თეატრის ისტორია
“თავისუფალი თეატრი” გაიხსნა 2001 წლის 31 მარტს. ის მდებარეობს მეტრო “თავისუფლების მოედნის” უკან, მთავრობის ადმინისტრაციისაკენ მიმავალ კიბეებთან. იურიდიული მისამართი: თბილისი. რუსთაველის პრ. 2/4.
2001 წლიდან 2018 წლამდე შენობას ჰქონდა გემის, როგორც თავისუფლების სიმბოლოს ფორმა (არქიტექტორი პაატა ჭავჭანიძე). 2018 წელს რეკონსტრუქციის შემდეგ შენობამ იცვალა იერსახე. გაიზარდა სცენის პარამეტრები (სცენის სიგანე 11 მეტრი, სიღრმე 13 მეტრი), მაყურებელთა რაოდენობა 184. თეატრს აქვს მცირე სცენაც (სიგანე 5 სიღრმე 6 მ) მაყურებელთა რაოდენობა 70. “თავისუფალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი და მესაკუთრეა რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი.
დაარსების დღიდან, “თავისუფალი თეატრი” ინარჩუნებს ქართველი ახალგაზრდების ყველაზე საყვარელი თეატრის სტატუსს. ის საქართველოს ერთ ერთი ყველაზე წარმატებული თეატრია, ხოლო მისი სამსახიობო დასი, მიჩნეულია საუკეთესო თეატრალურ დასად.
“თავისუფალი თეატრი” პოპულარულია არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს ყველა ქალაქში, საკმარისია ნებისმიერ ქალაქში გამოაკრათ ერთი აფიშა, რომელიც იუწყება, რომ აქ მალე გამართავს წარმოდგენას “თავისუფალი თეატრი” და ბილეთები უმალვე ქრება სალაროებიდან. “თავისუფალი თეატრი” უყვარს მაყურებელს, რადგან მის სპექტაკლებში ქართველი ახალგაზრდობა მუდამ ხედავს თავის სათქმელს. “თავისუფალმა თეატრმა” სპექტაკლები უჩვენა საქართველოს ყველა კუთხეში. ის იყო პირველი თეატრი, რომელმაც მოახერხა და 2004 წელს უჩვენა სპექტაკლი კონფლიქტის ზონაში – ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში.
“თავისუფალი თეატრი” პირველივე სპექტაკლებიდანვე (“კომედიანტები“, “ჯინსების თაობა“, ”პროვოკაცია” და სხვ.) ჩამოყალიბდა როგორც სოციალურ – პოლიტიკური თეატრი და ქართველმა ახალგაზრდობამ შეიყვარა ის, როგორც მაღალი მხატვრული დონის, ასევე მისი სპექტაკლების მოქალაქეობრივი პოზიციის გამო. თეატრი პირველივე სპექტაკლებში ღიად დაუპირისპირდა იმდროინდელ ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ, ის არა ერთხელ გახდა ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი. 2002 წლის თებერვალში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სპეციალური სხდომაც კი მიეძღვნა “თავისუფალი თეატრის” დახურვის საკითხს. მაგრამ ქართველ ახალგაზრდებში მღელვარების შიშით, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა თეატრის დახურვა.
თეატრს ჰყავს მუდმივმოქმედი დასი და მათ გარდა, ასაქმებს 50-ამდე მსახიობს. საზოგადოება უკვე იცნობს “თავისუფალი თეატრის” სახეებს: აპოლონ კუბლაშვილს, კახა მიქიაშვილს, მარიამ ჯოლოგუას, ლაშა გურგენიძეს, თიკო კორძაძეს, ჯაბა კილაძეს, სლავა ნათენაძეს, გოგა ბარბაქაძეს, მაია დობორჯგინიძეს, მამუკა მუმლაძეს, თამუნა ნიკოლაძეს, გიორგი ჯიქიას, მარიამ ნადირაძეს, სალომე ჭულუხაძეს, შაკო მირიანაშვილს, გუგა ქაცარავას და სხვ. ამ თეატრის სცენაზე სხვადასხვა დროს, სპექტაკლებში თამაშობდნენ ქართული თეატრის ცნობილი მსახიობები: გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, თათული დოლიძე, მარინე ჯანაშია, ირინა მეღვინეთუხუცესი, რამაზ იოსელიანი, დიმა ჯაიანი, ევა ხუტუნაშვილი, ვანო იანტბელიძე და სხვ. “თავისუფალ თეატრმა” ბევრ სიხარულთან ერთად დიდი ტკივილიც ნახა, სწორედ “თავისუფალი თეატრის” სცენაზე დაიბადა და თეატრის პირველი ცხრა წელი, “თავისუფალის” ნომერ პირველი ვარსკლავი იყო, არაჩვეულებრივი მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური. “თავისუფალის” სცენაზე ითამაშა ბოლო როლები შესანიშნავმა მსახიობმა მიშა ჯოჯუამ.
“თავისუფალმა თეატრმა” დაარსების დღიდან, ფართოდ გაუღო კარი ქართულ რეჟისურას. ავთო ვარსიმაშვილის გარდა, თეატრში დადგეს სპექტაკლები მუმუშა გაწერელიამ, დათო დოიაშვილმა, გიორგი სიხარულიძემ, გოგი მარგველაშვილმა, გოჩა კაპანაძემ, გიორგი შალუტაშვილმა, ანდრო ენუქიძემ, გოგი თოდაძემ, ნუგზარ ლორთქიფანიძემ, სანდრო მრევლიშვილმა. შედგა ბევრი ახალგაზრდა რეჟისორის დებიუტიც, მათ შორის ვანო ხუციშვილის, საბა ასლამაზიშვილის, ნიკა ჩიკვაიძის, თომა ათანელიშვილის, ლაშა შეროზიას და სხვების.
შემთხვევითი არაა, რომ სწორედ “თავისუფალი თეატრის” მსახიობებით დაკომპლექტდა ყველაზე პოპულარული ქართული ტელე სერიალი “შუა ქალაქი” და არც ისაა შემთხვევითი, რომ სწორედ “თავისუფალი თეატრის” ბაზაზე შეიქმნა კინო სტუდია, რომელზედაც გადაღებული იქნა ისეთი მხატვრული ფილმები როგორიცაა “იდიოტოკრატია”, “ყველაფერი კარგად იქნება”. “მიდი ძმაო, მიდი,” “ისპაჰან – ბათუმი”, “ბამბაზიის სამოთხე” და “სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა”.
მრავალფეროვანია და შთამბეჭდავია “თავისუფალი თეატრის” საგასტროლო – საფესტივალო რუკა, ის არაერთხელ იყო ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: უკრაინა, ბელორუსი, ლატვია, რუსეთი, მოლდოვა, გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, ეგვიპტე, თურქეთი, რუმინეთი, ფინეთი, ესტონეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, უნგრეთი. ეს ის ქვეყნებია სადაც “თავისუფალმა თეატრმა” წარმოადგინა თავისი სპექტაკლები და მიიღო მაღალი შეფასებები.“თავისუფალი თეატრის” საზღვარგარეთ ნაჩვენებმა სპექტაკლებმა “კომედიანტები”, “ძმები“, “კავკასიური ცარცის წრე“,”მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, “მექანიკური ფორთოხალი“, “ვალსი ძილის წინ“, “რიჩარდ III“, “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“, “2030 – დასაკარგი არაფერი გვაქვს”, “ოტელო”, “სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი” – თეატრის პოპულარობა გაზარდეს და “თავისუფალი თეატრი” ჩააყენეს არა მარტო ქართული, არამედ ევროპის საუკეთესო თეატრების რიგში. ამის ლოგიკური შედეგი იყო, რომ ბუდაპეშტში, 2023 წლის მსოფლიო თეატრალურ ოლიმპადაზე, საუკეთესო თეატრალური ქვეყნებისა და თეატრების გვერდით საქართველო და ქართული თეატრი წარადგინა “თავისუფალმა თეატრმა” და უჩვენა იქ “რიჩარდ III” და “ოტელო”.
“თავისუფალი თეატრი” კვლავაც ერთგულია იმ დევიზისა, რომლის დეკლარირება მოახდინა დაარსების დღეს: “თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს თავის მაყურებელს”.