„სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“
(სევდიანი კომედია ერთ მოქმედებად)
მოქმედება ხდება 31 დეკემბერს, პოლიციის განყოფილების საპატიმროს საკანში.
მოქმედი პირნი:
აბრამიშვილი გიორგი – მუშაობს პურის მცხობლად საკუთარ თონეში, ასე 40 ან 50 წლისა. სიგიჟემდე უყვარს არა მარტო თავისი ცოლ შვილი, არამედ სიდედრი ლუიზაც. გიორგი მუდამ ღიმილიანია, მართალია ხანდახან, სრულიად უმიზეზოდ აყვირდება ხოლმე, მაგრამ თითქმის ყოველთვის მშვიდი და ყველასადმი კეთილგანწყობილია, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ უნაკლო ადამიანიცააა, მაგრამ ერთი საშინელი ნაკლი მაინც აქვს: მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც, ხანდახან, როცა ალკოჰოლს სვამს, უჩნდება განუსაზღვრელი მოთხოვნილება აგინოს პოლიციელს.
იოსებაშვილი მორისი– ყაზახეთში მომუშავე ნახევრად მელოტი 55 წლის ბიზნესმენ – რესტორატორი მორისი. მართალია პასპორტში, სახელის გრაფაში ბენი უწერია, მაგრამ ნამდვილ სახელს მალავს და ყველას მორისით ეცნობა. გულიანი და ხელგაშლილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, ყოველთვის თავაზიანია. სამშობლოში, ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ ჩამოდის, რომ ცოლ შვილთან ერთად, ახალ წელს შეხვდეს. მართალია ამას, წელს, არც თუ ისე დიდი ხალისით აკეთებს, რადგან წელს, ყაზახეთში ერჩევნია ყოფნა, იქ ეხლა ახალი მდივან მემანქანე ყავს – კატენკა და წელს ერჩივნა მასთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს, მაგრამ რას იზამ, ტრადიცია ტრადიციაა და ეხლაც, 31 დეკემბერს, ბატონი მორისი, სამშობლოში ჩამოვიდა.
ტრაპაიძე სოსო – 45 წლის. ჟურნალისტი, საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ამჟამად უცოლ შვილო და საეჭვოა ოდესმე ყავდეს ცოლ შვილი, ასეთებს ოჯახის შექმნა არ უყვართ. ერთი შეხედვითვე მიხვდებით, რომ ის არტისტული ტიპია, ლაპარაკის დროს ხელებს აქტიურად იყენებს. რაც მის არტისტიზმს მეტ ხიბლს ძენს. მასში ხან ისტერიული ტიპი იღვიძებს, ხან ღვარძლიანი ცინიკოსი, ის, თავის თავში შეყვარებული ნარცისიცაა. ადამიანებს ზევიდან დასცქერის და ღრმადაა დარწმუნებული, რომ ყველა, ვინც კი ოდესმე შეხვედრია ცხოვრებაში, მასზე გაცილებით დაბალი დონის იყო, ამიტომ ლაპარაკის მანერა შემწყნარებლური აქვს. თავს ინტელექტუალად მიიჩნევს.
თინათინი – ადვოკატი, გაურკვეველი ასაკის, შეიძლება ვიღამ ჩათვალოს რომ 40 წლისაა და ვიღაცამ კი 20 წელიც მისცეს, მაგრამ იქცევა როგორც 15 წლის გოგონა.
ერთმანეთთან მიდგმულ სკამებზე წევს გიორგი და თავისთვის ღიღინებს, კარები იღება და ოთახში მორისი შემოდის:
მორისი: – ( ვიღაცას უყვირის გარეთ) ვაი თქვენს პატრონს ნაბიჭვრებო, მომერიეთ არა? ყოჩაღ რა, ძალიან მაგრები ხართ, 13 საათი იმიტომ ვიფრინე თვითფრინავით, რომ სამშობლოში ჩამოვსულიყავი და თქვენ კი, დამინახეთ თუ არა, ეგრევე დამესიეთ, ძაღლებო!, ჰო,მართლა ძაღლები ხართ. (უყეფს)ავ, ავ! არა, ძაღლებს რას ვერჩი, თქვენ ხართ- სირები! დიახ, სირები!. (დაინახავს გიორგის) გამარჯობა, უკაცრავად, მეგონა მარტო ვიყავი.
გიორგი: – გაუმარჯოს, არა უშავს, მიდით აგინეთ, აგინეთ. მეც მაგრად ვაგინე. ისე კიდევ კარგი, თქვენც აქ შემოგიშვეს, თორემ გავრეკე, ორი საათია სულ მარტო ვზივარ. ხმის გამცემი არ მყავდა. მე გიორგი მქვია, თქვენ?
მორისი: – მორისი. პასპორტში ბენი მიწერია, მაგრამ ყველა მორისს მეძახის. აქ თქვენთან კარგია ყოფნა, მაგრამ მე აქ დიდხანს არ გავჩერდები, ისეთი არაფერი დამიშავებია,რომ ამ ნაბიჭვრებმა აქ დამტოვონ,. გაერკვევიან უცბად და გამიშვებენ,იმედი მაქვს, აქ, განყოფილებაში მაინც იქნებიან ნორმალური მუშაკები. წარმოგიდგენიათ, ჩამოვფრინდი, საშინლად მინდოდა მოწევა, საერთოდ, მაგარი მწეველი ვარ, დღეში ორ კოლოფს ვეწევი, ამიტომ ვერ გავძელი და სანამ ბარგს მივიღებდი, პირდაპირ აეროპორტში, დარბაზში მოვუკიდე სიგარეტს და… არ დამესივნენ ეს ნაბიჭვრები?, ისე გადამიტრიალეს ხელები, ისე დამაგდეს ძირს, თითქოს ,ვიღაც ტერორისტი ვყოფილიყავი. ეი! სირებო! ეხლავე გამომიშვით აქედან, გესმით!?
გიორგი: – დაწყნარდით. ასე მალე არავინ გაგიშვებთ. ახალი წლის საღამოა და როგორც ჩანს, გეგმას ასრულებენ, დიდი ეჭვი მაქვს 12 საათზე, აქ, მე და თქვენ, ერთად შევხვდებით ახალ წელს.
მორისი: – რას ამბობთ?, ორი წელია ოჯახი არ მინახავს, ყაზახეთში ვმუშაობ, კოკშეტაუში. გსმენიათ? არა? ძალიან მაგარი ქალაქია. მოკლედ, ჯერ კოკშეტაუდან ასტანამდე მანქანით ვიარე 4 საათი , თბილისზე დღეს პირდაპირი რეისი არ იყო და მომიწია ასტანიდან ჯერ ალმა-ათამდე 2 საათი ფრენა, მერე ალმა – ათიდან ბაქომდე 4 საათი , მერე ბაქოდან თბილისამდე 2 საათი. მოკლედ საერთო ჯამში თავის მოცდებიანად 21 საათი ვიყავი გზაში, რომ ახალ წელს ცოლ – შვილთან ერთად შევხვედროდი და ამ სირებმა კი, აქ არ მომიყვანეს?.არა, ბატონო, მე ახალ წელს აქ არ დავრჩები, გესმით? არ დავრჩები.
გიორგი: – ეი, ეი, მე რას მიყვირიხართ?, მე მოგიყვანეთ აქ?
მორისი: – უკაცრავად, თქვენ არ გიყვირით,თქვენ რა შუაში ხართ, უბრალოდ ნერვები მაქვს დაწყვეტილი… მე კოკშეტაუდან ჩამოვედი და ესენი კი….ამათი დედა…
გიორგი: – დედა არ შეაგინოთ. რაც გინდათ,ის შეაგინეთ, ოღონდ დედა არა.
მორისი: – რატომ?
გიორგი: – არ უყვართ, დედას რომ აგინებენ.
მორისი: – გასაგებია.(პაუზა) არა რა, ეს ხომ ქვეყანა არაა. აქ, ხომ ცხოვრება არ შეიძლება, სულ გარეკეს, იმიტომაც ვარ ათი წელია აქედან წასული. გავიქეცი, გადავიკარგე. აბა აქ რა მინდა? აქ არაფერი ხდება. ყაზახეთში ვცხოვრობ, კოკშეტაუში. მაგარი ქალაქია. იქ, კარგად ვარ, ლამაზად. მაფასებენ, ხელის გულზე მატარებენ. რას ჩამოვდიოდი აქ საერთოდ?, რა მინდოდა? ვიყავი ჩიტივით, იცი რა გოგოები არიან კოკშეტაუში? გაგიჟდები. როგორ მთხოვდა კატენკა არ წახვიდე, დარჩიო…კატენკა ჩემი მდივანია..ისეთი სილიკონიანი მკერდი აქვს გაგიჟდები, რო დავინახავ სულ მინდა ვბურჯღნო. ფერიას ვეძახი .აუუუ, თან რამდენი საქმე მქონდა იქ საახალწლოდ. ესენი კი…წარმოგიდგენია, ხელები მიტრიალეს, ძირს დამაგდეს. იატაკს თავი დავარტყი. მეგონა ტვინი გავასხიო. ნამდვილ ტერორისტებს ვერ იჭერენ და მე არ მეტაკნენ ეს ნაბიჭვრები. მითხარით, როდის გვექნება ამ ქვეყანაში საშველი? კაცურად გამეცი პასუხი: გვეშველება რამე?
გიორგი: – რა ვიცი მე, რომელი პოლიტიკოსი მე მნახეთ, რომ მაგაზე გიპასუხოთ.
კარები იღება და შემოდის სოსო.
სოსო: -(უყვირის ვიღაცას საქმიანად) იცოდეთ, მე სოსო ვარ ტრაპაიძე, ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, იცოდეთ რამე არ შეგეშალოთ… ჩემს ადვოკატს დაუკავშირდით, ვიცი, რომ დავაშავე, ვაღიარებ, დამნაშავე ვარ ბატონო, მაგრამ ადვოკატის გამოძახების უფლება ხომ მაქვს? რა? გათიშული აქვს? ..გეთაყვა, კიდევ ერთხელ სცადეთ დარეკვა..უთხარით სოსო დავაკავეთო, სოსო ტრაპაიძე, ეტყვით თუ არა მაშინვე მოვა. (დაინახავს გიორგის და მორისს) გამარჯობა.
გიორგი: – გამარჯობა, მე გიორგი მქვია, ამას…
მორისი: მორისი
სოსო:- ძალიან სასიამოვნოა. მე სოსო.(პაუზა) სოსო ტრაპაიძე (პაუზა) ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი. შეიძლება დავჯდე?
გიორგი: – რა თქმა უნდა დაბრძანდით.
სოსო: – შეიძლება გკიითხოთ? თუ რასაკვირველია საიდუმლო არაა, რატომ დაგაკავეს?
გიორგი: – მე? სისულელეზე, ახალი წლის დადგომის ამბავში, ცოტა დავლიე და…
სოსო: – ვერ გავიგე, რომ დალიეთ მაგიტომ დაგაკავეს?
გიორგი: – მთლად მაგიტომ არა, ცოტა დავლე… მოკლედ დავთვერი რა, და…
სოსო: – გასაგებია, და საჭესთან დაჯექით?
გიორგი: – არა, რა საჭე, სადა მყავს მანქანა. მანქანა კი არა, ბავშვს ველოსიპედი ძლივს ვუყიდე. უბრალოდ, ცუდი სიმთვრალე მაქვს, ქუჩაში მოვდიოდი მთვრალი და ვმღეროდი რა, ჩემთვის. გზაში პოლიცია შემხვდა და ნუ ხმაურობო..კი არ ვხმაურობ, ვმღერი მეთქი და არა, გინდა თუ არა ხმაურობო, შარზე იყვნენ რა, ხალხს აწუხებო… მოკლედ,.. ვაგინე რა, ეგრე ვიცი ხოლმე, ვთვრები თუ არა, პოლიციას დედას ვაგინებ.ამათ კი, მაგრად არ უყვართ დედას რომ აგინებ. აქ პირველად კი არა ვარ. მიჩვეული ვარ.
სოსო: – გასაგებია. (მორისს) უკაცრავად და თქვენ? თქვენ რატომ მოხვდით აქ?
მორისი: – მე სიგარეტის გამო, სიგარეტი მოვწიე.
სოსო: – სიგარეტი? ვერ გავიგე? მაგის გამო დაგაკავეს?
მორისი: – აეროპორტში მოვწიე, დარბაზში. ვერ მოვითმინე და გარეთ გამოსვლამდე გავაფუილე.
სოსო: – გასაგებია. მაგრამ მაგის გამო კაცი არ უნდა დაიჭირო. მით უფრო მაშინ, როცა რამოდენიმე საათში ახალი წელი დგება, (უყვირის დაცვას) ეი,თქვენ, პატივცემულო, ხო, თქვენ გეუბნებით, პატივცემულო, გეთაყვა, უმორჩილესად გთხოვთ, ეხლავე დაურეკოთ ჩემს ადვოკატ შალვა ხორბალაძეს. უთხარით სოსო ტრაპაიძე დავაკავეთო. მე სოსო ვარ ტრაპაიძე, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი.
გიორგი: – თქვენ რატომ მოხვდით აქ?
სოსო: – მე? არ დაიჯერებთ, სიჩქარის გადაჭარბების გამო. სულ რაღაც 10 კილომეტრით გადავაჭარბე,მეტით კი არა, 120 ის მაგივრად ტრასაზე 130 ით მოვდიოდი. გაგიჟდება კაცი, რა უცნაურია, ასე ნელა, ცხოვრებაში არ მივლია და მაინც და მაინც ეხლა არ გამაჩერეს.
მორისი: – მოიცა, მერე მაგის გამო აქ უკვე ხალხს იჭერენ? სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა არაა? ჩემ დროს მგონი 50 ლარი იყო
გიორგი: – ხო, დაჭერით მგონი მარტო სიმთვრალეზე იჭერენ,- მთვრალი იყავით?
სოსო: – არა რას ბრძანებთ, ალკოჰოლს საერთოდ არ ვეკარები. უბრალოდ მართვის მოწმობა ერთი წელია ჩამორთმეული მაქვს, მაგრამ მაინც დავდივარ მანქანით.
მორისი: – ხო, მაშინ კი დაგიჭერდნენ…
სოსო: – რა ვქნა, არ შემიძლია მანქანის გარეშე. ფეხით ვერ დავდივარ ბატონო. სხვათაშორის, პოლიციას არ გავძალიანებივარ, ვიცი, რომ დამნაშავე ვარ,ამიტომ მორჩილად გამოვყევი აქ.
მორისი: – აი მე კი,(გიორგის) თქვენი არ იყოს, მეც მაგრად ვაგინე პოლიციელებს, სულ დედ მამის სული ვუტრიალე.
გიორგი: – აბა რატომ გვიკვირს, რომ დაგვიჭირეს.? არ უყვართ რა, როცა აგინებ, განსაკუთრებით დედას რომ აგინებ და თანაც ხალხში.
სოსო: – უკაცრავად და, დედას, რომ აგინებენ ეგ საერთოდ ვინმეს უყვარს?
გიორგი: – არავის, მაგრამ ამათ მაინც განსაკუთრებულად არ უყვართ.
მორისი: – არ უყვართ და ნუ უყვართ, ეგ მადარდე, სირები არიან მაინც…
სოსო: – ეხლა საერთოდ არაფერი მესმის, მე ხომ არ მიგინებია, მე საერთოდ არ მიყვარს ბილწსიტყვაობა, მე რატომ მომიყვანეს აქ? ეი, გესმით მანდ? დაცვა! მეგობარო! სასწრაფოდ დაუკავშირდით ჩემს ადვოკატ შალვას, შალვა ხორბალაძეს, ტელეფონი ხომ ჩაგაწერინეთ, დაუკავშირდით თორემ იცოდეთ ძალიან განანებთ, იცოდეთ მე ჟურნალისტი ვარ და თუ მოვინდომე ყველა ტელევიზიას აქ მოვყრი…
ისმის ხმა რეპროდუქტორიდან: – ნუ ხმაურობთ, ეხლა თქვენთან ჩვენი ადვოკატი მოვა და ყველაფერში გაგარკვევთ.
მორისი: – რა გარკვევა მინდა შე ჩემანალა, რა გავაკეთე ამისთანა, ერთი ღერი სიგარეტი მოვწიე, ბომბი ხო არ ავაფეთქე? არადა ნაღდად არ გაწყენდათ ერთი კარგი ბომბი. გადამახდევინეთ ჯარიმა და გამიშვით აქედან.
სოსო: – მეც მიმიშვით თუ შეიძლება. ეი,მეგობარო, მე ჩემი ადვოკატი ვითხოვე და არა თქვენი,თუ შეიძლება დაურეკეთ,ხომ მოგეცით ნომერი, შალვა ჰქვია, ხორბალაძეა გვარად. დაურეკეთ და უთხარით სოსო დაკავებულიაო, გარწმუნებთ გაიგებს თუ არა მაშინვე აქ მოვა. (ბიჭებს) ჩემი ადვოკატი თუ მოვიდა, ისეთი მაგარია, სამივეს გამოგვიყვანს აქედან.
გიორგი: – თქვენ საკუთარი ადვოკატი გყავთ?
სოსო: – მე არა, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის ადვოკატია, მე ჟურნალისტი ვარ და თან ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი.
გიორგი: – რომელ გაზეთში მუშაობთ?
სოსო: – ბევრში. სხვადასხვა ჟურნალ გაზეთებისთვის ვწერ პოლიტიკაზე. პოლიტიკური მიმომხილველი ვარ, სოსო ტრაპაიძე, არ გსმენიათ?
მორისი: – 4 წელია გაზეთი არ წამიკითხავს. თან მაგრად ვერ ვიტან პოლიტიკას.
გიორგი: – მე ვკითხულობ, მაგრამ თქვენი გვარი არ მახსენდება, საერთოდ გაზეთი ძალიან მიყვარს, ყოველდღე ერთ ათ გაზეთს მაინც ვათვალიერებ და თუ რამე მომეწონა ვკითხულობ.
სოსო: – ყოველდღე ათ გაზეთს? ბიბლიოთეკაში მუშაობთ?
გიორგი: – არააა. თონეში. მეპურე ვარ, პურს ხო გაზეთზე ვდებთ და ისე ვაძლევთ მყიდველს.ჰოდა ერთი ოცდაათი გაზეთი მაინც მჭირდება დღეში. როცა ზეიმებია, მაშინ მეტიც. აი დღეს ერთი ასორმოცდაათი გაზეთი გვქონდა. ხან ვის ვართმევთ ამ გაზეთებს და ხან ვის. ძირითადად ძველი გაზეთები გვაქვს, მაგრამ ხანდახან ახალსაც ვშოულობთ. ხოდა როცა პურს არ ვაცხობ, სულ გაზეთებს ვკითხულობ.
სოსო: – მესმის.
მორისი: – მე 10 წელია ყაზახეთში ვცხოვრობ, კოკშეტაუში. (პაუზა) ბიჭებს ქართული რესტორანი გვაქვს. “ჩაჩა-პური” ჰქვია. მთელი კოკშეტაუ ჩვენთან დადის, გიჟდებიან ქართულ საჭმელებზე, ყველაფერი გვაქვს, მწვადი, ხინკალი, ჩაქაფული. ასე რომ თუ იქ მოხვდებით, მეწვიეთ. მაგრად მოგეწონებათ. თან იქ ისეთი გოგოებია.. ყაზახებს ხომ საერთოდ მაგარი გოგოები ყავთ, მაგრამ კოკშეტაუში განსაკუთრებით კარგები არიან, ისეთები არიან შეიძლება გაგიჟდეთ.როგორ მთხოვდა ჩემი სილიკონიანი ფერია, ჩემი კატენკა, არ წახვიდეო, ეტყობა გული უგრძნობდა.. მოკლედ, მთავარია მესტუმროთ კოკშეტაუში და დანარჩენი მე ვიცი.
გიორგი: (პაუზა) კოკშეტაუში კი არა ბავშვებს ბაკურიანში აყვანას დავპირდი და იქ ვერ ამიყვანია, დრო არ მაქვს.
სოსო: (პაუზა) ცოტა სასაცილო არაა, ეს ყველაფერი?
გიორგი: – რა?
სოსო: – მაგარი კამპანია შევიკრიბეთ, ნახეთ, სამივეს ჰალსტუხი გვიკეთია, ასეთი ელეგანტური სამართალდამრღვევები ერთად როგორ შევიკრიბეთ?
გიორგი: – ვა მართლა, არადა მე საერთოდ არ ვატარებ ჰალსტუხს, დღეს სიდედრის დაბადების დღეა და ცოლმა მთხოვა გაიკეთე, ნათესავები იქნებიანო.
მორისი: – მე კიდევ კატენკამ გამიკეთა…
იღება კარები და შემოდის თეთრ კოსტუმში გამოწყობილი თინათინი, ერთ ხელში საქაღალდეები უჭირავს, მეორეში ჩემოდანი.
თინათინი: – საღამო მშვიდობისა სამართალდამრღვევებო, იმედი მაქვს კარგად გრძნობთ თავს. (ტოვებს კართან ჩემოდანს და მოდის მათთან ) მე ეხლა მოვისმენ თქვენს პრეტენზიებს და გავერკვევით ყველაფერში, მე მქვია თინათინი და თქვენი ადვოკატი ვარ. (გადაშლის საქაღალდეს) სოსო ტრაპაიძე.
სოსო: – მე ვარ. გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, აქ სიჩქარის გადაჭარბებისათვის…
თინათინი: – ვიცი. ყველაფერი ვიცი. თქვენ ბენი იოსებაშვილი?
მორისი: – არა, მე გახლავართ მორის იოსებაშვილი, ბენი ისე, პასპორტში მიწერია, ყველა კი მორისს მეძახის. დღეს ჩამოვფრინდი…
თინათინი: – ვიცი. კოკშეტაუდან. თქვენ კი ალბათ გიორგი აბრამიშვილი
გიორგი: – დიახ? მე ვარ გიორგი აბრამიშვილი, შეგიძლიათ გიო დამიძახოთ.
სოსო: – მაპატიეთ,ქალბატონო თინათინ, ძალიან მესიმპატიურებით და არაფერი მაქვს თქვენს საწინააღმდეგოდ, მით უფრო, რომ ყველაფერი გცოდნიათ ჩვენზე, მაგრამ ნუ გეწყინებათ და მე ჩემი ადვოკატის გამოძახება ვითხოვე, თანაც რატომ უნდა დაგვიცვათ მარტო თქვენ,ასეთმა ახალგაზრდა, მშვენიერმა გოგონამ, ერთდროულად სამი კაცი?
მორისი: – მე პირადად ძალიანაც მაწყობს, ახალგაზრდა გოგო ადვოკატს რა ჯობია?
თინათინი: – ბატონო სოსო, არანაირი პრობლემა არაა, მესმის, რომ თქვენ გირჩევნიათ თქვენი ადვოკატი გყავდეთ, არ მწყინს, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ისინი ცდილობენ დაუკავშირდნენ თქვენს ადვოკატს, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული აქვს, ახალი წლის საღამოა და ხომ იცით, ბევრი თიშავს თავის ტელეფონს. იცით, ძალიან ვღელავ.
გიორგი: – რატომ?
თინათინი: – ეს ჩემი პირველი საქმეა, უბრალოდ დღეს მორიგე ვარ და ამიტომ დამავალეს თქვენთან შემოსვლა. ასე რომ, თქვენ, სრული უფლება გაქვთ, უარი თქვათ ჩემზე.
სოსო: – არა, არა, რას ბრძანებთ. დიდი მადლობა.
თინათინი: – მაშინ დავიწყოთ არა? გიორგი თუ შეიძლება ჩემი ჩემოდანი მომიტანეთ.
გიორგი: – კი ბატონო, ძალიანაც კარგი, რომ თქვენ იქნებით ჩემი ადვოკატი, ღვინო, რომ მქონდეს თქვენს სადღეგრძელოსაც კი შევსვამდი.
(იღებს ჩემოდანს, რომელიც ემძიმება და მძიმედ მიაქვს თინათინთან)
თინათინი: – აბა დავიწყოთ…
მორისი: – გოგონი, პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ სამივე აღშფოთებულები ვართ პოლიციელების უხეში დამოკიდებულებით…
სოსო: – დიახ, იცით, აღშფოთებულები ეს ის სიტყვა არაა, აღშფოთებულებიც ვართ და გაოგნებულებიც, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი პოლიცია ასე ექცევა ხალხს. პირადად მე, როგორც ჟურნალისტი, აუცილებლად დავწერ ამაზე, პირობას გაძლევთ, რომ ყველა ტელევიზიას აქ მოვყრი და დიდ გადაცემას გავაკეთებ ამათზე.
თინათინი: – მესმის და ძალიან კარგს იზამთ, მოდი ასე ვქნათ, ეხლა თქვენ ყველაფერს მომიყვებით, მე ჩავიწერ და შემდეგ მივცემ მსვლელობას.
მორისი: – მშვენიერი.
თინათინი: – როგორ გნებავთ?, ცალ ცალკე გაგესაუბროთ გვერდით ოთახში, თუ სამივეს ერთად დაგელაპარაკოთ?
სოსო: – ჩემთვის სულერთია, დასამალი არაფერი მაქვს.
თინათინი: – ერთად გირჩევნიათ თუ ცალ ცალკე?
სოსო: – არაა პრობლემა, ყველას ერთად გაგვესაუბრეთ.
თინათინი: – კარგი, მაშინ მე ეხლა გავალ და მალე მოვალ.
სოსო: – ოღონდ გთხოვთ დროზე, არანაირი სურვილი არ მაქვს ამ კამერაში შევხვდე ახალი წლის დადგომას.
თინათინი გადის
გიორგი: -არასოდეს შევხვედრივარ ახალ წელს სხვაგან. ეხლა აქ მომწონს კიდეც, ისე გამოვიდა, რომ ჩემი სიდედრი ლუიზა, მაინც და მაინც პირველ იანვარსაა დაბადებული, ამიტომ ყოველ ახალ წელს, სიდედრის ბინაში ვხვდები ცოლის ნათესავებთან ერთად…
მორისი: – აუფ, შენ რა დღეში ყოფილხარ..
გიორგი: – სიდედრს რას ვერჩი კარგი ქალია, მაგრამ სულ პოლიტიკაზე ლაპარაკობს, რაც მას ვიცნობ, მისი მოსაწონი მთავრობა არ მოსულა ხელისუფლებაში. ეხლა მაგას, ჩემი ცოლის ორი გაუთხოვარი დეიდაც დაამატე, ისინიც მის ჭკუაზე არიან და რომ შეიკრიბებიან, ერთმანეთს არ აცლიან მთავრობის ლანძღვას, ამ მთავრობის დედაც,მამაც და მათი ბიძაშვილ მამიდაშვილებიც, მაგრამ მინდა მე ახალი წლის ღამეს მთავრობაზე და პოლიტიკაზე ლაპარაკი? ის არ მეყოფა, ტელევიზორში მთელი წელი სულ მათ სიფათებს რომ ვუყურებ?.
მორისი – აუ ისე მეც შენი სიდედრის ჭკუაზე ვარ, სულ ამ მთავრობის გინებაში ვარ, მაგათი დედა…
გიორგი: – დედა არა… ხომ გითხარი, დედა არა…
მორისი: – ხო, ხო დედა არა… მოკლედ მეც სულ ამ მთავრობას ვაგინებ, რას დაამსგავსეს ჩვენი ქვეყანა. აი სოსო, მითხარით რა კაცურად,თქვენ ხომ პოლიტოლოგი ხართ….
სოსო: – მიცანით?
მორისი: – მითხარით, ხო ასეთი მთავრობაც გვყავდა, ისეთიც, მაგრამ ეგეთი უნიჭო მთავრობა გვყოლია ოდესმე?
სოსო: – არა, არ გვყოლია.
მორისი: – რით ვერ გაძღნენ კაცო? ჭამონ ბატონო და თან ცოტა საქმეც გააკეთონ რა, მაგრამ არ შეუძლიათ და თუ გინდა მოკალი. უნიჭოები არიან და იმიტომ.განა არ უნდათ?, უნდათ როგორ არ უნდათ, მაგრამ არ შეუძლიათ. აი მეც მინდა ეხლა ავდგე და კოსმოსში გავფრინდე, მაგრამ შემიძლია? არ შემიძლია! აი ეგრე არიან ეგენიც.
გიორგი: – აი, ლუიზა რა, სუფთა ლუიზა ხარ, ისიც სულ მაგას იძახის, უნდათ, მაგრამ არ შეუძლიათო….
მორისი:- ვინ ლუიზა?
გიორგი: – ხომ გითხარი, ლუიზა ჩემი სიდედრია და ისიც სულ მაგას იძახის უნდათ, როგორ არ უნდათო, მაგრამ არ შეუძლიათო….
მორისი: – ჯიგარი ყოფილა ეგ შენი ლუიზა….
შემოდის თინათინი
თინათინი: – აი მოვედი, რაღაცეები შევათანხმე…
სოსო: – იქნებ საქმეზე გადავიდეთ და ამ არაჩვეულებრივ გოგონასაც მოვუსმინოთ?
მორისი: – ჰო რა, გისმენთ გოგონი, გამოგვკითხეთ.
თინათინი: – მადლობა, დაბრძანდით და მომისმინეთ. პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ აქ, ადვოკატებს დიდი არაფერი უფლებები არ გვაქვს, მე არ შემიძლია თქვენი აქედან გაყვანა,მე აქ ვარ იმისთვის, რომ მოვისმინო თქვენი პრეტენზიები, დავრწმუნდე, რომ თქვენ, არავინ მოგაყენათ ფიზიკური შეურაცხყოფა და თუ გჭირდებათ, მოვითხოვო თქვენთვის სამედიცინო დახმარება.
მორისი: – მეტი არაფერი?
თინათინი: – სამწუხაროდ მეტი არაფერი.
სოსო: – საპროცესო გარიგება,თანხის შეტანა და რამე მაგდაგვარი ვერა?
თინათინა: – არა, ეგ მე არ მეხება.
მორისი: – და რამდენ ხანს გაგვაჩერებენ აქ, ეგ მაინც თუ იცით?
თინათინი: – კი, ეგ ვიცი, თქვენ შემთხვევაში მათ მაქსიმუმ 24 საათის გაჩერების უფლება აქვთ, უფრო მეტი ხნით ვერ გაგაჩერებენ, მაგას უკვე სხვა სანქცია სჭირდება.
მორისი: – 24 საათი? რა უბედურებაა? როგორ შეიძლება სულ არაფრის გამო ადამიანები ჩასვა 24 საათით ისე, რომ არ მისცე თავის გამართლების უფლება.
თინათინი: – მესმის თქვენი ბატონო მორის, მაგრამ თქვენ მაინც კანონდამრღვევი ხართ, მით უფრო, რომ თქვენ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეთ სამართალდამცავებს.
მორისი: – მაიძულეს თქვენ გენაცვალეთ…
სოსო: – მე ხომ არ მიმიყენებია შეურაცხყოფა, სულ რაღაც 10 კილომეტრით გადავაჭარბე სიჩქარეს, ასეთი რამ მარტო ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, რომ მოხდეს…
თინათინი: – არა ბატონო სოსო, ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ მართვის მოწმობის გარეშე მართავდით მანქანას და თან გადაჭარბებული სიჩქარით,ასეთ რამეს კი, არც ერთ ქვეყანაში არ პატიობენ.
სოსო: – ვიცი ბატონო,ვიცი, რომ დავაშავე, ვიცი,რომ მართვის მოწმობის გარეშე არ უნდა მევლო, გამომიწერონ ჯარიმა და გამიშვან.
მორისი: – მე კი მხოლოდ სიგარეტი მოვწიე, ეგრევე მეცნენ და თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი ყვირილი დამიწყეს, მერე იატაკზე დამაგდეს და კინაღამ ტვინი დავანთხიე, გამომიყვანეს მდგომარეობიდან და მეც მაგიტომ ვაგინე ბატონო…არ შეიძლება მეც და ვიღაც ტერორისტს ერთნაირად მოექცნენ.
თინათინი: – ხო მაგრამ გინება არაა გამოსავალი, სიტყვიერი შეურაცხყოფის ჩამდენი ისევე ისჯება, როგორც ფიზიკური შეურაცხყოფის ჩამდენი. თქვენ თუ პოლიციასთან რამე პრეტენზია გქონდათ, უნდა მოგეთმინათ და შემდეგ საჩივარი დაგეწერათ.
მორისი: – საჩივარი ვის სახელზე?, ვინც დაგვიჭირა?
გიორგი: – რა მაგარია, პატივცემულო პოლიციავ, ჩვენ ცუდად მოგვექცა პოლიცია და გთხოვთ დასაჯოთ პოლიცია. ეგრე უნდა დავწეროთ?
მორისი: – და რატომ უნდა მოითმინო როცა გამცირებენ? ერთი მაგათი დედა…
გიორგი: – დედა არა.
მორისი: – ხო, დედა, არა… არა რა, ეს ხომ ქვეყანა არაა. გამაგებინეთ, როგორ შეიძლება გრძნობდე მშვიდად თავს ქვეყანაში, როცა გამცირებს ის, ვინც უნდა დაგიცვას?
თინათინი: – მათ არ დაუმცირებიხართ, მათ მხოლოდ დაგაკავეს წესრიგის დარღვევისათვის, აი შემდეგ კი, როდესაც თქვენ მიაყენეთ შეურაცყოფა….
მორისი: – ერთი წუთით, მაპატიეთ. ასე მარტივად არ იყო, ეხლავე გიჩვენებთ რა როგორ მოხდა, (გიორგის) მოდი აქ დადექი, ვითომ სიგარეტს ეწევი.გააბოლე. (თინათინს) მე კი ვითომ ის პოლიციელი ვარ. ეხლავე გიჩვენებთ როგორ მოხდა ჩემი დაკავება (მიდის გიორგისთან, უხეშად:) პოლიციის ლეიტენანტი კვარაცხელია. საბუთები მანახეთ!
გიორგი: – წადი შენი! სხვა რამე არ გინდა დაგანახო? (ეცინება)
მორისი: – კარგი რა, მაცადე..
სოსო: – აცადე რა, შენ ეტყობა მართლა აქ ყოფნა გირჩევნია ნარგიზასთან ყოფნას..
გიორგი: – ნარგიზა ვინაა?
სოსო: – შენი სიდედრი.
გიორგი: – ლუიზა.
სოსო: – რა მნიშვნელობა აქვს ლუიზაა თუ ნარგიზა. აცადე კაცს, გვიჩვენებს რა, როგორ იყო. რა დროს ღადაობაა?
გიორგი:- არ ვღადაობ, მე მართლა ეგრე ვუთხარი,როცა პოლიციამ საბუთები მომთხოვა.
თინათინი: – თუ ეგრე იყო, მე კი არა, ვერავინ დაგიცავთ.
მორისი: – მოიცა, ამასთან არ ვიცი როგორ იყო, ჩემთან ეგრე არ ყოფილა, (გიორგის) შენ დაჯექი და ხმა არ ამოიღო. სოსო, მოდი რა, შენ ითამაშე ამის მაგივრად. მოწიე სიგარეტი. ეგრე. მიყურეთ, მე ისევ პოლიციელი ვიქნები და აი მივედი : პოლიციის ლეიტენანტი კვარაცხელია, თქვენი საბუთები!
სოსო: -(გადაჭარბებულად ზრდილობიანად) გამარჯობა გენაცვალე, ნება მიბოძეთ დავინტერესდე რამ შეგაწუხათ? რაშია საქმე? უნებლიედ რამე ხომ არ დავაშავე?
მორისი: – კითხვებს ჯერჯერობით აქ მე ვსვამ, თქვენი პირადობის და მართვის მოწმობა! ძალიან კარგად იცით რაც დააშავეთ!
გიორგი: – (წამოხტება) როგორ ლაპარაკობ შე იდიოტო?, არაფერსაც არ მოგცემს, ჩაგიცვია ეგ ფორმა და თავი კაცი გგონია, კაცი კი არა, შენ ხარ….
მორისი: – ეეეე, მაცადეთ რა თამაში…
სოსო: – ხო გითხრა ხმას არ ამოიღოო?.
გიორგი: – მაპატიეთ, მაპატიეთ, ისე კარგად თამაშობდით, თავი ვერ შევიკავე.
მორისი: – (სოსოს) შენ კიდევ რას გამინაზდი?,(აჯავრებს) “ნება მიბოძეთ დავინტერესდე, რამ შეგაწუხათ” ეგრე ვინ ელაპარაკება პოლიციას?
სოსო: – მე ველაპარაკები ეგრე, იმიტომაც მე არ მცემეს და თქვენ კი უხეშად რომ ელაპარაკეთ, იმიტომაც მოგხვდათ მაგრად.
მორისი: – უხეშად ეს ელაპარაკა, მე საერთოდ არ მილაპარაკია.
სოსო: – აბა რატომ გცემეს?
მორისი: – იმიტომ, რომ სირები არიან! მეტაკნენ და ძირს დამაგდეს, არ მაცადეთ, რომ მეჩვენებინა….
ხმა რეპროდუქტორიდან: – თინათინ, რიგზეა ყველაფერი?
თინათინი: – დიახ, დიახ, დიდი მადლობა.ყველაფერი რიგზეა.
ხმა რეპროდუქტორიდან: – მაშინ ნუ ხმაურობთ, აქ ბაზარში კი არა ხართ.
სოსო: – შენ მანდ მეგობარო, ჭკუას ნუ გვასწავლით. ძალიან კარგად ვიცით სადაც ვართ.
მორისი: -ბაზარი მოიკითხე შენ სახლში, როგორ გველაპარაკებით? თქვენი დედა…
გიორგი: -დედა არა….
სოსო: – არა, დედა არა, არა…
თინათინი: – ცოტა ფრთხილად გამონათქვამებში, და ცოტა ჩუმად, თორემ მეშინია მარტო ჯარიმით ვერ დაკმაყოფილდებით, შეუძლიათ დიდი ხნით ჩაგსვან კიდევაც.
მორისი: – რა თქმა უნდა შეუძლიათ, ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველაფერი აკრძალულია, სიტყვის ამოღების უფლებაც არ გვაქვს.
თინათინი: – არავინ არაფერს გიკრძალავთ. ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაა, რაც გინდათ თქვით, ოღონდ ნურავის მიაყენებთ შეურაცყოფას.
მორისი: – არა ბატონო, ამ ქვეყანაში არაფრის უფლება არა გვაქვს, არაფრის. ყველა კანონი ამ ქვეყანაში ადამიანის ჩაგვრისთვისაა მოგონილი.
გიორგი: – ისე მართლა რა უბედურებაა, რა კანონია ამისთანა,რომ ამ ღვინის ქვეყანაში, დალევისათვის კაცს აპატიმრებენ? ნეტა რუსეთშიცაა ასეთი კანონი?
სოსო: – რას ამბობ, ეგ კანონი რომ მათ ჰქონდეთ, მთელი რუსეთი ციხეში იქნებოდა.
მორისი: – ჩვენ ხომ ყველაფერში ევროპაზე წინ უნდა ვიყოთ. სიგარეტი ყველგანაა აკრძალული, მაგრამ ყველგანაა მოსაწევი ადგილები, ჩვენც არ ვაწევინებთ კოკშეტაუში, “ჭაჭა – პურში” სიგარეტს, მაგრამ სპეციალური ცალკე მოსაწევი ოთახი გვაქვს ბატონო, აქ კი ვერსად ვერ მოწევ.
თინათინი: – ძალიან სწორია, სიგარეტის კვამლი მწეველისთვისაც საზიანოა და მათთვისაც ვინც მწეველის გვერდით დგას.რატომ უნდა ისუნთქოს არამწეველმა სასიკვდილო შხამი?.
მორისი: – ნუ დადგება ბატონო, წავიდეს, გაიაროს,გამოიაროს, გვერდით დადგეს, რძე დალიოს ბოლო ბოლო. რა უბედურებაა, არამწეველების უფლება თუ არსებობს, მწეველების უფლება რატომ არ უნდა არსებობდეს? ჩემი ჯამრთელობაა ბატონო და რასაც მინდა იმას ვუზამ, ვინ ეკითხება მთავრობას მოვწევ სიგარეტს თუ არა?
თინათინი: – ხო მაგრამ ხომ შეიძლება აეროპორტის დარბაზში კი არ მოწიოთ, არამედ ქუჩაში გახვიდეთ და იქ მოწიოთ?
მორისი: – ქუჩაში?…… რატომ? რომ გავცივდე? რომ ფილტვების ანთება დამემართოს? ეგ გინდათ ხომ? თქვენ იცით რამდენი გენიალური ადამიანი ეწეოდა სიგარეტს?
გიორგი: – ეგ მე ვიცი: სტალინი, ჩერჩილი, კენედი, ბარაქ ობამა, პიკასო, აინშტაინი, არნოლდ შვარცნეგერი, მერლინ მონრო, ელიზაბეტ ტეილორი, სესილია თაყაიშვილი…
სოსო: – რა იცი?
გიორგი: – გაზეთში ეწერა და რამდენი გენიალური ადამიანი სვამდა? ფიროსმანი, ვაჟა ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, პაოლო იაშვილი, გალაქტიონი, ჰემენგუეი, ვან გოგი, ბაირონი, ედგარ ალან პო, ომარ ხაიამი, დოდო აბაშიძე….
სოსო: – შენ რა მაგარი ყოფილხარ?
გიორგი: – ხომ გითხარი ყოველდღე ერთ 10 გაზეთს ვკითხულობ თქო.
თინათინი: – გენიალურები ეგ ხალხი ბუნებით იყვნენ და არა იმიტომ, რომ სიგარეტს ეწეოდნენ ან ღვინოს სვამდნენ.
მორისი: – იქნებ მათ სიგარეტი და ალკოჰოლი დაეხმარათ ბოლომდე გახსნილიყვნენ, გამოევლინათ თავისი ტალანტი?
გიორგი: – და საერთოდ რა არის იმაში ცუდი, რომ ადამიანმა ყოველ დღე დალიოს რამოდენიმე ჭიქა ღვინო ან არაყი?
სოსო: – არაფერი.
მორისი: – საერთოდ არაფერი.
თინათინი: – მერე ვინ გიკრძალავთ ღვინის სმას? ჩვენთან არაა ასეთი კანონი.
მორისი: – (გიორგიზე) აბა ეს რატომ დაიჭირეს?
თინათინი: – ეს დაიჭირეს იმიტომ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ხმაურობდა…
გიორგი: – სიყვარულს ვუხსნიდი ხალხს.
თინათინი: -აწუხებდით და როდესაც მიუთითეს, სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა სამართალდამცველებს, ამიტომ დაიჭირეს და არა იმიტომ, რომ ღვინო დალია. განსხვავებას ხედავთ? თქვენ დაგაპატიმრეს არა იმიტომ რომ სიგარეტი მოწიეთ, არამედ იმიტომ, რომ მოწიეთ საზოგადოებრივ ადგილას, თქვენ კი იმიტომ, რომ მართვის მოწმობის გარეშე დიდი სისწრაფით მიაქანებდით მანქანას და ამით საფრთხეს უქმნიდით საზოგადოებას…
სოსო: – კარგით, კარგით, რას ვიზამთ, ადამიანები ვართ, ყველა ჩვენთაგანს აქვს თავისი ადამიანური სისუსტეები.
თინათინი: – მანამდის სანამ რამეს ჩაიდენთ, კარგად უნდა დაუფიქრდეთ, რა შედეგს მოიტანს თქვენი საქციელი.
მორისი: – ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სკოლაში ვარ და ცუდი ქცევისათვის მეჩხუბებიან. მთელი ბავშვობა მაგ სიტყვებს ვისმენდი.
გიორგი: – ლუიზაც სულ მაგას არ მეუბნება, ნუ სვამ, ნუ სვამო. მინდა და ვსვამ.
სოსო: – მოკლედ, მიბრძანდით და იმათ უთხარით, გამოგვიწერონ ჯარიმა და გაგვიშვან აქედან.
მორისი: – ხო, უთხარით, რომ არ გვაქვს პრეტენზია, გამოგვიწერონ ჯარიმა და გაგვიშვან, ბიჭებო! მე ვიხდი ყველას მაგივრად მაგ ჯარიმას.
გიორგი: – მადლობა მორის!
თინათინი: – ბატონებო, საქმე გაცილებით სერიოზულადაა, ვიდრე თქვენ გგონიათ. თქვენ შეიძლება ძალიან მკაცრად დაისაჯოთ.
სოსო: – კარგით რა, ამან ღვინო დალია, ამან სიგარეტი მოწია, მე 10 კილომეტრით გადავაჭარბე სიჩქარეს, არავინ ჩვენ არ მოგვიკლავს, დაზარალებული მხარე საერთოდ არ არსებობს,
მორისი: – ჩვენ პოლიციას გინებისათვის, ბოდიშს ვუხდით, ჯარიმა გამოგვიწერონ და გაგვიშვან, აბა ციხეში ხომ არ ჩაგვსვამენ?.
თინათინი: – ჯერ არ ვიცი რას მოგისჯიან. შეიძლება ციხეზე უარესიც კი გელოდებათ
მორისი: – კარგით რა, გეყოფათ.
გიორგი: – რას გვაშინებს ეს ქალი?
სოსო: – რამე ხდება და არ ვიცით?
ხმა რეპროდუქტორიდან: – ქალბატონო, თქვენ ცოტა დრო დაგრჩათ
თინათინი: – ხო, ვიცი, თითქმის დავამთავრე, მადლობა. ბატონებო, საქმე იმაშია, რომ ჩვენ ეხლა პოლიციაში არ ვიმყოფებით.
სოსო: – რას მეუბნები? აბა სად ვიმყოფებით?
გიორგი: – ჩემს სიდედრ ლუიზასთან?
თინა თინა: – იმასაც გეტყვით, რომ ყველა ვარიანტში, არც ერთ თქვენთაგანს სასაცილოდ ნამდვილად არ გაქვთ საქმე.
მორისი: – გოგონი, მომისმინეთ. იდიოტებად ნუ გამოგვიყვანთ, გვითხარით რა გინდათ ჩვენგან?. ბოლო ბოლო ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
სოსო: – ჰო, გვითხარით, თუ რამის თქმა გინდათ.
გიორგი: – მე მგონი გვევაჭრებიან და მეტი ფული უნდათ
თინათინი: – თქვენ პოლიციაში არ ხართ! თქვენ ეხლა საავადმყოფოში ხართ. რეანიმაციის განყოფილებაში. თქვენ სამივე უბედური შემთხვევის მსხვერპლნი ხართ.
მორისი: – ეს გოგო გიჟია. ჩვენ გიჟი შემოგვიგზავნეს.
სოსო: – საახალწლო ხუმრობაა? ყოჩაღ, ბრავო! ჩვენს პოლიციას იუმორი აღმოაჩნდა? მაგრამ გაფრთხილებთ, ამაზე პასუხს გაგებინებთ.
გიორგი: -გოგონი საყვარელო, ძვირფასო და ულამაზესო, რატომ გვაშინებთ?
სოსო: – გაგვაგებინებთ ბოლოს და ბოლოს, რა ხდება?
თინათინი: – დაწყნარდით და მომისმინეთ.
მორისი: – იცი რას გეტყვი? შენ მომისმინე ეხლა კარგად, დაუძახე იმ შენს ძმაკაცებს და გააშვებინე ჩვენი თავი აქედან.გაიგე რას გეუბნები? ეხლავე გააშვებინე ჩვენი თავი.
თინათინი: – სამწუხაროდ ეს შეუძლებელია.
გიორგი: – მივხვდი. მაგათ უნდათ, რომ დაგვაშინონ, მალე ხო არჩევნებია? ხოდა უნდათ, გამოგვტეხონ, ყველაფერი ვთქვათ, რომ დაგვაშანტაჟონ და მერე ხმები მივცეთ.
სოსო: – გარეკე? რა უნდა ვთქვათ? რაში უნდა გამოგვტეხონ? რომელი პოლიტიკოსი შენ ხარ?
მორისი: – ხომ უნდა ვიცოდეთ რამე, რომ ვთქვათ. მე საიდუმლო მარტო ის მაქვს, რომ კოკშეტაუში, კატენკამ მკერდი სილიკონით რომ გაიბერა, ფული მე გადავიხადე …
სოსო: – ეგ ვის რაში აინტერესებს. არა, რა სისულელეა, ჩვენი სამი ხმის გულისთვის ამხელა ცირკს ვინ მოაწყობდა?
მორისი: – ესენი ისეთი გათახსირებულები არიან ერთი ხმის გულისათვისაც კი იზამენ მაგას
გიორგი: – იქნებ რაღაც შეცდომაა და მათ ვიღაც პოლიტიკოსები ვგონივართ?.
მორისი: – ეხლავე გააღეთ კარები!
სოსო: – ჩემს ადვოკატს დაუძახეთ!
გიორგი: – გოგონი მომისმინეთ, მე მგონი ვიღაცაში გეშლებით! მე ჩვეულებრივი მეპურე ვარ, პურს ვაცხობ თონეში. ჩემი ხმა თუ გინდათ არჩევნებზე, მითხარით და მოგცემთ რა პრობლემაა, სულ ეგრე არ ვიძლევი ხმებს……
ამასობაში თინათინი ჩემოდანს ხსნის და იქიდან ქვიშის საათს ამოიღებს და დადგამს.. სამივე მამაკაცი წამში იატაკზე უგონოდ ეცემა. თინათინი თვითოეულ მათთაგანთან მიდის და ათვალიერებს მათ.
თინათინი: – გიორგი! კარგად გაიხსენეთ,თქვენ არავის დაუკავებიხართ, თქვენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფს, ფეხი მოგიცურდათ ქუჩაში და დაეცით, თავი დაარტყით ტროტუარს და თავის ქალის არეში მიიღეთ მძიმე ტრამვა….
თქვენ მორის, არც თქვენ დაუკავებიხართ ვინმეს, კარგად გაიხსენეთ, აეროპორტში, სიგარეტს მოუკიდეთ თუ არა, მაშინვე ინფარქტი მიიღეთ და უგონოდ დაეცით…..
თქვენ კი სოსო, სერიოზულ ავტოკატასტროფაში მოყევით, თქვენი მანქანა რამოდენჯერმე გადატრიალდა, თქვენ ძლივს გამოგიყვანეს მანქანიდან, გულ მკერდის არე ერთიანად ჩალეწილი გაქვთ…
(თინათინი ქვიშის საათს ჩადებს ჩემოდანში და კარებისკენ წავა, მაგრამ მამაკაცები უცებ ფეხზე წამოდგებიან. )
მორისი: – რას მიედ მოედება ეს გოგო? რა ინფარქტი მივიღე და უგონოდ დავეცი, შენ სულელი ხო არა ხარ? ის სირები მეცნენ და იმათმა დამაგდეს ძირს.
გიორგი: – მე ძალიან კარგადაც მახსოვს რა შემემთხვა, არსადაც არ დავცემულვარ.თავიც მთელი მაქვს. მეც ესენი დამერივნენ და აქ წამომიყვანეს.
სოსო: – და მე ვგევარ ეხლა ავტოკატასტროფაში მოყოლილს? შემომხედეთ,გულ მკერდი ჩალეწილი მაქვს? ან ეს კამერა ჰგავს საავადმყოფოს? სადაა წვეთოვანები, ექიმები, ექთნები, ბოლო ბოლო სადაა საწოლები? შენ ჩვენ კრეტინები ხომ არ გგონივართ?
თინათინი: – თქვენ მაგ ყველაფრის დანახვა რომ არ შეგიძლიათ, იმიტომაც ვარ მე აქ.
სოსო: – რატომ არ შეგვიძლია, რა? ბრმებიც ვართ?
თინათინი: – იმიტომ, რომ ეხლა, ამ წამს თქვენ სამივე კომაში ხართ, კრიტიკულ მდგომარეობაში და სამივე სიცოცხლესა და სიკვდილს შორის იმყოფებით.
მორისი: – გეყოფათ ბოლო ბოლო.
სოსო; – გოგონი, ძალიან გთხოვთ გეყოფათ ეგ ხუმრობები.
გიორგი: – მართალია ძალიან მესიმპატიურებით, მაგრამ ძალიან გთხოვთ… ეი, გაგვიშვით აქედან!
მორისი: – ეი სირებო, ვიხდი ფულს, რამდენსაც მეტყვით იმდენს გადავიხდი, გაგვიშვით აქედან.
სოსო: – გაგვიშვით, თორემ განანებთ.
თინათინი: – ბატონო სოსო, (კიდებს ხელს და სკამზე სვამს) თქვენ დაიბადეთ ჭიათურის რაიონში, სოფელ კალაურში, მამას გრიგოლი ჰქვია, დედას ნანა. მშობლები ეხლაც იქ ცხოვრობენ. თქვენს საყვარელ ძაღლს ერქვა ოსკარი, პირველად შეგიყვარდათ 16 წლის ასაკში, გოგოს ნატა ერქვა და ის თქვენზე 2 წლით უფროსი იყო….მას ძალიან უყვარდით, თქვენც გიყვარდათ, მაგრამ თქვენ, არ მოიყვანეთ ის ცოლად, არ მოიყვანეთ იმიტომ, რომ თქვენი მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, უფროსი ქალი როგორ უნდა მოიყვანოო და თქვენც დაუჯერეთ მშობლებს და ნატა მიატოვეთ. ნატამ ვეღარ შესძლო აქ ცხოვრება და ამერიკაში გადასახლდა, ის იქ ერთ მოხუც ქალს უვლის….თქვენ არავინ აღარ მოგიყვანიათ ცოლად, რადგან დღემდე ნატა გიყვართ, მაგრამ იმის ძალაც არა გაქვთ მოძებნოთ ის გოგო და ჩამოიყვანოთ. თქვენ პოლიტოლოგად მუშაობდით, მაგრამ კარგა ხანია აღარავინ გეძახით და არაფერს გეკითხებიან. მართალია ჟურნალისტად ისევ მუშაობთ ხან გაზეთში და ხან გაუგებარ ტელევიზიებში, მაგრამ ვერსად ვერ ჩერდებით დიდხანს, რადგანაც არავინ გაჩერებთ,თქვენი დამუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციაც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და არანაირი ადვოკატი შალვა ხორბალაძე თქვენ არ გყავთ,მისი ტელეფონის ნომერი, რომელზეც თქვენ დარეკვას ითხოვთ, სინამდვილეში თქვენი ძველი ნომერია…თვითონაც მშვენივრად იცით, რომ არც კარგი პოლიტოლოგი ხართ და არც კარგი ჟურნალისტი. მწერლობაშიც სცადეთ ბედი და ათ წელიწადზე მეტია ცდილობთ რომანი დაწეროთ, მაგრამ ვერ ამთავრებთ, იმიტომ, რომ არ მოგწონთ რასაც წერთ…გავაგრძელო, რომ დამიჯეროთ?
სოსო: – არაა საჭირო.
თინათინი: – ბატონო გიორგი, ბავშვობაში, მეგობრები ეზოში კუსას გეძახდნენ, ეგ სახელი თქვენმა ძმაკაცმა გოგამ დაგარქვათ.
გიორგი: – ჰო, გოგამ, ბავშვობაში, გოგა ქუჩაში, რეიდის დროს, შემთხვევით მოკლა პოლიციელმა…
თინათინი:- თქვენ ოცნებობდით მსახიობობაზე, აბარებდით კიდეც თეატრალურში,მაგრამ ვერ მოხვდით. მერე მამა გარდაგეცვალათ და ფინანსურად ძალიან გაგიჭირდათ, სამსახურს ვერ შოულობდით, ხან დაცვაში მუშაობდით, მერე ბაზრობაზე ყიდდით კამფეტებს. ერთ ხანს მშენებლობაზეც იყავით მუშად.
გიორგი: – ეგრეა….
თინათინი: – შემდეგ ის თქვენი მეგობარი გოგა დაგეხმარათ, თონე გახსენით და ეხლა პურს აცხობთ.
გიორგი: – ჩვენს სახლთან უკვე გამზადებული თონე იყიდებოდა, მაგის ფული მე სად მქონდა, გოგა მოვიდა, ფული მაჩუქა, იყიდე ოღონდ არავის უთხრა, რომ მე მოგეცი ფულიო, ცოლის გარდა მართლა არავისთვის მითქვამს, ნინომ გითხრათ?
თინათინი: – პირველად, თქვენი მომავალი მეუღლე, ნინო, ქუთაისში გაიცანით 2002 წლის 13 აპრილს, რესტორან „ინტურისტში“, გახსოვთ?, სინათლე არ იყო და რესტორანში იმ საღამოს სანთლები ჰქონდათ დანთებული, სანთლების შუქში დაინახეთ ნინო და იმ წამსვე შეგიყვარდათ, იმავე საღამოს აკოცეთ, სადარბაზოში. გახსოვთ?
გიორგი: – რა დამავიწყებს, ჰო, ეგრე იყო,რესტორნიდან გამოვედით თუ არა, ქუჩაში, პირველივე სადარბაზოში შევედით და იქ ვაკოცე….
თინათინი:- ცოლად მალე მოიყვანეთ.
გიორგი: – ხო, 3 თვეში.
თინათინი: – 3 თვეში და 9 დღეში. თქვენ დიდხანს არ გყავდათ შვილი….
გიორგი: – ჰო, 11 წელი არ გვიჩნდებოდა.
თინათინი: -11 წელი და 7 თვე, სამაგიეროდ ეხლა გყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი მიხო და ნათია… მას მერე რაც თქვენი მეგობარი გოგა გარდაიცვალა, ყოველთვიურად მის ოჯახს ფულს უგზავნით და ეს თქვენს გარდა არავინ იცის, ასე არაა?
გიორგი: – ჰო და თქვენ როგორ გაიგეთ?
თინა თინი: – თქვენ ძალიან კარგი ადამიანი ხართ გიორგი. მეგობრებსაც უყვარხართ და სხვათაშორის თქვენს სიდედრ ლუიზასაც.
გიორგი: – ჰო, ვიცი. მეც ძალიან მიყვარს ლუიზა.
თინათინი: – გავაგრძელო?
გიორგი: – რაღა უნდა გააგრძელოთ, მე რომ არ მახსოვდა, ისეთი რაღაცეები იცით.
თინათინი: – და ბოლოს თქვენ მორის…
მორისი: -არაა საჭირო, ვიცი ყველაფერი, ყაზახეთში ვმუშაობ, კოკშეტაუში მეგობრებთან ერთად გავხსენი მაგარი ქართული რესტორანი “ჩაჩა – პური”…
თინათინი: – სხვათაშორის იმ თქვენს მაგარ რესტორანში კლიენტებს მაგრადაც ატყუებთ, ნიგოზის მაგივრად მზესუმზირას იყენებთ, ხაჭაპურში ყველის მაგივრად მარილიან მაკარონს დებთ, ხინკალს კი, რა ხორცით აკეთებთ ერთმა ღმერთმა უწყის. გავაგრძელო თუ საკმარისია?
მორისი: – საკმარისია.(ბიჭებს) თორემ ეხლა კატენკას ამბებს მოყვება.
თინათინი: – მოვყვები, იმ თქვენ კატენკასაც ატყუებთ, ბაზრობაზე ნაყიდ იაფ ფასიან სუნამებს სჩუქნით და ეუბნებით: ჩემო ფერიავ, ცოლს გავცილდები და შენ მოგიყვან ცოლადო. იმ სულელსაც სჯერა, რომ ცოლად მოიყვანთ. კიდევ მოვყვე?
მორისი: – არ არის საჭირო.
სოსო: – თუ ეს ყველაფერი მართალია, ამ კამერაში რატომ ვართ?
თინა თინი: – კარგი კითხვაა. თქვენ კამერაში არ ხართ, კამერა ის ადგილია, რაც კატასტროფის წამს წარმოიდგინეთ, კამერა თქვეს წარმოსახვაშია. ზოგი პლიაჟზს წარმოიდგენს, ზოგი უდაბნოს, უმრავლესობა გვირაბს წარმოიდგენს ხოლმე, რომლის ბოლოსაც სინათლეა, აი თქვენ საპატიმრო აირჩიეთ.
გიორგი – რა ცუდი გემოვნება გვქონია.
თინათინი: – საშინელი. თქვენ სამივეს უბედური შემთხვევა მაშინ შეგემთხვათ, როცა დანაშაულს ჩადიოდით და ეს თვითონაც იცოდით. გიორგი,თქვენ იცოდით, რომ არ უნდა გეხმაურათ ქუჩაში, მორის, თქვენც, იცოდით, რომ არ უნდა მოგეწიათ დარბაზში და თქვენც,სოსო, იცოდით, რომ მართვის მოწმობის გარეშე არ უნდა გევლოთ, ამიტომ, შინაგანად, ეხლა, სამივე პატიმრებად გრძნობთ თავს. ამიტომაც თქვენთვის კრიტიკულ სიტუაციაში სამივე საპატიმრო კამერაში აღმოჩნდით.
მორისი: – არ მჯერა მე ამ სისულელის,სადღაც ამოჩხრიკეთ ჩვენზე ინფორმაცია და ეხლა გვაშანტაჟებთ, ნიგოზის მაგივრად მზესუმზირას ყაზახეთში კი არა, საქართველოს ყველა რესტორანში უშვებიან, და ყველა ქართველ კაცს იქ, ან კატენკა ყავს, ან სვეტა. გააღეთ ეხლავე კარები, გესმით? გააღეთ ეხლავე კარები!- გამიშვით ეხლავე, გამიშვით მეთქი. (იწყებს ტირილს)
სოსო:- ეხლა რა მოგველის? კომაში ვართ? და აღარასოდეს არ გავიღვიძებთ?
თინათინი: – მე ეს ჯერ არ ვიცი. ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, მაგ საკითხს არ ვწყვეტ, აქ, თქვენთან, მხოლოდ ამ ეტაპზე ვარ, რომ დაგეხმაროთ, შეგამზადოთ, მანამდის, სანამ გადაწყდება აქ დარჩებით სამუდამოდ, თუ გადარჩებით და წახვალთ აქედან.
მორისი: – ასეთი კოშმარული სიზმარი ჯერ არ მქონია.
გიორგი: – და თქვენ თვითონ ბოლო ბოლო ვინ ხართ? ადვოკატი თუ ანგელოზი?
თინათინი: – განა ეს ერთი და იგივე არაა?
სოსო: – უკაცრავად და ფრთები რატომ არ გაქვთ?
თინათინი: – მაქვს, უბრალოდ თქვენ ვერ ხედავთ.
მორისი: – რევიზორია ეგ და არა ანგელოზი, ხაჭაპურში მაკარონი მიპოვნა, არ მჯერა, ეს შეუძლებელია, აქ რაღაც შეცდომაა, მე არასოდეს ავად არ ვყოფილვარ, სურდოც კი არ მქონია, რატომ უნდა მიმეღო ინფარქტი, როცა გულს არასდროს შევუწუხებივარ?.
თინათინი: – ცდებით, თქვენ ეწევით სიგარეტს ბოლო 20 წელია, დღეში ორ კოლოფს, ჩვენ არაერთხელ გაგაფრთხილეთ, რომ უნდა გაგენებებინათ სიგარეტისათვის თავი.
მორისი: – თქვენ გამაფრთხილეთ? ვინ თქვენ? როდის გამაფრთხილეთ?
თინათინი: – ჩვენ გაფრთხილებდით თქვენი ცოლის, თქვენი შვილების დახმარებით, რამდენჯერ გთხოვეს მათ, გაგენებებინათ მოწევისათვის თავი? თქვენ არც ერთხელ არ მოგისმენიათ მათთვის.
მორისი: – რა ვიცოდი თუ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა? ცოტა უფრო გასაგებად ვერ მითხარით ბატონო?
თინათინი: – თქვენ რა გინდათ რომ ღმერთი სახლში მოვიდეს თქვენთან, დაგიჯდეთ, ყავა დალიოს და ჭკუა დაგარიგოს?
გიორგი: – ყავა უყვარს?
თინათინი: – ის ყოველთვის ცდილობს მოგაწვდინოთ საღი აზრი, მაგრამ თქვენ ხომ არავის მოსმენა არ იცით.
მორისი: – ესე იგი ინფარქტი იმიტომ მივიღე, რომ ვეწეოდი? თქვენ იქ რა სულ გამოშტერდით? მილიონობით ადამიანი ეწევა, მაგრამ ინფარქტს არ ღებულობს. რაღა მაინც და მაინც მე ამომარჩიეთ? მე ხომ მხოლოდ 42 წლის ვარ.
თინათინი: – იქნებ თქვენი გული იმიტომ გაჩერდა, რომ თქვენ თვითონ აღარ უსმენდით გულს? ოთხი წლის წინ თქვენ წახვედით ყაზახეთში და იქ გახსენით რესტორანი. თქვენ ფიქრობთ თქვენი გული არ განიცდიდა ცოლი და ბავშვები აქ, რომ მარტო დატოვეთ?
მორისი: – სხვა რა გზა მქონდა? აქ ვერაფერი გავაკეთე, რასაც არ მოვკიდე ხელი არაფერი გამოვიდა, მეგობრებმა შემომთავაზეს წამოდი დაგასაქმებთო და წავედი, ცოლ შვილი ხომ უნდა მერჩინა? დიახ! წავედი, დიახ დავტოვე! აბა რა უნდა მექნა? დავრჩენილიყავი და შიმშილით მოვმკვდარიყავით? სამაგიეროდ ჩემს ცოლ შვილს ეს ოთხი წელი არაფერი აკლდათ.
თინათინი: – აკლდათ, თქვენ აკლდით თქვენ. დეგენერატობაა ცოლ შვილის მიტოვება.
სოსო: – არ მეგონა ანგელოზებმა ასეთი სიტყვები თუ იცოდნენ.
თინათინი: – უარესებიც იციან. მორის, თქვენ გეგონათ რომ იქ კარგად იყავით, ფულს უგზავნიდით ცოლ შვილს და თვლიდით, რომ სინდისი სუფთა გაქვთ, მაგრამ თქვენი გული თქვენგან დამოუკიდებლად დარდობდა, სწუხდა ცოლ შვილთან განშორებას, თქვენ გონებას უსმენდით და არა გულს, ხოლო როდესაც გონება გულზე წინ დგება, გული ავად ხდება. გასაგებია?
მორისი: – რავი აბა?
გიორგი:- მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი, მოვედი სუფევა შენი…
სოსო: – გეყოფა! ადრე უნდა გეფიქრა მაგაზე…
გიორგი: – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მაცადე. არ მინდა, რომ მოვკვდე. ღმერთო ძლიერო. არ მომკლა რა, ბავშვები პატარები არიან, ნუ დამიტოვებ მათ მამის გარეშე, მათ ეხლა სჭირდებათ მამა, უჩემოდ ძალიან გაუჭირდებათ, სკოლა აქვთ დასამთავრებელი, მერე უმაღლესი, ფეხზე რომ დავაყენებ მერე წამიყვანე სადაც გინდა. მაპატიე თუკი რამე დავაშავე,მაჩუქე კიდევ სიცოცხლე ღმერთო…
მორისი: – (თინათინს) უთხარით, რომ ეხლა აზრი აღარ აქვს…
თინათინი: – გიორგი, დაწყნარდით თუ შეიძლება. ბატონებო, ნუ აღიქვამთ ამ ყველაფერს, როგორც სასჯელს. არავინ არავის სჯის. ადამიანი თვითონ სჯის საკუთარ თავს. ყველაფერი ადამიანის ხელშია.
სოსო: – მომისმინეთ.ამის ამბავი გავიგე და მე? მე რა დავაშავე? არ ვსვამ, არ ვეწევი… ჩემი დანაშაული ისაა, რომ ნატა არ მოვიყვანე ცოლად? თუ ის რომ უნიჭო ჟურნალისტი ვარ? მაგიტომ უნდა მოვკვდე, რომ უნიჭო ვარ? მომკვდარა ბატონო მაშინ მთელი ქვეყანა.
თინათინი: – თქვენ ბატონო სოსო, საერთოდ არაფერი გაინტერესებთ და არაფრის გჯერათ. გაიხსენით, პატარაობისას, როგორ გინდოდათ სამყაროს შეცვლა. სად გაქრა თქვენი ოცნებები?
სოსო: – ეგაა ჩემი დანაშაული? გავიზარდე ბატონო და აღარ ვარ პატარა.
თინათინი: – თქვენ ძალიან შეიცვალეთ.
სოსო: – ცდებით. მე არ შევცვლილვარ, ცხოვრება შეიცვალა, ცხოვრება და ყოველდღიურობა. თქვენ გაგევლოთ 90 იანი წლები და ვნახავდი როგორი იქნებოდით.
თინათინი: – თქვენ არაფერი გიკვირთ, არაფერი გახარებთ, არაფერი გაინტერესებთ, თქვენ ჩვეულებრივი ცინიკოსი ხართ. ცინიზმი კი მძიმე ავადმყოფობაა, ის სულის კიბოა.
სოსო: – რაღა მიჭირს, ეხლა ჩემი დიაგნოზი უკვე ვიცი. თურმე ცუდი ჟურნალისტი ვარ,თურმე შეუმდგარი ქმარი ვარ, თურმე ყველაფერი მომბეზრდა და ამიტომ სულის კიბოთი ვარ დაავადდებული. ამიტომ უნდა მოვკვდე. დიდი მადლობა, მაგიტომაც არ მჯეროდა არასოდეს თქვენი და მაგიტომაც არ დავდიოდი ეკლესიაში, მიხარია, რომ ათეისტი ვიყავი!, ვამაყობ ბატონო მაგით, რომ ვიყავი ათეისტი. შევარცხვინე მე თქვენი სამართალი.გაიგეთ? შევარცხვინე მე თქვენი სამართალი! თქვენც ისეთივე უსინდისოები ხართ, როგორც ჩვენი პოლიტიკოსები, არანაირი განსხვავება თქვენს შორის არაა….
თინათინი: – დღეს, როდესაც თქვენ მაღალი სიჩქარით მოჰქროდით ტრასაზე, თქვენ თვალები დახუჭეთ… რატომ?
სოსო: ….. რომ უკეთ დამენახა….
გიორგი: – თვალები დახუჭე ტრასაზე?
მორისი: – თავს იკლავდი?
სოსო: – არ ვიცი. მართლა, თვითონ არ ვიცი რა მეტაკა. უცებ დავხუჭე თვალები.
თინათინი: – ძალიან კარგად იცით. თქვენ დახუჭეთ თვალები იმიტომ, რომ თქვენთვის სულ ერთი იყო რა მოხდებოდა.
სოსო: – ჰო, ეგრე იყო. უცბათ ყველაფერი მომაწვა, გამახსენდა, რომ არავინ მიყვარს და არავის ვუყვარვარ, არავინ მიცდის, მეც არ მინდა ვინმეს ნახვა, გამახსენდა, რომ ვერაფერი შევქმენი ამ ქვეყნად, რომ ერთი ნორმალური სტატიაც კი არ მაქვს დაწერილი, რომ მთელი ცხოვრება ვემსახურები ვიღაც უნიჭო პოლიტიკოსებს და რომ თვითონ ვარ უნიჭო, გამახსენდა, როგორ დავკარგე ერთადერთი ქალი, ვინც მიყვარდა ცხოვრებაში, გამახსენდა ეს ყველაფერი და დავხუჭე თვალი, რაც გინდა ის მოხდესო გავიფიქრე…
მორისი: – ხოდა მოხდა კიდეც და აქ ხარ.
სოსო: – ჰო, ეგრე გამოვიდა.
თინათინი: – ცხოვრების არ სიყვარული ყველაზე მძიმე დანაშაულია.
გიორგი: – უკაცრავად, მაგრამ მეც მაინტერესებს, მე რა დავაშავე?…
თინათინი: – თქვენ გიორგი არაფერი, ვწუხვარ მაგრამ თქვენ მართლა არაფერი არ დააშავეთ…
გიორგი: – როგორ თუ არაფერი? ხომ მითხარი, რომ დავეცი, თავი მივარტყი, კომაში ვარ..
თინათინი: – მართალია. მაგრამ ეს უბრალოდ უბედური შემთხვევაა.
გიორგი: – ეგ როგორ?
სოსო: – ხუმრობთ?
მორისი: – სერიოზულად იძახით?
თინათინი: – თქვენ ფიქრობთ ყველაფერი ამ სამყაროში გეგმით ხდება? ყველაფერს ვერ მივხედავთ, ხანდახან დაუგეგმავი რაღაცეებიც ხდება და სამწუხაროდ უდანაშაულო ადამიანებიც ეწირებიან.
სოსო: – რა უბედურებაა. ამის მერე მართლა როგორ უნდა დაგიჯეროთ ადამიანმა?
მორისი: – და ასე წყნარად გვატყობინებთ ამის შესახებ? ესაა თქვენი სამართლიანობა? ამ გადასარევ ადამიანს არაფერი დაუშავებია და მაინც ისჯება? კარგი, ჩვენ ბატონო დაუშვათ დავაშავეთ, ამან? ამ საწყალმა კაცმა არაფერი დააშავა და მაინც კლავთ? ვის რაში სჭირდება თქვენი სამართალი? თქვენ თვითონ ვის რაში სჭირდებით? ან ვინ გთხოვათ ჩვენს საქმეებში ჩარევა?
სოსო: – შეხედეთ, თქვენ უნდა მოკლათ ასეთი კარგი, კეთილი, მხიარული ადამიანი.პურის მცხობელი, მშრომელი ადამიანი, რომელსაც ასე უყვარს თავისი ცოლ შვილი და სიდედრი ნარგიზა?
გიორგი: – ლუიზა.
სოსო: – მითუმეტეს, ლუიზა.
გიორგი:-მადლობა ძმებო.
მორისი: – ეხლავე უნდა დაეხმაროთ, ამას თუ არ დაეხმარებით კაპიკია თქვენი ფასი.
თინათინი: – მე არაფერი შემიძლია, მე თქვენ სამს, ერთნაირად გეხმარებით, ჩემი მოვალეობაა შეგამზადოთ იმ წამისათვის, როცა გადაწყდება თუ რა გელით და ამას ვცდილობ ამდენი ხანია.
სოსო: – იმ წამისათვის? და რა მოგვივა იმ წამს.
თინათინი: – გაიგებთ, როცა დადგება ის წამი.
გიორგი: – და როდის გავიგებთ?
თინათინი: – როცა ის მოვა თქვენთან.
მორისი: – ვინ “ის”? არ მითხრა, რომ თვითონ ღმერთი მოვა.
თინა: – არა, არა, ღმერთი არა, მორიგე, ჩვეულებრივი მორიგე.
სოსო: – მერე მალე მოვა?
თინა თინი: – მალე, ძალიან მალე.
გიორგი: – მორიგე? ჩვეულებრივი მორიგეა?
თინა თინი: – ჰო და ისიც არ არსებობს, ისიც თქვენს წარმოსახვაშია.
გიორგი: – ჩემს წარმოსახვაში რანაირადაა ვერ გავიგე, მაგრამ მოვიდეს დროზე, თუ მოდის ის ჩემანალა.
თინათინი: – დასხედით, მოიცადეთ, რამოდენიმე წუთში ყველაფერი გაირკვევა.
მორისი: – აუ როგორ მინდა მოწევა…. უკაცრავად, უკაცრავად, არაფერი მითქვამს, ჩათვალეთ, რომ რაღაც მოგესმათ. აქედან თუ გავაღწიე თავი, მოწევას თავს გავანებებ.
გიორგი: – ალბათ ასეთი შეგრძნება აქვს ადამიანს სასამართლოზე, როცა დახვრეტის განაჩენს ელოდება. ისე ამდენი ფიქრი რად უნდათ? უცებ რატომ ვერ წყვეტენ ვინ გადარჩება და ვინ არა?
სოსო: – მივხვდი. ესეც ახალი გამოცდაა. ისინი ჩვენგან ეხლა რაღაცას ელიან არა?
თინა: – დიახ, მაგრამ…
სოსო: – მოიცა, მივხვდი, მივხვდი. ეხლავე ყველაფერს შევცვლი…
თინა: – მე არაფერი მითქვამს…
სოსო: – ნუ მაწყვეტინებთ. მაცადეთ ვთქვა, თორემ ის ვერაფერს გაიგებს.(დგება მუხლებზე და ხმამაღლა) ყველაფერი გადავწყვიტე! მორჩა! მე ვცვლი ჩემს ცხოვრებას! მე არასოდეს დავჯდები საჭესთან, მეყოფა. ისედაც დავაბინძურეთ მთელი პლანეტა. ღმერთმა ასეთი სილამაზე შექმნა, ჩვენ კი იმის მაგივრად გავუფრთხილდეთ, ვანადგურებთ. მოკლედ, აღარ ვჯდები საჭესთან, უფრო მეტიც, ხვალვე დავაჯდები თვითფრინავს, გავფრინდები ამერიკაში და ნატას ჩამოვიყვან აქ. ჯერ ჩაუვარდები ფეხებში, პატიებას ვთხოვ და მერე ჩამოვიყვან, ცოლადაც მოვიყვან და ბევრი შვილებიც გვეყოლება. (თინათინს) როგორია? .
თინა: – მშვენიერი გადაწყვეტილებაა სოსო, მაგრამ ჩემზე არაფერია დამოკიდებული.
მორისი: – სოსო მართალია, რადგან მან თქვენ ჩვენთან გამოგაგზავნათ მოსალაპარაკებლად, ესეიგი რაღაც იმედი კიდევ არსებობს. რა იდიოტი ვარ.როგორ ვერ მივხვდი.მოკლედ,სოსო ცოტა ჩაიჩოჩე. (ისიც მუხლებზე დგება და ხმამაღლა) მეც მინდა ყველაფერი შევცვალო, ეხლავე, ამ წამსვე ვანებებ სიგარეტს თავს, რას მაძლევს ეს სიგარეტი? არაფერს.
სოსო: – სულ არაფერს, შენს ჯამრთელობასაც ვნებ და სხვისასაც.
მორისი: – ხაჭაპურშიც მარტო ყველს ჩავდებ, ხინკლისთვის სულ გადასარევ ხორცხ გამოვიყენებ და საერთოდ რა ჯანდაბა მინდა იმ კოკშეტაუში, რას გავს რომ იცოდეთ, აქ არ მირჩევნია ჩემს სამშობლოში?ან ის კატენკაც, თავის სილიკონიანი მკერდით, რა ჯანდაბად მინდა?, რომელი „ფერია“ ეგ მყავს, კოსმეტიკის გარეშე საფრთხობელას გავს, მიხედოს თავის ქმარ შვილს.
გიორგი: – ქმარიც ყავს და შვილიც?
მორისი: – ყავს აბა არ ყავს? მაგის კრეტინი ქმარიც ჩემთან მუშაობს რესტორანში და მისი შვილიც. მოკლედ, მივაფურთხებ იქაურობას და ჩამოვალ, ჩემს ლამაზ ცოლ შვილთან ვიქნები.
გიორგი: – (უერთდება მათ) ხო, აბა რა, ეხლა მე მიმიშვითით. მოკლედ, არასოდეს მივაყენებ შეურაცხყოფას პოლიციას, ცხოვრებაში არ დავლევ წვეთ ღვინოს…
თინათინი: – ეხლა ნამეტანს ნუ იზამთ.
გიორგი: – არ დავლევ, მართლა გეუბნები, რადგან ვთქვი არ დავლევ.
მორისი: – მეც მართლა გეუბნებით, გეფიცებით ყველაფერს, აღარ მოვწევ, მეც ვიზიანებ თავს და სხვებსაც საფრთხეს ვუქმნი. იმ საზიზღარ კოკშეტაუში ფეხსაც არ ჩავადგამ, რა მინდა იქ?, იმ კატენკას ზედაც არ შევხედავ, თავის ქმარ შვილიანად გავუშვებ რესტორნიდან. ქალბატონო ანგელოზო..
თინათინი: – თინათინი, ასე დამიძახეთ ჯობია.
მორისი: – დიახ, თინათინ, პირობას გაძლევთ თუ გადავრჩი, გავანებებ სიგარეტს თავს და მოწევასთან ბრძოლის ასოციაციასაც დავაარსებ, დავეხმარები ადამიანებს გაანებონ ამ მავნე ჩვევას თავი. ერთი წამითაც არ მოვცილდები ჩემს ცოლ შვილს, სულ თან მეყოლებიან.
სოსო: – ხალხნო, არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ, ეტყობა გონება გამეხსნა, ეხლა, უცებ გამიჩნდა განუზომელი მოთხოვნილება ხალხს დავეხმარო და სიკეთე ვთესო.
გიორგი: – ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ სიკეთის თესვას, სამივე ერთად.
მორისი: – აუცილებლად, სამივე ერთად…..
სოსო: – რა ბედნიერებაა სიკეთის თესვა, ხალხის სამსახურში ყოფნა…..
გიორგი: – ჩვენ ჯამრთელ ცხოვრებას მივყოფთ ხელს. როგორ შემეძლო ამდენი ხნის მანძილზე საკუთარი ორგანიზმი მეწამლა? რა იდიოტი ვიყავი, რომ სიამოვნებას ღვინოში ვპოულობდი. მაგას არ ჯობდა ბავშვების უდარდელი სიცილისათვის მესმინა…..
სოსო: – ან ჩიტების ღვთაებრივი ჟღურტულისთვის დამეგდო ყური?…..
მორისი: – ან წამეყვანა ბავშვები სოფლად და გვენახა ერთად, როგორ ბარდნის თოვლი მინდორში…..
თინათინი: – და ნაკადულის ჩუხჩუხს არ მოუსმენდით?
მორისი: – კი,როგორ არა, მაგის მოსმენას რა ჯობია
გიორგი: – ისე მართლა კარგი მოსასმენია.
თინათინი: – რეებს ბოდავთ? შეწყვიტეთ ეხლავე ეგ მაიმუნობა. სულელი გგონივართ? მჯერა რომ შეგეშინდათ და თანახმა ხართ არ დაუბრუნდეთ თქვენს მავნე ჩვევებს თუ აქედან გახვალთ, მაგრამ თქვენ უფრო ჭკვიანები და სერიოზულები მგონიხართ… ხომ გითხარით, ჩემზე აქ ცოტა რამაა დამოკიდებული. მას კი ცარიელი სიტყვებით ვერ დააჯერებ.
სოსო: – ისე საინტერესოა და ის რითი ხელმძღვანელობს გადაწყვეტილების მიღების დროს? რამე ინსტრუქცია აქვს?
მორისი: – მართლა, რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ ამ სიტუაციაში, რომ აქედან გაგვიშვან.
თინათინი: – ვფიქრობ, თუკი ის გადაწყვეტს თქვენ სამიდან ერთის გადარჩენას, ის ამოირჩევს ყველაზე პატიოსანს.
მორისი: – სამიდან ერთს? ერთს რატომ? არ შეიძლება სამივე რომ გადაგვარჩინოს?
თინათინი: – არ ვიცი, მეეჭვება, ერთ ღამეში სამის გადარჩენა რაღაც სასწაული მგონია.
სოსო: – მერე მაგას ვინ შეუშალა ხელი, რომ სასწაული ჩაიდინოს?, მაგის მეტი რა იცის? ამხელა გამოცდილება აქვს, ეგეთები ჩაუდენია? ბიბლიაში სულ ეგენი არ უწერია?
მორისი: – მომისმინეთ ქალბატონო ანგელოზო…
თინათინი: – თინათინი.
მორისი: – ხო, თინათინ, სწორედ გამიგეთ, მე აუცილებლად უნდა დავბრუნდე. მე შვილები მყავს, ცოლი, უჩემოდ ძალიან გაუჭირდებათ, მე რომ მოვკვდე, არც კი ვიცი რა დაემართებათ, ვერ გადაიტანენ. ვინ აჭმევთ, ვინ ასმევთ? ამას ლუიზა მაინც ყავს. იცით თუ არა თქვენ, რომ, მე, რომ მოვკვდე ჩემი შვილები დაობლდებიან.
თინათინი: – მაგდენს როგორმე ვხვდები.
გიორგი: – აუ, რა გამახსენდა, იცით თინათინ, შვილებს გუშინ შევპირდი ბაკურიანში აგიყვანთ თქო, ისინი მიცდიან რომ წავიყვანო და თხილამურებით ისრიალონ. გამიშვით რა აქედან.
სოსო: – ყველა თავისთვის აჩალიჩდით? მაგარია.
მორისი: – სოსო, თუ ჩვენ სამიდან მარტო ერთი უნდა გადარჩეს, საჭიროა გადავწყვიტოთ ვინ უფრო იმსახურებს გადარჩენას, ვინ უფრო საჭიროა აქ. ყველა არგუმენტი უნდა განვიხილოთ.
სოსო: – რა არგუმენტი? ხომ არ გაგიჟდით?
მორისი: – ვის რჩება აქ ქალები და ბავშვები. პირველ რიგში მათი ინტერესების გათვალისწინებაა საჭირო.
გიორგი: – ხო, ისე გემიც კი, როცა იძირება, ჯერ ქალებს და ბავშვებს გადაარჩენენ ხოლმე.
სოსო: – რა გამოდის, რომ რადგან ცოლ შვილი არ მყავს, არ უნდა ვიცოცხლო? შენი შვილები უკვე ათი წელია შენს გარეშე ისედაც მშვენივრად ცხოვრობენ, მიეჩვივნენ უშენობას. მე კი ეხლა მინდა შევქმნა ოჯახი, დავიწყო ახალი ცხოვრება, ჩამოვიყვანო ნატა, შევქმნა ოჯახი, მყავდეს ბევრი შვილი. მე სერიოზული განზრახვები მაქვს და მინდა ყველაფერი მოვასწრო.
გიორგი: – ისე ეს მართალია, შენი ოჯახი მიეჩვია უშენოდ ცხოვრებას, ჩემი კი არა…
მორისი: – არაფერსაც არ მიეჩვივნენ, ყოველდღე ველაპარაკებოდი სკაიპით.
გიორგი: – ქალბატონო თინათინ, იცით, ჩემი ცოლის გარდა, მე კიდევ ვერც კი წარმოიდგენთ იმდენი ცოლის ნათესავი მყავს მისახედი, ლუიზაც გაგიჟდება, შვილივით ვუყვარვარ, არც კი ვიცი რა დაემართება, როცა გაიგებს რომ მოვკვდი…
მორისი: – ამის ლუიზა მადარდე ეხლა..
გიორგი: – ბიჭო შენ, მორისი ხარ თუ პასპორტით ბენი, ლუიზაზე ხმა არ ამოიღო თორემ დაგამტვრევ თავ-ყბას..
დაეტაკებიან ერთმანეთს და ჩხუბს იწყებენ. ამ დროს საკნის კარები იღება, ყველა ჩერდება. უყურებენ კარებს. პაუზა, სამივე დაძაბულობისაგან იწყებს ლოცვას
ისმის ხმა რეპროდუქტორიდან : – მორისი
მორისი: – რაა? მორისი? რა მორისი? ვინაა მორისი? აქ მორისი არავინაა. მე ბენი მქვია, პასპორტში ბენი მიწერია.(ტირის)
ხმა რეპროდუქტორიდან : – და… სოსო.
სოსო: – სოსოო? გეშლებათ, სოსო რა შუაშია? (თინათინს) ეს რას ნიშნავს? ჩვენ ორნი ვკვდებით და ეს პურის მცხობელი გადარჩა?
თინათინა: – ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ორს, ბედმა გაგიღიმათ და თქვენ გაგიჩნდათ შანსი ცხოვრება თავიდან დაიწყოთ. აი გიორგის კი არ გაუღიმა ბედმა. წადით! და ჭკუით გამოიყენეთ ეს შანსი. ღმერთი იყოს თქვენი შემწე.
მორისი: – მადლობა, დიდი მადლობა.
ორივე სწრაფად გადის ოთახიდან, ისე რომ გიორგის არც კი ემშვიდობებიან
გიორგი: – მე არც კი გამომემშვიდობნენ.
თინათინი: – ადამიანები ეგოისტები ხართ, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობთ.
გიორგი: – მაშ მე უნდა მოვკვდე?
თინათინი: – სამწუხაროდ თქვენ.
გიორგი: -ეს გადაწყვეტილება საბოლოოა?
თინათინი: – სამწუხაროდ საბოლოო.
გიორგი: – გასაჩივრება არ მოსულა?
თინათინი: – სამწუხაროდ არ მოსულა.
გიორგი: – (ცრემლით) და ეხლა რა იქნება?
თინათინი: – ნუ გეშინიათ, მე ბოლო წამამდე თქვენთან ვიქნები. არ მიგატოვებთ.
გიორგი: – მეტკინება?
თინათინი: – არა, არა. ტკივათ აქ, დედამიწაზე. იქ არა, პირიქით, ძალიან სასიამოვნო შეგრძნება გექნებათ. განთავისუფლდებით ყველა ტკივილისაგან, ყველა ტვირთისაგან, თქვენი სხეული გახდება მსუბუქი და თქვენ გაფრინდებით ზეცისაკენ, იქ დაგხვდებათ ყველა, ვისაც კი ოდესმე უყვარდით და ეხლა იქ გელიან. თქვენი მეგობარი გოგაც დაგხვდებათ იქ.
გიორგი: – გოგა, რომ დამხვდება ეგ კი კარგია, მაგრამ არ მინდა სიკვდილი. რატომ დამიცდა ფეხი? რატომ? რა არის ეს, ცხოვრობ შენთვის წყნარად, გიხარია, რაღაც იმედები გაქვს და უცებ ბაც და აღარ ხარ.ფარდა ეშვება.
თინათინი: – ჰო, მაგრამ ეგ ფარდა შემდეგ სხვაგან იხსნება, უფრო მშვენიერ ადგილას და თქვენ ამაში მალე დარწმუნდებით.
გიორგი: – მე ჩემზე არ ვდარდობ თინათინ. მე ბავშვები მეცოდება, იმათმა ხომ არ იციან, რომ ეხლა აქ ვარ თქვენთან, იცი როგორ ვუყვარვარ?, გიჟდებიან ჩემზე, არ იძინებენ სანამ არ მოვდივარ სახლში, მე ვაწვენ მათ და მე ვუყვები ზღაპრებს, ვერ გადაიტანენ ჩემს სიკვდილს,ისინი ხომ ძალიან პატარები არიან.. სიკვდილი ახლო ადამიანებისათვის უფრო დიდი სატანჯველია, ვიდრე მისთვის ვინც კვდება.
თინა: – ჰო მაგრამ მოსიყვარულე სულები ადრე თუ გვიან აუცილებლად ხვდებიან ერთმანეთს.
გიორგი: – კარგი რა, თავი ეკლესიაში მგონია, თითქოს აღსარებაზე ვარო. ისედაც მაგრად მეშინია.
თინათინი: – მერე? მე ვგავარ მღვდელს? თქვენიანები რა თქმა უნდა დაგიტირებენ და რა თქმა უნდა იდარდებენ თქვენზე. შემდეგ ნელ ნელა მიეჩვევიან და მოგიგონებენ. ხან ცრემლიანი თვალებით, ხანაც ღიმილით. თქვენ იცხოვრებთ მათ გულებში. თქვენ აუცილებლად შეხვდებით მათ ზეცაში.
გიორგი: – ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან. მე არ მქონდა დრო მათთან საურთიერთოდ, ვერ მოვასწარი წამეყვანა ბაკურიანში, ვერ ვასრიალე თხილამურებზე. მე ვერ ვნახავ როგორ დაამთავრებენ სკოლას, როგორ გახდებიან დიდები. (ქვითინებს) ცუდად ვარ თინათინ, ცუდად.
თინათინი ჩაეხუტება. იღება კარები, ისმის სოსოს და მორისის ხმა: გიორგი! გიორგი!
შემდეგ კი სოსო და მორისი შემორბიან, მორისი სიგარეტს აბოლებს
მორისი: – მოვუსწარით!
თინა: – ისევ თქვენ ხართ? ეწევით? როგორც ვხედავ მაინც და მაინც დიდხანს ვერ დაიცავით სიტყვა და სიგარეტს ეწევით.
მორისი: – იცი, თურმე მას საერთოდ არ აღელვებს ვეწევი თუ არა.
სოსო: – ჰო, მისთვის ეს არ ყოფილა მთავარი, ასე უთხრა, გინდა მოწიე და გინდა ნუ მოწევო.
თინათინი: – თქვენ რა მას შეხვდით?
მორისი: – თვითონ გამოგვეცხადა,. გიო, გაგიჟდები, ვერ წარმოიდგენ რა მაგარი ვინმეა, იუმორიც აქვს, მაგრად გვაცინა, მერე ცოტა ვევაჭრეთ და მოვილაპარაკეთ.
თინა: – ევაჭრეთ?, მე კი არ ვიცოდი რომ მასთან ვაჭრობა და მოლაპარაკება შეიძლებოდა.
სოსო: – კი როგორ არა, თავისუფლად, რაზეც გინდა,იმაზე ევაჭრე, მასთან ყველაფერი მოსულა, ისე ეხლა კი მართლა დავიჯერე, რომ ებრაელები მაგან მოიგონა.
თინათინი: – და რაზე მოილაპარაკეთ?
მორისი: – მოველაპარაკეთ, რომ მომაკვდავი ძმაკაცის დატოვება უფრო ცუდი რამაა, ვიდრე მოწევისათვის თავის განებება.
სოსო: – ჩვენ ვუთხარით, რომ სუფთა სინდისით ვერ ვიცხოვრებთ, თუ ჩვენი მეგობარი მოკვდება.
გიორგი: – მერე? იმან რაოო?
სოსო: – რაოო და… რადგან ახალი წელი დგებაო, წადით თქვენი მატრაბაზი დედაცო.. …მოკლედ,გიო, ადექი და დაახვიე აქედან.
ეხვევიან ერთმანეთს
მორისი: – თან ისე როგორ წავიდოდით ქალბატონო თინათინ, თქვენთვის ახალი წელი, რომ არ მოგველოცა. ის ხომ სულ რამოდენიმე წუთში დადგება.
თინათინი: – მეც გილოცავთ და გისურვებთ დიდ ბედნიერებასა და სიხარულს ჩემო ძვირფასებო.
მორისი: – ჩვენ გვექნება მაგარი წელი და საერთოდ, ჩვენ გვექნება ულამაზესი ცხოვრება, ისე მჯერა ამის, რომ მზად ვარ, იმასაც კი დავენიძლაო ამაში.
სოსო: – მთელი ცხოვრება მეგობრის გარეშე ვცხოვრობდი და ერთ ღამეში უცბად ორი მეგობარი არ შევიძინე.
გიორგი: – ამერიკიდან ნატას ხომ ჩამოიყვან?
სოსო: – ჩამოვიყვან აბა რას ვიზამ და თქვენ კიდევ ჩემი მეჯვარეები იქნებით.
გიორგი: – ეხლა რა ვქნათ?
თინათინი: – რა უნდა ქნათ, წადით. წადით!
მიდიან კარებისკენ
გიორგი: – თინათინ, აი ეს ტიპი,დარაჯი, აქ, კარებთან რომ დგას, სინამდვილეში არ არსებობს და ესეც ჩვენი წარმოსახვაა?
თინათინი: – კი ესეც თქვენს წარმოსახვაშია და სინამდვილეში არ არსებობს.
გიორგი: – მართლა? ეი, ბიჭო, კარგად გააღე კარები, ვერ ხედავ, ამხელა ჰალსტუხიანი ხალხი რომ მოვდივართ? ვერ გაიგე ძმაო რა გითხარი?.
სოსო: – ჰო ბიჭო, ვერ ხედავ სამ ძმაკაცს გარეთ გასვლა რომ გვინდა?
გიორგი: – ჰო რა იყო, რა?, ვერ გაიგე? გააღე მეთქი კარები, თორემ ჩაგაფარებ თავში შე სირო,შენა!
მორისი: – ჩააფარე მერე რას უცდი?
იწყებენ წარმოსახული მორიგის ცემას.
სიბნელე.
დასასრული


