„სხვების ცხოვრება“

ფლორიან ჰენკელ ვონ დონნესმარკის ფილმის სიუჟეტური ქარგის მიხედვით.

ორ მოქმედებიანი დრამა

 

მოქმედი პირნი:

გიორგი ავალიშვილი – მწერალი

ნინო ებრალიძე მსახიობი

კახა – უშიშროების თანამშრომელი

მამუკა – უშიშროების კაპიტანი

ირაკლი გაბრიჩიძე – პოეტი

ცკს მდივანი

დამლაგებელი

შინამოსამსახურე

გამომძიებელი

მეძავი

ექიმი

                         სახელმწიფო   უშიშროების კაპიტნის კაბინეტი

                         ეკრანზე  უჩვენებენ დაკითხვის სცენას.

                         გამომძიებელი კახა აწარმოებს დაკითხვას ვინმე ლადოსთან

კახა: – დაჯექით, თვალებში მიცქირეთ, თვალებში

მიცქირე თვალში, 
შენ დადუმდი? 
იგრძენი განა? 

იცით ვისი ლექსია? დაგავიწყდათ? ხდება ხოლმე, ისე ფილოლოგმა, მწერალმა კაცმა კი უნდა იცოდეთ, რომ ეს უკვდავი სტრიქონები გალაქტიონს ეკუთვნის.

მიცქირე თვალში, 
ო, ჩემს თვალში 
საშინელება იგრძენი განა?!

არ მომიყვებით?

ლადო: – არაფერი მაქვს მოსაყოლი, მე არაფერი ჩამიდენია.

კახა: –  არაფერი? რა გამოდის? თქვენ არაფერი იცით, არაფერი ჩაგიდენიათ და ჩვენ ტყუილად დაგაკავეთ?

ლადო: – მე არაფერი ვიცი

კახა: – გამოდის, რომ ჩვენ ტყუილაუბრალოდ ვაკავებთ უდანაშაულო ადამიანებს? გამოდის, თქვენ ფიქრობთ, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური უსაქმურებითაა დაკომპლექტებული და ჩვენი უსაქმურობის გამო ტყუილაუბრალოდ უდანაშაულო ხალხს ვაკავებთ?

ლადო: – მე ეგ არ მითქვამს

კახა: – ეხლა არ თქვით? მოგასმენინოთ? ჩვენ ყველაფერს ვიწერთ. მარტო ეს თქვენი  ბრალდება გვეყოფოდა თქვენს დასაკავებლად.

ლადო: – მე არაფერი ვიცი, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი.

კახა: – გაუგებრობას? მაშ მოდი თავიდან დავიწყოთ, რომ გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი: თქვენ  იყავით  მწერალთა კავშირიდან ტურისტულ მოგზაურობაში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, თქვენს ჯგუფში იყო 30 ადამიანი, 30 მწერალი. და აი  ერთ ერთი მწერალი 29 სექტემბერს შეხვდა სასტუმროს ჰოლში რადიო “თავისუფლებას” წარმომადგენელს და გადასცა ცილისმწამებული სტატია საბჭოთა საქართველოზე.  თქვენ არაფერი გსმენიათ ამის შესახებ?   

ლადო: – არაფერი.იქ ხომ ჩემს გარდა კიდევ იყო ხალხი, იმათ კითხეთ.

კახა: – ვკითხავთ აუცილებლად, დიდი მადლობა რჩევისათვის, იცით რა არის საინტერესო?,   ჩვენ  გვაქვს ეჭვი, რომ  სტატია თქვენ გადაეცით.

ლადო: – არა, მე არავის შევხვედრივარ.

კახა: – მიცქირე თვალში.ჩვენ უბრალოდ ეჭვი კი არა გვაქვს, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ წერილი თქვენ გადაეცით. ჩვენ ის გვაინტერესებს თბილისიდან ვინ გამოგატანათ ეს წერილი. სდუმხართ? კარგით, მომიყევით რას აკეთებდით 29 სექტემბერს.

ლადო: – მე უკვე ბევრჯერ მოვყევი

კახა: – კიდევ მოყევით, თქვენ გეტყობათ, რომ კარგი მწერალი ბრძანდებით, ძალიან საინტერესოდ ყვებით, ძალიან.

ლადო: – დილიდან წავედით მიუნხენის დოიჩე მუზეუმში, ის ტექნოლოგიისა და მეცნიერების უდიდესი მუზეუმია მსოფლიოში, საღამომდე იქ ვიყავი, ვათვალიერებდი,  მუზეუმის ბილეთი თქვენ გაქვთ.

                                        აჩერებენ ფირს

კახა  უშიშროების კაპიტან მამუკასთან ერთად უყურებდა ფირს.

მამუკა:- ყოჩაღ, ძალიან მაგრად მიგყავს დაკითხვა, ნამდვილი პროფი ხარ. რამდენ ხანს გრძელდებოდა დაკითხვა?

კახა: სამი დღე და ღამე.

მამუკა: შენც არ გეძინა?

კახა: – მეძინა. სამივე ღამეს 4-5 საათი მეძინა.

მამუკა:- გადაახვიე. ბოლო მანახე.

ეკრანზე გრძელდება  ლადოს დაკითხვა

ლადო: – დამაძინეთ, გეხვეწებით დამაძინეთ.

კახა: – მიცქირე თვალში. მომიყევი რას აკეთებდით 29 სექტემბერს.?

ლადო: – გეხვეწებით, ერთი საათი მაინც დამაძინეთ

კახა: – მომიყევი რას აკეთებდით 29 სექტემბერს.

ლადო: – დილიდან წავედი მიუნხენის დოიჩე მუზეუმში, ის ტექნოლოგიისა და მეცნიერების უდიდესი მუზეუმია მსოფლიოში, საღამომდე იქ ვიყავი, ვათვალიერებდი, საღამოს როდესაც მოვბრუნდი სასტუმროში მაშინ გავიგე ეს ამბავი….

                       ჩერდება ფირი

მამუკა: – მოიცა, მოიცა ერთი და იგივე სიტყვებს იძახის.

კახა: – მართალს ბრძანებთ, მეც მაგან დამაეჭვა თავიდანვე, იგივე სიტყვებს იძახის რასაც სამი დღის წინ იძახდა, ამიტომაც არ მოვეშვი.

მამუკა:-ყოჩაღ, ხომ ვიძახი პროფი ხარ თქო.

კახა: – მას ტექსტი დაზეპირებული ჰქონდა, მივხვდი, რომ ის ვიღაცამ წინასწარ დაარიგა და ის რაღაც მალავდა, თუ გინდა  გაიგო კაცი დამნაშავეა თუ არა,  დაკითხვა  დიდხანს უნდა აწარმოო, რაც უფრო გრძელდება დაკითხვა, უდანაშაულო ადამიანი  უფრო აგრესიული ხდება, აი  დამნაშავე კი პირიქით, ჯერ ჩუმდება, მერე ტირილსაც იწყებს. ნახეთ რა კარგად ტირის.

                                               რთავს ფირს

კახა:- რა აზრი აქვს შენს სიჯიუტეს? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ წერილი შენ გადაეცი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ შენ გვითხრა ვინ გაგატანა ეს წერილი, გვითხრა მისი სახელი და გვარი, არ გინდა დაგვეხმარო?, მწერალ კაცს არ გინდა დაეხმარო სამშობლოს?, მწერალი კაცი იცავ ქვეყნის მოღალატეს, რისი გულისთვის? რატომ არ ფიქრობ საკუთარ თავზე? დაკარგავ სამსახურს, ვეღარსად დაიბეჭდები, შენი ცოლიც დაკარგავს სამსახურს, შენს ბიჭს კი შეიძლება ჩხუბი მოუხდეს ვინმესთან ქუჩაში და ციხეშიც მოხვდეს,  გინდა ეხლა შენ ეგ პერსპექტივა? არადა თუ დაგვეხმარები პირიქით, ბევრს მოიგებ. მალე მრგვალი თარიღი გაქვს, კარგად გადაგიხდიან იუბილეს, ახალ წიგნს გამოსცემენ და შეიძლება სახელმჭიფო პრემიაც მოგანიჭონ,  რას იტყვი?

ლადო: – გეტყვით. დიახ, მე შევხვდი რადიო “თავისუფლების” წარმომადგენელს სასტუმროს ჰოლში და გადავეცი წერილი, რომელიც თბილისიდან გამომატანეს, მე არ ვიცოდი რა ეწერა იმ წერილში, მე მხოლოდ მთხოვეს გადამეცა.

კახა: – ვინ გთხოვათ?

ლადო: – პოეტმა და დრამატურგმა ირაკლი გაბრიჩიძემ.

კახა: – ისაა წერილის ავტორი?

ლადო: – არა, წერილის ავტორი  მწერალი გიორგი ავალიშვილია.

კახა: – გაიმეორე, სახელი და გვარი

ლადო: გიორგი ავალიშვილი.

კახა: – ხმამაღლა!

ლადო: – გიორგი ავალიშვილი.

                                              ისევ  კაბინეტი, ფილმის ჩვენება შეწყდა

კახა: გიორგი ავალიშვილი, მწერალი, მუშაობს გამომცემლობა…

მამუკა: – ვიცი. ვიცი, ცნობილი მწერალია, პოპულარული…

კახა: – მართლა? ჩვენ შევისწავლეთ და… მარტო ცხოვრობს, ოფიციალურად ცოლი არ ყავს, მაგრამ რამოდენიმე თვეა აქვს რომანი…

მამუკა: – ვიცი,…… ნინო ებრალიძესთან.

კახა: – დიახ. …..ყველაფერი გცოდნიათ

მამუკა: – ნინო ებრალიძე ცნობილი ქართველი მსახიობია, თან კარგი მსახიობია.

კახა: – ხო მსახიობია, ოღონდ  არ ვიცი როგორი, მე არ დავდივარ თეატრში.

მამუკა: – ძალიან ცუდი, უნდა იარო, ჩვენ ქართველებს კარგი თეატრი გვაქვს.

კახა: – აუცილებლად. რა ვუყოთ ამ გიორგი ავალიშვილს? ავიყვანოთ?

მამუკა: – არავითარ შემთხვევაში, რას ამბობ? მაგ ავალიშვილს ჩვენ ვუფრთხილდებით. ცივ ნიავსაც არ ვაკარებთ, ძალიან საჭირო  ადამიანია, დღეს პოპულარულია, მის   რომანებს კითხულობს ხალხი, ამაში ჩვენც შევუწყეთ ხელი.

კახა: –თანამშრომლობს?

მამუკა: – ჯერ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად.

კახა: – როგორ მოვიქცეთ?

მამუკა: – ხვალ ეგ ავალიშვილი თავის შეყვარებულთან იქნება სამთავრობო კონცერტზე…….

კახა: – რა იცით, რომ იქ იქნება…?

მამუკა: – ვიცი, ვანგა ვარ… დიდი ხანია ვაკვირდებით,  ისიც ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ამ წერილების წერას დაიწყებდა. მასზეა ნათქვამი წერას ჰყავს აყვანილიო. მშვენიერია, ყველაფერი ისე ხდება როგორ უნდა ხდებოდეს, მოკლედ, დააყენეთ მის ბინაში მოსასმენი აპარატურა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ იმ ოჯახში წარმოთქმული ყველა სიტყვა.. გასაგებია?

კახა: – გასაგებია.

მამუკა: – პირადად უხელმძღვანელე ოპერაციას და მის მოსმენას. გახსენით საქმე, სახელი შეურჩიეთ…  ოსკარი. ოსკარი დავარქვათ ბატონ ავალიშვილს.

კახა: – ოსკარი რატომ?

მამუკა: – არ ვიცი, იქნებ ვინმემ ოდესმე მისი რომანის მიხედვით ფილმი გადაიღოს და იმ ფილმმა ოსკარი აიღოს.

კახა: – გასაგებია.

მამუკა: – ხო მართლა, სახლში შეიძლება დამლაგებელი იყოს, ჩვენთან აღრიცხვაზეა, თუმცა არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმით თანამშრომლობს,  ამიტომ წინასწარ გაიგეთ რას წარმოადგენს და ისარგებლეთ მე 14 ინსტრუქციით.

კახა: – გასაგებია, ამ ლადოს რა ვუყოთ?

მამუკა: – რა უნდა უყოთ? გაუშვით, ხომ შეპირდით იუბილეს მოგიწყობთ, წიგნს გამოვცემთო, ხოდა შეუსრულეთ დანაპირები, რამე პრემიაც მიეცით, ლიტერატურული ან თუნდაც სახელმწიფო. მართალია პარტიას სჭირდება ხელოვანი ხალხი, მაგრამ ხელოვან ხალხს  ხომ უფრო მეტად სჭირდება პარტია. შეუქმენით პირობები, მიიღოს ყოველთვიურად ივერია სოსისი და ჩეხური ლუდი,  ხშირად იაროს საზღვარგარეთ, ოღონდ  გააფრთხილეთ, რომ როგორც კი რამეს გაატანენ, ჯერ ჩვენ გვაჩვენოს და მერე წაიღოს.

კახა: – გასაგებია.

მამუკა: – იმოქმედეთ.

 

კახა მიდის გიორგი ავალიშვილის ბინაში. კარებს ქალბატონი თამუნა აღებს.

კახა: – მრიცხველის შემოწმება.

თამუნა: – მობრძანდით.

კახა: – ესაა მრიცხველი? გასაგებია, თქვენს გარდა არის ვინმე სახლში?

თამუნა: – არა და ვინ გნებავთ?

კახა: – თქვენ.

თამუნა: – მე?

კახა: – ქალბატონი თამუნა არა?

თამუნა: – დიახ.

კახა: – (უჩვენებს საბუთს)  თუ თქვენ ენას კბილს არ დააჭერთ და არ დაივიწყებთ დღევანდელ დღეს, თქვენი ქმარი  დათიკო გლურჯიძე ავარიაში მოყვება, თქვენს შვილს, 16 წლის ხატიას გააუპატიურებენ,  ხოლო თქვენ კი, როგორც სპეკულიანტს ციხეში ჩაგსვამენ. აი ციხეში კი ყველას ეცოდინება, რომ თქვენ უკვე ათი წელია ჩვენთან თანამშრომლოთ. 10 წლის წინ არ გამოგიშვეს იმ პირობით, რომ ითანამშრომლებდით ჩვენთან?. რამე ხომ არ მეშლება? განა ასე არაა?

თამუნა: – დიახ, რა თქმა უნდა ასეა.

კახა: – ძალიან კარგი. ხომ კარგად შევისწავლე თქვენი საქმე?

თამუნა: – დიახ ძალიან კარგად. მადლობა დიდი მადლობა.

კახა: – არაფრის, ამიტომ ეხლა მარტო დამტოვეთ ამ ბინაში, მინდა კარგად დავათვალიერო, თქვენ კი წადით სადმე, გაისეირნეთ ერთი  საათით. 

თამუნა: – აუცილებლად.

კახა: – მაღაზიაში ან სადმე სუფთა ჰაერზე.

თამუნა:  – დიახ, სუფთა ჰაერი აუცილებელია ადამიანის ჯამრთელობისათვის.

კახა: – და   დაივიწყეთ, რომ დღეს აქ მნახეთ.          

თამუნა: – დიახ, უკვე დავივიწყე. აღარ მახსოვხართ. კარგად ბრძანდებოდეთ.

 

             კახა  ბინაში აყენებს მოსასმენ აპარატურას.

      

ბანკეტი

ნინო და გიორგი ცეკვავენ.

გიორგი: – რა ლამაზი ყელსაბამი გიკეთია, ახალია?

ნინო: – არა, ძველია, მეგდო სადღაც და დღეს ვიპოვნე. შენ აუცილებლად უნდა წახვიდე ირაკლისთან?

გიორგი: – რატომ მომიყვანე აქ,თან ხო იცი არ მიყვარს ეს გაზეთილი კამსამოლა ნომენკლატურა.

ნინო: შენთვისაა საჭირო.

გიორგი: – დღეს წამოხვალ ჩემთან?

ნინო: – ამის მერე რაღაც პატარა შეხვედრა მაქვს და მერე გვიან მოვალ, თუ რა თქმა უნდა მთხოვ.

გიორგი: – ძალიან გთხოვ, მეტსაც გთხოვ,  მოდი და სამუდამოდ დარჩი.

ნინო: – ისევ ხელს მთხოვ?

გიორგი: – სხვათაშორის უკვე მესამე თვეა მარტო მაგას ვაკეთებ და არ მესმის რატომ არ მომყვები, გასაღები ხომ თან გაქვს? იცი,  აი ის ცეკას მდივანი როა, მთელი საღამოა მარტო შენ გიყურებდა.

ნინო: – ვინა? ის? რას გავს, უი მაგას ვიცნობ? მიყუროს რა, ეჭვიანობ?

გიორგი: – ვიზე? მაგაზე როგორ უნდა ვიეჭვიან, უბრალოდ არ მომწონს, რომ ასე გიყურებს, თვალებით გჭამს. მაგას საიდან იცნობ?

ნინო: – თეატრში დადის. მგონი  სამხატვრო საბჭოს წევრიცაა.

გიორგი: – მე არ ვიცნობ.

ცეკას მდივანი: – გამარჯობა, მიყვარს ხელოვანი ადამიანები, ხელოვნების გარეშე არაფერს ფასი არ აქვს. არ მახსოვს ვინ სთქვა, მგონი ლენინმა, რომ ხელოვანი ხალხი ჩვენი სულის ინჟინრები არიან…

გიორგი: – ეგ სტალინმა თქვა.

ცეკას მდივანი: – მართლა? ეგ ერთი და იგივეა, ვიძახით ლენინს, ვგულისხმობთ სტალინს. სხვათაშორის  გუშინ დავამთავრე თქვენი რომანის  “ციხისძირის საიდუმლოს” კითხვა, არაჩვეულებრივი რომანია, რა ექსპრესიაა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, გილოცავთ.

გიორგი: – მადლობა. იცით არ ველოდი, რომ ამ რომანს ასეთი პოპულარობა ექნებოდა, მე ვთვლი, რომ უფრო უკეთესი რომანები მაქვს დაწერილი

ცეკას მდივანი: – “სკრომნოსტ უკრაშაეტ ჩელოვეკა”, (ნინოს) ჩვენ კი რაღაც დიდი ხანია არ შევხვედრივართ, რა ხდება ახალი თეატრში?.

ნინო: – ძველებურად, მალე პრემიერა გვექნება.

ცეკას მდივანი: – ვიცით, და აუცილებლად მოვალ, დარწმუნებული ვარ თქვენ როგორც ყოველთვის მშვენიერი იქნებით.

გიორგი: – მაპატიეთ, ვისარგებლბ ჩვენი შეხვედრით და ერთ რამეს გთხოვთ.

ცეკას მდივანი: – თქვენ მე უნდა მთხოვოთ რამე? სიამოვნებით თუკი მე რამე შემიძლია.

გიორგი: – მინდა გთხოვოთ  პოეტ  ირაკლი გაბრიჩიძეზე

ცეკას მდივანი: – გაბრიჩიძე? წარმოდგენა არა მაქვს ვინაა, რა სათხოვარი გაქვთ?

გიორგი: – გარდა იმისა, რომ მას არც ერთ ჟურნალში არ  უბეჭდავენ ლექსებს, ეხლა ის უნივერსიტეტიდანაც გაუშვეს,   არადა ის შესანიშნავი ქართველი პოეტია

ცეკას მდივანი: – რას ნიშნავს გაუშვეს?

გიორგი: – ის აკრძალული პოეტია.

ცეკას მდივანი: – აკრძალული? ვინ აკრძალა? ცოტა ფრთხილად გამონათქვამებთან, ჩვენს ქვეყანაში არავინ არავის არ კრძალავს. გავერკვევი აუცილებლად.

გიორგი: – შეიძლება მას იმედი ჰქონდეს?

ცეკას მდივანი: – რა თქმა უნდა, ადამიანმა მთელი ცხოვრება იმედით უნდა იცხოვროს, მთელი ცხოვრებაც და უფრო მეტითაც შეუძლია იმედით იცხოვროს. იმედი ხომ ბოლოს კვდება. თქვენ რა, მიბრძანდებით?

გიორგი: – კი, წავალ, გავახარებ ირაკლი გაბრიჩიძეს.

ცეკას მდივანი: – მაშ აღარ დაგაყოვნებთ, მე კი სამწუხაროდ კიდევ უნდა დავრჩე. (ემშვიდობება)

ნინო: – კარგი წადი, მე ცოტა ხანს გავჩერდები კიდევ. ვნახავ გოგოებს.

გიორგი: – კარგი, მოხვალ დღეს?

ნინო: – თუ მთხოვ სხვა რა გზა მაქვს? მოვალ.

გიორგი: – გიყვარვარ?

ნინო: – უსაზღვროდ.

გიორგი: – მეც, წავედი.

(გიორგი მიდის, ნინო დგას, უცდის ვიღაცას, მასთან ცეკას მდივანი ბრუნდება)

ცეკას მდივანი: – წავიდა?

ნინო: – ხო.

ცეკას მდივანი: –დღეს მშვენივრად გამოიყურები, შენს შეყვარებულს ჰალსტუხი რატომ არ ეკეთა?

ნინო: – არ უყვარს ჰალსტუხი.

ცეკას მდივანი: – ბევრი რამ არ გვიყვარს, მაგრამ ვაკეთებთ, არ შეიძლება სამთავრობო ღონისძიებაზე ჰალსტუხის გარეშე სიარული,  – ხო, გუშინ ველაპარაკე კინოსტუდიას, მალე გამოგიძახებენ გადაღებაზე.

ნინო: – მართლა? მადლობა.

ცეკას მდივანი: გიხდება ყელსაბამი

ნინო: – კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი საჩუქრისათვის.

ცეკას მდივანი: – იმედი მაქვს მადლობას დღეს ნატურით გადამიხდი. ჩემი მანქანა კუთხეში დგას, ჯუმბერი იქ ზის, მიდი, ჩაჯექი და დამელოდე, მე მალე მოვალ

                        ირაკლი და გიორგი

ირაკლი: – წარმოდგენა არა მაქვს ვინ არისო? არადა იყო დრო მაქებდა – ჩემი საუკეთესო სტუდენტიაო. პირველი ლექსებიც მან არ დამიბეჭდა ჟურნალში? ზეპირად იცოდა ჩემი ლექსები. რა ემართება ამ ხალხს, როგორც კი სავარძელში ჯდებიან? სად ქრება მათი სისუფთავე? რატომ ხდებიან ამ რეჟიმის მონები?

გიორგი: – მე ვუთხარი , რომ შენ უნივერსიტეტიდან გაგიშვეს, რომ არსად არ გიბეჭდავენ ლექსებს.

ირაკლი: – მერე რაო? გავერკვევიო?

გიორგი: – ჰო, ზუსტად ეგრე თქვა

ირაკლი: – არაფერი არ იცვლება ამ ქვეყანაში, სიტყვებიც იგივე აქვთ. გავერკვევიო არა?

გიორგი: – კი, იმედი მომცა

ირაკლი: – ამ ჩემს ფეხებს თუ არ გაერკვევა კიდევ, მოიცა, ამ ჩემს ფეხებს, ამ შენს ფეხებს, გაუმარჯოს ქალის ფეხებს, კარგია?,  შენმა წერილმა ააფეთქა იქაურობაც და აქაურობაც, მწერლები დაყავდათ კგბ ში დაკითხვაზე, აინტერესებთ ვინ დაწერა წერილი, ლადოც კი ყავდათ დაკითხვაზე. სამი დღე ღამე აყურყუტეს

გიორგი: – მერე?

ირაკლი: – არ გაგვცა, ლადო მაგარია. ახალ წერილს როდის დაწერ?, ხომ იცი იქ გელოდებიან. თანაც ხო, ლადო ისევ მიდის სადღაც და გავატანდით.

გიორგი: – უკვე დავიწყე წერა, ამ ჩვენს წითელ ინტელიგენციაზე რომ დავიწყო წერა? ფარულ მოსმენებზე, დაშანტაჟებებზე, რომ ეს რეჟიმი მხოლოდ ამ ხალხზე დგას.

ირაკლი: – გენიოსი ხარ გიო, ხალხის დაშანტაჟება, მოსმენა… იცი, ჩემს ტელეფონს სულ უსმენენ

გიორგი: – უსმენენ არა

ირაკლი: – გეუბნები. რამდენჯერაც არ უნდა ავიღო ყურმილი, სულ შიშინი ისმის, აი მოისმინე… იცი, გიო, ისე ვაგინებ ვერაფერს მეუბნებიან, ვითომ ჯუზეპე გარიბალდი ვარ.

გიორგი: – ვინ?

ირაკლი: – ჩვენი ჯუზეპე გარიბალდი, მოიცა, განახებ. (იღებს ყურმილს) ბონჯორნო, მი სკუზი სინიორე, მისმენთ არა? ხოდა მისმინეთ თქვენი თახსირი დედა რომ ვატირე, თქვენ უსმენთ ჯუზეპე გარიბალდის, მალე დაინგრევა ბოროტების იმპერია, და ქვეყანა განთავისუფლდება ჭირისგან, გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ…… იტალიას, არივედერჩი სინიორ.

გიორგი: – მაგარია, იცი რა მაინტერესებს? ეს გარიბალდი საიდან ამოთხარე?

ირაკლი: – რას ერჩი, მაგარი ვინმე იყო.

გიორგი: -კარგი,ჯუზეპე,  წავალ ეხლა,  ეს კი გქონდეს (აწვდის ფულს) ბევრი არაა, მაგრამ ცოტა ხანს გეყოფა. გამომართვი რო გეუბნები.

ირაკლი: – მოიცა, მეც რაღაც მინდა გაჩუქო. ყველა ფირფიტა გავყიდე და აი ეს შენთვის შევინახე, ბახის მესამე სუიტაა, გიორგი, ვინც ბახს უსმენს, ოღონდ მას ვინც მართლა უსმენს, ის ვერასოდეს ვერ იქნება ცუდი ადამიანი.

          კახა იკეთებს ყურთასმენს

            გიორგი შედის ბინაში იქ ნინოცაა და თამარიც.

გიორგი: – გამარჯობა ქალბატონო თამარ, როგორ ბრძანდებით

თამარი: – კარგად გმადლობთ.

გიორგი: – (ნინოს) შენ უკვე მოხვედი?

ნინო: – მე დაგასწარი

გიორგი: – კარგი ქენი რომ დამასწარი.  დიდი ხანია აქ ხარ.?

ნინო: – არა, შენ რომ წახვედი, მეც მალე წამოვედი, ჯერ მეგობრები მოვინახულე, რამოდენიმე წუთით და პირდაპირ წამოვედი. როგორაა ის შენი დისიდენტი ძმაკაცი.? შეეგუა უმუშევრობას?

გიორგი: – განიცდის ძალიან.

ნინო: – არ იყო საჭირო ყველა ლექსში საბჭოთა კავშირის ლანძღვა, ყველას კი არ მოსწონს მისი გამონათქვამები.

გიორგი: – ძალიან გთხოვ არ გინდა, ირაკლი ჩემი მეგობარია

ნინო: – შენ კი ჩემი. და არ მინდა, რომ ვიღაც არშემდგარი, გაუგებარი ტიპების გამო ცხოვრება გაიფუჭო. ნუ დაგავიწყდება, რომ სახელმწიფო პრემიაზე ხარ წარდგენილი. და დღეს თუ არა ხვალ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გახდები. დღეს ჰალსტუხი რატომ არ გეკეთა?

გიორგი: – ხომ იცი, რომ არ მიყვარს და არც მაქვს ეს ჰალსტუხი

ნინო: – დღეიდან გაქვს და შეიყვარე

გიორგი: – მიყიდე?

ნინო: – რა თქმა უნდა,  საბჭოთა მწერალი ჰალსტუხის გარეშე  ხომ იგივეა რაც

კაპიტალისტი მწერალი სიგარეტის გარეშე.

გიორგი: – მე ამის შეკვრაც კი არ ვიცი.

ნინო: – ისწავლი.

გიორგი წვალობს, დერეფანში დაინახავს ქალბატონ თამარს  

გიორგი: – ქალბატონო თამარ, ჰალსტუხის შეკვრა იცით? შემიკარით.

             უღრმესი მადლობა, რა გჭირთ ქალბატონო ლილი?

ლილი: – არაფერი.

გიორგი: – შემიკარით? შესანიშნავია, დიდი მადლობა. ნინოს არ უთხრათ, რომ თქვენ შემიკარით, ხომ არ გამთქვამთ?, ხომ შეგიძლიათ საიდუმლოს შენახვა?

ლილი: – რა თქმა უნდა შემიძლია.

შემოდის ნინო

ნინო: – აკი არ შემიძლია შეკვრაო?

გიორგი: – მე ყველაფერი შემიძლია.

ნინო: –  მაშინ მე აბაზანაში შევალ, მანამდე კი შენ ნაგავი გადაყარე.

გიორგი: – ამხელა საბჭოთა მწერალმა კაცმა ნაგავი გადავყარო?

ნინო: – საბჭოთა ნაგავი გადაყარე

გიორგი: – და მომავალი პრემიის ლაურეატმაც უნდა გადაყაროს?

ნინო: – ყველამ, ყველამ უნდა გადაყაროს ნაგავი

გიორგი გადის, ნინოც შედის აბაზანაში.

 

კახა: – (ბეჭდავს საბეჭდ მანქანაზე, შემოდის მამუკა, კახა პატაკს აბარებს) გიორგიმ გადაყარა ნაგავი, ნინომ კი შხაპი მიიღო, მერე გიორგი მოვიდა და მათ ჰქონდათ სქესობრივი კავშირი.

მამუკა: – დიდხანს?

კახა: – რა ბრძანეთ?

მამუკა: – დიდხანს ჰქონდათ სქესობივი კავშირი?

კახა: – 3  წუთი და 45 წამი.

მამუკა: – რა ამბავია. .? კარგად ისმინება?

კახა: – დიახ.

მამუკა: – გააგრძელე მოსმენა. (ტელეფონში) ხო, დიდი არაფერი, ნაგავი გადაყარა და მერე სექსი ჰქონდათ, 3 წუთი და 45 წამი. ნუ ღელავთ, მალე შევადგენთ საქმეს, კარგად ბრძანდებოდეთ.

 

            გიორგი და ირაკლი შემოდიან ბინაში.

ირაკლი: – გიორგი დამისხი რამე, ფილარმონიაში დავიწყე მუშაობა, ისეთი პატარა ხელფასია, რომ გვარიც არ მკითხეს და სანამ კგბ იქიდანაც გამომაგდებს, ვიმუშავებ რა. ნინო არ არის?

გიორგი: – არა, დღეს სპექტაკლი აქვს

ირაკლი: – ისე, არასოდეს არ გითქვამს, დიდი ხანია იცნობ?

გიორგი: – არა სამი თვეც არაა გასული, მაგრამ იცი, უსაზღვროდ მიყვარს.

ირაკლი: – ხოდა მოდი ამ შენს სიყვარულს გაუმარჯოს, სად გაიცანი?

გიორგი: – ოპერაში, “კარმენზე” დამპატიჟეს და უცებ ჩემს გვერდით დაჯდა, გამოველაპარაკეთ და იცი,  ჩემი ყველა რომანი ჰქონდა წაკითხული. იცი როგორი განათლებული როგორი რაფინირებული გოგოა იცი.

ირაკლი: – ხოო?

გიორგი: – აბა, გაგიკვირდება და ძალიან ნაკითხია.იცი, ყველა ქალი დამავიწყდა, გაგაცნობ და მიხვდები რა მაგარია.

ირაკლი: – და ცოლად რატომ არ მოგყავს?

გიორგი: – არ მომყვება ძმაო.

ირაკლი: – არ მოგყვება? რატომ? რას გვიწუნებს ვითომ?  დღეს მოვა?

გიორგი: – არა, დღეს სპექტაკლი რომ აქვს, მშობლებთან მიდის, დიდხანს ვერ ტოვებს ხოლმე მარტო. ვა.

გიორგი: – რა იყო?

ირაკლი: – ამ ბოლო დროს ღვიძლი მაწუხებს

გიორგი: – მერე? მაგას ექიმთან მისვლა უნდა

ირაკლი: – ვიყავი, მაგრამ მას მერე უფრო მაწუხებს. გიო, საჭმელი გააქვს რამე?

გიორგი: – კი, საჭმელი როგორ არა მაქვს

ირაკლი: – მაჭამე რა, მე მგონი შიმშილიგან მტკივა ხოლმე

გიორგი: – წამოდი სამზარეულოში, თამუნამ რაღაც გემრიელობები გააკეთა. შენ კიდევ ნუ სვამ ამდენს

ირაკლი: – გპირდები დღეიდან აღარ დავლევ

    გადიან

 

ნინო გამოდის თეატრიდან. 

ცეკას მდივანი: – გუშინ გიცდიდი, არც კი დამირეკე. თუ შენმა გენიალურმა მწერალმა არ გამოგიშვა? ჩაჯექი. რატომ არ მოხვედი? ხო არ გადამიყვარე? მომენატრე. ახალი ბინა ვიშოვნე, წავიდეთ შევამოწმოთ.

ნინო: – მე გიორგისთან უნდა წავიდე, მელოდება.

ცეკას მდივანი: – იცი, მე რაღაც აღარ მომწონს ეგ შენი გიორგი..

ნინო: – რატომ?

ცეკას მდივანი: – გაგიტკბა მასთან ყოფნა? ხომ არ შეგიყვარდა?

ნინო: – არა ეგ რა შუაშია…

ცეკას მდივანი: – ხო, მე შენ კაბა გიყიდე, მიდი ჩაჯექი მანქანაში, ჩაგაცმევ და მერე მიგიყვან შენს შეყვარებულთან,

ნინო: – დიახ, ეხლავე.

ცეკას მდივანი: –  ჯუმბერის ნუ გერიდება, ეგეთები აქვს ნანახი?.

                      კახა მამუკას უწვდის ფურცელს

მამუკა : (კითხულობს) – ნინო მოვიდა ცეკას მდივნის გ.ა.-ს მანქანით, მანქანიდან, რომ გამოვიდა, ცეკას მდივანმა გ.ამ. უთხრა: ამ ხუთშაბათს აღარ დაგავიწყდესო. ნინომ არაფერი უპასუხა. მანქანა ეგრევე წავიდა. ნინო იდგა ერთხანს გაუნძრევლად, მერე პირზე ხელი აიფარა და ხეს მოეფარა, სავარაუდოდ გული აერია, მერე პირი გაიწმინდა და სადარბაზოში შევიდა… მდააა. რა ვუყოთ ამ გვერდს? ცეკას მდივნების მოსმენა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, ეგ მე-5 განყოფილებას ევალება, მაგრამ მეორეს მხრივ, რომ დავმალოთ, მათ ხომ ისედაც იციან? მდააა. მოდი ამას ცალკე მინისტრს ვანახებ.

კახა: – ჩვენ? ჩვენ ვის კომპეტენციაში შევდივართ? ჩვენც ვინე გვისმენს?

მამუკა: – ჩვენ? ცხადია ჩვენც გვისმენენ,  მაგრამ  ჩვენ ხომ არაფერი გვაქვს დასამალი.

                          გიორგის ბინა

                     ნინო ჩაფიქრებული ზის სკამზე, შემოდის გიორგი

გიორგი: – შეგაშინე? არ გელოდი დღეს. მოხვედი?

ნინო: – ხო, უცებ ძალიან მომინდა შენი ნახვა და მოვედი, რას აკეთებდი?

გიორგი: – წიგნებს ვალაგებდი და იცი რა ვიპოვნე? ბიბლია, „ცოდვილი ბაგეებით უკეთური მახეში ებმება, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს.” რა მაგარია არა?  ბაბუაჩემმა მაჩუქა თავის დროზე, მეგონა დაკარგული მქონდა, ეხლა მინდა ისეთ ადგილას დავდო, რომ თვალში არავის ეცეს.  სად დავმალო? მოდი ამ ნახატის უკან დავდებ, გააქვს ბიბლია წაკითხული?

ნინო: – არა საიდან, შენ ბაბუამ გაჩუქა და მე ბაბუა არ მყოლია. იცი ჩემი ორივე ბაბუა 37 წელს დახვრიტეს და ორივე ბებია გადასახლებაში იყო.

გიორგი: – მართლა? არასოდეს გითქვამს.

ნინო: – ხო,მამის მამა უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ისტორიკოსი,  ბრალად წაუყენეს, სტუდენტებს გონებას უწამლავდიო,

გიორგი: – გაუჭირდებოდათ თუ რა.

ნინო: – ჰოდა აიღეს და დახვრიტეს. მეორე მამა კი იცი ვინ იყო? დედის მამა, ჟინვალ ჰესის მთავარი ინჟინერი, მაგას კიდევ დააბრალეს უხარისხოდ აშენებდი სპეციალურადო და ისიც დახვრიტეს, მერე ორივე ბებია გადასახლებაში, ერთი 7 წლით, მეორე 9 წლით.ყაზახეთში. დედაჩემი და მამაჩემი ბავშვთა სახლში გაიზარდნენ როგორც ქვეყნის მოღალატეების შვილები. იქ გაიცნეს ერთმანეთი.  ბინები რა თქმა უნდა ორივეს წაართვეს. ერთს სოლოლაკში შვიდ ოთახიანი ბინა, მეორეს ვერაზე საკუთარი სახლი, ეზოთი. მერე როცა დედა და მამა დაქორწინდნენ, მისცეს ბინა, გადასასვლელ ხიდთან, ერთ ოთახიანი. მე იმ ბინაში დავიბადე და გავიზარდე. ერთი ბებია სვანეთის უბანში ცხოვრობდა, სარდაფში, გირით. მეორე ლოტკინზე თავის და ძმასთან. მე, დედა და მამა დითხანს ვცხოვრობდით იმ ერთ ოთახში. ეს მერე მე მოვახერხე და მივიღე სამ ოთახიანი ბინა დიღომში თორემ ის ბინა რომ გენახა სადაც გავიზარდე,  ბიბლია? ბიბლია კი არა ავეჯი არ გვქონდა წესიერი სახლში,  მამა სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად, იმისი ხელფასი აბა რაში გვეყოფოდა სამივეს, აი დედაჩემი კი, ხან სად მუშაობდა და ხან სად, აი ასეთი ბავშვობა მქონდა, ნახევრად მშიერი, ცხრაჯერ დაკერებული რეიტუზით, და რისი გულისთვის? იცი რამდენჯერ მიკითხავს ჩემი თავისთვის, რისი გულისთვის? მხოლოდ იმიტომ, რომ 30 წლებში, ვიღაც ნაბიჭვარ კომკავშირელს მოეჩვენა, რომ ჩემი ბებიები და ბაბუები ქვეყნის მოღალატეები იყვნენ? აი იმ ვიღაცამ ხომ ქაღალდზე ერთი ხელის მოსმით იმათაც მოუსპო სიცოცხლე და მეც, ხო, მეც, ჯერ კიდევ არ დაბადებულს მომისპო სრულფასოვანი არსებობის უფლება,  .რა საშინელებაა არა?. ისინი ასე მომექცნენ და მე კი…

გიორგი: – შენ რა.?

ნინო: – …… ვუღიმი, ვუცინი, ვისმენ მათ კომპლიმენტებს, თავს ვუქნევ თითქოს რამეში მაინტერესებდეს მათი აზრი, ვიღებ მათგან საჩუქრებს, სახელმწიფო პრემიებს, წოდებებს, დავდივარ მათ საღამოებზე, მიმყავს მათი კონცერტები. არ მითხრა, რომ ისინი ვინც ჩემი ცხოვრება დაანგრიეს და ესენი, სხვადასხვა ხალხია. ესენი იგივე ხალხია, გვარები აქვთ ზოგიერთს სხვა, თორემ იგივე ხალხია, მაგრამ ყველაზე მეტად გული იცი რაზე მისკდება? ყოველ საღამოს  სპექტაკლებსაც რომ  ვთამაშობ მათთვის.

გიორგი: – რას იზამ, ეგ შენი საქმეა, სხვა რა უნდა გააკეთო?

ნინო: – ხო, სხვა რა უნდა გავაკეთო, ნახე როგორი ახალი კაბა მაქვს.

გიორგი: – მაგარია, იცი მაგ კაბაში ვის გევხარ?

ნინო: – ვის?

გიორგი: – აქტრისა მარგარიტას.

ნინო: – ფუ, ვერ ვიტან.  მეზიზღება..

გიორგი: – ვინ? ფიროსმანი?

ნინო: – ფიროსმანი რა შუაშია, ის აქტრისა მარგარიტა მეზიზღება. იცი გიორგი,  ხანდახან საკუთარი თავი მეზიზღება. წავალ   შხაპს მივიღებ და გამოვალ.

კახა დაამთავრებს ბეჭვდას და მამუკას  პატაკს აბარებს:

  • განიხილეს ფიროსმანის შემოქმედება

მამუკა: მერე

განიხილეს სხვადასხვა პორტრები.

მამუკა: – მერე?

კახა: – ჰქონდათ სქესობრივი კავშირი.

მამუკა: – რამდენი ხანი

კახა: – 2 წუთი და 15 წამი

მამუკა: – კარგი, აი შენ საჩუქარი (აძლევს კალამს) გააგრძელე მოსმენა.

                           კახას ბინა.

                        ზარი. კახა კარს აღებს.

მეძავი: – გამარჯობა.

კახა: – გამარჯობა.

მეძავი: – კომუნისტური შრომის 23, ბინა 63. ხო სწორედ მოვედი?

კახა: – კი სწორედ.

მეძავი: – ძალიან კარგი, გავიყინე სანამ აქ მოვედი. (იხდის პალტოს, ფეხზე იხდის თბილ ფეხსაცმელს, პარკიდან იღებს მაღალქუსლიან გამოსასვლელ ფეხსაცმელს და იცმევს ფეხზე) ძლივს მოგაგენი, გავიყინე, შენთან იმედია გავთბები. მოგწონვარ?

კახა: – დიახ.

მეძავი: – შენთან არ ვყოფილვარ ხომ არასდროს?

კახა: – არა.

მეძავი: – ჰო, არ ვყოფილვარ, მე ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს, შენ დაგიმახსოვრებდი, ბინებსაც კარგად ვცნობ, ამ ბინაშიც არ ვყოფილვარ. ისე მაგრად ღარიბულად ცხოვრობ და მარტო ცხოვრობ?

კახა: – დიახ.

თამუნა: – რემონტი ალბათ არ გაგიკეთებია არა არასდროს?

კახა: – არა.

თამუნა: – უკეთესი დივანი ვერ იშოვე?

კახა: – მე მყოფნის.

თამუნა: – მეც მეყოფა. ხო იცი, ოცდაათი მანეთი წინასწარ.

კახა: – ხო, ეხლავე.

მეძავი: – მომეცი, არ გეწყინოს, მერე ავიწყდებათ ხოლმე მოცემა. ჩავიწერ (წერს რვეულში) კომუნისტური შრომის ქუჩა ნომერი 23, ბინა 63 – 30 მანეთი.

აქ თუ იქ?

კახა: – აი იქ.

მეძავი: – მიდი გაიხადე, სინათლე ჩააქვრე და დაწექი, მიდი გელოდები, ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ. (სიბნელეში) ყოჩაღ, ყოჩაღ. ზოგიერთები იწყებენ ხოლმე არ ჩავაქრობ სინათლესო, მე კი სხვანაირად არ შემიძლია ასეთი რაღაცეების კეთება სინათლეში, იმნაირი კი არა ვარ, რომელი სოფი ლორენი მე ვარ, ბავშვი მყავს სარჩენი და მოხუცი დედ მამა. მძიმე ხომ არ ვარ? მიდი, მიდი. სიგარეტს თავი გავანებე და გავსივდი, არადა ჩემი გასივება არ შეიძლება, თუ გავსუქდები სამსახურსაც დავკარგავ და მერე ვინ არჩენს ჩემს შვილს და მოხუცებულ დედ მამას. მეზობლებს, მეგობრებს. მორჩი?

კახა: – დიახ.

მეძავი: – ყოჩაღ, არ აანთო სინათლე, ჩავიცმევ და მერე, მიდი აანთე, გავთბი.  სიგარეტი გააქვს? არ ეწევი?

კახა: – არ ვეწევი მაგრამ მაქვს.

მეძავი: – მადლობა, რა ვქნა ორი კილო მოვიმატე, მეშინია გასუქების, რა ეშველება მერე ჩემს ოჯახს მე რომ სამსახური დავკარგო. – არ მაქვს ამდენი დრო, წავალ, , სხვაც მიცდის. წავალ.

კახა: – დარჩი

მეძავი: – არ შემიძლია, შეხედე, დავთარში მიწერია. დღეს კიდევ 5 თთან უნდა მოვასწრო

კახა: – ბევრი არაა?

მეძავი: – ბევრი? მეტიც მყოლია. რას იზამ, გაძვირდა ცხოვრება.

კახა: – რა გქვია?

მეძავი: – რა მნიშვნელობა აქვს?

კახა: – მართალი ხარ არანაირი. მადლობა.

მეძავი: -მარა. მარა მქვია. შენ კი  გევხარ იცი?

კახა: – რა? ვის ვგევარ?

მეძავი: – გაბურძგნულ ანგელოზს. დაბთარშიც ეგრე ჩავწერ, გაბურძგნული ანგელოზი. ფულს როგორც იშოვნი დამირეკე და ეგრე შემახსენე თავი, გაბურძგნული ანგელოზი ვარო და გამახსენდები

                                    გადის

კახა შედის გიორგის ბინაში და თაროდან ბიბლიას იღებს და გადის წიგნიანად ბინიდან.

კახა კითხულობს ბიბლიას:

,,ღმერთო, ვიცი, რომ ცოდვილი ვარ. ვიცი, რომ ჩემი ცოდვისთვის სასჯელს ვიმსახურებ. მიუხედავად ამისა, მწამს იესო ქრისტესი, როგორც ჩემი მხსნელისა. მწამს, რომ ჩემი ცოდვები მიტევებული იქნა მისი სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის წყალობით. მწამს იესო ქრისტესი და მხოლოდ მისი, როგორც ჩემი უფლისა და მხსნელისა. მადლობას გწირავ, უფალო, ჩემი გადარჩენისა და პატიებისთვის! ამინ!“

  • ვისაც სიკეთის ჩადენა შეუძლია და არ აკეთებს- ცოდვად მოეკითხება.

                                                გიორგის ბინა

ნინო: – რას უსმენ?

გიორგი: – ბახს, მოდი მოუსმინე,.ეს ფირფიტა ირაკლიმ მაჩუქა, ბახის რე მინორული კონცერტი. იცი რა მითხრა, როცა მჩუქნიდა? ვინც ამას უსმენს, ოღონდ ვინც ნამდვილად უსმენსო, ის არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოსო. დაჯექი მოუსმინე შენც.

ნინო: – თეატრში მაგვიანდება.

გიორგი: – ორი წუთით მოიცადე. თვალები დახუჭე, მოუსმინე და მერე წადი. (უსმენენ ერთად) ვინც ამას უსმენს, ოღონდ ვინც ნამდვილად უსმენს, ის არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს.

ნინო: – უნდა წავიდე გიორგი

გიორგი: – წაბრძანდით ქალბატონო ნინო, დარწმუნებული ვარ როგორც ყოველთვის ბრწყინვალე იქნებით სცენაზე…

         კახა სადარბაზოში

დამლაგებელი: – შენ ამ სახლის მესამე ბინაში სცხოვრობ არა?

კახა: – დიახ.

დამლაგებელი: – მე იცი ვინა ვარ? დამლაგებელი ფილე, რა იყო არა ვგევარ ფილეს თუ რა? დალაგების 2 მანეთი არ უნდა მომცე?

კახა: – აი 3 მანეთი და ხურდა არ მინდა

დამლაგებელი: – შენა რა კარგი კაცი ყოფილხარ, ასეთი კარგი ბიჭი და აფსუს, კგბ ხარ?

კახა: – ვინ გითხრა?

დამლაგებელი: – მთელმა უბანმა იცის. უბანში არაფერი იმალება, ყველამ იცის რომ კგბ ხარ.

კახა: – და შენ იცი რა არის კ.გ.ბ.?

დამლაგებელი: – ვიცი. არადა ხელიც კარგი გაქვს, ფეხიც, თურმე გულიც კარგი და რად გინდა, კგბ ხარ

კახა: – არ გეშინია რომ დაგიჭირო?

დამლაგებელი: – მე? მე რისი უნდა მეშინოდეს? ან შენ მე რომ დაიჭერ, თვითონ რას დაიჭერ.?

კახა: – ვიხუმრე.

დამლაგებელი: – ფუ, შუტნიკ, იხუმრა, ბევრი ვიცინე, არ მინდა მე ეგ შენი სამი მანეთი, წაიღე კგბ.

 

                                     მამუკა და კახა

მამუკა:- როგორ მიდის ცეკას მდივნისა და მსახიობი ქალის რომანი?

კახა: – ხვდებიან რეგულარულად კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, ან მასთან კაბინეტში ან მანქანაში.

მამუკა: – მანქანაში?

კახა: – დიახ.

მამუკა: – მძღოლი?

კახა: – მძღოლიც ზის მანქანაში.

მამუკა: – მანიაკი.   ამ ამბით ჩვენ შეიძლება მოვიგოთ ან …

კახა: – წავაგოთ?

მამუკა: – ან ძალიან მოვიგოთ, წაგებით არ წავაგებთ. რაც უფრო მეტი კომპრომანტი გვექნება სხვებბზე  მით უფრო დაცულად ვიგრძნობთ ჩვენს თავს, კარგად გახსოვდეს ეს.  რომელ საათზე ხვდებიან?

კახა: – შვიდზე.

                          გიორგის ბინა

ნინო : – რომელი საათია?

გიორგი: – შვიდის ნახევარი.

ნინო: – რას მიყურებ?

გიორგი: – ძალიან ლამაზი ხარ. გიყურებ  ისე როგორც მორწმუნე ქრისტიანი უყურებს წმინდა ხატს,  

ნინო: – სხვათაშორის დღეს ნინოობაა და შეგიძლია მომილოცო.

გიორგი: – მართლა? გილოცავ. ჩემი რელიგია შენ ხარ. შენი სახე კი ჩემი ხატია, მე არც ქრისტიანი ვარ, არც მუსულმანი და არც ბუდისტი, მე ნინოისტი ვარ.  ჩემთვის ეს დღე არაფრითაა გამორჩეული და მე ყოველი დღე , ყოველი წუთი, ყოველი წამი, მაქვს ნინოობა, – იცი ადრე, სანამ შენ გაგიცნობდი ორი რამის მეშინოდა, მარტო დარჩენის და კიდევ იმის, რომ დადგებოდა დღე და წერას შევწყვეტდი. ეხლა, მხოლოდ ერთი რამის მეშინია: მეშინია შენ არ დაგკარგო.

ნინო: – ნუ გეშინია, არ დამკარგავ. ერთ საათში მოვალ, ალბათ უფრო მალეც. კლასელ მეგობრებს შევხვდები და მოვბრუნდები.

გიორგი: – კლასელებს? მართლა?

ნინო: – რა მართლა? არ გჯერა?

გიორგი: – მჯერა, საკუთარი თავის არ მჯერა ისე როგორც შენი, უბრალოდ როდესაც ვერ გხედავ ცუდად ვარ, როცა შენთან ვარ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამ ქვეყანაზე მარტო მე და შენ ვართ, არავისთან არ ვყოფილვარ ასე კარგად, მაშინაც კი როცა ჩუმად ვართ არ მწყინდება შენთან, მომწონს კიდევაც, რომ ჩუმად ვართ, უშენოდ ცხოვრება იგივე გახდა ჩემთვის რაც უხელოდ, ან უფეხოდ ცხოვრება, ამიტომ სულ მინდა გიყურებდე, შენი ხელი მეჭიროს ასე. იცი,  სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.

ნინო: – როგორ გეტყობა რომ მწერალი ხარ

გიორგი: – სულ რომ სანტექნიკოსი ვიყო, მაინც გეტყოდი, რომ ძალიან მიყვარხარ და უშენოდ წამიც არ მინდა ვიცხოვრო…

ნინო: – რატომ? რატომ გიყვარვარ ასე? მე ხომ ჩვეულებრივი ქალი ვარ, გარეგნობა განსაკუთრებული მე არ მაქვს, არც მაღალი ინტელექტი, მოვლითაც ვერ გივლი, ერბო კვერცხი ვერ შეგიწვი ვერც ერთხელ, ბახი, რომ ბახია, ისიც შენ გამაცანი, ბიბლია პირველად შენ წამიკითხე და ესე ძალიან რატომ გიყვარვარ?

გიორგი: – შენ ჩვეულებრივი ქალი არ ხარ, გესმის? შენ არაჩვეულებრივი ხარ. რა ვქნა ასეთი ვარ, განა ეს ასე ცუდია რომ მიყვარხარ?

ნინო: – ცუდია, ძალიან ცუდია.?

გიორგი: – რა არის ცუდი?

ნინო: – არ ვიმსახურებ მე ასეთ სიყვარულს. კარგია, მაპატიე უნდა წავიდე.

              გადის ბინიდან. კახა გამორბის და უცდის ნინოს, ნინო გამოდის სადარბაზოდან, რამოდენიმე ნაბიჯს გადადგამს, ჩერდება და ბარში შედის,  კახა უთვალთვალებს, ნინო იღებს სასმელს და სვამს, მერე  ჯდება მაგიდასთან, ტირის, კახა მიდის მასთან.

კახა: – გამარჯობა.

ნინო: – გამარჯობა.

კახა: – შეიძლება დაგელაპარაკოთ? რაღაც მინდა გკითხოთ.

ნინო: – არა, მაპატიეთ, მარტო მინდა ვიყო.

კახა: – ქალბატონო ნინო.

ნინო: – ჩვენ რა, ვიცნობთ ერთმანეთს.?

კახა: – თქვენ არა და მე კი გიცნობთ,  თუმცა თქვენ მთელი ქვეყანა გიცნობთ. მე ბოლო ერთ თვეში ყველა თქვენი სპექტაკლი ვნახე, იცით იმ სპექტაკლებში თქვენ სხვანაირი ხართ ვიდრე ცხოვრებაში.

ნინო: – როგორი?

კახა: – როდესაც თამაშობთ ხდებით ძლიერი, გაბედული, თავისუფალი.

ნინო: – და ცხოვრებაში ეგეთი არ ვარ.?

კახა: – დიახ, არა ხართ, ნუ გეწყინებათ, მაგრამ არ ხართ ეგეთი, პირიქით, ხართ სუსტი და არ ხართ თავისუფალი, მშვენივრად მესმის, რომ  როდესაც სხვების ცხოვრებით ცხოვრობთ, მაშინ ალბათ გაცილებით ადვილია იყო ძლიერი, თავისუფალი ადამიანი., აი როდესაც არ თამაშობ მაშინ ალბათ რთულია.

ნინო: – მაპატიეთ, უნდა წავიდე, სკოლის მეგობრებს ვხვდები.

კახა: – აი ეხლა თქვენ მოიტყუეთ და სხვა გახდით,  მოიტყუეთ თუ არა ეგრევე სხვა გახდით და სულ არ გავხართ საკუთარ თავს.

ნინო: – სხვა გავხდი და საკუთარ თავს არ ვგავარ?

კახა: – დიახ.

ნინო: – რა იცით, რომ მოვიტყუე?

კახა: – ვიცი, მე ბევრი რამ  ვიცი თქვენს შესახებ. ყოველშემთხვევაში ის ნამდვილად ვიცი, რომ ეხლა სკოლის მეგობრებს არ ხვდებით, და ისიც ვიცი, რომ ვისაც ხვდებით თქვენი ფრჩხილის ღირსი არაა.

ნინო: -თქვენ ეტყობა მართლა ბევრი რამ გცოდნიათ ჩემს შესახებ

კახა: – არ დაიჯერებთ, მაგრამ შესაძლოა ეგ ეგრეცაა. და გულწრფელად, რომ გითხრათ ის ნინო უფრო მომწონს, სცენაზე სხვების ცხოვრებით, რომ ცხოვრობს ვიდრე ის, რომელიც აქ ცხოვრებაში თამაშობს.

ნინო: – მითხარით, ის ნინო, სცენაზე სხვების ცხოვრებით, რომ ცხოვრობს მიაყენებდა ტკივილს  იმ ადამიანს, რომელსაც ის სიცოცხლეზე მეტად უყვარს? გაყიდიდა თავს კარიერისათვის?

კახა: – არა. არავითარ შემთხვევაში, ის ნინო არასოდეს უღალატებდა სიყვარულს,

    ბარში ისმის ბახის მუსიკა

ნინო: – (ოფიციანტს) უკაცრავად, მუსიკას აუწიეთ თუ შეიძლება. (კახას) ეს ბახია

კახა: – ვიცი, მესამე სუიტა. მიყვარს მე ბახი.

ნინო: – მეც.

კახა: – ქალბატონო ნინო, მომისმინეთ, თქვენ არავის დახმარება არ გჭირდებათ, მიაფურთხეთ ყველანაირ კარიერას, თქვენ ისედაც ბრწყინვალე მსახიობი ხართ. ხომ იცით, რომ ასეა?

ნინო: – თქვენ კი უბრალოდ კარგი ადამიანი ხართ. მე უნდა წავიდე. მე სახლში წავალ.

კახა: – ძალიან კარგი და სკოლის მეგობრებთან აღარ მიდიხართ?

ნინო: – გადავიფიქრე, მომაბეზრეს თავი. თქვენ ხო რაღაცის კითხვა გინდოდათ?

კახა: – მეც გადავიფიქრე, ნახვამდის.

ნინო: – იცით თქვენ ვის გევხართ?

კახა: – ამასწინათ ერთმა მითხრა გაბურძგნულ ანგელოზს გევხარო.

ნინო: – რატომ გაბურძგნულს? ჩვეულებრივ ანგელოზს.

ნინო გარბის, კახა რჩება.

-„იმას ვისაც სიკეთის ჩადენა შეუძლია და არ აკეთებს, ცოდვად მოეკითხება.

 

                      გიორგის ბინა

ნინო შემორბის

ნინო: – მე დავბრუნდი გიორგი

გიორგი: – მობრუნდი?

ნინო: – ხო, უცებ ძალიან მომენატრე და მოვბრუნდი. ერთი მაგათი …

გიორგი: – კლასელებს აგინებ?

ნინო: – ხო, კლასში ყველა აქტიური კომკავშირელი მყავდა.

გიორგი: – შენც ხომ იყავი კომპკავშირელი?

ნინო: – ვიყავი, მაგრამ აქტიური კომკავშირელი არ ვყოფილვარ.

გიორგი: – არც მე. ყოველთვის მეზიზღებოდნენ ესენი. იცი ერთხელ  19 ყრილობის დელეგატადაც ამირჩიეს, ყველა მილოცავდა რა მაგარიაო,  მე ვიღიმებოდი, მადლობას ვიხდიდი, არ მინდოდა იქ მისვლა, მაგრამ ვერ ვთქვი ხმამაღლა, ამიტომ წინა  დღეს ცივი წყალი გადავისხი და აივანზე დავდექი სველი, ეგრევე გავცივდი და მაღალმა სიცხემ მომცა. ასე გადავრჩი და არ წავედი ყრილობაზე. 

ნინო: – ერბოკვერცხი გინდა?

გიორგი: – აკი არ ვიციო?

 

                    კახა აბარებს ანგარიშს მამუკას.

კახა: – მთელი საღამო საუბრობდნენ კომკავშირის როლზე, იმაზე თუ რა დადებითი როლი ითამაშა მათ ცხოვრებაში კომკავშირმა და განსაკუთრებით კომკავშირის მე 19 ყრილობამ. იმდენად ამაღელვებელი იყო მისთვის ყრილობის დელეგატობა, რომ წინდაწინ დაიწყო მზადება, იტარებდა წყლის პროცედურებს, რომ ფიზიკურად ძლიერი ყოფილიყო….

მამუკა: – მართლა ეგრე თქვა?

კახა: – დიახ.

მამუკა: – კრეტინი, გააგრძელეთ მოსმენა.

                                   გიორგის ბინა

                             რეკავს ტელეფონი, გიორგი იღებს ყურმილს.

გიორგი: – ალო, გისმენტ, გისმენთ…. (კიდებს ყურმილს) ისევ ის მანიაკი იყო, რეკავს და ხმას არ იღებს.

ნინო: – ეტყობა შენი ხმა არ მოწონს.

გიორგი: – კარგი, მაშინ კიდევ თუ დარეკავს შენ უპასუხე, შენი ხმა ხომ აუცილებლად მოეწონება. შენ რატომ არ ჩქარობ? არ მიდიხარ თეატრში?

ნინო: – არა. ამ დღეებში სპექტაქლები არ მაქვს, რეპეტიციაც არ დავანიშნინე და საერთოდ, გავაფრთხილე, ცოტა დამასვენეთ, ძალიან გადავიღალე თქო.

გიორგი: – რა მაგარია. მოდი მაშინ სადმე წავიდეთ, გავისეირნოთ ქალაქგარეთ.

ნინო: – სადაც გინდა იქ წავიდეთ.

გიორგი: – მაშინ ვიცმევ და წავიდეთ.

ნინო: – ეხლა? ძალიან კარგი.

ტელ ზარი

გიორგი: – აიღე ყურმილი.

ნინო: – ალო

ცეკას მდივნის ხმა: მემალები, ჩემთან არ მოდიხარ? თეატრშიც არ დადიხარ, რა ხდება? თავი ხომ არ მოგბეზრებია.

ნინო: – თქვენ სხვაგან მოხვდით.

გიორგი: – ნინო. ბეთანიაში წავიდეთ არა?

ნინო: – გიორგი, მოდი სახლში დავრჩეთ რა. შენ იმუშავე, მე კი აი აქ დავწვები და გიყურებ როგორ მუშაობ.

 

                 ცეკას მდივანი და მამუკა

ცეკას მდივანი: იცი, მე ის თქვენი მწერალი რაღაც აღარ მომწონს, მე მგონი ტყუილად ვკარგავთ მასზე ამდენ დროს და ის ვერ გაამართლებს ჩვენს იმედებს.

მამუკა: – მოხდა რამე?

ცეკას მდივანი: – რა უნდა მომხდარიყო? უბრალოდ ვფიქრობ, რომ მასზე ტყუილად ვამყარებთ იმედებს და ჯობია მოვიცილოთ, ჯობია მოვიცილოთ თავიდან სანამ დროა, გააძლიერეთ თვალთვალი და დროზე რამე ხელჩასაჭიდი იპოვნეთ.

მამუკა: – (კახას) იმ მწერალზე გააქვს რამე?

კახა: – ავალიშვილზე? არა.

მამუკა: – თვალთვალს ხო აგრძელებ? არაფერი გაქვს?

კახა: – არაფერი, სხედან სახლში, უყურებენ ტელევიზორს, ამასწინათ უყურეს „ასისაის“, კიდევ ნახეს „კავკაზსკაია პლენნიცას“, იცინეს, ისეთს არაფერს ამბობენ

მამუკა: – ასეთს?

კახა: – ანტისაბჭოთას არაფერს ამბობენ

მამუკა: – როგორ? ხმას არ იღებენ? რეებს მეუბნები?  არ არსებობს, ყველაზე დიდ კომუნისტსაც წამოცდება სახლში რამე ტელევიზორის ყურების დროს, მთავრობაზე, დასავლეთზე, ან შეაქებს რამეს, იმათ მთავრობას შეადარებს ჩვენსას, აი ეს სიტყვები უნდა გამოვიყენოთ ჩვენ, ხვდები? მთავარია ვინ უსმენს, შენ ეტყობა არ უსმენ, მოუსმინე კარგად და რამე დამიდე მაგიდაზე, გაიგე?

 

კახა შედის ბინაში და ბიბლიას დებს კარადაზე, მერე საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავს წერილს, წერილს დებს კონვერტში და კონვერტს აგდებს საფოსტო ყუთში,  მოდის გიორგი, აღებს საფოსტო ყუთს, იღებს კონვერტს, ხსნის და კითხულობს , იღებს ტელეფონს:

 

გიორგი: – ირაკლი, ჩამოდი ეზოში ( გადის და ეზოში ხვდება ირაკლის. უკითხავს წერილს) “თქვენ გითვალთვალებენ, ზედმეტი არაფერი თქვათ. თქვენი ბინა ისმინება”

ირაკლი: – იქნებ ვინმე გაღადავებს?

გიორგი: – ალბათ, მაგრამ რაში სჭირდება?

ირაკლი: – წარმოდგენა არ მაქვს. შეიძლება ვიღაც მეგობრულად გაფრთხილებს.

გიორგი: – მეგობრულად კგბ დან?

ირაკლი: – ხო, აბსურდია,

გიორგი: – დარწმუნებული ვარ არავინ არ მითვალთვალებს და არც მისმენს, უბრალოდ არ მესმის ვის რაში სჭირდება ასეთი ხუმრობა.

ირაკლი: –  წერილი დაწერე? მოიტანე?

გიორგი: – ხო, როგორც გითხარი ფარულ მოსმენებზე. ხალხის დაშანტაჟებაზე და რომ რეჟიმი მხოლოდ ამაზე დგას.

ირაკლი: – მომეცი მე წავიითხავ….

გიორგი: – შენი ფერი არ მომწონს, იყავი ექიმთან?

ირაკლი: – არა ვერ მოვიცალე, მშვენიერია.- და შენ გინდა ეს იქ გავაგზავნოთ?

გიორგი: – ხო მინდა, ან დაიბეჭდოს ან რადიოთი გადმოიცეს. როგორ ფიქრობ, მოეწონებათ?

ირაკლი: – რა თქმა უნდა მოეწონებათ. იმათ ყველაფერი მოწონთ, ოღონდ ამათ ვაგინოთ.  კარგი. მართლა, ნინომ იცის ამ წერილის შესახებ?

გიორგი: – არა.

ირაკლი: – ხოდა არც უნდა იცოდეს. ეს მისი უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, შენმა წინა წერილმა დიდი ხმაური გამოიწვია, ამიტომაც მეშინია… იცი, მაგარი იდეა მაქვს, ვიცი როგორ უნდა შევამოწმოთ შენს ბინას  უსმენენ თუ არა. 

გიორგი: – რა იდეაა?

                   გიორგის ბინა

ირაკლი: – მოკლედ,  დღეს დღეს ფილარმონიაში  მილიციის დღეს აღნიშნავენ. მთელი ცეკა ტეკა იქ ინება.

გიორგი: – მერე.?

ირაკლი:- დაიწყება თუ არა საღამო, ცოტას ვაცლი, მერე შევალ დარბაზში და მთელ ხმაზე ვიყვირებ “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს” და გავიქცევი.

გიორგი: – მოასწრებ გაქცევას?

ირაკლი: – მოვასწრებ, ეგრევე სცენის ქვეშ შევძვრები.

გიორგი: – აბა შენ იცი.

 

გადიან ბინიდან

კახა, რომელიც უსმენდა მათ:, იღებს ყურმილს აპირებს სადღაც დარეკვას, მერე ყურმილს კიდებს, ეცინება)

კახა: – უნიჭოები.

                                        (სადარბაზოში)

ირაკლი: – ორ საათში შეგატყობინებ მათ რეაქციას.

გიორგი: – მე მგონი ძალიან საშიშია.

ირაკლი: – რა არის საშიში? თუ შენს ბინას მართლა უსმენენ, შევალ თუ არა, ეგრევე დამაპატიმრებენ, მე კი  ვიტყვი აქ ვმუშაობ და შემოვიხედე დარბაზში თქო. სამაგიეროდ გვეცოდინება შენთან სუფთაა თუ არა ბინა. წავედი.

 

               ბინა. ტელეფონის ზარი. ნინო იღებს ყურმილს

ცეკას მდივნის ხმა: – აზრზე თუ არ მოხვალ, იცოდე გაგანადგურებ, შენი პორნო ფოტოებით გაივსება მთელი ქალაქი, ცხვირს ვერ გამოყოფ ვერსად, შენი მწერალიც გაიგებს რას წარმოადგენ სინამდვილეში,

        ნინო კიდებს ყურმილს და გადის საძინებელში, ზარი, იღება კარი და შემოდის ირაკლი.

ირაკლი: – გიორგი! გილოცავ. ბინა სუფთაა. იდიოტები, ზედაც არავინ შემომხედა, ცხრაჯერ შევედი და გამოვედი დარბაზიდან. წარმოგიდგენი ბომბის სროლასაც კი  თავისუფლად მოვახერხებდ, არადა მთელი ცეკა იქ იჯდა. იდიოტები.  გიო გილოცავ, შენს წერილს “ამერიკის ხმაში” წაიკითხავენ ოღონდ უნდა გადავუგზავნოთ  და რაც მთავარია ეს წერილი უნდა გადავბეჭდოთ…

გიორგი: – ეს ნინოა.

ირაკლი: – არ უთხრა არაფერი წერილზე… ხომ გითხარი მისი უსაფრთხოებისთვის ჯობია თქო, უთხარი, რომ პიესა მინდა წაგიკითხო.

გიორგი: – კარგი. ჩვენ სტუმარი გვყავს.

ნინო: – გამარჯობა.

გიორგი: – როგორც იქნა შედგა თქვენი შეხვედრა, ეს ირაკლია, პოეტი, დრამატურგი.

ნინო: – სასიამოვნოა, გიორგი ხშირად მიყვება თქვენზე.

გიორგი: – ირაკლი ახალ პიესაზე  მუშაობს და უნდა, რომ წამიკითხოს.

ნინო: – პიესაზე? საინტერესოა, რაზეა პიესა?.

გიორგი: – რაზეა შენი პიესა?

ირაკლი: – ლენინზე.

ნინო: – რაა?

გიორგი: – მართლა?

ირაკლი: – ჰო, ლენინზე და დედამისზე. ძალიან აქტუალური მგონია. მე დავწერე და მინდა, რომ გიორგიმ გამისწოროს.

ნინო: – როგორც ვხვდები, მაგ პიესაში ჩემი როლი ალბათ არაა, ამიტომ დაგტოვებთ. ცოტას წავიძინებ, დღეს სპეკტაკლი მაქვს.

                          გადის

გიორგი: – ლენინი რამ მოგაგონა?

ირაკლი: – არ ვიცი პირველი რაც მომივიდა თავში ეგ იყო.

გიორგი: – ძლივს შევიკავე თავი სიცილისაგან, მე მგონი ზედმეტად ფრთხილობ.

ირაკლი: – არა, შენ არ იცნობ კგბ ს კარგად, ამიტომ…

გიორგი: – ეს რა არის?

ირაკლი: – საბეჭდი მანქანა შენთვის

გიორგი: – ჩემთვის? რად მინდა, მე ჩემი მაქვს.

ირაკლი: – ვიცი, მაგრამ შენი მანქანის  შრიფტი კარგადაა კ.გ.ბ. სთვის ცნობილი, შენი მანქანით დაბეჭდილი ეს ტექსტი რომ ჩაუვარდეთ მეორე დღესვე დაგაპატიმრებენ. ამიტომ ეს ტექსტი ამ მანქანაზე აკრიფე  ცოტა საწვალებელია ამაზე ბეჭდვა, მაგრამ სამაგიეროდ ეს მანქანა არსადაა აღრიცხვაზე. მანქანა შენ გქონდეს ჩვენგან საჩუქრად, ოღონდ სადმე დამალე რომ ვერავინ იპოვნოს.

გიორგი: – კარგი, ვიცი სადაც უნდა დავმალო.

ირაკლი: – ძალიან გთხოვ სერიოზულად მოეკიდე კონსპირაციას. ნუ გავიწყდება რა ქვეყანაში ცხოვრობ. რა კარგია როცა იცი, რომ ბინაში თავისუფლად შეგიძლია თქვა რასაც ფიქრობ. ჩემს ბინას კი ნამდვილად უსმენენ.

გიორგი: – გეუბნებოდი არ მისმენენ თქო, ვიღაცამ გამაშაყირა, ამ ბინაში შეგიძლია თავისუფლად აგინო საბჭოთა კავშირს, ლენინს.

ირაკლი: – ლენინის დედაც…

გიორგი: – მამას?

ირაკლი: – ლენინის მამაც..

გიორგი: – ცოლი?

ირაკლი: – ლენინის ცოლიც…

გიორგი: – საბჭოთა კავშირი?

ირაკლი: – საბჭოთა კავშირის დედაც…

გიორგი: – დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარ

ირაკლი: – ჯოს, ჯოს, ჯოს.

                   კახა სასწრაფოდ ბეჭდავს მათ ტექსტს, დებს პაპკაში და მიდის მამუკასთან.

მამუკა: – ძალიან გაჭირდა მუშაობა, ეს გორბაჩოვი აშკარად რაღაცეებს ურევს, ეს ჩვენი გადაყავთ მოსკოვში, აქ ვინ იქნება,  არავინ იცის, ჭამენ ჯერ ერთმანეთს, სრული ქაოსია, რამე საქმე გაქვს?

კახა: – იცი, მე მგონი ზედმეტ ყურადღებას ვიჩენთ იმ გიორგი ავალიშვილისადმი, ჩვეულებრივი საშუალო დონის საბჭოთა მწერალია, ზის თავის მეგობართან ერთად და ლენინზე წერს პიესას,  არ იძახის არაფერ ანტისაბჭოურს, პირიქით, უინტერესოა, არ ღირს ამდენი დროის და ენერგიის ხარჯვა მასზე. უპერსპექტივო საქმეა, გავანებოთ მის მოსმენას თავი.

მამუკა: – უპერსპექტივო? ესეიგი არაფერი გვაქვს?   შენ თუ დაიღალე,  სხვას მივცემ მაგ საქმეს.

კახა: – არა, გავაგრძელებ, თუ რამეა საპოვნი მე უფრო ვიპოვნი. იქნებ რამე მაინც ვიპოვნო. სახლს გარეთ გავაგრძელებ თვალთვალს, იქნებ იქ უფრო ვიპოვნო რამე.

მამუკა: – მე მგონი რაღაცას მიმალავ.

კახა: – არა, საიდან მოიტანე.

მამუკა: – მართლა ლენინზე მუშაობს?

კახა: – ჰო, ლენინზე და დედამისზე.

მამუკა: – კომედია?

კახა: – არა, დრამა.

მამუკა: – სულ გაგიჟდნენ, ვის რად უნდა.? რამე მიპოვნე, თუ გინდა მოიგონე რამე, მაგრამ მიპოვნე.

გიორგი ამთავრებს წერილის ბეჭდვას და მალავს საბეჭდ მანქანას იატაკში, ამ დროს შემოდის  ნინო და ხედავს როგორ მალავს გიორგი საბეჭდ მანქანას.

გიორგი: – იცი, ჩვენ ლენინზე არ ვწერთ პიესას.

ნინო: – მაგდენს ვხვდები. ნუ მეტყვი.

გიორგი: – გეტყვი, მე არაფერი მაქვს შენთან დასამალი. მე ვწერ წერილებს ამერიკის ხმისათვის…

ნინო: – არაა საჭირო. არაფერი მითხრა,  მართლა, გთხოვ, არ მინდა ვიცოდე. არ მაინტერესებს, მე მაინტერესებ მხოლოდ შენ და არა ის თუ რას წერ შენ. (რეკავს ტელეფონი)

გიორგი: – გისმენთ. ეხლავე. შენ გთხოვენ.

ნინო: – მე? ალო.

ცეკას მდივანი: – მე ვარ. მიჭირს უშენობა, მე მგონი მიყვარხარ.

ნინო: -სხვაგან მოხვდით.

ცეკას მდივანი: – რაა? მე შენ სიყვარული აგიხსენი და შენ რას მეუბნები?

ნინო: – რაც გაიგეთ, ნუღარ რეკავ ამ ნომერზე შე ნაბიჭვარო, გასაგებია? სხვა ნინო უნდოდათ. გიორგი მეშინია.

გიორგი: – რისი გეშინია?

ნინო: – ყველაფრის. (გიორგის) რატომ შემიყვარდი ასე ძალიან?

გიორგი: – ცუდია მერე.?

ნინო: – არ ვიცი, დრო გვიჩვენებს.

ისმის რადიო „თავისუფლების ხმის“ ჩანაწერი:

……..“ კომუნისტური რეჟიმის შედეგად წარმოიშვა წითელ ინტელიგენტთა განსაკუთრებული ფენა, კრემლის მიერ  მოსყიდულ ღორებს, რომლის ძირითად ბირთვს ხელოვანები წარმოადგენდნენ მწერლები, მსახიობები, რეჟისორები რომელიც პრივილეგიების და თანამდებობების გამო ჰყიდიან ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. „არ არსებობს უფრო დიდი მტერი საკუთარი ხალხისა, ვიდრე კოლონიზატორების მიერ აღზრდილი ინტელიგენცია“. თქვა ჯავაჰარლალ ნერუმ და ეს სიტყვები თავისუფლად შეგვიძლია ვიხმაროთ ქართველი ინტელიგენციის მისამართითაც…..წითელი ინტელიგენცია რეჟიმის მიზნებს საუკეთესოდ ემსახურება, ვინაიდან რეჟიმი კვლავ განაგრძობს არსებობას….

 

მამუკა: – დიახ, ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს ამ წერილის ორიგინალი და ვცდილობთ ავტორი დავადგინოთ…

ცეკას მდივანი: – რა დადგენა გინდათ?

მამუკა: – პრობლემა იმაშია, რომ საწერი მანქანა, რომელზედაც დაიბეჭდა ეს წერილი არაა რეგისტრირებული არსად, დიახ, რაღაც უცნაურ მანქანაზეა დაბეჭდილი…”,

ცეკას მდივანი: – რას მიედ მოედები, არ იცი ვინც დაწერა წერილი?

მამუკა: – რა თქმა უნდა  ჩვენ ვიცით,  ვისი დაწერილიცაა, მაგრამ არ გვაქვს დამამტკიცებელი საბუთი..

ცეკას მდივანი: – რა საბუთი გინდა?

მამუკა: – პრობლემა  იმაშია, რომ  გიორგის  აქვს “უნდერვუდი”, წერილი კი დაბეჭდილია მინიატურულ საბეჭდ მანქანა “კოლიბრზე”, რომელიც არაა რეგისტრირებული. ჩვენთვის იდეალური ვარიანტი იქნება თუ საბეჭდ მანქანას ვიპოვნით და მას წარუდგენთ დამამტკიცებელ საბუთად.

ცეკას მდივანი: –  თუ იცით, რომ ეს წერილი მისი დაწერილია, ესე იგი  საბეჭდ მანქანას  სადღაც მალავს.

მამუკა: – აბსოლუტურად სწორს ბრძანებთ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით სად მალავს ის ამ მანქანას.

ცეკას მდივანი: – კარგად დაკითხეთ ის.

მამუკა: – არ გამოტყდება.

ცეკას მდივანი: – მაშინ მისი შეყვარებული დაჰკითხეთ, ის გეტყვით.

 მამუკა: – მისი შეყვარებული?

ცეკას მდივანი: – დიახ, მისი შეყვარებული ნინო…., რატომ მიყურებ ეგრე?

მამუკა: – მე მეგონა, რომ ნინო ებრალიძე არ უნდა გაგვერია ამ საქმეში, რადგან მას მეგობრები ყავს ცენტრალურ კომიტეტში.

ცეკას მდივანი: – მეგობრები ცენტრალურ კომიტეტში?

მამუკა: – დიახ, დიახ.

ცეკას მდივანი: – რა გვარია? ნინო ებრალიძე? ხო ვიცნობ, ის ხომ ცნობილი მსახიობია, ერთი ორჯერ მილაპარაკია კიდეც, იმედია შენ არ ფიქრობ მე საქმეზე წინ პირად მეგობრულ კონტაქტს დავაყენებ?

მამუკა: – არც ერთი წამით არ მიფიქრია.

ცეკას მდივანი: – ნინო … თანამშრომლობდა ჩვენთან და სანამ თანამშრომლობდა ჩვენც ვეხმარებოდით, მაგრამ წარსულში თანამშრომლობა სულაც არ ნიშნავს სამუდამო ხელშეუხებლობას. დააკავეთ და ის ყველაფერს გეტყვით მაგ თქვენს მწერალზე.

მამუკა: – დაკავების საფუძველი?

ცეკას მდივანი: – საფუძვლის გარეშე ვერ იზამთ? როდის აქეთ?

მამუკა: – ეხლა ცოტა სხვა დროა.

ცეკას მდივანი: – ნარკოტიკების შენახვა და მოხმარება ყველა დროის საბუთია. მით უფრო, როცა ლაბორატორია ადვილად დაადგენს ამას, რა არ იცოდით რომ ის მომხმარებელია?

მამუკა: – რა თქმა უნდა ვიცოდი, მაგრამ..

ცეკას მდივანი: – არავითარი მაგრამ. აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი, იმოქმედეთ თავისუფლად, თუ რამე ინფორმაციას მოგაწოდებთ ძალიან კარგი და თუ ვერა მაინც აღარ მინდა მისი არსებობა, ის ნინო უფრო საშიში გახდა, ვიდრე იმ წერილის დამწერი,  დააკავეთ და დასაჯეთ, რაც უფრო მეტს მიუსჯით მით უკეთესი, ის ჩემთვის უკვე აღარ არსებობს. მე მინდა, რომ ის საშინლად გაამწაროთ, გასაგებია.? ის ნინოც და მისი შეყვარებული მწერალიც.

გასაგებია ტავარიშჩ კაპიტან?

მამუკა: -გასაგებია, გასაგებია (ტელეფონზე) ნინო ებრალიძე, დააკავეთ, ხო დააკავეთ და იმ 744 ის ბოლო ორი თვის საქმე მომიტანეთ სასწრაფოდ.

ნინოს დაკავება.

შემოყავთ დაპატიმრებული ნინო

 

გამომძიებელი: – დაბრძანდით, აბა, გვეტყვით თუ არა სადაა საბეჭდი მანქანა.?

ნინო: – მე უკვე გითხარით, არაფერი ვიცი თქვენი საბეჭდი მანქანის შესახებ, არც რაღაც წერილის შესახებ, სამსახურში მაგვიანდება, და გირჩევთ დროზე გამიშვათ თორემ უსიამოვნებები არ აგცდებათ.

გამომძიებელი: – მართლა? და თავი ვინ გგონიათ? ერთი ჩვეულებრივი ტაკიმასხარა მსახიობი ხართ. სცენაზე გამოდიხართ, იტყლარჭებით, და გგონიათ რამეს წარმოადგენთ? აქეთ გვემუქრებით? და ვისით გვაშინებთ? იმ თქვენი მოხუცი საყვარლით? ა ეს ის არის სამსახურეობრივ მანქანაში რომ აძლევდით არა? რას მიყურებ? თუ საჭირო გახდა, იმასაც მოგისვამ გვერდით. შეხედე, აქ შენი ფოტოებია, აი ეს მის კაბინეტში, პირდაპირ მაგიდაზე, კალმისტრები არ გერჭობოდა ზურგში? აი ეს ტახტზე, აი ეს ყველაზე მაგარია, მანქანაში, ზევიდან ზიხარ, კარგია? და მძღოლის არ გიტყდებოდა?

ნინო: – მეზიზღებით, მთელი თქვენი სისტემა მეზიზღება, თქვენი რეჟიმი მეზიზღება, თქვენ მეტი არაფერი არ შეგიძლიათ, ადამიანების თვალთვალი, ჩუმად მოსმენა, მათ ცხოვრებაში ჩარევა და თქვენი ბინძური ხელების ფათური, თქვენ მეტი არაფერი არ შეგიძლიათ,

გამომძიებელი: – ეს რა როლია? რომელ მონოლოგს უბერავთ?არ მაქვს ნანახი, მომისმინე კარგად, შენ დაკავებული ხარ ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზაციის გამო, შენი ბინიდან, მოწმეების თანდასწრებით,  ამოღებულია დიდი რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება, ასე რომ ეს მონოლოგი კარგად დაიმახსოვრე, ერთი 15 წელი მოგიწევს მისი გამეორება,

 

გიორგის ბინა.

მამუკა: – გამარჯობა, როგორ ხართ?

გიორგი: – კარგად. ვიცნობთ ერთმანეთს?

მამუკა: – არა, აი თქვენი ბინის ჩხრეკის ორდენი.

გიორგი: – შეიძლება გკითხოთ რას ეძებთ?

მამუკა: – შეგიძლიათ მკითხოთ, მაგრამ მე შემიძლია არ გიპასუხოთ. აქ რა დაწვით?

გიორგი: – რაღაც ძველი ტექსტები.

მამუკა: – ა, ის წერილი ხო, რო გადააგზავნე. რამდენი უცხოური წიგნი გქონიათ?

გიორგი: – მე მწერალი ვარ და ყველაფერს ვკითხულობ.

მამუკა: – ყველაფერს? საინტერესოა არა.

გიორგი: – ძალიან. რას ეძებთ?

მამუკა: – მანქანას, საბეჭდ მანქანას, არა ამას არა, პატარა, მინიატურულ საბეჭდ მანქანას, რომელიც სადღაც აქ უნდა იყოს დამალული.

გიორგი: – მე სხვა არ მაქვს.

მამუკა: – მართლა? არადა დარწმუნებული ვარ, რომ ის სადღაც აქაა.

გიორგი: – ამხანაგო….

მამუკა: – კაპიტანო.

გიორგი: – ამხანაგო კაპიტანო, მაშინ თქვენ ეძებეთ, რასაც ეძებთ, მე კი უკაცრავად, სამუშაო მაქვს.

მამუკა: – მიდი, მიდი იმუშავე, (ტელეფონში) 753 მოვიდეს ჩემთან. (მამუკას) მე დავამთავრე და  წავალ ეხლა,  მაგრამ გული მიგრძნობს ისევ მოვალ. აი აქ ჩვენი მისამართია თუ რამე გაგახსენდებათ დაგვირეკეთ.

გიორგი: – არა მგონია რამე გამახსენდეს. ამხანაგო…

მამუკა: – კაპიტანო.

გიორგი: – დიახ, ამხანაგო კაპიტანო.

 

მამუკა გადის, გიორგი იღებს ტელეფონს და რეკავს

გიორგი: – პრონტოს მოგცემ მე შენ, ამოდი ჩემთან.

     ირაკლი შემორბის

ირაკლი: – რა მოხდა?

გიორგი: – რაღა რა მოხდა, გამჩხრიკეს, საბეჭდ მანქანას ეძებდნენ

ირაკლი: – რატომ უნდა ყოფილიყო ჩხრეკა?

გიორგი: – წარმოდგენა არა მაქვს.

ირაკლი: – საბეჭდ მანქანაზე ვიცოდი მხოლოდ… მე… ნინომ ხომ არ ჩაგიშვა.

გიორგი: – არ არსებობს.

ირაკლი: – რა იცი, იქნებ მან  ჩაგიშვა კ.გ.ბ სთან.

გიორგი: – არა დამიჯერე არა.

ირაკლი: – რატომ ხარ ასე დარწმუნებული?

გიორგი: – იმიტომ, რომ მან იცის სად ვმალავ მანქანას და მას,  რომ ჩავეშვი შენს საბეჭდ მანქანასაც ადვილად იპოვნიდნენ.

ირაკლი: – ხო, ეგ არგუმენტია, კარგი, შენ უკეთ იცი, მაგრამ ფრთხილად იყავი, ეხლა სადაა?

გიორგი: – ვინ?

ირაკლი: – ნინო.

გიორგი: – არ ვიცი, ალბათ თეატრში. ამ დროს რეპეტიცია აქვს, დღეს საღამოს სპექტაკლი, ალბათ ღამე მოვა.

ირაკლი: რომელი საათია?

გიორგი: – სამი ხდება.

ირაკლი: – ექიმთან მეჩქარება, დამირეკეს, სავალდებულო შემოწმებაა პოლიკლინიკაში უნდა მოხვიდეთო

გიორგი: – ხედავ, შენ კიდევ საბჭოთა კავშირს აგინებ, ხომ ხედავ როგორ ზრუნავენ ხალხზე.

ირაკლი: – მაინც შევაგინებ, მაგათი დედაც…

       გადის

           პოლიკლინიკა, შემოდის ირაკლი

ირაკლი: – შეიძლება?

ექიმი: – მობრძანდით.

ირაკლი: – დამირეკეს, რაღაც სავალდებულო შემოწმებააო და..

ექიმი: – ვიცი, მეც დამირეკეს. თქვენი სახელი შემახსენეთ

ირაკლი: – ირაკლი გაბრიჩიძე.

ექიმი: – ძალიან კარგი, ძალიან სასიამოვნოა, მობრძანდით. დაბრძანდით, გაგსინჯავთ ეხლა, გტკივათ? აქ? არაფერი განსაკუთრებული არ გჭირთ.

ირაკლი: – იცით ღვიძლი მაწუხებს და მაგიტომ მოვედი თქვენთან

ექიმი: – სრულიად ჯამრთელი ღვიძლი გაქვთ,

ირაკლი: – და აქ რა მჭვალავს ხოლმე?

ექიმი: – ეგ ნაღვლის ბუშტია, ალბათ გაღიზიანებული გაქვთ, მე ეხლა სავალდებულო ვაქცინას გაგიკეთებთ,

ირაკლი: – ვაქცინას?

ექიმი: – დიახ, ჩვენ ამას ყველას ვუკეთებთ, ჩვენ ცზრუნავთ ჩვენს მწერლებზე.

ირაკლი: – ძალიან კარგი. რისი სავალდებულო ვაქცინაა?

ექიმი: – ცხოვრების. აი აქეთ გადმობრძანდით, გაიხადეთ ქურთუკი, ხელი გაშალეთ, აი ასე, ნუ გეშინიათ, (უკეთებს ნემსს)

ირაკლი: – ესეიგი ცხოვრების არა?

ექიმი: – დიახ.

ირაკლი: – და შველის?

ექიმი: – დიახ.

ირაკლი: – ძალიან კარგი.

ექიმი: – ერთ ორ წუთში, საერთოდ ვერაფერს ვეღარ იგრძნობთ, ჯერ ფეხები გაგეყინებათ და შემდეგ უკვე ხელები, ლაპარაკსაც ვეღარ შესძლებთ, მაგრამ გონებაზე იქნებით, ხომ გესმით ჩემი? ხომ ასეა როგორც გითხარით, ეხლა ხომ ვერც ფეხებს ვერ გრძნობთ, ვერც ხელებს, და ვერც ენას ვერ ამოძრავებთ არა? მაგრამ გესმით ხომ ჩემი? ძალიან კარგი, ჰოდა თუ გესმით ჩემი, თვალები კარგად დახუჭეთ, რაო რა თქვი რა მქვიაო? (ირაკლი ხმას ვეღარ იღებს, შეშინებული შეჰყურებს ექიმს) ჯუზეპე გარიბალდი, აბა ეხლა კარგად მომისმინე ჯუზეპე, შენი თავი აშაყირე გაიგე? ღრმად ისუნთქე, ცოტა ხანში მაგასაც ვერ შეძლებ. (ირაკლი უგონოდ ეცემა ზურგზე)

შემოდის მამუკა, ირაკლის სარდაფში აგდებენ და ზედ მჟავას ასხამენ

                           მამუკას კაბინეტი, შემოდის კახა

კახა: – შეიძლება?

მამუკა: – შემოდი. აბა მოყევი.

კახა: – მოვყვე? რა?

მამუკა: – არ იცი რა?

კახა: – არა, არ ვიცი რას მეკითხებით?.

მამუკა: – არ იცი რომ ეს სტატია გიორგი ავალიშვილმა დაწერა?

კახა: – არა, რითი ამტკიცებ რომ მისი დაწერილია?

მამუკა: – შენ ისევ გინდა მომიყვე რომ ისინი ლენინზე და დედამისზე წერდნენ პიესას? 

კახა: – მე ყოველშემთხვევაში ასე გავიგე.

მამუკა: – ამიტომ ეს მათი დიალოგი ლენინზე, მოსმენის ფირზე წაშალე?

კახა: – ფირის ეკონომიის მიზნით, ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცევით, ვშიფრავთ ჩანაწერს და მოხსენებით ბარათს ვწერთ.

მამუკა: – დაწერე როგორ არა და თვითონ ფირზე ჩაწერილი კი წაშალე. რატომ?

მამუკა: – მართალი ხარ, მაგრამ დამეთანხმე რომ ცოტა საეჭვოა ეს ყველაფერი, არა?

კახა: – ასე რატომ მელაპარაკებით?

მამუკა: – გეტყვი, იმიტომ რომ შენ ხარ კრეტინი.  შენ  ერთხელ მკითხე ჩვენ ვის კომპეტენციაში შევდივართო და მე გაკვრით გითხარი,  მიგახვედრე, რომ მარტო ჩვენ კი არ ვუსმენთ სხვებს, ჩვენც გვისმენენ სხვები.

კახა: – მერე?

მამუკა: – მე გამოვითხოვე შენზე ბოლო ორი თვის მასალა.

კახა: – და?

მამუკა: – ბოლომდე არ შემისწავლია, დიდი მასალაა, მაგრამ ერთი გადახედვითაც ბევრი რამაა საეჭვო.

კახა: – მაგალითად?

მამუკა: – მაგალითად შენი შეხვედრა ნინოსთან ბარში.

კახა: – არაფერი განსაკუთრებული. შემთხვევით შევხვდი.

მამუკა: – არ ვიცი, ხომ გითხარი ჯერ არ შემისწავლია თქო,  მაგრამ უცნაურია, რომ შეხვდი და მოხსენებით ბარათში არაფერი თქვი, ანუ დამალე ფაქტი. უცნაურია შენი გატაცება ბიბლიით… უცნაურია შენი გატაცება ბახით…იცი, ბევრი ვიცინე შენთან ბინაში, რომ ბოზი მოიყვანე, 30 მანეთი რამ მიგაცემინა ბიჭო ბოზში, ცოტაა ქალი?  უცნაურია, რომ შენს მოხსენებით ბარათებში არსად არ წერია, რომ მას ახალი პორტატიული საბეჭდი მანქანა გაუჩნდა სახლში, დაუშვათ არაფერი თქვა და ჩუმად მოიტანა, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ  შენ იმ საბეჭდი მანქანის ხმა ვერ გაარჩიე ჩვეულებრივი საბეჭდი მანქანის ხმისგან, კარგი,  ამაზე მერე, ეხლა მინდა მოგცე ბოლო შანსი, რომ დამიმტკიცო შენი სიმართლე. ის ნინო ჩვენთანაა, მან დაგვიდასტურა, რომ წერილი რომელიც რატომღაც შენ გაგეპარა და ვერ მოისმინე კარგად, დაიწერა მათთან, მაგრამ მაგ ნინომ არ გვითხრა სადაა საბეჭდი მანქანა, არადა არ მჯერა, რომ მან არ იცის, როგორც გინდა ათქმევინე სადაა დამალული საბეჭდი მანქანა თორემ პირობას გაძლევ ეს შენი ბოლო დღე იქნება ჩვენთან.

    კახა შედის  ნინოსთან დაკითხვაზე

კახა: – პირდაპირ საქმეზე გადავალ, დღეს საღამოს თეატრში თქვენი სპექტაკლია დანიშნული, არავინ იცის, რომ თქვენ ჩვენთან ხართ, არც თეატრში არ იციან, რომ აქ ხართ, ამიტომ თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი: ან გვეუბნებით სადაა ბინაში დამალული საბეჭდი მანქანა და თქვენ წახვალთ დღეს სპექტაკლის სათამაშოდ ან საღამოს სპექტაკლი მოიხსნება და მაყურებელს ეტყვიან, რომ თქვენ დაპატიმრებული ხართ ნარკოტიკების მოხმარებისათვის და რეალიზაციისათვის და ეს იქნება ბოლო საღამო, როდესაც თქვენზე რამეს გაიგებს თქვენი მაყურებელი. გვითხარით სადაა სამალავი.

ნინო: – არანაირი სამალავი არ არსებობს, არ ვიცი არანაირი საბეჭდი მანქანის შესახებ, მოვიგონე ყველაფერი.

კახა: – იმედი მაქვს არაფერი მოიგონეთ, რადგან ყალბი ჩვენების მიცემა უფრო დაამძიმებს თქვენს სიტუაციას. გიორგი მაინც მოხვდება ციხეში, ამისათვის ჩვენ საკმაოდ ბევრი საბუთი გვაქვს და მათ შორის თქვენი ჩვენებაც. საკუთარი თავი გადაირჩინეთ ჯობია. აქ სცენა არაა, ასე რომ არ გინდათ აქ გმირის თამაში, ვერ წარმოიდგენთ რამდენი ადამიანი ზის ტყუილად ჩვენს ციხეებში, მხოლოდ იმიტომ რომ გმირების თამაში მოინდომეს.  გვითხარით სადაა სამალავი თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში გარწმუნებთ თქვენ გელით  სამარცხვინო 15 წელი ციხეებში სადაც თქვენ ყოველდღიურად შეურაცყოფის ობიექტი იქნებით. გვითხარით. გიორგი ვერაფერს გაიგებს.მან ისიც არ იცის, რომ ეხლა ჩვენთან ხართ,  გვეტყვით თუ არა სადაა საბეჭდი მანქანა, ჩვენ გაგიშვებთ,ნუ იღელვებთ, ჩვენ  შეგიქმნით ალიბს, თქვენ მიხვალთ გიორგისთან ბინაში ვითომც არაფერია, და ჩვენ მხოლოდ მას მერე მოვალთ, თქვენ ხომ არაჩვეულებრივი მსახიობი ხართ, ამიტომ განცვიფრების თამაში არ გაგიჭირდებათ, გვლანძღეთ, გვეძახეთ ჩეკისტები,  ამიტომ თქვენზე გიორგი ვერც იფიქრებს ვერაფერს. თქვენ დღესვე საღამოს გამოხვალთ სცენაზე და ითამაშებთ სპექტაკლს და მთელი დარბაზი დააფასებს თქვენს თავგანწირვას. თქვენ პატიმარი დისიდენტის შეყვარებულის როლი უფრო მოგიხდებათ,  ვიდრე ჩვეულებრივი პატიმრის როლი, საზოგადოებაში გარწმუნებთ ბევრი ისეთიც გამოჩნდება შურით და თანაგრძნობით რომ შემოგხედავენ.

ნინო: – არ მომატყუებთ? გიორგი ვერაფერს გაიგებს?

კახა: – რას ბრძანებთ…რაში გვჭირდება თქვენი გარევა ამ საქმეში, გიორგი ვერც მიხვდება, ვერც იფიქრებს თქვენზე, ჩვენ ხომ თქვენს მერე მოვალთ და შემთხვევით ვიპოვნით სამალავს.

ნინო: – გიორგის არაფერი დაუშავდება?

კახა: – რა შეიძლება დაუშავდეს კაცს საბეჭდი მანქანის გამო? , უბრალოდ დაუმტკიცდება, რომ მან დაწერა წერილი და მას შესთავაზებენ ჩვენთან თანამშრომლობას, ესაა და ეს.

ნინო: – ეხლავე გამიშვებთ?

კახა: – როგორც კი მეტყვით

ნინო: – და დღეს საღამოს სპექტაკლსაც ვითამაშებ?

კახა: – დიახ და მეც მოვალ სპექტაკლზე და ყვავილებსაც მოგართმევთ სცენაზე.

ნინო: – სამალავი იატაკშია, სამზარეულოს კარებთან,

კახა: – აი თქვენი ოთახის გეგმარება,  აი ესაა სამზარეულოს შესასვლელი, აი აქ?

ნინო: – დიახ.

მამუკა: – ძალიან კარგი, დიდი მადლობა, მოწესრიგდით და ჩვენი მანქანა მიგიყვანთ სახლამდე, ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ და ყველას ვინც ჩვენთან თანამშრომლობს შესაბამის პატივს მივაგებთ.

(შემოდის მამუკა)

მამუკა: – მშვენიერია, ასე არ ჯობდა? დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის. დარწმუნებული ვარ თქვენი ყოვლისშემძლე მეგობარი იქ ცეკაში,  კმაყოოფილი იქნება და თქვენც ალბათ დაუბრუნდებით მას არა?

ნინო: – და ის, ამ ყველაფრის შემდეგ მიმიღებს? მაპატიებს?

მამუკა: – რა თქმა უნდა, ჩათვალეთ, რომ უკვე გმიგიღოთ და აპატიათ, ძალიან გაუხარდება, რომ ინანიებთ და თანამშრომლობთ ჩვენთან, დარწმუნებული ვარ დღესვე გნახავთ სპექტაკლის შემდეგ, დღეს ხომ ხუთშაბათია. ხომ ხედავთ, ჩვენ ყველაფერი ვიცით, ქალბატონო ნინო,  ჯუმბერიც მოიკითხეთ, მანქანის მძღოლი.  (ტელეფონში) გაუშვით,  ხო, გაუშვით, სპექტაკლი აქვს დღეს. 753 ამოვიდეს  ჩემთან. რაა? წავიდა? მადლობა.

                             გიორგის ბინა, მოდის ნინო.

გიორგი: – სად იყავი? გამაგებინე სად იყავი? რატომ არ დამირეკე გავგიჟდი.

ნინო: – მერე გეტყვი რა, ჯერ შხაპს მივიღებ.

გიორგი: – რა დროს შხაპია მითხარი სად იყავი?

სადარბაზო, მოდის მამუკა, მას შეუერთდება კახა.

მამუკა: – სად გაქრი?

კახა: – ობიექტზე მოვქანდი, საქმე ხომ ისევ გრძელდება, მოვასწარი, ხომ უნდა მომესმინა რას ეტყოდა როცა სახლში მოვიდოდა, ხო შეიძლებოდა მოვეტყუებინეთ. მოკლედ, კაცმა ჰკითხა სად იყავიო, ქალმა არ უთხრა ყველაფერი ისე გააკეთა როგორც შევთანხმდით, მაგარი ქალია. ეხლა შხაპს იღებს.

მამუკა: – რაღაც არ მომწონს.

კახა: – რა.

მამუკა: – არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც არ მომწონს, გააღეთ. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით?

გიორგი: – ამხანაგო…

მამუკა: – კაპიტანო, დროა უკვე დაიმახსოვროთ, უბრალოდ შემოგიარეთ, რომ დავრწმუნდეთ ყველაფერი რიგზე ჩავატარეთ თუ არა.  თან წიგნები ვერ დავათვალიერე კარგად, მაგარი წიგნები გაქვთ, სად შოულობთ?

გიორგი: – მეგობრები მიგზავნიან.

მამუკა: – ბატონო გიორგი, რაღაც მგონი თქვენი იატაკი ჭრიალებს  აქ,  რამე სამალავი ხომ არ გაქვთ?

(შემოდის ნინო)

გამარჯობათ ქალბატონო ნინო, უკაცრავად უდროო დროს შეგაწუხეთ, მე თქვენი თაყვანისმცემელი ვარ, ყველა თქვენი სპექტაკლი მაქვს ნანახი,  რაღაცას ვეძებთ და, .. ბატონო გიორგი, მართლა აქ ხომ არა გაქვთ რამე სამალავი? თქვენ მწერლები ისეთი ხალხი ხართ რომ შეიძლება აქ თქვენს რაიმე ახალ შედევრს მალავთ.

გიორგი: – (კითხულობს) გამომძიებელმა გამარჯვებული იერით აყარა იატაკზე ფიცრები და სამალავი გახსნა, გამარჯვებული  იერი მაშინვე წაეშალა სახეზე: სამალავში  საბეჭდი მანქანა არ იყო.

მამუკა: – არაფერია.

გიორგი: – გამომძიებელმა დაარღვია კონსპირაციის წესები, ნინოს მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და გაიმეორა “არაფერია”. მის ამ სიტყვაში მუქარა გაისმა, მე იმდენად ვიყავი გახარებული იმ ფაქტით, რომ სამალავში საბეჭდი მანქანა არ აღმოჩნდა, რომ მაშინ ამას არც კი მივაქციე  ყურადღება.  უცებ ნინომ ხელი კრა გამომძიებელს და ბინიდან გაიქცა…

მამუკა: – არ გაუშვათ.

გიორგი: – ნინომ სწრაფად ჩაირბინა კიბეები და სადარბაზოდან გამოვარდა. შუა ქუჩაში მისკენ დიდი სატვირთო მანქანა მოდიოდა. ნინომ თვალები დახუჭა და მანქანისაკენ გაიქცა…. მანქანის მძღოლი მერე დიდხანს უმტკიცებდა ყველას, რომ ნინოს კი არ დაეჯახა სატვირთო მანქანა, არამედ ის სრულიად შეგნებულად, თვითონ შევარდა მანქანის ქვეშ .. პირველმა მასთან წვერებიანმა გამომძიებელმა მიირბინა, ნინო სისხლში სცურავდა, წვერებიანის დანახვაზე გაეღიმა, გაუხარდა მისი დანახვა.

 

ნინო: – მე თქვენ  იქ დაკითხვაზე  გიცანით, მაგრამ არ შევიმჩნიე, კარგი მსახიობი ვარ არა?

კახა: – არაჩვეულებრივი.

ნინო:  – თქვენ კი გაბურძგნული ანგელოზი არა?

კახი: – კი მე ვარ.

ნინო: – მე ვერ შევძელი, მე დავღუპე ის ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარდი…

კახა: – ნუ ღელავთ ქალბატონო ნინო, თქვენ არავინ არ დაღუპეთ, ის საბეჭდი მანქანა მე ავიღე…

 

გიორგი: – ნინოს ისევ გაეღიმა და ღიმილშივე ამოხდა სული. ამასობაში სხვებმაც მოირბინეს. მე გაქვავებული ვიდექი და უხმოდ შევცქეროდი ნინოს უსულო სხეულს.  მარტო მე არა, ყველა ჩუმად იყო, გარდა სატვირთო მანქანის მძღოლისა, რომელიც მთელ ხმაზე ყვიროდა: “ჩემი ბრალი არაა, ის თვითონ შემომივარდა ბორბლებში, თვითონ”

 

მამუკა: – ჩხრეკა დამთავრებულია, საქმე დახურულია, (კახას) აი ეხლა მივხვდი რაც არ მომწონდა, ყველა კვალი მოსპე? არ ვიცი რატომ გააკეთე ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ ვიცი ნამდვილად, შენი კარიერა დასრულებულია.

კახა: – ვიცი. განცხადება ჩემით დავწერო თუ თქვენ გამანთავისუფლებთ?

მამუკა: – ეხლა სხვა დროა, ამიტომ განცხადება შენ დაწერე. სად წახვალ?

კახა: – ფოსტალიონად, დარაჯად, მუშად, მათხოვრად, ყველგან ოღონდ თქვენთან კი აღარასოდეს.

მამუკა: – იცი შენ ვინა ხარ?

კახა: – ვიცი, კრეტინი.

გიორგი: – ნინოს დასაფლავებაზე  უამრავი ადამიანი მოვიდა, ის ხომ მაყურებელს ძალიან უყვარდა, მაგრამ ამ ისტორიას  ალბათ არ ავღწერდი და რომანად არ ვაქცევდი, ამ ამბავს გაგრძელება, რომ არ ჰქონოდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, საბჭოთა კავშირი დაინგრა და ჩემი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა….

                          ქუჩა

გიორგი: – მე თქვენ გიცნობთ არა?

მამუკა: – ვაააა, ბატონი გიორგი ავალიშვილი. როგორ ხართ? დიდი ხანია თქვენი არაფერი არ წამიკითხავს. მას მერე რაც საბჭოთა კავშირი აღარაა ვერ წერთ? მესმის, კარგად მესმის, რასაც თქვენ ჩუმად წერდით ეხლა იმაზე უარესს ტელევიზორიდან გაჰკივიან, სათქმელი აღარ დაგიტოვეს პოლიტიკოსებმა? ამაზე მაშინ უნდა გეფიქრათ ქვეყანას, რომ ანგრევდით. მაგრამ მაშინ ამაზე არავინ ფიქრობდით.

გიორგი: – ეხლა რას აკეთებთ?

მამუკა: – მე? მე  ისევ ჩემს საქმეს ვაკეთებ,

გიორგი: – ისევ უშიშროებაში მუშაობთ ამხანაგო…. კაპიტანო.?

მამუკა: – პოლკოვნიკო, პოლკოვნიკო, ხო, ისევ იქ ვმუშაობ, მე ყველას ვჭირდები. დღეს უფრო მეტი საქმე მაქვს ვიდრე მაშინ.

გიორგი: – ერთი კითხვა მაქვს, დიდი ხანია მაწუხებს ეს კითხვა. მაშინ ხომ ყველას უსმენდით, ხომ არ იცით მე რატომ არ მისმენდნენ?

მამუკა: – ვინ გითხრათ, რომ არ გისმენდნენ? თქვენ სულ გისმენდით. ჩვენ ყველაფერი ვიცოდით თქვენზე, ისიც ვიცოდით რას წერთ, რას ჭამთ, ვის ხვდებით, როგორ აქვეყნებდით სტატიებს დასავლეთის პრესაში, “ამერიკის ხმაში”, მეტსაც გეტყვით, ისიც კი ვიცოდით რომ ხშირად ვერ აკმაყოფილებდით საწოლში ჩვენს საყვარელ ნინოს,  3 წუთი და 45 წამი. და შენნაირი ხალხი მართავდა ჩემს ქვეყანას. რას იტყვი, ინტელიგენციავ, გისმენდი, გისმენდი, ჯერ შენი დამლაგებელი იყო ჩვენი აგენტი, მერე…. ზოგიერთი თქვენი ახლობელი, ბოლოს კი თქვენ სახლში ყველგან გვქონდა დაყენებული მოსასმენი აპარატურა, აბაზანაშიც კი.

გიორგი: – შეუძლებელია.

მამუკა: – შეუძლებელია? რატომ?

გიორგი: – მე ხომ უნდა მივმხვდარიყავი?

მამუკა: – რა სასცილო ხართ. მაშინ რა ფასი ექნებოდა ჩვენს მუშაობას? ხო  ისევ იმ ბინაში ცხოვრობ, შეგიძლიათ შეამოწმო, ის მიკროფონები დარჩა თქვენს ბინაში, განსაკუთრებით ელექტრო ჩამრთველებს მიაქციე ყურადღება. 24 საათის განმავლობაში იწერებოდა ყველაფერი რაც შენს ბინაში ხდებოდა, ამიტომაც ჩვენ ყველაფერი ვიცოდით შენს შესახებ. თვალთვალის, მოსმენის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ იმართება, ეს ნორმალურია.

გიორგი: – ესეიგი ეხლაც ისმენთ?

მამუკა: – პირადად შენ ეხლა არავის სჭირდები, ამიტომ არა მგონია ვინმე გისმენდეს, ყოველშემთხვევაში მე ნამდვილად არ გისმენ.

გიორგი: – და თუ ყველაფერი იცოდით ჩემს შესახებ, რატომ არ დამაპატიმრეთ?

მამუკა: – კარგი კითხვაა… ბეწვზე გადარჩი, სხვა დრო იყო უკვე და თან ჩვენს რიგებშიც გვყავდნენ მოღალატეები, რომლებიც დაგეხმარნენ.

გიორგი: – მე დამეხმარნენ? ვინ? რატომ?

მამუკა: – მისი სახელი და გვარი არაფერს გეტყვის და მეც არ მაქვს უფლება გითხრა. შენს საქმეს ვადა უკვე გაუვიდა და შენც დიდი ხანია აღარ წარმოადგენ ჩვენს ინტერესს, ასე, რომ შეგიძლიათ არქივში გაეცნო ყველა მასალას, გამოითხოვე, გაქვს ამის უფლება, ეხლა ხომ სხვა დროა. კარგად ბრძანდებოდე, დიდი იმედი მაქვს აღარასოდეს გნახავ.

გიორგი: – მეც დიდი იმედი მაქვს. (მამუკა მიდის) პირდაპირ ბინაში მივედი და ელექტრო ჩამრთველები მოვხსენი, ყველგან იყო ჩაჟანგული საბჭოთა მიკროფონები, შემდეგ უშიშროების არქივს მივაკითხე და ჩემი საქმე გამოვითხოვე:

  1. ოპერატიული საქმე “გმირი”, მწერალი გიორგი ავალიშვილი, კოდური სახელწოდება “მოღვაწე”. კონტროლზე აყვანილია ცენტრალური კომიტეტის მდივნის გ.ს. – ს მითითებით. შემდგომში დისიდენტურ მოძრაობაზე კონტროლისა და დისკრედიტაციის მიზნით. გიორგი ავალიშვილის დისიდენტურ მოძრაობაში ჩანერგვისათვის და ამ მოძრაობის აქტიურ ფიგურად გადაქცევისათვის, შემდგომში მისი გამოყენების მიზნით. ამ მიზნით დაწყებულია მუშაობა გიორგი ავალიშვილის ავტორიტეტის აწევაზე და საზოგადოებაში მისი პერსონის პოპულარიზაციაზე. ამ მიზნის მისაღწევად მან სისტემატიურად უნდა  გამოაქვეყნოს  წერილები დასავლეთის მედიაში, განსაკუთრებით ითანამშრომლოს რადიო “ამერიკის ხმასთან”……….
  2. დაევალოს გამომცემლობა “სამშობლოს” გამოსცეს გიორგი ავალიშვილის რომანი “ციხისძირის საიდუმლოება” დიდი ტირაჟით, დაევალოს გაზეთებს “კომუნისტს”, “თბილისს” და “ლიტერატურულ საქართველოს” დაიწეროს დადებითი რეცენზიები რომანზე, გადაცემა “მოამბეში” მომზადდეს  სპეც. სიუჟეტი…………
  3. მასთან დაახლოების მიზნით გიორგი ავალიშვილთან კავშირში შესვლა დაევალა აგენტს ნ.ე-ს. კოდური სახელით “აქტრისა მარგარიტა”, რომელმაც   წარმატებით გაართვა თავი ამოცანას და დაუახლოვდა გიორგი ავალიშვილს. მათი გაცნობა მოეწყო ოპერაში სპექტაკლ “კარმენზე”, აქტრისა მარგარიტამ შესძლო მასთან კონტაქტის დამყარება, იმავე ღამეს ნ.გ – გიორგი ავალიშვილმა დაპატიჟა თავის ბინაში სადაც მათ შორის შედგა ინტიმური კავშირი….
  4. გამოეცხადოს “აქტრის მარგარიტას” მადლობა პირად საქმეში შეტანით და გადაეცეს მას როგორც პირადი სარგებლობის ასევე საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენების უფლებით ანტკვარული ყელსაბამი ნომერი 5017/9. …..
  5.  მე ნინო ებრალიძე ჩემი სურვილით ვიღებ ვალდებულებას, არაოფიციალურად ვითანამშრომლო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან, ეს ჩემი გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ გააზრებული მაქვს ჩემი წვლილი შევიტანო სახელმწიფოს უშიშროების საქმეში…….
  6. გიორგი ავალიშვილის თანამზრახველია პოეტი ირაკლი გაბრიჩიძე, კოდური სახელწოდება “ჯუზეპე გარიბალდი”. ის აგვარებს გიორგი ავალიშვილის წერილების გადაგზავნას დასავლეთში,…… მიღებულია ბრძანება ნომერი 117/7 ირაკლი გაბრიჩიძის ლიკვიდაციის შესახებ. ბრძანების შესრულება დაევალა აგენტ  ნომერ 204-ს,  გაბრიჩიძის ორგანიზმში ექიმთან კონსულტაციის დროს ი.გ. ლიკვიდაციის მიზნით, მის სხეულში შეყვანილი იქნა პრეპარატი „თალიუმი”. (30 მგ/კგ)
  7. საქმე “გმირის” გამომძიებელი 753  შემდგომში მინიჭებული კოდური სახელწოდებით “გაბურძგნული ანგელოზი”,  დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომების გამო განთავისუფლებული იქნა  უშიშროების სამსახურიდან  მისი სისტემაში მუშაობის სამუდამო აკრძალვით.  “გაბურძგვნულმა ანგელოზმა” ოპერაციის მსვლელობის დროს გააზრებულად დაუმალა გამოძიებას მთელი რიგი ფაქტები, რამაც მიიყვანა საქმე ლიკვიდაციამდე. …”გაბურძვნული ანგელოზის” ამ ქმედების მოტივაცია ვერ დადგინდა, რადგან ოპერაციის დასრულების ერთი კვირის თავზე ის თავის ბინაში ჩამომხვრჩალი იქნა ნაპოვნი. გამოძიებამ ვერ დაადგინა მისი სიკვდილის მიზეზი. უცნობია ეს თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა.  …. 

გიორგი: – აი ამ მასალების გაცნობის შემდეგ დამებადა იდეა დამეწერა ეს რომანი სახელწოდებით “სონატა კეთილ ადამიანზე”, რომელსაც ვუძღვნი ადამიანს, რომლის არც გვარი ვიცი და არც სახელი, უბრალოდ ვუძღვნი რომანს “გაბურძგნულ ანგელოზს”

 

დასასრული