პრესა: “საძაღლე”

ყველა ადამიანსა  და ძაღლს აქვთ  თავიანთი ისტორია

ლელა ოჩიაური

მიკროფონებითა და ხმის ჩამწერი აპარატურით აღჭურვილ ტელე თუ რადიოსტუდიაში შუახნის მამაკაცი შემოდის. უამრავი ჩემოდნით, ყუთით, გრაგნილით დახუნძლული. როგორც თანდათან ირკვევა, ამ ნივთებში მისი ცხოვრებაა. მთელი ქონება –  რაც გააჩნია –  მხოლოდ მოგონებებია (ფოტოები. გაზეთები, აფიშები…) , რომლებსაც  მუდამ თან ატარებს და ვინ იცის, უკვე მერამდენედ უზიარებს ვიღაც უხილავს, ვისი ხმაც სადღაც სიბნელიდან გაისმის. ამბავი, რომელსაც ჩვენ – მაყურებული – სულგანაბული და შეძრწუნებული,  მონათხრობის ტრაგიზმის სრული შეგრძნებითა და თან აღტაცებული ვუყურებთ. რასაც ჩვენ – მაყურებელი – როგორც გაფრთხილებას აღვიქვამთ და ვფიქრობთ ადამიანის (ადამიანების) ბედზე, რომელსაც თანაგრძნობა მოელის ჩვენგან. რაც ჩვენ – მაყურებელს – იმაზე მეტად გვაფიქრებს, ვიდრე გვინდა რომ ვფიქრობდეთ, თუ რაღაცისგან გათავისუფლება და შინაგანი თავისუფლების განცდა გვჭირდება.

აღტაცებული, პირველ რიგში, მსახიობის ოსტატობით, მეორე მხრივ – ამბით, რომელსაც იგი წარმოადგენს და რომელიც თანამედროვეობის (ამავე დროს, მარადიულ) ბევრ პრობლებას წამოჭრის. მესამე – რეჟისურის, იმ წარმატებული მხატვრული ექსპერიმენტის, რეჟისორული ფანტაზიის მრავალფეროვნების გამო, რაც ყველა ეპიზოდში, ყოველ სცენაში მჟღავნდება და მრავალფეროვან სცენურ სამყაროს ქმნის.

ეს უცნაური „ექსპერიმენტი“ „თავისუფალ თეატრში ტარდება“, უცნაურ და ტრაგიკულ ისტორიას გვიამბობენ  და ამ ისტორიის მთხრობელი  – ნატანჯი და მარტოსული ადამიანი – ალე – მარტოა  სცენაზეც და ცხოვრებაშიც, ვინაიდან იგი ყველამ – მთელმა საზოგადოებამ – გარიყა. ერთადერთი ადამიანი და მსახიობი, მთელი საათნახევრის განმავლობაში (რა თქმა უნდა, თუ მასთან მოსაუბრე ვიღაც უხილავის „ხმას“ არ ჩავთვლით, რომელსაც ექსპერიმენტი მიჰყავს და თავად რეჟისორს ეკუთვნის) – შეუდარებელი სლავა ნათენაძე – იოანე (ვანო) ხუციშვილის სპექტაკლში „საძაღლე“.

იოანე (ვანო) ხუციშვილმა ეს სპექტაკლი  (დააფინანსებულია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით) ნინო სადღობელაშვილის პიესაზე დადგა, რომელიც ჰატი ნეილორის პიესის „ივანე და ძაღლები“ მოტივებზეა აგებული და   შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, ახალი ტექსტია, ინტერპრეტირებული და გარდასახული, კონცეფციისა თუ სათქმელ-პრობლემატიკის მხრივაც.

ამბავი თავისუფალი თეატრის ისედაც პატარა სცენაზე, გორგოლაჭებზე მიმაგრებული, ჯაჭვჩაბმული რკინის, გისოსებიანი და ცილინდრისებული კონსტრუქციით  უფრო დაპატარავებულ „მოედანზე“ ვითარდება. სივრცის (რომელიც ხან სტუდიად წარმოდგება, ხან გმირის ბავშვობის სახლად, ხან ქუჩად, ხან პარკში მდგომ მდიდრულ სახლად, ხან  მიწისქვეშა თავშესაფრად, ხან ძაღლების ბუნგად და ხან შორეულ ბორცვად ქალაქიდან მოშორებით) ასეთი  შემჭიდროვება კიდევ  მეტად ზღუდავს და კეტავს სამოქმედო არეს, ზრდის უსასრულო წრეზე ბრუნვისა და იზოლირებულ სამყაროს გამოუვლობის ფიზიკურ შეგრძნებას; ამავე დროს, დეკორაციის ასეთი პირობითობა აფართოებს და აზოგადებს  საზღვრების მასშტაბებს, სათქმელის არაერთგვაროვნებასა და არაერთფეროვნებას უსვამს ხაზს, სხვა სივრცეების არსებობაზე მიუთითებს.

ჩაკეტილი გარემო წრეზე მოძრავი გისოსებითაა შემოსაზღვრული, რომლის (დეკორაციის) ყველა დეტალი მოძრაობს და მოქმედებაშია (მხატვარი – თეო კუხიანიძე) და ისევე აქტიურადაა ჩართული მოქმედებაში, როგორც მუსიკა (გააფორმა გიორგი ჯიქიამ, ენიო მორიკონესა და ჰანს ზიმერის მუსიკაზე), მოქმედი გმირის აღსარების ეტაპების, ავტობიოგრაფიული მონათხრობის (ფაქტების, რომლებიც მეხსიერებას შემორჩა, რადგან პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება-გარდაქმნასა და ფიზიკური არსებობის პროცესების მსვლელობაზე ახდენდა გავლენას) განწყობის, ემოციებისა და სულიერი მდგომარეობის განუყრელი ნაწილი.

ქვეყანა, ქალაქი, რომელშიც ალე ცხოვრობს თანდათან ნადგურდება. ყველგან კრიზისია. შიმშილობა იწყება. ოჯახებს მანქანებით ძაღლები და შემდეგ  ბავშვენი ქალაქგარეთ გაჰყავთ და ტოვებენ.  ძაღლები და ბავშვები მარტონი რჩებიან, უპატრონოდ და ახალ ცხოვრებას იწყენენ, რომ გადარჩნენ  – მაწამწალების ცხოვრებას. მიუსაფრობასა და მარტოობაში იბრძვიან გადარჩენისთვის, სხვებს წირავენ, სახეს  – ადამიანობას -კარგავენ და ყველაფერი სულერთი ხდება – ყველასთვის, საზოგადოებაში, რომელიც განწირულია.

სლავა ნათენაძეს  ურთულესი ამოცანა აქვს შესასრულებელი – საათნახევრის განმავლობაში მარტოსულობის მთელი ამბავი მარტომ უნდა გადმოსცეს და გარდასახვის ერთი, ემოციური მდგომარეობიდან მეორეში, შემდეგ მესამეში, მეოთხეში… გადასვლა უმცირესი ნიუანსების მეშვეობით შეძლოს. ერთი არსების მეორედ გარდასახვის ეტაპებიც გაიაროს, 6 წლის ბავშვიდან ზრდასრულ მამაკაცად იქცეს და მთლიანი ცხოვრება – ადამიანებისა და ძაღლების – ზოგჯერ კი, ორივე ერთად – კალეიდოსკოპურად წარმოადგინოს.

მის მიერ შექმნილი პერსონაჟი გარდასახვის სხვადასხვა ფაზასა და ეტაპებს გადის – მას აღელვებენ და აფორიაქებენ მოგონებები, რომლებიც ბავშვობიდან იწყება, იწყება მაშინ, როდესაც ალე პირველ და სასტიკ დარტყმებს იღებს ადამიანებისგან, როდესაც იგი მათი ურთიერთობებისა და საქციელის გაცნობიერებას იწყებს და როდესაც პირველად რჩება მარტო – ქუჩაში – ძალადობით, სიძულვილით, სისასტიკუთ გაჯერებული სამყაროში, რომელშიც თავის შეფარება არსად შეიძლება, საძაღლეს გარდა.

ეს ასაკოვანი მამაკაცი „ბავშვდება“,  ბავშვის  თათმანებში უყრის ხელებს, ხშირად ბავშვურ ენაზე მეტყეველებს, ბავშვური ემოციით გამოხატავს წუხილს, რომელსაც ძალიან ადრე მოუწია, დიდად ქცეულიყო.

ამ გარდასახვების, მოქმედებების, მოძრაობების, სამყაროს სახეცვლილების მხატვრული ხერხებით გადმოცემისას კი რეჟისორს ფანტაზია არ ელევა და სცენა ჰგავს ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც განუწყვეტლივ იცვლება, ცოცხლობს და ვითარდება, მიედინება – როგორც ცხოვრება.

ყველაფერი ისეა გადახლართული, როგორც ალეს ცხოვრების ეპიზოდები, წარსული და აწმყო, იგი თავს იცავს მტრული გარემომცველი სამყაროს ძალადობისგან, ადამიანების უგულობისგან, უსიყვარულობისგან და მხოლოდ ერთგული ძაღლების იმედად მცხოვრები, თავადაც ძაღლად იქცევა – გარდაისახება, მაგრამ მაინც რჩება ადამიანად. რადგან ის თავისუფალია, ადამიანია, რომელმაც შეძლო ყველა წინაააღმდეგობის, ყველა კომპლექსის, წარსულის ყველა მტანჯველი მოგონებისგან თავის დაღწევა და მანამდე არარსებული კარის თამამად შეღება.

და შემდეგ, როდესაც იგი მანათობელ სხივს დასდევს, მიჰყვება მის ნათებას, როდესაც კარს აღებს და მჭახედ განათებულ სივრცეში გადის, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ფრაზას, რომელსაც „ხმა“ წარმოთქვამს და რომელიც რეალობაში გაბრუნებს – „ყველაფერი ჩაწერილია – ბოლო ფრაზის გარდა“. ალეს ბოლო სიტყვებია – „მე ადამიანი ვარ“ – სამყაროში ძალადობა, გულგრილი ექსპერიმენტი და  ადამიანის – როგორც ცდის ობიექტად ქცევის მცდელობის პროცესი გრძელდება, მაგრამ ალე ამ წინააღმდეგობებს, ამ მახეებს, ამ ჯაჭვებსა და გისოსებს  უკვე აღარ უშინდება – ის ადამიანია, თავისუფალ ადამიანი, რომელიც კათარზისს განიცდის და მასთან ერთად მაყურებელიც თავისუფლდება.

თუმდაც ასე იყოს, რომ მხოლოდ ალესა  და მის მეგობარ ძაღლებს, განსაკუთრებით, თეთრ ძაღლს  ესმით სხვა სულიერების – ცხოველებისა და ფრინველების ხმა, ადამიანების ჩურჩული, თოვლის დნობა, მხოლოდ მათ შეუძლიათ, როდესაც ბორცვიდან გადაჰყურებენ, წარმოიდგინონ, რომ ქალაქი და ცხოვრება მშვენიერია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ცხოვრება და მას არაფრის გამეორება არ სჭირდება, რომ როცა ადამიანი კვდება, მისი სული იცვლება და ესაა რაღაც მანათობელი მათში – ღმერთის ნაწილი, რომელსაც თუ აღმოაჩენს, ვერაფერი ვერ მოერევა.

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *