„ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“

 

თანამედროვე ზღაპარი ორ მოქმედებად

 

მოქმედი პირნი:

ძროხა

ცხენი

ბატკანი

ძაღლი

მამალი

 

მიხა – სახლის პატრონი

მარო – პატრონის ცოლი

ტასო – მათი შვილი

 

ალი – მეზობელი

ლექსო – მისი შვილი

 

მოქმედება ხდება მიხოს სახლის ბოსელში სადაც დგას ძროხა, ცხენი და ცალკე შემოფარგლულში ბატკანი, შემორბის ძაღლი

 

ძაღლი: – საზოგადოებას ჩემი სალამი !

ძროხა: – დილა მშვიდობისა ძაღლო

ძაღლი: – გააჩინე ბოჩოლა?

ძროხა: – ჯერ არა, მალე, მალე

ცხენი: – რაა? უკვე გათენდა?

ბატკანი: – გათენდა,რამდენი ხანია რაც გათენდა, (ძაღლს) შენ რა, უკვე ქვეყანა მოირბინე?

ძაღლი: – ჰო, მინდორში დავრბოდი, რა საშინელებაა, არც ერთი მწყერი არ იყო

ბატკანი: – რა ბედნიერებაა მინდორში, ბალახებში კუნტრუში, ეჰ.

ძაღლი: – შენთვის არ შეიძლება მინდორში გასვლა, პატარა ხარ, ჯერ შენ შტერი ხარ და დაიკარგები.

ბატკანი: – შტერი თვითონ ხარ, არსადაც არ დავიკარგები, მეც მინდა მინდორში,  მეც მინდა ბალახებში ხტუნაობა და კიდევ იცი რა მინდა? ზეცაში აფრენა მინდა.

ცხენი: – მფრინავი ბატკანი, კარგი სანახავი იქნებოდი

ძაღლი: – მე ფრენა სულ არ მინდა, ეგ რა ჩემი საქმეა, ფრენით ჩიტებმა იფრინონ

ძროხა: – არც მე მინდა ფრენა

ძაღლი: – შენთვის არც შეიძლება, შენ მალე ბოჩოლა უნდა გააჩინო, ხომ შეიძლება ჩამოვარდე.

ბატკანი: – (ძაღლი) შენ დარბიხარ მაინც, მე კი სულ ჩაკეტილი ვარ და არსად არ მიშვებენ. ძაღლო, კარები მაინც გააღე, რომ დღის სინათლე დავინახო

ძაღლი: – (აღებს) აჰა დატკბი.

ბატკანი: – რა კარგია

ძაღლი: – პატრონი მოდის

ბატკანი: – მოდის და ჩვენთვის საჭმელი მოაქვს.

 

შემოდის მიხა და ცხოველებისთვის საჭმელი მოაქვს, ყველა სიყვარულით ხვდება მას.

 

მიხა: – (ძაღლს) ჰო, კარგი, კარგი, ნუ წაიღე ტვინი. ჭამეთ, აბა ეხლა ჭამეთ.

                              გადის

ძაღლი: – გაიგეთ? მე დამელაპარაკა, თქვენ კი არა, მე დამელაპარაკა!

ძროხა: – ჩვენი პატრონი ყველაზე ლამაზია

ბატკანი: – მართალია, ლამაზია და  კეთილია.

ძროხა: – ყველაზე კეთილი მისი ცოლია

ბატკანი: – ჰო, მისი ცოლიც კეთილია

ძაღლი: – ამდენს ნუ ჭამ, თორემ ვერასდროს ვერ გაფრინდები.

ბატკანი: – არ ვჭამო?

ძროხა: – ჭამე თორემ არ გაიზრდები

ცხენი: – ჭამე

ბატკანი: – ძაღლმა რო თქვა თუ შეჭამ ვერ გაფრინდებიო?

ცხენი: – მაინც ვერ გაფრინდები, ასე, რომ ჯობია ჭამო.       

ბატკანი: – ეჰ, მართალი ხარ, დაგიჯერებ,  შენ მოხუცი ხარ და ამიტომ ყველაფერი იცი

 

            შემოდის ღირსების გრძნობით განსჭვალული მამალი და კარებში უხმოდ დგება, ყველანი უყურებენ.

 

მამალი: – თუ ქვორუმი გვაქვს, მე ეხლა… ვიმღერებ.

ძროხა: – რა გვაქვსო?

ბატკანი: – მიდი, მამალო, მიდი იმღერე.

ცხენი: – რა საჭიროა?

ბატკანი: – მიდი, მიდი.

ძროხა: – ჰო, არ ვიცი ქვორუმი გვაქვს თუ არა, მაგრამ შენ მიდი იმღერე, ხომ იცი როგორ გვიყვარს, რომ მღერიხარ ხოლმე. ჩემს ბოჩოლასაც მოვასმენინოთ.

 

                 მამალი ჩაახველებს და იწყებს:

 

მამალი: – ”ჩვენ ერთი გუნდი ვართ”

                                               პაუზა

ბატკანი:  – კარგია!

ძროხა: – ჰო, მე მგონი ჩემს ბოჩოლას მოეწონა

ცხენი: – მე არ მომწონს ეს ახალი სიმღერები

მამალი: – არ გესმის და იმიტომ, სხვათაშორის, ამასწინათ ერთი სტუმარი ჰყავდა ჩვენს პატრონს და იმან ჩემზე თქვა ვა, მამალი კი არა სუფთა თუთიყუშიაო

ბატკანი: – თუთიყუში ვინაა?

ძროხა: – ჰო მართლა, თუთიყუში ვინაა?

მამალი: – თუთიყუში? ვინა არის და…თუთიყუში… თუთიყუშია! თქვენ მაინც ვერ გაიგებთ, წავალ, თქვენთან ყოფნა ჩემს პრიორიტეტებში არ შედის, თანაც აქ კოღოები დაფრინავენ.

ბატკანი: – ეჰ, კოღოებიც კი დაფრინავენ, მე კი აქ ვარ გამომწყვდეული

ძროხა: – რა თქვა, პრი, პრი, პრი… სად არ შედისო?

ცხენი: – რას გაიგებ? ეგ ხომ ჭკვიანია, მთელი დღეები რადიოს უსმენს.

 

შემორბის ძაღლი

 

ძაღლი: – შეტრიალდით ლექსო და ტასო მოდიან.

 

      ბოსელში ჩუმად იპარებიან ლექსო და ტასო

 

ლექსო: – ტასო

ტასო: – ლექსო… მოიცა რაღაც უნდა გითხრა

ლექსო: – მითხარი

ტასო: – მოიცა, მე… მე ორსულად ვარ.

ლექსო: – ძალიან კარგი, რაა?

ტასო: – ჰო, ორსულად ვარ.

ძროხა: – მუუუუუ

ლექსო: – მერე?

ტასო: – რა მერე? ან ბიჭი იქნება და ან გოგო

ლექსო: – მიდიი

ტასო: – შენ თავს გეფიცები

ლექსო: – მართლა? რა მაგარია, ხო ბიჭი გვეყოლება?

ტასო: – შეიძლება გოგო

ლექსო: – გოგოც კარგია. მაგრამ ბიჭი ჯობია. შენ დედა იქნები და მე მამა. მაგარია. შენებს უთხარი?

ტასო: – არა, მეშინია.

 

    ძაღლი აყეფდება

 

ლექსო: – ვიღაც მოდის

 

შემოდის მარო საჭმლით

 

მარო: – (კულისებში) შენ რა გაგიჟდი? მე მიყეფ?

ტასო: – დედაჩემია.

ლექსო: – დავიმალოთ.

 

მარო: – (შემოდის? ძაღლს) სულ გაგიჟდი? პატრონს ვეღარ ცნობ? (დაუდებს ძროხას წყლით სავსე ჯამს) ახალი წყალი მოგიტანე, რაო ჩვენო მარჩენალო, რძე დაგიგროვდა?, საღამოს მოგწველი (დაინახავს ტასოს თავსაფარს) ტასო, ტასო, ყველაფერს როგორ კარგავს ეს გოგო. (მერე რაღაცას ხვდება, მივა იქ სადაც ლექსო და ტასო იმალებიან და გადაწევს)  დედა! გული არ გამიხეთქეთ?! რას აკეთებთ აქა?

ტასო: – დედა. . .

მარო: – რა დედა? განა არ ვიცი რასაც აკეთებთ? დაიშალეთ ეხლა. . . ლექსო, ჩემს მიხას არ ჩაუვარდე ერთხელაც ხელში თორემ. . .

ლექსო: – თორემ რა? მიყვარს მე თქვენი ტასო, კი არა მძულს, მიყვარს და მასაც ვუყვარვარ და ცოლად მინდა მოვიყვანო.

 მარო: – გაგაცოლებ მე შენ? რა დროს შენი ცოლია?, წადი აქედან სანამ მიხას არ დაუნახიხარ?

ლექსო: – დამინახოს რა?, მე რა ადამიანი არა ვარ თუ რა?

მარო: – ადამიანი როგორ არა ხარ, მაგრამ ჯერ ულვაშები ამოგივიდეს, მერე სამსახური იშოვე, , ამასობაში ერთი ოთხი წელიც გავა და და მერე გველაპარაკე.

ლექსო: – ოთხი წელი არა, ოცი, ოთხი წლის მერე ცოლი რაღად მინდა ბებერი ვიქნები.

მარო: – წადი ეხლა აქედან ლექსო.

 

         ლექსო ხელს ჩაიქნევს და გადის

 

ტასო: – დედა, მიყვარს მე ლექსო

ლექსო: – რა საყვარელი ეგაა, კარი მაგას არ უვარგა და სახლი, ცარიელ ტარიელია, გაფხეკილია, თვითონაც უსაქმურია და მისი ლოთი მამაც, შენ არ ინაღვლო, თბილისში წახვალ, უნივერსიტეტში ჩააბარებ და იქ ისეთ ბიჭს იშოვნი, რომელიც სულ ხელის გულზე გატარებს ….

ტასო: – აბა კი.

მარო: – აგერ აბჟანდაძის მახინჯი გოგო წავიდა თბილისში და დედამისმა მითხრა, თაყვანისმცემელი, თაყვანისმცემელზე ყავსო, ის მახინჯი თუ ვინმეს მოეწონა, შენზე ხომ სულ გადაირევიან. მადლობა სთქვი, რომ მამაშენმა არაფერი იცის შენზე და ლექსოზე, კაცები მაინც რა ბრმები არიან, სანამ თავით არ დაეჯახებიან კედელს, კი ვერაფერს ხედავენ, წამო, წამო, იმოდენა სარეცხი გვაქვს დასარეცხი.

 

გადიან

 

ბატკანი: გაიგონეთ?

ძროხა: – ლექსოს როგორ გაუხარდა არა? მე კი  ჩემსას  რომ ვუთხარი ორსულად ვარო, არც გახარებია, ცოხნა გააგრძელა.

ცხენი: – შენი შეჩვეულია, იმას ყოველდღე ხან ვინ ეუბნება ორსულად ვარ შენგანო და ხან ვინ

ძროხა: – მუუუუუ

 

შემოდის მიხა, იღებს თოხს

 

მიხა: – (თოხის ტარზე) მორყეულა ეს ოხერი ესა

       

     გადის

 

ბატკანი: – რა ლამაზია არა ჩვენი პატრონი?

 

ცხენი: – ესეიგი პატარა ადამიანი დაიბადება

ბატკანი: – გინახავს პატარა ადამიანი?

ცხენი: – მინახავს

ძროხა: –  რა კარგია, მე და ტასოს, ორივეს პატარა ბოჩოლები გვეყოლება

ბატკანი: – იქ, ცხოვრებაში ყველაფერი რა საინტერესოა არა?, იქ მინდა, იქ, გარეთ.                                  

         

მარო: – (ცემით შემოაგდებს ტასოს, დიდხანს სცემს,  მერე ჯდება) ღმერთო ეს რა უბედურება შეგვემთხვა, იქნებ არაა მართალი?

ტასო: – მართალია, თვე ნახევარია.

მარო: – ღმერთო, რატომ გაგვწირე ასე? რა გვეშველება ეხლა?

ტასო: – არაფერიც არ გვეშველება, შვილიშვილი გეყოლება

მარო: (წამოხტება და ისევ სცემს, მერე ისევ ჯდება) მამაშენს როგორ ვუთხრათ?

ტასო: – როგორ და პირდაპირ ვუთხრათ.

მარო: – მიდი აბა უთხარი

ტასო: – არა, მე ვერ ვეტყვი,მე მომკლავს,  შენ უთხარი

მარო: – რომ მე მომკლას?

ტასო: – გამაყოლეთ რა ლექსოს, ხომ იცით როგორ ვუყვარვარ, მერე რაა, რომ მამა ყავს ლოთი, თვითონ ხომ საერთოდ არ სვამს?

მარო: – ყველაფერი ისე უნდა ვქნათ, რომ მამაშენმა არ გაიგოს, არა უშავს თვე ნახევარი არც არაფერია, ყველაფერს მოვაგვარებთ და მამაშენიც ვერაფერს გაიგებს.

ტასო: – რას მოვაგვარებთ?

მარო: – ვერ ხვდები? აბორტს გაიკეთებ, ეგაა და ეგ

ტასო: – რაა?

მარო: – მამაშენს ვეტყვით, რომ ქალაქში რაღაც საქმე გვაქვს, წავალთ და იმავე საღამოს დავბრუნდებით, მამაშენიც ვერაფერს გაიგებს.

ტასო: – ლექსო? ლექსო ხო გაიგებს? არა რა დედა, მაგას ჯობია ლექსოს გამაყოლოთ ცოლად.

მარო: – ლექსოს არა…. ლექსოსთვის გზრდიდით?, მამაშენი ორთავეს დაგხოცავთ, ჩუმად, მამაშენი მოდის . . . ჰოდა, აბჟანდაძის მახინჯი გოგო…

 

   შემოდის მიხო, ხელში უზარმაზარი დანა უჭირავს

 

მიხა: – რას დამსხდარხართ აქ კრუხებივითა? დალპა იქ სარეცხი, დალპა

(ქალები გარეთ გაცვივდებიან, მიხო ეძებს ინსტრუმენტებში დანის სალეს ქვას, პოულობს და ისიც გადის)

 

ბატკანი:- მგონი რაღაც ვერ გავიგე

ძროხა: – მეც ვერ გავიგე, რა უნდა გაიკეთონ  ქალაქში?

ბატკანი: – ქალაქი რა არის? ცხენო, ქალაქი რა არის?

ცხენი: – ეს ის ადგილია სადაც ყველაფერი იშოვება

ბატკანი: – ნამყოფი ხარ?

 

ცხენი: – ნამყოფი ვარ

ბატკანი: – ბედნიერი, აი მე კი არსად არ ვარ ნამყოფი, და რა უნდათ ჩვენს პატრონებს ქალაქში?

 ძროხა: – ისინი ქალაქში მანქანით წავლენ, მანქანა კი არ ლაპარაკობს, მანქანას სული არა აქვს, იმას მარტო ცუდი სუნი აქვს, ამიტომ სანამ არ ჩამოვლენ და თვითონ არ იტყვიან, ვერაფერს გავიგებთ.

 

შემოდის მამალი

 

მამალი: – პატრონმა პანღური ამომარტყა, სიმინდს რატომ ჭამო, იმდენი არ ესმის, რომ მე სიმინდს იმიტომ  ვჭამ, რომ ჩემს ხმას სჭირდება, ჩემს ხმას უხდება ლა, ლა, ლა… ლექსოს მამა მოდის.

 

            შემოდის ლექსოს მამა ალი

 

ალი: – (ცხოველებს) სალამ ალეიქუმ! (კოცნის ცხენს) იცი თუ არა შენ, რომ ცხენი ყველაზე კეთილშობილი ცხოველია? გესმის? ვიცი, შენ ყველაფერი გესმის. ჯარში დაღესატანში ვიყავი, იქ ერთი ცხენი იყო და იმ ცხენს ჩვენი ლეიტენანტი უყვარდა, სულ კუდში დასდევდა, მერე ეს ლეიტენანტი სადღაც გადაიყვანეს, ამ ცხენმა უცადა, უცადა, არც საჭმელს ჭამდა, არც წყალს სვამდა, მერე ადგა და თავი მოიკლა, ჰო, მოიკლა. გაქანდა მთელი ძალით, აფრინდა და ხრამში გადახტა, ყველანი პირდაღებულები ვუყურებდით, აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარით აბა, ასე  მოიკლა თავი. ასეა, ყველანი ღმერთის შვილები ვართ. მე მოვედი, რომ მეზობელს ცოტა არაყი ვესესხო, (კარადიდან არყის ბოთლს იღებს) თქვენ კი არ გამთქვათ, მაინც ვერ გაიგებს. ჩემი ლექსო არ გინახავთ?

ძროხა: – მუუუუ

ალი: – იყო აქ? ტასოსთან იქნებოდა, უყვართ ბავშვებს ერთმანეთი, მაგრამ არ გააყოლებს ეს მიხო ჩემს ლექსოს თავის შვილს, იცით რატომ არ გააყოლებს? გითხრათ? მოდით აქ, იმიტომ, რომ, მე მუსლიმანი ვარ და თვითონ კი ქრისტიანი, გაიგეთ? ვერ გაიგეთ? ვერც გაიგებთ, წავედი მე…

 

   (მიდის)

 

ბატკანი: – ვინა ვარო?

ძროხა: – მუსლიმანიო

ბატკანი: – მიხოო?

ძროხა: – ქრისტიანიო

ბატკანი: – აააა

ბატკანი: – რა არის ქრისტიანი და მუსულმანი?

ძროხა: – არ ვიცი, თვითონაც ხომ თქვა ვერ გაიგებთო.

ბატკანი: – მამალო, შენ ხომ ჭკვიანი ხარ, რა არის მუსულმანი და რა ქრისტიანი

მამალი: – ფუნდამენტალური ექსტრემალური, ორთოდოქსალური, სექტა, წილხვედრი, სეპარატისტული, ალე ლუია, ამინ!

ცხენი: – ადამიანებს ყველაფერი რა  რთულად და გაუგებრად აქვთ მოწყობილი

ბატკანი: – მაგრამ მე მაინც მშურს მათი, რომ შეუძლიათ თავისუფლად ყოფნა. ბატკნები ნეტავ რატომ არ დაფრინავენ?

ცხენი: – იმიტომ, რომ ფრთები არა აქვთ.

ბატკანი: – ცუდია მერე ეგ, უსამართლობაა, როგორ თქვა ცხენზე? აფრინდაო, რა ბედნიერებაა არა? ცხენი – აფრინდა.

მამალი: – ლექსოს მამა ლოთია, მასზე იძახიან, რომ ცუდი სუნი აქვს და ბანცალებსო.

ძროხა: – ხო, სუნი მართლა ცუდი აქვს

ბატკანი: – აი ჩვენს პატრონს კი კარგი სუნი აქვს. მე ჩვენი პატრონის გულისთვის თანახმა ვარ იმ ცხენივით ავფრინდე და მოვკვდე

ძროხა: – შენ მე მგონი შეყვარებული ხარ

ბატკანი: – არ არის ეგ თქვენი საქმე

 

(ცხენს ეცინება)

 

ბატკანი: – რა გაცინებს? შენ დაბერდი და აღარც გახსოვს რა არის სიყვარული

ძროხა: – აბა, აბა, უფროსებს პატივი უნდა სცე

 

შემორბის ძაღლი, სვამს წყალს და გორაობას იწყებს

 

ძაღლი: – აუ როგორ ცხელა გარეთ, რომ იცოდეთ

ბატკანი: – სად იყავი?

ძაღლი: – წყაროზე, ბიჭები თევზს იჭერდნენ, ერთი წითელი ”რამზესაა”, კოჭლი თედოს  უჯიშო ძაღლი, დამიწყო ესაო, ისაო, რო დავიჭირე და მივარტყი და მივარტყი, სულ კუდამოძუებული გარბოდა

ბატკანი: – მაგარია,

ძაღლი: – ჰო, მერე მდინარეში გავგრილდი და მოვედი

ბატკანი: – მდინარე რა არის?

ძაღლი: – მდინარე? წყალია რა.

ბატკანი: – წყალი? (უყურებს წყლის ჭურჭელს)

ძაღლი:- ჰო. ოღონდ ეგეთი კი არა, ბევრი წყალია და მოდის და მოდის.. ადამიანები ცურავენ შიგნით, ერთი ნავიც იყო

ბატკანი: – ნავი რა არის?

ძაღლი: – რას გადამეკიდე?

ბატკანი: – გეხვეწები, მითხარი რა რა არის ნავი?

ძაღლი: – ნავი არის – ნავი, მასში ადამიანები ცურავენ.

ბატკანი: – რას შვრებიან?

ძაღლი: – ცურავენ. არ მკითხო ეხლა ცურაობა რას ნიშნავსო

ბატკანი: – და რას ნიშნავს ცურაობა?

ძაღლი: – ნავი დაცურავს, მანქანა დადის, თვითფრინავი დაფრინავს.

ბატკანი: – თვითფრინავი რა არის…

ძაღლი: – ავ, ავ, ავ

ბატკანი: – ჰო, კარგი, კარგი

     

             შემოდიან ლექსო და ტასო

 

ლექსო: – ჰო, რა იყო?

ტასო: – დედას ყველაფერი მოვუყევი

ლექსო: – მერე?

ტასო: – მირტყა და მირტყა

ლექსო: – გირტყა?

ტასო: – აბორტი უნდა გაიკეთოო

 

            ლექსო ჩუმადაა

 

ტასო: – არ დაგვაქორწინებენ მე და შენ, არ მოგვცემენ მაგის ნებას

ლექსო: – ვინ კითხავს რო?

ტასო: – დედა სულ არ გახსოვს?

ლექსო: – არა საიდან, ორი წლის ვიყავი, რომ მოკვდა

ტასო: – ვაი, მომკლავს მამაჩემი, მთელი ცხოვრება უნივერსიტეტისათვის მამზადებდა და ეხლა…თან მამაშენსაც ვერ იტანს, სულ მამაშენის გინებაშია, დღე არ გავა ერთი ორჯერ, რომ არ შეუკურთხოს, მაგის ლოთი…ესაო და ისაო, არც კი ვიცი რა დაუშავა,

ლექსო:- ეტყობა ახალგაზრდობაში შეეშალათ რაღაც

ტასო: – ჰო, მეც ეგრე მგონია, ადრე აწყენინა რაღაც მამაშენმა და ამას კიდევ აქამდე ახსოვს, აი გუშინაც,ტელევიზორს უყურებდა, ჩვენი პრეზიდენტი გამოდიოდა სიტყვით და ამას კიდევ მის დანახვაზე, რატომღაც მამაშენი გაახსენდა და რო დაიწყო მისი გინება…

ლექსო: – რა კავშირშია პრეზიდენტი და მამაჩემი?

ტასო: – რა ვიცი მე, პრეზიდენტმა თქვა ირანის პრეზიდენტს უნდა შევხვდეო და მამაჩემმა ეგრევე მამაშენს დაუწყო გინება“ ალი შენი დედაო“. 

ალექსი: – გასაგებია, მუსულმანობას გულისხმობდა.

ტასო:- მე მუსულმანი არ გავხდები

ალექსი: – ვინ გთხოვს მერე რო?, ვიქნები მე ჩემთვის მუსულმანი და იყავი შენ შენთვის ქრისტიანი, მე შენი ცოლად შერთვა მინდა

ტასო: – არ ვიცი ლექსო, არ ვიცი, იქნებ მართლა ვიჩქარეთ ა? იქნებ მართლა ჯობია, რომ აბორტი გავიკეთო? მამაჩემი არაფრით არ დაგვთანხმდება და რომ გაიგოს სახლიდანაც გამაგდებს, შენ კი, სამუშაო შენ არა გაქვს და . . .

ლექსო: – თბილისში წავიდეთ, იქ ეხლა თურმე სულ რაღაცეები შენდება, მუშახელი სჭირდებათ. . .

მიხა: – ტასო, ტასო გოგო..

ტასო: – მეძახის, გავიქეცი

ლექსო: – ცხვირსახოცის გადმოკიდება არ დაგავიწყდეს როგორც კი განთავისუფლდები

ბატკანი: – ვერაფერი ვერ გავიგე, რა არის მუსულმანი და აბორტი?

ძროხა: – რაღაც ცუდი ხდება

ცხენი: – ადამიანებს რას გაუგებ?

 

შემორბის ძაღლი და მოათრევს მამალს

 

ძაღლი: – მოდი აქ, აბა გაიმეორე თუ მაგარი ხარ

მამალი: – თავი გამანებე შენი თავი არა მაქვს

ძაღლი: – გაგიჟდებით რეები ისწავლა, მიდი გაიმეორე

მამალი: – რატომ უნდა გავიმეორო?

ძაღლი: – ლამაზია და იმიტომ

ბატკანი: – მამალო მიდი რა

მამალი: -ოპოზიცია იმპიჩმენტით იმუქრება, პარლამენტის თავმჯდომარე ისევ სადღაცაა, გაზზე და სინათლეზე ფასები ისევ იზრდება, კულტურის მინისტრს არ აღელვებს კულტურა, მემარჯვენეები როგორც ყოველთვის ეხლაც დაიმალნენ, ლეიბორისტები ისევ ჩივიან

ბატკანი: – რა მაგარი ხარ

მამალი: – ვიცი

ბატკანი: – მეც მინდა გარეთ, მეც მინდა რადიოს მოსმენა

მამალი: – ოოოო, ეხლა აქ პრიორიტეტი დაიწყება

 

შემოდის მიხა და მოათრევს ალის უკან ლექსო,  ტასო და მარო მოყვებიან  

 

მიხა: – საიდან შემოძვერი აქედან? ჰოდა აქედანვე გაძვერი გაიგე?

ალი:- გავიგე

მიხა: – ალი, ერთხელაც რო დაგინახო ჩემს სახლში შემომძვრალი პოლიციას ჩავაბარებ შენს თავს

ალი: – ძალიან კარგსაც იზამ, აბა ჩემისთანა კაცი რა გასაჩერებელია გარეთ, ჩამაგდეთ ციხეში, იქნებ დავლპე და თქვენც დაისვენებთ და მეც

მიხა: – ხმა არ ამოიღო თორემ გაგიხეთქავ მაგ თავს

ალი: – მიდი დამარტყი, რაღას უცდი, მიდი დამარტყი, ხელს კი არ შეგიბრუნებ მიდი დამარტყი

მიხა: – წაიყვანე მამაშენი თორემ მართლა მაცემინებს თავს.

ლექსო: – წამოდი მამა

ალი: – მაცადე, მცემე, მიდი რაღას უდგეხარ? გამიტეხე თავი, დამასვენე ერთხელ და სამუდამოდ. მე 18 წელია ისედაც მკვდარივით დავდივარ და ბარემ მართლა მოვკვდე და გავათაო.

მიხა: – მერე მაინცადამაინც ჩემი ხელით უნდა მოკვდე შე ურჯულო?

ალი:- მე 18 წლის წინ მოვკვდი, ჩემი ნინო რომ მოკვდა მეც მაშინ მოვკვდი, გაიგეთ რა

მიხა:- ვიცი. ალი, ვიცი, მაგრამ ბიჭო ცხოვრება გრძელდება, ეგრე არ შეიძლება, ეს ბიჭიც შენ გიყურებს

ალი:- ბიჭს თავი გაანებე, ბიჭი კარგია, დედას ჰგავს, წამო ლექსო, წავიდეთ.

ლექსო: – ძია მიხა, რა ჩემი ბრალია, რომ სოფელში სამუშაო არაა, რა ვაკეთო მითხარით და ვიზამ, წავალ თბილისში, ვიპოვნი სამუშაოს…

                         მიდიან

მიხა: – დედას ჰგავს არა ისა, რა ქალი იყო საწყალი დედამისი…  (ტასოს) არ დაგინახო მაგასთან ატორღიალებული,თორემ მიგასიკვდილებ, გაიგე?

ტასო: – (ტირის და გარბის)

მიხა: – ეს რა დღეში ჩავარდით ა,? ხრუშჩოვის დედა კი ვატირე მე

მარო: – ხრუშჩოვი რა შუაშია?

მიხა: – მა ეს მუსულმანები მე ჩავასახლე აქა?

მარო: – მიხა.

მარო: – რაღაც მინდა გითხრა და არ აღელდე

მიხა: – რა უნდა მითხრა?

მარო: – პირობა მომეცი, რომ არ აღელდები

მიხა: – მიდი

მარო: – პირობა მომეცი

მიხა: – გაძლევ

მარო: – ტასო ორსულადაა

მიხა: – ააააააააააააა

მარო: – ჩუმად, ნუ ყვირიხარ, საქონელი არ დააფრთხო

მიხა: – ვინ არ დავაფრთხო?

მარო: – საქონელი, ძროხა ორსულადაა

მიხა: – ძროხაა ორსულად თუ ჩვენი შვილი?

მარო: – ჩვენი შვილიც ორსულადაა და ძროხაც.

მიხა: – შენ?

მარო: – რა მე?

მიხა: – იქნებ შენც ორსულადა ხარ?

მარო: – დაფიქრდი აბა რეებს ლაპარაკობ?

მიხა: – დაგაფიქრებ მე შენ, შენ სად იყურებოდი?

მარო: – უყვართ ბავშვებს ერთმანეთი

მიხა: – გაგაყვარებთ მე თქვენ, არ გავაყოლებ მაგ უსაქმურ ურჯულოს ჩემს გოგოს, არა!… რა ვქნათ ეხლა?

მარო: – შენ არაფერი უთხრა, ხვალ ქალაქში წავიყვანოთ და აბორტი გავუკეთოთ. ტასო ჯერ უარზე იყო, მაგრამ ვუთხარი მამაშენი მოგკლავსო და დავითანხმე

მიხო: – მართლა მოვკლავ მაგის დედა..

მარო: – მოიცა, საქმე არ გააფუჭო

მიხო: – კიდე მე უნდა გავაფუჭო საქმე? (ძაღლს) რო დამდგარხარ და კუდს აქიცინებ ტყუილად გაჭმევ პურსა, ერთი გოგო ვერ დაიცავი აქ მომხდურებისაგან (მაროს) გამიგიჟეს გოგო, მაგას ჩემი შვილი კი არ უნდა, ჩემი ფულები უნდა, ფულები, მაგათ ჰგონიათ, რომ მუთაქები სულ ფულით მაქვს სავსე.

 

გადის, მარო მიყვება

 

ბატკანი: – ფული რა არის?

ძაღლი: – ფული ისაა, რითიც ყველაფრის ყიდვა შეიძლება

ბატკანი: – ყიდვა რა არის?

ძაღლი: – რასაც გინდა იმას იშოვნი

ბატკანი: – მართლა? ფრთების ყიდვაც შეიძლება?

ცხენი: – არა, ფრთების ყიდვა არ შეიძლება

ბატკანი: – თუ ფრთების ყიდვა არ შეიძლება, აბა რა საჭიროა ფული?

ცხენი: – ადამიანები უცნაურები არიან, ბევრი სხვადასხვა რაღაცეების ყიდვა სჭირდებათ, ხანდახან იმასაც ყიდულობენ რაც უკვე აქვთ.

ბატკანი: – ეგ როგორ?

ცხენი: – მაგალითად ტანსაცმელს, ხომ აქვთ, მაინც ყიდულობენ სხვას.

ბატკანი: – და ამ ფულს სად შოულობენ?

ძაღლი: – ეგ მე ვიცი

ბატკანი: – სად?

ძაღლი: – ჯიბიდან, პატრონი სულ ჯიბიდან იღებს ხოლმე

ბატკანი: – და ლექსოს და მამამისს რატომ არა აქვთ, მათაც ხომ აქვთ ჯიბეები?

ძროხა: – არ ვიცი

ცხენი: – არც მე არ ვიცი

 

შემოდის მამალი

 

მამალი: -რა ხდებოდა აქ? პატრონი გაბრაზებულია, დგას და დანას ლესავს, სულ ნაპერწკლებს ყრის, ტასო კი ტირის, რადიოც გამორთეს

ძროხა: – იჩხუბეს, ხვალ ქალაქში მიდიან რაღაც აბორტი უნდა გააკეთონ, ეტყობა ეგ აბორტი რაღაც ისეთი მაგარი რამეა აქ, რომ ვერ აკეთებენ. ტასოს ძალიან არ უნდა ეგ აბორტი

მამალი: – მერე რადიო რა შუაშია? ის ის იყო პარლამენტის სხდომა იწყებოდა და პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციურ ფრთას მიმართა „კოლეგებო“ რომ ეგრევე რადიო გამორთეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ხმა ჩააგდებინეს.

                        შემოდის პატრონი და მიდის ბატკანთან

ბატკანი: – ეეე, რა ხდება? პატრონი ჩემთან მოვიდა

მიხა: – რა იყო პატარავ? ხვდები?

 

            მიხა ახვევს კისერზე თოკს

 

ბატკანი: – ღმერთო, ღმერთო, ღმერთმა მისმინა, მე სასეირნოდ მივყავარ, მეც ვნახავ მინდორს, მდინარეს, ტყეს

ძროხა: – რა ბედნიერი ხარ

ბატკანი: – შენ კი მეუბნებოდი არასოდეს გახვალ აქედანო, მე თვითონ პატრონს მივყავარ სასეირნოდ, ღმერთო რა ბედნიერი ვარ

მიხა: – როგორ აჟღურტულდა მერცხალივით

ბატკანი: – გესმით? მელაპარაკება, პატრონი მელაპარაკება, ეს ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში, მე ამაზე ჩემს შვილებს მოვუყვები ხოლმე (მიხა აღებს კარს) ცა! მე ვხედავ ცას, მე ვხედავ მზეს, აგერ მინდორია, სახლები, ის კი მდინარეა, რა ლამაზია ყველაფერი

ძაღლი: – ჰო, თვითონ პატრონს მიყავხარ სასეირნოდ, ადრე მარტო მე მასეირნებდა ხოლმე

მამალი: – დიდი ამბავი, მე ყოველდღე ვსეირნობ ხოლმე

ძროხა: – ძალიან კარგი, პატარავ, აბა ჰენ იცი, გამაგრდი

ცხენი: – ჰო აბა შენ იცი

 

 გარედან ისმის ბატკნის ბღავილი, ცხოველები შეშდებიან, შემორბის ძაღლი

 

ძაღლი: – პატრონმა… პატრონმა…

ძროხა: – რა, პატრონმა?

ძაღლი: – ბატკანი… ჩვენი ბატკანი…

მამალი: – ცუდად ვარ

ძაღლი: – დანით

ძროხა: – რა, დანით?

        ძაღლი ჩუმადაა

ცხენი:- მოკლა?

ძაღლი: – ჰო

 

 

მეორე მოქმედება

 

 

ბოსელი, ყველას სძინავს ძაღლის გარდა, ძაღლი იღრინება, ეღვიძებათ სხვებს

 

ცხენი: – რა მოხდა?

ძაღლი: – არ ვიცი, რაღაც ცუდს ვგრძნობ

ძროხა: – ვაი, მეც რაღაცის მეშინია, თვითონ არ ვიცი რისი, მაგრამ რომ მეშინია ნამდვილად ვიცი

ძაღლი: – მეც მეშინია, მერე რაა, რომ ძაღლი ვარ და არ უნდა მეშინოდეს, მაინც მეშინია…. ვაი, უცებ გადამიარა და აღარაფრის არ მეშინია

ძროხა: – ხო, მეც რაღაც გულზე მომეშვა

ძაღლი: – ის რა იყო?, თმები ყალყზე დამიდგა

ცხენი: – მეც ფაფარი ამითრთოლდა

ძაღლი: – ეხლა ისევ კარგად ვართ. . . ძროხა, მაგრად მიყვარხარ.

ძროხა: – რა საყვარელი ხარ.

 

     უცებ ზევიდან ბატკანი ეშვება, მას მხრებზე ფრთები აქვს.

 

ძაღლი: – ე, ბატკანი

ბატკანი: – ჰო, მე ვარ

ძროხა: – აბა, აბა? სადაა ბატკანი? ვაი

ძაღლი: – კი მაგრამ, შენ ხომ პატრონმა… მე თვითონ ვნახე

ბატკანი: – მართალია, მე აღარ ვარ, ამქვეყნად აღარ ვარ

ძაღლი: – აბა სად ხარ?

ბატკანი: – ცაში

ცხენი: – არ არსებობს, ეტყობა რაღაც გვეჩვენება

ძაღლი: – აუ, გაასწორა, მაგარია

ბატკანი: – რა კარგია, რომ ისევ გხედავთ

ძროხა: – ჩვენ ძალიან გვიხარია შენი დანახვა

ბატკანი: – ხო,  მეც ძალიან მიხარია თქვენი დანახვა

ძაღლი: – ზურგზე რა გაქვს?

ბატკანი: – ეს? ეს ფრთებია

ცხენი: – რაა?

ბატკანი: – ფრთები, მე ეხლა ანგელოზი ვარ

ძროხა; – ანგელოზი? და ანგელოზი რა არის?

ბატკანი:- ადრე სულ მე გეკითხებოდით რაღაცეებს, ეხლა პირიქით, როდესაც ვიღაცა კვდება, ღმერთი არკვევს მისი სული სუფთაა თუ ჭუჭყიანი. თუ სუფთაა ანგელოზი ხდები

ძროხა:- თუ ჭუჭყიანი?

ბატკანი: – ჭუჭყი – ცოდვაა

ცხენი: – ცოდვა რა არის?

ბატკანი: –  ამპარტავნება, შური,  ანგარება, სიძვა, მრისხანება, ნაყროვანება. ცოდვა სულ შვიდია

ძაღლი: – ნაყროვანობა რა არის?

ძროხა:  – მიმოწვლილველობა?

ცხენი: – ანგარება?

ბატკანი: – არ ვიცი, ჯერ მარტო ერთი დღეა რაც იქ ვარ

ძაღლი: – მამალს უნდა ვკითხოთ, იმას ეცოდინება, კარგი შენ სუფთა სული გქონდა და მანდ მოხვდი, ვისაც ჭუჭყიანი სული აქვს ის სად ხვდება?

ბატკანი: – იმათ სხვაგან აგზავნიან, იქ კი ვიცი, რომ ძალიან ცუდია

ძაღლი: – და როგორ უნდა გავიგო, სული სუფთა მაქვს თუ ჭუჭყიანი?

ბატკანი: – არ ვიცი,მგონი თუ ცუდი არაფერი დაგიშავებია – სუფთა გაქვს და თუ ცუდი გაქვს ჩადენილი მაშინ შენი სული ჭუჭყიანია

ცხენი: – ბატკანო, შენ ღმერთი ნახე?

ბატკანი: – ვნახე, თავზე ხელი გადამისვა

ძაღლი: – რატომ?

ბატკანი:- ეტყობა შევეცოდე

ძროხა: – როგორია ღმერთი, ლამაზია?

ბატკანი:- არ მახსოვს…

          შემოდის მამალი

მამალი: – გძინავთ?

ძროხა: – არა, არ გვძინავს

მამალი: – ვიფიქრე, შევალ ვნახავ რას შვრებიან, როგორ არიან თქო

ძაღლი: – როდის აქეთ დაიწყე ღამე სიარული

მამალი: – რა ვიცი აბა, რაღაც არ მეძინა

ცხენი: –  შეგეშინდა.

მამალი: – რისი უნდა შემშინებოდა? (ხედავს ბატკანს) ვაი, შენ ხომ პატრონმა გუშინ დაგკლა? … შენ ხომ ბღაოდი.. ცოცხალი ხარ?

ბატკანი: – არა, ცოცხალი არ ვარ,მე ანგელოზი ვარ

მამალი: – ვინ? ზურგზე რა გაქვს?

ბატკანი: – ფრთები

მამალი:- რაა? ფრთები? შენ რა ფრენაც შეგიძლია?

ბატკანი:- შემიძლია, მე ეხლა ყველგან დავფრინავ, მდინარესაც შემიძლია გადავუფრინო, მინდორსაც და ტყესაც, თუ მინდა ქალაქსაც გადავუფრენ

მამალი: – არ არსებობს,მატყუებ

ბატკანი: – მე არ ვიტყუები

მამალი: – დამიმტკიცე, აბა აფრინდი

ბატკანი: – კი ბატონო

ბატკანი აფრინდება და იატაკზე ჯდება

ცხენი: – წარმოუდგენელია

ძროხა: – აისრულე ოცნება, შენ დაფრინავ

ბატკანი: – თავიდან მეც არ მჯეროდა, მართლა იცი, იქ ანგელოზებში ერთი მამალიც არ მინახავს

მამალი: – არცაა საჭირო, ჩვენ ჩვენი ფრთები ისედაც გვაქვს, თქვენსავით მერე კი არ შევიძინეთ საეჭვო გზებით

ბატკანი: – ჰო, იცით ფრენა მართლა კარგია,მაგრამ…

ძაღლი: – რა მაგრამ?

ბატკანი: – ცხოვრება მაინც უკეთესია, აქ,ამ ბოსელში ცხოვრება ჯობია ანგელოზობას

მამალი: – ვითომ რატომ?

ბატკანი: – იმიტომ, რომ მე … ცარიელი ვარ

მამალი: – რაა?

ბატკანი: – არ მაინტერესებს, არაფერი მაინტერესებს, თითქოს ყველაფერი ვიცი, მაგრამ არაფერს ვგრძნობ და არაფერი მინდა, შიშსაც არ ვგრძნობ, ჩემში ყველაფერი ჩაკვდა-ცარიელი ვარ, დავფრინავ და არ მიხარია, არადა გახსოვთ როგორ ვოცნებობდი ფრენაზე, ჩემი ოცნებები უფრო ლამაზი იყო, თურმე აი ის ჩემი ოცნებები იყო ნამდვილი…

ძროხა: – საწყალი

ცხენი: – ყველანი მოვკვდებით

ბატკანი: – ეხლა ძალიან დაწყნარებული ვარ, არაფრის მეშინი და არაფერი მინდა

ცხენი: – ესეიგი სიკვდილი არაა საშინელება?

ბატკანი:- რომ იცოდე ცხენო, რა საშინელებაა, რომ იცოდე რა …

მამალი:- მაგრამ მერე – კარგია?

ბატკანი: – ჰო, მერე კარგია

მამალი: – გაგიჟდები, რას არ გაიგებ, მოკლეს, ტყავი გააძრეს, ნაჭრებად დაჭრეს, პატრონს მანქანაში უდევს, ეს კი აქ ზღაპრებს გვიყვება

ბატკანი:- ჰო, ხვალ ბაზარში მივყავარ გასაყიდად, რომ ტასოს აბორტი გაუკეთონ.

ძროხა: – იცი რა არის აბორტი?

ბატკანი: – ვიცი, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა

ძროხა: – ეგ როგორ?

ბატკანი: – საავადმყოფოში მიიყვანენ და ორსულობას შეუწყვიტავენ, ბავშვი აღარ დაიბადება

ძროხა: – როგორ?

ძაღლი:- რატომ?

მამალი: – რა საშინელებაა

ცხენი: – და რა საჭიროა ასე?

ბატკანი: – არ ვიცი რა საჭიროა, ვიცი, რომ ამას მარტო ადამიანები აკეთებენ.

ძროხა: – მოიცა,მოიცა ვერაფერი ვერ გავიგე, კლავენ ჯერ არ დაბადებულ ბავშვს?

ბატკანი: – ჰო

ძროხა: – და რატომ? მას ხომ ჯერ არაფერი დაუშავებია

ბატკანი: – არ ვიცი, ეგ ადამიანებს უნდა ჰკითხო

ძროხა: – რა საშინელებაა, ეს როგორ შეიძლება, რა სიმხეცეა, პატარა, პატარა ბავშვი, რომელსაც ჯერ დამოუკიდებლად არაფერი შეუძლია უნდა მოკლან? რისთვის? რატომ?   

ძაღლი: – პატრონი მოდის, დაიმალე

ბატკანი: – მე არ მჭირდება დამალვა, ადამიანები მე ვერ მხედავენ.

შემოდის მიხა, ეძებს რაღაც ინსტრუმენტებს, ბატკანი მიდი მასთან

ბატკანი: – ეჰ, პატრონო, პატრონო, მე ისე მიყვარდი შენ და შენ კი ისე დამკალი, თვალიც კი არ დაახამხამე, სხისთვის მაინც გეთხოვა ჩემი მოკვლა და თვითონ არ გაგეკეთებინა ეგ.

მიხო: – (ძაღლს) აქ რა გინდა, წამო ეზოს უდარაჯე

            პატრონი და ძაღლი გადიან

ბატკანი: – იცით, ისინი საცოდავები არიან

მამალი: – ვინ?

ბატკანი: – ადამიანები, რაღაც ხომ უნდა ჭამონ, ხოდა ჩვენ გვჭამენ, ტანსაცმელსაც ჩვენგან აკეთებენ, ფეხსაცმელსაც, თვითონ არაფერი შეუძლიათ, საცოდავებს.

ძროხა:- მართალია, საცოდავები არიან, საწყლები.

მამალი:- რა საშინელებაა

ცხენი: – ესაა ცხოვრება

მამალი: – ეს ცხოვრება კი არა უსამართლობაა, სადაა მერე დემოკრატია? ვითომ რატომ გვჭამენ?იქნებ მეც მინდა მათი ჭამა? მეც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი ვარ, ტანსაცმელი უნდათ? მერე რა? მეც მინდა ტანსაცმელი, მომცენ თავიანთი ტყავი, თმებიც დაიჭრან და მე ჩემთვის ქუდს მოვიქსოვ, მე ცხოვრება მინდა,  სიცოცხლე მინდა, ძმებო! მამულიშვილნო! შევებრძოლოთ ტირანიას და ტოტალიტარიზმს! მიშველეთ! მიშველეთ! მიშველეთ!

     თვითონვე ჩუმდება, შემოდის ძაღლი

ძაღლი: – რას ამიყვირდი? გააღვიძებ ყველას და მიგაყოლებენ შენც ბატკანს, ხომ ხედავ ტასოს შვილს არ ინდობენ და შენ რას გიზამენ

ცხენი: – მართლა კვიცს რა ვუყოთ

ძროხა: – ვინ კვიცს?

ცხენი: – ტასოს კვიცს

ძროხა: – აა, ბოჩოლას

მამალი: – ხო წიწილას რა ვუყოთ?

ძაღლი: – ტასოს ლეკვს? რა  უნდა ვუყოთ? ადამიანებმა თუ გადაწყვიტეს მოკლავენ

მამალი: – რა საშინელებაა

ძაღლი: – რომ მოვიპაროთ?

ძროხა: – არ გამოვა, ის ტასოს ჯერ კიდევ მუცელში ყავს

მამალი: – რა უბედურებაა, ესე იგი თუ გადაწყვეტენ, შეუძლიათ, რომ მეც მომკლან? და ჩემგან სუპი გააკეთონ? მერე ჩემი განათლებულობა? ჩემი საოპერო ხმა? ჩემი რადიო? ბოლოს და ბოლოს ჩემი სიცოცხლე?

ძროხა: – მორჩი ეხლა, მარტო შენს თავზე რომ ფიქრობ, აქ ბოჩოლას გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ

მამალი:- არა, უნდა გავიქცე აქედან, უნდა წავიდე იქ სადაც ადამიანები არ არიან, ესენი ვინ ყოფილან ა, მხეცები!

       შემოდის ალი, იპარავს არაყს და სვავს

ალი: –  წაიყვანენ ხვალ ტასოს და ჩემს შვილიშვილს მოკლავენ, ყოფილიყო ცოცხალი, ვის რას დაუშლიდა, მე ბაბუს დამიძახებდა, მომივლიდა სიბერეში (დაინახავს ბატკანს) ბატკანი, ფრთიანი ბატკანი

ბატკანი: – შენ რა მხედავ?

ალი: – გხედავ და მესმის კიდეც

ბატკანი: – შენ არ უნდა მხედავდე

ალი:- რა ვქნა გხედავ

ბატკანი: – არ უნდა მხედავდე, მე მარტო ბავშვები და ცხოველები მხედავენ

ალი: – ბავშვი არა ვარ, ესეიგი….. ცხოველი ვარ (ტირის)

ძროხა: – საწყალი

ალი: – ვინ თქვა საწყალიო?

ძროხა: – მე

ალი: – შენ ვინა ხარ?

ძროხა: – ძროხა

ალი: – ძროხა ლაპარაკობს, ფრთიანი ბატკანი ლაპარაკობს…

მამალი: – თქვენ ხართ მკვლელები!

ალი: – ქათამიც ალაპარაკდა

მამალი: – ვინაა შენი ქათამი, მე მამალი ვარ, მეცშემიძლია, რომ მოგხარშო და შენგან სუპი დავამზადო, მოგეწონება?

ალი: – ხომ მეუბნებოდნენ, ნუ სვამ თორემ „ბელაია“ დაგემართებაო, აი არ დავუჯერე და…

ბატკანი: – გაანებე თავი, ხომ ხედავ როგორ შეეშინდა

მამალი:- აბა რა ეგონა? მეც შემეშინდა, მკვლელობო! (ფეხით ჯამს აკრავს)

ალი: – აი მფრინავი თეფშიც გამოჩნდა

ბატკანი: – მოიცა ალი, ყველაფერს აგიხსნი, მე ბატკანი ვარ, პატრონმა დამკლა, რომ ხვალ ბაზარში წამიყვანოს გასაყიდად

ალი: – ღმერთო რა დაგიშავე ამისთანა, ცხოვრებაში არავისთვის მიწყენინებია

ბატკანი: – მე ფრთები იმიტომ მაქვს, რომ ანგელოზი ვარ

ალი: – რაა?

მამალი: – ანგელოზია, ანგელოზი

ალი: – ანგელოზები არ არსებობენ

ძაღლი: – არსებობენ

ცხენი: – არსებობენ

ძროხა: – არსებობენ, როგორ არ არსებობენ, კარგად შეხედე, შენს წინ დგას

მამალი: – გაიგე? იდიოტო, არსებობენ!

ალი: – აუ, კიდევ უნდა დავლიო

 

ბატკანი ბოთლს გამოგლიჯავს

 

ალი: – შენ წამართვი ბოთლი?

ბატკანი: – ჰო.

ალი: – ესე იგი არ მეჩვენები?

ბატკანი: – არა

ალი: – ესეიგი სულ გავგიჟდი, მაშ შენ იმ სამყაროდან ხარ?

ბატკანი: – ჰო.

ალი: – მერე რა ხდება იქ?

ბატკანი: – მე იქ ჯერ ახალი ვარ, ბევრი ვერაფერი ვერ ვნახე

ალი: – გასაგებია, იქ ჩემი ცხენი ხომ არ გინახავს, ჩემი ლურჯა

ბატკანი: – არა, ვერ მოვასწარი, ერთი დღეც არაა რაც იქ ვარ

ალი: – ხო, მესმის

ბატკანი: – როცა ვნახავ, მოკითხვას აუცილებლად გადავცემ

ალი: – ბატკანო, ჩემს ცოლს, ჩემს ნინოსაც გადაეცი მოკითხვა… ოღონდ არ უთხრა, რომ მე აქ ამდენს ვსვამ, არც ის უთხრა, რომ ყველაფერი გავყიდე რაც სახლში გვქონდა, არაა საჭირო, ეწყინება, უთხარი მაგრად არიო,მაგარი ბოსტანი აქვსო და საზამთროს დიდი მოსავალიო, მოკლედ კარგი რაღაცეები უთხარი

ბატკანი: – ნუ ღელავ, ვეტყვი

ალი: – კიდევ უთხარი, რომ პატიებას ვთხოვ ყველაფრისთვის… უთხარი, რომ თუ მუხამედი წამიყვანს… მართლა, იქ მუჰამედია თუ ქრისტე?

ბატკანი: – არ ვიცი

ალი: – მოკლედ, დააწყნარე, მე წავედი

ცხენი: – ჩვენ აქ ტასოს შვილზე ვფიქრობთ, თუ როგორ ვუშველოთ.

ალი: – ჩემს შვილიშვილზე? საწყალი,მოკლავენ

მამალი: – მკვლელები

ძროხა: – უსინდისოები, პატარა, ჯერ არ დაბადებულ ბოჩოლას რას ერჩიან..

ძაღლი: – მოიცა ძროხა, ვერაფერი მოვიფიქრეთ

ძროხა: – ჰო, არ ვიცით, როგორ ვუშველოთ.

ბატკანი: – ის რომ მოკვდება ვიღაც დაიბადება, ეს ცხოვრების კანონია.

ცხენი: – შენ, რომ მოკვდი ვიღაც დაიბადა?

ბატკანი: – ხო, სადღაც შორს და მე მისი მფარველი ანგელოზი ვიქნები

ძაღლი: – და ჩვენი ბავშვი, რომ მოკვდება იმის მფარველი ანგელოზი ვინ იქნება?

ბატკანი: – ჩვენი ჯერ არც კი დაბადებულა

ცხენი: – ესე იგი, იმისათვის, რომ ჩვენი დაიბადოს, ვიღაც უნდა მოკვდეს

ძაღლი: – ცხენო შენ თურმე მამალზე ჭკვიანი ყოფილხარ

მამალი: – რა საშინელებაა

ცხენი: – ეს ცხოვრების კანონია

ბატკანი: – ჰო მაგრამ ჩვენ დრო არა გვაქვს, დილით ტასოს წაიყვანენ, ვიღაცა მანამდე უნდა მოკვდეს

მამალი: – ვაპროტესტებ, ამ საკითხს კენჭისყრა სჭირდება, ხმების დათვლა, ეგზიტპოლის შედეგები, არავითარი გაყალბება

ძროხა;- მეგობრებო! მე სიამოვნებით მოვკვდებოდი, მაგრამ უფლება არა მაქვს, მე ორსულად ვარ, მაპატიეთ.

ბატკანი: – რას ამბობ ძროხა, რა უნდა გაპატიოთ

ძაღლი: – მოდით მე მოვკვდები, პატრონებისათვის ყველაფერზე თანახმა ვარ, თუ საჭიროა მოვკვდები კიდეც, მე მზად ვარ, პატარა აღარა ვარ, უკვე სამი წლის ვარ, ცხოვრება ნანახი მაქვს ასე, რომ შემიძლია კიდეც, ეს ჩემი მოვალეობაცაა, რომ სიცოცხლის ფასად დავიცვა პატრონები.

ცხენი: – მე მოვკვდები! მე უკვე მოხუცი ვარ, ჩემი დრო დიდიხანია დადგა, მაინც აღარავის ვჭირდები, დიდიხანია ვცხოვრობ, აღარც კი მახსოვს როდის დავიბადე, ჩემგან ხეირი მაინც აღარავის აქვს, მოკლედ მე მოვკვდები.

მამალი: – მშვიდობით ცხენო, შენი ხსოვნა მარადიული იქნება ჩვენს სულებში…

ბატკანი: – მართლა გადაწყვიტე?

ცხენი: – რა გადაწყვეტა მინდა, დიდი ხანია დროა დავტოვო ეს ქვეყანა

ძროხა: – არა, მე ამას ვერ ვუყურებ

ძაღლი: – მშვიდობით

მამალი: – ჰა ეხლა

ცხენი: – რა ვქნა?

მამალი: – მოკვდი რა

ცხენი: – როგორ?

მამალი: – ბატკანო, როგორ უნდა მოკვდეს?

ბატკანი: – მე რა ვიცი,მე ხომ თვითონ არ მოვმკვდარვარ,მე პატრონმა მომკლა

ძროხა: – პატრონს ხომ არ დავუძახოთ?

მამალი: – ვქნათ რამე სანამ არ გადაუფიქრებია

ძაღლი: – მე ვიცი რაც უნდა ვქნათ, პატრონის თოფი უნდა მოვიტანოთ, ვიცი სადაც აქვს, მოვიტან, მოვკლათ ცხენი და მერე  თოფს ისევ უკან მივიტან.

ბატკანი: – მიდი.

          ძაღლი გარბის,მამალი უთვალთვალებს

ძროხა: – რა ხდება?

მამალი: – სახლში ფანჯრიდან გადაძვრა

ძროხა: (ცხენს) ცხენო, ძვირფასო და საყვარელო, არ გეშინია?

ცხენი: – არა, ყველაფერს თავისი დრო აქვს, მე დიდი ხანია აღარ ვცხოვრობ,მე მხოლოდ ვარსებობ.

 

                  შემორბის ძაღლი და შემოაქვს თოფი

 

ძაღლი: – აი თოფი

ბატკანი: – ეხლა ესროლეთ

მამალი: – ეგ როგორ ხდება?

ძაღლი: – აი ამას უნდა გამოკრათ

ძროხა: – ჯერ ერთი ჩემი ჩლიქებით  ვერ შევძლებ, მეორეც, მე ამას ვერ გადავიტან

ძაღლი: –  მე ჩემი თათებით ვერ შევძლებ, მამალო მიდი

მამალი: – ეს ძალადობაა, ტოტალიტარიზმი, არავითარ შემთხვევაში, სად გინახიათ, რომ მამალი თოფს ისვრიდეს? ძირს პროვინციული ტირანია

ბატკანი: – აქ ადამიანის თითებია საჭირო.

ალი: – რას მიყურებთ?

ბატკანი: – ადამიანის თითებია საჭირო, აქ ცხოველები ვერაფერს ვიზამთ, აი ამას უნდა გამოჰკრა

ცხენი: – მამალო ნუ ღელავ, ყველაფერი მალე დამთავრდება

მამალო: – მიდი ადამიანო, ნუ დაგვიგლიჯე ისედაც დაგლეჯილი სული

ალი: – გადი აქედან ქათამო

მამალი: – მე პროტესტს ვაცხადებ, მე ქათამი არა ვარ, მე…

ძროხა: – მამალო, ბოლოს და ბოლოს ჩაიწყვიტე ხმა

ცხენი: – ალი, ალი

ალი:- რა გინდა რა?

ცხენი: – შენ ტასოს შვილზე იფიქრე, შენს შვილიშვილზე, სხვა გამოსავალი არაა, მესროლე

ალი: – ტყვიები არის? არის

ცხენი:- ნუ წელავ,მესროლე

ალი: – ცოდვა გინდა ავიკიდო?

ცხენი: – მოხუცი ვარ, მიდი მესროლე

ალი:- მართლა გესვრი იცოდე

ცხენი: – მშვდობით მეგობრებო, მშვიდობით

     ალი თოფს დაუშვებს

ალი:- არ შემიძლია ძვირფასებო, ცოცხალ არსებას ვერ ვესვრი, ამდენი წელია ვცხოვრობ ამ ქვეყნად და ბუზიც კი არ მომიკლავს, ქათამი არ დამიკლავს, ვინ ვარ მე, რომ ვინმეს სიცოცხლე წავართვა,? მე მივეცი ეს სიცოცხლე? რატომ მაიძულებთ?  ლოთი ვარ, ნაბიჭვარი ვარ. უსაქმურიც ვარ, მაგრამ მკვლელი არა ვარ, ეს კიდევ მკერდს მიშვერს  კიდევ წრე შემოიხაზე, რომ კარგად გესროლო.

მამალი:- რა კრეტინები არიან ეს ადამიანები, გეუბნება თანახმა ვარო..

ძაღლი: – ჩაიგდე ენა

მამალი: – მე საერთო საქმისთვის ვზრუნავ

ცხენი: – მე თვითონ ვარ თანახმა ალი, სინდისი ნუ შეგაწუხებს,მიდი მესროლე

 

 ალი ისევ აწევს თოფს და ისევ დაუშვებს

 

ალი:- უტვინოები ხართ თქვენ, სულელები, თქვენც და ჩვენც ღმერთის შვილები ვართ, თქვენ რა გგონიათ ყველა ადამიანი ნაძირალაა? ამ თოფს თავის ადგილზე დავდებ, შენ კი იცოცხლე ბებერო.

                            მიდის

 მამალი: – პატრონი მაგაზე სულ იძახის ხოლმე, ლოთი და სულელიაო, მართლა სულელი ყოფილა

ძაღლი: – (ცხენს) ძნელია სიკვდილი?

ცხენი: – ღმერთო გვიშველე

ბატკანი: – ვერ გადავარჩინეთ პატარა

ცხენი: – ვერ გადავარჩინეთ

ძროხა: – საწყალი, მოკლავენ ეხლა

ცხენი: – ვერ გადავარჩინეთ კვიცი

ძროხა: – საწყალი, საწყალი, გვაპატიე ბოჩოლავ

 

                   შემორბის ტასო და მარო

 

მარო: – ჩუმად, არ გაიგოს

ტასო: – არა დედა არა, მერე რაა, რომ მამაა, მასთან ერთად ერთ სახლშიც კი არ მინდა ყოფნა

მარო: – რა გეტაკა? ხომ გადაწყვიტე? რად გადაიფიქრე?

ტასო: – არ შემიძლია დედა, არ შემიძლია, უცებ მართლა რაღაც დამემართა, მე ქალაქში არ წავალ დედა,მე აბორტს არ გავიკეთებ,მე შვილს ვერ მოვკლავ დედა

მარო: – შვილო

ტასო: – თუ მისი მოკვლა გინდათ ჯერ მე მომკალით

მარო: – არც შენი მოკვლა გვინდა და არც მისი, შენ შვილი ხარ ჩვენი და ეგა კიდევ შვილიშვილი, მაგრამ შენთვის რო გვინდა სიკეთე, იმიტომ გეუბნებით მაგას, ნაბიჭვარი გინდა გააჩინო და გინდა შენც მოიჭრა და ჩვენც მოგვჭრა თავი?

ტასო: – რატომ დედა, რატომ, მეც მიყვარს ლექსო და მასაც ვუყვარვარ, გავყვები ცოლად…

მარო: – და მთელ ცხოვრებას აქ გაატარებ არა? მე რომ გავატარე რა მოვიგე? ამ ბოსელს ვერ გავცდი, თბილისი, რომ თბილისია სულ შვიდჯერ ვარ ნამყოფი, ისე ვიცხოვრე მთელი ცხოვრება ზღვაც კი არ მინახავს თვალით, იმიტომ გატარებდით მასწავლებლებთან, რომ აქ ჩალპე ჩემსავით? მე თუ არა შენ მაინც ნახე ქვეყანა, კინო რო კინოა, ისიც აღარაა ამ დასაქცევ სოფელში, მარტო ტელევიზორს მივშტერებივართ დღე და ღამე, არადა რამდენი კარგი რამ ხდება აქ ქვეყანაზე, მთელი ცხოვრება იმას ვთხოვდი ღმერთს, ღმერთო, კარგი, ჩემთვის თუ არ გაიმეტე, ჩემს შვილს მაინც დაანახე ეს ქვეყანა თქო,ნუ დამიტოვებ ამ ყველასგან დავიწყებულ სოფელში თქო, თანაც ეხლა მადლობა ღმერთს უკვე სხვა დროა, აგერ ხომ ხედავ აბჟანდაძის გოგომ ჩააბარა უნივერსიტეტში და ეგრევე გერმანიაში გააგზავნეს მეორე კურსიდან მთელი ათი დღით,  აბჟანდაძის გოგო თუ გერმანიში გაუშვეს, შენ ამერიკაში გაგიშვებენ ეგრევე, ბავშვიანი ვერაფერს იზამ შვილო, დამირჩები აქ და როგორც მე გავატარე  მთელი ცხოვრება ამ ბოსელში, ისე შენც გაატარებ მთელ  ცხოვრებას.

ტასო“ – გავატარებ და გავატარო, მე აბორტს არ გავიკეთებ.

 

   შემოდის მიხა

 

მიხა: – ვინ გკითხავს რო?  როგორც გითხარი ისე იზამ, ორ საათში თბილისში წავალთ და მოვამთავრებთ მაგ საქმეს

მარო: – ღმერთო შენ გვიშველე

მიხა: – გაიგე რაც გითხარი?

 

ტასო უარის ნიშნად თავს აქნევს, მიხა მიდის მასთან, ტასო ბოძს შემოხვევს ხელს, მიხა ეჯაჯგურება, ძაღლი  უღრენს მიხას

 

მიხა:- ე, პატრონს უღრენ შე შობელძაღლო? (ურტყავს ფეხს ძაღლს)

ტასო: – ნუ უტყამ.არსად არ წავალ, დამარტყი, არ მეშინია,მომკალი თუ გინდა, არსად არ წავალ. არც ორ საათში და არც არასდროს, აბორტს არ გავიკეთებ

მიხო: – გაიგე შე უტვინო, რომა მაშინ იმ ურჯულო მათხოვარს უნდა გაგაყოლო ცოლად, აბა ნაბიჭვარს ხომ არ გაგაჩენინებ? ხრუშჩოვის დედა რომ ვატირე, მაინც და მაინც ჩემდა ჭირად არ ჩამოასახლა ეს ურჯულო აქა, ჯერ იყო და ნინო, ნინო, მთელი ჩვენი სოფლის ყველაზე ლამაზი გოგო გადარია…

მარო: – გაახსენდა.

მიხო: – რა დამავიწყებს სუფთაზე მომიგო მაშინ ალიმ, ერთით ნოლი გამიკეთა რა, ტასო, ნინო იცი როგორ მიყვარდა?, სულ მუხლებდაჩოქილი ვეხვეწებოდი ცოლად გამომყევიო და არაო, ვერ გამოგყვებიო, არ მიყვარხარო მე მითხრა და ის ურჯულო არ აირჩია?  იმიტომაც დასაჯა ღმერთმა და თან წაიყვანა

მარო: – ღმერთს ნუ სცოდავ

მიხო: – ვცოდავ არა, ისა, მე რომ გამომყოლოდა ეხლაც ცოცხალი იქნებოდა და მაშინ შენი მომყვანი ამ სოფელში მარტო აბჟანდაძე თუ იქნებოდა. ჯერ ეგ ვერ მომინელებია, იმ ურჯულო ალიმ ჩემი ნინო როგორ წამართვა და  ეხლა მისი შვილი ლექსო ჩემს ერთადერთ გოგოს არ მართმევს,? გამოდის, რომა ისევ გამარჯვებულია ჩემზე არა? ტაში!!!! უკვე ორით ნოლი გამოუვა არა? არ გაგაყოლებ იმას, გაიგე შენა? არ გაგაყოლებ.

ტასო: – არ გამაყოლებ და ნუ გამაყოლებ, თუ არ გინდა არც გავყვები ცოლად, მაგრამ ბავშვს არ მოგცემთ..

მარო:- და ხალხი…

ტასო: – არ მაინტერესებს ხალხი, ბავშვს არ მოგცემთ, თუ ის არ გინდათ ჯერ მე მომკალით.

 

შემოდის ალექსი

 

ალექსი: – მიხო ბიძია,მამაჩემმა…

მიხო: – რაო, არაყი მასესხეო? არა მაქვს მე თქვენთვის არაყი, არც არაყი მაქვს და არც არაფერი, ჯანდაბა და დოზანა მაქვს თქვენთვის თავზე საყრელად

ალექსი:- მამაჩემმა თავი მოიკლა

მარო: – ღმერთო შენ გვიშველე

მიხა: -სამით ნოლი

 

                                                         მესამე სურათი

 

შემოდის ტასო, ხელში ბავშვი ყავს, მას ლექსო და ძაღლი მოყვებიან

 

ლექსო: – აქ რა გინდა, აქ რატომ მომიყვანე?

ტასო: – რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვართ. არადა სულ აქ არ ვიყავით?

ლექსო: – რა მოგენატრა?

ტასო: – ჰო, მომენატრა, რა სულელი ხარ, (ბავშვს) და შენ თუ იცი, რომ აქ ჩაისახე, ამ ბოსელში?

ლექსო: – აქ?

ტასო: – (ბავშვს) ჰო, ჩვენ მამაშენთან ვიყავით სახლში და ბაბუაშენი მთვრალი მოვიდა, ჩვენ შეგვეშინდა და აქ მოვედით, აი მაშინ ჩაისახე ჩემს მუცელში.

ლექსო: – რა იცი, რომ მაინც და მაინც იმ ღამეს?, ჩვენ იმის წინა ღამესაც, იმის, იმის წინა ღამეთაც და თითქმის ყოველდღე  … ვშფუნთაობდით, რა იცი, რომ მაინცა და მაინც იმ ღამეს მოხდა, როცა ამ ბოსელში დავრჩით?

ტასო: – ვიცი, გამოვთვალე.

ლექსო: – შენ იმასაც იძახდი, ბიჭს გაგიჩენო და გოგო გამიჩინე

ტასო: – ბიჭსაც გაგიჩენ. რა ცუდია რო გოგოა?

ლექსო: – ცუდი რატოა? მომეცი აქ

 

                      შემოდის მარო

მარო: – არ მისცე ბავშვი, რა კაცის საქმეა ბავშვის ხელში დაჭერა (ართმევს ბავშვს) უტუ, ტუ, უტუ ტუ, ჩემი პატარა თოჯინა, ჩემი შვილიკო, ჩემი სიცოცხლე< ჩემი პატარა ბოჩოლა, ჩემი პატარა ლეკვუნა,   უტუ, უტუ უტუ

 

                       შემოდის მიხა

 

მიხა: – ჭუჭყია აქა, ინფექცია, ცხოველებს  მოარიდეთ ბავშვებიო ტელევიზორში თქვეს, ბაცილები აქვთო. მოდი გენაცვალე ბაბუსთან. . . ჩემი სიცოცხლე, ჩემი წიწილა, ჩემი კვიცუნია…

მარო: – ფრთხილად

მიხა: – ნუ მასწავლი ჭკუას.

მარო: – როგორ ვცხოვრობდით უამისოდ? კიდევ კარგი დაიბადა, თორემ ხომ შეიძლებოდა არც დაბადებულიყო?

მიხა: – ჰო, გეყოფა რა, გაათავე, მთელი ცხოვრება ეგ უნდა მახსენო?   

მარო: – ხო, ხო, არ გახსენებ, არა

მიხა: – ჩემი პატარა წიწილა… კაცო, ბოლო, ბოლო არ მეტყვით, რა დაარქვით ამ ბავშვს? როდემდე უნდა ვუძახო  რაღაც რაღაცეები?

ალექსი: – ნინო.

მიხა: – ნინო? ნინო კარგი სახელია, ქრისტიანული. იყოს ნინო. აბა მაროს ხომ არ დაარქმევდით?.

მარო: – მეხი კი დაგაყარე თავზე, ჩემს მეტი შენს მყრალ ხასიათს ვინ აიტანდა. მოდი ჩემთან ჩემო ნინუცა, ჩემო სიცოცხლევ.

 

გადის ბავშვთან ერთად, მას მიხოც მიყვება, გზაში უვარდებათ ბავშვის საფენი, რომელსაც ვერავინ ამჩნევს, ლექსო და ტასო რჩებიან

 

ლექსო: – ჩემო სიცოცხლევ. . .

ტასო: – მოიცა თავი გამანებე

ლექსო: – აკი ბიჭსაც გაგიჩენო?

ტასო: – ეხლავე კაცო? მაცადე ცოტა დრო გავიდეს

ლექსო: – მომენატრე გოგო

ტასო: – მეც მომენატრე, მაგრამ მაცადე ცოტა, მთელი სხეული დანგრეული მაქვს, აბა შენ გაგეჩინა ბავშვი

ლექსო: – საწყალი მამაჩემი, როგორ ვერ მოესწრო შვილიშვილს

ტასო: – ისე მამაშენს რომ არ მოეკლა თავი, მამაჩემის ამბავი რომ ვიცი, დამკარგავდა და შენთან დაქორწინების ნებას კი არ მომცემდა. 

 

               შემოდის მიხა

 

მიხა: – გოგო, ბავშვს არ უნდა აჭამო?

ტასო: – ჯერ ადრეა.

მიხა:  – ( ასხამს ღვინოს) ლექსო, დღეს საღამოს აბჟანდაძეები გადმოდიან ბავშვის მოსანახულებლად, ერთი მაგრად მოვულხინოთ

ლექსო: – მოვულხინოთ. მოგეხმარებით.

მიხა: – მომეხმარე. კარგი ბიჭი ხარ შენ ლექსო, კარგი! მაპატიე, თუ რამე გაწყენინე, მიყვარდა მე დედაშენი, იცი როგორ მიყვარდა? აუ, მაგრად მიყვარდა.

ლექსო: – ვიცი, მიხა ძია

მიხა: – შენ რა იცი, გაანათლოს, მამაშენსაც გაუმარჯოს, რას დათვრებოდა ეხლა ეგ ლოთი ეგა. ისე იქ ხომ მოვხვდები როცა იქნება არა, რო დავიჭერ იმ მამაშენს, სულ თავყბას დავამტვრევ, რაღა მაინც და მაინც ჩემი თოფით მოიკლა თავი, სხვა თოფი ვერ იშოვა მაგ შობელძაღლმა?

      

შემოდიან მარო და ტასო ბავშვთან ერთად

 

მარო: – ეი, კაცებო, დიდხანს უნდა იყოთ აქა?

მიხა: – მარო, შენ გაგიმარჯოს ჩემო ცოლო, შენ რომ არ მყოლოდი ხომ არც ეს ანგელოზი შვილი და შვილიშვილი მეყოლებოდა, ჩემს ქვეყანას გაუმარჯოს, ჩემს უპატრონო სოფელს გაუმარჯოს, ჩემს სახლსა და კარს გაუმარჯოს, აი ამ მუნჯ პირუტყვებს გაუმარჯოს, არაფერი, რომ არ ესმით და თავისთვის რომ ცოხნიან, ეგენიც ხომ ჩვენიანები არიან, ყველას გაგვიმარჯოს.

მამალი: – რა თქვა? მუნჯიო? ეს მე ვარ მუნჯი? ასეთი ხმის პატრონი ვარ მუნჯი?

ძროხა: – გაანებე თავი, ხომ იცი რა საცოდავი სულელები არიან

ძაღლი: – არა, მართლა რა სულელები არიან არა?

ცხენი: – ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და … ადამიანები.

დასასრული