამ შევძლებ სულ გავაჩენ შვილებს, ორს, სამს, ხუთს. ჩემო სიცოცხლე, ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ეხლა იწყება, რაც აქამდე იყო, ის სხვისი ცხოვრება იყო, ის მხოლოდ მანჭვა გრეხვა და სისულელე იყო, ჩვენი ნამდვილი ცხოვრება კი მხოლოდ ეხლა იწყება.
ბისმარკი: ძალიან ძნელი საქმეა ცხოვრების შეცვლა.
ირინელა: მე დაგეხმარები ჩემო სიყვარულო. ჩვენ ეხლა სულ ერთად ვიქნებით, მე შენ მიყვარხარ. ჩვენ გვაქვს 45 000 დოლარი, ჩვენ პრაღა გვიცდის და ახალი ცხოვრება. რატომ ხარ სევდიანი?
ბისმარკი: არ ვიცი, ალბათ ბედნიერი რომ ვარ იმიტომ. თვალები დახუჭე, შენთვის სიურპრიზი მაქვს.
ირინელა: მართლა? ვგიჟდები სიურპრიზებზე.
ბისმარკი: არ გაახილო თვალი.
ირინელა: არ ვახელ.
(ბისმარკი იღებს ნაჭერში გახვეულ დიდ ჩაქუჩს, ნაჭერს აცლის, მიდის ირინელასთან და თავში ურტყამს. მერე ზედ საბანს აფარებს და საბანს ცეცხლს უკიდებს, იღებს ფულით სავსე ჩანთას და მიდის, საბანს ცეცხლი არ ეკიდება, მხოლო კვამლს უშვებს და მთელი სალონი კვამლით იფარება. ცოტა ხანში ირინელა გამოძვრება საბნიდან.)
ირინელა: საბანს ცეცხლი არ წაეკიდა, ბისმარკიმ ვერ გაითვალისწინა, რომ მატყლს ცეცხლი არ ეკიდება, ის მხოლოდ ხრჩოლვას იწყებს, მე კი საშინელმა თავის ტკივილმა გამომაფხიზლა, თავიდან სისხლი მდიოდა, ბისმარკი არსად იყო, არაფერი მესმოდა, ძალიან შემეშინდა, იქნებ ჯოჯოხეთში ვარ? მაგრამ რატომ ჯოჯოხეთში? რა დავაშავე? მე ხომ ცხოვრებაში ცუდი არავისთვის გამიკეთებია. მე ხომ მხოლოდ სიყვარული მინდოდა, მინდოდა მყვარებოდა, მინდოდა ვინმე მყვარებოდა და ვინმეს კი მე ვყვარებოდი, რომ ნებისმიერ ფასად, ჩემს მერე, ამ ქვეყნად შვილები დამეტოვებინა, მე ხომ იმისთვის დავიბადე, რომ შვილები ვაჩინო და ჩემმა შვილებმა კი თავისი შვილები, სხვა სურვილი ხომ არ მქონია? ხო, და კიდევ ბედნიერება მინდოდა, მინდოდა ვინმე გამებედნიერებინა და ვინმეს მე გავებედნიერებინე…. მივღოღავდი მიწაზე. ბისმარკი კი, ჩემი ძვირფასი, საყვარელი ბისმარკი კი ამ დროს ქუჩის მეორე მხარეს იდგა და იცდიდა, რომ ენახა თუ როგორ წაეკიდებოდა ჩვენს სალონს ცეცხლი. უნდოდა დარწმუნებულიყო რომ ნამდვილად მოვკვდი. იდგა, იცდიდა და თან ტიროდა, ჰო, ტიროდა, თვალებიდან ცრემლები სდიოდა, ასე უთხრა მერე გამომძიებელს, ვიცდიდი და თან რატომღაც ვტიროდიო. მერე როცა მიხვდა, რომ საბანს ალბათ ცეცხლი არ მოეკიდა, გადაწყვიტა მობრუნებულიყო და საქმე დაესრულებინა, მობრუნდა და დავინახე როგორ მოდიოდა ჩემსკენ კვამლში ვიღაც, თავიდან ჯერ ანგელოზი მეგონა და მერეღა მივხვდი რომ ეს ჩემი ბისმარკი იყო, ჩემი ძვირფასი, ჩემი საყვარელი ბისმარკი, კაცი, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა, კაცი, რომელიც ასე მაბედნიერებდა ყოველთვის.
- შენ ანგელოზი ხარ? ჩემი ოცნების ანგელოზი? შენ მოხვედი რომ მიშველო? იცი რა ცუდად ვარ? რა მჭირს ბისმარკი? შეიძლება იმიტომ, რომ ორსულად ვარ, ბისმარკი იცი, არ მინდოდა ჯერ თქმა, მაგრამ მგონი ჩვენ შვილი გვეყოლება. ბისმარკი, მე ისეთი ბედნიერი ვარ.
ბისმარკი: (იღებს დანას) რა ბავშვი რის ბავშვი, შე სულელო შენა.
ურტყამს დანას მუცელში და გადის
ირინელა: მკერდში უცებ რაღაც დიდი სიცივე ვიგრძენი, არ მტკენია, მომეჩვენა, რომ თითქოს ნაყინის უზარმაზარი ბურთულა გადავყლაპე და ის გამეჭედა ყელში, ისეთი დიდი იყო ეს ნაყინი, რომ ვეღარ ვსუნთქავდი
- ბისმარკი? რა ქენი? რატომ? …… და მერე ისევ დავკარგე გონება ან იქნებ ჩამეძინა.
კვამლში, სახანძრო ეპიკირებით შემორბის ამირანი.
ამირანი: – აბა რა ხდება? ეხლაც ცრუ განგაშია? ირინელა!
ამირანი: ცოცხალი ხარ, ჩემო ირინელა ცოცხალი ხარ, გამოფხიზლდი, გთხოვ, გამოფხიზლდი, უშენოდ მე ვერ გავძლებ, რად მინდა უშენოდ ეს სიცოცხლე. იცოდე შენ თუ მოკვდები ერთ წამს არ ვიცოცხლებ, აქვე მოვიკლავ თავს.
ირინელა: ამირან? სადა ვარ? ჯოჯოხეთია თუ სამოთხე?
ამირანი: – რა მნიშვნელობა აქვს შე სულელო, ეს ცხოვრებაა, ცხოვრებაში კი ჯოჯოხეთიც და სამოთხეც ერთადაა, მთავარია ცოცხალი ხარ, სასწრაფო მალე მოვა და ყველაფერი კარგად იქნება. შენ კარგად იქნები, მე შენ მიყვარხარ ირინელა.მე შენ აღარასოდეს აღარ მიგატოვებ, გესმის? აღარასოდეს და ჩვენ სულ ერთად ვიქნებით და მე ყოველდღე ისევ მოგიტან თეთრი ვარდების თაიგულს.
ირინელა: და მე ვიმღერებ?
ამირანი: რაა?
ირინელა: (მღერის) …
ირინელა: როცა სამი დღის შემდეგ გამოვფხიზლდი, მითხრეს რომ კომაში ვიყავი. ბენჟამენ იოსებაშვილის სახანძრო დანადგარებმა ზუსტად იმუშავეს და იქ სადღაც სან ზონაში, სახანძროში გაიგეს, რომ აქ ჩვენთან, ილურიძის ქუჩაზე, რომელსაც მანამდე კოლექტივიზაციის ქუჩა ერქვა, ხანძარია. ამირანი მაშინვე გამოვარდა და როგორც იცით მიშველა. მადლობა ამირან და მადლობა ილო დონდუავ თუ ბენჟამენ იოსებაშვილო, რომ ის რაღაც დანადგარები დააყენე ჩვენს სალონში, მე აღარასოდეს დაგიძახებ ბაყაყს, მით უფრო, რომ თამარის სიყვარულის გამო კუჭის ოპერაცია გაგიკეთებია და ეხლა ას სამოცი კილოს მაგივრად მხოლოდ ას ოცდაათი კილო ხარ. ამირანი, საავადმყოფოში წამით არ მომცილებია, მხოლოდ ცოტა ხნით თუ მტოვებდა, ისიც იმიტომ, რომ ყვავილების თაიგული მოეტანა, თეთრი ვარდების თაიგული.
ამირანი:- ეს შენ ჩემო ირინელა.
ირინელა: ბისმარკი სარფში, საზღვარზე დააპატიმრეს, წინააღმდეგობა არც გაუწევია, თითქოს იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ, ტიროდა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა. ფული ხელუხლებლად დამიბრუნეს. ფული თამარს მივეცი და ეხლა ისევ ჩემს ბინაში ვცხოვრობ, თამარი და ილო – ბენჟამენი, ეხლა ახალ ბინას ეძებენ, მაგრამ ჯერ ვერ იპოვნეს, ძნელია 45 000 ად კარგი ბინის პოვნა.
ხო, ბატონი ალექსი დამპირდა, რომ ბისმარკი აღარასოდეს გამოვა ციხიდან..
ალექსი: დიახ!, აღარასოდეს გამოვა, დალპება ზონაში, რეციდივისტი ეგა, თავიდანვე არ მომეწონა, ვინ იყო მაგის ბიძია? ვერ გათვალა, რომ მე პროკურორზე უფრო მაგარი ვარ, გავიცანი თუ არა, იმ დღიდან მეთვალყურეობის ქვეშ მყავდა, ვგრძნობდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდა ჩაფიქრებული, სარფში უკვე ელოდებოდა პოლიცია ამ ნაძირალას.
ამირანი: ხო ვიძახდი ხელები მექავება თქო, დავინახე თუ არა მაშინვე მივხვდი რა დამპალიც იყო ის ბისმარკი.
ირინელა: სასამართლოზე ვთხოვე მოსამართლეს, ძალიან მკაცრად არ დაესაჯათ ბისმარკი, რაც არ უნდა იყოს ჩემი შვილის მამაა, ჰო, ბიჭი მყავს, ბიჭს მამაჩემის სახელი დავარქვი – დავითი, არც მე მინახავს მამაჩემი და ალბათ ვერც ჩემი შვილი ვერ ნახავს მამამის. ნახევარი წლის შემდეგ, ამირანმა ბავშვი იშვილა. მეც თავს მევლება, საშინლად შეთხლეშილია ჩემზე, ხელებს მიკოცნის და სულ უნდა, რომ ფეხებიც დამიკოცნოს, მაგრამ მე არ ვრთავ ნებას. რა წესია ფეხებზე კოცნა? არ მესმის. ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში ერთხელ მოაქვს თეთრი ვარდების თაიგული, ვერ შევაგნებინე, რომ არ მიყვარს ეს ყვავილები. მინდოდა ეხლა მე ამირანის ცოლობა? მაგრამ, იქნებ ესაა ჩემი ბედნიერება და მე ვერ ვხვდები.
სახლიდან ყოველ დილით 8 სთზე გამოვდივარ, ჩემს ბინას ორი კარი აქვს, ხის და რკინის. ჯერ ხის კარს ვკეტავ და მერე რკინისას. ლიფტი არა გვაქვს და არც მჭირდება, რადგან პირველ სართულზე ვცხოვრობ, ამიტომ სირბილით გამოვრბივარ, ადრე ჩვენს ქუჩას ჯერ ელმავლის ქუჩა ერქვა… თუმცა, ეს უკვე იცით, გითხარით დასაწყისში….. ჯობია ის გითხრათ, რაც ჯერ არ მითქვამს:
- ამასწინათ წერილი მივიღე:
„გამარჯობა ჩემო ძვირფასო ირინელა, ძალიან მწყინს, რომ ყველაფერი ასე მოხდა, იმედი მაქვს გესმის ჩემი, შენ ხომ ყოველთვის გესმოდა ჩემი.. ყველა შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, რომელიც შენ ბედნიერებას და სიმშვიდეს მოგიტანს, მიყვარხარ და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები. ალბათ წარმოუდგენელია ერთი წელი არ ნახო ადამიანი, არაფერი იცოდე მის შესახებ და მის გახსენებაზე გული ისევ ისე გიცემდეს როგორც ადრე. როგორაა პატარა დავითი? ალბათ მე მგავს და ცოტათი შენც. მე ისევ რიჩისთან ერთად ვზივარ საკანში და დილიდან საღამომდე ისევ შენზე ვლაპარაკობთ მე და რიჩი. გახსენებ ჩემს ტრადიციულ თხოვნას, წაიკითხავ თუ არა ამ წერილს, აუცილებლად გაანადგურე, რადგან არ მინდა, რომ ვინმე უცხომ, ოდესმე ჩვენს გრძნობებზე რამე გაიგოს. შენი ბისმარკი. „სვაბოდამდე“ დარჩა სულ რაღაც 7200 დღე“…
დასასრული


