პრესა: რიჩარდ III

„ცხენი, ცხენი, ჩემს სამეფოს ერთ ცხენში ვაძლევ!“

(მე-5 მოქმედება, მეხუთე სურათი)

გიორგი ყაჯრიშვილი

უ. შექსპირის „რიჩარდ მესამე“ მისი ადრეული  პიესებიდან  ყველაზე სრულყოფილ ნაწარმოებად  ითვლება ქრონიკებს : „ჰენრიხ … IV, V, VI“, „რიჩარდ II“  შორის, რომელიც   ავტორმა ტრაგედიის დონეზე აამაღლდა. ამის მიზეზი სავარაუდოა  ისიცაა, რომ რიჩარდ გლოსტერის ასეთი სისხლსავსე (პირდაპირი და გადატანითი  მნიშვნელობით)  ცხოვრება ისტორიულად სრული სიმართლე მაინცდამიანც არაა და უ. შექპირმა ეს პერსონაჟი ისეთი შექმნა როგორიც მას სურდა. ამ პიესაზე  გაიარა  „მაკვიაველიტებისა“  და „ანტიმაკიაველისტების“  იმდროინდელმა ომმაც. ამიტომაც ამ პიესის სცენაზე განსახიერება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ა. ვარსიმაშვილის სპექტაკლი სწორედ იმითაა  მნიშვნელოვანი, (განსხვავებული სხვებისგან, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური თეატრის ფორმა მისცათ ამ პიესისთვის) რომ რეჟისორი ცდილობს გაერკვეს რიჩარდ გლოსტერის ბედსა და  ტრაგედიაში,  ჩაუღრმავდეს მისი ქმედებების საფუძველს, სრულად დახატოს ამ გმირის პორტრეტი ზეასვლისას და რაც მთავარია  დაცემის დროსაც.   რასაკვირველია, და ორი აზრი არაა, რომ იგი  მკვლელია, მოძალადე, პატივმოყვარე, დიქტატორი, ფლიდი, თვალთმაქცი და ფარისეველი თუმცა გონიერი, ჭკვიანი და  კარგი სტრატეგი.  დროთა განმავლობაში  მისგან ტირანი ჩამოყალიბდება  და სისხლში ჩაახრჩობს ინგლისის სამეფოს. მაგრამ საქმე იმაშის, რომ  პირველი მკვლელობათა შემდეგ  მას აღარ ძალუძს  წინ აღუდგეს  სხვა დანარჩენის ჩადენას და დანაშაულებანი ერთმანეთს მისდევენ. ოიდიპოსოს მსგავსად იგი ბედისწერის მსხვერპლია, რომელმაც მას სწორედ ეს როლი არგუნა. სპექტაკლის ფინალურ სცენები ცხადყოფს რომ რიჩaრდ III  უდრტვინველად მიჰყვება საკუთარი დაღუპისკენ მიმავალ  გზას, შეგნებული აქვს რომ გამწირულია, ამიტომაც ა. ვარსიმაშვილის მიერ შემოთავაზებული ფინალი, რომ სცენაზე რიჩaრდ III  რიჩმონდის ხელით კი არა,  უფრო მეტიც მის გარეშე კვდება,  რომელიც როგორც  პერსონაჟი საერთოდ არაა „თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლში – შესანიშნავ გადაწყვეტად  და სრულიად შექსპირისეულად მიმაჩნია, ვინაიდან  პრინციპში რიჩaრდ III -ს რიჩმონდი   კი არა კლავს (იგი მხოლოდ შემსრულებელია), არამედ  დრო, და ბედისწერა, იმ უბედურებათ მთელი ჯაჭვი, რაც მან დაატრიალა.

სცენაზე  უცნაური რკინის კონსტრუქციები დგას  (მხატვარი მ. შველიძე), რომელსაც  თავზე იორკის მზე აცხუნებს. ეს ერთდროულად  ტოუერის კარიბჭეცაა, ასაწევი ხიდიც და მეფის სასახლს შესასვლელიც. უშველებელი  რკინის სკივრი ხან ციხის დილეგებად იქცევა, ხან მეფის სატრაპეზოდ, ხანაც ეშაფოტად, ხანაც სათათბირო დარბაზად,  ხანაც ბრძოლის ველად  და ხანაც სარეცელად. ყველაფერი ორ, შავ-თეთრ ფერებშია  გადაწყველი, სასცენო კოსტუმებიც (მხატვარი ნ. კობახიძე)  კი. და ბორკილები:  ბევრი, იატაკზე, კარიბჭეზე, კედლებზე.

ლონდონის ქუჩებში იდილია სუფეს, მშვიდად მუსაიფობენ კარდინალო  ბორჩერი (ს. ნათენაძე) და მისი მრევლი  ტირელი აღსარებას აბარებს, გამვლელებსაც არაფერი აწუხებთ, მხოლოდ ცაზე დროდადრო გარდაცვლილ მეფეთა სულები დაფარფატებენ იალქნებივით, რომელთაც სულ მალე დღევანდელი ტრაგედიის გმირთა  სულებიც შეუერთდებიან. სკივრის უკან განთავსებულ უშველებელ თეთრ კედელზე  შექსპირის ქრონიკისეულ და უკვე ისტორიადქცეულ მეფეთა გვარებია და პიესის სხვა პერსონაჟთა სახელებია შავად ამოტვიფრული, რომელთა გვერდით ასევე თანამიმდევრულად იმ დიდგვაროვანთა გრძელი სია დაიწერება, რომელნიც ეგზომ უშლიან ხელს როჩარდ გლოსტერს რიჩარდ მესამობისკენ მიმავალ გზაზე და რომელთა ჩამოცილების მოწმენიც შევიქმნებით. ეს დაფა იმ მენიუს გვაგონებს, ტავერნების წინ რომ გამოჰქონდათ ახლადმომზადებული კერძების სახელებით და რომელიც იმისდამიხედვით იცვლებოდა,  რჩებოდა თუ არა სამზარეულოს ქვაბებში დასახელებული კერძები. ამ დაფაზე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება სახელები ჯორჯ   კლარენსი,  საბედისწერო ასე  „ჯ“-ზე, ედვარდ IV, ლორდი ჰასტინგსი, ლედი ანა, ელისაბედი … რომლებიც ასევე ერთმანეთის მიყოლებით და რიჩარდ გლოსტერის ხელშეწყობით სტოვებენ ამ ქვეყანას და მათი სახელებიც  ქრება ამ კედლიდან. სცენას  კუთხეში მიდგმული ის სამეფო ტახტი ავსებს, რომელიც ასე სანუკვარია რიჩარდ გლოსტერისთვის და რომელიც ავხორცულ ვნებებს აღუძრავს ლედი ანასაც კი, ენაგადმოგდებული რომ ეალერსება მის ტყავის სახელურებს. დიახ, სწორედ ეს სამეფო ტახტი ხდება იმ უსასრულო მკვლელობების, სისხლისღვრის და ტერორის საბაბი, რისი დაკავებასაც  მიუძღვნა ბრძოლა და   თავის ხანმოკლე ცხოვრება რიჩარდ გლოსტერმა.

ქუჩის ამ იდილიას თითქოსდა ქვესკნელიდან ამომძვრალი მართლაც რომ „ჯოჯოხეთის მაშხალა“ რიჩარდი (გ. ბარბაქაძე, ა. კუბლაშვილი) არღვევს, რომელმაც „ხელის ერთი მოსმით“  შეცვალა არა მარტო თავისი, საკუთრი ძმების, ძმისშვილების, რძლების და დედის ცხოვრება, არამედ მთელი ინგლისის ისტორიაც. გამოჩენისთანავე მისი გოდება საკუთარი სიმახინჯის შესახებ მასში საბედისწერო სურვილებს  ბადებს:

„სიბოროტით მაინც უნდა ვიჩინო თავი,

და ჩავუმწარო სხვებს ამაო სიამოვნება“.

კუზიანი, მახინჯი, კოჭლი საგვარეულო წესის მიხედვით ლოგიკურად ვერასდროს დაიკავებდა სამეფო ტახტს თუ არა ის ძალისხმევა და ვერაგობა, რასაც რიჩარდმა მიმართა. ამ გზაზე შემდგარს მას ბევრი მსხვერპლი გადაეღობება  წინ. რიჩარდ გლოსტერის სასცენო ცხოვრება პირობითად სამ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ და ამ სამივე ეტაპს სხვადასხვანაირად წარმოგვიჩენს დამდგმელი რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი და რიჩარდის როლის შემსრულებელი მსახიობები. არა მარტო ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით,  რაც ბუნებრივია, არამედ თვით როლის განვითარების  ამ სამი   საფეხურის სხვადასხვაობით. პირველი ესაა მისი „ქვევიდან ამოსვლიდან“ კლარენსის მკვლელობამდე და ლედი ანაზე ჯვარისწერამდე. მეორე –  მეფედ კუთხევამდე და კარიბჭის თავზე „მოქცევამდე“  და მესამე – რიჩaრდ III-დ  ყოფნა სიკვდილამდე, რომელმაც მხოლოდ არასრული ორი წელი გასტანა.

რიჩარდ გლოსტერი ტყავის სამოსში გამოწყობილი, ჯოხით ხელში, კოჭლობით მისდევს თავის პირველ მსხვერპლს  ლედი ანას (ქ. ლორთქიფანიძე, მ. ნადირაძე), რომელიც ჰენრი VI კუბოს მიათრევს,  რიჩარდ გლოსტერს (გ. ბარბაქაძე, ა. კუბლაშვილი)  (დანარჩენი ყველაფერი მახინჯი აქვს, სულიც  კი) ლურჯი თვალები (ცივი, გამგმირავი მზერით) აენთება და მსხვერპლს მიაშურებს. აქ იწყება მის თვალთმაქცობის  ეტაპი, ასე ვთქვათ გენერალური რეპეტიცია დიდი სპექტაკლების წინ,  რასაც თვითონ  ყველაზე წარმატებული „არშიყობას“  დაარქმევს. ანასთან სცენაში რიჩარდი მართლაც რომ უმაღლესი ოსტატობის მსახიობად გვევლინება, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ხერხებით  გინდაც  ჟესტით, გინდათ სიტყვით, გინდაც ქცევით და გინდათ  საჩუქრით აღწევს ქალის დაყოლიებას გაჰყვეს ცოლად, მიუხედავად იმისა რომ ანას უზომოდ სძულს იგი.  ამ სცენაში ვლინდება რიჩარდის შინაგანი სიძლიერე, დასახული მიზნისაკენ სწრაფვა და მონუსხულ ანას, რომელსაც რიჩარდი უკვე საკუთარი სავარცხლით უვარცხნის თმას, რაც უკვე მასთან სექსად აღიქვება, სხვა არა დარჩნია, რომ დათანხმდეს. ამიტომაც დავარქვით ამ ქმედებას რიჩარდის თვალთმაქცობის პირველი ეტაპი  გამოყენებული ხერხების მსგავსების გამო, რომელიც გრძელდება  მაშინაც  როდესაც კლარენსთან გამომშვიდობებისას ცდილობს „ითამაშოს“,  გული აუჩუყოს მას და დაარწმუნოს, რომ იგი მის მიმართ უცოდველია და ყველაფერს იზამს, რომ დილეგიდან დაიხსნას. ძმების გამომშვიდობებისას ორივე მსახიობი გულისამაჩუყებელ სცენას ქმნიან, თუმცა ამავდროულად სახეზეა ის, რომ ერთი ფარისეველი და მატყუარაა (გ. ბარბაქაძე, ა. კუბლაშვილი), ხოლო მეორე (ჯ. კილაძე) გულუბრყვილო და მიმნდომი.

პიესისა და სპექტაკლის სხვა მომენტებში რიჩარდს უკვე აღარ მიმართავს ჩვეულ ხერხებს. მოგვიანებით  იგი უკვე დიქტატორი, ტირანია და მხოლოდ ძალისმიერი, მზაკვრული მეთოდებით, მაცდურობითა და ინტრიგებით აღწევს ყველაფერს, რასაც კი მოინდომებს – ეს მისი „შემოქმედების“  მეორე ეტაპია. თეთრ დაფაზე ახალი სახელები ჩნდება: – ამჯერად ედვარდ IV-ს (კ. გოგიძე), ელისაბედ დედოფალის (ა. ალადაშვილი, მ. ჯოლოგუა) და მისი შვილების ჯერი დგება. რიჩარდი განსაკუთრებულ სიძულვის ავლენს დედოფალი ელისაბედისა და მისი ძმის რივერსის (შ. მირიანაშვილი), რომელიც უფრო მასხარას ჩამოაგავს, ვიდრე გრაფს, მიმართ და ყოველნაირად ამცირებთ მათ, შეურაცყოფთ, როგორც დაბალი საგვარეულოს წარმომდგენლებს. ასევე უხეშია დედოფალი მარგარიტას მიმართ, რომლის წყევლა და ჯადოსნობა თითქმის ყველას აუხდება.  მსახიობი (ს. ჭულუხაძე)  შესანიშნავი გრიმით, ჟესტებით, მიმიკით, ხელებისა და თავის კანკალითაც კი  ზუსტად გადმოსცემს დედოფალი მარგარიტას ტრაგედია, მაგრამ კი არ მოსთვამს და თავს აცოდება  დიდებულებს, არამედ იბრძვის, ეწინააღმდეგება და რაც მთავარია ამავდროულად ამაყი და თავისუფალია, იმის და მიუხედავად, რომ განდევნილია  და შინაპატიმრობაშიც კი იმყოფება.

უ. შექსპრის პიესებში ქალი არასდროს  უდებდნენ ტოლს მამაკაცებს, ზოგჯერ სჯობნიდნენ კიდევაც – ლედი მაკბეტი, ალქაჯები, კატარინა და სხვ. „რიჩარდ III“-ში  ამ პერონაჟების  მთელი პლეადა და თაობებია წარმოდგენილი: ლედი ანა, მარგარიტა, დედოფალი ელისაბედი, იორკის მთავარის მეუღლე  (თ. კორძაძე).

ლედი ანა (ქ. ლორთქიფანიძე, მ. ნადირაძე) არანაკლებ ამბიციური და პატივმოყვარეა რიჩარდის მსგავსად. წინააღმდეგ შემთხვევაში  როგორ შეეძლო ადამიანს, რომელსაც ასე დაუნგრიეს ცხოვრება რიჩარდის მეუღლე გამხდარიყო, მაგრამ დედოფლობის სურვილი, სათაყვანებელი  გვირგვინი თავზე, ხდება ის მაცდუნებელი, რასაც მისი სული ვერ უძლებს ან არ უძლებს. ორივე მსახიობს ესმის ლედია ანას ეს მისწრაფება, განსაკუთრებით ტრაგიკულია მათ მიერ განსახიერებული ბოლო  სცენა რიჩარდთან – ისევ სავარცხელი, ისევ ვნება,  მაგრამ ახალ უკვე საბედისწერო გაბრძოლება, აგონია და  … სიკვდილი. ელისაბედ დედოფლის ორივე შემსრულებლისთვის (ა. ალადაშვილი, მ. ჯოლოგუა) ყველაზე ადვილია პერსონაჟის ხასიათის გამოძერწვა. ცხადზე ცხადია, რომ ელისაბედი დიდი ხანია ხვდება, რომ დედოფლობა დიდხანს არ უწერია, ავადმყოფი და უსუსური მეფე ედვარდ IV  მოახლოებული აღსარული საშინელ მომავალს უქადის. „მდაბიოდან“ არამეფური წარმოშობის (ვუდვილების გვარის)  დედოფლობამდე განვლილი გზა მძიმე იყო, მაგრამ ტკბილი, თუმცა   ამ დედოფლობას დიდად არ აფასებს, ყველანაირად იტანს  რიჩარდ გლოსტერის დამცირებასაც იმ იმედით რომ მისი შვილი ედუარდ V გამეფების შემდეგ   მშვიდად  იცხოვრებს. ტრაგიკული და შეურაცმყოფელია რიჩარდთან მისი ბოლო შეხვედრის სცენა – დამცირებული, პატივაყრილი, რომელსაც ვაჟიშვილები დაუხოცეს, იძულებულია რიჩარდს იმაშიც კი დათანხმდეს, რომ ქალიშვილს მიათხოვებს – უზომოა მისი ტრაგედია და  ამ სცენას ორივე მსახიობი დიდი ემოციით და ვნებათაღელვით ასრულებს. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია თ. კორძაძე მიერ შესრულებული რიჩარდის  დედა – ლედი სესილი ნევილი.  სცენაზე გამოჩენისთანავე  სახეზეა რომ  მსახიობს ზუსტად აქვს გააზრებული რეჟისორის მიერ დასახული ამოცანა გვიჩვენოს ყველაზე უბედური დედა და ბებია, რომელიც ამ ყველაფრის მოწმეც და თანამონაწილეა. კარგად მონახული ჟესტები, გამომსახველი საშუალებები, გრიმი და ვუალი ხელს უწყობს მსახიობს ზუსტად გადმოგვცეს პერსონაჟის გრძნობათ ბუნება. იგი  ყველაზე ადრე ხდება რაც ელის ქვეყანას და მის შვილებსა და შვილიშვილებს. „მახინჯი სხეულში მახინჯი სულია“ – გრძნობს და რიჩარდის მიერ წინსვლა და მისი ჩადენილი საქციელი გულს უსერავს.  თანაუგრძნობს ელისაბედს და მარგარეტს, მწარედ განიცდის  კლარენსისა და ედუარდის სიკვდილს, ხოლო მისი ბოლო სცენა – გამომშვიდობება, როდესაც  ლედი სესილი ნევილი ყველაფერს ეტყვის რიჩარდთან და საბოლოოდ  დასწყევლის შესრულებულია უდიდესი მსახიობური ოსტატობით, შესანიშნავი პლასტიკით და ექსპრესიით.

განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას სტოვებს კლარენსის მოკვლის და ანასთან ქორწინების პარალელური მონტაჟის ხერხით  დადგმული  სცენები. ტირელი (დ. მერაბიშვილი) და მეორე  კაცისმკვლელი ციხეში ეწვევა კლარენს, რომელიც  ვერც ხვდება რა ელის წინ და არც სჯერა, რომ რიჩარდმა გასწირა. კლარენსი (ჯ. კილაძე) მძიმედ  განიცდის იმ მოვლენებს, რომელიც ეპიცენტრშიც უეცრად აღმოჩნდება – უდანაშაულოდ დასჯილი საკუთარ ზმანებაში – ზღვაში შესულ დასაღუპავად განწირულ გემზე  ისევ რიჩარდის გადარჩენაზე  ფიქრობს, არ სჯერა მისი მაცდურობის, გულწრფელია და ამით ყველაზე ტრაგიკული. მსახიობის მიერ შესრულებული  სიკვდილით დასჯის სცენა ემოციურობითა და მაღალი მსახიობური ოსტატობით გამოირჩევა.

და აქ უ. შექსპირი ეს უდიდესი ჰუმანისტი, პირველად   იწყებს  საუბარს სინდისზე (რაზეც მრავალჯერ აღნიშნა შექსპიროლოგების მიერ), იმ გრძნობაზე, რომლისგანაც რიჩარდი ძალზე შორსაა და რითაც დაწყევლა დედოფალმა  მარგარიტამ: „სინიდისის მატლმა გიღრღნას მუდამ ეს სული“.  რიჩარდისთვის კი  „სინიდისიო! ეგ ლაჩართაგან მოგონილი სიტყვაა მხოლოდ ძლიერებისა შემფერხებლად“. მისგან განსხვავებით კლარენსის ერთ-ერთ მკვლელს (ლ. გურგენიძე), რომელსაც „სინიდისის ნალექიღა დარჩა“  თავიდან ეს ძალზე აწუხებს, მაგრამ გასამრჯელოს ცდუნებით დიდი ყოყმანით  ასრულებს დავალებას. „[სინიდისი] ადამიანს სწორედ აგულჩვილებს, ალაჩრებს … ფიცს რომ აპირებდეს ის ყანყრატოში მისწვდება.. ვისაც კეთილცხოვრება სურს, თავის თავს უნდა მიენდოს და სინიდისზედ კი ხელი აიღოს“- მოძღვრავს მას ტირელი. მკვლელობის  სცენა სასტიკი და ნატურალისტურ-ძალადობრივი, უდიდესი ექსპრესიითა და გამომსახველობითაა შესრულებულია მსახიობების (ჯ. კილაძე, დ. მერაბიშვილი, ლ. გურგენიძე) მიერ.  მკვლელობის  შემდეგ კი  მეორე  მკვლელის (ლ. გურგენიძე) სისხლით შეღებილი ხელების დაბანვას  თან ახლავს  მისი სიტყვები: „ოჰ, ნეტა ხელი დავიბანო პილატესავით და არ მომეცხოს ამ კაცისკვლის სამძიმო ბრალი“ –   ასევე  საბედისწერო ხდება  მისთვის. სულ მალე ორივეს,  კლარენსისა და მკვლელის სული  ცაში აფარფატდება „თეთრი იალქნების“  სახით.

უკანა პლანზე კი რიჩარდ გლოსტერი ანაზე  საზეიმოდ იწერს ჯვარს, რომელიც მაინცდამაინც ბედნიერად არ გამოიყურება, მაგრამ სამაგიეროდ რიჩარდი გრძნობს  თავს გამარჯვებულად და მთელი სპექტაკლის მიმდინარეობის დროს რიჩარდის (გ. ბარბაქაძე)  ზევით აწეული თითი სწორედ რომ მიღწეული გამარჯვების სიმბოლოა, რასაც პირველსა და მეორე ეტაპზე ხშირად იყენებს.  გ. ბარბაქაძე – რიჩარდის ეს ჩვეული ჟესტი კვლავ მხოლოდ სიკვდილის წინ გაახსენდება, როცა ასევე თითაწეული კვდება, თითქოსდა მიგვანიშნებს, რომ მასზე ბედისწერამ იმარჯვა!

სცენას სცენა ცვლი:  ნადიმი ედვარდ IV-თან (კ. გოგიძე) თითქოსდა მტრადგადაკიდებულ დიდებულთა შერიგება, მაგრამ ისევ მკვლელობა, ანგარიშსწორება და ტახტისკენ მიმავალი გზის გათავისუფლება.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად უმნიშვნელო დატვირთვისა მსახიობი კ. გოგიძე მონოლოგი სტენლის წინააღმდეგ ამ სცენის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და უზადო ტექნიკით შესრულებული.   თანდათან აქტიური ხდება  ლორდი ბაკინგემი (კ. მიქიაშვილი),  ყველასგან განსხვავებული ჩაცმულობით სათვალით და თავზე ბერეტით, რომელიც თავის მაამებლური ქცევებით სულ უფრო და უფრო უახლოვდება რიჩარდ გლოსტერს და მისი მარჯვენა ხელიც კი ხდება.   ბაკინგემი – კ. მიქიაშვილი ხვდება, რომ ახლა მხოლოდ  გლოსტერთან კარგი დამოკიდებულება ხდება აქტუალური და აუცილებელი, ამიტომაც ყველა ღონეს ხმარობს რომ მისი საქმიანობა შემჩნეული იქნას და დაფასებული.  მასზეა დამოკიდებული როდის დანიშნავენ მეფის კურთხევას ან ვის გამეფებენ. კ. მიქიაშვილის ბაკინგემი თავდაჯერებული და თამამია.  იგი ამჯერად სამეფოში ყველაზე გავლენიანი ფიგურა  ხდება და  იმდენს ბედავს, რომ ედვარდ IV სიკვდილის მერე ხელიდან „ასცინცლის“ რიჩარდს მის სასურველ გვირგვინს. სულ მალე მას დამსახურებად მთელს საგრაფოსაც შეპირდებიან, მაგრამ ერთი მისი წაბორძიკება გახდება საკმარისი იმისთვის, რომ მისი სისხლიც თეთრ კედელზე აიღვაროს.

რიჩარდ გლოსტერი ყველაფერთან ერთად საკმაოდ ეჭვიანია, არავის ენდობა განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფოს ეხება საქმე, ამიტომაც სრულიად მოულოდნელად იმ სხდომაზე გამოჩნდება, რომელსაც ესწრებიან ბაკინგამი, სტენლი (გ. ჯიქია), ჰასტინგსი (მ. მუმლაძე), ელის ეპისკოპოსი (ს. ნათენაძე) და სხვანი, სადაც გვირგვინის კურთხევის თარიღი დგინდება ( თავისთავად კანდიდატიც) და აქ იწყება რიჩარდის  კიდევ ერთი ზეასვლა ეშმაკობით, მზაკვრობითა და  მათი შესატყვისი მჭერმეტყველებით, რათა ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ ერთადერთი ვისი მეფედ კურთხევაა შესაძლებელი, თვითონ  რიჩარდია, მაგრამ სწორედ მეფედ კურთხევით თავდება რიჩარდ III  კარიერა და მისი წინსვლის მეორე და იწყება დასასრულის დასაწყისი – მესამე, ბოლო –  დაცემის  ეტაპი.

მთელი მეორე მოქმედების მეორე ნაწილი კი მისი სულიერი ნგრევის, ფსიქიური აშლილობის, ზოგჯერ, ძალიან იშვიათად სინდისის ქენჯნის, კოშმარული სიზმრების, საკუთარი ხელით მოკვდინებული ახლობლებისა თუ დიდგვაროვანთა მოჩვენებებისა და აჩრდილების  დროა, რასაც ძირითადად ძალაგამოცლილი რიჩარდი სცენაზე  ხოხვაში ატარებს, თუმცა იმის ენერგია მაინც  ჰყოფნის, რომ ლედი ანა თავიდან ჩამოიცილოს და ელისაბედი დაიყოლიოს რომ ქალიშვილი  ცოლად მიათხოვს, თუმცა ამას ვეღარ ეღირსება. დრო უკვე მის წინააღმდეგ  ტრიალებს.

იქამდე კი  ჰასტინგსის  ჯერიც მოსულა, რომელიც ისე გაოცებულია მოღალატედ შერაცხვაში,  ვერც კი იჯერებს რომ ეს მის თავზე ტრიალებს – იმ ცხვირსახოცსაც კი წაართმევენ, რომლითაც ასე გულმოდგინეთ  და გამუდმებით იწმენდს ხელებს, თუნდაც რივერსთან შერიგების შემდეგ. ისევ აღებს ციხის კარებები ბრაკენბიური (ს. მარგალიტაშვილი), მზე ისევ საშინლად აცხუნებს და კვლავ ესხმება  სისხლი თეთრ კედელს.   რიჩარდი გლოსტერი, ლედი ანა, ბაკინგენი და სტენლი კი ჰასტინგსის მოჭრილი თავით ხალისობენ და საკადრის ადგილს ურჩევენ, რომელიც ბოლოს  ისტორიის სანაგვეში აღმოჩნდება, ისევე როგორ შემდგომ  ლედი ანას და თვით რიჩარდ III  ნეშტი.

„როგორ მიყვარდა ეს კაცი!“ – მოსთქვამს რიჩარდ გლოსტერი და ახლა კი მეფედ კურთხევისთვის გზა ხსნილი აქვს. ამ ცერემონიას რეჟისორი ისე აწყობს, რომ სულ ახლახან ჩავლილი მიტინგების ხანა გახსენდება. ხალხი (ინგლისი დროშები) ხმაურობს და სკანდირებს, რომელთაც შეძახილებით დროდადრო სტენლი და ეპისკოპოსი „აღაგზნებენ“ რიჩარდისა და ბაკინგამის დირიჟორობით. ჩვენ ყოველივეს სცენის მეორე, უკანა მხრიდან ვაკვირდებით, რათა კარგად დავინახოთ ტყუილების „სამზარეულო“, როგორ მზადდება  რიჩარდის „დაყოლიება“ და  „ხალხის მიერ მეფის  კურხთევა“, რადგან  პრინცი ედვარდი ხომ „უკანონო სარეცელს მწოლმა“  ელისაბედმა შვა. და ვინ თუ არა – მხოლოდ როჩარდ გლოსტერი იმსახურებს ინგლისის მეფობას – ის ვისთვისაც  თითქოს და „შორს არის … მეფედ ყოფნის სურვილი“.

გ. ბარბაქაძე  რიჩარდის  როლის ინტერპრეტაციისთვის  ახალ ხერხებს ირჩევს: მისი საუბრის მანერა განსხვავდება ბუნებრივისგან, იგი შეგნებულად გაწელილია, სადღაც სტილიზებულიც, ხასიათდება სიტყვების და ბგერების დამარცვლით, წამღერებით. ამას ემატება პირში ენის რაღაც უცნაური   ტრიალი, რაც ხაზს უსვავს რიჩარდის კიდევ ერთ ნაკლს. მსახიობი ცდილობს  მაყურებელს უჩვენოს, რომ არასრულყოფილ ადამიანს განასახიერებს, ფიზიკური და სულიერი ნაკლოვანებებით აღსავსეს, იგი უფრო მაცდურა, უფრი ქვეშქვეშა, ვიდრე ა. კუბლაშვილის რიჩარდი.  სპექტაკლის დასასრულისკენ გ. ბარბაქაძის რიჩარდი თითქოს და ავტომატურ რეჟიმშია  და ისე ასრულებს  მეფის მოვალეობებს. მას მისი ბედისწერა მართავს და მიჰყავს აღსასრულისკენ, ხოლო მისგან გასხვავებით ა. კუბლაშვილის რიჩარდს კი    ისევ „თავში აქვს ავარდნილი“  საკუთარი  სიძლიერე, ცდილობს ბედისწერას აუმხედრდეს, მასაც კი შეებრძოლოს, მასზეც კი იძალადოს. მისი ყოველი მოძრაობა, ჟესტი ამ ბრძოლის გამოხატველია. ა. კუბლაშვილის რიჩარდს ჯერ კიდევ ამ ყველაფრის ძალა შესწევს, მისი რიჩარდი უფრო ემოციურია, ექსპანსიური, ნერვიული ვნებით და ღელვით არსავსე, თამაშობს უდიდესი ენერგიით.    გ. ბარბაქაძის რიჩარდი კი დანებდა საკუთარ ხვედრს, გადაიღლა  და მოუთმენლად ელის დასასრულს. ორივე მსახიობმა როლის ინტერპრეტაციის გასხვავებული გზა მონახა, რაც თავისთავად მათ ინტელექტსა და ნიჭირებაზე მეტყველებს. ასევე განსხვავდენა  ის „გასაღები“,  რაც მათ საფუძვლად დაუდეს ამ ნააზრევს. ეს ეხება არა მხოლოდ შინაარსობრივ მხარეს, არამედ  გარეგნულსაც. მაგ. როგორც ვთქვით გ. ბარბაქაძე მეტყველებით, ჟესტიკულაციის, გამოხედვით, გრიმასის ფორმებით ძერწავს  სახეს, ხოლო ა. კუბლაშვილი-რიჩარდისთვის დედოფალი მარგარეტის მიერ მომზადებული საწამლავის ფიალა ხდება, ის რაც მას თავის დანაშაულებებს ახსენებს და ის ერთადერთი ნივთია, რაც მასში სინდისი ქეჯნას თუ არა იწვევს, საკუთარ სულში ჩაღრმავებას აიძულებს.

ა. კუბლაშვილის რიჩარდი უშველებელ კვაზიმოდოს მოგვაგონეს, სხვადასხვა ჩექმით,  უზადო,  მაგრამ ნერვიული მეტყველებით, ოდნავ ხმაჩახლეჩილი და ხმამაღლი საუბრის ტონით, მის ყოველ ქმედებაში არანაირი მერყეობის ნასახიც კი არ შეიმჩნევა. ეს განსკუთრებით ვლინდება ორივე რიჩარდის უკანასკნელ მონოლოგში: „არის ვინმე აქ კაცისმკვლელი? არა … ჰო, მე ვარ“. გ. ბარბაქაძის მიერ აქცენტი კეთდება „ჰო, მე ვარ-ზე“, ხოლო ა. კუბლაშვილის მიერ კი „არა-ზე“. ეს თავისთავად ორი მსახიობის მიერ როლის სხვადასხვა გაგებაზე მეტყველებს – როგორც ვთქვით ზემოთ – „სინიდისის“ ორ სხვადასხვა გაგებაში. ვფიქრობ ამიტომაც ორივე რიჩარდი სხვადასხვა გზით მიდიან აღსასრულისკენ – ერთი მორჩილად, მხოლოდ შინაგი წინააღმდეგობებით, სულიერი სისუსტით, შიშით და სინდისი ქეჯნით „მხდალო სინიდისო, როგორ მტანჯავ, როგორ მაწამებ“,  მეორე ფიზიკური წინააღმდეგობებით, მედგრად, უტიფრად და  თითქოს და სიმართლით „თითქოს ათასი ენა ებას ჩემს სიმართლეს“. და ორივე განსხვავებულადაც კვდება, ერთი (გ. ბარბაქაძე)  ზურგზეა დაცემული და თითი მაღლა  აღუმართავს, ხოლო მეორე პირქვეა და სახეს მალავს.

ლონდონის ქუჩებში ისეც აცხუნებს იორკის მზე, მხოლოდ ბრაკენბიური (ს. მარგალიტაშვილი) – ციხის უფროსი, ეს „უტყვი  მონა“ და ყველა საშინელებების თანამონაწილე რჩება იმ ქვეყანაზე და მუხლმოდრეკი ტირელი, რომელიც ისევ  აბარებს აღსარებას კარდინალ  ბორჩერის.

 

მეფე მოკვდა! გაუმარჯოს რიჩარდს?!

ლელა ოჩიაურიTop of Form

მანამდეც ასე იყო და შემდეგაც, ვიღაცამ, რომელმაც იგივე გზა გაიარა და გამეფდა, კვლავ იწვნია განდევნის, ძალაუფლების დაკარგვისა და პიროვნული მარცხის მთელი სიმწვავე. კიდევ შემდეგი დაღვრილმა სისხლმაც ვერ შეაჩერა  და ვერც დაცემის შიშმა, რომელიც ყველაზე ძლიერია, რადგან ადამიანს შინაგანად ანადგურებს.

ბნელში (უკუნში) ჩაძირულა სამყარო. მეწამული მანათობელი დისკო (რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში სხვადასხვა ძალით ანათებს, უფრო და უფრო წითლდება და მეტი და მეტი მუქი ლაქებით იფარება) ვერ ერევა სიბნელეს. თეთრ მოსასხამებში გახვეული ლანდები მშვიდად და აუჩქარებლად მოძრაობენ (როგორც ბედისწერის მსახურნი ან თავად ბედისწერა) და თეთრ ქსოვილებს  აფრიალებენ – თითქოს სულები გაცოცხლებულან და ახალი მსხვერპლის შესახებ გვაფრთხილებენ. გვახსენებენ, რომ ოდესღაც ისინიც არსებობდნენ ამ მზის ქვეშ და იმასაც, რომ ყველაფერი წარმავალია – უბრალო ადამიანის ცხოვრებაც და მეფური დიდებაც, ტახტისთვის ბრძოლაც და მისი სიმყარეც, ერთგულებაც და ღალატიც, აღზევებაც და დაცემაც… რომ სიცოცხლეც წარმავალია.

თეთრ, შავწარწერებიან (რომლებშიც მეფეებისა და უილიამ შექსპირის სხვა ისტორიულ-ლიტერატურული პერსონაჟების სახელებს ამოვიცნობთ და რომელთა შორის ყველაზე გამოკვეთილად მეფე ჰენრი IV-ის სახელი იკითხება, რიჩარდის შემდეგ ბრიტანეთის მეფისა და ახალი – ტიუდორების – დინასტიის დამაარსებლის, რომელთან ბრძოლაშიც მოკლეს ნამდვილი რიჩარდ III) კედელში (მუდამ უცვლელად მდგომ, უსწორმასწორო კონტურიან) ასიმეტრიული, თითქოს ჩამონგრეულ ღიობიანი კარიდან ორი მამაკაცი,  ორი დიდებული გამოდის, ფიცრის ხიდზე გაივლის და ერთმანეთს პატივით – უხმოდ, მხოლოდ თავის დაკვრით ესალმება. შემდეგ ისინი კედელზე  ახალ წარწერებს აკეთებენ და ძველებს შლიან. შემდეგაც ასე მოხდება. არაერთხელ. კედელი კი თანდათან  სისხლით დაისვრება, დაღვრილი და გულგრილად, ცივი გონებითა და უსინანულოდ შესხმული სისხლით. ასე იქნება მანამ, სანამ რიჩარდ III-ის ყველა მეტოქე არ გარდაიცვლება. შემდეგ რიჩარდიც…

იქვე, კუთხეში ეპისკოპოსი/კარდინალი და ვიღაც მამაკაცი ჩამომსხდარან, რომელიც ჩუმი ხმით აღსარებას აბარებს. ეს სცენაც ბოლოს განმეორდება.

შავებში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი თოკჩაბმულ ხის დიდ ყუთს (კუბოს) სვენებ-სვენებითა და წყევლით მიათრევს. ჩაივლის და უჩინარდება. ეს მისი ტვირთია, რომელსაც მალევე ჩამოიცილებს, ახალი ტვირთის ასაკიდებლად და ცდუნებულის სასჯელის მისაღებად.

შუა სცენაზე ჰორიზონტალურად აღმართული ხისა და ლითონის შეკრული, დაბალი კონსტრუქციიდან (მხატვარი – მირიან შველიძე), რომელიც მიჯრით მიწყობილ სკივრებს, ასაწევ ხიდებსა თუ მიწისქვეშა სათავსოს (სარდაფისმაგვარის) ნაწილებს გვაგონებს (და რომელიც შემდეგ მოქმედების მთავარ ადგილად იქცევა),  გადასახდელი სახურავებით, ბოლში (ო, როგორ უყვართ თანამედროვე ქართულ თეატრში ეს ბოლი!)  ჩაფლული ერთ-ერთი ლუკის კარი იღება და იქიდან  მძიმედ, ფორთხვა-ფორთხვითა და მოუქნელი მოძრაობებით, განწირული ღრიალით, ტყავის კოსტუმიანი, კოჭლი და კუზიანი ახალგაზრდა კაცი ამოდის. რიჩარდ, ჯერ – გლოსტერი, მთავარი იორკისა და შემდეგ – ინგლისის მეფე რიჩარდ III.

არავინ იცის, საიდან ევლინება იგი სამყაროს, ქალის წიაღიდან  „ცოცხალთა შორის ნაადრევად მუცლით ნასხლეტი“ (რომლის მუცელშივე გაწყალებასაც ინატრებს მოგვიანებით, შვილის ბოროტებითა და შვილების სიკვდილით გამწარებული, შეშინებული და შეშლილი, იორკის მთავრის მეუღლე, დედა მეფის ედვარდისა, კლარენსისა და გლოსტერისა, რომელსაც „შეეძლო მისი დაღრჩობა თავის დაწყევლილ საშოში“), თუ ყოველთვის  ქვესკნელის ბინადარი იყო („რომელმა ძალებმა იხმეს ეს სატანა ჯოჯოხეთიდან?!“, „ჯოჯოხეთის გზავნილი ხარ, რომელიც სულებს ყიდულობს და მერე ისევ გზავნის ჯოჯოხეთს!“ ). შეიძლება სწორედ იქ, მიწისქვეშეთშია მისი ნამდვილი სახლი, რადგან ზეცად ვერ ავიდა და „ჯოჯოხეთს შევარდა“, რადგან  თავად აირჩია გზა იქით, სადაც სიბნელე, მხოლოდ სიბნელე დახვდა. რადგან სინათლე უარყო და განიზრახა „სიბოროტით ეჩინა თავი“. რადგან საკუთარი აჩრდილის ყურება გადაწყვიტა მზიან დღეს. რადგან ყველაფერი იღონა იმისთვის, „ამ მშვიდობით გამსჭვალულ დროში“, სიცრუით, ღალატითა და ცბიერებით აღზევებულიყო და ბოლოს, საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი თავადვე გამოეტანა.

ასე და ასეთი ფორმით იწყება ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლი თავისუფალ თეატრში, უილიამ შექსპირის „რიჩარდ III“ და ასეც გრძელდება – ორი სამყაროს მიჯნაზე მოთამაშე, სადღაც, ამქვეყნიურ და მიღმა სამეფოებს  შორის, მყიფე და სუსტ ზღვარზე არსებულ სივრცეში, რომლის კონტურებიც მსუბუქადაა  მოხაზული და რომელიც ძალიან ბევრსა და მნიშვნელოვანს მოიცავს – ამბებს, განზრახვებს, სურვილებს, მოქმედებებს, ბრძოლას სიცოცხლისა და სიკვდილისათვის; მოიცავს – ადგილებს, ინგლისის სამეფოდან აქამდე – საქართველომდე აღწევს და წლებს, საუკუნეებს – XV(რიჩარდის ცხოვრება-მეფობა-გარდაცვალებიდან) – XVI (პიესის დაწერიდან) საუკუნეებიდან  XXI საუკუნემდე.

ამ, ისედაც რთულ, მრავალმნიშვნელოვან და მრავალშრიან სპექტაკლში, რომელიც არაერთგვაროვანი წყობისაა და თამაშის სპეციფიკურ ხერხებს მოითხოვს – პირობითსა და ფსიქოლოგიურს, რაღაც დოზით მანერულსა და რაღაც მხრივ (გარეგნული იმიჯებიდან დაწყებული, პლასტიკური, როგორც ინდივიდუალური, ასევე ზოგადი ნახაზების ჩათვლით – ქორეოგრაფია, პლასტიკა – გია მარღანია) შინაგანად ექსპრესიულს – მონაწილეობენ: რიჩარდი – აპოლონ კუბლაშვილი, გოგა ბარბაქაძე; ლედი ანნა – მარიამ ნადირაძე, ქეთა ლორთქიფანიძე; დედოფალი ელისაბედი – მარიამ ჯოლოგუა, ანი ალადაშვილი; დედა – თიკო კორძაძე, თამუნა ნიკოლაძე; მარგარეტ – სალომე ჭულუხაძე, მაია დობორჯგინიძე, კლარენსი – ჯაბა კილაძე, ედუარდ მეოთხე – კახა გოგიძე, ბაკინგემი – კახა მიქიაშვილი, ბრეკენბერი – სანდრო მარგალიტაშვილი, ჰასტინგსი – მამუკა მუმლაძე, სტენლი – გიორგი ჯიქია, რივერსი – შაკო მირიანაშვილი, კარდინალი – სლავა ნათენაძე, ტირელი – დიმა მერაბიშვილი, მკვლელი – ლაშა გურგენიძე.

თავისუფალი თეატრის პატარა სცენა შუა საუკუნეების (პირობითად და ამბიდან გამომდინარე) ინგლისს დათმობია და ყველაფერს იტევს – ლონდონსაც, მეფის სასახლესაც თავის დარბაზებიანად, ტაუერსაც და მის შემოგარენსაც, ჰომფრეტის ციხის კარ-მიდამოსაც და ლორდ ჰასტინგის კარ-მიდამოსაც, ბეინრადის ციხესაც, ლორდ სტენლის სასახლესაც და ბოსვორტის მინდორსაც – დასაწყისიდან დასასრულამდე, თუმცა მთელი სამეფო (მოქმედების ყველა ადგილი) აქ ერთ მცირე „მოედანშია“ ჩაკეტილი და თითქმის არც ერთ ადგილს (ტაუერის გარდა) თავისი სახელი არ ჰქვია (როგორც შექსპირთანაა და მაჩაბლის თარგმანის მიხედვით) – უსახელოა – განზოგადებულია.

აქ სამყაროს სისხლიანი, დალაქავებული მზე დაჰყურებს და მიცვალებულები საფლავებიდან ამოდიან. ხმაურით, სისხლისგამყინავი ჭრიალითა და ბრახუნით იხურება და იხსნება მიწისქვეშა კარები და ქვესკნელის ბინადარნი სკნელს უბრუნდებიან . ბრუნდებიან და ევლინებიან ადამიანებს, რომლებმაც ბევრი გააკეთეს მათი გზიდან ჩამოსაცილებლად, მათ გარეშე გააგრძელეს ცხოვრება, მალე დაივიწყეს მათი არსებობა,  ვისაც ცოტა ხნის წინ მამებს, ძმებს, ქმრებს უწოდებდნენ. ვისაც უნდა ეცხოვრა და ემეფა, ეომა და საკუთარი კეთილდღეობისთვის ბევრი სიავის გავლით მიეღწია. ასე იყო რიჩარდამდე და მის შემდეგაც, რადგან სამყარო, როგორიც იყო, ისეთივეა.

მხოლოდ ერთი ვერ ისვენებს, მხოლოდ ერთი ვერ პოულობს სიმშვიდეს და დროს ელოდება, როდის შეიძლება დაბრუნდეს უკან, როდესაც კვლავ შესაძლებლი გახდება გაიხსნას კარი ჯოჯოხეთისკენ, რომელიც დრო და დრო, აუცილებლად იხსნება. ახალი მსხვერპლის მისაღებად და ახალი ურჩხულების გამოსაშვებად. მას – რიჩარდ გლოსტერს – მეფობის ძალა და ძალაუფლებით ტკბობა არ განუცდია.

პირველი სწორედ გლოსტერი ტოვებს მიწისქვეშეთს, შემდეგ სხვების ჯერია. საბოლოოდ, როდესაც ყველაფერი უკვე მომხდარია და საბედისწერო წამი დგება, რიჩარდის თვალწინ ცოცხლდებიან მისივე ხელით ან მისი ბრძანებით მოკლული  სამეფო კარის დიდებულები – მეფე ედვარდი, კლარენსი, ლედი ანა, მეფე ჰენრი VI და მისი ძე ედვარდი, პატარა უფლისწულები – ედვარდი და იორკი (რომლებიც სპექტაკლში არ ჩანან, ისევე, როგორც პიესის ზოგიერთი სხვა პერსონაჟი, თორემ რიჩარდის მსხვერპლთა სია, გაცილებით გრძელი იქნებოდა) ჰესტინგსი, ბუკინგამი და სხვები და სხვები.

ავისმომასწავებელია ყველაფერი, რაც ამ სამყაროში ხდება და რაც მის სახეს ქმნის. ყველაფერი შავითაა მოცული, თითქოს თალხში შეუმოსავთო. სტილიზებული კოსტუმებიც (დროისა და ეპოქის გარეშე, თუმცა გარკვეული წოდევბრივი მინიშნებებით)  ყველას შავი აცვია (მხატვარი –  ნატა კობახიძე). ყველაფერი სიბნელესა და მუქ ფერებშია გახვეული. მხოლოდ  მზე ანათებს წითლად. მხოლოდ თეთრი კედელი აღმართულა, რომელიც უფრო მემორიალურ დაფას ჰგავს და გარდაცვლითა სულების თეთრი სამოსი, დრო და დრო და ოდნავ, ასხვაფერებს იქაურობას.

ეშხეფება და ესხმება სისხლისფერი ღვინო, თუ სისხლი (ღვინოც და სისხლიც) ამ თეთრ, წარწერებით შემკულ კედლებს, რომლებიც წითელი ლაქებითა და ახალ-ახალ მსხვერპლთა სახელებით ივსება, როგორც საგვარეულო, სამეფო აკლდამა. შუა კარი ამქვეყნიურ არსებობასა და საუკუნო სასუფეველს შორის.

ინგლისის სამეფოს ავსებს ხმები, ხმაურები, მუსიკა (რომელიც დრამატულიდან ლირიკულ-მინორულში გადადის და მაჟორულ რეგისტრებს აღწევს). ამ შეკრულ წრეს, რომელშიც მოვლენები ერთმანეთს სწრაფად და ძლიერ ტემპო-რიტმში ცვლის, ბედისწერა მართავს. რიჩარდი ასპარეზზე უკვე გამოვიდა და მართვის სადავეები ნელ-ნელა ხელიდან უსხლტება.

მიზანი კი, უფრო და უფრო მეტ ახალ მსხვერპლს  მოითხოვს, რადგან სისხლი ერთხელ უკვე დაიღვარა და სახელმწიფოს მართვაც, ყველა ბერკეტის ხელში ძალადობით ჩაგდებითა და  მართვის შეუბრალებლობით, ერთხელ უკვე განხორციელდა.  და კვლავ მოვიდა (მოვა) დრო, როდესაც ბედის ჩარხი მათ (ვინც მანამდე ყველას აჯობა, ყველას მოერია, გარიყა და ახლა მოხეტიალე სულად იქცა ან უნდა იქცეს) გარეშე კვლავ დაიწყებს ტრიალს.

და როდესაც მარგარეტი, მხრებში მოხრილი, თმაგაცვენილი და შეშლილი დედოფალი წარმოთქვამს „წყველას, რომელიც მისწვდება ზეცას“, უკვე გასაგებია, რომ  ასეთი წყევლა ვიღაცამ ადრე უკვე წარმოთქვა. რადგან ასეთი რამ უკვე მოხდა. და კიდევ ერთხელ ირყევა სამეფო ტახტიც, ქვეყნის ძლიერებაც, სიმშვიდეცა და მშვიდობაც.

ტახტს შენარჩუნება უნდა. ჯერ ყველაფრის ისე მოწყობა, რომ რიჩარდი მეფე ხალხის მოთხოვნით გახდეს. ეს სცენა ინგლისის დროშების ფრიალში, ხმამაღალი შეძახილების ფონზე, კარდინალის მხარდაჭერით და „ამომრჩეველზე“ დიდებულების  ზემოქმედებით, ძალიან ჭკვიანურად და ზუსტად გათვლილი სვლებით აქვს გლოსტერს დადგმული.

კლარენსის დაპატიმრება (ცრუ დაპირებები, ყალბი თანაგრძნობა და ცრემლები, ბავშვობის მოგონებების ნიშნად, სენტიმენტალური გრძნობების გამომწვევი –  არარსებულ როიალსა და ვიოლინოზე დუეტში დაკვრის  იმიტაციით),  ანნაზე ქორწინება (მისი – დაუძინებელი მტრის მოხიბვლა ქმრისა და მამამთილის ცხედრებთან), მეფედ კურთხევა, სახელმწიფო გადაწყვეტილებების  მიღება  მთელი სამეფო კარის მონაწილეობით და სხვა და სხვა – რიჩარდს, მშვენიერ პოლიტიკოსად და ჭკვიან, მოქნილი გონების პიროვნებად სახავს.

შემდეგ მკვლელობების – სამეფო ტახტისკენ გზის გაკვალვისთვის საჭირო – სერია იწყება. კლავენ ყველას, ვინც მეფობის პრეტენდენტია ან ვინც, ანნასავით რიჩარდს (როგორც ასევე, ვიღაც ვიღაცას მანამდე) აღარ სჭირდება. „თქვენ ვინ იყავით და ახლა ვინ ხართ, მე ვინ ვიყავი და ახლა ვინ ვარ“. გლოსტერი უფრო და უფრო ღრმად და მძიმედ ებმება დანაშაულის ჩაკეტილ წრეში და მას აღარაფერი რჩება – მხოლოდ სიმარტოვე, დაღუპულთა ხილვები, ღალატის შიში და სიკვდილი.

თითქოს ყველაფერი დამთავრდა და წინ კიდევ სხვა გეგმებია, სხვა ნაბიჯებია, მაგრამ ამდენი ცოდვის, ამდენი სისხლის, ამდენი სიკვდილის ატანა რიჩარდს უკვე აღარ შეუძლია. მას თავბრუს ახვევს და აწვალებს სინდისი („მხდალო სინდისო, როგორ მტანჯავ, როგორ მაწამებ“), ფიზიკურად ანადგურებს ცოდვები, რომლებსაც ვეღარასოდეს გამოისყიდის და მოინანიებს. აშინებს, რაც ჩაიდინა და რაც მოხდა. აშინებს ღალატი და მარტოობა, იმის აღქმა, რომ, რასაც მიაღწია, რისთვისაც ამდენი იწვალა, ფუჭი და უნაყოფო აღმოჩნდა, რომ ყველაფერი, რაც გვირგვინის თავზე დასადგმელად ჩაიდინა,  ამაო იყო.

აფრთხობს ყველაფერი, მხოლოდ რიჩმონდის არმიასთან შერკინების არ ეშინია („მტერს დავერიოთ! თუ ცას ვერ ავალთ, ჯოჯოხეთში მაინც შევცვივდეთ!“), რადგან იცის, ერთადერთი, რაც დარჩენია, სიკვდილია.

მას გარდაცვლითა სულები ეცხადებიან. ყველა აქაა – ვინც რიჩარდმა მოკლა, მოაკვლევინა ან მის გამო მოკვდა და ბოლოს, მაგიდის (რომელზეც და რომლის გარშემოც რიჩარდის ცხოვრების ბოლო ეპოზოდები თამაშდება) გასწვრივ ჩამწკრივებულები, მის მიერვე შევსებული სასმისებით გამოსათხოვარს სვამენ. ულოცავენ გზას იქით, საიდანაც ცოტა ხნის წინ (სპექტაკლის დასაწყისში) დაბრუნდა. ან როგორც ახალმისულს – ესალმებიან.

სპექტაკლში პიესიდან  ბევრი სცენაა ამოღებული. ავთო ვარსიმაშვილი, ცხადია,  იყენებს და ეყრდნობა პიესის ტექსტს, ივანე მაჩაბლის თარგმანში, მაგრამ ცვლის თვით ტექსტსაც – სიტყვათა წყობასა და ჟღერადობას.

მოქმედი გმირებიც შემცირებულია და ზოგჯერ ერთი სხვა პერსონაჟებს აერთიანებს. მაგალითად, ეპისკოპოსების, ლორდების, მკვლელების შემთხვევაში. სპექტაკლში არც ერთი მოქალაქე, არც ერთი ბავშვი არაა. ზოგი სცენის ადგილები გადაადგილებულია და ტექსტები კი, რომლებიც „კუპირებულ“ სცენებში მოხვდა, მაგრამ რეჟისორს არსებითად და მნიშვნელოვნად მიაჩნდა იდეის გამოსახატად – შენარჩუნებულია და სხვა პერსონაჟის მიერ სხვა ეპიზოდებშია წარმოთქმული.

ავთო ვარსიმაშვილი ცვლის პიესის ფინალსაც და შესაბამისად, ცვლის შექსპირის კონცეფციასაც. მასთან რიჩმონდი მხოლოდ მოდის – მოემართება, გზაშია, მთელი სცენები მისი მონაწილეობით, ფინალი დიდი მონოლოგით, რომელშიც თეთრი და ალისფერი ვარდების ომის, ძმათა სისხლისღვრის დასრულებასა და მშვიდობის დადგომას იუწყება,  არც სახელგანთქმული სცენა – მისი და რიჩარდის შერკინების, რომლის დროსაც შექსპირთან ეს უკანასკნელი კლავს გლოსტერს (სცენის მიღმა) და სტენლისგან გვირგვინს იღებს – მეფდება – სპექტაკლში არაა.

ასე თუ ისე, ჩვენ ვსაუბრობთ რიჩარდ მესამეზე, არა როგორც ისტორიულ პერსონაზე, არამედ როგორც შექსპირული ინტერპრეტაციითა და დამოკიდებულებით შექმნილ, მოქმედ გმირზე და ავთო ვარსიმაშვილის მიერ გაორებულ პერსონაჟზე, რომლებიც ფიზიკური დეფექტების მიუხედავად, ერთობ მიმზიდველად გამოიყურებიან.

ძალაუფლებისთვის ბრძოლა და არა „კუთვნილი ტახტიდან“ ქვეყნის მართვა, არა მაშინ, როდესაც დაიმსახურე ან ვიღაცას – ქვეყანას – უნდიხარ, არამედ მაშინ, როდესაც თვითონ გინდა ძალაუფლების ხელში ჩაგდება;  არა იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის, ერისთვის, სახელმწიფოსთვის სიკეთე გსურს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანების მართვის ჟინი, ვნება (რომელსაც ვერაფერი აკავებს) გერევა, რაღაც უცნაური ამბიცია გიპყრობს, რაც არაერთხელ მომხდარა და კვლავ მოხდება, როდესაც რიჩარდისნაირი ადამიანები ევლინებიან სამყაროს.

საოცარი ძალის, დაუოკებელი ლტოლვა ძალაუფლებისკენ, უპირველესად სწორედ იმიტომ, რომ მახინჯი იყო და ყველასგან დამცირებული, უკუგდებული, თან ვერაფერით გახდებოდა მეფე – არ ეკუთვნოდა! – ფაქტობრივად, განაწყობს რიჩარდს საბრძოლველად, რისთვისაც ყველაფრის გაკეთება მოუწევს – კონკურენტების ჩამოცილება – ბავშვი იქნება თუ დიდი, მოქმედი თუ მომავალი მეფე, ქალი თუ კაცი, ნათესავი თუ მეგობარი, მტერი თუ მოყვარე. განსაკუთრებით – მოყვარე!!! მოუწევს ყველაფრის კადრება და ნებისმიერ ავანტურაზე წასვლა, სხვების ჩათრევაც ამ სისხლით გაჟღენთილ ბრძოლაში და მთელი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული ბოროტების ჩადენა.

და სწორედ იმიტომ, რომ არ ეკუთვნის, სწორედ იმიტომ, რომ არ უწერია, რიჩარდი იწყებს ბრძოლას  სასურველის მოსაპოვებლად, ხელში ჩასაგდებად – ყველაფრის, რაც მანამდე აკლდა, რაც არ ჰქონია, კომპენსაციის მისაღებად, თუნდაც სულ ცოტა ხანს გაგრძლდეს აღზევება. უნდა გაითელოს გზა, რომელსაც დაადგა და ბევრი სისხლიანი ნაფეხური დატოვა, რომელიც გვამებით მოფინა, არაფრის წინაშე უკან არ დაიხია და მალევე იგრძნო – სინდისის ქენჯნაც, შიშიცა და სასოწარკვეთაც.

გოგა ბარბაქაძისა და აპოლონ კუბლაშვილის მიერ განსხვავებულად და სხვადასხვა სახე-თვისებებით შემკული და არაერთგვაროვანი შტრიხებით განსახიერებული რიჩარდი – მომხიბლავი გარეგნობისა და დიდი ენერგეტიკის მატარებელი მამაკაცები არიან, რომლებსაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების ჟინი ამოძრავებთ და რომლებსაც არც ერთი წყენა არ ავიწყდებათ,  რომლებსაც  სიყვარული და სიკეთე, ალერსი და თანადგომა არავისგან, თვით დედისგანაც, არ განუცდიათ.

გოგა ბარბაქაძე – ქმნის რიჩარდს, მერყევ ადამიანს, რომელსაც თითქოს თავიდანვე უჭირდა „მისიის“ შესრულება, რომელიც ბედისწერამ დააკისრა და  რომლის აღსრულებაც მოუწია.

აპოლონ კუბლაშვილის რიჩარდი უფრო თავხედი, უფრო მებრძოლი და უტიფარია – სინდისის წინაშეც კი, თუმცა არანაკლებ განადგურებული და დაცემული გადატანილი შინაგანი ბრძოლების შედეგად.

იგი ომისთვის ემზადება. ფინალური ომი ბრძოლაა საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან, საკუთარ ცოდვებთან. რიჩარდი აგონიაშია. დიდხანს გრძელდება მისი ბორგვა. ტანჯვითა და სულიერი და ფიზიკური  გვემით, კრუნჩხვებით გადის გზაზე, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება მოიცვა და რომელიც სადაცაა დასრულდება. ეძებს მკვლელს, რომელიც თვითონაა, როგორც ყოველთვის,  გულახდილია მისი „აღსარება“ და მხოლოდ ერთს ითხოვს – უკანასკნელი ამოსუნთქვით – ერთ ცხენში ცვლის მთელ თავის სამეფოს.

შეიძლება  ჯარი, რომელსაც გლოსტერი ხმლით ხელში უნდა დახვდეს, სინადვილეში არარსებულია. ჩვენ ვერ ვხედავთ (ან საერთოდ არ მომხდარა) ბრძოლას (მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ბრძოლას არა მხოლოსდ შექსპირის პიესაში, არამედ ინგლისის ისტორიაში)  ბოსვორტის მინდორზე. შეიძლება ეს ყველაფერი რიჩარდის წარმოსახვაა ან ოდესღაც მომხდარი ორთაბრძოლა, რომელიც სულად ქცეულ  მეფეს ელანდება. ავთო ვარსიმაშვილისთვის რიჩარდი უშუალოდ მანამდეა საინტერესო, არა რიჩმონდთან შერკინებში დამრცხებული თუ გამარჯვებული – არამედ საკუთარ თავთან.

დასასრულს, რიჩარდს ისევ იქ აგდებენ, საიდანაც ამოვიდა. თავახდილ ლუკში მძიმედ ეშვება მისი მუდამ დაძაბული, დაჭიმული და პირველად მოდუნებული სხეული. მისთვის უკვე ყველაფერი სულერთია – არაფერში სჭირდება მეფობა, ძალაუფლება, აღარც აღარავინ ჰყავს და აღარც სინდისი აწუხებს, აღარც ორგულობის შიში აქვს და აღარც ახალი თაღლითური ქსელების გაბმა შეუძლია. აღარც საკუთარი სიმახინჯე აღელვებს.

სცენა თავის პირვანდელ სახეს იბრუნებს. თითქოს არც არაფერი მომხდარა. ორი დიდებული  (რომლებმაც  სულ ახლახან ჩაასვენეს რიჩარდის სხეული) კვლავ წარწერებს შლიან თეთრი კედლიდან . კვლავ აბარებს ეპისკოპოსს აღასრებას ვიღაც, ვინც ჩადენილი მკვლელობებისთვის ითხოვს შენდობას. რაღაცნაირი, ავისმომასწავებელი სიმშვიდეა და როდესაც ყველაფერი ისევ სიბნელეში იძირება, მხოლოდ რიჩარდის დატოვებული სამეფო გვირგვინია განათებული. პირველ სცენაში წარმოთქმული რეპლიკაც – „ღმერთო, მაღალო, შენ უშველე ჩვენ სამშობლოს!“ – მეორდება. ისეთივე  უიმედობითა და სიფრთხილით წარმოთქმული, როგორც დასაწყისში.

„რიჩარდ III“ შექსპირის ერთ-ერთი ცნობილი პიესაა და  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სპექტაკლთაგანი, რობერტ სტურუას წყალობით. ის ალბათ – „მაკბეტთან“, „მეფე ლირთან“, „კორიოლანუსთან“ (რომელსაც ავთო ვარსიმაშვილი პიესის ინსცენირებისას, ცალკეული ფრაგმენტების, ტექსტების სახით იყენებს)  ერთად  ყველაზე მკვეთრად, მძაფრად და აქტიურად გამოხატავს – ძალაუფლების  საკითხებს, რაც ყველა დროში თანადროულია და მუდამ იზიდავს ხელოვანებისა და საზოგადოების ყურადღებასა და ინტერესს.

რა თქმა უნდა, დღეს და ცხადია, არც შექსპირის თუ შემდგომ ეპოქებში, საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებდა და აინტერესებს რიჩარდ გლოსტერის ნამდვილი პერსონა და ნამდვილი ისტორია დეტალებში, როგორსაც ამას ქრონიკების ან თუნდაც დოკუმენტური პროზის კანონები მოითხოვს. მისი რეალური ამბავი,  ნამდვილი სახე, გამეფებისა და მეფობის პერიპეტიები საკმაოდ რთული, ჩახლართული და არაერთგვაროვანია. ამ ყველაფრის გახსენება (ცოდნა) არცაა საჭირო, რადგან თეატრში პიესის ინტერპრეტაციაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ გლოსტერის ჰერცოგისა და შემდეგ ინგლისის მეფე რიჩარდ III-ის სასტიკ ურჩხულად (როგორც უწოდებენ)  გადაქცევა,  ფიზიკური დეფექტები, სახიჩრობა, კუზიცა და კოჭლობაც – სულიერი სიმახინჯის, ქმედების სიმახინჯის გამომხატველად, ძალაუფლებისთვის ყველა ხერხით მებრძოლი, ულმობელ მკვლელად ჩამოყალიბებული და ძალაუფლების შესანარჩუნებლად დესპოტად ქცეული მმართველის სიმბოლოდ იქცა ნებისმიერ პოსტშექსპირულ საუკუნეში და ასეთად რჩება დღესაც.

მნიშვნელოვანია ის, რაც დრამატურგის ფანტაზიითა და პიესის დაწერის მიზნიდან გამომდინარე შეიქმნა  და კიდევ ის, თუ რა მიზნით იდგმება დღეს (იდგმებოდა გუშინ, თუ ხვალაც დაიდგება სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა რეჟისორის მიერ) „რიჩარდ III“. ყველაზე მთავარი და პირველ რიგში, საინტერესოა არა მხოლოდ ის, რაც ხდება შექსპირთან, არამედ, თუ რა პირობები აღძრავს მისი დადგმის სურვილს და რა პირობები უწყობს ხელს მისი განხორციელების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, კონკრეტულ შემთხვევაში, რაც რეჟისორმა – ავთო ვარსიმაშვილმა ამოიკითხა, რის სათქმელად მიაპყრო მზერა „რიჩარდს“  და ისიც, თუ ეს ამოკითხული როგორ დადგა. როგორ წარმოადგინა. რისი თქმა განიზრახა.

ავთო ვარსიმაშვილისა და მისი მსახიობებისთვის (რომლებიც ურთულეს ამოცანას შეეჭიდნენ და წარმატებით ართმევენ თავს), პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება ადამიანებში მაშინ, როდესაც ისინი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, „რიჩარდულ“ ბრძოლას იწყებენ, რა ამოძრავებთ, როგორ ცვლილებებს განიცდის მათი შინაგანი სამყარო, როგორ რეაგირებს მარცხსა და წარმატებაზე. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური დინებები, რომლებიც ნიღბებს მიღმა ან მიღწეულ შედეგზე პროცესში და შემდეგ არსებობენ, როდესაც ყველაფერი მთავრდება. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი მთავრდება.

მათთვის საინტერესოა, თუ რა ამოძრავებს რიჩარდს – ძალაუფლებისკენ სწრაფვისას, რა გზას გადის იგი არა იმდენად პრაქტიკული ქმედებებით, არამედ ის, თუ რა ხდება მის სულში, მის პიროვნებაში, მის სხეულში რა ახალი ძალები ისახებიან, როგორ მიდის რიჩარდი – ეს ცბიერი, ჭკვიანი, მოხერხებული, უშიშარი და „უგულო“ კაცი – სრულ სასოწარკვეთამდე, როდესაც აღარაფერი რჩება მოსაპოვებელი და გასაღები – მთელი სამეფოს გარდა – მხოლოდ ერთი ცხენის ნაცვლად, ცხენის, რომელიც უკვე აღარაფერში  სჭირდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

One thought on “პრესა: რიჩარდ III

Leave a Reply

Your email address will not be published.