ეს პიესა სპეციალურად ნიკო გომელაურისათვის დავწერე 2009 წელს, როცა წავუკითხე მომეხვია და მითხრა: მადლობა, რომ მეძლევა საშუალება ყველას ავუხსნა სიყვარულიო. ნიკალას როლი ნიკოსთვის ბოლო როლი აღმოჩნდა, სულ 5 ჯერ მოასწრო მისი თამაში, მას მერე ეს როლი ჩვენთან ბევრმა მსახიობმა ითამაშა და სპექტაკლი დღემდე გადის, პიესა სხვა თეატრებშიც დაიდგა, მე კი, თვალწინ მაინც სულ ნიკო მიდგას და ყველა შემსრულებელში მას ვხედავ. ამიტომ ამ პიესას ნიკო გომელაურის ხსოვნას ვუძღვნი.
„მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! სამჯერ რატომ? ერთხელ არ გყოფნით?“ – მკითხა ღიმილით საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ – „ღმერთი სამობითაა თქვენო უწმინდესობავ“. ორივეს გაგვეცინა. „ მართალი ხარ, ღმერთი სიყვაულია!“
ავთო ვარსიმაშვილი
„მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“
პიესა 2 მოქმედებად
მოქმედი პირნი:
ნიკალა: – სოფლელი ბიჭი
თამთა: – სოფლელი გოგო
საფრთხობელა – მრავალი წელია ყანაში დგას და აფრთხობს ჩიტებს
ქანდაკება: – თამთას ბაბუის, ბაბუა
კაკოია: – ნიკალას მეგობარი
ვიტალი: – ყოფილი ჯარისკაცი
ძროხა
მდინარე
პეპელა
ბატი
ძაღლი
კუ
ნი – საფრთობელა
მოქმედების ადგილი საქართველოს ერთ ერთი ლამაზი სოფელი
საფრთხობელა: (ყვავს) აქშა, აქშა, იფრინე, იფრინე თავისუფლად!
ნიკალა: – (თავისთვის) მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!
საფრთხობელა: (ნიკალას) ისევ გიყვარს?
ნიკალა: – ყველაზე მეტად
შემოდის ძროხა, მას უკან ქანდაკება მოყვება.
ძროხა: – მუ, რძე, რძე, არ გინდათ რძე?
ნიკალა: – (ნიკალას) არა.
ქანდაკება: – მე აი იქ გავქვავდები.
ნიკალა: – მიდი, მიდი.
ძროხა: – (ქანდაკებას) არ გინდა რძე?
საფრთხობელა: – რა რძე ძროხა? აბა კარგად შემომხედე, მე საფრთხობელა ვარ, საფრთხობელები კი რძეს არ სვამენ, რამდენჯერ უნდა გითხრა. შე ძროხა.
ძროხა: – ჰო ძროხა ვარ, ძროხა, სხვათაშორის, არ ვიცი იცით თუ არა თქვენ, რომ ინდოეთში თუ უნდათ, რომ ქალს ასიამოვნონ და შეაქონ, თურმე იტყვიან ძროხას ჰგავსო.
კაკოია: – ჰო გენაცვალე, ოღონდ ეგ ინდოეთში, ჩვენთან არა, ჩვენთან მაგდენი არ ესმით.
ძროხა: – (ქანდაკებას) შენ არ გინდა რძე?
საფრთხობელა: – ეგ ქანდაკებაა, არც ქანდაკებები არ სვამენ რძეს.
ძროხა: – ხო მაპატიეთ, მაპატიეთ.
შემორბის ძაღლი და ქანდაკებას აშარდავს
ქანდაკება: – გადი ძაღლო.
ძროხა: – (ძაღლს) ძაღლო, გინდა რძე?
ძაღლი:– რძე? რძე მინდა.
საფრთხობელა: – (მაყურებელს) გიკვირთ არა? არ გინახავთ მოლაპარაკე ძროხა და საფრთხობელა? ჩვენს სოფელში მარტო ძროხა კი არა, რასაც დაინახავ ყველა ლაპარაკობს, ცხოველები, ფრინველები საგნები, მდინარე, მიწა – ყველა ლაპარაკობს. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ბედნიერი სოფელი.რა ბრძანეთ სადაა ჩვენი სოფელი? თავის დროზე, ჩვენი წინაპრები მოვიდნენ აქა და მდინარის პირას დასახლდნენ, მოიყვანეს ცოლები და დააჩინეს ბავშვები, მინდვრები გადახნეს და დათესეს, ცხოველები ამოიყვანეს და გაამრავლეს, მას მერე მიწა აქ გაზაფხულზე მწვანდება, ხოლო წვიმა აუჩქარებლად გვაწვიმს თავზე, აქ ხალხს, ცხოველებს, ფრინველებს, ქვეწარმავლებს და საგნებს – ერთმანეთის გვესმის , აქ აუჩქარებლად გადის წლები და ხალხიც აუჩქარებლად ცხოვრობს, იმიტომ, რომ ესაა აბსოლუტურად ბედნიერი სოფელი, სადაც მხოლოდ ბედნიერი ხალხი ცხოვრობს. არ იცით სადაა ჩვენი სოფელი? არ იცით და ნუ იცით, არც გეტყვით – მარტო იმას გეტყვით, რომ ეს ჩვენი სოფელი სადღაც ჯანდაბაში კი არაა, აქაა, აქ, საქართველოში.
მეორე თავი
ნიკალა: – (საფრთხობელას) აი ხედავ ამ ჯოხს, აქეთ იქით, წყლის მოსატანად, სათლებს რომ ვკიდებთ ხოლმე… სათლებს, სათლებს, ზოგიერთები, რომ ვედროს ეძახით, იმას მშვენიერი ქართული სახელი -სათლი ჰქვია. მოკლედ ჯოხი, რომელზედაც სათლებს ვკიდებთ, მაგიჟებს და მაღგზნებს კიდეც, ჰო, დავინახავ თუ არა ეგრევე ვეღგზნები. რატომ? გეტყვი. ამით ხომ წყალი მოაქვთ? წყალი ხომ მძიმეა არა? ეს ჯოხი რომ გაწვება მხრებზე წყლის სიმძიმით, ადამიანი წელში იმართება ბოლომდე და მთელი სხეული, განსაკუთრებით კი წინა საოცნებო ნაწილი ძალაუნებურად წინ ეწევა, ზურგი უკანალს აწვება და ამის გამო ადამიანს უკანალი ოდნავ ზევით აუდის, ისე აუდის ზევით, თითქოს თხოულობს: მოდი რა, მოდი ნუ დგეხარ, ხელი გადამისვი და მომეფერეო, მოკლედ წინა ნაწილი გამოპრეხილი აქვს და უკანალი კი აპრეხილი. ვერ გაიგე?
საფრთხობელა: – ვერა
ნიკალა: – ამ ჯოხით წყალი ქალებს დააქვთ, მეტწილად ახალგაზრდა გოგოებს, კაცები ხომ ვირები არიან, ეს ჯოხი მაგათ არ სჭირდებათ, ჩაავლებენ წყლით სავსე სათლებს ხელს და ისე გააქცუნებენ, აი ქალები კიდევ, რომ გადაიკიდებენ ხოლმე ამ ჯოხსა და მიდიან… დედა დედა, შეიძლება გული გაგისკდეს მათი ცქერით, თანაც წყლის სიმძიმის გამო, ხმას ვერ იღებენ და სასიამოვნოდ ზმუიან. რაც მთავარია ვერც ტრიალდებიან წესიერად, შენ კი შეგიძლია რაც გინდა უთხრა მაგ დროს ქალსა…. მე ნიკალა მქვია…
საფრთხობელა: – ჩემი მეგობარია
ნიკალა: – მამაჩემს ფიროსმანი უყვარდა ძალიან და მის საპატივცემულოდ დამარქვა, ამ საოცრებას კიდევ თამთა ჰქვია. (შემოდის თამთა) მოკლედ, მოდიოდა სოფლის ორღობეში ამ ჯოხით თამთა და მოათრევდა წყალს, გვერდზე ბატები მოყვებოდნენ ყაყანით, (შემოდიან ბატები და ძაღლი) მეც ორ ნაბიჯში მოვყვებოდი და აუჩქარებლად ვუხსნიდი სიყვარულს. ანდა რატომ უნდა მეჩქარა რა, ის გაიქცეოდა სადმე თავისი წყლებით, თუ მე მეჩქარებოდა? მივყვებოდი უკან და აუჩქარებლად ვეუბნებოდი თუ როგორ ძლიერ მიყვარს და ცოლად რომ გამომყვება, როგორი ძლიერი შვილები გვეყოლება, რადგან ისინი ძლიერი სიყვარულის შედეგად დაიბადებიან, გავა დრო და ჩვენ შვილებს კიდევ შვილები ეყოლებათ და იმათ შვილებს კიდევ შვილები და ვიქნებით ასე ყველანი ძლიერ და ლამაზ სიყვარულში….
პირველი ბატი: – გამომყევი ცოლად
მეორე ბატი:- მაცადე, ნუ მაჩქარებ, მომეცი დრო, რომ მოვიფიქრო
პირველი ბატი: – დრო რისთვის გინდა მშვენივრად ვიცი, უცდი, რომ ბადრიას უნიჭო ბატმა გთხოვოს ცოლობა არა?
მეორე ბატი: – უნიჭო რატომაა?
პირველი ბატი: – უნიჭოა აბა რა, ეგ რომ სიმღერას იწყებს ყვავებიც კი ყურებზე ფრთებს იფარებენ
მეორე ბატი: – რა დროს ბადრის ბატია, მომასმენინე, ნიკალა თამთას სიყვარულს უხსნის.
თამთა:- მინდოდა მოვტრიალებულიყავი და მეთხლიშა სიფათში, თანაც ერთი ორი ტკბილი სიტყვა მეთქვა მისთვის, ანდა თვალებით მაინც გამებურღა ეს ტუტუცი,
ნიკალა: – ტუტუცი მე ვარ.
თამთა: – მაგრამ რა გინდა რომ ჰქნა, როცა მხრებზე ამ სიმძიმე წყალი გკიდია? რამდენჯერაც დავაპირე მოტრიალება…
ნიკალა: – იმდენჯერვე მოვუმატე ნაბიჯს და მეც მასთან ერთად მოვტრიალდი…
თამთა: – ვერც ერთხელ ვერ ჩავხედე თვალებში ამ არგასაზრდელს…
ნიკალა: – იტრიალე, იტრიალე დედამიწის ბურთივით, შენი ეგ ტრიალი მაგრად მომწონს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ ტრიალით ამჟღავნებ, რომ ყრუ არ ხარ, გესმის რასაც გეუბნები და ყურადღების ღირსად მხდი, რაც თავისთავად ძალიან მსიამოვნებს, მეორეც კიდევ იმიტომ, რომ ეგრე უფრო კარგად ვათვალიერებ შენს სხეულს, ასე რომ მომწონს და მაგიჟებს, და რაც მთავარია მესამე და ეს მართლაც რომ მთავარზე მთავარია – კარგად მოისმენ რასაც გეუბნები და უკეთ ჩასწვდები ჩემი ნათქვამის ნამდვილ არსს. შენ შეიძლება ეხლა იმასაც კი ფიქრობ ჩემზე, ვირია ეს შობელძაღლი, მომყვება და არ მეხმარებაო, ვირი არა ვარ მამის სულს გეფიცები, ძალიანაც მინდა რომ მოგეხმარო, ხელში ავიტაცო წყლით სავსე სათლები და გავაქანო შენი სახლისკენ, მაგრამ მაშინ ხომ ვერ გეტყვი იმას, რომ მიყვარხარ და ძალიან მინდა, რომ ჩემი ცოლი გახდე.
თამთა: – აი ასე მოვდიოდით, სიმძიმისა და სიმწარისაგან ხმას ვეღარ ვიღებდი , ისე გადავიღალე, რომ ტრიალის თავიც აღარ მქონდა…
ნიკალა: – მოვდიოდით ასე, მე არ ვჩერდებოდი ის კი ზმუოდა და ზმუოდა..
თამთა: – ასე ვიარეთ ჩემს სახლამდე…
ნიკალა: – ჰო, მის სახლს რომ მივუახლოვდით, რა თქმა უნდა ეგრევე გავქრი, რადგან ვიცოდი, რომ სულ ცოტა, სილას მივიღებდი სიფათში.
თამთა: – რომ მოვტრიალდი აღარ დამხვდა, ისე გავბრაზდი, რომ მას მერე წყლის მოსატანად აღარ წავსულვარ…
თამთა გადის
მეორე ბატი: – თამთას რა ეწყინა ნეტა?
პირველი ბატი: – იცი შენ, ვინა ხარ?
მეორე ბატი: – ვინა?
პირველი ბატი: – მართლა ბატი ხარ!
თავი მესამე
ნიკალა, თამთა, თევზი და მდინარე.
ნიკალა: – აი ასე მივსდევდი მაშინ თამთას და მას მერე, მაგიჟებდა და მაღგზნებდა ეს ჯოხი, რომელსაც ასევე მშვენიერი და დღეს ყველასგან დავიწყებული ქართული სახელი „მხრეული“ ჰქვია, თამთას დანახვაზე, ჯერ პირში ხახა მიშრებოდა, მერე ყელში რაღაც მეწვოდა, მერე გულზე ცეცხლი მეკიდებოდა, მერე კუჭ-ნაწლავის გადახლართვა მემართებოდა და მერე კიდევ, უფრო ქვემოთ ნაწილებში, ცეცხლიც მეკიდებოდა და დოზანაც, მთელი სოფლისათვის საშიში გავხდი, თავ კონტროლს ვერ ვუწევდი და სისულელეს-სისულელზე ჩავდიოდი.
თამთა: – გახსოვს, კაბა რომ მომპარე?
ნიკალა: – რა დამავიწყებს, ეეე. მე მაშინ ორღობეში ვერ მოვასწარი ყველაფრის თქმა და გადავწყვიტე კიდევ რაღაც მომეგონა, რომ მას ჩემთვის ყური დაეგდო… ეს ჩემი ოცნების ქალი მდინარეში ბანაობდა…
მდინარე: – მე წყნარად მოვჩუხჩუხებდი, როცა თამთა შემოვიდა ჩემთან, მე ეგრევე შემოვეხვიე და გულში ჩავიხუტე…
თამთა: – ჩავყვინთე თუ არა…
ნიკალა: – ჩაყვინთა თუ არა, ბუჩქებიდან გამოვარდი, მის პერანგს და კაბას ხელი ვტაცე და დავდექი ჯორივით.
მდინარე: – მეც კი ვერ შევნიშნე მაშინ ნიკალა, მე საერთოდ ვერ ვამჩნევ ხოლმე რა ხდება ნაპირზე, თამთა ცურავდა ჩემში თავისთვის …
თამთა: – ჰო, მე ჩემთვის ვცურავდი მდინარეში და არ დამინახავს როგორ მომპარა ამ საზიზღარმა ტანსაცმელი, იქით ნაპირიდან სიმღერის ხმა ისმოდა.
მომღერლები ამღერდნენ
თამთა: – მგონი სიყვარულზე მღეროდნენ ვიღაცეები, მდინარე თავისთვის მოჩხრიალებდა, მდინარე თავის საქმით იყო დაკავებული, მას ხომ არ სცალია სიმღერის მოსასმენად, ის ხომ არასდროს არ ისვენებს,
მდინარე: – აბა, აბა, ეგრეა, რაც თავი მახსოვს ეგრეა, ჩემი დასვენება როგორ შეიძლება?
თამთა: – მაშინაც კი როდესაც ჩუმად და ნელა მოჩხრიალებს, მაშინაც მხოლოდ თავის საქმეზე ფიქრობს, მეალერსებოდა მთელ სხეულზე, ყელზე მეხვეოდა, სახეს მიკოცნიდა მდინარე…
მდინარე: – ნუ გამაწითლე, საქმეზე ილაპარაკე
თამთა: – ჰო, მდინარე სახეს მიკოცნიდა, ეს კი…
ნიკალა: – ეს კი… იდგა და შეჰყურებდა მას ვისთვისაც სიცოცხლეს დაუფიქრებლად გასწირავდა, იდგა და ფიქრობდა, რა იქნება ეხლა მდინარე ადიდდეს და ჩემი თამთა გაიტაცოს, რომ გადავხტე წყალში და გადავარჩინოო, მერე გულწასული, ხელში აყვანილი ნაპირზე გამოვიყვანოო და ხელოვნური სუნთქვა გავუკეთოო…
მდინარე: – რა სულელია მაინც ადამიანი…
თამთა: – ნიკალა, რას დამდგარხარ მანდ შტერივით, რაზე ფიქრობ?
ნიკალა: – იმაზე ვფიქრობ, რომ შენ ჩემთვის ამ ქვეყნად ყველაზე მთავარი რამე ხარ.
თამთა: – ე მთავარი არა ისა, ჩემი ტანსაცმელი მომეცი.
ნიკალა: – მოგცემ როცა ყველაფერს გეტყვი, მანამდე კი იჯექი მაგ დალოცვილ მდინარეში და მისმინე, სიყვარულზე უნდა გებაასო.
მდინარე: – თვითონაც არ მახსოვს რამდენი წლის ვარ, მაგრამ, როდესაც ვინმე სიყვარულზე იწყებს ლაპარაკს პატარა ნაკადულივით წყნარი ვხდები ხოლმე…
თამთა: – დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, რაც კი რამ სისულელე ჰქონდა გაგონილი ან რადიოში ან ტელევიზორში, ყველაფერი მომიყვა, მსოფლიო პოლიტიკაც განიხილა და დაწყებული ჩვენი სოფლის აქტივისტებით, დამთავრებული თბილისში ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსებით, ყველანი მიწაში ჩადო, ბოლოს როგორც იქნა რაღაცნაირად და ბოდვა ბოდვით თავის გრძნობებამდეც მივიდა…
მდინარე: – მიდი ნიკალა, ნუ დალიე სული…
ნიკალა: – იცი, ადრე, აი სულ ადრე, პატარა რომ ვიყავი, ჯარისკაცობა მინდოდა, მერეც ხომ მინდოდა და მინდოდა და აი ეხლა კიდევ როცა დამოუკიდებელი ქართული ჯარი გვყავს, სადაც თან აჭმევენ, აცმევენ და იარაღსაც ურიგებენ, ისე მინდა წასვლა, რომ როგორც კი გამომიძახებენ წუთსაც არ გავჩერდები ისე გავარდები არა, მაგრამ რომ გამომიძახონ იცი, არსადაც არ წავალ, რომ დამიჭირონ, არსადაც არ წავალ, ციხეში რომ ჩამსვან, მაინც არ წავალ, კომისარიატის კედელთან რომ დამაყენონ, დამხვრიტონ და მერე ნაწილ ნაწილ ამკუწონ კიდეც, მაინც არ წავალ და იცი რათა?
თამთა: – რათა ნიკალა, დროზე თქვი გავიყინე.
მდინარე: – რამ გაგყინა გოგო?
თამთა: – რათა ნიკალა? რათ არ წახვალ ჯარში?
ნიკალა: – იმათა, რომ შენ ვერ დაგტოვებ გოგო.
მდინარე: – გაიგე შენა?
თამთა: – რა უნდა მექნა? დავიწვი მისი საცოდაობით, წარმოვიდგინე, რომ ხვრიტავენ და მერე ნაწილ ნაწილ კუწავენ და შემეცოდა, ძალიან შემეცოდა, მართალია ისე გაბრაზებული ვიყავი მასზე, რომ მზად ვიყავი თვითონ დამეხვრიტა კომისარიატის კედელთან და თვითონვე ამეკუწა ნაწილ ნაწილ, მაგრამ მაინც შემეცოდა და წყლიდან ასე შიშველ ტიტველი ამოვედი …..
მდინარე: – რას შვრები გოგო სირცხვილია…
ნიკალა: – თამთა..
თამთა: – ამოღერღა მან…რა იყო ნიკალა?…
ნიკალა: – რისი თქმა მინდა იცი?…
თამთა: – რისი ნიკალა?
ნიკალა: – იდგა ჩემი თამთა ასე ტიტველი, თვალებიდან ცრემლები სდიოდა ღაპა ღუპით და მთელი ტანით კანკალებდა…
თამთა: – სიბრაზისაგან…..
ნიკალა: – მერე უცებ მომეკრა…
თამთა: – რომ არ მეკანკალა…
მდინარე: – მეც კი ავღელდი და ყველას მოვაჩვენე თითქოს თავისი გზით მივჩქრიალებდი, თითქოს ზედაც არ ვუყურებდი მათ, თითქოს არ მეცალა მათთვის, თითქოს ჩემი საქმე მქონდა…
თამთა: – პირველმა მე მოვხვიე ხელი…
ნიკალა: – მე მეორემ… და ვუთხარი ჩურჩულით… „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“
თამთა: – ცრემლები არ მიჩერდებოდნენ, მომდიოდნენ და მომდიოდნენ თვალებიდან და მეც ვჩურჩულებდი…
ნიკალა: -თამთა…
თამთა; – ნიკალა….
ნიკალა: – თამთა….
თამთა: – ნიკალა…..
ნიკალა: – მიყვარხარ!
თამთა: – მიყვარხარ!
ნიკალა: -მიყვარხარ!
მდინარე: – რა სასაცილოები არიან ეს ადამიანები, რა უჭკუოები, აი, ხომ დგანან ასე სულელებივით, ეხლა ნახეთ კოცნას დაუწყებენ ერთმანეთს, (ნიკალა და თამთა კოცნიან ერთმანეთს) ა, ხომ გითხარით, კოცნიან, ეხლა კი ნახეთ, დაწვებიან, აქვე ჩემს გვერდით.. აი, ესეც ხომ გითხარით, (თევზს) შენ ნუ უყურებ, პატარა ხარ.
თევზი: – არა ვარ პატარა, უკვე სამი კვირის ვარ, მაინტერესებს…
მდინარე: – ასე ხდება მას მერე, რაც აქ პირველად ადამიანი ვნახე, იმიტომ გითხარით უჭკუოები და სასაცილოები არიან თქო, ამდენი ხანია ახალი ვერაფერი მოიფიქრეს. გამეცალეთ აქედან.(ასხამს მათ წყალს).
ნიკალა: – მდინარევ, თვითონ ხარ უჭკუოც და სასაცილოც.თანაც ბებერი ხარ.
თევზი: – ვინაა შენი ბებერი,? თვითონა ხარ ბებერი, მდინარე კი ახალგაზრდაა, ლამაზი, ჭკვიანი. მდინარევ!
მდინარე: – რა იყო?
თევზი: – მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!
მდინარე: – მოდი აქ ჩემთან! (მოეხვევა და გაყავს)
თავი 4.
ნიკალა, თამთა და საფრთხობელა
საფრთხობელა: – მაშ არაო?
ნიკალა: – აბა! აზრზე ხარ, არაო.
საფრთხობელა: – ვითომ რადაო?
ნიკალა: – ჰკითხე, იქნებ შენ გითხრას
საფრთხობელა: – შენ ჰკითხე, მე მოვუსმენ…
ნიკალა: – თამთა, აი, გეკითხები და გვიპასუხე, რათა ვითომ?
თამთა: – ვაა, რით ვერ გაიგე, მიყვარხარ, ძალიანაც მიყვარხარ, ხომ ხედავ ამდენი ხნის სათუთად ნალოლიევი ქალიშვილობაც შენ გაჩუქე, მეტი რა გინდა შე მუქთახორა შენა, მაგრამ ჩემს ცოლობას ვერ ეღირსები ვერა, ბოლომდე ჩემზე უფლებებს და გავლენის სფეროების გაფართოვებას ვერ მოგცემ.
ნიკალა: – რა უფლებას, რა გავლენის სფეროებს ვერ მომცემ?, თუკი ქალიშვილობა მომეცი და თანაც გიყვარვარ, მეტი რაღა უფლება და გავლენები უნდა მომცე?
თამთა: – მე რომ შენი ცოლი გავხდე, შენი ამბავი, რომ ვიცი ადგები და თავზე დამაჯდები
ნიკალა: – რაში გამოიხატება თავზე დაჯდომა? თუკი ეხლა მაინც მთელი დღეები ერთად ვართ ამ მინდორში და თავზე არ გაჯდები მერე რაღატომ დაგაჯდები?
თამთა: – ეხლა მარტო დღე ვართ და მერე ღამეც რომ ვიქნებით ერთად,მაშინ ოოო
ნიკალა: – ოოო, რა ოოო?
თამთა: – ნიკალა, ცოლ ქმრობასთან ერთად სიყვარული ქრება, მე კიდევ არ მინდა, რომ აღარ გიყვარდე, არ მინდა, რომ გადამიყვარო.
ნიკალა: – რას ამბობ თამთა, როგორ შეიძლება, რომ გადამიყვარდე, როცა შენზე უკეთესი ამ სოფელში კი არა ამ სამყაროში არ დადის?
თამთა: – რას აიჩემე ყველას ჯობიხარო, აბა ამიხსენი რითი ვჯობივარ ყველას?
ნიკალა: – რა ვიცი მე რითი სჯობიხარ, მაგდენი სიტყვები კი არ ვიცი რომ ეგ გითხრა, განათლება მაკლია
თამთა: – ჰოდა წადი ჯერ სწავლა განათლება მიიღე და მერე იფიქრე ცოლის მოყვანაზე, რად მინდა მე გაუნათლებელი ქმარი.
გადის
ნიკალა: (საფრთხობელას) ა, ხედავ ხო?
საფრთხობელა: – ისე მართლა რითი სჯობია ყველა სხვას?
ნიკალა: – არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ვიცი მხოლოდ, რომ როცა არ უნდა დავინახო, რაც არ უნდა ციოდეს, აი აქ (მკერდზე) ისე მითბება, თითქოს ცხელი ჰაერი შემიშვესო რა. ვიცი, ხელს, რომ ვკიდებ ისეთი ელექტროენერგია მივლის მთელ ტანში, რომ მავთულები, რომ შემიერთონ, მთელ სოფელს თელასზე უკეთ გავანათებ და თანაც უფასოდ, ვიცი, რომ, მას როცა ვერ ვხედავ, ისეთი შეწუხებული და დარდიანი ვხდები, რომ იმ წუთში ჩემი სახე ტელევიზიით მსოფლიოს რომ უჩვენონ, შეიძლება ჩემი დარდით მსოფლიო ისე დაიწვას, რომ მთელ საქართველოს ფინანსურად დაეხმარნონ.. ეს კი მეუბნენა ცოლად არ გამოგყვებიო.
საფრთხობელა: – და მაინც, ზამთარში რა უნდა ჰქნათ?
ნიკალა: – ჰო, გუშინ სიმინდებში ვიყავით, დღეს მზესუმზირებში, ზამთარში მართლა რა უნდა ვქნათ?
საფრთხობელა: – შემოდგომაზე, მე ბეღელში შემაგდებენ, იქ თბილა და ბევრი ტომარაა, იქ მოდით ხოლმე
ნიკალა: – არ გამოვა, ამას შენი შერცხვება, იცი როგორი მორცხვია?!, თანაც შენი ამბავი რომ ვიცი, თვალებს გადმოკარკლავ და ისე მოგვაშტერდები.
საფრთხობელა: – არა რას ამბობ?, მე ხომ საფრთხობელა ვარ, მაგ დროს უკვე მეძინება, შემოდგომიდან გაზაფხულამდე ღრმა ძილით მძინავს.
ნიკალა: – სიზმრებს თუ ხედავ?
საფრთხობელა: – ვხედავ, როგორ არ ვხედავ, ჩემს შეყვარებულს ვხედავ, გინდა მოგიყვე?
ნიკალა: – მიდი.
საფრთხობელას სიზმარი
საფრთხობელა: – ერთი გოგო მიყვარდა, რას მიყურებ? რა გგონია, საფრთხობელას არ შეიძლება ვინმე უყვარდეს? რა იმნაირი ხომ არ გგონივარ,? მართლა, შენ მე უბრალო საფრთხობელა ხომ არ გგონივარ? იცი რა მქვია?, „ობერ“ ქართველი გერმანელი ვარ, გვარად ობერბერგერი, გავიგონე როცა მაყენებდნენ აქ ამ ყანაში, გერმანელი ჯარისკაცის ფორმა მომახურეს და მითხრეს, შე ჩემის ობერბერგეროო, მოკლედ, ერთი ნი მიყვარდა, ის უჯიშო ბადრის ყანაში იდგა, იმასაც ვუყვარდი, მე აქედან გავძახებდი ნიიიი!!!! ის იქიდან მომძახებდა ობეეერ!!!! ვიყავით ასე სიამტკბილობაში. მერე. უჯიშო ბადრიამ ყანა გადახნა და ხორბლის მაგივრად საზამთრო დათესა, ჩემი ნიიი აღარ დასჭირდა, ამოგლიჯა და სადღაც მიაგდო… მას მერე მესიზმრება ჩემი ნიიი, ის იქიდან ჩნდება და მიძახის „ობეეერ, მე აქედან ვუძახი „ნიიი!!!“
თავი 5
თამთას ბაბუის, ბაბუის, ბაბუის ქანდაკება და თამთა, შემდეგ ნიკალა და საფრთხობელა.
თამთა: – ბაბუა, ბაბუა, შენი რჩევა მჭირდება
ქანდაკება: – არ მცალია, მე მიწას ვუსმენ, მთელი თვეა გრგვინავს და გრუხუნებს ჩვენი მიწა, გაიგე შენა?
თამთა: – ვერა
ქანდაკება: – სულელი ხარ და იმიტომ, გრგვინავს მიწა, გრგვინავს, გრუხუნებს, ზანზარებს ჩვენი მიწა.
თამთა: – ბაბუა, ბაბუა, რა დროს მიწაა, იგრგვინოს თუ გრგვინავს, მე შენი რჩევა მჭირდება, მიწის გრგვინვა რაში მადარდებს.
ქანდაკება: – არ გესმის შენ? სულელი და უჭკუო ხარ და იმიტომ, გრგვინავს მიწა, გრგვინავს. სადღაც შორს კი ციმბირში, ქალაქ ისკეტიმიდან, თავის სახლიდან გამოვიდა ამ წამს კაცი სახელად შუსტრი ვიტალი და ჩაჯდა მატარებელში, თუკი რამე უნდა გადარდებდეს ეხლა ამ წუთში, ეს უნდა გადარდებდეს – ვიტალი, შუსტრი ვიტალი.
თამთა: – აუ, ბაბუ, შენ ერთი საუკუნეა აქ დგახარ და ეტყობა სულ მთლად დაბერდი და გამოშტერდი, მომისმინე და ნუ მაწყვეტინებ, რა დროს შუსტრი ვიტალია, ორსულად ვარ, ნიკალა გიჟსა გავს სიხარულით, ეხლა ხომ მაინც გახდები ჩემი ცოლიო, მე კიდევ არც გათხოვება მინდა და არც ბავშვის გაჩენა, რაღაც ბალახ ბულახებიც კი დავლიე, არ მიშველა, ნიკალა იცინის, დედამიწაზე ისეთი ბალახი ჯერ არ ამოსულა ჩემს სიყვარულს მოერიოსო.
ნიკალა: – ეგრეა, როცა მართლა გიყვარს, ვერავინ, ვერავინ ვერ მოგერევა, ვერც ბალახი და ვერც სხვა ოხრობა, მე შენ ისე ძლიერად მიყვარხარ, რომ შვილებიც ძლიერი გვეყოლება და ვიქნებით ისე ძლიერად, რომ ჩვენი მომრევი კაცი არ იქნება ამ ქვეყანაზე
თამთა: – გეუბნები არ მინდა, რომ გამოგყვე ცოლად, რით ვერ გაიგე?
ნიკალა: – მე კიდევ გეუბნები, რომ ვერც გავიგებ ვერასოდეს, სულ ცოტა ექვსი შვილი გვეყოლება, იმიტომ რომ ახალგაზრდები ვართ და ჯანი შეგვწევს, ათივე ლამაზი და ჯამრთელი იქნება და თორმეტივე ბიჭი იქნება და თოთხმეტივეს ნიკალა დავარქვათ, წარმოიდგინე?!
თამთა: – წარმოვიდგინე და ცუდად გავხდი ამისაგან.
ნიკალა: – ცუდად შენ ორსულობის გამო გახდი, უნდა გამომყვე ცოლად, სხვა გზა არა გაქვს, აბა უქმროდ ხომ არ გააჩენ შვილსა. წარმოგიდგენია რეებს იტყვიან მერე შენზე სოფელში,? შერცხვენილი და თავლაფდასხმული ივლი.
თამთა: – რა ვქნა ბაბუა, მირჩიე, შენ ხომ ჭკვიანი ხარ, ამდენი ხანია აქ დგახარ, რამდენი რამ გინახავს, სულ ადრე სტალინიც კი გინახავს, მართლა ნახე სტალინი?
ქანდაკება: – ვნახე, ტანკით მოდიოდა, უზარმაზარი ულვაშები ჰქონდა და ხელში დიდი ქვემეხი ეჭირა, იცი რამხელა იყო? აი ამ სახლის ხელა იყო, ეჰ, ძალიან ადრე იყო ეგ.
თამთა: – კინოში რო პატარა ჩანს?
ქანდაკება: – მართალი ხარ, შორიდან პატარა ჩანს, მე კი ახლოდან ვნახე. ტანკზე იჯდა და ქვემეხით ისროდა, хорошо стрелял сволочь!
არ მოიცილო ბავშვი, გრგვინავს მიწა, გრგვინავს, გრუხუნებს..
თამთა: – რა გამიჭირე საქმე ამ მიწით, თუ გრგვინავს, იგრგვინოს, მაგის გამო ნიკალას ბავშვი უნდა გავუჩინო და მისი ცოლი გავხდე?
ქანდაკება: – სულელი ხარ მეთქი გითხარი, მიწა გრგვინავს იმიტომ, რომ მატარებლები დაიძრნენ, ჩვენსკენ დაიძრნენ, შუსტრი ვიტალიც დაიძრა ჩვენსკენ!, ბევრი მატარებელია, რუსეთის სხვადასხვა მხრიდან მოდიან მძიმე მატარებლები, მე რუსებს ვიცნობ, ტყუილად არ დასძრავდნენ ეგენი მატარებლებს, ჯარი მოყავთ აქეთ, ჯარი!
თამთა: – ჯარი? მერე,? რა ოხრობა უნდათ?
ქანდაკება: – ის ოხრობა უნდათ, რომ ომი იქნება, ეს კი ნიშნავს, რომ წაიყვანენ შენს ნიკალას ომში, ეს კიდევ თავის მხრივ იმასაც ნიშნავს, რომ შეიძლება ნიკალა მოკლან კიდეც ამ ომში და დარჩები, მერე შენ ნიკალას გარეშე.
თამთა: – მოიცა ბაბუა და რატომ უნდა მოკლან ჩემი ნიკალა, რა აუცილებელია, რომ მოკლან?
ქანდაკება: -არა, აუცილებელი სულაც არაა, მაგრამ ომში თუ წავიდა, დამეთანხმე რომ ეს შესაძლებელია?
თამთა: – იქნებ შენ რაღაც აუარ დაურიე, საუკუნეა აქ დგახარ, იქნებ სულ გამოშტერდი და გეჩვენება რაღაც მატარებლები, გრუხუნი, ვიღაც ვიტალი და არანაირი ომი არ იქნება?!
ქანდაკება: – არაფერი არ მეჩვენება, იქნება, აუცილებლად იქნება ომი!
თამთა: – ბაბუ, როგორაა ეს სამყარო მოწყობილი?! ხედავ, გაიმარჯვა მაინც ნიკალამ ჩემზე და ძალაუფლებაც აიღო ხელში და გავლენის სფეროებიც გააფართოვა, მიყვარს ბაბუ, ცოლადაც გავყვები, ბავშვსაც გავუჩენ და ომში თუ წავა, ვინაღვლებ კიდეც, ეხლაც მის გამო მდის ეს ცრემლები, მის გამო, იმიტომ რომ მეცოდება ეგ ოხერი, რომ წარმოვიდგენ რომ მოკლავენ ომში, რატომ ხდება ეგრე ბაბუა, რატომ ვტირი ეხლა მე, გიჟი არა ვარ? – წავალ მე ბაბუა, მიცდის ის ოხერი
ქანდაკება: – წადი შვილო, წადი, მე კი აქ დავრჩები, მოგონებებს მივცემ თავს, უამრავი რამ მაქვს მოსაგონარი, უამრავი, რამდენი რამ ვნახე ამ ასი წლის მანძილზე, ისიც ვნახე, ესეც ვნახე, ეჰ.. მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში მაინც ბებიაშენი იყო, როგორ მიყვარდა…
საფრთხობელა: – ისევ გიყვარს?
ქანდაკება: -მიყვარს და მუდამ მეყვარება ჩემი მზევინარი, ნეტა მისი ქანდაკებაც გაეკეთებინათ და აქვე დაედგათ, ეჰ. Дорогая, ჩემი მზე ვინაა? ვკითხულობ და ველი პასუხს, ჩემი მზე ვინაა?… მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!
თავი 6
ნიკალა, თამთა
ნიკალა: – პირდაპირ შემოაბიჯა სახლში, გაუფრთხილებლად, ასეთი თვინიერი და დამჯერი პირველად ვნახე
თამთა: – სხვა რა გზა მქონდა რო?
ნიკალა: – მოვეხვიე და ჩავიხუტე ჩემი ოცნება
თამთა: – მეც მივენდე და უსიტყვოდ მივეკარი
ნიკალა: – გადაწყვიტე, რომ გააჩინო ბავშვი?
თამთა: – მე კი უსიტყვოდ უფრო მივეკარი და მივეკარი
ნიკალა: – მაშ გადაწყვიტე, რომ ცოლად გამომყვე?
თამთა: – მე კიდევ უსიტყვოდ უფრო მეტად ვეკრობოდი და ვეკრობოდი
ნიკალა: – და თავსა და მხრებს მიქნევდა თანხმობის ნიშნად,
ნიკალა: და თამთა: – „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“
თამთა: – რას გავს აქაურობა, რა დასალაგებელია სახლი. (იწყებს სახლის დალაგებას)
ნიკალა: – ჯერ არ შემოსულხარ სახლში და უკვე ბრძანებლობ? (მაყურებელს) ოღონდ ერთი კია, რატომღაც თვალებიდან ცრემლები სდიოდა და სდიოდა. რა გატირებს თამთა?
თამთა: – ვერ ხვდები?
ნიკალა: – ვერა.
თამთა: – სულელი ხარ და იმიტომაც ვერ ხვდები. მეცოდები, არ მინდა, რომ მოგკლან.
თავი 7
ქორწილი.
ბატიi:- უცნაური ქორწილი იყო, პატარძალს დიდი მუცელი ჰქონდა და და ამიტომ უხერხულად გრძნობდა თავს, სიძე მოღუშული იყო, წარბები შეჭმუხნული ჰქონდა და ისე იყურებოდა თითქოს ვიღაცის ცემა უნდაო. ქორწილში ბევრი ხალხი იყო, მთელი სოფელი იყო დაპატიჟებული. სუფრასთნ, რომ დასხდნენ ვიღაცამ რუსულად იყვირა ‘გორკაო“, ნიკალა წამოხტა „გორკას მოგცემ, შე შობელძაღლო, მაიმუნო ვირიშვილოო, გაგიხეთქავ მაგ თავსო“, მაგრამ თამთამ უცებ მოჰხვია ხელები და ტუჩებში ისე აკოცა, ისე აკოცა, რომ ნიკალა ეგრევე დატკბა, ყველას გაუღიმა და ცეკვა დაიწყო. თამთა მთელი საღამო ნერვიულად იყო, ხან იცინოდა, ხანაც ტირილი აუვარდებოდა, მაგიდიდან დგებოდა და ისიც ცეკვას იწყებდა, შემდეგ ჩერდებოდა, მირბოდა ნიკალასთან და ტუჩებში კოცნიდა.
თამთა: „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“
კუ: რას მომშტერებიხართ? მე კუ ვარ, კუ, ჩემი სიყვარული არ გინახავთ?სადღაც შეძვრა და ვერ ვპოულობ…
საფრთხობელა: – ხალხი ისე დათვრა და ისე ხმაურობდა, რომ აღარაფერი მესმოდა, მესმოდა მხოლოდ კაცების…
კაცები: – ხო, ხო, ხოხო
საფრთხობელა: – და ქალების…
ქალები: – ხა, ხა, ხა,ხა
ქანდაკება: – გრგვინავს მიწა, გრგვინავს ჩვენი საყვარელი ქართული მიწა, მოიწევენ ჩვენსკენ ტანკები, მოფრინავენ თვითფრინავები, მოაბიჯებენ ჯარისკაცები, ყოჩაღი ვიტალი მოიწევს აქეთ.
ნიკალა: – თამთა! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!
საფრთხობელა: – იმ ღამეს, ეს იყო ბოლო სიტყვა, რომელიც მოვისმინე, დილით კი, პირველი სიტყვა, რომელიც მოვისმინე იყო „ომი“.
პეპელა: – ომი რა არის?
საფრთხობელა: – ომი საშინელებაა, ომზე ცუდი არაფერია
პეპელა: – ომის დროს ასე ტირიან ხოლმე?
საფრთხობელა: – ჰო, ომის დროს მხოლოდ ტირიან
პეპელა: – საერთოდ არ იცინიან?
საფრთხობელა: – იშვიათად, ისიც მხოლოდ სიმწრისაგან.
თავი 8
თამთა, ნიკალა, საფრთხობელა
ნიკალა: – უნდა წავიდე, ყველანი უნდა გამოცხადდნენო
თამთა: – რომ უთხრა კომისარიატში გუშინ ცოლი მოვიყვანეო არ წაგიყვანენ, თავს გაგანებებენ
ნიკალა: – ისინი კი ალბათ გამანებებენ და არ წამიყვანენ ომში, მაგრამ მე როგორ გავანებო თავი? ყველა ჩემი ბიჭი იქ მიდის და მე როგორ დავრჩე აქა? ყველა რეზერვისტი უნდა გამოცხადდესო, მე რა, რეზერვი არა ვარ თუ რა, გამიგე რა
თამთა: – ვერაფრით ვერ გაგიგებ, სისულელეა ეგ ყველაფერი, რა რეზერვი, რის რეზერვი, მაგათთვის თუ რეზერვი ხარ, ჩემთვის ძირითადი ხარ, ვინ გეძახის? ვის რაში სჭირდები? იქნებ შენ ამ ქვეყნად მხოლოდ მე მჭირდები?.
ნიკალა: – რა თქმა უნდა ამ ქვეყნად მხოლოდ შენ გჭირდები, მაგრამ უნდა წავიდე, ასეა საჭირო, თანაც დიდხანს ნამდვილად არ მოგიწევს ლოდინი, ვერ გაიგონე ტელევიზორში რა თქვეს საზღვრებამდე ვაკონტროლებთო სიტუაციას, რეზერვისტები კიდევ ომისთვის კი არ ვჭირდებით, ჩვენ სოფლებში უნდა ჩავდგეთ, რომ წესრიგი დავიცვათ, ეხლა სხვა დროა, ეს ომი რამოდენიმე დღეში დამთავრდება და მეც შენთან გავჩნდები. მერე კი ვერავინ შეგვიშლის ხელს, ვიცხოვრებთ ისე, როგორც გვინდოდა ცხოვრება, უფრო უკეთესადაც კი ვიცხოვრებთ, იმიტომ, რომ უფრო მეტად მოგვენატრება ერთმანეთი, აი მე უკვე მენატრები კიდეც და ისევ მინდა გელაპარაკო სიყვარულზე, იმაზე თუ რა ძლიერ მიყვარხარ და იმაზე თუ როგორ გამიღიმა ბედმა, რომ შენ ჩემი ცოლი გახდი და იმაზე, რომ აწი სულ ერთად ვიქნებით და ვერსად ვერ წახვალ ჩემგან, რადგან ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები.
თამთა: – მე არსადაც არ ვაპირებ წასვლას, ეს შენ მიდიხარ ჩემგან შე ოხერო შენა, მე არსად ვაპირებ წასვლას იმიტომ, რომ მიყვარხარ შე საზიზღარო, შენ კი დამდგარხარ აქ და სისულელეებს სისულელეებზე მეუბნები, ომში გარბიხარ, გინდა გმირად დაბრუნდე, მაგრამ მე გმირი არ მჭირდება, მე მინდა, რომ ქმარი მყავდეს სახლში და არა გმირი.
ნიკალა: – არანაირ გმირობას არ ვაპირებ, რადგან არაა ეგ ჩემი საქმე და არც ვიცი როგორ ხდებიან გმირები, სროლა კი არა, ავტომატის ჭერაც არ ვიცი ხელში, უბრალოდ ბიჭებს ვერ მივატოვებ თამთა…
თამთა: – ვიცი, ვიცი, შენზე კარგად ვიცი, რომ არანორმალური ხარ, აი ეგეთი განსაკუთრებული ბედი მაქვს, რომ არანორმალური შევიყვარე, რომელიც ყველგან პირველი მიძვრება და ხიფათს რომ ხედავს თავით ხტება ამ ხიფათში, მარტო შემიყვარდა კი არა ცოლადაც გავყევი, გუშინ ქორწილი გვქონდა და დღეს კიდევ ეს ომში მირბის, გუშინდელი სტუმრები დღეს ნამცეცობაზე, რომ გადმოვლენ, რა ვუთხრა? ქმარი პირველივე ღამის შემდეგ გამექცაო?
ნიკალა: – მოითმინე და დავბრუნდები
თამთა: – ყველაფერს მოვითმენ, ოღონდ კი დაბრუნდი.
ნიკალა: – აი, ასე დაველაპარაკეთ უკანასკნელად ერთმანეთს და მე ომში წავედი, რომ მებრძოლა და მეცადა
თამთა: – მე დავრჩი, რომ მეცოცხლა და მისთვის მეცადა. – როგორ არ მინდოდა, რომ წასულიყო,
ნიკალა: – როგორ არ მინდოდა განშორება, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, ტუჩებს ვიკვნეტდი, რომ არ მეტირა, მაგრამ ცრემლები თვითონ მსდიოდნენ, ფეხები უკან მრჩებოდა, მაგრამ მაინც მივდიოდი…
ნიკალა: – „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“
თამთა: – ის მხოლოდ ოცი წლის იყო
ნიკალა: – ის კი ცხრამეტის. ის დარჩა
თამთა: – ის კი წავიდა
ნიკალა და თამთა: – კვირა დღეს, ომში.
საფრთხობელა: – კვირა დღეს, ომში.
თავი 9
ნიკალა: – … ჯერ საშინლად გვცემეს, გვაგინებდნენ, ძირს დაგვაგდეს და ფეხებით სახეში გვიტრყამდნენ, საშინლად მტკიოდა სახე და მთელი ტანი, მერე ვიღაც მოვიდა და რუსულად ბრძანება გასცა ნუ სცემთ… პირდაპირ დახვრიტეთო, კედელთან მიგვყარეს, ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ არა მე დავხვრეტ არა მეო, ბოლოს ისევ იმ რუსმა მოარიგა, ნუ ჩხუბობთ, ყველამ ერთად ისროლეთო, ჩვენმა ბიჭებმა თვალებზე ხელი აიფარეს, არ უნდოდათ ენახათ თუ როგორ დახვრეტდნენ, მე არ ამიფარია ხელი, ვუყურებდი პირდაპირ თუ როგორ მიმიზნებდნენ და შენზე ვფიქრობდი. ჩემს წინ დიდი ცისფერთვალება ბიჭი იდგა, ავტომატი უკანკალებდა ხელში, ეტყობოდა, რომ ჯერ კაცი არ ყავდა მოკლული, მიყურებდა თვალებში და ჩემს მაგივრად ეშინოდა, ჩემს მაგივრად კანკალებდა. ვიდექით ასე პირისპირ და ვუყურებდით ერთმანეთს, თვალებით მთხოვდა ნუ მიყურებ, შენც სხვებივით თვალებზე ხელი აიფარეო, მაგრამ მე მაინც თვალებში ვუყურებდი, როდესაც დახვრეტის ბრძანება გასცეს, ჩემს მზერას ვერ გაუძლო და თვითონ დახუჭა თვალები და ისე გაისროლა. ჩვენსკენ ტყვიების წვიმა რომ წამოვიდა, მათში ის ხუთი ტყვია დავინახე, რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი, იცი, არ მტკენია, უბრალოდ ვერ მოვასწარი მტკენოდა, ყველაფერი ერთ წამში დამთავრდა, სახის და ტანის ტკივილმა ეგრევე გამიარა, ვხედავდი მხოლოდ თვალდახუჭულ რუს ჯარისკაცს და შენ, ჩემთვის ყველაზე საყვარელ და ძვირფას არსებას გხედავდი, ჩვენს ბოსტანში იდექი და მწვანილს კრეფდი.
თამთა: – მე ვერაფერი ვიგრძენი .. რა საოცარია არა?! ვერაფერი ვერ ვიგრძენი.
ნიკალა: – ეგრევე მოგეხვიე და აი მაშინ კი შემეშინდა, რადგან შენი სხეული ვერ შევიგრძენი, გეხვეოდი, გკოცნიდი, მაგრამ შენს სხეულს ვერ ვგრძნობდი…
თამთა: – ვერაფერი ვერ ვიგრძენი, რა საოცარია, ვერაფერი
ვერ ვიგრძენი, რატომ ვერ ვიგრძენი?, ხომ უნდა მივმხვდარიყავი, რომ შენ . . . ., ნიკალა რატომ ვერ ვიგრძენი?
ნიკალა: – „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“
საფრთხობელა: – აუ გასკდა გული, დავისვენოთ რა.
მეორე მოქმედება
თავი 10
თამთა: – როდესაც მოვიდნენ და მითხრეს შენი ქმარი გმირულად დაეცაო, არ დავიყვირე, ეგრევე დავრჩი გაქვავებული, მხოლოდ კედელს მივეყუდე, ვიდექი ასე უაზროდ და განძრევაც არ მინდოდა, არაფერი არ მინდოდა, არაფერი, არც ტირილი მინდოდა და აღარც – სიცოცხლე არ მინდოდა. ეხლა რომ იძახიან არა იმან დაიწყო ომიო არა ამანო, მე კი ვიცი, რომ იმ ოხერმა რუსმა დაიწყო ომი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ვინ დაიწყო ეს ომი თუ შენ აღარ მეყოლები? ნიკალა ბიჭო, არ დამიჯერე შენ მე, გეუბნებოდი არ წახვიდე თქო იმ ომში, რაო რა მომწერეს? (კითხულობს) თქვენი ქმარი გმირულად დაიღუპაო…. რატომ დაიღუპე გმირულად?, არ ჯობდა არ დაღუპულიყავი და გეცხოვრა არაგმირულად. ასე არაა ყველა? ვინც კი იმ ომიდან დაბრუნდა ყველა არაგმირულად არ ცხოვრობს?, მაგრამ ხომ ცხოვრობს?
კაკოია: – თამთა, ეს ფქვილი, მთავრობამ გამოგიგზავნა, ფქვილია რა.
თამთა: – შენი სახელი შენს ძმაკაცებს ცოტა ხანს კი ახსოვდათ და ეხლაც ყველა სუფრაზე ახსენდებათ, მაგრამ რად გინდა? შიგადაშიგ მაინც მიყურებენ მგლური მზერით, ის შენი მეზობელი ტლუ ბადრია კი პირდაპირ მიტევს, შენი შვილები პატარები არიან, რომ პასუხი გასცენ და ვის შევჩივლო, ეგრევე ტლუ ბადრია იტყვის ყველაფერს მიგონებსო. შვილები? შვილები კარგად არიან, ორივე კარგადაა, ბიჭი სულ შენ დაგემგვანა, გოგო კიდევ მე. დაბობღავენ თავისთვის, მალე ფეხზეც დადგებიან, კარგად არიან, კარგად, ჯერ არაფერი ადარდებთ, ჯერ არ იციან, რომ მამა არ ყავთ, ეს მე ვარ ცუდად ნიკალა, მე. აღარ შემიძლია, ცხოვრებაც ძალიან გაჭირდა, სახურავი შესაკეთებელია, წვიმა რომ იწყება რაც კი ჯამ ჭურჭელი გვაქვს, ყველაფერს იატაკზე ვაწყობ, არადა სახურავის შეკეთების თავი არა მაქვს, ბავშვებისთვის საჭმლის ფულს ძლივს ვშოულობ, ყველაფერი გაძვირდა, ა, ხედავ, რამოდენა სარეცხი მაქვს გასარეცხი,? ვეღარ ვწვდები ყველაფერს. ეს ბოსტანიც გასამარგლია თორემ კარტოფილი გაგვიფუჭდება, ღობეც შესაკეთია, ბუხარსაც გაწმენდა უნდა, ჭაც, საუკუნეა არავის გაუწმინდავს, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია და მე კი აღარ შემიძლია, რა ვქნა მითხარი?, ხომ დამაქვრივე ეს ახალგაზრდა ქალი, მითხარი?, ადრე ხომ ლაპარაკობდი ბევრს, მითხარი, რა საჭირო იყო ეს ომი? რა საჭირო იყო შენი სიკვდილი? მითხარი რამე ბრძნული. . .
ნიკალა: – მე ეხლაც ბევრი რამის თქმა შემიძლია, უარს კი არ ვიძახი სიბრძნეზე. ეს სხვები მიდიან და მოდიან და ვერაფერს ვერ იძახიან, მე კიდევ გეტყვი, მით უფრო, რომ ეხლა უფრო მეტსა ვხედავ ვიდრე ადრე, ჰორიზონტიც გამეზარდა და აზროვნებაც, ეხლა მე დავჭკვიანდი, ომიც და ჩემი სიკვდილიც ქვეყნის გამოცდაა…
თამთა: – ჩემთვის ქვეყანა ჩემი ოჯახია. მე რა ვქნა მე?
ნიკალა: – პირდაპირ და დაუფარავად გეტყვი რაც უნდა ჰქნა, კაცი უნდა შემოიყვანო ოჯახში, კაცი…
თამთა: – ეეე, დაიწყო ისევ ბოდვა, არ შემიძლია მე მაგის გაკეთება, რამდენჯერ უნდა გითხრა, ისევ მაგ სისულელეს მთავაზობ, რატომ გაგიცანი საერთოდ და რატომ მოვისმინე შენი ყბედობა პირველად?. მე შენ დღეს ისევ ისე მიყვარხარ, როგორც მაშინ ომამდე, ამიტომ ვერავის შემოვიყვან შენს სახლში და მორჩი მაგ სისულელეებს.
ნიკალა: – მომისმინე, მომისმინე, თამთა, საჭიროა! საჭიროა, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ, რომ შენ იცხოვრო, რომ ჩვენი სახლი არ დაინგრეს, სახურავს წვიმა არ გასდიოდეს, ღობე რომ შეკეთდეს, კარტოფილიც, რომ გაიმარგლოს, ტანსაცმელიც, რომ დაირეცხოს, ბუხარიც, რომ გაღუღუნდეს, იატაკი მოკრიალდეს, ფანჯრებში, რომ შუშა ჩაჯდეს, მარტო ეგენი კი არა, უამრავი რამაა გასაკეთებელი, შენ ახალი ჩექმები გჭირდება, თორემ მაგ ძველებში მალე რევმატიზმი გაგიჩნდება, შეშაა დასაჩეხი ზამთრისთვის, შენ რაც დაჩეხე იანვრამდეც არ გეყოფა, მარტო ხარ, ბავშვები პატარები არიან, ჯერ კიდევ დიდხანს ვერ მოგეხმარებიან, ასე, რომ ვერ ასცდები ოჯახში კარგი ჯამრთელი, სიმპატიური და ოჯახის შვილის კაცის შემოყვანას.
თამთა: – ვინ? ვინ შემოვიყვანო? ნახე ვინმე ამ სოფელში ჯამრთელი, სიმპათიური და ოჯახის შვილი? ყველა უცოლო კაცი ან მახინჯია, ან უფეხო და ანდა უხელო, და თანაც ეგეთებშიც ვერ იპოვნი დღევანდელ დღეს ისეთს, ორშვილიან ქალს, რომ მოიყვანს ცოლად.
ნიკალა: – იპოვნი, ზუსტად ვიცი, იპოვნი. მე რომ გიყვარვარ კარგია და ძალიანაც მიხარია, რომ ისევ გიყვარვარ, ვიცი მთელი ცხოვრება გეყვარები, გახსოვს? „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“ ,მაგრამ კაცი მაინც უნდა იპოვნო.
თავი 11
თამთა, კაკოია, ვიტალი, მერე ნიკალა.
კაკოია: – აბა გოგო, წარმოგიდგენია? მოითხოვა, აღარ მინდა რუსეთის მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობა მინდაო, ომი წესიერად დამთავრებულიც არ იყო, როცა გადმოვიდა აქეთ, გინდა თუ არა თქვენთან დარჩენა მინდაო, მორჩაო, აღარ მინდაო იმ საზიზღარი რუსეთის მოქალაქეობაო და რა უნდა ექნა ამ ჩვენს პრეზიდენტს? მისცა მოქალაქეობა, სოფელში ვიცხოვრებო თქვა, არ მინდა ქალაქიო და ა, შეუშვეს იქ, ყრუ მუნჯების მიტოვებული კლუბი რომ გვქონდა და ეხლა იქ ცხოვრობს, ქართულის სწავლა დაიწყო, უკვე ეკერკება ქართულად ლაპარაკი, აჭამე, დაალევინე და მოგითოხნის მთელ ყანას, რა გენაღვლება?
თამთა: – რუსი შევუშვა ნიკალას ყანაში? გესმის ნიკალა, რას მეუბნება ეს შენი ძმაკაცი?
კაკოია: – გაიგე რა, რუსი აღარაა, ეხლა ეგ საქართველოს მოქალაქეა, მოგითოხნის ყანას, თორემ ხომ ხედავ ვერ წვდები ამხელა ყანას, აგერ ისიც, იდი იდი სუდა.
ვიტალი: – გამარჯობა
თამთა: – გამარჯობა. რამე არ იფიქრო ნიკალა, მე უბრალოდ, ისე დაველაპარაკები
ვიტალი: – მე მქვია ვიტალი. კაკოია: – მაგარი შუსტრი ბიჭია.
თამთა: – (ქანდაკებას) შენ ყველაფერი იცოდი?
ქანდაკება: – ყველაფერი, მარტო იმან იცის (უჩენებს ზევით)
თამთა: – მე, თამთა მქვია, ყანას მომითოხნი? ათ ლარს მოგცემ და თან გაჭმევ, არაყსაც დაგალევინებ.
ვიტალი: – არაყი არ მინდა, არ ვსვამ არაყს…
თამთა: – ეს მართლა არ ყოფილა რუსი…
კაკოია: – ხომ გითხარი არაა მეთქი, ეგ უკვე საქართველოს მოქალაქეა, ღვინო დაალევინე. წავედი ეხლა მე.
ვიტალი: – ვინო ეტო ხოროშო… ღვინო კარგია.
თამთა: – აი თოხი, აი ბარი…აგერ კიდევ ყანა, სადილი მზად რომ იქნება დაგიძახებ…
ვიტალი: – ხოროშო.
თამთა: – მოდი, ხელებს დაგბან.
(უსხამს წყალს ხელებზე, შეამჩნევს ნიკალას მზერას)
თამთა: – რას მომშტერებიხარ ნიკალა, რატომ მბურღავ თვალებით, შენ თვითონ არ გინდოდა ეგ? მითხარი რამე.
ნიკალა: – მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!
თავი 12
თამთა და ვიტალი, მერე ნიკალა
თამთა: – შენ მთლად რუსი არა ხარ
ვიტალი: – რას ნიშნავს მთლად რუსი არა ვარ?
თამთა; – გახსოვს, როცა გითხარი აი თოხი, აი ბარიო და შენ მითხარი ხოროშოო, მერე უცნაურად, რომ მიყურებდი, გითხარი ეგრე ნუ მიყურებთქო და ისევ ხარაშოო მითხარი და მას მერე უცნაურად აღარ მიყურებდი, სახურავიც გამიკეთე, ჭაც გამიწმინდე და ბუხარიც. ბავშვებსაც დაუმეგობრდი და მაინც აღარ მიყურებდი უცნაურად, რადგან ერთხელ თქვი ხარაშოო, სიტყვა არ დაგირღვევია და რადგანაც სიტყვა არ დაარღვიე ამიტომაც არა ხარ შენ მთლად რუსი.
ვიტალი: – არა. რუსი ვარ. მამაჩემიც რუსი იყო, ბაბუაჩემიც და იმის ბაბუაც, ნამდვილი რუსი ვარ
თამთა: – გახსოვს, ასმათი დეიდა რომ გადმოვიდა და მე რომ გითხარი, მაგის შვილიც ომში მოკვდაო, შენ იმავე საღამოს გადახვედი და ასმათ დეიდას მთელი ყანა გაუთოხნე, მერე გაიკითხე და თუკი ვინმეს ამ სოფლიდან ომში დაღუპული ჰყავდა ყველას მიეხმარე
ვიტალი: – მე მიყვარს მიწის თოხნა, აქ საქართველოში კარგი მიწაა, რბილი და თბილი….
თამთა: – ეგ ზღაპარი ჩვენს პრეზიდენტს მოუყევი, ღირსების ორდენს, რომ დაგკიდებს, რატომ ეხმარები ყველას? რატომ?
ვიტალი: – ..ომში ისე წაგვიყვანეს არც ვიცოდით სად მივყავდით, არაფერი გვითხრეს, ჩაგვყარეს მატარებლებში და წამოგვათრიეს, ავტომატები გზაში დაგვირიგეს და როცა გეტყვით, მაშინ ისროლეთო გვიბრძანეს… აქ ისე ჩამოვედით, არც ვიცოდით სად ვართ, ერთმანეთს ვეკითხებოდით სადა ვართ, სადო, როცა გავიგე რომ საქართველოში ვართ ძალიან გამიხარდა, რადგან ყოველთვის მინდოდა აქ ჩამოსვლა, ბავშვობაში ბებია მიყვებოდა ბევრს თქვენს ქვეყანაზე, ასე აღმოვჩნდი აქ… მე ადამიანი მყავს მოკლული… ქართველი….. კაზარმაში ვიყავი, როცა ტყვეები მოიყვანეს, გამოგვყარეს გარეთ, დაგვანახეს ჩემხელა ბიჭები და გვითხრეს ესენი უნდა დახვრიტეთო, არ მინდოდა, არ შემეძლო მესროლა, ჩემხელები იყვნენ, უიარაღოები, შეშინებულები, ლეიტენანტი ყვიროდა რას დგეხართ ესროლეთო, ტყვეებმა თვალებზე ხელები აიფარეს, კანკალებდნენ შიშისგან, მარტო ერთმა ბიჭმა არ აიფარა ხელი და პირდაპირ მე მიყურებდა, ისე მიყურებდა, რომ ვერ გავუძელი, დავხუჭე თვალები და ისე გავისროლე ავტომატი… თვალები რომ გავახილე ყველა ტყვე მკვდარი იყო, იმ ბიჭთან, რომ მივედი, მას თვალები ისევ ღია ჰქონდა, ტყვია პირდაპირ გულში ჰქონდა მოხვედრილი….მე მიყვარს თოხნა, აქ საქართველოში კი კარგი მიწაა, რბილი და თბილი…
თამთა: – ნიკალა, ამან გესროლა?
ნიკალა: – არ ვიცი, სახეზე არ მახსოვს და მაგათ კი ყველას ცისფერი თვალები აქვთ.
თამთა: – ნიკალა, და შენ გინდა, რომ მას ცოლად გავყვე?
ნიკალა: – იცი რა, ცხოვრება გვიჩვენებს, რომ….
თამთა: – არ დაიწყო ბოდვა, რასაც გეკითხები იმაზე მიპასუხე პირდაპირ, და ნუ მიედ მოედები შენებურად, შენ გინდა, რომ ამ რუსს გავყვე ცოლად? კაცს, რომელიც შეიძლება შენი მკვლელიც იყოს? შენ გინდა, რომ…
ნიკალა: – მე მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი სახლი არ დაინგრეს, სახურავიდან წვიმა არ ჩამოვიდეს, მინდა რომ ჭა სუფთა იყოს, ბუხარი ზამთრობით გიზგიზებდეს, ყანა ითესებოდეს და მოსავალს იძლეოდეს, მინდა, რომ ყოველ ახალ წელს ჩემს ოჯახში, ჭიქა იწეოდეს და ჩემი ქვეყნის სადღეგრძელო ისმებოდეს, მინდა, რომ ჩემი შვილები ჯამრთელები იყვნენ, განა რამე განსაკუთრებული მინდა? მინდა, რომ შენ იყო ბედნიერი, იმიტომ რომ,- „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“ რა მნიშვნელობა აქვს ვინაა?, სიყვარულს არა აქვს ეროვნება, სიყვარულს არა აქვს პროფესია, სიყვარულს არაფერი არა აქვს… სიყვარულის გარდა, გაჰყევი, თუ მას უყვარხარ და შენც თუ გიყვარს…
თამთა: – მე შენ მიყვარხარ!…
ნიკალა: – მე… …..“მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“
თავი 13
ნიკალა და საფრთხობელა, მერე ნი.
საფრთხობელა: – არ უნდა მოვყვეთ ბოლო ბოლო, როგორია ეს ჩვენი აფსოლუტურად ბედნიერი სოფელი? წარმოიდგინეთ ძალიან, ძალიან, ძალიან ლურჯი მდინარე და ძალიან, ძალიან ლურჯი ცა..
ნიკალა: – რამდენს ლაპარაკობ, ნუ დაღალე ხალხი.
საფრთხობელა: – აბა სხვა საქმე მე არა მაქვს და.. შემოდგომაზე და ზამთარში სულ ასე ვარ, უსაქმოდ, მარტო მძინავს და სიზმრებს ვხედავ, კარგ სიზმრებს, ამასწინათ აყვავებული მთა ვნახე, ყველა ვისაც კი ვიცნობ ამ მთაზე იყო, ძროხები, ცხვრები, ძაღლები, ადამიანები, მდინარეც კი იყო, მოჩუხჩუხებდა მხიარულად, ყველას რაღაც უხაროდა, ყველას უყვარდა ერთმანეთი, თან იცი,ნიკალა, ზარების გუგუნიც მესმოდა სიზმარში- იმ ხალხში შენი თამთაც იდგა, ძალიან ლამაზი იყო, თეთრი კაბა ეცვა, გვერდით შენი შვილები ედგნენ, უკვე გაზრდილები, ლამაზები, იმათაც უხაროდათ რაღაც, იცი რა ლამაზი იყო ყველაფერი.. მერე იმ საზიზღარმა ქარმა გამაღვიძა, ისე მინდოდა ისევ მენახა ის სიზმარი, რომ ისევ დავიძინე, მაგრამ უკვე სხვა სიზმარი ვნახე, დიდი ცარიელი მინდორი იყო, მინდორში თეთრი ქვები იყო მიმოფანტული, ქვებზე რაღაც ეწერა, მაგრამ ვერ წავიკითხე, მე ხომ კითხვა არ ვიცი, იმ მინდორში შენც იდექი, მაგრამ რაღაც სევდიანი იყავი და იძახდი…
ნიკალა: – მახსოვს, ვიძახდი თუ როგორ მიყვარს ჩემი სოფელი, რომ ეხლა უფრო მეტს ვხედავ ვიდრე ადრე და მინდა, რომ ჩემი სოფელი უფრო დიდი იყოს, რომ მიწა კიდევ უფრო ბარაქიანი,ნახირი გამრავლებული, რომ ჩემს სოფელში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობდეს, რომ ყველგან ბავშვების სიცილი ისმოდეს, რომ სახლები უფრო დიდი და ნათელი იყოს. როგორც მზე არ ამოდის დღეში ორჯერ, ისე სიცოცხლე არ იძლევა ორჯერ ამიტომ ადამიანები არ უნდა მტრობდნენ და მხოლოდ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი… „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“
საფრთხობელა: – შეუძლებელი რაღაცეები გინდა..
ნიკალა: – რატომაა შეუძლებელი? ყველაფერი ისედაც სიყვარულზე არ დგას? სიყვარული რომ არ იყოს ცხოვრება ხომ დიდი ხნით ადრე შეწყდებოდა, მაგრამ ხომ ხედავ რომ ცხოვრება გრძელდება, გრძელდება იმიტომ, რომ სიყვარულით სულდგმულობს ეს სამყარო. „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“
საფრთხობელა: – ეგრეა, მაგრამ იცი, მე მგონი ადამიანებმა ეგ არ იციან, ამიტომაა ამდენი ცუდი რამ რომ ხდება ამ ქვეყანაზე… ჩემი თუ არ გჯერა, მიწას ჰკითხე…
ნიკალა: – ეი, მიწავ, აი, შენ ატარებ შენზე ჩემს ქვეყანას, ჩემი ქვეყანა კიდევ ამ ჩემს პატარა, ბედნიერ სოფელს, რატომაა, რომ აქ ადამიანმა არ იცის, რომ ის სიყვარულისთვისაა გაჩენილი? რომ მარტო სიყვარულშია ბედნიერება, რატომაა რომ ვცხოვრობთ როგორც ბრმები? განა ღმერთი ვერ ხედავს რაც ხდება ამ ქვეყანაზე? (ყურს დაადებს მიწას)
საფრთობელა: – რაო? გითხრა რამე?
ნიკალა: – მითხრა.
საფრთხობელა: – რაო?
ნიკალა: – ღმერთი ციდან ყველაფერს ხედავსო!
საფრთხობელა: – ნიკალა, ნახე, ნახე ნიკალა, ჩემი ნი, ჩემი ნი მოყავთ. ნიიიიიიიი
შემოდის საფრთხობელა ნი
ნი: – ობეეეეეერრრრრ
საფრთხობელა: – ნიიიიიიიი
ნი: – ობეეერრრრრრრ
ნიკალა: – „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“
დასასრული


